დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 16.09.2024
საქმის ნომერი
ბს-1049(კ-23)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.09.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1049(კ-23) 16 სექტემბერი, 2024 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მესამე პირი) - დ. ჩ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ლ. ხ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მესამე პირი) - შპს ,,...ის კომპანია“

მოპასუხეები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალდებულება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ხ-ემ 2019 წლის 18 ოქტომბერს სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 ოქტომბრის N..., სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 26 აგვისტოს N..., სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 სექტემბრის N..., სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 სექტემბრის N..., სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 7 აგვისტოს N..., სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 6 ნოემბრის N..., სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 2018 წლის 26 ნოემბრის N..., სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 8 ოქტომბრის N..., სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 27 ნოემბრის N... გადაწყვეტილებები; დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ. ხ-ეზე 2002 წლიდან საკუთრებაში რეგისტრირებული 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ს.კ. ..., მდებარე ...ში, ...ის ქუჩაზე, საკუთრების უფლების ცვლილების რეგისტრაცია ახალი პროექტის ფარგლებში.

წარმოდგენილ სარჩელში მითითებულია, რომ 2002 წლიდან ლ. ხ-ე არის უძრავი ქონების, კერძოდ, 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელიც მდებარეობს ...ში და საკუთრების უფლება რეგისტრირებული აქვს საჯარო რეესტრში. 2002 წლიდან ლ. ხ-ეზე რეგისტრირებული 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 809 კვ.მ მიწა რეგისტრირებულ იქნა ჯერ სახელმწიფო საკუთებაში და შემდგომ შპს ,,...ის კომპანიის" სახელზე, ხოლო 191 კვ.მ ფართი შევიდა დ. ჩ-ზე რეგისტრირებულ მიწის ფართში, რაც არ არის ასახული გადაფარვაში, რადგან ლ. ხ-ეზე საჯარო რეესტრში საკუთრებაში რეგისტრირებული 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე არ განხორციელებულა ცვლილების რეგისტრაცია 2016 წელს ამოქმედებული პროექტის ფარგლებში და არ მომხდარა კოორდინატთა ბადეში ამ მიწის კონტურების განთავსება, მიწის გაორიენტირება და შესაბამისი ცვლილების განხორციელების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, მიუხედავად იმისა, რომ დღესაც მიწის ნაკვეთი აღრიცხულია ლ. ხ-ის სახელზე, ამ მიწის ნაკვეთის ნაწილი შპს ,,...ის კომპანიის" სახელზე, ხოლო ნაწილი დ. ჩ-ის საკუთრებადაა არასწორად რეგისტრირებული.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩართულ იქნენ დ. ჩ-ი და შპს ,...ის კომპანია". ხოლო 2020 წლის 29 ივლისის განჩინებით ახალციხის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებულ ადმინისტრაციულ №3248724-3/218-19წ. საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 ოქტომბრის N... გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 26 აგვისტოს N... გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 სექტემბრის N... გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 სექტემბრის N... გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 7 აგვისტოს N... გადაწყვეტილება. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 6 ნოემბრის N... გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 2018 წლის 26 ნოემბრის N... გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 27 ნოემბრის N... გადაწყვეტილება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ხ-ემ, დ. ჩ-მა და შპს ,,...ის კომპანიამ".

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ნოემბრის განჩინებით ლ. ხ-ის, დ. ჩ-ის და შპს ,,...ის კომპანიის" სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ნოემბრის განჩინება დ. ჩ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ როგორც მოსარჩელე მხარეს, ისე მესამე პირებს გააჩნიათ უფლების დამდგენი დოკუმენტები; მოსარჩელის საკუთრების პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 25.03.2002 წელს. მის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთი კი 06.06.2002 წლიდან წარმოადგენდა დ. ჩ-ის საკუთრებას, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 ნოემბრის N... გადაწყვეტილებით დაზუსტდა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ...ში, ... ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: ...) საკადასტრო მონაცემები და უძრავ ნივთს მიენიჭა საკადასტრო კოდი - ...; აღნიშნული ქონება დარეგისტრირდა დ. ჩ-ის საკუთრებად. სასამართლოს არ უმსჯელია იმ საკითხზე, რომ დ. ჩ-ის მიერ 2014 წლიდან მიმდინარეობდა დავა ნ. გ-თან და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან, როგორც ადმინისტრაციული, ისე სამოქალაქო წესით, რისი დასრულების შემდგომაც, უძრავი ქონება 2017 წელს დარეგისტრირდა კასატორის საკუთრებაში. კასატორის მიერ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, მდებარე: ...ი, ...ის ქ. 1000 კვ.მ ფართით, საკ. კ. ..., რეგისტრირებულ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, კანონიერად, მოქცეულია წითელ ზოლებში და მასში არ შედის ლ. ხ-ის საკუთრებიდან 191 კვ.მ ფართი.

კასატორის განმარტებით, მართალია, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მიუთითეს, რომ მესამე პირებსაც გააჩნიათ უფლების დამდგენი დოკუმენტები, თუმცა მიიჩნიეს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უძრავი ქონებების რეგისტრაციის დროს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც არასწორია, ვინაიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 16 ნოემბრის N02/8834 წერილით და უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი N...-ით დადგინდა, რომ დათვალიერებულ იქნა დ. ჩ-ის მიწის ნაკვეთი მდებარე ...ი, ...ის ქუჩის მიმდებარედ, ს.კ. ... და დადგინდა, რომ დ. ჩ-ის საჯარო რეესტრის ამონაწერში ასახული მიწის ნაკვეთი იდენტურია აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთთან. შესაბამისად, სხვა უფლების დამდგენ დოკუმენტებთან ერთად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის გამოკვლეული და შეფასებულია ყველა დოკუმენტი, რაც მოცემული ქონების რეგისტრაციისათვის იყო საჭირო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით დ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მესამე პირის - დ. ჩ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (მისამართი: ...ი, ...ის ქუჩის მიმდებარედ, ს.კ. ...) რეგისტრაციის ბათილად ცნობის კანონიერების შემოწმება.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

ბორჯომის რაიონში, ...ში, ...ი ქუჩაზე მდებარე არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების 27 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა ს.კ. ... 21.02.2002წ-დან წარმოადგენდა შპს „ს...ის“ საკუთრებას.

2002 წლის 18 მარტის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ლ. ჩ-მა შპს „ს...ი-სგან“ იყიდა 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე: ბორჯომის რაიონი, ...ი, ...ის ქუჩა, ს.კ. .... მიწის სააღრიცხვო ბარათით და ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ბორჯომის რაიონი, ...ი, ...ის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს.კ. ..., ნაკვეთის წინა N130, 25.03.2002 წლიდან წარმოადგენს ლ. ჩ-ის საკუთრებას.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2011 წლის 12 დეკემბრის ... დასკვნის თანახმად, ლ. ჩ-ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა და საქართველოს მოქალაქის პასპორტი გაუქმდა ყალბი გვარის, მამის სახელის და დაბადების თარიღის მიზეზის მითითებით და გაიცა პირადობის მოწმობა ლ. ხ-ის სახელზე, დაბადების თარიღით- ... წლის ... ... .

2012 წლის 14 მარტს ლ. ხ-ემ №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ცვლილების რეგისტრაცია, რაზეც 2012 წლის 7 ნოემბერს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ განცხადებით მოთხოვნილი უძრავი ნივთის დოკუმენტები საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ, რის გამოც აღნიშნული დოკუმენტაცია გადასამოწმებლად გადაიგზავნა იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა გენერალური ინსპექციიდან პასუხის მოსვლამდე.

2013 წლის 7 მარტს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო სამმართველოს №... წერილის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გაგზავნილი ყველა დოკუმენტაცია გაიგზავნა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში, ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... წერილით აღნიშნული დოკუმენტაცია გადაგზავნილ იქნა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის №13/34-48717 წერილის თანახმად, დოკუმენტაცია სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურიდან გადაიგზავნა ახალციხის რაიონულ პროკურატურაში გამოსაკვლევად. ამდენად სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურიდან ან/და ახალციხის რაიონული პროკურატურიდან პასუხის მიღებამდე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლიას 9 იანვრის N02/87 წერილით და უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი N...-ით დადგინდა, რომ დათვალიერებულ იქნა ლ. ხ-ის მიწის ნაკვეთი მდებარე ...ი, ...ის ქუჩის მიმდებარედ, ს.კ. ... და დაადგინა, რომ ლ. ხ-ის მიწის სააღრიცხვო ბარათი იდენტურია აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთისა.

2019 წლის 22 ივლისს ლ. ხ-ის წარმომადგენელმა ჯ. ხ-მა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისში დამატებით წარადგინა განცხადება №... სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოების განახლების მოთხოვნით. ასევე დაინტერესებულმა პირმა მიუთითა, რომ №... სარეგისტრაციო წარმოებაზე დართულ იქნეს №... სარეგისტრაციო წარმოების ყველა მასალა.

მარეგისტრირებელმა ორგანომ 2019 წლის 26 აგვისტოს მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით 2019 წლის 26 აგვისტოს მომზადებული სიტუაციური ნახაზის თანახმად ფიქსირდებოდა ზედდება ... (მესაკუთრე დ. ჩ-ი) და ... (მესაკუთრე შპს „...ის კომპანია“) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებთან. ასევე, დაინტერესებულ პირს განემარტა სანოტარო მედიაციის ზოგადი წესი, მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ან დავის არსებობის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგები.

მარეგისტრირებელმა ორგანომ 2019 წლის 25 სექტემბერს მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.

2019 წლის 24 სექტემბერს და 2019 წლის 7 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა ლ. ხ-ის წარმომადგენლების ადმინისტრაციული საჩივრები 2019 წლის 26 აგვისტოს №... და 2019 წლის 25 სექტემბრის №... გადაწყვეტილებების გაუქმების თაობაზე, თუმცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 ოქტომბრის N... გადაწყვეტილებით ლ. ხ-ის წარმომადგენლებს უარი ეთქვათ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

2018 წლის 26 აპრილს ლ. ხ-ემ №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს და სამოქალაქო რეესტრის 2011 წლის 12 დეკემბრის N... დასკვნის საფუძველზე მოითხოვა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემებში უფლების სუბიექტის და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია, რაზეც 2018 წლის 29 ნოემბერს სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც ...ი, ...ის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, წინა ნომრით ..., დარეგისტრირდა ლ. ხ-ის სახელზე დაუზუსტებელი მონაცემით.

2019 წლის 18 იანვარს ლ. ხ-ემ №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე - ბორჯომი, ...ი, ...ის ქუჩა. 2019 წლის 24 თებერვალს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით მომზადებული სიტუაციური ნახაზის თანახმად ფიქსირდებოდა ზედდება ... (მესაკუთრე დ. ჩ-ი) და ... (მესაკუთრე შპს „...ის კომპანია“) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებთან, ასევე წარმოებაში არსებულ №... განცხადებაზე (დაინტერესებული პირი ნ. გ-ი) წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან. ამასთანავე, დაინტერესებულ პირს განემარტა სანოტარო მედიაციის ზოგადი წესი. ზედდების გამო მედიაცია სანოტარო ბიუროში დაინიშნა ორჯერ: 2019 წლის 20 მარტს 15:00 საათზე და 10 აპრილს 14:00 საათზე.

2019 წლის 21 ივნისს ნოტარიუსმა წარმოადგინა ინფორმაცია სანოტარო მედიაციის შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან დანიშნულ დროს პირველ მედიაციაზე გამოცხადდა მხოლოდ ლ. ხ-ის წარმომადგენელი ჯ. ხ-ი, ხოლო დაინტერესებული პირები: დ. ჩ-ი და შპს „...ის კომპანია“ არ გამოცხადდნენ. 2019 წლის 8 ივლისს ნოტარიუსმა წარმოადგინა ინფორმაცია სანოტარო მედიაციის შეწყვეტის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ დანიშნულ დროს მეორე მედიაციაზე დაინტერესებული პირები სანოტარო ბიუროში არ გამოცხადებულან, ხოლო შპს „...ის კომპანიის“ წარმომადგენლისგან ე. ჩ-ისგან ელექტრონული ფოსტის საშუალებით გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ კომპანიას მიზანშეწონილად არ მიაჩნია გაფორმებულ იქნეს რაიმე სახის მედიაციის შეთანხმება. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებებით დაინტერესებულ პირს განესაზღვრა 30 კალენდარული დღის ვადა ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტის, კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარსადგენად.

2019 წლის 7 აგვისტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილება ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი. მარეგისტრირებელი ორგანოს 2019 წლის 7 აგვისტოს №... გადაწყვეტილებაზე, 2019 წლის 23 აგვისტოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილი იქნა ლ. ხ-ის წარმომადგენლების ადმინისტრაციული საჩივარი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 სექტემბრის N... გადაწყვეტილებით უარი ეთქვათ ლ. ხ-ის წარმომადგენლებს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... (07.08.2019) გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 6 ნოემბრის N... გადაწყვეტილებით ბორჯომში, ...ში ...ის ქუჩის მიმდებარედ არსებულ 809 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) განხორციელდა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 19 ნოემბრის N148/ო ბრძანებით შპს „...ის კომპანიის“ კაპიტალში შეტანილ იქნა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ...ში ...ის ქუჩის მიმდებარედ არსებული 809 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...).

2018 წლის 19 ნოემბერს შპს „...ის კომპანიამ“ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა საწესდებო კაპიტალში შეტანის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ბორჯომი, ...ი, ...ის ქუჩის მიმდებარედ, რაზეც მარეგისტრირებელი ორგანოს 2018 წლის 26 ნოემბრის N... გადაწყვეტილებით განხორციელდა შპს „...ის კომპანიის“ სახელზე რიცხული ბორჯომში, ...ში ...ის ქუჩის მიმდებარედ არსებული 809 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია.

2002 წლის 18 მარტის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ დ. ჩ-მა შპს „ს...ისგან“ იყიდა 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე: ბორჯომის რაიონი, ...ი, ...ის ქუჩა. ს.კ. .... მიწის სააღრიცხვო ბარათით და ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ ბორჯომის რაიონი, ...ი, ...ის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს.კ. ..., ნაკვეთის წინა N130, 06.06.2002 წლიდან წარმოადგენს დ. ჩ-ის საკუთრებას.

2012 წლის 10 იანვარს დ. ჩ-მა განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და ითხოვა უძრავ ნივთზე, მდებარე ბორჯომის რაიონი, ...ი, ...ი ქუჩა, რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. 2013 წლის 7 მარტს მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების 11 შეჩერების შესახებ N... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ დოკუმენტაცია გაგზავნილი იყო ახალციხის რაიონულ პროკურატურაში გამოსაკვლევად, შესაბამისად, პასუხის მიღებამდე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება.

მარეგისტრირებელმა ორგანომ 2017 წლის 29 სექტემბერს N... წერილით ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობას გადაუგზავნა დ. ჩ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და ითხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 16 ნოემბრის N02/8834 წერილით და უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი N...-ით დადგინდა, რომ დათვალიერებულ იქნა დ. ჩ-ის მიწის ნაკვეთი ...ში, ...ის ქუჩის მიმდებარედ, ს.კ. ... და დადგინდა, რომ დ. ჩ-ის საჯარო რეესტრის ამონაწერში ასახული მიწის ნაკვეთი იდენტურია აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთთან.

რეგისტრაციის შესახებ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2017 წლის 27 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით დაზუსტდა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ...ში, ... ქუჩაზე მდებარე არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: ...) საკადასტრო მონაცემები, უძრავ ნივთს მიენიჭა საკადასტრო კოდი ... და დარეგისტრირდა დ. ჩ-ის საკუთრებად.

2019 წლის 22 აგვისტოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა ლ. ხ-ის წარმომადგენლების განცხადება 2018 წლის 6 ნოემბრის N..., 2018 წლის 26 ნოემბრის N... გაუქმების, 2017 წლის 27 ნოემბრის N... გადაწყვეტილების ნაწილობრივ 191 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში ბათილად ცნობის, სარეგისტრაციო საქმე N...-ის წარმოების განახლების და საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.

2019 წლის 26 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს N... გადაწყვეტილებით ლ. ხ-ის წარმომადგენელს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე რეგისტრაციის შესახებ N... (06.11.2018), N... (26.11.2018) და ... (27.11.2017) გადაწყვეტილებების გაუქმების ნაწილში. ხოლო 2019 წლის 20 სექტემბრის N... გადაწყვეტილებით ლ. ხ-ის წარმომადგენლებს უარი ეთქვათ 2019 წლის 22 აგვისტოს N... ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

2019 წლის 7 ოქტომბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართეს ლ. ხ-ის წარმომადგენლებმა ნ. გ-ემ და ჯ. ხ-მა და ითხოვეს 2018 წლის 6 ნოემბრის N..., 2018 წლის 26 ნოემბრის N..., და 2017 წლის 27 ნოემბრის N... გადაწყვეტილებების გაუქმება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 8 ოქტომბრის N... გადაწყვეტილებით უარი ეთქვათ ლ. ხ-ის წარმომადგენლებს ნ. გ-ესა და ჯ. ხ-ს №... (07.10.2019) ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, ვინაიდან საჩივარში მითითებულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ამასთან რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს.

მითითებული კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილების, ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრებისა და მათში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

ზემოაღნიშნული კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია საკუთრების უფლების რეგისტრაციის ეტაპზე, მოიძიოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის, თავად გამოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ცნობები.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. მითითებული კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს. 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.

საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლებას. საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლება არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. იგი წარმოადგენს მთელი რიგი ქონებრივი ურთიერთობებისა და სხვაგვარი სამართლებრივი შედეგების წარმოშობის უმთავრეს წინაპირობას. ამასთან, საკუთრების უფლების დაცულობის უზრუნველყოფის საჭიროება არ არის ფორმალური და სწორედ აღნიშნული წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედს, რამდენადაც საკუთრების უფლების დაცვით მიღწეული უფლების ქმედით რეალიზებაზეა დამოკიდებული საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებულ ადამიანის მთელ რიგ უფლებათა შემდგომი განხორციელება. საკუთრების უფლების გარანტირებულობა და მისი კონსტიტუციური მოწესრიგება განაპირობებს, მათ შორის პირის შესაძლებლობას, საკუთარი სურვილის შესაბამისად, თავისუფალი ნების საფუძველზე განკარგოს და შეიძინოს ქონებრივი უფლებები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკუთრების უფლება აღიარებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო აქტებითაც; კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რომელიც ადგენს, რომ ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. ევროპული კონვენციის აღნიშნული დებულება „უზრუნველყოფს უფლებას არსებულ ქონებაზე, რაც ასევე მოიცავს მოთხოვნებს, რომლის საფუძველზეც განმცხადებელს აქვს საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის მოპოვების მინიმუმ „ლეგიტიმური მოლოდინი“ (მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ (Maurice v. France), No. 11810/03, 6.10.03; პლეხანოვი პოლონეთის წინააღმდეგ (Plechanow v. Poland), No. 22279/04, 7.7.09). საკუთრების ცნება არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკურ საგნებზე საკუთრების უფლებით. „...ზოგიერთი სხვა უფლება და სარგებელი, რომელიც ქმნის ქონებას, ქონებრივი ღირებულებები, მათ შორის უფლება მოთხოვნაზე, რაც კანონიერი მოლოდინის საფუძველზე წარმოიშობა და პირის საკუთრების ეფექტურ გამოყენებას განაპირობებს, შესაძლოა განხილულ იქნეს როგორც საკუთრება და უფლება საკუთრებაზე” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30.07.2010წ. N1/5/489-498 განჩინება, II-2).

საკუთრება მოიცავს როგორც მატერიალურად არსებულ ქონებას, ასევე აქტივებს (ქონებრივ უფლებებს), მათ შორის მოთხოვნებს, რომელთა მიმართაც მომჩივანს შეუძლია ამტკიცოს, რომ აქვს საკუთრებით სარგებლობის გაგრძელების შესაძლებლობის სულ მცირე გონივრული და ლეგიტიმური მოლოდინი (Hamer v. Belgium, no.21861/03, §§75, 76, ECHR 2007-V(extracts)). „საკუთრების უფლების კანონიერებას საფუძველშივე განსაზღვრავს მისი კანონიერად შეძენის ფაქტი. ზუსტად ეს გარემოებაა გადამწყვეტი კანონიერი საკუთრების უფლების არსებობისთვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-14 ).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზოგადად, საკუთრების უფლებით სრულყოფილად სარგებლობა და მისი ეფექტური დაცვა მჭიდროდ არის დაკავშირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან, მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელებასთან. ნიშანდობლივია, რომ მართლმსაჯულების არსი ყველა შემთხვევაში კანონიერ და სამართლიან გადაწყვეტილებებში ვლინდება. ცხადია, სიმართლის დადგენა არც ერთადერთი, და არც ნებისმიერი შესაძლო გზით დაცვადი ინტერესია, თუმცა მართლმსაჯულების მიზნის მისაღწევად, „...პროცესი უნდა ავლენდეს სიმართლის დადგენის მაქსიმალურ ძალისხმევას. ჭეშმარიტება აშკარად უნდა ვეძებოთ, როცა „სიმართლის პოვნა“ ან „სიმართლისა და სამართლიანობის“ მიღწევა არის პროცესის გაცხადებული მიზნები“ (იხ.Thomas Weigend, Should We Search for the Truth, and Who Should Do It, North Carolina Journal of International Law and Commercial Regulation, 2011, p.390).

მოცემული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების მსჯელობას, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ მოცემულ დავაში ერთმანეთს უპირისპირდება დაინტერესებულ მხარეთა რეგისტრციები, რამეთუ ადგილი ჰქონდა ერთ-ერთი უფლების ხარვეზით რეგისტრაციას, აღნიშნული კი მეტწილად განპირობებული იყო უძრავი ქონების კადასტრული მონაცემების სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა სისტემაში აღრიცხვით, რაც განაპირობებდა უფლების დუბლირებას. გარდა აღნიშნულისა, პალატა მიუთითებს, რომ სსიპ საჯარო რეესტრისთვის ჯერ კიდევ დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრაციის მომენტიდან ცნობილი იყო ლ. ხ-ის და დ. ჩ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთების ურთიერთმდებარეობა. ამასთან, სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდგომ საკითხის შესწავლისას შესაბამისი კომისიის მიერ დადგინდა სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის მცდარობა და მიწის ნაკვეთი ამოირიცხა სახელმწიფო საკუთრებიდან. ამასთან, მოსარჩელეს არ გაუკეთებია განაცხადი საკუთრების უფლების მიტოვების თაობაზე, მისი საკუთრების უფლება რეგისტრირებულია დაუზუსტებელი მონაცემებით და ასევე არსებობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი აქტი მიწის ნაკვეთის იდენტურობის თაობაზე. აღნიშნულის მიუხედავად, მარეგისტრირებელმა ორგანომ დ. ჩ-ის დაზუსტებული რეგისტრაცია, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში მიწის ნაკვეთის ხელახალი რეგისტრაცია და შპს ,,...ის კომპანიის" სახელზე შემდგომი რეგისტრაცია ისე განახორციელა, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება ფაქტობრივად მოიქცა მესამე პირების საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საზღვრებში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როდესაც საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დავებში ერთმანეთს უპირისპირდება რამდენიმე დაინტერესებული მხარის უფლება, სამართალურთიერთობა ექცევა სასამართლო კონტროლის ფარგლებში, რა დროსაც სასამართლოს მხრიდან მაქსიმალური სიფრთხილითა და მტკიცებულებათა ზედმიწევნითი გადამოწმებით უნდა მოხდეს საქმის გარემოებების შეფასება, რათა გამოვლინდეს დაცვის ღირსი უფლება და უზრუნველყოფილ იქნეს მისი რეალიზაცია.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.), მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.

განსახილველი საკითხის ფარგლებში, მარეგისტრირებელმა ორგანომ შესაძლებლად მაქსიმალური სიზუსტით უნდა დაადგინოს მიწის ნაკვეთების ზუსტი მდებარეობა და საზღვრები. ამჟამად მოქმედი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთარი ინიციატივით შეცვალოს დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით ან/და საკადასტრო აღწერის შედეგად დადგინდა რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან შეუსაბამობა და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. ამასთან, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 61 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ლ. ხ-ის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო განაცხადთან დაკავშირებით არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები სრულყოფილად, რაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველია, მით უფრო იმ პირობებში, რომ სახეზეა ფაქტობრივი გარემოება, რომლის თანახმადაც 2002 წლის 25 მარტს ლ. ხ-ის სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაცია ძალაშია, ასევე არ გასაჩივრებულა ის უფლების დამდგენი დოკუმენტი რომლის საფუძველზეც განხორციელდა მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ლ. ხ-ის საკუთრების, თუნდაც დაუზუსტებელი რეგისტრაციის პირობებში, აბსტრაქტული სახით არსებობა, მით უფრო, რომ თავად ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი ვერ მიუთითებს ლ. ხ-ის მიწის ნაკვეთის სხვა მდებარეობით არსებობის შესაძლებლობაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრისთვის ჯერ კიდევ დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრაციის მომენტიდან ცნობილი უნდა ყოფილიყო ლ. ხ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის შესახებ, შემდგომი რეგისტრაციები განახორციელა ისე, რომ გამოიწვია ლ. ხ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გადაფარვა.

საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. ვინაიდან არც მოსარჩელის და არც მესამე პირთა მიერ წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტები არ არის სადავოდ გამხდარი, მოცემულ დავასთან დაკავშირებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა შეისწავლოს ლ. ხ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, შეაფასოს რეგისტრაციის კანონით დადგენილი საფუძვლების არსებობა და საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ მიიღოს სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

პალატა დამატებით განმარტავს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს ზუსტად უნდა განესაზღვრა მესამე პირების დ. ჩ-ისა და შპს ,,...ის კომპანიის“ საკუთრების ადგილმდებარეობა, კოორდინატები, კონფიგურაცია და საზღვრები, რომლის მეშვეობითაც გამოირიცხებოდა სხვა პირთა უფლებების შელახვა. ამასთან, სარეგისტრაციო სამსახურს ადმინისტრაციული წარმოების დროს სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია უნდა შეედარებინა რეესტრის სამსახურში დაცულ საკადასტრო მონაცემებთან; დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთის კოდი, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა და განესაზღვრა მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთის საზღვრები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. დ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ნოემბრის განჩინება;

3. ლ. მ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს კასატორის - დ. ჩ-ის საკასაციო საჩივარზე 2023 წლის 23 ოქტომბერს №2548 ქვითრით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე