გადაწყვეტილიება №19054/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19054/2/2023
30.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ფპ -- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ფპ -- (ს/ნ ---) 7.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19054/2/2023).
დავის საგანი:
ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე უარი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის ID:---- შესაგებელი;
2. შემოსავლების სამსახურის 2.03.2023 წლის №4012 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
მომჩივანმა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა 16.12.2022 წლის ID:--- გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა, სადაც მიუთითა, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე (გარდა მოსაკრებლ(ებ)ის და ადმინისტრაციული ჯარიმის პირადი აღრიცხვის ბარათებისა) ერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხა, სულ 487,19 ლარის ოდენობით და მოითხოვა საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ერთიან საბიუჯეტო გადასახადში/სანქციაში არსებული ზედმეტად გადახდილი თანხიდან 487 ლარის დაბრუნება ბანკის ანგარიშზე. ზედმეტობის წარმოშობის მიზეზად დაფიქსირებულია შეძენილი საქონელი.
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე აუდიტის დეპარტამენტმა დაადგინა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.12.2009 წლის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ხარვეზი.
კერძოდ:
- განმარტებას საჭიროებს ავტონაწილების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების მიზნობრიობა და ჩათვლილი დღგ-ის დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების საკითხი;
- წარმოსადგენია 2022 წლის ამონაწერი ყველა მომსახურე ბანკის ანგარიშსწორების (ადგილობრივი და სავალუტო) ანგარიშებიდან (Excel-ისა და PDF ფორმატებში);
- განმარტებას საჭიროებს 2022 წლის ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაციაში ასახული დასაბეგრი ქონების შესახებ ინფორმაცია საკადასტრო კოდების მითითებით.
ამასთან, არ არის შესრულებული საგადასახადო ვალდებულება ს/კ ---- ქონებაზე, 2021 წელს საკუთრებაში არსებობის პერიოდის შესაბამისად.
ხარვეზის გამოსწორების თაობაზე მომჩივანმა 28.12.2022 წელს წარადგინა ID:--- გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა. აღნიშნულზე აუდიტის დეპარტამენტმა 29.12.2022 წლის ID:--- შესაგებელით მიიჩნია, რომ წარმოდგენილი ინფორმაციით ვერ დგინდება მიღებული ჩათვლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების მიზნობრიობა და ჩათვლილი დღგ-ის დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების საკითხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის ID:--- შესაგებელი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2.03.2023 წლის №4012 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 63- ე მუხლის პირველი ნაწილზე, 65-ე მუხლზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.12.2009 წლის №916 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, თვითმმართველი ერთეულების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორების შესახებ“ ინსტრუქციის 131 მუხლის პირველ პუნქტზე, 135 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტებზე და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის თანახმად, მას ეთხოვა განმარტება ჩათვლილი დღგ-ის თანხის დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების საკითხთან დაკავშირებით. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა განმარტება, რომლითაც არ დასტურდება ფ/პ ---ის მიერ ჩათვლილი დღგ-ის თანხის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის შესაბამისად, დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების მიზნობრიობა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადამხდელის მიერ ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული სრულყოფილად, შესაბამისად, სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.12.2009 წლის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი აღნიშნავს, რომ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას - უძრავი ქონების იჯარით გაცემა/გაქირავებას, რომლის ფარგლებშიც მოხდა დამატებითი საშუალებების შეძენა, რაც პირდაპირ კავშირშია მის ეკონომიკურ საქმიანობასთან. წარმოშობილი ზედმეტობა გამოწვეულია და პირდაპირ კავშირშია ავტომობილით ლოჯისტიკური გადაადგილების მიზანთან, რადგან საქმიანობის სფეროს (უძრავი ქონების გაქირავება) სპეციფიკა მოითხოვს სტაციონარულ (ადგილზე) საკითხების შესწავლას: უძრავი ქონების სარემონტო სამუშაოებს, მასთან დაკავშირებული სარემონტო მასალების შეძენატრანსპორტირებას, სარემონტო სამუშაოების მონიტორინგს და ა.შ.
ასევე, გარდა სარემონტო სამუშაოებისა, ამ საქმიანობაში მუდმივი პროცესია დამქირავებლების როტაცია, რაც ასევე ფაქტობრივი/საცხოვრებელი მდებარეობიდან გამომდინარე, მოითხოვს ხშირ გადაადგილებას. გამომდინარე აქედან, სატრანსპორტო საშუალება საქმიანობის ამ სფეროში წარმოადგენს ერთგვარ ყოველდღიურ ბუნებრივად ცვეთად ხარჯს, რისი ფინანსური უზრუნველყოფაც უნდა მოხდეს ამავე საქმიანობის სფეროდან.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მოითხოვა (ID:---) ზედმეტად დარიცხული თანხის დაბრუნება, რომელზეც პირველ ეტაპზე დაუდგინდა ხარვეზი, რომელიც მისი მხრიდან გამოსწორებული/აღმოფხვრილი იქნა და საბოლოოდ მიიღო უარყოფითი პასუხი.
სადავო გადაწყვეტილება უნდა გადაიხედოს ხელახლა სიღრმისეულად, რადგან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ბრძანება ზუსტად ციტირებს მის წინამორბედ გადაწყვეტილებას და არ არის განსხვავებული მსჯელობის შედეგი. არ არსებობს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შემაფერხებელი გარემოება და ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე უნდა იქნას უზრუნველყოფილი თანხის დაბრუნება.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.
ამავე კოდექსის 65-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.
„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.12.2009 წლის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ შეუსაბამობა გამოვლინდა ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საკითხის შესწავლისას ან/და სახეზეა გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის დაბეგვრაზე წარუდგენლობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, დასარიცხად გამოანგარიშებული გადასახადის/სანქციის თანხა არ ამცირებს სალდირებული ზედმეტობის მაჩვენებელს „მოთხოვნაში“ მითითებული დასაბრუნებელი თანხის ფარგლებში, ან როდესაც სავარაუდოდ, გამოანგარიშებული გადასახადის/სანქციის თანხის დარიცხვის შედეგად გადამხდელს მაინც უფიქსირდება სალდირებული ზედმეტობა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, გადამხდელს მიეთითება ხსენებული შეუსაბამობების აღმოფხვრაზე და საგადასახადო ორგანოს შესაბამისი თანამშრომლის მიერ სათანადო პროცედურები შესაძლო დასაბრუნებელი თანხის ფარგლებში განხორციელდება გადამხდელის მიერ აღნიშნული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემთხვევაში. ამასთან, შეუსაბამობის აღმოფხვრის შესახებ მითითებიდან მათ აღმოფხვრამდე ინტერვალში, ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება, საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებულ ვადაში შეუსაბამობების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კი გადამხდელს გაეგზავნება შესაგებელი).
აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის წერილით მომჩივანს ეცნობა, რომ განმარტებას საჭიროებს ავტონაწილების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების მიზნობრიობა და ჩათვლილი დღგ-ის დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების საკითხი, წარმოსადგენია 2022 წლის ამონაწერი ყველა მომსახურე ბანკის ანგარიშსწორების (ადგილობრივი და სავალუტო) ანგარიშებიდან (Excel-ისა და PDF ფორმატებში) და განმარტებას საჭიროებს 2022 წლის ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაციაში ასახული დასაბეგრი ქონების შესახებ ინფორმაცია საკადასტრო კოდების მითითებით. ამასთან, არ არის შესრულებული საგადასახადო ვალდებულება ს/კ --- ქონებაზე, 2021 წელს საკუთრებაში არსებობის პერიოდის შესაბამისად.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციით არ დგინდება საქონლის შეძენის მიზნობრიობა ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი, მიიჩნევს, რომ სახეზეა „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.12.2009 წლის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო აქტები გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე უარი.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის შესაგებელი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2.03.2023 წლის №4012 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო აქტები გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 63 (1); 65 (1,4).