გადაწყვეტილება №24774/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24774/2/2025
13 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,27.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 18.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24774/2/2025).
დავის საგანი:
1. საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა;
2. საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;
3. იმპორტის გადასახდელების დარიცხვა და საურავის დაკისრება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 26.12.2024 წლის №EL271033 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 26.12.2024 წლის №EL271034 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
3. საბაჟო დეპარტამენტის 26.12.2024 წლის №EL11111/129 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 3.02.2025 წლის №1337 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 2 289,63 ლარი.
მათ შორის:
26.12.2024 წლის №EL11111/129 საგადასახადო მოთხოვნა - 162,19
გადასახადი - 127,44
დღგ საბაჟო - 23,92
აქციზის გადასახადი საბაჟოზე - 100
იმპორტის გადასახადი - 3,52
საურავი - 34,75
26.12.2024 წლის №EL271033 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 127,44
26.12.2024 წლის №EL271034 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 2 000
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
11.05.2023 წლის №-------- დროებით შენახვის დეკლარაციით შპს „--------“-ის საბაჟო საწყობში ("-------") შენახულ იქნა ი/მ "-------"-ს (პ/ნ "-------") კუთვნილი საქონელი (ელექტრონული სიგარეტი - 50 ცალი).
საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ დაირღვა საბაჟო საწყობში დროებით შენახული საქონლის შენახვის ვადა, 26.04.2024 წელს შედგენილი №EL248894 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ი/მ "-------"-ს (პ/ნ "-------") დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად, გაეგზავნა საქონლის განკარგვის განზრახვის თაობაზე საბაჟო დეპარტამენტის 29.04.2024 წლის №"-------"წერილობითი შეტყობინება, რომლითაც განესაზღვრა 30 დღე ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად.
შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით გაგზავნილ შეტყობინებას ადრესატი არ გასცნობია ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბაჟო კოდექსის მე-10 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, 3.07.2024 წელს დოკუმენტი გავრცელდა საჯაროდ და ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ჩაბარებულად ჩაითვალა დოკუმენტის შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან მე-20 დღეს (23.07.2024 წელს).
ვინაიდან ამოიწურა შეტყობინებით განსაზღვრული ვადა, მაგრამ მითითებული საქონლის მიმართ ი/მ "-------"-ს (პ/ნ "-------") მიერ არ განსაზღვრულა საბაჟო პროცედურა/რეექსპორტი და არც საბაჟო ზედამხედველობის დასრულებისთვის საჭირო სხვა აუცილებელი ფორმალობები შესრულებულა, საბაჟო ორგანოს ინიციატივით დაიწყო საქონლის განკარგვის ღონისძიების განხორციელება სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის გზით.
საქონლის განკარგვის ღონისძიების ფარგლებში, 18.07.2024 წელს შპს „--------“-ის საბაჟო საწყობში ("-------") განხორციელდა სახელმწიფო საკუთრებაში გადასაცემი საქონლის დათვალიერება, რა დროსაც დადგინდა, რომ საქონლის ფიზიკური რაოდენობა არ შეესაბამებოდა №------- დროებით შენახვის დეკლარაციით შპს„--------“-ის საბაჟო საწყობში შენახულს. კერძოდ, ელექტრონული სიგარეტის ფიზიკურმა ნაშთმა ნაცვლად 50 ცალისა, შეადგინა 40 ცალი (აქტი ნ/გ 18.07.2024).
გამოვლენილ ფაქტზე, 26.12.2024 წლის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით, მომჩივანს (სოლიდარულად, ი/მ "-------"-სთან ერთად) დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 172- ე მუხლით (ოქმი №EL271033 – 127,44 ლარი) და 176-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოქმი №EL271034 – 2 000 ლარი) გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევებისთვის. ასევე გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის 26.12.2024 წლის №EL11111/129 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საბაჟო გადასახდელები.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსვლების სამსახურში, რომლის 3.02.2025 წლის №1337 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლზე, 70-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, საბაჟო კოდექსის 112-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 127-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ფ“ და „თ“ ქვეპუნქტებზე და მე-17 მუხლის პირველ პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ და მე-5 ნაწილებზე, 172-ე მუხლზე, 176-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე.
დადგენილია, რომ ადგილი ჰქონდა ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას/დაკარგვას/განადგურებას. ასევე არ შესრულდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობა. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლისა (სოლიდარულად) და 176- ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმები მართლზომიერია. ხოლო, ვინაიდან არსებობს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, მომჩივნისთვის სადავო საგადასახადო მოთხოვნის წარდგენაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.
მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ შპს „--------“-ს, როგორც საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს, რომელიც ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის შენახვასთან დაკავშირებულ საქმიანობას, საბაჟო კოდექსის 112-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №9) მე-9 მუხლის თანახმად, აქვს საქონლის სათანადო აღრიცხვის ვალდებულება, რაც გულისხმობს ისეთი მონაცემისა და სხვა ინფორმაციის შენახვას, რომლებიც საბაჟო ორგანოს საშუალებას მისცემს, ზედამხედველობა გაუწიოს შესაბამის საბაჟო პროცედურას, მათ შორის, დეტალები საქონლის იდენტიფიკაციისთვის საჭირო ნიშნების, შეფუთვის რაოდენობისა და სახეობის, საქონლის რაოდენობისა და ნორმალური კომერციული ან ტექნიკური აღწერილობის შესახებ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
11.05.2023 წელს შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) საბაჟო საწყობში (GET22) გადამზიდავი კომპანია შპს „-------“-ს (ს/ნ „--------“) მიერ შემოტანილ, ფ/პ "-------"-ს (პ/ნ "-------") კუთვნილ ტვირთზე დაიბეჭდა დროებითი შენახვის განაცხადი (C-51867 11.05.2023 წ) და საბაჟო ფორმალობების სრული დაცვით საბაჟო საწყობმა მოახდინა ტვირთის (1 ადგილი) განთავსება საბაჟო კონტროლის ზონაში დოკუმენტაციაში მითითებული რაოდენობის მიხედვით, კერძოდ სატრანსპორტო ზედდებულში (CMR) მითითებული 1 ადგილი (1 cartons). ზემოაღნიშნულ ტვირთზე ერთი წლის განმავლობაში არც ტვირთის მფლობელს მოუკითხავს და არც არანაირი საბაჟო პროცედურა განხორციელებულა. მხოლოდ 18.07.2024 წელს საქონლის დათვალიერების მიზნით გეზ „თბილისის“ მებაჟე ოფიცერმა კომპანიის დირექტორთან ერთად განახორციელა გაუხსნელი შეფუთვის გახსნა. საქონლის ფიზიკური დათვალიერებისას გამოვლინდა საქონლის დანაკლისი, კერძოდ, შესყიდვის დოკუმენტში №Lilda-10.21 მეხუთე პოზიცია fume2500 (ელექტრო სიგარეტი 10 ერთეული) საერთოდ არ აღმოჩნდა ჩამოსულ შეფუთვაში, რაზედაც შედგა საქონლის დათვალიერების აქტი 18.07.2024 წ.
26.12.2024 წელს შპს„--------“-ს (ს/ნ „--------“) ელექტრონულად გაეგზავნა 26.12.2024 წლის №EL271033 და №EL271034 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები. მითითებული ოქმით №EL271033 ირკვევა, რომ შპს „--------“-ს ე. „--------“-სთან ერთად სოლიდარულად დაეკისრა პასუხისმგებლობა დროებითი შენახვის დეკლარაციით საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაწილის (ელ. სიგარეტი - 10 ცალი) უკანონო განკარგვისათვის/დაკარგვისათვის/განადგურებისათვის და დაჯარიმა 127,44 ლარით. ხოლო სამართალდარღვევის ოქმით სერია №EL271034 ირკვევა, რომ შპს „--------“-ს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევისათვის, კერძოდ „საბაჟო საწყობმა ვერ გამორიცხა 2023 წლის 11 მაისის დროებითი შენახვის დეკლარაციით საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაწილის (ელ. სიგარეტი 10 ცალი) უკანონო განკარგვა/დაკარგვა/განადგურება“ , რის საფუძველზეც დამატებით დაჯარიმდა 2 000 ლარით. ასევე, გაეგზავნა 26.12.2024 წლის №EL11111/129 საგადასახადო მოთხოვნა და დაერიცხა 162,19 ლარი.
საბაჟო საწყობმა საბაჟო ფორმალობების სრული დაცვით მოახდინა ტვირთის განთავსება საბაჟო კონტროლის ზონაში დოკუმენტაციაში მითითებული რაოდენობის მიხედვით, კერძოდ სატრანსპორტო ზედდებულში (CMR) მითითებული 1 ადგილი. მხოლოდ იმის შემდეგ, რაც საქონლის ფიზიკური დათვალიერება განახორციელა გეზ „თბილისის“ მებაჟე ოფიცერმა, როცა გახსნა შეფუთული და მთლიანობა დაურღვეველი ფუთა, საქონლის ფიზიკური დათვალიერებისას გამოვლინდა საქონლის დანაკლისი, კერძოდ, შესყიდვის დოკუმენტში მითითებული 50 ცალი ელ. სიგარეტის ნაცვლად, აღმოჩნდა დანაკლისი 10 ცალი ელ. სიგარეტი.
განსახილველ დავაში ადგილი არ აქვს სამართალდარღვევას და ზოგადად, კომპანიის ბრალეულ ქმედებას. ადმინისტრაციული ორგანოები კანონშეუსაბამოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევენ, რომ ადგილი აქვს სამართალდარღვევას. კერძოდ, როგორც სადავო გადაწყვეტილებებით ირკვევა, ადმინისტრაციული ორგანოები მიიჩნევენ, რომ დარღვეულია „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით დადგენილი სანებართვო პირობები, კერძოდ „საბაჟო საწყობმა ვერ გამორიცხა 2023 წლის 11 მაისის დროებითი შენახვის დეკლარაციით საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაწილის (ელ. სიგარეტი 10 ცალი) უკანონო განკარგვა/დაკარგვა/განადგურება“, რასაც არ ეთანხმება. საბაჟო საწყობმა ტვირთის განთავსება კონტროლის ზონაში მოახდინა კომპანიასთან წარმოდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული რაოდენობის მიხედვით, კომპანიის მიერ განხორციელდა საქონლის იდენტიფიკაცია წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, მოხდა მისი აღრიცხვა და შენახვა და განისაზღვრა სტატუსი. კერძოდ, სატრანსპორტო ზედდებულში მითითებული იყო 1 ადგილი და ამ შეფუთვის მთლიანობა დარღვეული არ იყო, არც დაზიანებული და შესანახად წარმოდგენილი ტვირთის ფუთების რაოდენობა ემთხვეოდა სატრანსპორტო ზედდებულში მითითებული საქონლის სახეობასა და შეფუთვის რაოდენობას, რაც გამორიცხავდა შეფუთვების შიგნით არსებული საქონლის რაოდენობის გადათვლას კომპანიის მიერ. შესაბამისად, მომჩივნისთვის ცნობილი ვერ იქნებოდა საქონლის დანაკლისი, რაც ცალსახად გამორიცხავს პასუხისმგებლობასა და დაჯარიმებას.
ანუ გამოდის, რომ სამართალდარღვევა იმაში გამოიხატა, რომ კომპანიამ „განკარგა“ 10 ცალი ელ. სიგარეტი ანუ მოიპარა, ან გაყიდა ან ა.შ. ამასთან მესაკუთრეს პრეტენზია არ გამოუხატავს, არ მოუთხოვია მისთვის საქონლის დაბრუნება?! - აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია. უფრო მეტიც, საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 6 იანვრის ბრძანების თანახმად, საბაჟო საწყობში განთავსებული ი/მ „--------“-ს კუთვნილი საქონელი სახელმწიფოს გადაეცა საკუთრებაში.
შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებაში მიუთითებს და ადგენს, რომ „ვინაიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას/დაკარგვას/განადგურებას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, 26.12.2024 წელს შედგენილ იქნა №EL271033 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „--------“-ს (ს/ნ „--------“)„--------“-სთან (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL271030 ?) ერთად სოლიდარულად დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172- ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 127,44 ლარის (იდენტურ/მსგავს საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით. ამავე დღეს გამოიცა №EL11111/129 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს „--------“-ს (ს/ნ „--------“) დაერიცხა იმპორტის გადასახდელი 127,44 ლარი (იმპორტის გადასახადი 3,52 ლარი; დღგ 23,92 ლარი; აქციზის გადასახადი 100 ლარი და საურავი 34,75 ლარი) - სრულიად გაურკვეველია რის საფუძველზე დაადგინა შემოსავლების სამსახურმა, რომ ადგილი ჰქონდა „საბაჟო ზედა მხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას/დაკარგვას/განადგურებას“, მაშინ როდესაც არ მიუთითებს და ვერც მტკიცებულებას წარმოადგენს, როგორ ადგენს კომპანიის მიერ საქონლის უკანონო განკარგვას/დაკარგვას/განადგურებას, მაშინ როდესაც თვითონ მიუთითებს „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, რომლის თანახმადაც საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით. საწყობმა უნდა უზრუნველყოს საქონლის სწორედ იმ ოდენობის დაცვა, რა ოდენობაც დეკლარაციაში მითითებულია.
ცხადია, საწყობი არ არის ვალდებული და იგი ვერ უზრუნველყოფს ოდენობების კონტროლს იმ შემთხევაში, როდესაც შესანახად წარმოდგენილია დეკლარაციაში და სატრანსპორტო ზედდებულში მითითებული 1 ადგილი და ამასთან, იგი შეფუთულია და მისი მთლიანობა დარღვეული არ არის.
საწყობის მიერ საქონლის უკანონო განკარგვა, უპირველეს ყოვლისა, ტვირთის მფლობელისთვის იყო ზიანის მომტანი, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, ტვირთის მფლობელს რაიმე პრეტენზია საბაჟო საწყობის მიმართ წარდგენილი არ ჰქონდა, მის მიერ სადავოდ არ იყო გამხდარი საქონლის დაკარგვა, საქონლის არაუფლებამოსილი ორგანოსათვის გაცემა, უფრო მეტიც, ზემოაღნიშნულ ტვირთზე ერთი წლის განმავლობაში არც ტვირთის მფლობელს მოუკითხავს და არც არანაირი საბაჟო პროცედურა განხორციელებულა.
სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტისა და მომჩივნისთვის გადასახადების დარიცხვის მართლზომიერად მიჩნევის დასადასტურებლად, აუცილებელია შესაბამისი დადასტურებული აქტის შედგენის საფუძველზე უკანონო განკარგვის დადგენა, რომელიც შედეგად იწვევს საქონლის დანაკლისს და რაც არ არსებობს ამ შემთხვევაში.
18.07.2024 წელს საქონლის დათვალიერების მიზნით გეზ „თბილისის“ მებაჟე ოფიცერმა კომპანიის დირექტორთან ერთად განახორციელა გაუხსნელი შეფუთვის გახსნა და ამის შემდეგ მოხდა საქონლის ფიზიკური დათვალიერება და შემდეგ გამოვლინდა საქონლის დანაკლისი. შესაბამისად, გაუხსნელ ფუთაში 10 ცალი ელ. სიგარეტის დანაკლისის არსებობისათვის პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს კომპანიას, რადგან პასუხისმგებლობისათვის დამახასიათებელი ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა შპს „--------“-ის ბრალი, ამ შემთხვევაში, არ დგინდება. რაც შეეხება „საქონლის რაოდენობას“, საქონლის რაოდენობის დადგენა საქონლის თანმხლებ დოკუმენტთან მიმართებაში გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელი დათვლადია, ანუ არ არის შეფუთული პალეტი ადგილებად და საწყობში წარმოდგენილია ცალობით.
აღნიშნულ შემთხვევაში კი, საქონელი წარმოდგენილი იყო შეფუთული, თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებული იყო 1 ადგილი, შესანახად წარმოდგენილი ტვირთის ფუთის რაოდენობა ემთხვეოდა სატრანსპორტო ზედდებულში მითითებული საქონლის სახეობასა და შეფუთვის რაოდენობას, შეფუთვა დარღვეული არ იყო, რაც გამორიცხავდა შეფუთვების შიგნით არსებული საქონლის რაოდენობის გადათვლას კომპანიის მიერ. აღნიშნული არ არის მოწესრიგებული მოქმედი კანონმდებლობით, მით უფრო, რომ საქონელი წარმოადგენს კერძო საკუთრებას და ვერ ჩაერევა კერძო მესაკუთრის საკუთრების ინტერესებში. უფრო მეტიც, თვით საბაჟო ორგანოები საქონლის განბაჟების დროს არ არღვევენ შეფუთვების მთლიანობას, გარდა იმ შემთხვევაში, როდესაც დადგენილია „წითელი დერეფანი“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არც ერთი მტკიცებულებებით არ დასტურდება საბაჟო საწყობის მიერ საქონლის უკანონოდ განკარგვა/დაკარგვა/განადგურება, რაც გამოიწვევდა დანაკლისს და გახდებოდა სამართალდარღვევის ოქმის შედგენისა და დაჯარიმებისა და თანხის დაკისრების საფუძველი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 3.02.2025 წლის №1337 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანმხება მიღებულ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი გარემოებები
დროებით შენახვის დეკლარაციით მომჩივანის საბაჟო საწყობში შენახულ იქნა ი/მ-ის კუთვნილი საქონელი (ელექტრონული სიგარეტი - 50 ცალი).
საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ დაირღვა საბაჟო საწყობში დროებით შენახული საქონლის შენახვის ვადა,ი/მ-ს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად, გაეგზავნა საქონლის განკარგვის განზრახვის თაობაზე საბაჟო დეპარტამენტის წერილობითი შეტყობინება, რომლითაც განესაზღვრა 30 დღე ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად.
გაგზავნილ შეტყობინებას ადრესატი არ გასცნობია ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბაჟო კოდექსის მე-10 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, 3.07.2024 წელს დოკუმენტი გავრცელდა საჯაროდ და ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ჩაბარებულად ჩაითვალა დოკუმენტის შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან მე-20 დღეს.
ვინაიდან ამოიწურა შეტყობინებით განსაზღვრული ვადა, მაგრამ მითითებული საქონლის მიმართ ი/მ-ის მიერ არ განსაზღვრულა საბაჟო პროცედურა/რეექსპორტი და არც საბაჟო ზედამხედველობის დასრულებისთვის საჭირო სხვა აუცილებელი ფორმალობები შესრულებულა, საბაჟო ორგანოს ინიციატივით დაიწყო საქონლის განკარგვის ღონისძიების განხორციელება სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის გზით.
საქონლის განკარგვის ღონისძიების ფარგლებში, მოჩივანისსაბაჟო საწყობში განხორციელდა სახელმწიფო საკუთრებაში გადასაცემი საქონლის დათვალიერება, რა დროსაც დადგინდა, რომ საქონლის ფიზიკური რაოდენობა არ შეესაბამებოდა დროებით შენახვის დეკლარაციით მომჩივანის საბაჟო საწყობში შენახულს. კერძოდ, ელექტრონული სიგარეტის ფიზიკურმა ნაშთმა ნაცვლად 50 ცალისა, შეადგინა 40 ცალი
გამოვლენილ ფაქტზე,მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით და 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევებისთვის. ასევე გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საბაჟო გადასახდელები.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
103,172,176.