დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 22.06.2023
საქმის ნომერი
ბს-1388(კ-22)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.06.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ბს-1388(კ-22) 22 ივნისი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, გოჩა აბუსერიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შპს „უ...ი“ (მოსარჩელე); მოპასუხე - შპს „დ...ი“; მესამე პირი (სასკ 16.2) - შპს „...ო“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 19 მარტს შპს „უ...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და შპს „დ...ის“ წინააღმდეგ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 მარტის განჩინებით საქმე განსჯადობის წესების დაცვით, გადაეგზავნა უფლებამოსილ - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

მოთხოვნათა დაზუსტების შემდგომ, მოსარჩელემ მოპასუხეების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს „დ...ისთვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ, 2016 წლის 04 აგვისტოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილის დაზიანებით მიყენებული ზიანის 22 000 ლარის ~და მისაბმელის აღდგენისათვის საჭირო ხარჯების 5000 ლარის, ავტომობილის მისაბმელში განთავსებული ტვირთის განადგურებით მიღებული ზიანის 8540 აშშ დოლარის, ნარჩენი ტვირთის სხვა ავტომობილზე გადაზიდვისათვის გაწეული ხარჯის - 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში და მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის 47 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „...ო“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ,,უ...ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოსარჩელე შპს „უ...ის“ სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის სახით 27 000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო არ იყო, რომ ...ის საავტომობილო გზის ...-ე კილომეტრი ირიცხებოდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზე (გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის 2018 წლის 02 თებერვლის №04/944 წერილი). ასევე უდავო იყო, რომ 2016 წლის 04 აგვისტოს, ...ის საავტომობილო გზის ...-ე კილომეტრზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა და ერთმანეთს შეეჯახნენ შპს ,,უ...ის’’ საკუთრებაში არსებული ,,ვოლვოს’’ მარკის ავტომობილი (ტრაილერი) (უკრაინის სახელმწიფო ნომრით ...), რომელსაც მართავდა უკრაინის მოქალაქე ო. გ-ი, „მიცუბიშის“ მარკის ავტომობილი პიკაპი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნომრით -..., რომელსაც მართავდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ს. გ-ე და ,,მიცუბიშის“ მარკის ავტომობილი პიკაპი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნომრით - ..., რომელსაც მართავდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ფ. გ-ი. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილი ,,ვოლვო“ დატვირთული იყო მშრალი რძით და იგი გადაზიდვას ახორციელებდა შპს „ა...ის“ სასარგებლოდ ბაქოს მიმართულებით. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ტვირთის დიდი ნაწილი.

ზემოხსენებულ შემთხვევაზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორის მიერ, 2017 წლის 30 სექტემბერს მიღებული იქნა დადგენილება №078040816002 სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო. აღინიშნა, რომ სატრანსპორტო ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის აღწერილობით ნაწილში მითითებული იყო, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოიწვია ხიდზე არსებულმა სავალი ნაწილის დაზიანებამ და გამაფრთხილებელი საგზაო ნიშნების არარსებობამ. ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების მოხმობით სააპელაციო პალატამ ხაზი გაუსვა იმ მოცემულობას, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა არ დამდგარა ავტომობილის მძღოლების ბრალეული ქმედების შედეგად და რომ შემთხვევა ხიდზე არსებული ღრმულისა და გამაფრთხილებელი საგზაო ნიშნების არარსებობამ გამოიწვია.

პალატამ ყურადღებას გაამახვილა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2016 წლის 30 მარტის ე.ტ. №... ხელშეკრულებაზე. ხელშეკრულების მიხედვით, შემსყიდველი იყო - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მიმწოდებელი - შპს ,,დ...ი’’. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მიმწოდებლის მიერ ხიდების (I უბანი) მოვლა-შენახვის სამუშაოების (...) განხორციელება - შემდგომი სამუშაოები. აღნიშნული ხელშეკრულების ტექნიკური დავალების მე-2 მუხლის მიხედვით, ხიდების მიმდინარე შეკეთების სამუშაოები ითვალისწინებდა ნაგებობის ყოფნას დაკვირვების ქვეშ და მათ მოვლას, რომელშიც შედიოდა: ნაგებობის მუდმივი ზედამხედველობა, მცირე დაზიანებების გამოვლენა და გამოსწორება, ტროტუარების, მალთნაშენის, ბურჯებისა და სხვა კონსტრუქციული ელემენტების გაწმენდა ჭუჭყის, ნაგვისა და მცენარეული საფარისაგან. ამას გარდა, მუდმივი დაკვირვება იყო საჭირო ხიდებზე მოძრაობის დადგენილი რეჟიმის დაცვისათვის და საგზაო ნიშნების გამართულ მდგომარეობაში ყოფნისათვის. შპს ,,დ...ის“ მიერ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თანახმად, შედგენილი იქნა ხიდების მოვლა-შენახვის ინსპექტირების აქტი (დაბეჭდილი 2016 წლის 18 ივნისს), რომლის მიხედვითაც ეცნობა საავტომობილო გზების დეპარტამენტს ხიდზე არსებული დაზიანების შესახებ. ამავე აქტის მიხედვით, მალის ნაშენი მზიდი კონსტრუქციის დათვალიერებისას გამოვლინდა, რომ შუა კოჭების მზიდი ფილა ჩაღუნული იყო, დაზიანების ხარისხი იყო საშუალოზე მეტი და უნდა მომხდარიყო გაძლიერება მონოლითური რკინაბეტონის ფილის მოწყობით, პროექტის მიხედვით. აქტში ასევე აღნიშნული იყო, რომ განაპირა მზიდი კოჭების გარე და კონსოლური ზედაპირები გამოტუტული-გამოფიტული იყო, ხოლო დაზიანების ხარისხი იყო საშუალოზე მეტი. ამდენად, მხარემ თავისი ვალდებულების ფარგლებში შეამოწმა რა დაზიანება და მიიჩნია, რომ აღნიშნული დაზიანება მცირე ხარისხის არ იყო და მისი აღმოფხვრა სცდებოდა მისი უფლებამოსილების ფარგლებს, შესაბამისად აღნიშნული პრობლემის არსებობისა და გამოსწორების მიზნით ინფორმაცია მიაწოდა შემსყიდველს - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს. აქედან გამომდინარე, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომ შპს ,,დ...ი“ იყო პასუხისმგებელი მოეგვარებინა აღნიშნული საკითხი, თუნდაც ისეთი მეთოდებით, როგორიც იყო ღრმულის მიწით ამოვსება და ა.შ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დაასკვნა, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ვერ იქნა მისი ვალდებულება შესრულებული, კერძოდ ვერ უზრუნველყო გამოესწორებინა ხიდზე არსებული დაზიანება, ან ეზრუნა ხიდის უსაფრთხო გამტარიანობაზე. პალატის აღნიშნული პოზიცია ეფუძნებოდა იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ დეპარტამენტი არაერთხელ იქნა ინფორმირებული პრობლემის თაობაზე და მის მიერ საქმის მასალების მიხედვით არ გადადგმულა რაიმე ქმედითი ნაბიჯები და ხიდის შეკეთების თაობაზე ტენდერი მხოლოდ 2016 წლის 04 აგვისტოს მომხდარი შემთხვევის შემდეგ გამოცხადდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 12 იანვრის №26/ს დასკვნით ირკვეოდა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომანქანა ვოლვო სახ. № ... დაზიანებით მიყენებული ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენდა 22 000 ლარს, ხოლო მისაბმელი მაცივრის სახ. № ... დაზიანებებით მიყენებული ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენდა 5000 ლარს. ვინაიდან ზემოხსენებული დასკვნის მიხედვით დადგინდა მიყენებული ზიანის ოდენობა, შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განსაზღვრა დასაკისრებელი თანხის ოდენობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის თანახმად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის მოწმეთა ახსნა-განმარტებებით დგინდებოდა, რომ გზაზე განთავსებული იყო ყველა საჭირო საგზაო ნიშანი. ნიშნები უთითებდა როგორც სიჩქარის შეზღუდვაზე, ასევე გზაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ.

ასევე გადაწყვეტილებაში დაწვრილებით განხილულია ყველა წერილი, რომელიც დეპარტამენტის დაკვეთით მომუშავე კომპანიებმა გაუგზავნეს დეპარტამენტს და დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ღონისძიებები. კერძოდ, გადაწყვეტილების მე-9 გვერდზე განხილულია ის ფაქტობრივი გარემოება, როცა დეპარტამენტმა შპს "დ...ს" მისცა შესაბამისი დავალება გზის სავალი ნაწილის შეკეთებასთან დაკავშირებით და ასევე ყველა წესის დაცვით მოხდა მოძრაობის დროებითი ორგანიზაციის სქემის შეთანხმება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან. აღნიშნული სასამართლო პროცესზე დაადასტურეს როგორც კომპანიის თანამშრომლებმა, ასევე დეპარტამენტმა. შესაბამისად, დადგინდა, რომ დეპარტამენტის მიერ, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, სიტუაციიდან გამომდინარე, სრულდებოდა შესაბამისი ღონისძიებები გზის გამტარ და უსაფრთხო მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით.

ასევე სასამართლო პროცესზე განმარტებულ იქნა, რომ ზოგადად საავტომობილო გზის რეაბილიტაცია შრომატევადი ღონისძიებაა, რომლის დაგეგმვა და განხორციელება არ ხდება პირობითად, ერთ-ორ კვირაში (გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა და შესაბამისი მთავრობის დავალების არსებობისა). აქედან გამომდინარე, ...ის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის აუცილებლობის გამოვლენისთანავე, დაგეგმილ იქნა შესაბამისი ღონისძიებები, გამოცხადდა ტენდერი და გამარჯვებულმა კომპანიამ - შპს "ხ..."-მა განახორციელა ხიდის კონსტრუქციული ნაწილის შეკეთება. თუმცა საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და მოწმეთა ჩვენებებიდან აშკარაა, რომ დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ იქნა ყველა აუცილებელი ღონისძიება გზის სავალი ნაწილის გამტარი მდგომარეობის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2016 წლის 04 აგვისტოს, ...ის საავტომობილო გზის ...-ე კილომეტრზე ერთმანეთს შეეჯახნენ შპს ,,უ...ის’’ საკუთრებაში არსებული ,,ვოლვოს’’ მარკის ავტომობილი (ტრაილერი), უკრაინის სახელმწიფო ნომრით ..., რომელსაც მართავდა უკრაინის მოქალაქე ო. გ-ი, ,,მიცუბიშის’’ მარკის ავტომობილი პიკაპი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნომრით - ..., რომელსაც მართავდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ს. გ-ე და ,,მიცუბიშის“ მარკის ავტომობილი პიკაპი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნომრით - ..., რომელსაც მართავდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ფ. გ-ი. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილი ,,ვოლვო“ დატვირთული იყო მშრალი რძით და იგი გადაზიდვას ახორციელებდა შპს ,,ა...ის’’ სასარგებლოდ ბაქოს მიმართულებით. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ტვირთის დიდი ნაწილი. აღნიშნული ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დაიწყო გამოძიება.

სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 05 მაისის №002491017 დასკვნის მიხედვით, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ,,ვოლვოს’’ (უკრაინის სახელმწიფო ნომრით ...) მძღოლს ა. გ-ს ტექნიკური თვალსაზრისით (დამუხრუჭებით) არ შეეძლო კონკრეტული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა არ აღინიშნებოდა. მოცემულ კონკრეტულ პირობებში, ავტომობილის წინა მარცხენა საბურავის ორმოში ჩავარდნა ტექნიკური თვალსაზრისით გამოიწვევდა ავტომობილის მარცხნივ მოგეზვას (მართვადობის დააკარგვას), შესაბამისად განურჩევლად იმისა რა მდგომარეობაში იქნებოდა წინა მარცხენა საბურავი არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა ყველა შემთხვევაში ავტომობილი გახდებოდა უმართავი და მისი შემდგომი გადაადგილება მძღოლზე არ იქნებოდა დამოკიდებული. მოცემულ პირობებში, ავტომობილ ,,მიცუბიში’’ ... ავტომანქანის მძღოლ ფ. გ-ზე აღნიშნული ავტო-საგზაო შემთხვევის თავიდან აცილება არ იყო დამოკიდებული და აქედან გამომდინარე, მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა არ აღინიშნებოდა. მოცემულ პირობებში, ავტომობილ მიცუბიში ... ავტომანქანის მძღოლ ს. გ-ეზე აღნიშნულ ავტო-საგზაო შემთხვევის თავიდან აცილება არ იყო დამოკიდებული და აქედან გამომდინარე, მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა არ აღინიშნება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 12 იანვრის №26/ს დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომანქანა ვოლვო სახ. №... დაზიანებით მიყენებული ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენდა 22000 ლარს, ხოლო მისაბმელი მაცივრის სახ. № ... დაზიანებებით მიყენებული ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენდა 5000 ლარს.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ 2016 წლის 04 აგვისტოს მომზადებული №004605816 დასკვნის მიხედვით, ო. გ-ს ალკოჰოლური თრობის შემოწმებისას ინტოქსიმეტრით დაუდგინდა - 0,00 პრომილე. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ 2016 წლის 04 აგვისტოს მომზადებული №004606016 დასკვნის მიხედვით, ფ. გ-ს ალკოჰოლური თრობის შემოწმებისას ინტოქსიმეტრით დაუდგინდა - 0,00 პრომილე.

შპს ,,უ...ის’’ 2014 წლის 10 ოქტომბრის №22 ბრძანების მიხედვით, ო. გ-ი მიღებული იქნა მძღოლის თანამდებობაზე 2014 წლის 10 ოქტომბრიდან.

საკასაციო სასამართლო მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ საავტომობილო შემთხვევის შედეგად დამდგარია მოსარჩელისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი, რომელშიც გამოირიცხა თავად შემთხვევაში მონაწილე პირთა ბრალეულობა.

საქართველოს კონსტიტუციის, დღეს მოქმედი რედაქციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის შესაბამისი - 42.9 მუხლი) თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. ხოლო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. “ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო“(საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 აპრილის Nბს-648-623(2კ-13) გადაწყვეტილება).

დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 23 ივლისის #ბს-52-47(კ-13) განჩინება).

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიმართ დამდგარი ზიანის ანაზღაურების მოპასუხე (კასატორი) საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის დაკისრებას საფუძველს უნდა წარმოადგენდეს ამ უკანასკნელის მართლწინააღმდეგობრივი ხასიათის მოქმედების (უმოქმედობა) არსებობა, რაც შესაძლოა გამოიხატებოდეს მის პასუხისმგებლობას მიკუთვნებული უფლებამოსილების არასათანადო შესრულება/შეუსრულებლობაში, რამაც გამოიწვია დამდგარი ზიანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ,,საავტომობილო გზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, საერთო სარგებლობის გზებს მართავს ამ გზების მესაკუთრე, რომელიც ახორციელებს გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, შეკეთების, მოვლა- შენახვის სამუშაოებს. ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებით დადგენილია, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ევალება საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დაპროექტება, მშენებლობა, მოდერნიზება, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით გზების კეთილმოწყობა და სრულქმნა, დამთავრებული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების საექსპლუატაციოდ მიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; საავტომობილო გზების დაცვისა და გზებით სარგებლობის წესების შესრულების კონტროლი, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის შედგენა და წინადადებების მომზადება მათში ცვლილებების შესატანად, ხოლო ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებით, საავტომობილო გზებზე მოძრაობის დროებით შეწყვეტა ან შეზღუდვა, აგრეთვე აუცილებელ შემთხვევაში ამ გზებზე აღნიშნულ პერიოდში ცალკეული სატრანსპორტო საშუალების გატარება.

ქვედა ინსტანციების სასამართლოთა მიერ საქმეზე დადგენილია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის 2018 წლის 02 თებერვლის №04/944 წერილის მიხედვით, ...ის საავტომობილო გზის ...-ე კილომეტრი ირიცხებოდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზე.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 07 თებერვლის №2-01/1243 წერილის მიხედვით, 2016 წლის ივლისი-აგვისტოს თვეებში, ე.ტ. ... ხელშეკრულების ფარგლებში, ...ის (კმ ...) საავტომობილი გზის მოვლა-შენახვის სამუშაოების შესრულება ევალებოდა შპს „...ოს“ (ს/კ ...), ხოლო საავტომობილო ხიდების მოვლა-შენახვის სამუშაოების შესრულება ევალებოდა შპს „დ...ს“ ე.ტ. ... ხელშეკრულების ფარგლებში (ს/კ ...).

2016 წლის 20 მაისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ე.ტ. №... ხელშეკრულების მიხედვით, შემსყიდველი იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ხოლო მიმწოდებელი შპს „...ო“. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მიმწოდებლის მიერ №5 ზონაში შემავალი საავტომობილო გზების მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვის) სამუშაოები განხორციელება. აღნიშნული ხელშეკრულების ტექნიკური დავალების მე-9 მუხლის - ზონაში შემავალ საავტომობილო გზების ნუსხის მიხედვით ...ის ,,...ი - ...ი მონაკვეთია ... კილომეტრი, რომლის სიგრძეა 44,2 კილომეტრი.

შპს ,,დ...ის“ მიერ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თანხმად, შედგენილი იქნა ხიდების მოვლა-შენახვის ინსპექტირების აქტი (დაბეჭდილია 2016 წლის 18 ივნისს), რომლის მიხედვითაც ეცნობა საავტომობილო გზების დეპარტამენტს ხიდზე არსებული დაზიანების შესახებ. ამავე აქტის მიხედვით, მალის ნაშენი მზიდი კონსტრუქციის დათვალიერებისას გამოვლინდა, რომ შუა კოჭების მზიდი ფილა ჩაღუნული იყო, დაზიანების ხარისხი არის საშუალოზე მეტი და უნდა მომხდარიყო გაძლიერება მონოლითური რკინაბეტონის ფილის მოწყობით, პროექტის მიხედვით. აქტში ასევე აღნიშნული იყო, რომ განაპირა მზიდი კოჭების გარე და კონსოლური ზედაპირები გამოტუტული-გამოფიტული იყო, ხოლო დაზიანების ხარისხი იყო საშუალოზე მეტი.

2016 წლის 04 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა №MIA 0 16 01954342 წერილი მისწერა საგზაო დეპარტამენტს და აცნობა, რომ ...ის საავტომობილო გზის ...-ე კილომეტრზე არსებულ ხიდზე გამავალ სავალ ნაწილზე იყო დაზიანება ღრმულის სახით (ორმო), რამაც მიმდინარე წლის 04 აგვისტოს გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა გარდაცვალებით. აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა ითხოვა დაუყოვნებლივ მიეღო საგზაო დეპარტამენტს ზომები და მოეხდინა ზემოთ ხსენებული დაზიანებების აღმოფხვრა, შემდგომი ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით.

2016 წლის 04 აგვისტოს, შპს ,,დ...მა’’, №56/16 წერილი მისწერა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსს, რომ თანახმად მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა (ე.ტ. №...), აწარმოებდა ხიდების მოვლა-შენახვის სამუშაოებს ...ის ... უბანზე. საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურიდან მას დაევალა საერთაშორისო მნიშვნელობის ...ის ს/გზის ...-ე კმ. ...ზე სახიდე გადასასვლელის, შუა გამონოლითების დაზიანებული ზოლის აღდგენის სამუშაოები. სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელი იყო შემდგარიყო მოძრაობის რეგულირების სქემა. ამდენად ითხოვა სქემის მოსამზადებლად შესაბამისი სამსახურისათვის დავალების მიცემა.

2016 წლის 12 აგვისტოს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა №2-04/6886 წერილით მიმართ შპს ,,დ...ის’’ დირექტორს და აცნობა, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განიხილა შპს „დ...ის’’ 2016 წლის 4 აგვისტოს №56/16 და 5 აგვისტოს №56/16 წერილები, რომელიც ეხებოდა საერთაშორისო მნიშვნელობის ...ის (...ი, ...ი) საავტომობილო გზის კმ ...-ში, ...ზე არსებული სახიდე გადასასვლელზე სამუშაოების წარმოებისათვის (სავალი ნაწილის შევიწროვება ჯერ ერთ შემდეგ მეორე მხარეს) საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობის დროებითი ორგანიზაციის სქემის შეთანხმებას შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან. შპს „დ...ს“ გაეგზავნა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ზომების გატარებისათვის, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დამტკიცებულ და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებული, საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობის დროებითი ორგანიზაციის სქემა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წერილის ასლი სახელმძღვანელოდ და შესასრულებლად. შპს „დ...ს“ დაევალა სამუშაოების დაწყების შესახებ წინასწარ ეცნობებინა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს სამორიგეო ნაწილისათვის (ტელ: ...), ასევე უზრუნველეყო შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წერილში აღნიშნული მითითებების შესრულება და საგზაო ნიშნების განთავსება თანდართული სქემის შესაბამისად. ზემოაღნიშნული სამუშაოების შესრულებაზე კონტროლის დაწესება დაევალება საავტომობილო გზების ტექნიკური ზედამხედველობისა და მონიტორინგის სამმართველოს. საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, გადართვის ადგილებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ტექნიკური საშუალებების სწორად განთავსებაზე და საავტომობილო ტრასპორტის უსაფრთხო მოძრაობაზე პასუხისმგებელი იყო შპს ,,დ...ი’’.

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორ ზ. მ-ას მიერ, 2017 წლის 30 სექტემბერს მიღებული იქნა დადგენილება №078040816002 სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ, სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო. აღნიშნული დადგენილების თანახმად, სატრანსპორტო ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის აღწერილობით ნაწილში მითითებულია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოიწვია ხიდზე არსებულმა სავალი ნაწილის დაზიანებამ და გამაფრთხილებელი საგზაო ნიშნების არარსებობამ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიების მიერ დადგენილი იქნა შემდეგი: 2016 წლის ივლისის ბოლო რიცხვებში, შპს ,,...ოს“ დირექტორისათვის, ბ. ქ-ისათვის, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისაგან ცნობილი გახდა აღნიშნულ ხიდზე წარმოქმნილი დაზიანების შესახებ. შესაბამისად, აღნიშნულზე მან აცნობა ზედამხედველობის სამსახურის უფროსს დ. ნ-ს. ბ. ქ-მა, დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებით, განახორციელა ხიდზე დაზიანებული ადგილის ასფალტით შევსება და დროებითი საგზაო გამაფრთხილებელი საგზაო ნიშნების დადგმა, რასაც ესწრებოდა დ. ნ-იც. არსებული დაზიანების და დროებით შესრულებული სამუშაოების შესახებ, დ. ნ-მა თავის მხრივ აცნობა დეპარტამენტის ზედამხედველობის და მონიტორინგის სამსახურის უფროსს კ. ლ-ს და მის მოადგილეს ა. უ-ს. ამ უკანასკნელებმა, შექმნილი მდგომარეობის შესახებ აცნობეს შპს „დ...ის“ მენეჯერს ა. ა-ეს, რომელსაც ხელშეკრულებით ევალებოდა ხიდების მოვლა-შენახვის სამუშაოების შესრულება. შპს „დ...მა“ ჯერ კიდევ 2016 წლის 16 ივნისს, დაიწყო აღნიშნული ხიდის შესწავლა, მოახდინა მისი ინსპექტირება პასპორტიზაცია და 2016 წლის 30 ივნისს წარუდგინა საავტომობილო გზების დეპარტამენტს.

საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საფუძვლიანად მიიჩნევს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ საქმეზე არ დგინდება ის გარემოება, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს საკუთარი კომპეტენციების გათვალისწინებით, ყველა საჭირო ღონისძიება ჰქონდა გატარებული, რასაც შეეძლო მომხდარი საავტომობილო ავარიის თავიდან აცილება, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის, წინასწარ იყო ცნობილი გზაზე არსებული არსებითი დაზიანების შესახებ.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქმის მასალებს ერთვის ხიდების მოვლა-შენახვის ინსპექტირების აქტი (დაბეჭდილია 2016 წლის 18 ივნისს), რომლის მიხედვითაც საავტომობილო გზების დეპარტამენტს ეცნობა ხიდზე არსებული დაზიანების შესახებ. ამავე აქტის მიხედვით, მალის ნაშენი მზიდი კონსტრუქციის დათვალიეებისას გამოვლინდა, რომ შუა კოჭების მზიდი ფილა ჩაღუნული იყო, დაზიანების ხარისხი იყო საშუალოზე მეტი და უნდა მომხდარიყო გაძლიერება მონოლითური რკინაბეტონის ფილის მოწყობით, პროექტის მიხედვით. აქტში ასევე აღნიშნული იყო, რომ განაპირა მზიდი კოჭების გარე და კონსოლური ზედაპირები გამოტუტული-გამოფიტული იყო, ხოლო დაზიანების ხარისხი იყო საშუალოზე მეტი. ამდენად, შპს ,,დ...ის“ მიერ, შესრულებული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მოახდინა ხიდის ინსპექტირება და გამოავლინა ხიდზე არსებული ხარვეზები, რაც აცნობა შემსყიდველს. მხარეთა შორის სადავო არ იყო ის გარემოება, რომ არსებული დაზიანებიდან გამომდინარე, ხიდი საჭიროებდა კაპიტალურ შეკეთებას. აღნიშნული ვალდებულება ხელშეკრულებით ნაკისრი არ ჰქონდა შპს ,,დ...ს“.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა გარკვეული სამუშაოები ჩატარებული, თუმცა აღნიშნული არ იყო საკმარისი საავტომობილო ავარიის პრევენციისათვის, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ ავტომობილების მძღოლების მოქმედება არ იყო ბრალეული და მათ არ დაურღვევიათ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადად ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს, რა დროსაც ადამიანის მხრიდან მისი გამოყენების შემთხვევაში სრული და გარანტირებული კონტროლის განხორციელება შეუძლებელია და ექსპლოატაციისას ადამიანისა თუ ნივთისადმი რაიმე სახის ზიანის მიყენების გარკვეული შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ივლისის ას-254-239-2010 განჩინება). თუმცა საკასაციო სასამართლო მიუთითებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულების არსებობაზე და აღნიშნავს, რომ საქმეზე არ ყოფილა წარმოდგენილი არცერთი ისეთი სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიღებული ჰქონდა ყველა შესაძლო, საჭირო ზომა ავტოავარიის თავიდან ასაცილებლად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

გ. აბუსერიძე