გადაწყვეტილება №21700/2/2023
📄 სრული ტექსტი
№21700/2/2023
23 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 25.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21700/2/2023).
დავის საგანი:
სატრანსპორტო საშუალების მიერ მოძრაობისთვის განსაზღვრული საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 4.06.2023 წლის №EL211860 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 26.07.2023 წლის №18108 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 1 000 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
4.06.2023 წელს, საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“ კონტროლის ზონაში გამოცხადდა შპს „-------“ კუთვნილი სატვირთო სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით: -------, რომელსაც მართავდა მომჩივანი.
საბაჟო კონტროლის განხორციელებისას დადგინდა, რომ აღნიშნულ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებაზე გამოწერილი იყო აღრიცხვის მოწმობა ------- და დანიშნულების საბაჟო ორგანოდ განსაზღვრული იყო საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“. თუმცა, საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“ ნაცვლად, გამოცხადდა საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“ კონტროლის ზონაში.
საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მიერ არ შესრულდა სატვირთო ავტომობილის დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში გამოცხადების ვალდებულება, რაზეც, 4.06.2023 წელს შედგენილი №EL211860 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.07.2023 წლის №18108 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლზე, 71-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 157-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტზე, ამავე ინსტრუქციის მე-2 მუხლზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
დადგენილია, რომ მომჩივანმა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლით დატვირთულ სატრანსპორტო საშუალებით საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე გადაუხვია მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
მომჩივნის არგუმენტზე, რომ საბაჟო მარშრუტის განსაზღვრისას საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“ თანამშრომლის მიერ დაშვებულია შეცდომა, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ იგი მოკლებულია საფუძველს, რადგანაც მითითებული მარშრუტი განისაზღვრა საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“ მიმართულებით გადატვირთული საგზაო მოძრაობის გამო.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
თურქეთიდან რუსეთში ტრაილერით გადაჰქონდა ტვირთი. მებაჟე ოფიცერს უთხრა, რომ ------- გამშვები პუნქტიდან გაიტანდა ტვირთს, თუმცა მას მიუთითებია ლაგოდეხი, შესაბამისად საქართველოს საზღვარი დატოვა ------- პუნქტიდან. დაჯარიმდა 1 000 ლარით, საზღვრის კვეთა ------- შეფერხებული არ იყო, უცხო ქვეყნის მოქალაქეები გადაადგილდებოდნენ თავისუფლად და საქართველოს მოქალაქეებს უქმნიდნენ პრობლემას.
ითხოვს ზემოაღნიშნულის გათვალისწინებას და ჯარიმის მოხსნას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილების თანახამდ:
10. საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. თუ გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირია, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება შესაძლებელია, თუკი შესრულებულია შემდეგი პირობები:
ა) პირს ორჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;
ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ადრესატი დოკუმენტს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.
11. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს. შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გასაჩივრების ვადასთან დაკავშირებით, საბჭო მიუთითებს შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №136524-21-04 წერილზე, რომლის მიხედვითაც მომჩივანს შემოსავლების სამსახურის 26.07.2023 წლის №18108 ბრძანება გაეგზავნა ელექტრონულად, რომელსაც გაგზავნიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია, აღნიშნულიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახურის 26.07.2023 წლის №18108 ბრძანება ადრესატს გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების მეშვეობით, თუმცა მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 19.10.2023 წელს განხორციელდა აღნიშნული ბრძანების საჯაროდ გავრცელება.
შემოსავლების სამსახურის 26.07.2023 წლის №18108 ბრძანება მომჩივანს პირველად გაეგზავნა 1.09.2023 წელს მისამართზე - -------, ------- გზავნილი დაუბრუნდა გამგზავნს, („მისამართზე არავინ იყო“), ხოლო მეორედ გაეგზავნა 21.09.2023 წელს მისამართზე - -------, -------, გზავნილი დაუბრუნდა გამგზავნს („მისამართზე არავინ იყო“) საფუძვლით.
ანალოგიურ საკითხზე სასამართლოში დამკვიდრებული პრაქტიკით მიჩნეულია, რომ საჯარო შეტყობინებით დოკუმენტის ჩაბარების მექანიზმის გამოყენებამდე, დოკუმენტის როგორც ფოსტით (მინიმუმ ორჯერ) ისე ელექტრონული ფორმით გაგზავნის ვალდებულების ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაკისრება განპირობებულია იმ საფუძვლით, რომ ადრესატისთვის დოკუმენტის საჯარო შეტყობინების გზით ჩაბარება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოყენებული იქნეს როგორც უკიდურესი ღონისძიება. შესაბამისად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებამდე, საგადასახადო ორგანომ სრულად უნდა გამოიყენოს ადრესატისთვის ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით (ტელეფონი, დაზღვეული ან ელექტრონული ფოსტა, მოკლე ტექსტური შეტყობინება და სხვა საშუალებები) და მხოლოდ მას შემდეგ გამოიყენოს დოკუმენტის საჯარო შეტყობინების გზით ჩაბარების მექანიზმი, რაც ამოწურავს ამ შესაძლებლობებს.
ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ ფორმალურად დაცულია დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებისათვის საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილით დადგენილი წინაპირობები, საბჭო მიიჩნევს, რომ მხოლოდ აღნიშნული არასაკმარისია განსახილველ შემთხვევაში დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებისთვის - როგორც ჩაბარების უკიდურესი ღონისძიების გამოყენებისთვის.
მოცემულ შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გადასახადის გადამხდელისთვის ჩაბარების დროს გამოყენებული არ ყოფილა გადასახადის გადამხდელის ინფორმირების ან/და დოკუმენტის ჩაბარების რეალურად არსებული ყველა შესაძლებლობა, მათ შორის, უშუალოდ საგადასახადო ორგანოს თანამშრომელთა მიერ გადასახადის გადამხდელისთვის დოკუმენტის ჩაბარების მცდელობა. შესაბამისად, სადავო დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებით მომჩივანს იგი არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით.
ამასთან მომჩივანი სადავო აქტს შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 25.12.2023 წელს, საჩივარი საბჭოში წარმოდგენილია იმავე დღეს.
ვინაიდან დოკუმენტების საჯაროდ გავრცელებისას დარღვეულია კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები, საბჭოს მიაჩნია, რომ გასაჩივრების ვადა უნდა აითავლოს მომჩივნის მიერ სადავო აქტის ელექტრონულად გაცნობის (25.12.2023 წელი) თარიღიდან, ამდენად საჩივარი განხილულ უნდა იქნეს არსებითად.
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანომ შეიძლება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლისთვის განსაზღვროს საბაჟო მარშრუტი ან/და დაადგინოს ვადა, რომლის განმავლობაშიც ეს საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უნდა გადაადგილდეს. ამ შემთხვევაში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო მარშრუტითა და დადგენილ ვადაში გადაზიდვის/გადატანის ვალდებულება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემომტან პირს ეკისრება.
საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ჰ9 “ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო მარშრუტი – საბაჟო ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული ტრაექტორია ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების ადგილამდე (საბაჟო კონტროლის ზონამდე ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილამდე ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილამდე) გადაზიდვის/გადატანის მიმართულება.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.
საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვა ან სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოტვირთვა ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ მოძრაობისთვის განსაზღვრული საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
საქმეზე წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებაზე გამოწერილი იყო აღრიცხვის მოწმობა ------- და დანიშნულების საბაჟო ორგანოდ განსაზღვრული იყო საბაჟო გამშვები პუნქტი „ლაგოდეხი“. თუმცა, საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“ ნაცვლად, გამოცხადდა საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“ კონტროლის ზონაში.
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ თურქეთიდან რუსეთში ტრაილერით გადაჰქონდა ტვირთი. მებაჟე ოფიცერს უთხრა, რომ ------- გამშვები პუნქტიდან გაიტანდა ტვირთს, თუმცა მას მიუთითებია -------, შესაბამისად საქართველოს საზღვარი დატოვა ------- პუნქტიდან, ითხოვს ზემოაღნიშნულის გათვალისწინებას და ჯარიმის მოხსნას.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალიწინებით, საბჭოს მიზანშეწონილად მიაჩნია, განსახილველ შემთხვევაში, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის საფუძველზე, ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენება.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 26.07.2023 წლის №18108 ბრძანება;
3. ნაწილობრივ გაუქმდეს საბაჟო დეპარტამენტის 4.06.2023 წლის №EL211860 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
4. მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის 4.06.2023 წლის №EL211860 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად, სანქციის სახით შეეფარდოს გაფრთხილება;
5. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების მიერ მოძრაობისთვის განსაზღვრული საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში გამოცხადდა ორგანიზაციის კუთვნილი სატვირთო სატრანსპორტო საშუალებით. საბაჟო კონტროლის განხორციელებისას დადგინდა, რომ აღნიშნულ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებაზე გამოწერილი იყო აღრიცხვის მოწმობა და დანიშნულების საბაჟო ორგანოდ განსაზღვრული იყო საბაჟო გამშვები პუნქტი. თუმცა, მომჩივანი გამოცხადდა სხვა საბაჟო გამშვებ პუნქტში.
საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მიერ არ შესრულდა სატვირთო ავტომობილის დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში გამოცხადების ვალდებულება, რაზეც, 4.06.2023 წელს შედგენილი №EL211860 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.07.2023 წლის №18108 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალიწინებით, საბჭოს მიზანშეწონილად მიაჩნია, განსახილველ შემთხვევაში, საბაჟო კოდექსის საფუძველზე, ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენება.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(15); 170