დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 07.06.2023
საქმის ნომერი
ბს-1355(კ-22)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.06.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-1355(კ-22) 7 ივნისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) ნ.დ-ი)

აღწერილობითი ნაწილი:

2020 წლის 23 ივლისს ნ.დ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2019 წლის 27 მარტის NSSVA 00006776 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათლად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც ნ.დ-ს მიენიჭება ომის ვეტერანის სტატუსი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ.დ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2019 წლის 27 მარტის NSSVA 00006776 გადაწყვეტილება და მოპასუხე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაევალა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-6 მუხლებზე, მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე, ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს N509 დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის“ N1 დანართის პირველი მუხლის პირველ, მეორე პუნქტებზე, ამავე „წესის“ N2 დანართით დამტკიცებული „ვეტერანის მოწმობის გაცემის წესის“ პირველ მუხლზე, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს N281 ბრძანებით დამტკიცებული „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო - უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, მოწმობების გაცემის, სტატუსის შეწყვეტის და აღდგენის შესახებ ინსტრუქციის“ მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტზე.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ი“, „კ“ ქვეპუნქტებზე, 53-ე, 96-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა. აპელანტი, რომელიც წარმოადგენს ვეტერანთა აღრიცხვაზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხისმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად დაადგინოს და შეაფასოს დაინტერესებული პირის/განმცხადებლის ფაქტობრივი გარემოებების ნორმატიული აქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის საკითხი, საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით. მიუხედავად იმისა, რომ საკითხის შეფასება ხდება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური არ თავისუფლდება ვალდებულებისაგან, დააზუსტოს მიწოდებული ინფორმაცია სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის, იმ პირებთან დამაზუსტებელი შეკითხვების დასმის გზით, რომლებიც ფლობენ კონკრეტულ ინფორმაციას, რათა პირთა აღრიცხვის პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად ობიექტურად.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ჩათვალა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ წარმოების დროს არ დაიცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული წარმოების პროცედურა, არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე. სადავო ბრძანების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, 2008 წელს ნ.დ-ი ნამდვილად მუშაობდა სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, მაგრამ 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს მისი მონაწილეობის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტაცია ვერ იქნა მოძიებული. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საბრძოლო მოკვლევაზე, რომლითაც ნ.გ-მა (ს/ს თადარიგის ვიცე - პოლკოვნიკი, სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის ... განყოფილების უფროსი და ამჟამად - სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის ...ის და ... განყოფილების ხელმძღვანელი), გ.ჯ-მა (ს/ს თადარიგის უმცროსი ლეიტენანტი, სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის ...ის ... და ამჟამად - სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის ზოგადი ...ისა და ...ის განყოფილების ხელმძღვანელი) და გ.მ-მა (ს/ს თადარიგის უმცროსი ლეიტენანტი, სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის ყოფილი ზოგადი ...ის განყოფილების ... და ამჟამად - სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის ზოგადი ...ისა და ...ის განყოფილების ...) დაადასტურეს ...ის და ამჟამად ... განყოფილების ...ის, ს/ს თადარიგის კაპიტანის ნ.დ-ის 2008 წლის აგვისტოში, გორში განვითარებული საომარი მოქმედებების დროს სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე ყოფნის ფაქტი. მათი განმარტებით, მითითებულ პერიოდში ნ.დ-ი პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას - სამედიცინო დახმარებას უწევდა როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირებს.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს, სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხული საბრძოლო მოკვლევაზე ხელმომწერი პირის - ნ.გ-ის განმარტებაზე, რომლის თანახმად, 2006 წლის დეკემბრიდან, ნ.დ-სთან ერთად დასაქმდა სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, ... განყოფილების უფროსის თანამდებობაზე და 2013 წლიდან არის სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ...ის და ...ის განყოფილების ხელმძღვანელი. 2008 წლის 7 აგვისტოდან თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა ...ის გვერდით არსებულ ე.წ. „ ...ში“. დაშავებულთა ნაკადი შედიოდა ... განყოფილებაში, საიდანაც ხდებოდა დაშავებულთა განაწილება, მათი საჭიროების გათვალისწინებით. 2008 წლის 10 აგვისტოს პირადად ნახა ნ.დ-ი, რომელიც იმყოფებოდა ჰოსპიტალის ... განყოფილებაში და ასრულებდა თავის ფუნქცია-მოვალეობებს. 2008 წლის 6 აგვისტოს გამოცხადებული განგაშის შემდეგ, არსებული მდგომარეობისა და 9-10 აგვისტოს ჰოსპიტალში დაშავებულების დიდი ნაკადის შესვლის გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო ჰოსპიტალში დასაქმებული პირების აღრიცხვა. დასაქმებულ პირთა აღრიცხვა დაიწყო 2008 წლის 15 აგვისტოდან, ხოლო ამ თარიღამდე ერთადერთი ...ის განყოფილება ახორციელებდა აღრიცხვის წარმოებას.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეზე წარდგენილ ტაბელზე და თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტებაზე, რომლის თანახმად, იგი მუშაობდა/... ოთხ დღეში 24 საათით. როგორც მხარემ განმარტა, შვებულებიდან გავიდა ერთი დღით ადრე და 2008 წლის 10 აგვისტოს შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა, თუმცა მისი აღრიცხვა არ მომხდარა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ცალსახად და უტყუარად არ დგინდება მოპასუხის მიერ მითითებული ის გარემოება, რომ მოსარჩელეს 2008 წლის საომარ მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია. გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას, რატომ არ იქნა გათვალისწინებული საბრძოლო მოკვლევა, ასევე არ არის გამოკვლეული, ჰქონდა თუ არა სამხედრო ჰოსპიტალში ადგილი კონკრეტულ თარიღებში სამედიცინო პერსონალის აღრიცხვას ან მოხდა თუ არა შვებულებაში მყოფი დასაქმებულების ჰოსპიტალში გამოძახება და მათთვის შვებულების შეწყვეტა. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გადაწყვეტილება დააფუძნოს მხოლოდ კანონით დადგენილი წესით გამოკვლეულ ფაქტებსა და გარემოებებზე. საქმეზე წარდგენილია საბრძოლო მოკვლევა. ამასთანავე, მოწმის განმარტებით, რიგ შემთხვევებში, სიაში არ იყო ასახული ის სამედიცინო პერსონალი, რომელიც საომარი მოქმედებების დროს ნამდვილად ასრულებდა ჰოსპიტალში თავის სამსახურებრივ მოვალეობას. მოპასუხე ვალდებულია, ყველა მტკიცებულება შეაფასოს ერთობლიობაში და გადაწყვეტილება მიიღოს ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. აპელანტს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებითაც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება საკმარისად არ არის დასაბუთებული, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, განჩინება არ შეიცავს დასაბუთებას, რის საფუძველზე არ გაიზიარა კონკრეტული მტკიცებულებები ან რატომ დაეყრდნო იგი ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას საბრძოლო მოკვლევის სახით. სასამართლომ არ გამოიკვლია საქმის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხები. არ დასტურდება არც ერთი დოკუმენტით, ასრულებდა თუ არა ნ.დ-ი სამხედრო ჰოსპიტალში სამსახურებრივ მოვალეობას, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს საომარი მოქმედებების დროს.

კასატორის განმარტებით, ნ.დ-ის მიერ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის დასადასტურებლად წარდგენილი საბრძოლო მოკვლევა წარმოადგენს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ერთ-ერთ და არა ერთადერთ მტკიცებულებას. როგორც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 5 ივნისის Nბს-838-834(კ-17) განჩინებაში აღნიშნა: „..მხოლოდ საბრძოლო მოკლევის არსებობა არ წარმოადგენს სტატუსის მინიჭებისათვის საკმარის მტკიცებულებას და არ არის ერთადერთი და უტყუარი მტკიცებულება ვეტერანის სტატუსის მინიჭებისათვის, რამდენადაც აღნიშნული მტკიცებულების გარდა გათვალისწინებულია, რომ ვეტერანის სტატუსის მაძიებლის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს იმ პერიოდში მიღებული ჯილდოების, სამხედრო ტრავმების შესახებ ცნობებისა და მათ ხელთ არსებული სხვა შესაძლო დოკუმენტების დედნები და სათანადოდ დამოწმებული ასლები..კანონმდებლობა ვეტერანის სტატუსის მაძიებელს ანიჭებს ფართო შესაძლებლობას შესაბამისი სტატუსის მოპოვებისათვის და აძლევს შესაძლებლობას, მათ ხელთ არსებული ნებისმიერი მტკიცებულებით დაადასტურონ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა..“. მოცემულ შემთხვევაში, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2008 წლის აგვისტოს თვეში, რუსეთ-საქართველოს საბრძოლო მოქმედებების პერიოდში, ნ.დ-ს არ უდასტურდება სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობის შესრულება (..., პაციენტების მიღება და სხვა).

კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალწარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებაზე მსჯელობას. განსახილველ შემთხვევაში, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება, სადავო საკითხის არასრულყოფილად გამოკვლევის შესახებ. სადავო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიღებული ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს თვეში რუსეთ-საქართველოს საბრძოლო მოქმედებების პერიოდში მოსარჩელეს არ უდასტურდება სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობის შესრულება, ვინაიდან იგი იმყოფებოდა შვებულებაში. მისი შვებულებიდან გამოსვლისა და სამსახურებრივი ფუნქციის შესრულების არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოები არ მიუთითებენ, რა კონკრეტული საკითხის გამოკვლევის აუცილებლობა არსებობს ახალი წარმოების ფარგლებში.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, მე-6, 77-ე, 78-ე მუხლები და არ შეაფასა, შეესაბამებოდა თუ არა ნ.დ-ის მიერ 2019 წლის თებერვალში სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში წარდგენილი განცხადება „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტებით გათვალისიწინებულ დანაწესებს. ნ.დ-ის მიერ სამსახურში წარდგენილი ინფორმაციით არ დადასტურდებოდა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს საბრძოლო მოქმედებების პერიოდში მისი მხრიდან სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება. სასამართლომ არასწორად განმარტა საბრძოლო/საომარი მოქმედებების ცნება და მისგან გამომდინარე ვეტერანის სტატუსის მინიჭების წინაპირობები. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადასტურებულად, რომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადება და არსებობა აუცილებლად გულისხმობს საბრძოლო მოქმედებების არსებობას. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა 9 აგვისტოდან 15 დღის მანძილზე, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს და არ ადასტურებს იმას, რომ მთელი ეს პერიოდი მიმდინარეობდა საბრძოლო მოქმედებები. საომარი მდგომარეობის გამოცხადება პრევენციული ღონისძიებაა და მიზნად ისახავს ფართომასშტაბიანი ესკალაციის პირობებში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მზაობას. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ქვეყანაში პირველი აგვისტოდან უკვე დაიწყო სამხედრო ესკალაცია და ფართო მასშტაბებით იგი მიმდინარეობდა სწორედ 9-10 აგვისტომდე, ხოლო 12 აგვისტოს დაიდო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და საბრძოლო მოქმედებებს ადგილი არ ჰქონია, თუმცა პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა გაგრძელდა. ამდენად, სასამართლოს მხრიდან ადგილი აქვს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ტერმინთა აღრევას. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით არსებობს ომის მონაწილის სტატუსი და არა საომარი მდგომარეობის მონაწილის სტატუსი. ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობით მნიშვნელობა ენიჭება უშუალოდ სოცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ამწუთიერი, მყისიერი საფრთხის არსებობას. საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა სწორედ ამგვარი რისკისა და საფრთხის შემცველია.

კასატორის განმარტებით, სასამართლოს დავალება ახალი აქტის გამოცემის თაობაზე და მის აღსასრულებლად ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამისი ქმედება უნდა გამომდინარეობდეს კანონიერების პრინციპიდან. დაუშვებელია კანონის იმპერატიული დანაწესის საწინააღმდეგოდ რაიმე გადაწყვეტილების მიღება. მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადება, მასზე დართული დოკუმენტაციით, არ აკმაყოფილებდა „ომისა და თავდაცვის ძალების შესახებ“ საქართველოს კანონით და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებულ წინაპირობებს. „ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2017 წლის 4 სექტემბრის N340 ბრძანების მეორე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ამოცანაა ვეტერანის და ვეტერანის ოჯახის წევრების დამადასტურებელი სტატუსის მაძიებელ იმ პირთა (მათ შორის მოხალისეთა) განცხადებების განხილვა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის/დაღუპვის ფაქტის დადგენა, რომელთა მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არასრულია სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის შესაბამისი ბრძანებით (ინსტრუქციით) გათვალისწინებული ანკეტირებისათვის და რომელთა მიერ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დასადასტურებლად, საბრძოლო მოკვლევასთან ერთად, წარდგენილია ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი მაინც: ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უწყებაში ჩარიცხვის ან/და ამ უწყებიდან ამორიცხვის შესახებ; ბ) კონფლიქტის ზონაში მივლინების შესახებ; გ) სამხედრო ან სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ; დ) სახელმწიფო ან უწყებრივი ჯილდოს მიღების შესახებ; ე) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ტრავმის ან დაავადების მიღების შესახებ; ვ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით იარაღის, ფორმა-ტანსაცმლის, სურსათის ან/და ხელფასის მიღების შესახებ; ზ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით წახალისების შესახებ; თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დამდასტურებელი სხვა დოკუმენტი. მოცემულ შემთხვევაში, 2021 წლის 16 დეკემბრის N28111 განცხადებაში დასმული საკითხის კომისიაზე განსახილველად, საბრძოლო მოკვლევის გარდა, დამატებით უნდა წარდგენილიყო ხსენებული ბრძანებით გათვალისწინებული, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დამადასტურებელი სხვა ერთ-ერთი დოკუმენტი მაინც. ვეტერანების სამსახურში შექმნილ კომისიას უფლება არ ჰქონდა, განეხილა ნ.დ-ის განცხადება, რამდენადაც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს საბრძოლო მოქმედებების პერიოდში ფუნქცია-მოვალეობების შესრულების დასადასტურებლად წარდგენილი ჰქონდა მხოლოდ საბრძოლო მოკვლევა, რაც წარმოადგენს სტატუსის მაძიებლის საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობისა თუ დაღუპვის ფაქტის დამადასტურებელ ერთ-ერთ და არა ერთადერთ მტკიცებულებას. საბრძოლო მოკვლევა თავისი არსით არის მოწმეთა ჩვენება და მხოლოდ აღნიშნული დოკუმენტით შეუძლებელია დადასტურდეს პირის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა ან აღნიშნულ პერიოდში შესრულებული ფუნქცია-მოვალეობების არსებობა. არც ერთი შესაბამისი და კომპეტენტური სახელმწიფო უწყება არ უდასტურებს ნ.დ-ს საომარი მოქმედებების პერიოდში სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას და აღნიშნული არ დასტურდება არც სამსახურებრივი ტაბელის მონაცემებით. განმცხადებელი უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების პერიოდში სარგებლობდა ანაზღაურებადი შვებულებით (28 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით) და მას არ ჰქონია შეხება დაჭრილ მეომართა მიღებასთან, მკურნალობასთან თუ შემდგომ სამედიცინო მანიპულაციებთან.

კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, 77-78-ე, 96-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ სსიპ ვეტერანების სამსახური მაქსიმალურად შეეცადა, გამოითხოვა რაიმე სახის ოფიციალური დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა ნ.დ-ის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტს, თუმცა უშედეგოდ. 2020 წლის 22 ოქტომბრის, 2021 წლის 6 ოქტომბრისა და 2021 წლის პირველი დეკემბრის მიმართვების საპასუხო თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო ჰოსპიტალის წერილებიდან გამომდინარე, არ დასტურდება ნ.დ-ის მიერ საბრძოლო მოქმედებების პერიოდში ფუნქცია-მოვალეობების შესრულება ან სამსახურში თუნდაც გამოცხადება. სასამართლომ უგულებელყო აღნიშნული მტკიცებულებები და საკუთარი მსჯელობა დააფუძნა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებაზე. სამსახურს საკუთარი და ექსკლუზიური უფლებამოსილებებიდან გამომდინარე არ გააჩნია მეტი სამართლებრივი ბერკეტი და ობიექტურად არ არსებობს რაიმე სხვა დოკუმენტი ჰიპოთეტურად, რაც უზრუნველყოფდა განმცხადებლის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადასტურებას. სამსახურმა მოიპოვა სამართლებრივი დოკუმენტები (მათ შორის - საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 28 აგვისტოს დადგენილება და საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულება), რათა მოეძებნა სამართლებრივი ჩარჩო, ნ.დ-ისათვის ვეტერანის სტატუსის მისანიჭებლად, თუმცა ამგვარი გადაწყვეტილების მიღება არღვევდა საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანის სტატუსის მინიჭების სფეროში. არ არსებობს არანაირი ფაქტობრივი ან სამართლებრივი ბაზა, რაც განაპირობებდა განმცხადებლისთვის ომის მონაწილის სტატუსის მინიჭებას. სასამართლოს საკუთარ გადაწყვეტილებაში არ მიუთითებია, თუ რომელი გარემოება არ გამოიკვლია ან არ შეაფასა ადმინისტრაციულმა ორგანომ და მხოლოდ მითითებით შემოიფარგლა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მიღებული სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელის ინტერესი უკავშირდება 2008 წლის საომარ მოქმედებებში მისი მონაწილეობის შესახებ ფაქტობრივი გარემოების დადასტურებას, იმისათვის, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გადაწყვეტილებით მიენიჭოს ომის მონაწილის ვეტერანის სტატუსი.

სასამართლო მიუთითებს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქე ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათი კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად.

აღნიშნული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის თანახმად, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ამ კანონის დებულებების შესრულების სისტემური კონტროლი ევალება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, ხოლო მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა ერთ-ერთ კატეგორიას წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები. ამავე კანონის მე-9 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს N509 დადგენილებით დამტკიცებულ „ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესზე“. მითითებული „წესის“ N1 დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, ვეტერანის მოწმობა გაიცემა ომის მონაწილისა და ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირის მიმართ, ხოლო ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ამ დადგენილების მიზნებისათვის, ტერმინი „ომი“ გულისხმობს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე „წესის“ N2 დანართის პირველი მუხლის თანახმად, „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო - უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვა, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, ვეტერანის მოწმობების გაცემა ხორციელდება სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, დირექტორის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს N281 ბრძანებით დამტკიცებული „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, მოწმობების გაცემის, სტატუსის შეწყვეტის და აღდგენის შესახებ ინსტრუქციის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი ვეტერანის სტატუსის მინიჭების შესახებ წერილობით განცხადებით პირადად მიმართავს სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ამავე „ინსტრუქციის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტი ადგენს ანკეტირებისათვის წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებების მონაწილის და ომის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამადასტურებელი ვეტერანის მოწმობის მაძიებელს აკისრებს ვალდებულებას სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინოს: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურიდან და სხვა შესაბამისი უწყებიდან ნებისმიერი დოკუმენტი და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ საბრძოლო მოქმედებების პერიოდში სამხედრო ფორმირებაში სამსახურს და კონფლიქტურ ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას (სამხედრო ბილეთში შესაბამისი ჩანაწერი; ჩარიცხვის, ამორიცხვის, მივლინების, წახალისების, წოდების მინიჭების, დაჯილდოების ბრძანებები, სამხედრო ტრავმის მიღების, იარაღის, ფორმა-ტანსაცმლის, სურსათის, ხელფასის მიღების შესახებ საბუთები და სხვა). მაძიებელმა ასევე უნდა წარადგინოს საბრძოლო მოკვლევა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს ვეტერანის სტატუსის მქონე იმავე ქვედანაყოფის არანაკლებ სამი პირი - ერთი მეთაურთა შემადგენლობიდან და ორი თანამებრძოლი. ხელმოწერები ძალოვანი უწყების მოსამსახურეებზე დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი უწყების ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ნოტარიულად.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში დაცული მონაცემების მიხედვით, ნ.დ-ი ჰოსპიტალში დასაქმდა 2006 წლის 20 დეკემბრიდან.

სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის 2008 წლის 23 ივლისის N119/შ ბრძანებით, ...ის ... - ...ს ნ.დ-ს 2008 წლის 28 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით მიეცა ანაზღაურებადი შვებულება 11 სამუშაო დღით.

2008 წლის აგვისტოს თვეში, ნ.დ-ი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა ოთხ დღეში ერთხელ, 24 საათით. ტაბელის მიხედვით, მითითებულ პერიოდში (აგვისტოს თვეში) ნ.დ-ი მუშაობდა 12 აგვისტოს, 16 აგვისტოს, 20 აგვისტოს, 24 აგვისტოს და 28 აგვისტოს.

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 28 აგვისტოს N243-რს დადგენილების მიხედვით, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაცია ღიად ჩაება კონფლიქტში ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე და განახორციელა მასობრივი სამხედრო ინტერვენცია საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 9 აგვისტოს N402 ბრძანებულებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა საომარი მდგომარეობა. საომარი მდგომარეობის მოქმედების ვადა განისაზღვრა 15 დღით. 2008 წლის 12 აგვისტოს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. ევროკავშირის შუამავლობით რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის დაიდო ექვსპუნქტიანი შეთანხმება, რომლის თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნებულიყო სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზზე.

2019 წლის 11 თებერვალს ნ.დ-მა განაცხადით მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და მოითხოვა ომის მონაწილის ვეტერანის სტატუსის მინიჭება. ანკეტა - განაცხადის მიხედვით, ნ.დ-ი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მუშაობდა სამხედრო ჰოსპიტალში, ... განყოფილების ...ის თანამდებობაზე.

2019 წლის 11 თებერვლის განცხადებასთან ერთად, ნ.დ-მა ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინა სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის 2019 წლის 16 იანვრის N MOD 3 19 00040618 ცნობა. აღნიშნული ცნობის თანახმად, 2008 წელს ნ.დ-ი ნამდვილად მუშაობდა სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, მაგრამ 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს მისი მონაწილეობის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტაცია ვერ იქნა მოძიებული.

2019 წლის 15 თებერვალს სანოტარო წესით დამოწმებული საბრძოლო მოკვლევით ნ.გ-მა (ს/ს თადარიგის ვიცე - პოლკოვნიკი, სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის ... განყოფილების უფროსი და ამჟამად, სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის ... განყოფილების ხელმძღვანელი), გ.ჯ-მა (ს/ს თადარიგის უმცროსი ლეიტენანტი, სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის ...ის ... და ამჟამად - სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის ზოგადი ...ისა და ...ის განყოფილების ხელმძღვანელი) და გ.მ-მა (ს/ს თადარიგის უმცროსი ლეიტენანტი, სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის ყოფილი ზოგადი ...ის განყოფილების ... და ამჟამად - სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის ზოგადი ...ისა და ...ის განყოფილების ...) დაადასტურეს, რომ 2008 წლის აგვისტოში, გორში განვითარებული საომარი მოქმედებების დროს, ...ის და ამჟამად ... ის და ... განყოფილების ექიმი - .., ს/ს თადარიგის კაპიტანი ნ.დ-ი იმყოფებოდა სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე და პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას - სამედიცინო დახმარებას უწევდა როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირებს. ამავე საბრძოლო მოკვლევაში მითითებულია, რომ ნ.დ-ის ღვაწლი 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს გაწეული სამედიცინო სამსახურისათვის აღინიშნა საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მადლობის წერილში.

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2019 წლის 27 მარტის NSSVA00006776 გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნ.დ-ს 15 დღის ვადაში დაევალა სრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, დოკუმენტაციის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ ნ.დ-ის მონაცემები არ ფიქსირდებოდა სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის მიერ მიწოდებულ საერთო სიაში. ამავე დროს, არ წარდგენილა ცნობა, რომელიც დაადასტურებდა ნ.დ-ის 2008 წლის საომარ მოქმედებებში მონაწილეობას.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხული ნ.გ-ის განმარტებით, 2006 წლის დეკემბრიდან ნ.დ-სთან ერთად დასაქმდა სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, ... განყოფილების უფროსის თანამდებობაზე და 2013 წლიდან არის სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ... განყოფილების ხელმძღვანელი. მოწმემ განმარტა, რომ 2008 წლის 7 აგვისტოდან თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა ...ის გვერდით არსებულ ე.წ. „...ში“. მისივე განმარტებით, დაშავებულთა ნაკადი შედიოდა ... განყოფილებაში, საიდანაც ხდებოდა დაშავებულთა განაწილება, მათი საჭიროების გათვალისწინებით. მოწმემ ხაზგასმით დაადასტურა, რომ 2008 წლის 10 აგვისტოს პირადად ნახა ნ.დ-ი, რომელიც იმყოფებოდა ჰოსპიტალის ... განყოფილებაში და ასრულებდა თავის ფუნქცია-მოვალეობებს. მისი განმარტებით, 2008 წლის 6 აგვისტოს გამოცხადებული განგაშის შემდეგ, არსებული მდგომარეობისა და 9-10 აგვისტოს ჰოსპიტალში დაშავებულების დიდი ნაკადის შესვლის გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო ჰოსპიტალში დასაქმებული პირების აღრიცხვა. დასაქმებულ პირთა აღრიცხვა დაიწყო 2008 წლის 15 აგვისტოდან, ხოლო ამ თარიღამდე ერთადერთი ...ის განყოფილება ახორციელებდა აღრიცხვის წარმოებას. მოწმემ განმარტა, რომ რიგ შემთხვევებში, სიაში არ იყო ასახული ის სამედიცინო პერსონალი, რომელიც საომარი მოქმედებების დროს ნამდვილად ასრულებდა ჰოსპიტალში თავის სამსახურებრივ მოვალეობას.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ სწორად განმარტა, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ის გარემოება, რომ საკითხის შეფასება ხდება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს არ ათავისუფლებს ვალდებულებისაგან, დააზუსტოს მიწოდებული ინფორმაცია სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის, იმ პირებთან დამაზუსტებელი შეკითხვების დასმის გზით, რომლებიც ფლობენ კონკრეტულ ინფორმაციას, რათა პირთა აღრიცხვის პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად ობიექტურად. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ დაიცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წარმოების პროცედურა, არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე. სადავო ბრძანების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციას და არ დაასაბუთა, რატომ არ იქნა გათვალისწინებული საბრძოლო მოკვლევა. ამასთანავე, არ გამოკვლეულა, ჰქონდა თუ არა ადგილი სამხედრო ჰოსპიტალში კონკრეტულ თარიღებში სამედიცინო პერსონალის აღრიცხვას ან მოხდა თუ არა შვებულებაში მყოფი დასაქმებულების ჰოსპიტალში გამოძახება და მათთვის შვებულების შეწყვეტა. სასამართლოში დაკითხული მოწმის განმარტების მიხედვით, რიგ შემთხვევებში სიაში არ იყო ასახული ის სამედიცინო პერსონალი, რომელიც საომარი მოქმედებების დროს ნამდვილად ასრულებდა ჰოსპიტალში თავის სამსახურებრივ მოვალეობას.

კასატორი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 5 ივნისის Nბს-838-834(კ-17) განჩინებაზე მითითებით თვლის, რომ ნ.დ-სთან მიმართებაში არ უნდა იქნეს გათვალისწინებული მხოლოდ საბრძოლო მოკვლევა და სარწმუნოდ უნდა იქნეს მიჩნეული უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, 2008 წლის აგვისტოს თვეში, რუსეთ-საქართველოს საბრძოლო მოქმედებების პერიოდში, ნ.დ-ის სამსახურებრივი მოვალეობების (.., პაციენტების მიღება და სხვა) შესრულების დაუდასტურებლობის თაობაზე, თუმცა უგულებელყოფს ამავე განჩინებაში არსებულ განმარტებას, რომელიც ვეტერანის სტატუსის მაძიებლის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დადასტურებას შესაძლებლად თვლის ნებისმიერ მტკიცებულებას. კერძოდ, აღნიშნული განჩინებით, ერთი მხრივ, საკასაციო პალატამ ხაზი გაუსვა საბრძოლო მოკვლევას, როგორც სტატუსის მინიჭებისათვის არასაკმარის მტკიცებულებას, ხოლო მეორე მხრივ, მიუთითა, რომ „..კანონმდებლობა ვეტერანის სტატუსის მაძიებელს ანიჭებს ფართო შესაძლებლობას, შესაბამისი სტატუსის მოპოვებისათვის და აძლევს შესაძლებლობას, მათ ხელთ არსებული ნებისმიერი მტკიცებულებით დაადასტურონ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა..“. ამავე გადაწყვეტილებაში საკასაციო პალატამ სადავო სამართალურთიერთობასთან დაკავშირებულ ნორმებზე მითითებით განმარტა, რომ „..სხვა შესაძლო დოკუმენტებში კანონმდებელი მოიაზრებს ნებისმიერ მტკიცებულებას, რომელიც დაადასტურებს ვეტერანის სტატუსის მაძიებლის მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში..“.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, სადავო საკითხის ხელახლა შეფასებისას, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და არსებობის შემთხვევაში, ახალი მტკიცებულებების ერთობლიობით უნდა დაადასტუროს მოსარჩელის საომარ მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი. ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ომში მონაწილეობა არ გულისხმობს საბრძოლო მოქმედებებში პირის მხოლოდ ქმედით ჩართულობას. „..საომარი მოქმედებები კომპლექსურად მიმდინარეობს, სადაც თითოეულ მონაწილეს აღნიშნულ მოქმედებებთან დაკავშირებული გარკვეული ფუნქციის შესრულება ეკისრება. უშუალოდ მებრძოლთა მიერ წარმოებული საბრძოლო აქტივობების გარდა, ომის მიმდინარეობა არსებითად არის დაკავშირებული, მაგალითად, სამედიცინო პერსონალის ეფექტურ მუშაობაზე..“ (სუს 2019 წლის 7 მარტის Nბს-1161(კ-18) განჩინება). საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2019 წლის 27 მარტის NSSVA00006776 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს უნდა დაევალოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე