გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ბს-671-657 (კ-12) 16 მაისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი – ანა ვარდიძე
კასატორი (მოსარჩელე) – ვ. მ-ე
წარმომადგენელი – ლ. პ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; 2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური;
წარმომადგენელი – თ. ყ-ა
მესამე პირი – თ. ბ-ი
წარმომადგენელი – ნ. ლ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მაისის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 4 აგვისტოს ვ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მას ქ. რუსთავში, ... (...) ქუჩა №22-1-ში არსებული ბინა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა. ამასთან, ქ. რუსთავის მერიის 2000 წლის 31 იანვრის №22-2 დადგენილების თანახმად, ... ქუჩა №22-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ მესამე პირსა (თ. ბ-ი) და მას დაუმაგრდათ მიწის ნაკვეთი, რომელიც 2000 წლის 30 ივნისს დარეგისტრირდა საერთო საკუთრებად. 2000 წლის 10 ოქტომბერს მოსარჩელესა და მესამე პირს შორის მოხდა აღნიშნული მიწის ფართის (ეზოს) გამიჯვნა (გაყოფა), რაზეც შეთანხმების ნიშნად ორივე მხარის მიერ დაწერილ იქნა განცხადებები, სადაც მითითებულ იქნა, რომ თითოეული მათგანი თანახმა იყო მიწის ფართი (მდებარე - ქ. რუსთავი, ... ქ. №22) გაყოფილიყო საკადასტრო რუკაში არსებული ნახაზის მიხედვით. 2000 წლის 26 დეკემბერს, შეთანხმების საფუძველზე, მოსარჩელემ საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა 265.5 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მისამართზე ქ. რუსთავი, ... ქუჩა №22-1.
ამასთან, 2011 წლის 22 ივნისს თ. ბ-მა მიმართა რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურს და მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე - ქ. რუსთავი, ... ქუჩა №22-2) ჩანაწერებში ცვლილების შეტანა მოითხოვა. მან აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით წარადგინა განცხადება და აზომვითი ნახაზი, რომელიც მოსარჩელის განმარტებით მათი შეთანხმების დარღვევით არის შედგენილი, რის საფუძველზეც მის საკუთრებაში არსებული ფართიდან 4.82 კვ.მ. იქნა მითვისებული.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ სარეგისტრაციო წარმოების დროს წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზს არ ერთვოდა იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული ინსტრუქციის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისი ინფორმაცია დაინტერესებული პირის შესახებ, უძრავი ნივთის მოსაზღვრე უძრავი ნივთის მესაკუთრის არსებობის თაობაზე.
მოსარჩელის განმარტებით, მან ქ. რუსთავი, ... ქუჩა №22-1-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე გააკეთა აზომვითი ნახაზი (დაზუსტებული ფართით 265.40 კვ.მ.) და რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინა განცხადება, რომლითაც უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია მოითხოვა. რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 4 ივლისის №882011314699-03 გადაწყვეტილებით „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება ვ. მ-ემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაასაჩივრა და რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა (რომლის საფუძველზეც მოქალაქე თ. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა ქონება, მდებარე ქ. რუსთავი, ... ქუჩა №22-2-ში, საკადასტრო კოდით 02.05.07.032.) მოითხოვა. 2011 წლის 22 ივლისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 194-ე მუხლის შესაბამისად მას არ მიეცა საკუთარი მოსაზრების დაფიქსირების უფლება; შესაბამისად, ხელყოფილია მისი კანონით დაცული ინტერესები, როგორც რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურში, ასევე, მის ზემდგომ ორგანოში, რადგან მათ შორის არც ერთი არ დაინტერესდა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენით.
ამდენად, მოსარჩელემ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 4 ივლისის №882011314699-03 გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების, თ. ბ-ის სახელზე ქ. რუსთავი, ... ქ. №22-ში მდებარე უძრავი ქონების რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა და რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურისათვის მხარეთა შორის დადებული 2000 წლის 10 ოქტომბრის წერილობითი შეთანხმებისა და 2011 წლის 30 ივნისს შედგენილი საკადასტრო აღწერის აზომვითი ნახაზის შესაბამისად 265.40 კვ.მ. ფართზე რეგისტრაციის განხორციელების დავალდებულება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ვ. მ-ის სარჩელი მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ქმედების განხორციელების თაობაზე განსჯადობით გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება თ. ბ-ი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. რუსთავში, ... (...) ქუჩა №22-1-ში მდებარე უძრავი ქონება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ეკუთვნოდა ვ. მ-ეს. ხოლო ქ. რუსთავში, ... (...) ქუჩა №22-2-ში მდებარე უძრავი ქონება ეკუთვნოდა მესამე პირს თ. ბ-ს, პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე.
საქალაქო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ქ. რუსთავის მერიის 2000 წლის 31 იანვრის დადგენილების მიხედვით ქ. რუსთავში ... (...) ქუჩა №22-ში მცხოვრებ მოქალაქეებს თ. ბ-ს და ვ. მ-ეს დაუმაგრდათ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი თითოეულს 325 კვ.მ. ოდენობის ფართი. 2000 წლის 30 ივნისს მხარეებმა 650 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში საერთო საკუთრებად დაარეგისტრირეს, დაუზუსტებელი ფართობით თითოეულისთვის.
საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებმა შეადგინეს შეთანხმება საერთო სარგებლობის ნაკვეთის გამიჯვნის შესახებ. აღნიშნული შეთანხმება და საკადასტრო აზომვითი ნახაზი თ. ბ-ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ იქნა 2000 წლის 20 ოქტომბერს, ხოლო ვ. მ-ის მიერ იმავე წლის 20 დეკემბერს. მხარეთა შეთანხმების შესაბამისად ვ. მ-ის სახელზე დარეგისტრირდა 265.5 კვ.მ მიწის ნაკვეთი (დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო), ხოლო თ. ბ-ის სახელზე დაუზუსტებელი ფართობით 262 კვ.მ მიწის ნაკვეთი. 2011 წლის 22 ივნისს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ იქნა თ. ბ-ის განცხადება უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაციის მოთხოვნით. 2011 წლის 23 ივნისს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხორციელდა უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტება.
2011 წლის 1 ივლისს ვ. მ-ემ რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა და ... ქ. №22-1-ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებებში ცვლილებების რეგისტრაცია მოითხოვა. ვ. მ-ის განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2011 წლის 4 ივლისს მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება რეგისტრირებულ მონაცემებთან ზედდების არსებობის მოტივით. აღნიშნული გადაწყვეტილება ვ. მ-ემ გაასაჩივრა საჯარო რეესტრში და რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა (რომლის საფუძველზეც მოხდა თ. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლების არღიცხვა ქონებაზე, მდებარე ქ. რუსთავი, ... ქუჩა №22-2-ში) მოითხოვა. 2011 წლის 22 ივლისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საქალაქო სასამართლომ ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე მოთავსებულია საერთო სარგებლობის დამხმარე ნაგებობა და, რომ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილებას არ მოჰყოლია მეზობლებს შორის სასაზღვრო მიჯნის შეცვლა.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად, რეგისტრაციის მიზნებისთვის უძრავი ნივთის დაზუსტებული საკადასტრო მონაცემები ნიშნავს ამ ინსტრუქციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილ, საჯარო რეესტრში დაცულ საკადასტრო ინფორმაციას. სხვა შემთხვევაში უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები მიიჩნევა დაუზუსტებლად.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. ბ-მა სარეგისტრაციოდ წარადგინა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე მუხლით გათვალისწინებული წესების შედეგად შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი. აღნიშნული ნორმის მიხედვით 1. საკადასტრო აღწერის შედეგი (საკადასტრო აზომვითი ნახაზი) წარმოდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში, კერძოდ WGS 84 კოორდინატთა სისტემასა და UTM პროექციაში. 2. საკადასტრო აღწერისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ობიექტების აზომვისა და გამოსახვის სიზუსტე 0.15 მ-ისა. 3. აზომვის ზედდება დასაშვებია რეგისტრირებულ მონაცემებთან 0.3 მ-ით. 4. საკადასტრო აზომვით ნახაზზე, ამ ინსტრუქციის მოთხოვნების გათვალისწინებით, წარმოდგენილ უნდა იქნეს ობიექტთა შემდეგი ტიპები: ა) მიწის ნაკვეთი; ბ) შენობა-ნაგებობა; გ) ცალკე უფლების ობიექტი; დ) უფლებრივი შეზღუდვის ან/და დატვირთვის საზღვრები; ე) წერტილოვანი ობიექტი; ვ) სხვა ტოპოგრაფიული ელემენტები. 5. საკადასტრო აზომვით ნახაზს თან უნდა ერთვოდეს წერილობითი ინფორმაცია საკადასტრო აღწერის უფლებამოსილი პირის, უძრავი ნივთის და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობების აღწერილობის და დაინტერესებული პირის შესახებ. დამსწრეთა და უძრავი ნივთის მოსაზღვრე უძრავი ნივთის (ნივთების) მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის არსებობის შესახებ. 6. საკადასტრო აზომვითი ნახაზი დამოწმებული უნდა იყოს საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „დ“ პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდება თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინტრუქციით განსაზღვრული ზედდება ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს.
განსახილველ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ბ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით არ დაფიქსირებულა სხვა მომიჯნავე ნაკვეთთან ზედდება და შესაბამისად არ არსებობდა თ. ბ-ის განცხადების გამო დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი. სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი საფუძველი გამოიკვეთა უკვე თავად მოსარჩელის მიერ წარდგენილ განცხადებაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებისას. ვ. მ-ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა უკვე დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში.
საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული შეთანხმების მიხედვით, ორივე მხარეს საჯარო რეესტრში მონაცემები დარეგისტრირებული ჰქონდა დაუზუსტებელი სახით, ანუ არცერთ მხარეს არ ჰქონდა ზუსტად განსაზღვრული ფართობის ოდენობა; ზუსტი ფართობი არ არის აღნიშნული არც 2000 წლის 10 ოქტომბრის შეთანხმებით. 2000 წელს შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი კი შესაძლებელია შეიცავდა რაიმე მინიმალურ ცდომილებას, სწორედ ამიტომ იქნა გათვალსწინებული კანონმდებლის მიერ საკადასტრო აზომვითი ნახაზების WGS 84 კოორდინატთა სისტემასა და UTM პროექციაში მომზადება.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ საჯარო რეესტრში მონაცემების დაზუსტების შედეგად მხარეთა ფაქტობრივი მდგომარეობა არ შეცვლილა, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეცვლილა მხარეთა შორის არსებული სასაზღვრო მიჯნა. მესამე პირი წარმოდგენილი შესაგებლით კი დასტურდება, რომ ის ეთანხმება 2000 წელს მხარეთა შორის განხორციელებულ გამიჯვნას.
ამასთან, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია რომ, არც თ. ბ-ის სახელზე რეგისტრირებულ საკუთრების უფლების სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების განხორციელებისას საკადასტრო მონაცემების დაზუსტების მიზნით და არც ვ. მ-ის მიერ წარდგენილ განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას, რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ არ დარღვეულა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონით, საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციით და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული დებულებები.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მაისის განჩინებით ვ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითა მათზე.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მააისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასასმართლომ არასწორად განმარტა კანონი და ასევე არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანება. კასატორის მითითებით, არასწორი განმარტება გადაწყვეტილებაში ასახულია იმ სახით, რომ იგი გაგებულია ცალმხრივად.
კასატორის განმარტებით, სასამართლო ფართოდ მსჯელობს იმ საკითხზე, რომ მოპასუხეს ჰქონდა ცდომილების უფლება, მაგრამ რატომღაც ცდომილების უფლებაზე სასამართლომ იმსჯელა განყენებულად და დაავიწყდა, რომ მოპასუხის ყველა უფლება-მოვალეობა გამომდინარეობს იქედან, რომ დაიცვას მოქალაქის უფლებები, კონკრეტულად კი საკუთრების უფლება, რომელიც დაცულია საქართველოს ძირითადი კანონით.
გარდა აღნიშნულისა, კასატორმა მიუთითა, რომ მოპასუხემ დაარღვია რა კანონმდებლობის იმპერატიული მოთხოვნები, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილებების ძალაში დატოვებამ დაარღვია არა მარტო მისი უფლებები, არამედ, აქეზებს მოპასუხეს სხვა მოქალაქეების საკუთრების უფლების ხელყოფისაკენ.
კასატორის განმარტებით, კანონი ნებისმიერ შემთხვევაში იცავს მესაკუთრეს, აქვს მას ქონება დარეგისტრირებული სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში თუ აქვს რეგისტრირებული ძველი წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2011 წლის 1 ივლისს ვ. მ-ემ განცხადებით მიმართა რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურს და ქ. რუსთავი, ... ქუჩა №22-1-ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, რეგისტრირებულ მონაცემებთან ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდების არსებობის მოტივით. ვ. მ-ემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებისა და რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 23 ივნისის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, სარეგისტრაციო ჩანაწერის, ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც მესამე პირის თ. ბ-ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე - ქ. რუსთავი, ... ქუჩა №22-ში, განხორციელდა უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა ვ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივარი; ხოლო ვ. მ-ეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე რეგისტრაციის შესახებ რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 23 ივნისის №882011297797-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2011 წლის 22 ივნისს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ იქნა თ. ბ-ის განცხადება უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაციის მოთხოვნით; ხოლო 2011 წლის 23 ივნისს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხორციელდა უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტება, რის საფუძველზეც თ. ბ-ის საკუთრებად დარეგისტრირდა 264.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დავას 4.82 კვ.მ. მიწის ფართი იწვევს, რაც 2011 წლის 23 ივნისს განხორციელებული სადავო რეგისტრაციით მესამე პირის თ. ბ-ის საკუთრებაში მოექცა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას გასაჩივრებული აქტების კანონიერების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ როგორც ადმინისტრაციული ორგანოები, ასევე, ქვედა ინსტანციის სასამართლოები განსახილველ საკითხს ფორმალურად მიუდგნენ და არ იმსჯელეს მოსარჩელის არგუმენტებზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მაისის განჩინება არ არის დასაბუთებული არც პროცესუალური და არც მატერიალური თვალსაზრისით. სააპელაციო სასამართლო არასწორად მიუდგა სადავო საკითხს და არასათანადო სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალების ობიექტური შეფასებიდან.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საკადასტრო მონაცემების დაზუსტების მიზნით თ. ბ-ის სახელზე რეგისტრირებულ საკუთრების უფლების სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების განხორციელებისას რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ არ დარღვეულა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით, საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციით და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული დებულებები.
ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიიღო. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ვ. მ-ეს ისე ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათი ობიექტური შეფასების საფუძველზე არ მიიღო გადაწყვეტილება. სარეგისტრაციო სამსახურს არ დაუდგენია სადავოდ ქცეული - მესამე პირის თ. ბ-ის სახელზე განხორციელებული საკუთრების დაზუსტებით და ახალი წესის შესაბამისად საკუთრების უფლების რეგისტრაციით ვისი უფლებები ილახებოდა; სახეზე ხომ არ იყო ინტერესთა კონფლიქტი. ადმინისტრაციულ ორგანოს ფაქტობრივად ადმინისტრაციული წარმოება არ ჩაუტარებია, რა დროსაც მას შესაძლებლობა და ვალდებულებაც ჰქონდა მიეწვია ყველა დაინტერესებული პირი, ვის ინტერესსაც შესაძლოა შეხებოდა გადაწყვეტილება. აღნიშნულის საპირისპიროდ კი კასატორი ვ. მ-ე მიუთითებს, რომ რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურმა თ. ბ-ის სახელზე ისე განახორციელა საკუთრების უფლების დაზუსტება, რომ იგი, როგორც დაინტერესებული მხარე არ ყოფილა ადმინისტრაციულ წარმოებაში მიწვეული, მას მონაწილეობა არ მიუღია ადმინისტრაციულ წარმოებაში და საკუთარი მოსაზრების დაფიქსირების შესაძლებლობაც არ მისცემია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან ვ. მ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივად ის გარემოება იქცა, რომ სახეზე იყო რეგისტრირებულ მონაცემებთან ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდება. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ისე გაიზიარეს მოპასუხე მხარის აღნიშნული მსჯელობა, რომ ფაქტობრივად არ შეფასებულა რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ თ. ბ-ის სახელზე 2011 წლის 23 ივნისს განხორციელებული რეგისტრაციის კანონიერება, იმ პირობებში, როდესაც ვ. მ-ე სადავოდ ხდიდა აღნიშნულ რეგისტრაციას და ერთერთ სასარჩელო მოთხოვნას სწორედ სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა წარმოადგენს, რომლითაც თ. ბ-ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე - ქ. რუსთავი, ... ქუჩა №22-ში, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტება განხორციელდა. სასამართლომ გასაჩივრებული რეგისტრაციის კანონიერება მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით დაასაბუთა, რომ სარეგისტრაციო სამსახურს აქვს ცდომილების უფლება და არ იმსჯელა იმ უმნიშვნელოვანეს გარემოებაზე, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს ისეთი ცდომილების დაშვების უფლება, რომელიც ლახავს სხვის საკუთრების უფლებას და სასამართლოს შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისთვის, შეიძლება თუ არა ცდომილებაში უძრავი ნივთი მოექცეს. აქვე საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ იმ უდავო ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სადავოდ ქცეული თ. ბ-ის სახელზე 2011 წლის 23 ივნისს განხორციელებული რეგისტრაციით მესამე პირის თ. ბ-ის საკუთრებაში საერთო სარგებლობის დამხმარე ნაგებობა მოექცა, რომელსაც მოსარჩელის მტკიცებით იგი წლების განმავლობაში როგორც საკუთარს ისე ფლობდა.
საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს აპელირებას „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტზე, ვინაიდან, აღნიშნული ნორმა, შინაარსობრივი განმატრებიდან გამომდინარე, მიზნად არ ისახავს კონკრეტული სამართალურთიერთობის მოწესრიგებას სხვათა უფლებების შეზღუდვის საფუძველზე. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ითვალისწინებს რეგისტრაციის წარმოებას ბოლო საკადასტრო აღწერის შედეგად დადგენილი ფართობის შესაბამისად, თუ საკადასტრო აღწერის შედეგებით მიწის ნაკვეთის ფართობი, კონფიგურაციის მიუხედავად, სარეგისტრაციო დოკუმენტში მითითებულ ფართობზე, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ ან ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათში დაფიქსირებულ დაუზუსტებელ ფართობზე მეტია (5 ჰა–მდე ან 50 000 კვ.მ–მდე არა უმეტეს 1 პროცენტისა, ხოლო 5 ჰა–ზე ან 50 000 კვ.მ–ზე ზევით – არა უმეტეს 0.5 პროცენტისა) ან ნაკლებია, მაგრამ არა სხვისი საკუთრების უფლების შეზღუდვის ხარჯზე. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება, ერთის მხრივ, არის საკუთრების როგორც ინსტიტუტის, ასევე საკუთრების, როგორც პიროვნების უფლების გარანტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2011 წლის 23 ივნისს განხორციელებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტებამ (რომლის საფუძველზეც თ. ბ-ის სახელზე დაზუსტებული მონაცემებით საკუთრების უფლებით 264 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა) უდავოდ გავლენა იქონია ვ. მ-ის საკუთრების კონსტიტუციურ უფლებაზე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კანონი ნებისმიერ შემთხვევაში იცავს მესაკუთრეს, ახალი წესით აქვს მას ქონება დარეგისტრირებული თუ ძველი წესით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიწა საკუთრებაში შეიძლება არსებობდეს, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით; მიწის ნაკვეთზე არსებული დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა. სააღრიცხვო მონაცემებს კი, იქნება ეს დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი მონაცემების სახით, იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტება განხორციელდა ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ და დაცულ ინფორმაციათა სათანადო შეფასების გარეშე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სარეგისტრაციო სამსახურს უძრავ ნივთზე საკადასტრო მონაცემების დაზუსტებამდე უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტარციის არსებობა-არარსებობის ფაქტი, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია მასთან დაცულ მონაცემებთან, დაედგინა მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთის კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერების არსებობა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, მართალია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებას რეგისტრირებულ მონაცემებთან ზედდების არსებობის მოტივით სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. უფრო მეტიც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეიზღუდა კასატორის საკუთრების უფლება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღებისას არც ადმინისტრაციულ ორგანოებს და არც ქვედა ინსტანციის სასამართლოებს არ გაუმახვილებიათ ყურადღება მხარეთა შორის გაფორმებულ შეთანხმებაზე და შეფასების საგნად არ ქცეულა მოცემულ შემთხვევაში სადავოდ ქცეული რეგისტრაციით დარღვეულია თუ არა მხარეთა შორის არსებული შეთანხმების პირობები. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2000 წლის 10 ოქტომბერს მოსარჩელე - ვ. მ-ემ და მესამე პირმა - თ. ბ-მა შეადგინეს შეთანხმება საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთის გამიჯვნის შესახებ. აღნიშნული შეთანხმება და საკადასტრო აზომვითი ნახაზი წარდგენილ იქნა საჯარო რეესტრში. შეთანხმების შესაბამისად ვ. მ-ის სახელზე დარეგისტრირდა 265.5 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო), ხოლო თ. ბ-ის სახელზე - დაუზუსტებელი ფართობით 262 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, როგორც ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, იმის გათვალისწინებით, რომ თავად მარეგისტრირებელი ორგანოსთვის არის ცნობილი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კი, ისე უთხრა უარი განმცხადებელს საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რომ ფაქტობრივად არც გამოუკვლევია საქმეში არსებული მტკიცებულებები, დამატებით არ შეუფასებია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არ უმსჯელია ვ. მ-ის არგუმენტებზე და არ გაუკეთებია დასაბუთებული სამართლებრივი შეფასება რუსთავის სარეგისტრაციო სამახურის მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებასთან დაკავშირებით. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ წარმოების ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს შიდა კონტროლს და სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებაში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში მას უფლება აქვს თავად მიიღოს გადაწყვეტილება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების არაჯეროვანი განხორციელება და დაშვებული ხარვეზების გამოუსწორებლობა კი ახდენს სამართლებრივი დავების პროვოცირებას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება როგორც ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად დანიშნულებას, ასევე სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. აღნიშნულ მუხლში მოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სავალდებულო წინაპირობები, რომლებიც მათი რეალიზების თვალსაზრისით, ამ მუხლში არა კუმულაციური, არამედ, ალტერნატიული სახით არის წარმოდგენილი. არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ამდენად, საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 23 ივნისის სარეგისტრაციო ჩანაწერი, რომლითაც თ. ბ-ის სახელზე განხორციელდა საკადასტრო მონაცემების დაზუსტება უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. რუსთავი, ... ქუჩა №22-ში; ასევე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 4 ივლისის №882011314699-03 გადაწყვეტილება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურს უნდა დაევალოს საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, საკასაციო სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით, რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ვ. მ-ისა და თ. ბ-ის განცხადებებთან დაკავშირებით სადავო ფართზე განახორციელოს რეგისტრაცია. მას შემდეგ, რაც სადავოდ ქცეული აქტების გაუქმების პირობებში აღდგება პირვანდელი მდგომარეობა (რაც დავას არ იწვევდა და არსებობდა მხარეთა შეთანხების საფუძველზე), სარეგისტრაციო სამსახურს ეძლევა შესაძლებლობა იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ განცხადებებზე და მხოლოდ საქმის გარემოებათა არსებითად გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღოს კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო გადაწყვეტილება. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინოს ფაქტობრივი მდგომარეობა, მხედველობაში უნდა მიიღოს მხარეთა შორის არსებული შეთანხმება და მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება.
სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს დაინტერესებულ მხარეთა მოსმენისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ვ. მ-ის საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ვ. მ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა (პირველი ინსტანციის სასამართლოში – 100 ლარის ოდენობით; სააპელაციო სასამართლოში – 150 ლარის ოდენობით; საკასაციო სასამართლოში – 300 ლარის ოდენობით; სულ – 550 ლარი) სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ვ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 23 ივნისის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სარეგისტრაციო ჩანაწერი, რომლითაც თ. ბ-ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე - ქ. რუსთავი, ... ქუჩა №22-ში, განხორციელდა უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტება;
5. ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 22 ივლისის №111933 გადაწყვეტილება;
6. ბათილად იქნეს ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 4 ივლისის №882011314699-03 გადაწყვეტილება;
7. რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალოს საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ სადავო ფართზე განახორციელოს რეგისტრაცია;
8. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურს ვ. მ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 550 ლარის (100+150+300) ანაზღაურება.
9. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე