გადაწყვეტილება №79638/1/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 05.05.2023
№ დოკუმენტი 79638/1/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№79638/1/2023

5.05.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: სს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს ---ის 13.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №79638/1/2023).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 25.04.2014 წლის №7392/2/14 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 15.02.2023 წლის №094-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 292 538 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 83 509

დღგ -17 014

იმპორტის გადასახადი - 3 084

მოგების გადასახადი - 54 839

საშემოსავლო გადასახადი - 5 300

სოციალური გადასახადი - 3 272

ჯარიმა - 24 574

საურავი - 184 455

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა 2013 წლის 6 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: გადასახადის გადამხდელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების იმპორტს ახორციელებს ძირითადად რუსეთიდან და თურქეთიდან. სულ 2012 წელს გამოქვითულია 11 165 120 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. თურქეთის რესპუბლიკიდან საბაჟო დეკლარაციის თანმხლები ინვოისების სისწორის საკითხი გადამოწმდა თურქეთის რესპუბლიკის შესაბამის სამსახურში. მიღებული მასალებიდან გაირკვა, რომ ექსპორტიორი ქვეყნის ექსპორტის დეკლარაციებში მითითებული საქონლის ღირებულებები არ შეესაბამება მომჩივნის მიერ საბაჟოზე დეკლარირებულ მონაცემებს. საბაჟოზე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბაჟო ღირებულებები გაცილებით მეტია ვიდრე, ექსპორტიორ ქვეყანაში (თურქეთში) საქონლის საბაჟო ღირებულებები, სულ საბაჟო ორგანოში წარდგენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულებები გაზრდილია 104 300 ლარით. შემოწმების შედეგად, აღნიშნული თანხით შემცირდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული გამოქვითვები;

- გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება თანხების გადარიცხვა: „----“, „----“, „----“. აღნიშნულ პირებზე, შესამოწმებელ პერიოდში, მოთხოვნების/ვალდებულებების ზრდა/შემცირება არ ფიქსირდება. ამასთან, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში აღებული აქვს სესხი, რომელზეც გადახდილი პროცენტი გამოქვითულია ერთობლივი შემოსავლიდან. გადარიცხული თანხები შემოწმების მიერ განხილული იქნა უპროცენტო სესხად და დამატებით იქნა ჩართული ერთობლივ შემოსავალში.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2013 წლის №64575 ბრძანება და 10.12.2013 წლის №94-407 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.12.2013 წლის №69423 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დაბეგვრის მიზნებისათვის მიიჩნიოს, რომ გადარიცხული თანხა მოიცავს არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადსაც. შესაბამისად, განხორციელდეს ამ საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დაბეგვრის მიზნებისათვის მიიჩნიოს, რომ ავანსად გადარიცხული თანხა მოიცავს უკუდაბეგვრის დამატებული ღირებულების გადასახადსაც. შესაბამისად, განხორციელდეს ამ საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება(შემცირება);

- მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, „---“ გადარიცხული თანხა და არაიდენტიფიცირებული დებიტორული დავალიანება არ განიხილოს სესხად. შესაბამისად, ამ საფუძვლით დარიცხული თანხები დაექვემდებაროს კორექიტრებას (შემცირებას);

- მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სადავო საკითხის გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, თითოეული ---ის რემონტი (მოდერნიზაცია) არ განიხილოს დამოუკიდებელ კონტრაქტად და გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის, იხელმძღვანელოს გარიგებაში დაფიქსირებული მომსახურების ღირებულებით.

აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- მე-7 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სადავო საკითხის გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება(შემცირება).

ასევე, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შესწავლის შედეგად, იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება, რომ ადგილი ჰქონდა მომჩივნის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირებას, რაც გამოწვეულია საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, განახორციელოს ამ საფუძვლით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება(შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 30.12.2013 წლის №69423 ბრძანება, არ დაკმაყოფილებულ სადავო საკითხების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 25.04.2014 წლის №7392/2/14 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა პირველ და მე-3 დავის საგნებთან მიმართებით, სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება.

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დავების განხილვის საბჭოს 25.04.2014 წლის №7392/2/14 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 თებერვლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას, მის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 15.02.2023 წლის №094-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

იმპორტირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულების გამოსაქვითი ხარჯებიდან ამოღების ნაწილში მიიჩნევს, რომ სადავო საკითხთან მიმართებაში საგადასახადო ორგანოს პოზიცია იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია შემდეგი გარემოებების გამო: - მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა საბჭოს 25.04.2014 №7392/2/14 გადაწვეტილებით გათვალისწინებული ყველა გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტები (საბანკო-საგადახდო დავალებები, მომწოდებლებთან გაფორმებული ინვოისები, ხელშეკრულებები და სხვ.) აუდიტის დეპარტამენტმა არ განახორციელა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადების შემცირება.

საგადასახადო მოთხოვნის წარდგენა მოხდა ხანდაზმულობის ვადის დარღვევით. მიიჩნევს, რომ სადავო საგადასახადო მოთხოვნა ხანდაზმულია და უნდა გაუქმდეს.

ადმინისტრაციულმა ორგანომ (შემმოწმებელმა) არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მეტიც, მან თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სწორედ ამიტომ მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას უხეშადაა დარღვეული საგადასახადო კოდექსის ნორმები (საგადასახადო ორგანოებისა და გადასახადის გადამხდელის უფლება-ვალდებულებების ნაწილში), ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი და ამავე კოდექსის 96-ე მუხლი, რაც თავის მხრივ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად სადავო (გასაჩივრებული) ადმინისტრაციული აქტების ბათილობის საფუძველია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც საჩივარი თითქმის ყველა სადავო საკითხის ნაწილში ნაწილობრივ დააკმაყოფილა 30.12.2013 წლის №69423 ბრძანებით, ხოლო ხსენებული გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილებული საკითხების ნაწილში გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 25.04.2014 წლის №7392/2/14 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა პირველ და მე-3 დავის საგნებთან მიმართებით, სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება.

დავების საბჭოს 25.04.2014 წლის №7392/2/14 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში კი სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაფიქსირებულია შემდეგი:

- სადავო პირველ საკითხთან დაკავშირებით (იმპორტირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულების ნაწილის გამოსაქვითი ხარჯებიდან ამოღება) - საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს საკითხის დამატებით შესწავლა და თუ:

ა) გამოძიებით არ დგინდება დარიცხვის საფუძვლად არსებული დოკუმენტების სიყალბე, ბ) ანგარიშსწორება განხორციელებულია უნაღდოდ და გადარიცხული თანხა უტოლდება მომჩივნის მიერ დეკლარირებულ საქონლის ფასს, გ) საქონლის ერთეულის ფასი არ არის შეცვლილი სადავო საბაჟო დეკლარაციების წარდგენის შემდგომ პერიოდებზე წარდგენილი საბაჟო დეკლარაციების მიხედვით, დ) სადავო საბაჟო დეკლარაციებით გათვალისწინებული საქონლის ერთეულის ფასი უტოლდება მომწოდებელთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ ფასს, უნდა გაუქმდეს სადავო საკითხთან მიმართებით შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.

- სადავო მე-3 საკითხთან დაკავშირებით (დებიტორული დავალიანების ნაწილის უპროცენტო სესხად განხილვა) - საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მომჩივანი და „---“ წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებული პირებს და მომჩივანს ურთიერთდამოკიდებული პირისთვის გადახდილი აქვს თანხა, მომჩივნის განცხადებით საქონლის შესაძენად, ხოლო საქონელი დღემდე არ არის მიწოდებული (მიღებული), „---ის“ მიმართ არსებული მომჩივნის დებიტორული მოთხოვნების უპროცენტო სესხად განხილვა, საბაზრო საპროცენტო განაკვეთით გაანგარიშებული თანხებით ერთობლივი შემოსავლის გაზრდა და განხორციელებული დარიცხვა მართლზომიერია.

შესაბამისად, საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება „---ის“ მიმართ არსებულ დავალიანებას, მისი უპროცენტო სესხად ჩათვლა არამართლზომიერია და ამ კუთხით დარიცხული თანხები უნდა დაექვემდებაროს გაუქმებას.

დავების განხილვის საბჭოს 25.04.2014 წლის №7392/2/14 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 თებერვლის დასკვნაში აღნიშნულია, რომ: საბჭოს 25.04.2014 წლის №7392/2/14 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული საკითხების გადაანგარიშება მოხდა შემდგომ გამოცემული გადაწყვეტილების საფუძველზე შედგენილი დასკვნებით. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმდინარე დასკვნით საბჭოს 25.04.2014 წლის №7392/2/14 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული საკითხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.

ვინაიდან, დასკვნაში მითითებული ზემოაღნიშნული ინფორმაციით არ კონკრეტდება კონკრეტულად რომელი შემდგომ გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა გადაანგარიშება, აუდიტის დეპარტამენტს 2023 წლის 16 მარტის №23220-03 სამსახურებრივი ბარათით ეთხოვა ინფორმაციის წარმოდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 25.04.2014 წლის №7392/2/14 წლის გადაწყვეტილებით, სადავო პირველ და მე-3 საკითხებთან მიმართებით, სამოტივაციო ნაწილში დაფიქსირებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და შედეგების თაობაზე.

აუდიტის დეპარტამენტი 25.04.2023 წლის №38953-21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის საარქივო სამმართველოდან გამოთხოვილ იქნა 2013 წლის 17 მაისის №21252 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სს „---ის“ შემოწმებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, გადამოწმდა აღნიშნულ შემოწმებასთან დაკავშირებული აუდიტორების, სამმართველოს უფროსების ელექტრონული დოკუმენტბრუნვა, თუმცა დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 25 აპრილის №7392/2/14 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული საკითხების გადაანგარიშებასთან უშუალოდ დაკავშირებული დასკვნა ვერ იქნა მოძიებული. ამასთან, მოძიებული ინფორმაციის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 25 აპრილის N 7392/2/14 გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრებული არ არის.

საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს 25.04.2014 წლის №7392/2/14 გადაწყვეტილების აღსრულება არ არის განხორციელებული ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, ამდენად აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულება.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დავების განხილვის საბჭოს 25.04.2014 წლის №7392/2/14 გადაწყვეტილების აღსრულება ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 25.04.2014 წლის №7392/2/14 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2013 წლის №64575 ბრძანება და 10.12.2013 წლის №94-407 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 30.12.2013 წლის №69423 ბრძანება, არ დაკმაყოფილებულ სადავო საკითხების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 25.04.2014 წლის №7392/2/14 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

დავების განხილვის საბჭოს 25.04.2014 წლის №7392/2/14 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 თებერვლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას, მის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 15.02.2023 წლის №094-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს 25.04.2014 წლის №7392/2/14 გადაწყვეტილების აღსრულება არ არის განხორციელებული ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, ამდენად აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულება.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 306 (2); 304 (1, ბ).