დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ბს-185(2კ-20) 27 მაისი, 2020 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. ჯ-ის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 2 მაისს ი. ჯ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 2 აპრილის №... ბრძანების ბათილად ცნობის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორ-ასისტენტის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის და ი. ჯ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით ი. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ჯ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მითითებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 2 აპრილის №... ბრძანება და დაევალა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ჯ-ე 2001 წლის 22 ოქტომბრიდან 2018 წლის 2 აპრილამდე მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე. ამასთან, მოსარჩელე რეორგანიზაციამდე, ანუ 2018 წლის 2 აპრილამდე მუშაობდა საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტში, სადაც ...ის ფუნქციას ასრულებდა აუდიტორ-ასისტენტის 2 საშტატო ერთეულზე დანიშნული პირი - ი. ჯ-ე და თ. კ-ე, რომელთაგანაც ორივე დაექვემდებარა სავალდებულო შეფასებას. ი. ჯ-ე შეფასებული იქნა 96.40 ქულით.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 24 იანვრის №... ბრძანებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი და მასთან დაკავშირებით განსაზღვრული იქნა, რომ უნდა ა) შემუშავებულიყო რეორგანიზაციის გამო განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა; ბ) მომზადებულიყო შესაბამისი სამართლებრივი აქტების ცვლილებების პროექტები და რეორგანიზაციის შედეგად შესაქმნელი ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტი; გ) რეორგანიზაციის გამო საშტატო რიცხოვნობის შემცირების შემთხვევაში უზრუნველყოფილი ყოფილიყო ამ საფუძვლით გასათავისუფლებელ მოხელეთა მობილობის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურების განხორციელება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 5 თებერვლის №... ბრძანებით დამტკიცდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 24.01.2018წ. №... ბრძანების საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მიმდინარე რეორგანიზაციის გამო განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა დანართის შესაბამისად.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 20 თებერვლის №... ბრძანებით, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურში რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 5 თებერვლის №... ბრძანების შესაბამისად, გასაუბრების ჩატარების მიზნით შეიქმნა კომისია. ამავე ბრძანების მე-2 პუნქტით, გასაუბრებას დაექვემდებარნენ „საკადრო ოპტიმიზაციის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2017 წლის 20 დეკემბრის №... ბრძანების საფუძველზე, 2017 წლის 21 დეკემბერს შეფასებული: 2.1. პირველ ჯგუფს მიკუთვნებული სტრუქტურული ერთეულების მოხელეები (გარდა ...ის ფუნქციის მქონე მოხელეებისა), რომელთა შეფასების შედეგები შეადგენდა 55%-ს (უახლოეს მთელ რიცხვამდე დამრგვალების მეთოდით) და ნაკლებს; 2.2. მესამე ჯგუფს მიკუთვნებული სტრუქტურული ერთეულების მოხელეები (გარდა გენერალური აუდიტორის მოადგილეების სამდივნოში თანაშემწის და რეფერენტის თანამდებობებზე და ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დასაქმებული მოხელეებისა), რომელთა შეფასების შედეგები შეადგენდა 60%-ს (უახლოეს მთელ რიცხვამდე დამრგვალების მეთოდით) და ნაკლებს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 2 მარტის №... ბრძანებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით შესაბამისი საკადრო გადაწყვეტილების მისაღებად განხორციელებული მოხელეთა კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ- ჩვევების კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე განისაზღვრა რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გათავისუფლებასა და მობილობას დაქვემდებარებულ მოხელეთა სია დანართის შესაბამისად, მათ შორის, აღნიშნული დანართი №1-ის მე-4 პუნქტში მითითებული იქნა საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორ-ასისტენტი - ი. ჯ-ე.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის 2018 წლის 2 მარტის №... წერილით, ი. ჯ-ეს გაეგზავნა შეტყობინება „სახელმწიფო აუდიტის სამსახურში რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით მობილობას დაქვემდებარებულ პირთა განსაზღვრის შესახებ“ გენერალური აუდიტორის 2018 წლის 2 მარტის №... ბრძანების საფუძველზე, რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მობილობის პროცედურების დაწყების შესახებ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 2 აპრილის №... ბრძანებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 105-ე მუხლის პირველი პუნქტის და 110-ე მუხლის პირველი პუნქტის, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „დ“ და „ი“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ი. ჯ-ე გათავისუფლდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორ-ასისტენტის თანამდებობიდან 2018 წლის 2 აპრილიდან. აღნიშნული ბრძანების საფუძველს წარმოადგენდა ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საშტატო ნუსხის, სტრუქტურისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 2 აპრილის №... ბრძანება. ამავე ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად გასაცემი კომპენსაცია განისაზღვრა 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 1 აპრილის მდგომარეობით აუდიტორ- ასისტენტების სიის მიხედვით დგინდება, რომ აუდიტის სამსახურში დასაქმებული იყო 53 აუდიტორ-ასისტენტი, რომელთაგან 10 წარმოადგენდა აუდიტორ-ასისტენტს (...ს), მათ შორის ი. ჯ-ე (თანამდებობა: აუდიტორ-ასისტენტი (...ი)). 2018 წლის 3 აპრილის მდგომარეობით კი შტატი განისაზღვრა 33 აუდიტორ-ასისტენტით და 8 ...ით, რომელთაგან საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტში არსებული 2 შტატიდან ერთი შემცირდა და დარჩენილ შტატზე ...ად დაინიშნა - თ. კ-ე.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში განმარტა, რომ სახელმწოფო აუდიტის მოხელეთა შეფასების მიზნებისათვის პირველ ჯგუფში გაერთიანებული მოხელეები შეფასებული იქნენ ერთნაირი კრიტერიუმებითა და შეფასების ერთი და იგივე სისტემის საფუძველზე. აღნიშნული შეფასებით ადმინისტრაციულმა ორგანომ უზრუნველყო მოხელეთა პროფესიული დონის განსაზღვრა, მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებთან შესაბამისობის დადგენის კუთხით. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ი. ჯ-ის მიერ მიღებული შეფასება შესაბამისად განსაზღვრავდა მისი კვალიფიკაციის დონეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხელეთა შეფასების პირველ ჯგუფს მიკუთვნებულ სტრუქტურებში ...ის თანამდებობასთან შესაბამისობის თვალსაზრისით, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მომხდარიყო იმ მოხელეების შერჩევა, რომლებიც კადრების შემცირების გამო დარჩენილი ადგილებზე სარგებლობდნენ უპირატესი დარჩენის უფლებით მათი სამუშაო გამოცდილების, კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწოფო აუდიტის მოხელეთა შეფასების მიზნებისათვის პირველ ჯგუფში გაერთიანებული აუდიტორ...ები შეფასებული იქნენ რა ერთნაირი კრიტერიუმებითა და შეფასების ერთი და იგივე სისტემის საფუძველზე, ეს მოხელეები განხილული უნდა ყოფილიყვნენ მსგავს სამსახურებრივ ურთიერთობაში მყოფ პირებად, რაც იძლეოდა მათი შედარების საშუალებას და ავალდებულებდა ადმინისტრაციულ ორგანოს შტატების შემცირების პირობებში უზრუნველეყო მათი შანსების თანასწორობა, კერძოდ, უპირატესი დარჩენის უფლების მქონე მოხელეთა გამოსავლენად მოეხდინა მათი კვალიფიკაციისა და პროფესიული ჩვევების, შრომის დისციპლინის და ა.შ. ადეკვატური, ობიექტური შეფასება და მიეღო შესაბამისი მოტივირებული გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში ურთიერთშედარება განხორციელდა მხოლოდ ი. ჯ-ესა და თ. კ-ეს შორის და არა ი. ჯ-ესა და სხვა დეპარტმანეტში დასაქმებულ აუდიტორ-...ებს შორის, მაშინ როდესაც ეს მოხელეები განხილული უნდა ყოფილიყვნენ მსგავს სამსახურებრივ ურთიერთობაში მყოფ პირებად, რაც იძლეოდა მათი შედარების საშუალებას და ავალდებულებდა ადმინისტრაციულ ორგანოს შტატების შემცირების პირობებში უზრუნველეყო მათი შანსების თანასწორობა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა სათანადო ადმინისტრაციული წარმოება ი. ჯ-ის მიმართ აქტის გამოცემისას, ასევე ვერ დგინდებოდა, გაითვალისწინა თუ არა ადმინისტრაციულმა ორგანომ გათავისუფლებისას აპელანტის პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობის ხარისხი, რაც გასაჩივრებული აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს ი. ჯ-ემ და სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა.
კასატორმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო ჰქონდა სრული შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებით მიეღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და უცვლელად დაეტოვებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, მით უფრო, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლის შესაბამისადაც, რეორგანიზაციამდე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დასაქმებული იყო 53 აუდიტორ-ასისტენტი, რომელთაგან 10 ძირითადად ახორციელებდა ...ის ფუნქციას. საბოლოოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ რეორგანიზაციის შედეგად აუდიტორ-ასისტენტის შტატი 53 ერთეულიდან (მათ შორის 10 აუდიტორ-ასისტენტი (...ი)) შემცირდა და აუდიტორ-ასისტენტის შტატი განისაზღვრა 33 ერთეულით. ამასთანავე, ახალი საშტატო ნუსხით განისაზღვრა ...ის თანამდებობა 8 საშტატო ერთეულით. ამასთან, რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ ...ის 9 საშტატო ერთეულს, უნდა განიმარტოს, რომ ზემოაღნიშნულ 8 საშტატო ერთეულს დაემატა კიდევ ერთი - რეორგანიზაციით შტატის შემცირების შემდეგ შექმნილი ...ის შტატი.
სააპელაციო სასამართლო ერთის მხრივ ადგენს, რომ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის შესაბამისად, რეორგანიზაციის შედეგად შემცირდა 10 აუდიტორ-ასისტენტის საშტატო ერთეული და შეიქმნა ...ის 9 საშტატო ერთეული, ხოლო მეორე მხრივ, ასკვნის, რომ აუდიტორ-ასისტენტის თანამდებობიდან გათავისუფლებას დაექვემდებარა ორი მოხელე - ი. ჯ-ე და ნ. ქ-ა.
კასატორი მიიჩნევს, რომ რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა 10 აუდიტორ-ასისტენტის პოზიცია, რომელზე დანიშნულ პირებს დე-იურე ეკისრებოდათ აუდიტორული ფუნქციის განხორციელება, თუმცა დე-ფაქტო, ძირითადად ახორციელებდნენ ...ის ფუნქციას. სამსახურში რეორგანიზაციამდე ჩატარებული გამოკვლევის შედეგებით დადგინდა, რომ 10 აუდიტორ ასისტენტს, მათ შორის ი. ჯ-ეს, რომელთა შემცირების შემდგომ განხორციელდა, აუდიტორული ფუნქციებიდან ძირითადად ევალებოდათ აუდიტის მასალების დამუშავება დოკუმენტაციის სისტემატიზაციისა და დაარქივების მიზნით, რაც საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე სამსახურის მიერ დამტკიცებული აუდიტის მეთოდოლოგიების შესაბამისად, აუდიტის პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აუდიტორულ ბლოკს მიკუთვნებული თანამდებობის - ...ის შტატის შემცირების შესახებ, რომლის ფუნქცია აუდიტორული ფუნქციიდან შეიცვალა ადმინისტრაციულ-ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის ფუნქციით. საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ აუდიტორ-ასისტენტი და ...ის თანამდებობები განსხვავდება არა უბრალოდ დასახელებით, არამედ შინაარსით.
კასატორი განმარტავს, რომ აუდიტორ-ასისტენტის თანამდებობაზე დანიშნული ათივე მოხელე შემცირების შედეგად გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დაექვემდებარა მობილობას.
კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ საჯარო დაწესებულება არ იყო ვალდებული რეორგანიზაციის გამო შემცირებულ პირთა დასაქმების საკითხის განხილვისას გაეთვალისწინებინა შეფასების შედეგად მიღებული ქულები და უპირატესობა მიენიჭებინა ამ ქულებიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო რეორგანიზაციის გამო მობილობის წესით დანიშვნა და არა კონკურსი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
კასატორმა ი. ჯ-ემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი - ი. ჯ-ე აღნიშნავს, რომ მისი სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანებას საფუძვლად უდევს გენერალური აუდიტორის 2018 წლის 2 აპრილის №... ბრძანება ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საშტატო ნუსხის, სტრუქტურისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება და საფუძველს აცლის მისი (ი. ჯ-ის) თანამდებობიდან გათავისუფლებას შტატების შემცირების მოტივით, ვინაიდან, ახალი საშტატო ნუსხით 2018 წლის 2 აპრილიდან სისტემაში დამტკიცებულ იქნა 13 ერთეული ...ის შტატი, ადრე არსებული 10 ერთეულის ნაცვლად.
კასატორის განცხადებით, მისთვის დაუსაბუთებელი და გაუგებარია თუ რა კრიტერიუმით იხელმძღვანელა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მასზე (ი. ჯ-ე) გაცილებით უფრო დაბალი შეფასების და კვალიფიკაციის მქონე ...ი აუდიტორ-ასისტენტების ...ად დატოვებისას და მისი ...ის თანამდებობიდან გათავისუფლებისას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. ჯ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ჯ-ის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს მოსარჩელის სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 110-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია. ამავე კანონის 105-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ მოხელის მობილობა ვერ განხორციელდა, იგი სურვილის შემთხვევაში მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
აღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა მოიცავს არა მხოლოდ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის სამართლებრივი საფუძვლების კანონიერების შემოწმებას, არამედ, ერთობლიობაში შტატების შემცირებისა და განხორციელებული მობილობის პროცედურების შემოწმებასაც.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუშვებელია შემცირებას დაქვემდებარებული პირთა შორის უპირატესობები განისაზღვროს ერთის მხრივ შესაბამის შეფასებებზე (ქულებზე) დაყრდნობით, ხოლო იმავე დაწესებულების მიერ მობილობის შესაძლებლობის განსაზღვრისას საერთოდ არ იქნეს გათვალისწინებული მის მიერ განხორციელებული შეფასებები.
საკასაციო სასამართლო, მობილობის შესაძლებლობის განსაზღვრას მიიჩნევს რა პირის საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების პროცესის განუყოფელ ნაწილად, აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ი. ჯ-ის შემცირებას დაქვემდებარების დროს გამოყენებული შეფასებები (ქულები) ასევე გამოყენებული უნდა ყოფილიყო მისი მობილობის შესაძლებლობა/შეუძლებლობის განსაზღვრისას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს და აღნიშნავს, რომ მოხელის თანამდებობიდან განთავისუფლება, მით უფრო შტატების შემცირების საფუძვლით, პირთა თანამდებობაზე შენარჩუნება უნდა წარიმართოს საუკეთესოს შერჩევის პრინციპით, რაც ობიექტურ, ცხად, გამჭვირვალე პროცესსა და კრიტერიუმებს უნდა ეფუძნებოდეს, რაც შედეგობრივად განთავისუფლებულ პირს უნდა აძლევდეს შესაძლებლობას, სრულად აღიქვას და გაიაზროს მისი განთავისუფლების, ასევე, მასთან შედარებით სხვა კონკრეტულ პირთათვის უპირატესობის მინიჭების საფუძვლები. ამასთან, დამსაქმებელი, თუნდაც საშტატო ერთეულების შემცირების შემთხვევაში, ვალდებულია გამოიკვლიოს, შეაფასოს და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გადმოსცეს მოტივაცია იმის შესახებ, თუ რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა მან აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის დროს კონკრეტული პირისათვის უპირატესობის მინიჭებისას, რადგანაც აღნიშნული საშტატო ერთეული იდენტური ფუნქციური დატვირთვით (აუდიტორ-...ი) რამდენიმე არსებობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, შესაბამისად, რეორგანიზაციამდე დანიშნულ ყველა პირს, მათი კვალიფიკაციის და სამსახურებრივი დამსახურების გათვალისწინებით და ურთიერთშეპირისპირების საფუძველზე, თანაბარი უფლება ჰქონდა დანიშნულიყო რეორგანიზაციის შედეგად განსაზღვრულ იმავე ფუნქციების მატარებელ თანამდებობაზე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა დასაბუთებული თუ რატომ მიენიჭათ ი. ჯ-ესთან შედარებით უპირატესობა სხვა, მასზე უფრო დაბალი შეფასების მქონე კანდიდატებს. კერძოდ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ არის გადმოცემული დასაბუთება იმის შესახებ, თუ რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა ადმინისტრაციულმა ორგანომ კასატორზე უფრო დაბალი შეფასების მქონე კანდიდატების აუდიტორ-...ებად დანიშვნისას. სახელმწოფო აუდიტის მოხელეთა შეფასების მიზნებისათვის პირველ ჯგუფში გაერთიანებული აუდიტორ ...ები შეფასებული იქნენ რა ერთნაირი კრიტერიუმებითა და შეფასების ერთი და იგივე სისტემის საფუძველზე, ეს მოხელეები განხილულ უნდა იქნან მსგავს სამსახურებრივ ურთიერთობაში მყოფ პირებად, რაც იძლევა მათი შედარების საშუალებას და ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს შტატების შემცირების პირობებში უზრუნველყოს მათი შანსების თანასწორობა, კერძოდ, უპირატესი დარჩენის უფლების მქონე მოხელეთა გამოსავლენად მოახდინოს მათი კვალიფიკაციისა და პროფესიული ჩვევების, შრომის დისციპლინის და ა.შ. ადეკვატური, ობიექტური შეფასება და მიიღოს შესაბამისი მოტივირებული გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა სათანადო ადმინისტრაციული წარმოება ი. ჯ-ის მიმართ აქტის გამოცემისას, ასევე ვერ დგინდება, გაითვალისწინა თუ არა ადმინისტრაციულმა ორგანომ გათავისუფლებისას მისი შეფასების შედეგები, პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობის ხარისხი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა, აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. როდესაც წარმოების ხარვეზები არსებითია, ხოლო საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები - გამოუკვლეველი, დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების სასამართლოს მიერ განხორციელება, ადმინისტრაციული წარმოების სრული ჩანაცვლება.
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სადავო აქტი გამოიცა საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე.
ამასთან, რაც შეეხება კასატორის ი. ჯ-ის მითითებას სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება მხოლოდ მას შემდეგ წარმოშობოს სამართლებრივ შედეგებს - სამსახურში აღდგენისა და შესაბამისი განაცდურის ანაზღაურების კუთხით („საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი 118-ე მუხლის მე-3 პუნქტი), როდესაც სასამართლო განახორციელებს სადავო აქტის არსებითად ბათილად ცნობას, რაც განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ჯ-ის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე