დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 24.12.2024
საქმის ნომერი
ბს-966(კ-24)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.12.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-966(კ-24) 24 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა.ლ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 30 ივნისს ა.ლ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 10 მაისის №1511 განკარგულების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის (ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე, ..., მე-3 მ/რ-ის მოპირდაპირედ ნაკ. №...-ის მიმდებარედ საერთო ფართობი 987კვ.მ. საკუთრების უფლებით აღიარების თაობაზე) გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 გადაწყვეტილებით ა.ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 10 მაისის №1511 განკარგულება; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის ქუჩაზე, ..., მე-3 მ/რ-ის მოპირდაპირედ ნაკ. №...-ის მიმდებარედ საერთო ფართობი 987კვ.მ) აღიარებულ იქნება მოსარჩელის საკუთრების უფლება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა.ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 10 მაისის №1511 განკარგულება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის ქუჩაზე, ..., მე-3 მ/რ-ის მოპირდაპირედ ნაკ. №...-ის მიმდებარედ საერთო ფართობი 984 კვ.მ) აღიარებულ იქნება მოსარჩელის საკუთრების უფლება. დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სააპელაციო სასამართლოში 2024 წლის 7 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე (12:34:08 სთ) მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) მიერ სასარჩელო მოთხოვნის შემცირების ფაქტზე, რომლის შემდგომ მოთხოვნა ჩამოყალიბდა შემდეგი ფორმით: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის ქუჩაზე, ..., მე-3 მ/რ-ის მოპირდაპირედ ნაკ. №...-ის მიმდებარედ საერთო ფართობი 984 კვ.მ.) აღიარებულ იქნება მოსარჩელის საკუთრების უფლება. ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების (საქმე №ბს-562(კ-20)) აღსრულების მიზნით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 10 მაისის №1511 განკარგულებით, მოსარჩელეს კვლავ უარი ეთქვა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის აღიარებაზე. აღნიშნა, რომ ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) მიერ შემცირდა სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომლითაც მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ვრცელდებოდა სატრანსპორტო ზონა (3 კვ.მ. ნაწილში), სახეზე არ არის ასაღიარებელი ნაკვეთის ნაწილის სატრანსპორტო ზონაში მოქცევის გამო, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი. ყურადღება გაამახვილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების (საქმე №ბს-562(კ-20)) შინაარსზე, რომლის აღსრულების მიზნითაც ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოსცა სადავო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 10 მაისის №1511 განკარგულება. მითითებული გადაწყვეტილებით, საკასაციო პალატამ, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, დადგენილად მიიჩნია, რომ ა.ლ-ე დაეუფლა თავის საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე 987 კვ.მ. მიწის ნაკვეთს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე და კვლავ განაგრძობდა მისით სარგებლობას. განჩინებაში ასევე მიეთითა, რომ სახელმწიფო ქონების გამიჯვნა სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებად არ უკარგავს პირს საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლზე და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება მასზე, რომ სადავო განკარგულებით რეალურად არ არის შესრულებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი აუცილებელი პირობები და სადავო აქტის გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას მოპასუხის მიერ არსებითად იმავე ფაქტებზე და გარემოებებზე იქნა მითითებული, რაზეც სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია მსჯელობა. საქმეში არსებული მასალების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელე კანონის ამოქმედების დროისათვის, ფლობდა და სარგებლობდა უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთით (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის ქუჩაზე, ..., მე-3 მ/რ-ის მოპირდაპირედ ნაკ. №...-ის მიმდებარედ საერთო ფართობი 984 კვ.მ) და განმარტა, რომ არ არსებობდა საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელის მიერ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე შემცირდა სასარჩელო მოთხოვნა (3 კვ.მ. ნაწილში) მართებულად მიიჩნია ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის ქუჩაზე, ..., მე-3 მ/რ-ის მოპირდაპირედ ნაკ. №...-ის მიმდებარედ საერთო ფართობი 984 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის დამატებითი გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ა.ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ნაწილის ანაზღაურება. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 37-ე მუხლები და წარმომადგენლის მიერ სააპელაციო სასამართლოში გაწეული სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით, ადმინისტრაციულ ორგანოს დააკისრა სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით ადვოკატის დახმარებისათვის გადახდილი თანხის ნაწილის - 500 ლარის ანაზღაურება ფიზიკური პირის სასარგებლოდ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება და 2024 წლის 10 აპრილის დამატებითი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

კასატორის მსჯელობით, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. წარდგენილი დოკუმენტაციის და ორთოფოტოების (აეროფოტოგადაღების) საფუძველზე კასატორი დადგენილად მიიჩნევს, რომ განმცხადებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი, მოთხოვნილი კონფიგურაციით არ არის შემოსაზღვრული სასაზღვრო მიჯნით „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მიწის ნაკვეთის არსებობა კი თავისთავად არ წარმოშობს ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს. წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ დადგენილი გარემოება არ იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ა.ლ-ე კანონის ამოქმედებამდე დაუფლებული იყო მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს და იყენებდა მას როგორც საკუთარს, რაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების აუცილებელი წინაპირობაა. მიიჩნევს, რომ სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის 2023 წლის 27 აპრილის N27 ოქმის საფუძველზე, ამავე კომისიის 2023 წლის 10 მაისის N1511 განკარგულებით უარი ეთქვა ა.ლ-ეს 987.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღასრულა სათანადოდ და მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენება თავისთავად არ გულისხმობს განმცხადებლისათვის მისაღები გადაწყვეტილების მიღებას. ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელე მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოში სასარჩელო მოთხოვნის შემცირებაზე, რომლითაც მოიხსნა სატრანსპორტო ზონის საკითხი და განმარტავს, რომ არც ერთი ინსტანციის სასამართლოს არსებითად არ უმსჯელია ფლობა - სარგებლობასთან და მიწის ნაკვეთის ერთიან მიჯნაში მოქცევასთან დაკავშირებით. განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა არ არის გამყარებული მტკიცებულებებით და დღევანდელი მდგომარეობით არ დასტურდება მოთხოვნილი მიწის ნაკვეთზე მყარი სასაზღვრო მიჯნის არსებობის ფაქტი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილებასთან ერთად კასატორი ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 აპრილის დამატებით გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს დაეკისრა ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება. მიიჩნევს, რომ რამდენადაც აქტის ბათილად ცნობის და ახალი აქტის გამოცემის მოთხოვნის ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება არის უსაფუძვლო, ასევე უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 აპრილის დამატებით გადაწყვეტილება ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურების ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2001 წლის 27 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ა.ლ-ე რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე, ..., მე-3 მ/რის მოპირდაპირედ მდებარე 1256 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ 2001 წლიდან (ს/კ ...).

2017 წლის 28 ივლისს ა.ლ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკუთრებაში რიცხული 1256 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებულ 1240 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დარეგისტრირების მოთხოვნით. მარეგისტრირებელი ორგანოს 2017 წლის 17 აგვისტოს მიმართვით განცხადება განსახილველად გადაეგზავნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. კომისიაში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოებისას ა.ლ-ემ დააზუსტა მოთხოვნა და წარადგინა ახალი საკადასტრო ნახაზი 987 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების მიზნით.

საქმეში წარმოდგენილია მოქალაქეების - ი.ბ-ის, ტ.ს-სა და მ.შ-ას ნოტარიული წესით დამოწმებული განცხადებები, რომლითაც ადასტურებენ, რომ ა.ლ-ე 2001 წლიდან დღემდე ფლობს და სარგებლობს 1240.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთით და მასზე განთავსებული 2002 წელს აშენებული ... შენობა - ნაგებობებით, მდებარე ქ.თბილისი, ...ის ქუჩა, ..., მე-3 მ/რ,-ის მიმდებარედ და არ არიან წინააღმდეგნი ხსენებული მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა - ნაგებობა დაკანონდეს ა.ლ-ის სახელზე.

2010 წლის 19 მარტის აუდიტორულ დასკვნაში (დამოუკიდებელი აუდიტორი ზოგად აუდიტში ,,...“) მითითებულია, რომ ა.ლ-ის მიერ წარდგენილ, მისივე მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ქ.თბილისი, ...ის ქუჩა, ..., მე 3 მ/რ,-ის მიმდებარედ) განთავსებული ... პუნქტი და შენობა წარმოადგენს ...სა და ნაკეთობებისაგან შექმნილ კონსტრუქციულ სივრცეს, რომელიც გრუნტთან ფუნდამენტის საშუალებით უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით და წარმოადგენს კაპიტალურ შენობა - ნაგებობებს.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 29 ოქტომბრის №007514718 დასკვნაში მითითებულია, რომ 2017 წლის 03 ნოემბერს შპს ,,ა...ის“ მიერ მომზადებული საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე არსებული 987 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ძირითადი ნაწილი არ ექცევა სატრანსპორტო ზონაში, მხოლოდ j წერტილში ხსენებული მიწის ნაკვეთის მცირედი ნაწილი <<0,3 მ-ით, >>3,0 კვ.მ. ფართის ოდენობით მოიცავს სატრანსპორტო ზონას. 2017 წლის 03 ნოემბერს შპს ,,ა...ის“ მიერ მომზადებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე არსებული 987 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილი შემოსაზღვრულია მყარი მავთულბადის ღობით. კერძოდ, ღობე ფაქტობრივი მდგომარეობით მოწყობილია ხსენებული მიწის ნაკვეთის D და B გარდატეხის წერტილებსა და H და I წერტილებს შორის. ამასთან აღსანიშნავია, რომ ღობე არ წყდება ხსენებულ წერტილებთან და გრძელდება საკვლევი მიწის ნაკვეთის ირგვლივ არსებულ ტერიტორიაზე (წრიულად). კერძოდ, ფაქტობრივი მდგომარეობით ერთ ღობის ქვეშ ექცევა, როგორც საკვლევი 987 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ასევე საჯარო რეესტრში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამხრეთის ძირითადი ნაწილი (ხსენებული მიწის ნაკვეთები მოქცეულია ერთი ღობის შიგნით). აღნიშნული ღობე (სრულად) ფიქსირდება საჯარო რეესტრში დაცულ 2005 წლის ორთოფოტოზე. შესაბამისად, ხსენებული ღობე 2005 წლამდე ან მიმდინარე პერიოდში არის მოწყობილი.

დადგენილია, რომ კომისიის 2018 წლის 28 თებერვლის №339 განკარგულებით ა.ლ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია შემდეგი: არ დადასტურდა ა.ლ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე; მიწის ნაკვეთი არ იყო შემოსაზღვრული მყარი სასაზღვრო მიჯნით კანონის ამოქმედებამდე; მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით მოქცეული იყო სატრანსპორტო ზონაში (ტზ-1), ამასთანავე, მიწის ნაკვეთი მოქცეული იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკადასტრო ერთეულის საზღვრებში, ხოლო სსიპ ქონების მართვის სააგენტომ მიზანშეუწონლად მიიჩნია მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ნაკვეთის საზღვრების კორექტირება.

საქმის მასალების თანახმად, ა.ლ-ემ 2018 წლის 11 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, კომისიის 2018 წლის 28 თებერვლის N339 განკარგულების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 28 თებერვლის N339 განკარგულება და კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ა.ლ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ა.ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ ისტორიულ წინამძღვრებზე, რამაც გამოიწვია თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებული ურთიერთობების წარმოშობა, მიუთითა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე და დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიწის ნაკვეთი თვითნებურად, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, დაიკავა 2001 წელს, კანონი ამოქმედდა 2007 წელს და იგი მხოლოდ ამ მცირე (დაახლოებით 6 წლიანი) პერიოდის მანძილზე ფლობის მოტივით ითხოვს საკუთრების უფლების აღიარებას, რაც მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების თანახმად, შესაძლებელია თუმცა აღიარებას გამორიცხავს მიწის ნაკვეთის მუნიციპალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა.ლ-ის მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით (საქმე №ბს-562(კ-20)) ა.ლ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა.ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 28 თებერვლის №339 განკარგულება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა.

საკასაციო პალატამ მითითებულ გადაწყვეტილებაში გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ა.ლ-ე დაეუფლა თავის საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე 987 კვ.მ. მიწის ნაკვეთს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე და კვლავ განაგრძობდა მისით სარგებლობას. გადაწყვეტილებაში მიეთითა ასევე, რომ სახელმწიფო ქონების გამიჯვნა სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებად არ უკარგავს პირს საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას. რაც შეეხება ასაღიარებელი ნაკვეთის ნაწილის სატრანსპორტო ზონაში მოქცევას, საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 01.11.2018წ. დასკვნის თანახმად, 987 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ძირითადი ნაწილი არ ექცევა სატრანსპორტო ზონაში, მიწის ნაკვეთის მხოლოდ მცირედი ნაწილი (>>0,3 მ-ით, >>3,0 კვ.მ. ფართის ოდენობით) მოიცავს სატრანსპორტო ზონას. შესაბამისად, უზენაესი სასამართლოსთვის გაურკვევლად იქნა მიჩნეული კომისიის მიერ ა.ლ-ის მოთხოვნის სრულად უარყოფის საფუძვლები.

დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების (საქმე №ბს-562(კ-20)) აღსრულების მიზნით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 10 მაისის №1511 განკარგულებით კვლავ უარი ეთქვა მოსარჩელეს მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის აღიარებაზე. განკარგულებაში მიეთითა, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა ა.ლ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობით, წარდგენილი დოკუმენტაციისა და ორთოფოტოების საფუძველზე განმცხადებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი, მოთხოვნილი კონფიგურაციით არ არის შემოსაზღვრული სასაზღვრო მიჯნით „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე, საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მიწის ნაკვეთის არსებობა კი ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობით თავისთავად არ წარმოშობს ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს.

საკასაციო საჩივარზე მსჯელობის მიზნით, პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელმაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისებისა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაადგინა კერძო პირების მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების მათ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა და მისი რეალიზების ძირითადი პირობები. მითითებული კანონის მიზნის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მისი მიღების პერიოდისათვის არსებული ფაქტობრივი თუ სამართლებრივი რეალობა. აღნიშნული კანონის მიღებით კანონმდებელმა წაახალისა კერძო ინიციატივა და მოახდინა არსებული მიწის რესურსის ათვისების სტიმულირება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ. ხსენებული კანონის საფუძველზე, ფიზიკურ პირებს და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს მიენიჭათ უფლება დადგენილი წესით და დადგენილი წინაპირობების არსებობისას მოეხდინათ საკუთრების უფლების აღიარება. ზემოაღნიშნული კანონის მიღებით, მიწის ფონდის ათვისების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფომ დაადგინა სახელმწიფო ქონების - მიწის ნაკვეთების პრივატიზების გარკვეული შეღავათების შემცველი რეჟიმი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის N2/3/522,553 გადაწყვეტილება, §17,46,47). კანონის მიღების მიზეზი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის მნიშვნელოვანი ნაწილის მართლზომიერ მფლობელობასა და სარგებლობაში არსებობა და თვითნებური დაკავება გახდა, რაც აფერხებდა მიწის ფონდის ათვისებას, მიწის ბაზრისა და მიწის განკარგვის სახელმწიფო სტრატეგიული გეგმის განვითარებას. ამასთანავე, მიუხედავად მოქალაქეთა მიერ აღნიშნული მიწებით მრავალწლიანი სარგებლობისა, მათზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია დაკავშირებული იყო მთელ რიგ სირთულეებთან, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების რეგისტრაცია შეუძლებელი იყო. არსებული ვითარება განაპირობებდა სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის შეფერხებას, რადგან ვერ ხერხდებოდა მიწების საჯარო რეესტრში იდენტიფიცირება და, შესაბამისად, მათი მიწის გადასახადით დაბეგვრა (იხ. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებითი ბარათი). სახელმწიფოს მიზანს შეადგენდა ქვეყნის მასშტაბით არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ რეალურად დაკავებული, დაურეგისტრირებელი მიწების ოდენობის დადგენა, აღრიცხვა და მათი რეგისტრირება (სუს 2019 წლის 28 ოქტომბრის Nბს-504-501(კ-17) გადაწყვეტილება). კანონი არეგულირებს სპეციფიკურ სამართალურთიერთობას. განსახილველი შემთხვევისთვის რელევანტურია აღინიშნოს, რომ მოცემული კანონი დაინტერესებული პირისთვის ქმნის მოლოდინს ისეთ მიწაზე საკუთრების უფლების წარმოშობაზე, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა, თუმცა მას ფაქტობრივად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კანონმა ასეთი პრივილეგია გაითვალისწინა ექსპლიციტურად იმ პირების მიმართ, რომელთაც არ გააჩნიათ მიწის ნაკვეთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი, მაგრამ ფაქტობრივად წლების განმავლობაში მინიმუმ კანონის ამოქმედებიდან (2007 წელი) - უფლების რეალიზაციის მომენტამდე აქვთ ფაქტობრივი კავშირი მიწის ნაკვეთთან. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს სახელმწიფო ქონების განკარგვის ალტერნატიულ მექანიზმს (მსგავს საკითხზე იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N2/3/522,553; II, 60-63;), სამართლებრივ საფუძველს, რომელიც სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებას უკავშირებს ფაქტობრივ გარემოებას - პირის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმართ არსებულ ფაქტობრივ, ინდივიდუალურ, განსაკუთრებულ კავშირს, დროის განგრძობად მონაკვეთში.

მეტი სიცხადისთვის, საკასაციო პალატა მიუთითებს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე. თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე ფიზიკური პირის საკუთრების აღიარებისათვის, მითითებული კანონი ითვალისწინებს პირის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებას, რაც მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობით უნდა დასტურდებოდეს ან იგი უნდა იყოს ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ და პირს თვითნებურად უნდა ჰქონდეს იგი დაკავებული. ამასთან, კანონი განსაზღვრავს აუცილებელ პირობას - მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებას კანონის ამოქმედებამდე.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ახალი წარმოების ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე სასარჩელო მოთხოვნის შემცირების ფაქტზე, რის შემდგომაც, მხარის მოთხოვნას სადავო აქტის ბათილობასთან ერთად წარმოადგენს ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე, ..., მე-3 მ/რ-ის მოპირდაპირედ ნაკ. №...-ის მიმდებარედ საერთო ფართობი 984 კვ.მეტრზე საკუთრების უფლების აღიარება, შესაბამისად სახეზე არ არის ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ნაწილის სატრანსპორტო ზონაში მოქცევის არგუმენტით საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან მოსარჩელის მიერ შემცირდა სასარჩელო მოთხოვნა სწორედ იმ ნაწილში, რომლითაც მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ვრცელდებოდა სატრანსპორტო ზონა (3 კვ.მ. ნაწილში). რაც შეეხება საკასაციო საჩივარში მითითებულ იმ არგუმენტს, რომ დადგენილი გარემოება არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ ანზორი ლობჟანიძე მითითებული კანონის ამოქმედებამდე დაუფლებული იყო მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს და იყენებდა მას როგორც საკუთარს, რაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების აუცილებელი წინაპირობაა, საკასაციო პალატა აღნიშნული მსჯელობის გასაბათილებლად დეტალურად მიუთითებს საკასაციო სასამართლოს (სუს გადაწყვეტილება საქმე №ბს-562(კ-20) 12.01.2023 წელი) გადაწყვეტილებაში (რომლის აღსრულების ფარგლებში ჩატარებული წარმოების შედეგად მიღებული იქნა სადავო 2023 წლის 10 მაისის N1511 განკარგულება) მითითებულ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლითაც ირკვევა, რომ ა.ლ-ე დაეუფლა თავის საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე 987 კვ.მ. მიწის ნაკვეთს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე და კვლავ განაგრძობს მისით სარგებლობას. საკასაციო პალატამ №ბს-562(კ-20) გადაწყვეტილებაში მიუთითა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ ყურადღებაგამახვილებულ საქართველოს საპატრიარქოს ...ის სახ. ეკლესიის წინამძღვრის ცნობაზე, რომლის მიხედვით, ა.ლ-ემ 2001 წლიდან დაიწყო სადავო მიწის ნაკვეთის გასუფთავება; მოწმეთა განცხადებებზე, რომელთა თანახმად, ა.ლ-ე 2001 წლიდან დღემდე ფლობს და სარგებლობს 1240 კვ.მ. მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ 2002 წელს აშენებულ ... შენობა - ნაგებობებით; დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნაზე, რომლის მიხედვით სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული ... პუნქტი და შენობა წარმოადგენს ...სა და ... სივრცეს, რომელიც გრუნტთან ფუნდამენტის საშუალებით უძრავად არიან დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით და წარმოადგენს კაპიტალურ შენობა - ნაგებობებს. მხედველობაში იქნა ასევე მიღებული საქმეში დაცული სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 01.11.2018წ. დასკვნა, რომლის მიხედვით საკადასტრო ნახაზზე არსებული 987 კვ.მ. მიწის ნაკეთი შემოსაზღვრულია მყარი მავთულბადის ღობით, ღობე არ წყდება და გრძელდება საკვლევი მიწის ნაკვეთის ირგვლივ არსებულ ტერიტორიაზე წრიულად, ფაქტობრივი მდგომარეობით ერთი ღობის ქვეშ ექცევა როგორც საკვლევი 987 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ასევე საჯარო რეესტრში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი; ღობე სრულად ფიქსირდება საჯარო რეესტრში დაცულ 2005 წლის ორთოფოტოზე, შესაბამისად ღობე 2005 წლამდე ან მიმდინარე პერიოდში არის მოწყობილი. გადაწყვეტილებაში მიეთითა, ასევე, რომ სახელმწიფო ქონების გამიჯვნა სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებად არ უკარგავს პირს საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას. განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ ა.ლ-ის მიერ, ამასთანავე, კომისიას არ წარუდგენია შესაგებელი, რომლითაც სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სადავოდ გახდიდა, არ არის შედავებული აგრეთვე ა.ლ-ის მიერ ნაკვეთის ამჟამინდელი ფლობა. მიეთითა სკ-ის 407.2 მუხლზე და განიმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მსგავსი შედავება წამოყენებული არ ყოფილა.

საქმეში არსებული მასალებისა და სასამართლოს მიერ უკვე ნაწარმოები და კანონიერ ძალაში შესული საქმის წარმოების ფარგლებში მიღებული დოკუმენტების საფუძველზე საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე კანონის ამოქმედების დროისათვის, ფლობდა და სარგებლობდა უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთით (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის ქუჩაზე, ..., მე-3 მ/რ-ის მოპირდაპირედ ნაკ. №...-ის მიმდებარედ საერთო ფართობი 984 კვ.მ) და არ არსებობდა საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი. მნიშვნელოვნად გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე შემცირდა სასარჩელო მოთხოვნა (3 კვ.მ. ნაწილში). ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მართებულია საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველ პუნქტზე აპელირება, სადაც მითითებულია, რომ სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო ძალა ასახულია ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, რომლის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) აღსრულების სავალდებულოობა ეფუძნება კანონის აღსრულების სავალდებულოობას, რომლის საფუძველზეც ეს გადაწყვეტილებაა (განჩინება) გამოტანილი, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი შეცვლა ან გაუქმება დაუშვებელია, რომელიმე სახელმწიფო ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან სხვა პირის მიერ, ასევე არც ერთ ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს უფლება საქმეზე მიიღოს სასამართლო გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლში კანონმდებელმა მიუთითა, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ სადავოდ გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი (სუსგ 29.12.2022წ. №ბს-862(კ-20)). კანონის მოხმობილი დანაწესი ემსახურება სასამართლოს აქტის მუდმივ ხასიათს და ხელს უწყობს საზოგადოებაში სტაბილური მართლმსაჯულების განხორციელებას (სუსგ №ას-504-481-2016, 30.09.2016წ.). განსახილველ შემთხვევაში, ცალსახაა, რომ სადავო აქტის გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას, მოპასუხის მიერ არსებითად იმავე ფაქტებზე და გარემოებებზე იქნა მითითებული, რაზეც სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია მსჯელობა. ამდენად, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო განკარგულებით რეალურად არ შესრულებულა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი აუცილებელი პირობები.

საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის დამატებით გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობას ადვოკატის დახმარებისათვის გადახდილი თანხის ნაწილის ანაზღაურების თაობაზე. პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებული 2024 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით სასამართლო ხარჯების საკითხი არ იყო მოწესრიგებული.

როგორც საქმის მასალებით დგინდება ა.ლ-ემ 2024 წლის 5 მარტს განცხადებით (შუამდგომლობა) მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და დამატებით წარადგინა მის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები (სალაროს შემოსავლის ორდერი და იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება). სააპელაციო შესაგებელი წარდგენილია ა.ლ-ის ადვოკატის - შ.ქ-ის მიერ და ის ასევე მონაწილეობდა სააპელაციო სასამართლოში 2024 წლის 7 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე. ამდენად, საქმეზე დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიღო დამატებითი გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლოში გაწეული სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით ადმინისტრაციული ორგანოსათვის სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით ადვოკატის დახმარებისათვის გადახდილი თანხის ნაწილის - 500 ლარის ანაზღაურების თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის დამატებითი გადაწყვეტილება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი