დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 24.02.2022
საქმის ნომერი
ბს-1331(კ-20)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.02.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1331(კ-20) 24 თებერვალი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - გ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი: გ. მ-ემ 2017 წლის 5 დეკემბერს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მოსარჩელის დაჯარიმებისა და რეკონსტრუქციის შეჩერების თაობაზე“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 31 აგვისტოს №03-02/48 დადგენილებისა და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 18 ოქტომბრის №01-06 1065 ბრძანების - მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგით, ბათილად ცნობა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით გ. მ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მანვე გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინებით გ. მ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-ემ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, მან ხის ბარაკის ტიპის საცხოვრებელი ფართის სიმცირისა და ავარიულობის გამო, არაერთხელ მიმართა ადგილობრივ გამგეობას რემონტისა და რეკონსტრუქციის დახმარების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ. 2008 წელს მოსარჩელემ დაიწყო რეკონსტრუქცია და ამავე წელს მოახდინა საცხოვრებელი ფართის პრივატიზება. 20017 წელს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა გააფრთხილეს უკანონო რეკონსტრუქციის გამო. თხოვნის მიუხედავად რეკონსტრუქციის დაკანონება ვერ მოხერხდა, რადგან საცხოვრებელი ფართი აღმოჩნდა კულტურული მემკვიდრებოს ძეგლთა სიაში, რის შესახებაც გ. მ-ეისთვის უცნობი იყო.

კასატორის მოსაზრებით, მოცემულ საქმეზე მიღებული სადავო აქტები მკაცრია, რადგან მან არ იცოდა საცხოვრებელი სახლის სტატუსის შესახებ. ამასთან, სახლის რეკონსტრუქცია დაწყებული ჰქონდა სტატუსის მინიჭებამდე. დაკისრებული ჯარიმა კი მნიშვნელოვნად დააზარალებს მის ფინანსურ მდგომარეობას.

კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში დაცული ადმინისტრაციული წარმოების მასალებიდან დასტურდება, რომ საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა მეურნეობის ბინებს და მისი პრივატიზების დროს არ იყო შეზღუდვები. სადავო ფართი არსებობდა პრივატიზების დროს დაწესებულ შეზღუდვებამდე და მოხდა დამპალი ხის კედლის შეცვლა ახლით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას და სარჩელის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. მ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის მიერ მის საკუთრებაში არსებულ ფართში, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე უნებართვოდ განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების სამშენებლო სამართალდარღვევად მიჩნევისა და დაკისრებული სანქციის კანონიერების შეფასება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2008 წლის 14 მაისის №179 ბრძანებით, ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სოფელ ...ის ყოფილ ციტრუსების მეუნეობაში მცხოვრებ პირებს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადაეცათ წარდგენილი აზომვითი ნახაზების ფარგლებში, მათ შორის გ. მ-ეს. შესაბამისად, 2008 წლის 28 მაისს მასზე გაიცა №146 საკუთრების უფლების მოწმობა და საკუთრებაში გადაეცა 47.4 კვ.მ. საცოხვრებელი და 9.2 კვ.მ. არასაცხოვრებელი, საერთო ფართით 55.6 კვ.მ. ასევე, საჯარო რეესტრის 2017 წლის 7 აგვისტოს ამონაწერი დგინდება, რომ ქობულეთის რაიონის, სოფელ ...ის ყოფილი მეურნეობის სახლის №43ა-ში მდებარე თანასაკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 67.30 კვ.მ. (დაუზუსტებული ფართობი) №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა გ. მ-ე (55.60 კვ.მ. ფართით). უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია - ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2008 წლის 28 მაისის №146 საკუთრების უფლების მოწმობა.

ამასთანავე, საქმეში არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2016 წლის 15 სექტემბრის №2/297 ბრძანებით დასტურდება, რომ კულტურილი მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა ამ ბრძანების დანართში მითითებულ ობიექტებს, მათ შორის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე „...ის აგარაკს“ (არქიტექტურა, XX-ის დასაწყისი). სადავო არ არის, რომ სწორედ აღნიშნული სტატუსის მქონე უძრავ ნივთზე განახორციელა მოსარჩელემ სარეკონსტრუქციო სამუშაოები, თუმცა სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა იმ გარემოებებზე, რომ არ იცოდა საცხოვრებელ სახლზე ასეთი სტატუსის მინიჭების შესახებ.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები მოწესრიგებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, რომლის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელად, ან საინჟინრო-კომუნალური ქსელების უნებართვო რეკონსტრუქცია, გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარით. მითითებული კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, დაჯარიმებას ექვემდებარება უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია, დასახელებული კოდექსით დადგენილია სამართალდარღვევის შემადგენლობა, რომელიც გამოიხატება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში უნებართვო მშენებლობა/რეკონსტრუქციაში, თუმცა უშუალოდ სარეკონსტრუქციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელების საკითხის შესაფასებლად და გადასაწყვეტად გამოყენებულ უნდა იქნეს სამშენებლო საქმიანობის განხორციელების მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობა, რომელიც აწესებს სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელებისთვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ნებართვის/თანხმობის გაცემის წინაპირობებსა და პროცედურას, გარდა ამისა, კანონმდებლობა ცალკეულ ტერიტორიათა მიმართ ზღუდავს სამშენებლო საქმიანობის კონკრეტული სახის განხორციელების შესაძლებლობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ სფეროში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება. ამავე კანონის მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის ცნება, რასაც წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტების ირგვლივ ან/და მათი გავრცელების ან გავლენის არეალში ამ კანონით დადგენილი წესით განსაზღვრული ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს ექსპლუატაციის განსაკუთრებული რეჟიმი და რომლის დანიშნულებაა, მის საზღვრებში არსებული კულტურული მემკვიდრეობა დაიცვას არასასურველ ზეგავლენისაგან. ამავე კანონის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ძეგლის ინდივიდუალურ დამცავ ზონად განისაზღვრება ტერიტორია უძრავი ძეგლის გარშემო, რომელიც შედგება ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალებისგან და დგინდება ძეგლის ფიზიკური და ვიზუალური დაცვის მიზნით. ასევე, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია ძეგლზე თვითნებური სამუშაოების განხორციელების აკრძალვა. დასახელებული კანონის 24-ე მუხლის თანახმად, აკრძალულია ძეგლზე რაიმე სამუშაოს ჩატარება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის ამ კანონით დადგენილი შესაბამისი ნებართვის გარეშე. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების ტიპები - კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები კი გათვალისწინებულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უძრავ ძეგლზე კვლევისა და რეაბილიტაციის მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების ერთ-ერთი სახეა „რეკონსტრუქცია“. აღნიშნული სამუშაოს ჩატარების სამართლებრივ საფუძვლად, მითითებული კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიჩნეულია კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების განსახორციელებელი ნებართვა.

დასახელებული ნორმების სამართლებრივი ანალიზის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ნებისმიერი სახის სამუშაოს განხორციელებისას აუცილებელია ნებართვის მოპოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათზე განხორციელებული ზემოქმედება ჩაითვლება უნებართვოდ წარმოებულ, თვითნებურ სამუშაოდ, რისთვისაც განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისი პასუხისმგებლობა. განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადასტურებულია, რომ ე.წ. „...ის აგარაკის“ მიმდებარედ არსებულ სარეკოსტრუქციო შენობა-ნაგებობას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2016 წლის 15 სექტემბრის №2/297 ბრძანებით, მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. დადგენილია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 4 აგვისტოს გ. მ-ეის მიმართ, ქობულეთში, სოფელ ...ში წარმოებული საცხოვრებელი სახლის უნებართვო რეკონსტრუქციის გამო, გაიცა №03-07/27 მითითება და დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. ამავე მითითებით გ. მ-ე გაფრთხილდა შეეჩერებინა სოფელ ...ში უნებართვოდ მიმდინარე საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია და წარედგინა მშენებლობის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტაცია. მითითების შეუსრულებლობის გამო, საბოლოოდ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 31 აგვისტოს დადგენილებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე განხორციელებული უნებართვო რეკონსტრუქციისთვის დაჯარიმდა 4000 ლარით და მასვე დაევალა საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის შეჩერება მშენებელობის ნებართვის წარდგენამდე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებით, რომლებიც გადაღებულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე გ. მ-ეის საცხოვრებელ სახლზე, დასტურდება, რომ მიშენების სამუშაოები ნაწარმოებია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2016 წლის 15 სექტემბრის №2/297 ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე „...ის სააგარაკე“ სახლზე, ისე, რომ მასზე არ ყოფილა შესაბამისი ნებართვა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სადავო სარეკონსტრუქციო სამუშაოები საჭიროებდა ნებართვას, რომელიც მოსარჩელეს არ გააჩნდა და უფრო მეტიც, მოსარჩელის მიერ განხორციელებული ქმედება, ზოგადად, არ იყო შესაბამისობაში სადავო ტერიტორიაზე დაშვებულ საქმიანობასთან, საქმეზე დადასტურებულია სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენა - უნებართვო სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება, რომელზეც მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადო რეაგირება მოახდინა და კანონმდებლობის მოთხოვნათა და შესაბამისი პროცედურის დაცვით, გასაჩივრებული 2017 წლის 31 აგვისტოს №03-02/48 დადგენილებით გ. მ-ეს დაავალა უნებართვოდ განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოს შეჩერება და დააჯარიმა 4000 ლარით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი წინაპირობები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. გ. მ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინება;

3. თ. კ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს გ. მ-ეის საკასაციო საჩივარზე 2021 წლის 18 მარტს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე