სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
📄 სრული ტექსტი
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება № 221
2015 წლის 16 ივლისი
ქ. თბილისი
სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 17 სექტემბრის ბრძანება №278 - ვებგვერდი, 18.09.2019წ.
,,სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
დამტკიცდეს „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას საბაჟო კონტროლის განხორციელების წესი“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ფინანსთა მინისტრი
ნოდარ ხადური
სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას კონტროლის განხორციელების წესი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 17 სექტემბრის ბრძანება №278 - ვებგვერდი, 18.09.2019წ.
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ,,სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას კონტროლის განხორციელების წესი“ (შემდგომში – წესი) ვრცელდება სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი იმ ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული პროდუქტების იმპორტზე, რომლებიც შესაძლებელია წარმოადგენდეს გენმოდიფიცირებულს.
2. ამ წესით გათვალისწინებული კონტროლი არ ვრცელდება:
ა) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებისა და დიპლომატიური სტატუსის მქონე პირების პირად ნივთებზე, დიპლომატიურ ფოსტასა და საკონსულო ვალიზაზე;
ბ) საფოსტო გზავნილით, მგზავრის ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილ საქონელზე.
3. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს ,,სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობები.
4. სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის (შემდგომში – გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და პროდუქტი) კონტროლს იმპორტის გამოყენებისას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობაში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 17 სექტემბრის ბრძანება №278 - ვებგვერდი, 18.09.2019წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 17 სექტემბრის ბრძანება №278 - ვებგვერდი, 18.09.2019წ.
მუხლი 2. გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და პროდუქტის კონტროლი
1. გენმოდიფიცირებული (რაც დასტურდება საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარმოდგენილი დოკუმენტებით) ორგანიზმებისა და პროდუქტის იმპორტისას, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომელი, სხვა პროცედურებთან ერთად, ახორციელებს:
ა) ეტიკეტირების წესებთან შესაბამისობის დადგენას;
ბ) დოკუმენტების შემოწმებას.
2. ეტიკეტირების წესებთან შესაბამისობა დგინდება „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების წესის“ მოთხოვნების გათვალისწინებით.
3. როდესაც გენმოდიფიცირებული ორგანიზმების და პროდუქტის თვისებებიდან გამომდინარე, მისი ეტიკეტირება შეუძლებელია, უნდა შემოწმდეს თანმხლები დოკუმენტის (შესაბამისობის დეკლარაცია – დოკუმენტი, რომლითაც მწარმოებელი ადასტურებს წარმოებული პროდუქტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას, ხოლო როდესაც ასეთი მოთხოვნები დადგენილი არ არის – პროდუქტში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების, გენმოდიფიცირებული პროდუქტის ან გენმოდიფიცირებული ინგრედიენტის/ინგრედიენტების შემცველობის შესახებ აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ ჩატარებული გამოცდის ოქმი) არსებობა.
4. როდესაც საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეიცავს ინფორმაციას, რომ სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი ორგანიზმი ან მისგან წარმოებული პროდუქტი წარმოადგენს გენმოდიფიცირებულს, ხორციელდება ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშის აღება (გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), რომლის სიხშირე განისაზღვრება eCustoms-ის მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემის გამოყენებით.
41. ნიმუშის აღებას არ ექვემდებარება ის სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი ორგანიზმი ან მისგან წარმოებული პროდუქტი, რომლის იმპორტი ხორციელდება „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილების დანართით („ევროკავშირის და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ნუსხა, რომელთა ტექნიკური რეგლამენტები საქართველოში სამოქმედოდ არის დაშვებული“) განსაზღვრული ქვეყნიდან და თან ახლავს ამავე ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მოცემული ორგანიზმი/პროდუქტი არ წარმოადგენს გენმოდიფიცირებულს.
42. ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშის აღება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ.
43. ნიმუში ანალიზისათვის იგზავნება შემოსავლების სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ (გარდა ამ მუხლის 44 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში.
44. საქონლის მფლობელს უფლება აქვს, მოითხოვოს აღებული ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის დაჩქარებული წესით ჩატარება თავისი ხარჯით იმ ლაბორატორიაში, რომელსაც გააჩნია შესაბამისი აკრედიტაცია დაჩქარებული მეთოდით გამოკვლევაზე.
5. eCustoms-ის მეშვეობით გამოსაყენებელი რისკის პროფილების შემუშავების მიზნით, ნუსხა სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული პროდუქტებისა, რომლებიც შესაძლებელია წარმოადგენდეს გენმოდიფიცირებულს, განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით.
51. სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი ორგანიზმის ან მისგან წარმოებული პროდუქტის ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშის აღება, ხოლო სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი ხორბლის შემთხვევაში – აღებული ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზიც ხორციელდება საქონლის მფლობელის ხარჯით.
6. ლაბორატორიული ანალიზის პასუხის მიღებამდე საქონელი ექვემდებარება შეჩერებას.
7. ლაბორატორიული ანალიზის შედეგად გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ან/და პროდუქტის გამოვლენის შემთხვევაში, ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 4 ნოემბრის ბრძანება №352 - ვებგვერდი, 05.11.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №123 - ვებგვერდი, 29.03.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №351 - ვებგვერდი, 19.09.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 17 სექტემბრის ბრძანება №278 - ვებგვერდი, 18.09.2019წ.
მუხლი 3. პასუხისმგებლობა ეტიკეტირების წესების დარღვევისათვის
1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების და პროდუქტის ეტიკეტირების წესების დარღვევა ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების და პროდუქტის ეტიკეტირების წესების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ხორციელდება „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით განსაზღვრული წესით.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად, იმპორტიორს ეძლევა შეუსაბამობის გამოსწორების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.
4. შეუსაბამობის გამოსწორება გულისხმობს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების და პროდუქტის ეტიკეტირების წესებთან შესაბამისობაში მოყვანას ან შესაბამისობის დეკლარაციის წარმოდგენას ან გენმოდიფიცირებული ორგანიზმების და პროდუქტის ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნებას ან განადგურებას იმპორტიორის ხარჯებით.
5. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების და პროდუქტის განადგურება ხორციელდება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანების შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 17 სექტემბრის ბრძანება №278 - ვებგვერდი, 18.09.2019წ.
მუხლი 4. ლაბორატორიული ანალიზისათვის განმეორებითი და რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის აღება
1. ლაბორატორიული ანალიზისათვის განმეორებითი ნიმუშის აღება ხორციელდება საქონლის მფლობელის მოთხოვნით და მისი ხარჯით.
2. ნიმუშის აღება ხორციელდება შესაბამისი აქტის გაფორმებით – ნიმუშის ნომრის, დასახელების, წონის, რაოდენობისა და ნიმუშის აღების თარიღის მითითებით.
3. განმეორებითი ნიმუში აიღება:
ა) ორ ეგზემპლარად, ილუქება და ერთი ეგზემპლარი გადაეცემა საქონლის მფლობელს ლაბორატორიული ანალიზისათვის, ხოლო მეორე − რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის სახით სათანადო პირობებში ინახება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში. საქონლის მფლობელის მოთხოვნით, შესაძლებელია ნიმუშის ორივე ეგზემპლარის ერთდროულად გადაცემა ლაბორატორიული ანალიზისათვის;
ბ) ერთ ეგზემპლარად, რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის სახით იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მფლობელის მიერ ნიმუში ლაბორატორიული ანალიზისათვის გაიგზავნება ევროკავშირის ქვეყნებში ევროკომისიის მიერ აღიარებულ რეფერენტულ აკრედიტებულ ლაბორატორიაში.
4. განმეორებითი, მათ შორის, რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ანალიზის ჩასატარებლად მხარეთა შეთანხმებით შეირჩევა:
ა) სხვა აკრედიტებული ლაბორატორია;
ბ) სხვა ქვეყნის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ განმეორებით ნიმუშზე ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზის შედეგი განსხვავდება პირველადი (შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული) ლაბორატორიული ანალიზის შედეგისაგან, ხორციელდება რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთდროულად განხორციელდა ნიმუშის ორივე ეგზემპლარის ლაბორატორიული ანალიზი).
6. რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის შედეგად გამოცემული დასკვნა საბოლოოა.
7. თუ არ იქმნება რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის ჩატარების საჭიროება, ნიმუში უბრუნდება საქონლის მფლობელს.
8. განმეორებითი, მათ შორის, რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის ჩატარების ხარჯს ფარავს საქონლის მფლობელი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 1 დეკემბრის ბრძანება №391 - ვებგვერდი, 02.12.2015წ.
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე