დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 10.03.2025
საქმის ნომერი
ბს-591(2კ-24)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.03.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-591(2კ-24) 10 მარტი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - მ.ს-ე

კასატორები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი

მესამე პირი - გ.ჭ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი: მ.ს-ემ 2023 წლის 14 ივნისს სარჩელით მიმართა გორის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ და „კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, მ.ს-ის საკუთრებაში აღრიცხული, ... საკადასტრო კოდის მქონე, უძრავი ქონების ფართისა და საზღვრების კორექტირების რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2023 წლის 10 მაისის № ..., ასევე, „კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, გ.ჭ-ის საკუთრებაში აღრიცხული, ... საკადასტრო კოდის მქონე, უძრავი ქონების ფართისა და საზღვრების კორექტირების რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2023 წლის 10 მაისის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.

სარჩელში აღნიშნულია, რომ მ.ს-ის საკუთრებაში ირიცხება კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 548 კვ.მ, ... საკადასტრო კოდის მქონე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ხოლო მის მომიჯნავედ, ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება რეგისტრირებული აქვს გ.ჭ-ის. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, ადგილზე დაათვალიერა დასახელებული უძრავი ქონებები და საკუთარი ინიციატივით, მყარი სასაზღვრო მიჯნის არსებობის საბაბით, მიიღო გადაწყვეტილებები, რომ დაეკორექტირებინა ორივე მესაკუთრის კუთვნილი ქონების ფართები და საზღვრები იმგვარად, რომ მ.ს-ის საკუთრება შემცირდა იმ მონაკვეთში, სადაც გ.ჭ-ის უძრავ ქონებას ემიჯნება, ხოლო მის ხარჯზე გაიზარდა გ.ჭ-ის საკუთრება.

მოსარჩელის მოსაზრებით, საზღვრების კორექტირება უკანონოა, რადგან გ.ჭ-მა მოშალა ძველი სასაზღვრო მიჯნა და უნებართვოდ ააშენა სხვა შენობები ისე, რომ გადავიდა მ.ს-ის საკუთრებაზე. ამგვარი ფაქტობრივი გარემოება კი, არ შეიძლება, მისი საკუთრების კორექტირების კანონისმიერი საფუძველი იყოს.

გორის რაიონულ სასამართლოს 2023 წლის 26 ივნისს შუამდგომლობით მომართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2023 წლის 10 მაისის №... გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გამოტანამდე, მოქმედების შეჩერება მოითხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 ივნისის განჩინებით მ.ს-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეჩერდა რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2023 წლის 10 მაისის №... გადაწყვეტილების მოქმედება ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

გორის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ.ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, მ.ს-ის საკუთრებაში აღრიცხული, ... საკადასტრო კოდის მქონე, უძრავი ქონების ფართისა და საზღვრების კორექტირების რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2023 წლის 10 მაისის № ... და „კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, გ.ჭ-ის საკუთრებაში აღრიცხული, ... საკადასტრო კოდის მქონე, უძრავი ქონების ფართისა და საზღვრების კორექტირების რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2023 წლის 10 მაისის № ... გადაწყვეტილებები.

გორის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ამავე სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულმა ოფისმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა ადა ამავე სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ.ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, მ.ს-ის საკუთრებაში აღრიცხული, ... საკადასტრო კოდის მქონე, უძრავი ქონების ფართისა და საზღვრების კორექტირების რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2023 წლის 10 მაისის №... და „კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, გ.ჭ-ის საკუთრებაში აღრიცხული, ... საკადასტრო კოდის მქონე, უძრავი ქონების ფართისა და საზღვრების კორექტირების რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2023 წლის 10 მაისის №... გადაწყვეტილებები; მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მ.ს-ესა და გ.ჭ-ესთან მიმართებით, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა დაევალა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამასთან, გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2023 წლის 10 მაისის №... გადაწყვეტილების მოქმედება, დარჩა ძალაში მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ამავე სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულმა ოფისმა, ასევე მ.ს-ემ.

კასატორი - მ.ს-ე აღნიშნავს, რომ მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით (ს/კ...) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში 2023 წლის 10 მაისს მიიღო ... გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მ.ს-ეს საკუთრების უფლებით დაურეგისტრირდა 548 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რითაც გაიზარდა მომიჯნავე მეზობლის - გ.ჭ-ის საკუთრება. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მყარი სასაზღვრო მიჯნის შესაბამისად. კასატორის მითითებით, გ.ჭ-ის მიერ მიწის ნაკვეთის შეძენამდე, მათ მიწის ნაკვეთებს შორის არსებობდა აშკარა მიჯნა, კერძოდ, ამ ორ მიწის ნაკვეთს შორის იყო ქვითკირით აშენებული კედელი, რომლის გავლითაც ს-ების ოჯახი უზრუნველყოფდა თავიანთი სახლის შემოვლას. გ.ჭ-იმა კი წლების განმავლობაში მუდმივი მცდელობებით და არამართლზომიერი ქმედებებით, მათ შორის, უკანონო მშენებლობით, დაარღვია სამეზობლო მიჯნა და საკუთარი სახლი ფაქტობრივად კედელთან აუშენა მ.ს-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, რითაც მან სრულად დაარღვია სამეზობლო მიჯნა.

კასატორის მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას არ გამოიკვლია თავისი და მომიჯნავე მეზობლის - გ.ჭ-ის საკუთრებებში არსებულ შენობებს შორის ღიობის დაშორება, რაც უგულებელყოფილი იყო გ.ჭ-ი მიერ. ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დარღვეული ადმინისტრაციული წარმოების პროცედურები, შესაძლოა, კომპენსირებულ იქნეს სასამართლო წარმოებისას, ამიტომ, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დააკმაყოფილოს სარჩელი.

კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო „საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 61 პუნქტზე, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტსა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ სააგენტო უფლებამოსილი იყო შეეცვალა მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული მცდარი საკადასტრო მონაცემები და შეესაბამებინა ისინი ნივთის ფაქტობრივი მდებარეობისათვის (მათ შორის, შეემცირებინა მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული ფართობი) იმ შემთხვევაშიც კი, თუ უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იყო სხვა სანივთო უფლება, ვალდებულება ან საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა, ან/და მესაკუთრე ან სანივთო უფლების/ვალდებულების მქონე პირი აღრიცხული იყო მოვალეთა რეესტრში. ამდენად, დასახელებული ნორმების შესაბამისად, რეესტრს ჰქონდა რეგისტრირებულ მონაცემებში კორექტირების შეტანის უფლება. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, მარეგისტრირებელმა ორგანომ სადავო აქტები მიიღო საქმის ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად და არ არსებობდა მათი გაუქმების საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ამავე სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისისა და მ.ს-ის საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ამავე სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისისა და მ.ს-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საკუთარი ინიციატივით რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის კანონიერება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია აღნიშნულთან დაკავშირებით კანონით დადგენილი წესით განხორციელდა თუ არა ადმინისტრაციული წარმოება.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე მ.ს-ე წარმოადგენს გ.ჭ-ის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს (ს/კ...).

2023 წლის 9 აგვისტოს მომზადებული სიტუაციური ნახაზების ყვითელი და წითელი ფერის გრაფიკული მონაცემების მიხედვით, გ.ჭ-ისა და მ.ს-ის დაზუსტებული რეგისტრაციები (ე.წ. წითელი ფენა) ერთმანეთის მომიჯნავე მონაკვეთზე მცირედით ცდება საჯარო რეესტრში დაცულ სისტემური აღწერის დაურეგისტრირებელ, დაუზუსტებელ გრაფიკულ მონაცემებში (ე.წ. ყვითელ ფენაში) აღნუსხულ მათ სასაზღვრო მიჯნას და გადასულია უშანგი თავშავაძის სახელზე არსებულ გრაფიკული მონაცემით მონიშნულ ტერიტორიაზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მოხდა მხარეთა საკუთრებების ადგილზე დათვალიერება და მათი საკადასტრო მონაცემების კორექტირება იმგვარად, რომ კორექტირებული საზღვარი ზუსტად ემთხვევა საჯარო რეესტრში დაცულ სისტემური აღწერის დაურეგისტრირებელ, დაუზუსტებელ გრაფიკულ მონაცემებში (ე.წ. ყვითელ ფენაში) აღნუსხულ მათ სასაზღვრო მიჯნას.

კორექტირების შემდეგ, გ.ჭ-ის უძრავ ქონებას მიენიჭა №..., ხოლო მ.ს-ის ქონებას - №... საკადასტრო კოდები. გადაწყვეტილებებში აღნიშნულია, რომ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციისა და საკადასტრო აღწერის შედეგების შეჯერებით, მყარი სასაზღვრო მიჯნით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის ფართობი აღემატება სარეგისტრაციო დოკუმენტში მითითებულ ფართობს, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ ფართობს ან ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათში მითითებულ დაუზუსტებელ ფართობს, საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება ან ამ უფლებაში ცვლილება რეგისტრირდება მისი საკადასტრო აღწერის შედეგად დადგენილი, მყარი სასაზღვრო მიჯნით განსაზღვრული ფართობის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საკითხის მომწესრიგებელ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლითაც განსაზღვრულია მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესი, ამ რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძვლები და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობები. დასახელებული კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით, შეცვალოს დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით ან/და საკადასტრო აღწერის შედეგად დადგინდა რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან შეუსაბამობა და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. ანალოგიურ მოწესრიგებას მოიცავს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 61 ნაწილი, რომლის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. ასევე მნიშვნელოვანია „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის №487 ბრძანების 29-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია შეცვალოს მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული მცდარი საკადასტრო მონაცემები და შეუსაბამოს ისინი ნივთის ფაქტობრივ მდებარეობას (მათ შორის, შეამციროს მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული ფართობი) იმ შემთხვევაშიც, თუ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია სხვა სანივთო უფლება, ვალდებულება ან საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა, ან/და მესაკუთრე ან სანივთო უფლების/ვალდებულების მქონე პირი აღრიცხულია მოვალეთა რეესტრში.

საკასაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მიუთითოს ასევე ზემოთ დასახელებული „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, თუ სპორადული რეგისტრაციის ან სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციისა და საკადასტრო აღწერის შედეგების შეჯერებით დადგინდა, რომ მყარი სასაზღვრო მიჯნით შემოსაზღვრული მიწის ნაკვეთის ფართობი აღემატება სარეგისტრაციო დოკუმენტში მითითებულ ფართობს, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ ფართობს ან ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათში მითითებულ დაუზუსტებელ ფართობს, საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება ან ამ უფლებაში ცვლილება რეგისტრირდება მისი საკადასტრო აღწერის შედეგად დადგენილი, მყარი სასაზღვრო მიჯნით შემოსაზღვრული ფართობის შესაბამისად.

მითითებული სამართლებრივი დანაწესები ცხადყოფს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს აქვს უფლებამოსილება, კონკრეტულ შემთხვევებში შეცვალოს დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები, თუმცა აღნიშნული უნდა განახორციელოს ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვით. ამასთანავე, მყარი მიჯნის არსებობის დროს, მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ზემოაღნიშნული კანონის მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, აქვს ვალდებულება გადაწყვეტილება მიიღოს არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შეფასებისა და შეჯერების საფუძველზე, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით. თავად სისტემური რეგისტრაცია კი ემსახურება ქვეყნის მასშტაბით უძრავი ქონების რეგისტრაციის წახალისებასა და მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების მათ ფაქტობრივ მდებარეობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფას. ამრიგად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ამ ფარგლებში მოქმედებისას წარმოეშობა ვალდებულება, უფრო მეტიც - პასუხისმგებლობა უზრუნველყოს მონაცემთა რეგისტრაცია მაქსიმალური სიზუსტით, რა დროსაც არ უნდა შეილახოს მესაკუთრეთა ინტერესები, პალატა ვერ გაითვალისწინებს აპელანტის მითითებას იმის თაობაზე, რომ მის მიერ დაზუსტებულ ფართში მხარეებს გაეზარდათ საკუთრებათა კვადრატულობა, ამიტომ დავის საფუძველი არ არსებობს. მხედველობაში ვერ იქნება მიღებული ვერც ყვითელ ფენებთან თანხვედრის არგუმენტი. ამ თვალსაზრისით პალატა აღნიშნავს, რომ „ყვითელი ფენა“, როგორც წესი, წარმოადგენს დაუზუსტებელ მონაცემს, ხოლო განსახილველ შემთხვევაში მხარეებს უკვე ჰქონდათ დაზუსტებული მონაცემებით განხორციელებული რეგისტრაცია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის მხარეთა საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთებზე, თუმცა დავა წარმოშობილია მათ საკუთრებებს შორის მყარი მიჯნის ადგილმდებარეობაზე, კერძოდ, როგორც ირკვევა, მხარეთა საკუთრებებს ყოფს მყარი მიჯნა, მაგრამ სადავოა, სად უნდა გადიოდეს მისი საზღვარი. მოსარჩელე უთითებს, რომ მისმა მომიჯნავე მეზობელმა გ.ჭ-იმა უნებართვოდ მოარღვია გამყოფი საზღვარი და გადასწია შენობა-ნაგებობა მისი ნაკვეთისაკენ. ამავდროულად, საქმეში წარმოდგენილია გ.ჭ-ის საკუთრებად აღრიცხული უძრავი ქონების წინა მესაკუთრის - გ.თ-ის წერილი, რომლიდანაც ირკვევა, რომ მის საკუთრებასა და ს-ეების ქონებას შორის ნამდვილად არსებობდა ქვიტკირის კედელი, დაახლოებით, 1 მეტრი სიმაღლისა და 60 სმ სიგანის. კედელი წარმოადგენდა ტ.ს-ის საკუთრებას და იყენებდა სახლის გვერდიდან შემოსვლის მიზნით. ამავე დროს, მის აივანსა და ს-ეების აივანს შორის იყო გამოსასვლელი კარი, რომლის მეშვეობითაც ტ.ს-ე გამოდიოდა მისი სახლის გვერდზე და რაიმე დაზიანების შემთხვევაში უზრუნველყოფდა მის შეკეთებას. რაც შეეხება კიბეს, ის მდებარეობდა დღევანდელი მდებარეობის საპირისპიროდ. მეორე სართულზე ასასვლელი არსებობდა მეზობელ გ.ჩ-ის მხარეს, ხოლო ეზოში არ ყოფილა სხვა რაიმე შენობა, გარდა ფიცრული საპირფარეშოსი.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დავის არსებობისას, მათ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციამდე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ევალებოდა უფრო სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება. ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე განახორციელა კორექტირებული მონაცემებით ცვლილების რეგისტრაცია, რომ სათანადოდ არ გამოუკვლევია, იწვევდა თუ არა აღნიშნული ცვლილება დავას მეზობლებს შორის. მით უფრო მაშინ, როდესაც საქმის მასალებით დგინდება, რომ მყარი სასაზღვრო მიჯნის ადგილმდებარეობა სადავოა, რაც, მხოლოდ მისი მდებარეობის გათვალისწინებით, გამორიცხავს საკუთრების უფლებათა კორექტირებას იმგვარად, რომ სათანადოდ არ იქნეს შესწავლილი საკითხი.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების მხედველობაში მიღების შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. დასახელებული საკითხების ხელახლა შეფასების მიზნით კი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხელახალი წარმოების დროს ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთა აუცილებელი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, შესაძლებელია ადგილზე დათვალიერება განხორციელდეს მხარეთა მონაწილეობით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარეთა უფლებადამდგენი დოკუმენტები, ასევე, გ.ჭ-ის უძრავი ქონების წინა მესაკუთრის - გ.თ-ის განმარტება. ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სრულფასოვნად უნდა იქნეს გამოყენებული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, მან სადავო მიწის ნაკვეთზე მხარეთა პოზიციების შეფასებისას უნდა იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს დაინტერესებული პირის უფლებები.

ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტები გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით გათვალისწინებული, საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენის, შესწავლისა და შეფასების ვალდებულების დარღვევით. სწორედ ამიტომ, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, ვინაიდან სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, მტკიცებულებების მოკვლევასა და შეფასებას, რაც სასამართლოს მიერ, ამ ეტაპზე, საკითხის არსებითად გადაწყვეტას გამორიცხავს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ამავე სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისისა და მ.ს-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. კასატორს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2024 წლის 18 აპრილს №17796 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. გ.თ-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს მ.ს-ის საკასაციო საჩივარზე 2024 წლის 29 აპრილს №21620001378 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე