ბრძანება N 45569-1

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.12.2019
№ დოკუმენტი 45569-1
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 45569

24/12/2019

შპს -----

(მის: -------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს ----- 2019 წლის 30 აპრილის №85383/21 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 02 აპრილის №094-35 საგადასახადო მოთხოვნას. აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 05 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №87).

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს, კერძოდ:

შეძენილ და ფაქტობრივად მიღებულ საწვავის რაოდენობას შორის გამოვლენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი დანაკლისით ერთობლივი შემოსავლის გაზრდას და აცხადებს, რომ იმპორტისას განბაჟება ხდება ტრანსპორტირების დასრულების შემდგომ არსებული ფაქტიური რაოდენობის (დანაკლისის გამოკლებით) და მომწოდებლის მიერ გამოწერილი პირველადი საინვოისო ღირებულებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო დეკლარაციაში ფაქტობრივად მიღებული საქონლის ღირებულებად ფიქსირდება პირველადი საინვოისო ღირებულება, რაც იმას ნიშნავს, რომ რა ღირებულებითაც მოხდა შესყიდვა, იმ ღირებულებით მოხდა განბაჟება, ამდენად, ზღვრულ ოდენობაზე მეტი რაოდენობის დანაკლისი თანხობრივად დეკლარირებულია და ამ ნაწილში დარიცხული თანხები უნდა შემცირდეს;

გადასახადის გადამხდელმა 2019 წლის 22 ნოემბერს დამატებით წარმოადგინა დოკუმენტაცია/ინფორმაცია სადავო საკითხთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას (შემცირებას).

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2018 წლის 05 დეკემბრის №34734 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- საქმიანობის გასვლითი სრული საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 01 აპრილს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2019 წლის 02 აპრილის №8929 ბრძანება და ამავე თარიღის №094-35 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 2 551 251,56 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 749 690 ლარი, ჯარიმა 793 654 ლარი, საურავი 7 707,56 ლარი.

საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან მიმართებაში საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ:

„საზოგადოება საქონლის ტრანსპორტირებას ახდენს საზღვაო ტრანსპორტის (გემის) საშუალებით. შემოწმების მიერ მოხდა საზოგადოების პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ანალიზი, რის შედეგადაც შეძენილ და ფაქტობრივად მიღებულ საწვავის რაოდენობას შორის გამოვლინდა ზღვრულ ოდენობაზე მეტი რაოდენობის დანაკლისი.

სსკ-ის 983-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად აღნიშნული დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. (ასევე, გაზრდას დაექვემდებარა 2016 წლის ერთობლივი შემოსავალი) საზოგადოებას დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.“

სადავო საკითხების განხილვის საფუძველზე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს: ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება. ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 100-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები; ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან; გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად.

ზემოაღნიშნულ ნორმებზე, საქმის ირგვლივ არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, ასევე, ზეპირი განხილვისას გამოთქმულ მოსაზრებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს ----- 2019 წლის 30 აპრილის საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.