ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე
📄 სრული ტექსტი
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება № 2
2020 წლის 5 ივნისი
ქ. თბილისი
ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
1. დამტკიცდეს „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესი“ (შემდგომ – „წესი“) ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
2. (ამოღებულია - 17.08.2020, №3);
3. (ამოღებულია - 16.10.2020, №5);
4. ამ წესის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 27 ივლისის №93 ბრძანება „ნოტარიუსების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე;
ბ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №94 ბრძანება „ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების და „სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე;
გ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 16 თებერვლის №2 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე;
დ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 8 თებერვლის №1 ბრძანება „შემოსავლების სამსახურის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე;
ე) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანება „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე;
ვ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №2 ბრძანება „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე;
ზ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №3 ბრძანება „სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე;
თ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №4 ბრძანება „კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე;
ი) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №5 ბრძანება „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე;
კ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №6 ბრძანება „საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე;
ლ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №7 ბრძანება „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე;
მ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №8 ბრძანება „ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე;
ნ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 31 იანვრის №12 ბრძანება „საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე;
ო) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2013 წლის 27 ივნისის №1 ბრძანება „კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე;
პ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2013 წლის 5 სექტემბრის №2 ბრძანება „სალიზინგო კომპანიების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე;
ჟ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2014 წლის 2 ოქტომბრის №2 ბრძანება „ადვოკატის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის წარდგენილი ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე;
რ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 11 მარტის №12 ბრძანება „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 17 აგვისტოს ბრძანება №3 - ვებგვერდი, 18.08.2020 წ.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 16.10.2020 წ.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 20 ოქტომბრიდან.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 17 აგვისტოს ბრძანება №3 - ვებგვერდი, 18.08.2020 წ.
სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი
ვალერიან ხასაშვილი
ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ამ წესის მოქმედება ვრცელდება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ანგარიშვალდებულ პირებზე.
2. ამ წესის მოქმედება ადვოკატზე, საადვოკატო ბიუროსა და ნოტარიუსზე ვრცელდება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
21. ამ წესის მოქმედება ლატარიის ორგანიზატორზე ვრცელდება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
3. ამ წესით განისაზღვრება ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტისა და კლიენტის სახელით მოქმედი პირის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მიზნით მოსაპოვებელი საიდენტიფიკაციო მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტები, აგრეთვე ამ მონაცემების, ინფორმაციისა და დოკუმენტების დამოწმების, აღრიცხვის, შენახვისა და განახლების წესი.
4. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) ანგარიშვალდებული პირის მიერ ელექტრონულად კლიენტის იდენტიფიკაციასა და ვერიფიკაციაზე;
ბ) ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის მფლობელობის და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის პროცესზე და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციასა და ვერიფიკაციაზე.
გ) ანგარიშვალდებული პირის მიერ გადახდის თვითმომსახურების კიოსკის და ვირტუალური აქტივის თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით კლიენტის იდენტიფიკაციასა და ვერიფიკაციაზე.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ელექტრონულად კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია, კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია, აგრეთვე, კლიენტის მფლობელობის და კონტროლის სტრუქტურის შესწავლა საზედამხედველო ორგანოს მიერ დადგენილი წესით ხორციელდება.
51. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადახდის თვითმომსახურების კიოსკის და ვირტუალური აქტივის თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული წესით.
6. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების ვერიფიკაციის მიზნით მოიპოვოს ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო მონაცემები და ფოტოსურათი.
7. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება ელექტრონული ფულის ინსტრუმენტის მეშვეობით განხორციელებულ საგადახდო მომსახურებაზე, თუ დაცულია ყველა შემდეგი მოთხოვნა:
ა) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3-მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები;
ბ) ელექტრონული ფულის ინსტრუმენტის მეშვეობით საგადახდო მომსახურების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ შეზღუდულ ქსელში;
გ) საზღვარგარეთ საგადახდო მომსახურებისათვის, აგრეთვე, აზარტული თამაშობებისთვის, კრიპტო ვალუტის ყიდვა-გაყიდვისთვის და ელექტრონული საფულის შესავსებად ელექტრონული ფულის ინსტრუმენტის გამოყენება დაუშვებელია, ასევე დაუშვებელია ფორექს საქმიანობასთან დაკავშირებული ტრანზაქციების განხორციელება.
71. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში:
ა) პირის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის გარეშე ელექტრონული ფულის ინსტრუმენტის გაცემა დაიშვება, თუ ელექტრონული ფულის ინსტრუმენტზე თანხის მაქსიმალური ლიმიტი განსაზღვრულია 150 ლარის ოდენობით, თანხის შევსება შესაძლებელია მხოლოდ დადგენილი ლიმიტის ფარგლებში და თითოეული გადახდის ოპერაციის თანხა არ აღემატება 30 ლარს;
ბ) პირის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის გარეშე ელექტრონული ფულის ინსტრუმენტის გაცემა დაიშვება, თუ ელექტრონული ფულის ინსტრუმენტზე თანხის მაქსიმალური ლიმიტი განსაზღვრულია 500 ლარის ოდენობით, დაუშვებელია თანხის განმეორებითი შევსება და ელექტრონული ფულის ინსტრუმენტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ერთი პირის მომსახურების/სავაჭრო ქსელში;
გ) პირის ვერიფიკაციის გარეშე ელექტრონული ფულის ინსტრუმენტის გაცემა დაიშვება, თუ ელექტრონული ფულის ინსტრუმენტზე თანხის მაქსიმალური ლიმიტი დასაშვებია არაუმეტეს 1500 ლარის ოდენობით, ასეთ ინსტრუმენტზე შეუძლებელია თანხის განმეორებით შევსება და ელექტრონული ფულის ინსტრუმენტის გაცემის დროს მოპოვებულია ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო მონაცემები.
72. დამატებით, თუ ერთი პირის მიერ ხორციელდება ელექტრონული ფულის ინსტრუმენტების იმ რაოდენობით ერთჯერადი შეძენა, რომ მათზე განთავსებული ფულის/ელექტრონული ფულის მოცულობა ჯამურად აღემატება 1500 ლარს, ელექტრონული ფულის ინსტრუმენტის შემძენის მიმართ უნდა განხორციელდეს ამ წესით გათვალისწინებული იდენტიფიკაცია და დადგინდეს ბარათების შეძენის მიზნობრიობა.
73. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები და შეზღუდვები.
8. ტრასტის და ტრასტის მსგავსი სამართლებრივი წარმონაქმნის შემთხვევაში, ამ წესით დადგენილი კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის ღონისძიებები უნდა გატარდეს ტრასტის რწმუნებულის და ტრასტის მსგავს სამართლებრივ წარმონაქმნში ეკვივალენტური პოზიციის მქონე პირის მიმართ, რომელიც ანგარიშვალდებულ პირთან ამყარებს საქმიან ურთიერთობას ან დებს ერთჯერად გარიგებას.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 17 აგვისტოს ბრძანება №3 - ვებგვერდი, 18.08.2020 წ.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 16.10.2020 წ.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2021 წლის 6 ივლისის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 07.07.2021 წ.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2025 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 30.10.2025 წ.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ადმინისტრაციული ორგანო – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანო;
ბ) აგენტი/აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებელი – პირი, რომელიც ახორციელებს ამ წესით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ანგარიშვალდებული პირის სახელით, მაგრამ არ არის ანგარიშვალდებული პირის თანამშრომელი ან სტრუქტურული ქვედანაყოფი;
გ) დაკავშირებული გარიგებები – დროის გონივრულ პერიოდში დადებული გარიგებები ან/და სხვა კრიტერიუმების საფუძველზე განსაზღვრული ერთჯერადი გარიგებები (მათ შორის, ფულადი სახსრების ერთჯერადი გადარიცხვები), რომლებიც ერთსა და იმავე კლიენტს უკავშირდება და შესაძლოა ხორციელდებოდეს გარიგების დანაწევრების მიზნით;
დ) ვერიფიკაცია − ამ წესით განსაზღვრული ინფორმაციის (დოკუმენტის) მოპოვება, რომელიც პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტის გადამოწმების საშუალებას იძლევა;
ე) იდენტიფიკაცია − პირის ამ წესით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო მონაცემების მოპოვება, რომლებიც ამ პირის მოკვლევისა და სხვა პირისგან გამორჩევის საშუალებას იძლევა;
ვ) იურიდიულ პირთა შესაბამისი რეესტრი – სხვა იურისდიქციის მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ წარმოებული იურიდიული პირების ოფიციალური რეესტრი;
ზ) კლიენტის სახელით მოქმედი პირი – ამ წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი;
თ) (ამოღებულია - 17.08.2020, №3);
ი) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი – „საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სიის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 თებერვლის №198 დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები.
კ) სამსახური – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური;
ლ) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო;
მ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
ნ) შემოსავლების სამსახური – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 17 აგვისტოს ბრძანება №3 - ვებგვერდი, 18.08.2020 წ.
მუხლი 3. იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის საფუძვლები
1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია შემდეგ შემთხვევებში განახორციელოს:
ა) საქმიანი ურთიერთობის დამყარება;
ბ) ერთჯერადი გარიგების დადება.
2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ან ჩუქების გარიგების მხარეთა იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია განახორციელოს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემთხვევაში.
3. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის ან/და ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი ან/და გამგზავნი/მიმღები პირების იდენტიფიკაცია განახორციელოს, თუ ნაღდი ფულის ოდენობა ან/და ფასიანი ქაღალდების ღირებულება 30 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 30 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება.
მუხლი 4. ფიზიკური პირის იდენტიფიკაცია
1. ანგარიშვალდებულმა პირმა, გარდა ამ მუხლის 11 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, კლიენტი ფიზიკური პირის იდენტიფიკაციის მიზნით უნდა მოიპოვოს შემდეგი საიდენტიფიკაციო მონაცემები:
ა) სახელი და გვარი;
ბ) დაბადების თარიღი;
გ) პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, გაცემის თარიღი, გამცემი ქვეყანა, გამცემი ორგანო და მოქმედების ვადა;
ე) სქესი;
ვ) მოქალაქეობა;
ზ) დაბადების ადგილი – ქვეყანა (აგრეთვე ქალაქი – ასეთი მონაცემის არსებობის შემთხვევაში);
თ) რეგისტრაციის მისამართი;
ი) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.
11. ანგარიშვალდებულმა პირმა, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები კლიენტი ფიზიკური პირის იდენტიფიკაციის მიზნით უნდა მოიპოვოს შემდეგი საიდენტიფიკაციო მონაცემები:
ა) სახელი და გვარი;
ბ) დაბადების თარიღი;
გ) პირადი ნომერი;
დ) ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ნომერი, გაცემის თარიღი, გამცემი ქვეყანა, გამცემი ორგანო და მოქმედების ვადა (ასეთი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში);
ე) სქესი;
ვ) დაბადების ადგილი – ქვეყანა (აგრეთვე ქალაქი – ასეთი მონაცემის არსებობის შემთხვევაში);
ზ) მისამართი.
2. თუ კლიენტი ფიზიკური პირი რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ და ანგარიშვალდებულ პირთან საქმიანი ურთიერთობა მყარდება სამეწარმეო მიზნისათვის, ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა მოიპოვოს შემდეგი მონაცემები:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ბ) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;
გ) იურიდიული მისამართი;
დ) რეგისტრაციის თარიღი.
3. ანგარიშვალდებულმა პირმა, კლიენტი ფიზიკური პირის იდენტიფიკაციის მიზნით, უნდა მოიპოვოს, სულ მცირე, მისი სახელი, გვარი და პირადი ნომერი (ასეთის არარსებობის შემთხვევაში – დაბადების თარიღი ან პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი) ან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა საიდენტიფიკაციო მონაცემი, თუ:
ა) ერთჯერადი გარიგების თანხა ან დაკავშირებული გარიგებების ჯამური თანხა 15 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 15 000 ლარის ეკვივალენტს, ხოლო კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის მომსახურებასთან დაკავშირებული ერთჯერადი გარიგების დადების შემთხვევაში − 1 000 აშშ დოლარს, 1 000 ევროს ან 3 000 ლარს არ აღემატება; ან
ბ) ფულადი სახსრების ერთჯერადი გადარიცხვის თანხა ან დაკავშირებული ფულადი სახსრების ერთჯერადი გადარიცხვების ჯამური თანხა 3 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 3 000 ლარის ეკვივალენტს არ აღემატება.
გ) სადაზღვევო ორგანიზაციის ან სადაზღვევო ბროკერის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას, კალენდარული წლის განმავლობაში, კლიენტზე გაცემული სადაზღვევო პოლის(ებ)ის მიხედვით ჯამური სადაზღვევო პრემია არ აღემატება 1000 ლარს (გარდა, სიცოცხლის დაზღვევის მომსახურებისა).
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 17 აგვისტოს ბრძანება №3 - ვებგვერდი, 18.08.2020 წ.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 16.10.2020 წ.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2021 წლის 6 ივლისის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 07.07.2021 წ.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2025 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 30.10.2025 წ.
მუხლი 5. ფიზიკური პირის ვერიფიკაცია
1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, კლიენტი ფიზიკური პირის ვერიფიკაცია განახორციელოს შემდეგი დოკუმენტის საფუძველზე:
ა) საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში – საქართველოს მოქალაქის პასპორტი, პირადობის მოწმობა ან მართვის მოწმობა, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა;
ბ) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირის შემთხვევაში – პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი. იმ შემთხვევაში, თუ პირს მინიჭებული აქვს მხოლოდ პირადი ნომერი, მისი ვერიფიკაცია უნდა მოხდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცული ინფორმაციით.
გ) უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ბინადრობის მოწმობა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, პასპორტი, საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით საქართველოს საბაჟო საზღვრის კვეთისთვის ნებადართული სხვა დოკუმენტი ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა;
დ) მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგნეტოს მიერ გაცემული ბინადრობის მოწმობა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა ან სამგზავრო პასპორტი;
ე) ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – ამ პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტი და ამონაწერი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
ვ) 14 წელს მიუღწეველი პირის შემთხვევაში – ამ პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტი ან დაბადების მოწმობა.
2. კლიენტი ფიზიკური პირის ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ფოტოსურათს (გარდა, დაბადების მოწმობისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერისა) და იყოს მოქმედი. თუ დოკუმენტი ვერ უზრუნველყოფს ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სიზუსტის გადამოწმებას, ანგარიშვალდებულმა პირმა დამატებით უნდა გამოიყენოს სხვა სანდო და დამოუკიდებელი წყარო.
3. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, გადაამოწმოს კლიენტი ფიზიკური პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის სიზუსტე სანდო და დამოუკიდებელი წყაროს გამოყენებით, თუ გაჩნდა ეჭვი ამ საიდენტიფიკაციო მონაცემის სიზუსტეში.
31. ფიზიკური პირის ამ მუხლით გათვალისწინებული ვერიფიკაცია არ არის სავალდებულო:
ა) ნაღდი ფულით უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვასას, თუ ოპერაციის (გარიგების) თანხა არ აღემატება 1500 ლარს და ოპერაცია არ სრულდება საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში;
ბ) კომუნალური (ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის, დასუფთავების, სატელეკომუნიკაციო) მომსახურების და საბიუჯეტო (ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი) გადასახადების/მოსაკრებლების გადახდის შემთხვევაში, თუ ოპერაციის თანხა არ აღემატება 3000 ლარს;
გ) სადაზღვევო ორგანიზაცია ან სადაზღვევო ბროკერი უფლებამოსილია არ განახორციელოს ფიზიკური პირის ვერიფიკაცია, თუ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას, კალენდარული წლის განმავლობაში, კლიენტზე გაცემული სადაზღვევო პოლის(ებ)ის მიხედვით ჯამური სადაზღვევო პრემიის ოდენობა არ აღემატება 3000 ლარს (გარდა, სიცოცხლის დაზღვევის მომსახურებისა).
დ) ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია არ განახორციელოს ფიზიკური პირის ვერიფიკაცია, თუ ერთჯერადი გარიგება დადებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის დაბრუნების (tax free) მიზნებისათვის საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტში განთავსებულ ფილიალში და ერთჯერადი გარიგების თანხა არ აღემატება 1 500 ლარს ან უცხოურ ვალუტაში მის ეკვივალენტს.
4. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია, კლიენტი ფიზიკური პირის ვერიფიკაციის მიზნით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, მოიპოვოს ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „თ“ ქვეპუნქტებით, პირველი1 პუნქტით, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 პუნქტით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო მონაცემები. ამ შემთხვევაში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან მოპოვებულ მონაცემებს უნდა ახლდეს კლიენტი ფიზიკური პირის ფოტოსურათი.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 17 აგვისტოს ბრძანება №3 - ვებგვერდი, 18.08.2020 წ.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 16.10.2020 წ.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2021 წლის 6 ივლისის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 07.07.2021 წ.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2025 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 30.10.2025 წ.
მუხლი 6. იურიდიული პირის იდენტიფიკაცია
1. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა მოიპოვოს შემდეგი საიდენტიფიკაციო მონაცემები კლიენტი იურიდიული პირის იდენტიფიკაციის მიზნით:
ა) სახელწოდება;
ბ) რეგისტრაციის თარიღი;
გ) იურიდიული მისამართი;
დ) საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) რეგისტრაციის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამართლებრივი ფორმა;
ზ) ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მისამართი.
2. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, მოიპოვოს კლიენტი იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირ(ებ)ის (ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული პირის გარდა) შემდეგი საიდენტიფიკაციო მონაცემები:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – სულ მცირე, მისი სახელი, გვარი და პირადი ნომერი (ასეთის არარსებობის შემთხვევაში - დაბადების თარიღი ან პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი) ან ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა საიდენტიფიკაციო მონაცემი;
ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ან რეგისტრაციის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). საიდენტიფიკაციო ან რეგისტრაციის ნომრის არარსებობის შემთხვევაში – ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი საიდენტიფიკაციო მონაცემი.
3. თუ კლიენტი იურიდიული პირის ფილიალია, ანგარიშვალდებულმა პირმა დამატებით უნდა მოიპოვოს კლიენტის სათავო საწარმოს (ორგანიზაციის) და მისი ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირ(ებ)ის ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო მონაცემები.
4. თუ კლიენტი ადმინისტრაციული ორგანო, საერთაშორისო ორგანიზაცია (სააგენტო), საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი ან დიპლომატიური წარმომადგენლობაა (საელჩო), ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა მოიპოვოს კლიენტის სახელწოდება, იურიდიული მისამართი და ხელმძღვანელის საიდენტიფიკაციო მონაცემები ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 17 აგვისტოს ბრძანება №3 - ვებგვერდი, 18.08.2020 წ.
მუხლი 7. იურიდიული პირის ვერიფიკაცია
1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, კლიენტი იურიდიული პირის და მისი ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირ(ებ)ის ვერიფიკაცია განახორციელოს შემდეგი დოკუმენტის საფუძველზე:
ა) საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის შემთხვევაში – ამონაწერი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
ბ) სხვა იურისდიქციაში რეგისტრირებული იურიდიული პირის შემთხვევაში – ამონაწერი იურიდიულ პირთა შესაბამისი რეესტრიდან ან/და იურიდიული პირის რეგისტრაციისა და არსებობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი გაცემული მარეგისტრირებული ორგანოს მიერ.
2. იურიდიული პირის ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ვერიფიკაციის დროისთვის არსებულ ამ წესით გათვალისწინებულ საიდენტიფიკაციო მონაცემებს და თარიღდებოდეს (დოკუმენტის გაცემის თარიღი) ვერიფიკაციამდე არაუგვიანეს 12 თვისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვერიფიკაცია ხორციელდება იურიდიულ პირთა შესაბამის რეესტრზე პირდაპირი წვდომით.
3. თუ იურიდიული პირის ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული დოკუმენტი ვერ უზრუნველყოფს ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებით და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სიზუსტის გადამოწმებას, ანგარიშვალდებულმა პირმა დამატებით უნდა გამოიყენოს სხვა სანდო და დამოუკიდებელი წყარო.
4. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, გადაამოწმოს კლიენტი იურიდიული პირის ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მისამართის სიზუსტე სანდო და დამოუკიდებელი წყაროს გამოყენებით, თუ არსებობის ეჭვი ამ საიდენტიფიკაციო მონაცემის სიზუსტეში.
5. თუ კლიენტი იურიდიული პირის ფილიალია, ამ მუხლით გათვალისწინებული წესით უნდა განხორციელდეს სათავო საწარმოს (ორგანიზაციის) და მისი ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირ(ებ)ის ვერიფიკაციაც.
6. ანგარიშვალდებულმა პირმა კლიენტი საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოს, საერთაშორისო ორგანიზაციის (სააგენტოს), საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და დიპლომატიური წარმომადგენლობის (საელჩოს) ვერიფიკაცია უნდა განახორციელოს საჯაროდ ხელმისაწვდომი ან სხვა სანდო წყაროს გამოყენებით.
61. იურიდიული პირის ამ მუხლით გათვალისწინებული ვერიფიკაცია არ არის სავალდებულო:
ა) კომუნალური (ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის, დასუფთავების, სატელეკომუნიკაციო) მომსახურების და საბიუჯეტო (ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი) გადასახადების/მოსაკრებლების გადახდის შემთხვევაში, თუ ოპერაციის თანხა არ აღემატება 3000 ლარს;
ბ) სადაზღვევო მომსახურების გაწევისას, თუ კალენდარული წლის განმავლობაში, კლიენტზე გაცემული სადაზღვევო პოლის(ებ)ის მიხედვით ჯამური სადაზღვევო პრემიის ოდენობა არ აღემატება 5000 ლარს (გარდა, სიცოცხლის დაზღვევის მომსახურებისა).
7. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია, კლიენტი იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირ(ებ)ის ვერიფიკაციის მიზნით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, მოიპოვოს ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 17 აგვისტოს ბრძანება №3 - ვებგვერდი, 18.08.2020 წ.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 16.10.2020 წ.
მუხლი 8. არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის იდენტიფიკაცია
1. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა მოიპოვოს შემდეგი საიდენტიფიკაციო მონაცემები კლიენტი არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის იდენტიფიკაციის მიზნით:
ა) სახელწოდება;
ბ) შექმნის თარიღი;
გ) იურიდიული მისამართი;
დ) ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მისამართი;
ე) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, მოიპოვოს კლიენტი არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირ(ებ)ის შემდეგი საიდენტიფიკაციო მონაცემები:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – სულ მცირე, მისი სახელი, გვარი და პირადი ნომერი (ასეთის არარსებობის შემთხვევაში – დაბადების თარიღი ან პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი) ან ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა საიდენტიფიკაციო მონაცემი;
ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ან რეგისტრაციის ნომერი (ასეთი არსებობის შემთხევაში), საიდენტიფიკაციო ან რეგისტრაციის ნომრის არ არსებობის შემთხვევაში – ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი საიდენტიფიკაციო მონაცემი.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 17 აგვისტოს ბრძანება №3 - ვებგვერდი, 18.08.2020 წ.
მუხლი 9. არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ვერიფიკაცია
1. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა განახორციელოს კლიენტი არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის და მისი ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირ(ებ)ის ვერიფიკაცია შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე:
ა) სადამფუძნებლო დოკუმენტი (ხელშეკრულება, საერთო კრების ოქმი);
ბ) საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. კლიენტი არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ვერიფიკაციის დროისთვის არსებულ ამ წესით გათვალისწინებულ საიდენტიფიკაციო მონაცემებს.
3. თუ კლიენტი არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული დოკუმენტი ვერ უზრუნველყოფს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტის გადამოწმებას, ანგარიშვალდებულმა პირმა დამატებით უნდა გამოიყენოს სხვა სანდო და დამოუკიდებელი წყარო.
4. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა გადაამოწმოს კლიენტი არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მისამართის სიზუსტე სანდო და დამოუკიდებელი წყაროს გამოყენებით, თუ არსებობის ეჭვი ამ საიდენტიფიკაციო მონაცემის სიზუსტეში.
5. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია, კლიენტი არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირ(ებ)ის ვერიფიკაციის მიზნით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, მოიპოვოს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 17 აგვისტოს ბრძანება №3 - ვებგვერდი, 18.08.2020 წ.
მუხლი 10. კლიენტის სახელით მოქმედი პირი
1. ამ წესის მიზნებისთვის კლიენტის სახელით მოქმედი პირი არის პირი, რომელიც კლიენტის სახელით დებს ერთჯერად გარიგებას ან ამყარებს საქმიან ურთიერთობას ანგარიშვალდებულ პირთან ან/და კლიენტის დავალებით საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში ამზადებს, დებს ან ასრულებს გარიგებას.
2. ანგარიშვალდებულმა პირმა, ამ წესით კლიენტისთვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, უნდა განახორციელოს კლიენტის სახელით მოქმედი პირის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია, აგრეთვე დაამოწმოს, აღრიცხოს, შეინახოს და განაახლოს მოპოვებული საიდენტიფიკაციო მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტები.
3. ანგარიშვალდებულმა პირმა, კლიენტის სახელით მოქმედი პირის ვერიფიკაციის მიზნით, დამატებით უნდა მოიპოვოს კლიენტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება კომერციულ ბანკში საჯარო მოსამსახურეთათვის განკუთვნილი სახელფასო პროგრამით მოსარგებლე ფიზიკური პირისთვის ანგარიშის გახსნისას. ამ შემთხვევაში, კლიენტის სახელით მოქმედი პირის ვერიფიკაციის მიზნით, კომერციულმა ბანკმა დამატებით უნდა მოიპოვოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული სათანადო (სახელფასო პროგრამით მოსარგებლე ფიზიკური პირისთვის ანგარიშის გახსნის) უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია, კლიენტის სახელით მოქმედი პირის ვერიფიკაციის მიზნით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, მოიპოვოს ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „თ“ ქვეპუნქტებით, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 პუნქტით განსაზღვრული მონაცემები. ამ შემთხვევაში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან მოპოვებულ მონაცემებს უნდა ახლდეს კლიენტის სახელით მოქმედი პირის ფოტოსურათი.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 17 აგვისტოს ბრძანება №3 - ვებგვერდი, 18.08.2020 წ.
მუხლი 11. იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის დრო
1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, ამ წესის შესაბამისად კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია განახორციელოს:
ა) საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე;
ბ) ერთჯერადი გარიგების დადებამდე.
2. ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკების არსებობისას, კლიენტის ვერიფიკაცია შეიძლება დასრულდეს საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ, თუ ეს აუცილებელია მომსახურების შეფერხების თავიდან ასაცილებლად. ამ შემთხვევაში ვერიფიკაცია უნდა დასრულდეს საქმიანი ურთიერთობის დამყარებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა.
3. კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები პერიოდულად უნდა განახლდეს საქმიანი ურთიერთობის მიმდინარეობისას. ანგარიშვალდებულმა პირმა აღნიშნული პერიოდულობა კლიენტის რისკის დონის შესაბამისად უნდა განსაზღვროს.
4. ანგარიშვალდებულმა პირმა, საქმიანი ურთიერთობის მიმდინარეობისას, დროულად უნდა განაახლოს კლიენტის შესაბამისი საიდენტიფიკაციო მონაცემები შემდეგ შემთხვევაში:
ა) არსებობს ეჭვი კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში; ან
ბ) ცნობილი გახდა კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების თაობაზე.
5. კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები უნდა განისაზღვროს კლიენტის რისკის დონის შესაბამისად და საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოიცავდეს კლიენტის ვერიფიკაციისთვის ამ წესით გათვალისწინებული განახლებული დოკუმენტების მოპოვების ვალდებულებას.
6. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებულისა, შიდა კონტროლის პოლიტიკით დამატებით განსაზღვროს შემთხვევები, როდესაც ამ წესით გათვალისწინებულ მონაცემებს მოიპოვებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, არსებული კლიენტის, კლიენტის სახელით მოქმედი პირის და ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირ(ებ)ის ვერიფიკაციის ან/და საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლების მიზნით.
მუხლი 12. მესამე პირი/შუამავალი
1. კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია ნებადართულია მესამე პირზე/შუამავალზე დაყრდნობით, რომელიც „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ პირობებს აკმაყოფილებს. ამ შემთხვევაში, ანგარიშვალდებულმა პირმა მესამე პირისგან/შუამავლისგან დაუყოვნებლივ უნდა მოიპოვოს ამ წესით განსაზღვრული კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები.
2. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა უზრუნველყოფს მესამე პირისგან/შუამავლისგან კლიენტის ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული დოკუმენტების ასლების, მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივი მიღება.
3. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირობა დააკმაყოფილოს:
ა) მესამე პირთან/შუამავალთან დადებული ხელშეკრულებით;
ბ) მესამე პირის/შუამავლის მიერ წერილობით ნაკისრი ვალდებულებით; ან
გ) ჯგუფის დონეზე შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფარგლებში განსაზღვრული დოკუმენტების გაცვლის წესებით.
4. მესამე პირის/შუამავლის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე საბოლოო პასუხისმგებლობა ანგარიშვალდებულ პირს ეკისრება.
მუხლი 13. აგენტი/აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებელი
1. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია, აგენტის/აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლის მეშვეობით განახორციელოს კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია, თუ ყველა შემდეგ პირობას დააკმაყოფილებს:
ა) ხელშეკრულებით მკაფიოდ განსაზღვრავს აგენტის/აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებებს;
ბ) შეაფასებს აგენტის/აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლის რეპუტაციასა და შესაბამისობის კონტროლის სისტემას;
გ) სათანადო მონიტორინგს განახორციელებს აგენტის/აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლის მიერ, კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მიზნით, ამ წესით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაზე.
2. აგენტის/აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე საბოლოო პასუხისმგებლობა ანგარიშვალდებულ პირს ეკისრება.
3. აგენტი/აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, ამ წესის მე-11 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, მოიპოვოს ამ წესით გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო მონაცემები ანგარიშვალდებული პირის კლიენტის, კლიენტის სახელით მოქმედი პირის და ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირ(ებ)ის ვერიფიკაციის ან/და საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლების მიზნით.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 17 აგვისტოს ბრძანება №3 - ვებგვერდი, 18.08.2020 წ.
მუხლი 14. გაძლიერებული და გამარტივებული იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცი
1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, გაზარდოს მომეტებული რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლების სიხშირე.
2. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია გამოვლენილი რისკების შესაბამისად, მომეტებული რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის გაძლიერებული იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის ღონისძიებები განახორციელოს, მათ შორის:
ა) მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია კლიენტის შესახებ;
ბ) კლიენტის ვერიფიკაციის მიზნით, ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტის გარდა, დამატებით გამოიყენოს სხვა სანდო და დამოუკიდებელი წყარო.
3. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია, გამოვლენილი რისკების შესაბამისად, ნაკლები რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის გამარტივებული იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის ღონისძიებები განახორციელოს, მათ შორის:
ა) კლიენტის ვერიფიკაცია დაასრულოს საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ, ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;
ბ) კლიენტი იურიდიული პირის ვერიფიკაციის მიზნით, ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტებისგან განსხვავებული სანდო წყარო გამოიყენოს;
გ) კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები განაახლოს ამ წესის მხოლოდ მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
4. დაუშვებელია კლიენტის გამარტივებული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის ღონისძიებების განხორციელება ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების ეჭვის არსებობისას.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 17 აგვისტოს ბრძანება №3 - ვებგვერდი, 18.08.2020 წ.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2025 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 30.10.2025 წ.
მუხლი 15. კლიენტის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის შეუძლებლობა
1. დაუშვებელია ანგარიშვალდებული პირის მიერ საქმიანი ურთიერთობის დამყარება ან გაგრძელება, ერთჯერადი გარიგების დადება ან შესრულება, თუ ვერ ხერხდება კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია, საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლება.
2. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, განსაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კლიენტისთვის ან სხვა პირისთვის ფულადი სახსრების და სხვა ქონების დაბრუნების წესი, რომელიც ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვას უზრუნველყოფს. ეს პუნქტი არ ვრცელდება საქმიანი ურთიერთობის გაგრძელებისას, როდესაც ფულადი სახსრების და ქონების დაბრუნება შეუძლებელია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
3. ანგარიშვალდებულმა პირმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უნდა შეისწავლოს, არსებობს თუ არა, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საეჭვო გარიგების თაობაზე ანგარიშგების სამსახურში წარდგენის საფუძველი.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 17 აგვისტოს ბრძანება №3 - ვებგვერდი, 18.08.2020 წ.
მუხლი 16. ინფორმაციის აღრიცხვა და შენახვა
1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, შეინახოს კლიენტის იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის მიზნით ამ წესის მიხედვით მოპოვებული საიდენტიფიკაციო მონაცემები, ინფორმაცია ან/და დოკუმენტები, აგრეთვე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტიდან ან ერთჯერადი გარიგების დადებიდან 5 წლის განმავლობაში. სამსახურის ან ზედამხედველი ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე ეს ვადა შეიძლება გაიზარდოს არაუმეტეს 5 წლით.
2. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, დააფიქსიროს კლიენტის ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული დოკუმენტის გამცემი ქვეყანა, მოქმედების ვადა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და გაცემის ან/და ნოტარიული დამოწმების, აპოსტილის/ლეგალიზაციის თარიღი. ანგარიშვალდებულმა პირმა აგრეთვე უნდა დააფიქსიროს კლიენტის სახელით მოქმედი პირის უფლებამოსილების ფარგლები.
3. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, აღრიცხოს და შეინახოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტები ისეთი ფორმით, რომ შესაძლებელი იყოს დაუყოვნებლივ მისი კომპეტენტური ორგანოსთვის წარდგენა, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნისას – აგრეთვე მტკიცებულებად გამოყენება.
4. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია კანონმდებლობის შესაბამისად, შექმნას ინფორმაციის აღრიცხვის და შენახვის პროგრამული (ელექტრონული) სისტემა, რომელიც ანგარიშვალდებული პირის საქმიანობის ხასიათის და მოცულობის პროპორციულია და უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების, ინფორმაციის და დოკუმენტების დაცულობას და სწრაფი მოძიების შესაძლებლობას.
5. ფინანსურმა ინსტიტუტმა ამ წესის მე-5 მუხლის 31 პუნქტის ფარგლებში განხორციელებული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის დაბრუნების (tax free) ოპერაციის ფარგლებში დადებულ ერთჯერად გარიგებასთან დაკავშირებით, უნდა შეინახოს ინფორმაცია საქართველოს სასაზღვრო გამტარი პუნქტის შესახებ, სავაჭრო ობიექტის მიერ გამოწერილი ჩეკი, საქონლის სახეობა, გადასახადის თანხის დაბრუნებისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი (მონაცემი) და მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 17 აგვისტოს ბრძანება №3 - ვებგვერდი, 18.08.2020 წ.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2025 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 30.10.2025 წ.
მუხლი 17. დოკუმენტის დამოწმება
1. კლიენტი ფიზიკური პირის ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული დოკუმენტის ასლის შესაბამისობა დედანთან უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის ან შესაბამის უცხო ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ან ანგარიშვალდებული პირის სათანადოდ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ (მათ შორის, ელექტრონულად) დამოწმების თარიღის მითითებით.
2. კლიენტი იურიდიული პირის და კლიენტი არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებულ დოკუმენტზე (გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტისა ) ხელმოწერის ნამდვილობა და ხელმომწერი პირის უფლებამოსილება უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.
3. სხვა იურისდიქციაში რეგისტრირებული კლიენტი იურიდიული პირის ან სხვა იურისდიქციის კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი კლიენტი არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული დოკუმენტი, რომელიც გაცემულია იურიდიულ პირთა შესაბამისი რეესტრის ან საგადასახადო ორგანოს მიერ (გარდა იურიდიულ პირთა შესაბამის რეესტრზე პირდაპირი წვდომით მოპოვებული დოკუმენტისა) უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული, თუ საერთაშორისო შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო ისეთი დოკუმენტი, რომლის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზება არ ხორციელდება, უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის მიერ ან შესაბამის ქვეყანაში დამოწმებისთვის მოქმედი სხვა წესით.
4. კლიენტის ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტი უნდა ითარგმნოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე და თარჯიმნის ხელმოწერის ნამდვილობა უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.
5. კლიენტი ფიზიკური პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის მიერ ან შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით. იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან ანგარიშვალდებული პირის სათანადოდ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. არარეზიდენტი იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული, თუ საერთაშორისო შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო ისეთი დოკუმენტი, რომლის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზება არ ხორციელდება, უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის მიერ ან შესაბამის ქვეყანაში დამოწმებისთვის მოქმედი სხვა წესით, გარდა იურიდიულ პირთა შესაბამის რეესტრზე პირდაპირი წვდომით მოპოვებული დოკუმენტისა.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული სანოტარო ან ანალოგიური მოქმედება, რომელიც სხვა იურისდიქციაში შესრულდა, უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული, თუ საერთაშორისო შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული დამოწმების წესები არ ვრცელდება, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემის გამოყენებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებულ ინფორმაციაზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებულ ამონაწერზე, საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემულ დოკუმენტსა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ სამართლებრივ აქტებზე.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 17 აგვისტოს ბრძანება №3 - ვებგვერდი, 18.08.2020 წ.
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე