განსჯადობა

ადმინისტრაციული 10.03.2025
საქმის ნომერი
ბს-132(გ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
განსჯადობა
თარიღი
10.03.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

სქამე №ბს-132(გ-25) 10 მარტი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოპასუხეები - შპს „ა...“, შპს „ს...“

დავის საგანი - სასამართლო კოლეგიათა შორის განსჯადობა

აღწერილობითი ნაწილი:

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 19 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - შპს „ა...სა“ და შპს „ს...ს“ მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს დაკისრება 545 000 ლარის ოდენობით.

ამავე სარჩელით მოსარჩელემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოითხოვა შპს „ს...ს“ საკუთრებაში არსებულ, ..., ..., ..., ..., ... საკადასტრო კოდების მქონე უძრავ ქონებებზე ყადაღის დადება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 სექტემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი მოპასუხეების - შპს „ა...სა“ და შპს „ს...ს“ მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილება საქმეები დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „ა...სა“ და შპს „ს...ს“ შორის 2016 წლის 19 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გადახდა.

სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების შესრულებასთან ან/და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავა შეიძლება მიჩნეულ იქნეს ადმინისტრაციული სასამართლოს განსჯადად, თუ იგი ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს. სასამართლომ ასევე მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსის 2.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განმარტებით, ხელშეკრულების მიზანი მისი შინაარსიდან გამომდინარე განისაზღვრება. არსებითია, თუ როგორია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ან დადგენილი მოთხოვნების სამართლებრივი ბუნება. ამდენად, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შინაარსიდან და სადავო ვალდებულებიდან გამომდინარე, იგი არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, არამედ, ამ ხელშეკრულებით მხარეები კერძო სამართლის სუბიექტებად გვევლინებიან და სადავო ურთიერთობა სამოქალაქო-სამართლებრივ კატეგორიას განეკუთვნება, რის გამოც იგი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 სექტემბრის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს - შპს „ს...ს“ აეკრძალა ქალაქ თბილისში, ...ს ქ. №6-ში მდებარე, მის საკუთრებაში არსებული ..., ..., N6; ..., ..., ... საკადასტრო კოდების მქონე უძრავი ქონებების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 იანვრის განჩინებით, საქმე №2/29552-22/330210122006202003, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელისა გამო, მოპასუხეების - შპს „ა...სა“ და შპს „ს...ს““ მიმართ პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად გადაეცა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული დავები, აგრეთვე სხვა დავები, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს და მისგან არის წარმოშობილი. სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვისთვის აუცილებელ ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც მითითებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ, მეორე და მესამე ნაწილებში, ამასთან, აღნიშნული დავები წარმოშობილ უნდა იყოს იმ სამართალურთიერთობებიდან, რომლებიც საჯარო, კონკრეტულად ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განმარტებით, ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ამასთან, დავის ერთ-ერთ მონაწილე მხარეს აუცილებლად უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანო.

სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ აღძრული სარჩელით დავა ეხებოდა სააგენტოსა და მოპასუხეებს შორის 2016 წლის 19 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებას. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულება მხარეთა შორის დაიდო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ქალაქ თბილისში, ...ს ქ. №...-ში მდებარე ...ის (შენობა-ნაგებობები) და მათზე დამაგრებული მიწის ფართობის (6217 კვ.) კონკურის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 5 აგვისტოს №1-1/907 ბრძანებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენის თაობაზე“ გამოცემული საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 აგვისტოს №1701 განკარგულების საფუძველზე. სწორედ ზემოაღნიშნული კანონითა და კანონქვემდებარე აქტებით განისაზღვრა შეთანხმების საგანი და მისი საპრივატიზებო პირობები.

დასახელებული სამართლებრივი აქტების შესაბამისად, დადგინდა №1-1/907 ბრძანების მე-3 პუნქტით განსაზღვრულისგან (2 ...ის ფუნქციონირების უზრუნველყოფა არანაკლებ 10 წლის განმავლობაში) განსხვავებული საპრივატიზებო პირობა, კერძოდ, განისაზღვრა, რომ შპს „ა...მა“ და შპს „ს...მა“ უნდა უზრუნველყონ 1 თვის ვადაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან ხელშეკრულების გაფორმება, რომლითაც ისინი იკისრებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წლის ვადაში მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასა და ..., ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე ან/და მათ ნაწილზე 2 ...ის მშენებლობა, ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება, ასევე ფუნქციონირების დაწყებიდან არანაკლებ 10 წლის განმავლობაში აღნიშნული ...ების ფუნქციონირების შენარჩუნება. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 491 მუხლი არეგულირებს სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო პირობებში ცვლილების შეტანის საკითხებს. რაც შეეხება პირველად ბრძანებასა და ხელშეკრულებას, სასამართლოში მათი წარმოდგენა განხორციელდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 31 მაისის განცხადებით. „ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში მდებარე ...ის (შენობა-ნაგებობები) და მათზე დამაგრებული მიწის ფართობის (6217 კვ.მ.) კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 05.08.2005წ. №1-1/907 ბრძანებით განხორციელდა ზემოაღნიშნული უძრავი ქონების პრივატიზაცია კონკურსის ფორმით. საკონკურსო პირობად განისაზღვრა, რომ მყიდველი ვალდებული იყო უზრუნველეყო ორი ...ის ფუნქციონირება არანაკლებ 10 წლის ვადით და დანარჩენი საკონკურსო პირობების შესრულება. აღნიშნული ბრძანების შესრულების მიზნით 2005 წლის 22 სექტემბერს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ფიზიკურ პირ გ. დათიაშვილს საკუთრებაში გადასცა ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში მდებარე ...ი (შენობა-ნაგებობები) და მათზე დამაგრებული მიწის ფართობი (6217 კვ.მ). სწორედ აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილება განხორციელდა 2016 წლის 19 სექტემბრის ხელშეკრულებით, რომლის დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებასაც ითხოვს მოსარჩელე. ამდენად, დგინდება, რომ მხარეთა შორის დადებული 2016 წლის 19 სექტემბრის ხელშეკრულებით განხორციელდა ცვლილება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ დადგენილ საპრივატიზებო პირობებსა და შესაბამის ხელშეკრულებაში, რის გამო იგი განხილულ უნდა იქნეს არა ინდივიდუალურად, არამედ ძირითად ხელშეკრულებასთან ერთობლიობაში და მიჩნეულ უნდა იქნეს საპრივატიზებო პროცესის შემადგენელ ნაწილად.

ამრიგად, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებით, სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ ხელშეკრულების დადება, შეწყვეტა და მათ შორის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო და მისი გადახდის წესი, განისაზღვრა ადმინისტრაციული კანონმდებლობით. შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ აღძრული დავის საგანი გამომდინარეობს ადმინისტრაციული და არა სამოქალაქო კანონმდებლობიდან.

სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ მსგავსი კატეგორიის დავათა განსჯადობის საკითხებზე არაერთგზის აქვს ნამსჯელი საქართველოს უზენაესი სასამართლოს როგორც სამოქალაქო, ასევ ადმინისტრაციულ საქმეთა პალატებს. დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის შესაბამისად კი, სახელმწიფო ქონების პრივატიზების, განსახელმწიფოებრიობის თაობაზე დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მათ შორის, პირგასამტეხლოს დაკისრებასთან დაკავშირებული დავები ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას განეკუთვნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემული საქმე განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას და მის განხილვაზე უფლებამოსილი სასამართლოა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ, დავის საგნობრივი განსჯადობის გათვალისწინებით, მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ ქვემდებარეობას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს საჯარო-ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით. ამასთან, დავის ერთ-ერთ მონაწილე მხარეს აუცილებლად უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანო.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანების), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.

მოცემულ დავაში მხარეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ხოლო დავის საგანია მხარეთა შორის 2016 წლის 19 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე 545 000 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით; ხოლო ამავე კოდექსის 2.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ამდენად, განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული საქმეების განსჯადობის მთავარ ფაქტორს გარდა იმ ფაქტისა, რომ ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, ასევე წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების საჯარო-სამართლებრივი მიზანი. განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება სადავო სამართალურთიერთობის ბუნებას და არა მხოლოდ სუბიექტურ შემადგენლობას. დავის საჯარო-სამართლებრივი ხასიათის დასადგენად საკმარისი არ არის ის, რომ დავის ერთ-ერთი მხარე საჯარო სამართლის სუბიექტია, ვინაიდან შესაძლებელია საჯარო სამართლის სუბიექტი მხარედ გამოვიდეს კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებშიც.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად ამოსავალია სადავო სამართალურთიერთობის შინაარსი, რის გასარკვევადაც არსებითია დავის უშუალო მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი - ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა. იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთობის მონაწილე სუბიექტი არის სახელმწიფოს, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენელი და ურთიერთობა საჯარო-სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს, სახეზეა საჯარო სამართლებრივი ურთიერთობა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა - მხარეთა შორის 2016 წლის 19 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე 545 000 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე - გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან, ვინაიდან აღნიშნული ხელშეკრულება დაიდო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ქალაქ თბილისში, ...ს ქ. №...-ში მდებარე ...ის (შენობა-ნაგებობები) და მათზე დამაგრებული მიწის ფართობის (6217 კვ.) კონკურის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 5 აგვისტოს №1-1/907 ბრძანებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენის თაობაზე გამოცემული საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 აგვისტოს №1701 განკარგულების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოცემული საკითხი ეხება სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობას, საკუთრებაში კერძო პირისთვის გადაცემას და არა სარგებლობის უფლებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან, სასარჩელო მოთხოვნა ეხება კერძო სამართლის სუბიექტსა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის არსებული საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავას, რის გამოც მოცემული საქმე განეკუთვნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს იდენტურ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთებული აქვს არაერთ საქმეზე, მათ შორის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განჩინება საქმეზე №ბს-748 (გ-19); 2019 წლის 21 მარტის განჩინება საქმეზე №ბს-711-711(გ-18); 2018 წლის 9 იანვრის განჩინება საქმეზე №ბს-718-714(გ-17); 2017 წლის 20 აპრილის განჩინება საქმეზე №ბს-128-126(გ-17).

ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დაადგინა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი შპს „ა...სა“ და შპს „ს...ს“ მიმართ, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე