დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 24.06.2025
საქმის ნომერი
ბს-1279(კ-24)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.06.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1279(კ-24) 24 ივნისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ.მ-ი

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 18 ოქტომბერს გ.მ-მა სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 20 სექტემბრის Nგ-39.3822263001 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. რუსთავი, მე-... მიწის ნაკვეთის ფართობი 6272 კვ.მ.) გ.მ-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 20 სექტემბრის №გ-39.3822263001 განკარგულება და მოპასუხე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 23 სექტემბრის №269 განკარგულებით - გ.მ-ს უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ქალაქ რუსთავი, მე-... ტერიტორია, მიწის ნაკვეთის ფართობი 6272 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ სალეგალიზაციო ობიექტზე განთავსებული დამხმარე შენობა წარმოადგენს საქონლის სადგომს. ამასთან, „ქალაქ რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის №226 დადგენილების შესაბამისად, სალეგალიზაციო ობიექტი წარმოადგენს საცხოვრებელ ზონას (სზ5), მაღალი სიმჭიდროვის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების მთავარი გამოყენებაა მრავალ ერთეულიანი საცხოვრებლები, როგორიცაა მრავალბინიანი კორპუსები, სასტუმროები, კონდომინიუმები, ამხანაგობები და საერთო საცხოვრებლები, ასევე დასაშვები გამოყენებებია საზოგადოებრივი ყოველდღიური მოხმარების და სამეზობლო კომერციული ცენტრები. ამასთან, ქალაქის სამომავლო განვითარების გეგმა არ ითვალისწინებს დამხმარე ნაგებობების (საქონლის სადგომის) განთავსების შესაძლებლობას. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 16.12.2019 წლის გადაწყვეტილებით გ.მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთვის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 23 სექტემბრის №269 განკარგულება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმის ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად ახალი აქტის გამოცემა.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 20 სექტემბრის №გ-39.3822263001 განკარგულებით - გ.მ-ს უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ქალაქ რუსთავი, მე-... ტერიტორია, მიწის ნაკვეთის ფართობი 6272 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ არ დასტურდება განმცხადებლის მიერ კანონის ამოქმედებამდე წარმოდგენილი კონფიგურაციით მიწის ნაკვეთის დაკავების ფაქტი, რადგან საჯარო რეესტრის ოფიციალური ვებ. გვერდის (... 2000, 2005, 2006-2007, 2016- 2017 წლების ორთოფოტოები) მიხედვით, მიწაზე ზემოქმედება არ დასტურდება. (კერძოდ, მიწა არ არის დამუშავებული, არ ჩანს არც ხელოვნური და არც ბუნებრივი საზღვარი, არ არის განთავსებეული ხე-მცენარე).

საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების სამართლებრივ დასაბუთებაში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე 19 ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ასევე მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომელშიც მოცემულია იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რაც დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად.

პალატამ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების შინაარსის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს. ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში კანონისა და მთავრობის დადგენილებით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს (განსახილველ შემთხვევაში შესაბამის კომისიას) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით მოახდინოს კანონითა და დადგენილებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია. ამ მიზნით კომისია უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოიპოვოს დამატებითი დოკუმენტები, დაათვალიეროს საკუთრებაში გადასაცემი ნაკვეთი, მოისმინოს განმცხადებლის, სხვა დაინტერესებული პირის განმარტებები და აღნიშნული მასალების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში დაცულ მტკიცებულებებზე, კერძოდ: 2022 წლის 6 ივლისის ადგილზე დათვალიერების აქტზე, რომლითაც ირკვევა, რომ „მიწის ნაკვეთი შემოღობილია ნაწილობრივ ბეტონის ღობით, ნაწილობრივ ლითონის ბადით. ნაკვეთზე განთავსებულია 4 ნაგებობა, რომლებიც წარმოადგენს საქონლის და ცხოველების სადგომს და სათავსოებს. არის მრავალწლიანი ნარგავები, რომელიც განთავსებულია სალეგალიზაციო მიწის ნაკვეთის მცირე ნაწილში.“ ყურადღება გაამახვილა ასევე სსიპ ქონების სააგენტოდან გამოთხოვილ იქნა დოკუმენტაციაზე, რომლითაც დგინდება, რომ შპს „...ის“ შესყიდვა მოხდა მ-ის მიერ არსებულ ტერიტორიაზე, ეს შენობა, სხვებთან ერთად ქმნის ერთიან სივრცეს, შემოღობილია მყარი ღობით. მითითებული მტკიცებულებების შინაარსის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება ორთოფოტოებზე და აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთზე ზემოქმედების კვალი ან/და მყარი სასაზღვრო მიჯნა შესაძლოა აეროფოტოგადაღებისას ვიზუალურად არ გამოჩენილიყო, რაც დამატებით ადასტურებდა საკითხის ხელახალი შესწავლისა და გამოკვლევის საჭიროებას. სააპელაციო პალატის მითითებით, ის გარემოება, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობებს გ.მ-ი იყენებს შინაური ცხოველების სადგომად და სათავსოდ მიუთითებს გ.მ-ის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტზე (არსებული მდგომარეობით).

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სადავო აქტის მიღებისას მოპასუხის მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა, შეფასება. სააპელაციო პალატის მითითებით, საკითხის ხელახლა განხილვისა და ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას, მარეგისტრირებელმა ორგანომ უნდა დაიცვას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, სადავო საკითხი გადაწყვიტოს მხოლოდ საქმის გარემოებებისა და არსებული მასალების სათანადო გამოკვლევის და შეფასების შედეგად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

კასატორი აღნიშნავს, რომ არ არსებობდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები და საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაცია იძლეოდა გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას და სასამართლოს თავად უნდა მიეღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად გამოიკვლია საქმის მასალები და აღნიშნულის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება.

კასატორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ სალეგალიზაციო ობიექტი მოქცეულია შპს ,,...ას’’ ბალანსზე რიცხულ ქონებაზე, ის შენობები, რომელსაც ითხოვს მოსარჩელე, 2000 წლის ორთოფოტოზე ჩანს ზუსტად იმ მოცულობით, როგორიც დღესაა. ამასთან საგულისხმოა ის გარემოება, რომ გ.მ-ს საკუთრება 2002 წლიდან აქვს და სალეგალიზაციო ობიექტის ფლობაც ამ დროიდან დასტურდება. უდავოა, რომ ის შენობები მისი განთავსებული ვერ იქნებოდა, ვინაიდან 2000 წლის ორთოფოტოზე კარგად ჩანს, მანამდე ვიდრე ის შეუდგებოდა ფლობას (მან ფლობა განახორციელა შპს ,,... ას’’ ბალანსზე რიცხულ ქონებაში). საქმეში წარმოდგენილია შპს ,,... ას’’ საბუღალტრო დოკუმენტაცია, სხვადასხვა წლების, საიდანაც დგინდება, რომ შენობები აყვანილია შპს ,,... ას’’ ბალანსზე.

კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 3 ნოემბრის №ბს-645(კ-23) განჩინებაზე, რომლის თანახმად, კანონის ამოქმედების პერიოდამდე აგებული უნდა იყოს უშუალოდ განმცხადებლის ან მისი მამკვიდრებლის მიერ, ან თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი უნდა იყოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე. კასატორი აღნიშნავს, რომ უპირატესი იურიდიული ძალის მქონე მტკიცებულებაზე - ორთოფოტოზე კარგად ჩანს, რომ ფლობა 2007 წლამდე და განხილვის დროისათვის არ დგინდება და მასზე ვერ გავრცელდება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ პუნქტის მოთხოვნები.

გ.მ-მა საკასაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი, სადაც აღნიშნავს, რომ სალეგალიზაციო მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობები (ცხოველთა სადგომი) აშენებულია გ.მ-ის მიერ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლების ბოლოს და იყენებდა სახელოსნო საქმიანობისთვის. ეს შენობები სახელმწიფოს მიერ არ არის აშენებული და მისთვის საკმარისია ფიზიკურად ნახვა - არის ხელით ნაშენები პრიმიტიული, ერთსართულია ავტოფარეხის მსგავსი ნაგებობა. ბუნებრივია 2000 წლის ორთოზე ეს ნაგებობები არის. შპს ,,...ას’’ საკუთრებაზე მითითება კი არის ცრუ ინფორმაცია, რადგან ასეთი დოკუმენტაცია საქმეში არ არსებობს. საბუღალტრო დოკუმენტაციით არ/ვერ ხდება შენობების (უძრავი ქონების) საკუთრების დადასტურება - იდენტიფიცირებაც კი შეუძლებლია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა, მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს განსაზღვრავს. დასახელებული კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად, საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის" მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი განმარტებულია – სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს. ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში კანონისა და მთავრობის დადგენილებით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას, უფრო მეტიც, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს (განსახილველ შემთხვევაში შესაბამის კომისიას) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით მოახდინოს კანონითა და დადგენილებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია. ამ მიზნით კომისია უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოიპოვოს დამატებითი დოკუმენტები, დაათვალიეროს საკუთრებაში გადასაცემი ნაკვეთი, მოისმინოს განმცხადებლის, სხვა დაინტერესებული პირის განმარტებები და აღნიშნული მასალების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 დეკემბერს გადაწყვეტილებით გ.მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთვის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 23 სექტემბრის №269 განკარგულება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმის ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად ახალი აქტის გამოცემა. ადმინისტრაციული ორგანოს დაევალა მოსარჩელის მოთხოვნის განხილვა ყოველმხრივ, ყველა ფაქტობრივი გარემოების შესწავლის, შეფასების შედეგად. კერძოდ უნდა მოეხდინა ადგილზე დათვალიერება, განესაზღვრა სადაო მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის ხანდაზმულობა, დაედგინა ვის მიერ იქნა აშენებული აღნიშნული შენობა-ნაგებობები. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოებიდან ინფორმაციის გამოთხოვითა და მოწმეთა გამოკითხვით შესაძლებელი იყო დაედგინა შენობების ამშენებელ პირთა ვინაობა.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 20 სექტემბრის №გ-39.3822263001 განკარგულებით - გ.მ-ის კვლავ ეთქვა უარი თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ქალაქ რუსთავი, მე-... ტერიტორია, მიწის ნაკვეთის ფართობი 6272 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ არ დასტურდება განმცხადებლის მიერ კანონის ამოქმედებამდე წარმოდგენილი კონფიგურაციით მიწის ნაკვეთის დაკავების ფაქტი, რადგან საჯარო რეესტრის ოფიციალური ვებ. გვერდის (... 2000, 2005, 2006-2007, 2016- 2017 წლების ორთოფოტოები) მიხედვით, მიწაზე ზემოქმედება არ დასტურდება. (კერძოდ, მიწა არ არის დამუშავებული, არ ჩანს არც ხელოვნური და არც ბუნებრივი საზღვარი, არ არის განთავსებული ხე-მცენარე).

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაუსაბუთებელია და მიღებულია სადავო შემთხვევის არსებითი გარემოებების დადგენის გარეშე. კერძოდ: პალატა, ყურადღებას ამახვილებს საკასაციო სასამართლოში ჩატარებულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე კასატორის და მესამე პირის განმარტებებზე, რომ ასაღიარებელი ქონება წარმოადგენდა სახელმწიფოს 100%-იანი წილის მფლობელი ყოფილი შპს ,,...ის’’ ბალანსზე რიცხულ ქონებას, რომელიც დღეის მდგომარეობით არის ლიკვიდირებული და მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორის არგუმენტი ემყარება იმ გარემოებას, რომ ასაღიარებელი ქონება წარმოადგენდა შპს ,,... ის’’ ბალანსზე რიცხულ ქონებას, თუმცა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 20 სექტემბრის Nგ-39.3822263001 განკარგულებით გ.მ-ს უარი ეთქვა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ მან ვერ დაადასტურა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივად ფლობის ფაქტი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეს სათანადო დონეზე არ ჩაუტარებია ადმინისტრაციული წარმოება, მას არ გამოუკვლევია ყველა ფაქტობრივი გარემოება და არ შეუსწავლია ის სამართლებრივი საფუძვლები, რაც საკუთრების უფლების აღიარებისთვის იყო აუცილებელი. ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია გარემოებები ასაღიარებელ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, ასევე გარემებები შპს ,,...ის’’ ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკუთრების უფლების აღიარებისთვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს, ვის საკუთრებას წარმოადგენს მიწის ნაკვეთი. კერძოდ, საკუთრების უფლების აღიარება ხდება სახელმწიფოს და არა კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე. ამდენად, საკუთრების უფლების აღიარებამდე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს და შეისწავლოს, ხომ არ ჰყავს მიწის ნაკვეთს კერძო მესაკუთრე, ან ხომ არ არსებობს ისეთი პირი, ვისაც სადავო მიწის ნაკვეთის მიმართ გააჩნია საკუთრების უფლებით დაცვის ღირსი ინტერესი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 96-ე მუხ.). კომისია ვალდებულია უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. კონკრეტული გარემოებების გამოკვლევა და შეფასება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას უნდა წარმოადგენდეს. „..საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება..“ (სუსგ №ბს-681-681(კ-18), 13.12.2018წ.).

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები, ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ხელახალი ადმინისტრაციული წარმოებისას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდგომ, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შეაფასოს დადგენილი გარემოებები და კანონიერებისა და მიზანშეწონილობის პრინციპის გათვალისწინებით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ბ. შონია

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. მაკარიძე