დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 19.02.2026
საქმის ნომერი
ბს-377(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.02.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-377(კ-25) 19 თებერვალი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ი. მ-ი

მესამე პირები - მ. მ-ი, მ. გ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2020 წლის 28 დეკემბერს ი. მ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა №... საკადასტრო კოდზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 11 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 დეკემბრის განჩინებით ი. მ-ის სარჩელი მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 11 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელის ბებია - ო. მ-ი გარდაიცვალა 1993 წლის 23 ნოემბერს. 2020 წლის 4 სექტემბერს მოსარჩელემ თეთრიწყაროს ნოტარიუს თ. გ-ის სანოტარო ბიუროს არქივიდან გამოითხოვა არქივში დაცული ანდერძის საფუძველზე მემკვიდრეობის უფლების მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტები (საქმე №61, 11.08.1994 წელი). ნოტარიუს თ. გ-ის მიერ 1994 წლის 11 აგვისტოს ანდერძის საფუძველზე მემკვიდრეობის უფლების მოწმობა გაცემული იქნა ი. მ-ზე.

მოსარჩელემ მიუთითა 2020 წლის 25 მაისს გაცემულ №... საარქივო ცნობაზე, რომლის თანახმად, ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცულ თეთრიწყაროს რაიონის სასოფლო საბჭოს სოფელ ...ის 1986-1995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილი იყო მ-ი ო., კომლის წევრები კი იყვნენ: მ-ი ი. - კომლის უფროსი, მ-ი მ. - დედა; კომლს 1986-1989 წლებში ერიცხებოდა 1970 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლის საერთო (სასარგებლო) ფართი 90 კვ.მ, მათ შორის, საცხოვრებელი ფართი - 60 კვ.მ, ამასთან, 21ჰა მიწის ნაკვეთი 1986-1989 წწ. ამავე ცნობაში შენიშვნაში გაკეთებული იყო ჩანაწერი: ო. მ-ის საცხოვრებელი სახლი მდებარე თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ...ში მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე თეთრიწყაროს სანოტარო კანტორის მიერ მემკვიდრეობის წესით გადაფორმებული ჰქონდა ი. გ-ს. მოსარჩელეს სურდა მოეხდინა საკუთრების უფლების რეგისტრაცია აღნიშნულ უძრავ ნივთზე, თუმცა აღმოჩნდა, რომ უძრავი ქონება რეგისტრირებული ჰქონდათ მესამე პირებს 2012 წლის 11 დეკემბერს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... გადაწყვეტილებით მ. მ-მა 2012 წლის 11 დეკემბერს დაირეგისტრირა საკუთრების უფლება მისამართზე: თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ...ში, ს/კ ..., ხოლო 2020 წლის 5 მარტს მ. მ-მა მოჩვენებითი გარიგებით თავის შვილს - მ. გ-ს ნასყიდობის ხელშეკრულებით 20 000 აშშ დოლარად მიჰყიდა აღნიშნული უძრავი ქონება.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით, მ. მ-ი და მ. გ- საქმეში ჩაბმულ იქნენ მესამე პირებად.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 11 დეკემბრის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ ს/კ-ზე ...; მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებით გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 11 დეკემბრის №... გადაწყვეტილების მიღებისას დაცული არ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ მ. მ-მა სადავო ქონება დაირეგისტრირა №51 მიწის განაწილების სიის საფუძველზე. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ ი. მ-ი ირიცხებოდა კომლში, არსებობდა ანდერძი და სამკვიდრო მოწმობა, რომელიც ო. მ-ის გარდაცვალების პერიოდის თანადროული იყო და არ არსებობდა მიწის განაწილების სია №51, რაც მესამე პირის სახელზე ქონების აღრიცხვის საფუძველი გახდა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრში დაცული არ იყო მიწის განაწილების სია №51, რეგისტრატორს არქივიდან უნდა გამოეთხოვა ინფორმაცია, რითაც დაადგენდა, რომ კომლის წევრი მხოლოდ მ. მ-ი არ იყო. ხოლო, თუკი ამ სარეგისტრაციო წარმოებაში ჩაერთვებოდა ი. მ-ი, მარეგისტრირებელ ორგანოს ანდერძზეც მოუწევდა მსჯელობა. ამდენად სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეასრულა ადმინისტრაციული წარმოებისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის კანონით დადგენილი ვალდებულება და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე. კერძოდ, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ გამოუკვლევია უფლების დამდგენი დოკუმენტის არსებობის საკითხი.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2002 წლის 9 ივლისის №... და 2012 წლის 11 დეკემბრის №... გადაწყვეტილებები და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ყოველმხრივ გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ი. მ-ი სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დავის განხილვისას მოსარჩელემ არაერთგზის დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, საბოლოოდ, სასამართლოს ზეპირ სხდომაზე ი. მ-მა აღნიშნა, რომ სარგებლობდა სასკ-ის 281 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოს მიერ შეთავაზებული სარჩელის ტრანსფორმირების შესაძლებლობით და სასარჩელო მოთხოვნებს აყალიბებდა შემდეგნაირად: 1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2002 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; 2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; 3. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე ს/კ ... უძრავ ნივთზე ი. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ მართალია იგი იზიარებდა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დავაზე დამდგარ შედეგს, თუმცა მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების პირობებში, არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძვლები. მოსარჩელის ცხადი იურიდიული ინტერესიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებული იყო დახმარება აღმოეჩინა მოსარჩელისთვის მოთხოვნის დაზუსტებაში. მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა არა მოთხოვნის გაზრდას, სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლას, რომელიც საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ, საჭიროებდა მოპასუხე მხარის თანხმობას (სსკ-ის 83.3 მუხ.), არამედ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებას. სასამართლოს მითითებით, სასკ-ის 281 მუხლის თანახმად, მხარისათვის მოთხოვნის ტრანსფორმირებაში დახმარების გაწევა ადმინისტრაციული დავის განმხილველი სასამართლოს ვალდებულებას შეადგენდა. მოსარჩელის მიზანს წარმოადგენდა უძრავ ქონებაზე თავისი უფლების რეგისტრაცია, რასაც ვერ ახერხებდა ამ უძრავ ნივთებზე სხვა პირთა სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამო, შესაბამისად, მის ინტერესს შეადგენდა ყველა იმ საფუძვლის გაბათილება, რაც მიწის ნაკვეთებზე მესამე პირების საკუთრების უფლების წარმოშობას უკავშირდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაზუსტებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად პირველადი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნა და ქონების მოსარჩელის სახელზე აღრიცხვის მოთხოვნის დაყენება წარმოადგენდა სწორედ მოთხოვნის დაზუსტებას და არა მის გაზრდას.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ...ში მდებარე, 1970 წელს აშენებული, 4 ოთახის, 2 სარდაფის, სამზარეულოს და აივნისგან შემდგარი, 90 კვ.მ საერთო ფართის მქონე, 2100 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განლაგებული საცხოვრებელი სახლი ირიცხებოდა ო. მ-ის სახელზე, რომელიც 1993 წლის 23 ნოემბერს გარდაიცვალა. თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ...ის საკრებულოს მიერ 1993 წლის 29 მარტს დადასტურებული ანდერძის საფუძველზე, ო. მ-ის მემკვიდრედ განისაზღვრა ი. მ-ი. სამკვიდრო შედგებოდა თეთრისწყაროს რაიონის სოფელ ...ში მდებარე, 90 კვ.მ საერთო ფართის საცხოვრებელი სახლისგან. აღნიშნულის შემდგომ, 2002 წლის 9 ივლისის №... სააღრიცხვო ბარათის თანახმად, მიწის განაწილების №51 სიის საფუძველზე, სოფელ ...ში მდებარე, 0,217 ჰა მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) აღირიცხა ი. მ-ის დედის - მ. მ-ის სახელზე. ხოლო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 11 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით თეთრიწყაროში, სოფელ ...ში, დაზუსტებული მონაცემებით დარეგისტრირდა მ. მ-ის საკუთრების უფლება ს/კ ... უძრავ ნივთზე: ფართობი 2170 კვ.მ (წინა კოდი: ...), შენობა-ნაგებობა - 88,6 კვ.მ. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2020 წელს, მ. მ-ს და მ. გ-ს (მოსარჩელის და) შორის დაიდო დასახელებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც შემძენი მ. გ- აღირიცხა მესაკუთრედ.

სააპელაციო სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ რეგისტრაციის შესახებ 2002 წლის 9 ივლისის სადავო გადაწყვეტილების გამოცემისას მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ზოგადად მიწის განაწილების სია წარმოადგენდა უფლების დამდგენ დოკუმენტს, თუმცა სააღრიცხვო ბარათში მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად მიწის განაწილების სიის მითითება იმთავითვე არ ქმნიდა რეგისტრაციის კანონშესაბამისად მიჩნევის და სარეგისტრაციო წარმოების პროცესში საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დამატებითი კვლევის საჭიროების გამომრიცხავ საფუძვლებს. სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დგინდებოდა სადავო აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არქივიდან თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან სათანადო ინფორმაციის მოძიება, საქმეში დაინტერესებული პირის - ი. მ-ის ჩართვა, ანდერძისა და სამემკვიდრეო მოწმობის, საკომლო წიგნის ჩანაწერების შეფასება ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებების კვლევა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო 2002 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაინტერესებული მხარის სავალდებულო მოწვევის, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შესახებ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვალდებულებების სრული უგულებელყოფით. ამასთან, სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ მოსარჩელე ი. მ-მა არა მხოლოდ მიუთითა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო 2002 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილების საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე გამოცემის დამადასტურებელ ფაქტებზე, არამედ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებებიც, ხოლო ამის საპირისპიროდ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების უარმყოფელი რაიმე დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ი. მ-ს უარი ეთქვა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე იმავე უძრავ ნივთზე მ. გ-ს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლით, რითიც ი. მ-ის დაინტერესებაში მყოფი მიწის ნაკვეთისა და მესამე პირთა სახელზე აღრიცხული მიწის ნაკვეთების იგივეობა დადასტურდა. ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ერთმნიშვნელოვნად დგინდებოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო 2002 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილების სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების არსებობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს სადავო გადაწყვეტილების მიღების დროს (09.07.2002წ.) მოქმედ „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველ და მესამე პუნქტებზე, მე-7 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-17 მუხლსა და მე-18 მუხლზე და 2002 წლის რეგისტრაციასთან დაკავშირებით არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ საქმის მასალებით არ დგინდებოდა სადავო აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არქივიდან თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან სათანადო ინფორმაციის მოძიება, საქმეში დაინტერესებული პირის - ი. მ-ის ჩართვა, ამასთან, სადავო 2002 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაინტერესებული მხარის სავალდებულო მოწვევის, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შესახებ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვალდებულებების სრული უგულებელყოფით. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ გვერდი აუარა სადავო გადაწყვეტილების პერიოდში მოქმედ „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ შესაბამის ნორმებს, რისი შესრულებაც მიწის მართვის დეპარტამენტს (მარეგისტრირებელ ორგანოს) ეკისრებოდა. მაშინ, როდესაც მიწის კადასტრის სამუშაოების ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდებოდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, აგრეთვე მმართველობის ადგილობრივი ორგანოს შენობაში გამოკრული განცხადებით, დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ჰქონდათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ მათთვის საინტერესო უძრავი ქონების საზღვრების დადგენას. ამასთან, მათ ჰქონდათ უფლება წარედგინათ პრეტენზიები, ხოლო განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მიწა და ყველა სხვა სახის უძრავი ქონება, რომელზეც არ იყო წარდგენილი პრეტენზიები, რეგისტრირებულ იქნებოდა სააღრიცხვო ბარათებსა და კადასტრულ რუკებზე. ამ მომენტიდან რეგისტრატორს შეეძლო გაეცა სარეგისტრაციო მოწმობები და ცნობები სააღრიცხვო ბარათებსა და კადასტრულ რუკებზე არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით. სააგენტოში დაცული მონაცემებით კი დგინდება, რომ ი. მ-ს არათუ 2002 წელს მიმდინარე სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში არ წარუდგენია პრეტენზია სადავო უძრავ ნივთთან (საკადასტრო კოდი: ...) დაკავშირებით, არამედ მან საჯარო რეესტრს მიმართა მხოლოდ 2024 წლის 22 აპრილს.

კასატორმა მიუთითა სადავო გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედ „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტზე, ასევე 2016 წელს ამოქმედებული „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, კონკრეტულად №... განცხადებით მოთხოვნილ იქნა უკვე რეგისტრირებული დაუზუსტებელი მონაცემების მქონე საკადასტრო მონაცემების დაზუსტება, რისთვისაც წარდგენილ იქნა უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის გამო სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის მსჯელობის საპირისპიროდ, რომელიც უკავშირდებოდა მ. მ-ის საკუთრების უფლების 15 წელზე მეტი ხნის მანძილზე რეგისტრირების საკითხს, კასატორმა განმარტა, რომ საქმეში არსებული მასალებით არ დგინდებოდა ი. მ-ის მიერ სადავო უძრავი ნივთის 2002 წლიდან ფლობის ფაქტი, შესაბამისად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენის გარეშე სასამართლო არ იყო უფლებამოსილი გაებათილებინა 2002 წლის რეგისტრაცია, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 167-ე მუხლის თანახმად, თუ პირი საჯარო რეესტრში შეტანილია მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრედ ისე, რომ არ შეუძენია საკუთრების უფლება მათზე, იგი მოიპოვებს ამ საკუთრების უფლებას, თუკი რეგისტრაცია არსებობდა 15 წლის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე პირი ფლობდა მათ, როგორც საკუთარს.

ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მართალია სააპელაციო სასამართლომ საქმის გადაწყვეტისას გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლი, თუმცა საქმის განხილვისას გამოვლენილი საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები მას საშუალებას აძლევდა სადავო საკითხი არსებითად გადაეწყვიტა და უარი ეთქვა მოსარჩელისთვის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე სრულად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 25 მარტის №ბს-358-348(კ-13) გადაწყვეტილებაზე მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2002 წლის 9 ივლისის №... და 2012 წლის 11 დეკემბრის №... გადაწყვეტილებები და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ყოველმხრივ გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში; ი. მ-ი სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ამდენად, საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე იმსჯელებს მხოლოდ სარჩელის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4-ე მუხლის საფუძველზე დაკმაყოფილების კანონიერების ნაწილში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს რეგისტრაციის შესახებ 2002 წლის 9 ივლისის სადავო გადაწყვეტილების გამოცემისას მოქმედ „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონზე (ძალის დაკარგვის თარიღი: 20.03.2006წ.), რომლის პირველი მუხლის თანახმად, მიწის რეგისტრაცია განმარტებული იყო, როგორც მიწის ნაკვეთის და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების რეგისტრაცია, სააღრიცხვო ბარათში ჩანაწერის, შენიშვნის ან აღწერის შეტანა და უძრავი ქონების გრაფიკული ასახვა ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ხოლო, სააღრიცხვო ბარათი განმარტებული იყო როგორც სარეგისტრაციო ფურცელი, რომელიც დგებოდა თითოეულ მიწის ნაკვეთზე და მოიცავდა ინფორმაციას ამ ნაკვეთის და მასზე არსებული სხვა უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობისა და საზღვრების შესახებ, აგრეთვე რეგისტრირებული უფლების ობიექტის გეგმას (გრაფიკული ასახვა ცალკე მოცემულია კადასტრულ რუკაზეც). დასახელებული კანონის მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, მიწის და სხვა უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია ხდებოდა სარეგისტრაციო ბარათის შედგენით ამ კანონისა და ყველა სხვა იმ ნორმატიული აქტის მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებითაც განისაზღვრებოდა ამ ქონების უფლებრივი და ვალდებულებითი დატვირთვა. პირველადი რეგისტრაცია შეიძლება მომხდარიყო ორ საფუძველზე: მიწის და სხვა უძრავი ქონების ობიექტებზე უფლებების დადგენისა და ამ ქონებაზე უფლებების გადასვლის საფუძველზე. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, რეგისტრატურაში ინახებოდა საკუთრების უფლების გადასვლასთან დაკავშირებული ყველა ხელშეკრულება, მემკვიდრეობის მოწმობა და სხვა აქტები, რომლებიც შეეხებოდა უფლებას მიწაზე და უძრავ ქონებაზე, აგრეთვე ამ ქონების ტოპოგრაფიული გეგმები, ამ რეგისტრაციების ინდექსები და სხვა ჩანაწერები, რაც აუცილებელი იყო უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულებით დამტკიცებული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ ბრძანებულებაზე, რომლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის მიზნით „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებულ, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილ და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებულ მიწების განაწილების სიას.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ...ში მდებარე, 1970 წელს აშენებული, 4 ოთახის, 2 სარდაფის, სამზარეულოს და აივნისგან შემდგარი, 90 კვ.მ საერთო ფართის მქონე, 2100 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განლაგებული საცხოვრებელი სახლი ირიცხებოდა ო. მ-ის ოჯახის სახელზე, რომელიც 1993 წლის 23 ნოემბერს გარდაიცვალა. თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ...ის საკრებულოს მიერ 1993 წლის 29 მარტს დადასტურებული ანდერძის საფუძველზე (რეგისტრაციის №...), ო. მ-ის მემკვიდრედ განისაზღვრა ი. მ-ი. სამკვიდრო შედგებოდა თეთრისწყაროს რაიონის სოფელ ...ში მდებარე, 90 კვ.მ საერთო ფართის საცხოვრებელი სახლისგან. სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით ი. გ-ის მიმართვის საფუძველზე, ნოტარიუსმა თ. გ-ემ 1994 წლის 14 აგვისტოს გასცა მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, თუმცა აღნიშნული მოწმობა ი. მ-ს მარეგისტრირებელ ორგანოში არ წარუდგენია და მისი საკუთრების უფლება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ აღრიცხულა.

2002 წლის 9 ივლისის №... სააღრიცხვო ბარათის თანახმად, მიწის განაწილების №51 სიაზე მითითებით, სოფელ ...ში მდებარე, 0,217 ჰა მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...) აღირიცხა ი. მ-ის დედის - მ. მ-ის სახელზე. მოგვიანებით - 2012 წლის 22 ნოემბერს გაიცა №150 ცნობა, რომელშიც მიეთითა, რომ №... სარეგისტრაციო მოწმობა (ს/კ ...) შეცდომით იყო გაცემული მ. მ-ის სახელზე და მითითებული უნდა ყოფილიყო მ. მ-ი. აღნიშნული ცნობისა და მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი საკადასტრო აზომვით ნახაზის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 11 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით თეთრიწყაროში, სოფელ ...ში, დაზუსტებული მონაცემებით დარეგისტრირდა მ. მ-ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე: ფართობი 2170 კვ.მ (ს/კ ..., წინა ს/კ ...), შენობა-ნაგებობა - 88,6 კვ.მ (საფუძველი: ცნობა №..., თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ...ის თემის ტერიტორიული ორგანო; მიწის განაწილების სია №51). ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული ქონება 2020 წლის 10 მარტს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა მ. გ-ს (ი. მ-ის და) საკუთრებაში.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2002 წლის 9 ივლისის სადავო გადაწყვეტილების გამოცემისას მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ზოგადად მიწის განაწილების სია წარმოადგენდა უფლების დამდგენ დოკუმენტს, თუმცა სააღრიცხვო ბარათში მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად მიწის განაწილების სიის მითითება არ გამორიცხავდა სარეგისტრაციო წარმოების პროცესში საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დამატებითი კვლევის საჭიროებას და ცალსახად არ ადასტურებდა რეგისტრაციის კანონშესაბამისობას. აღსანიშნავია, რომ 2002 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათში მითითებულია მიწის განაწილების სია №51, პირველადი რეგისტრაციის სარეგისტრაციო მასალებში დაცული არ იყო, ამასთან, პირველადი რეგისტრაციის განხორციელებამდე რამდენიმე წლით ადრე, კერძოდ 1993 წელს დადასტურებული იყო ანდერძი, ხოლო 1994 წელს აღნიშნული ანდერძის საფუძველზე გაიცა სამემკვიდრეო მოწმობა. საარქივო მასალებში არსებობდა აგრეთვე სარეგისტრაციო მოწმობა, რომლის თანახმად, სოფელ ...ში მდებარე, 2100 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული 90 კვ.მ სახლი ირიცხებოდა მამკვიდრებელ ო. მ-ის სახელზე. სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ მონაცემებს შეიცავდა აგრეთვე საკომლო წიგნის ჩანაწერები, რომელშიც წლების მიხედვით იყო მითითებული კომლის შემადგენლობა, მათ შორის, მითითებული იყო მოსარჩელე.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სამკვიდრო მოწმობის მარეგისტრირებელ ორგანოში წარუდგენლობის მიუხედავად, სამკვიდრო ქონების დაუფლების მომენტიდან, ი. მ-ი მიიჩნეოდა მის მიერ მიღებული ქონების მესაკუთრედ და ამდენად, დაინტერესებულ პირად, რაც უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში მისი ჩართვის სავალდებულო წინაპირობას ქმნიდა. ამდენად, მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ საქმის მასალებით არ დგინდება სადავო აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არქივიდან თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან სათანადო ინფორმაციის მოძიება, საქმეში დაინტერესებული პირის - ი. მ-ის ჩართვა, ანდერძისა და სამემკვიდრეო მოწმობის, საკომლო წიგნის ჩანაწერების შეფასება ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებების კვლევა. აღნიშნული გარემოებები კი ადასტურებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო 2002 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაინტერესებული მხარის სავალდებულო მოწვევის, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შესახებ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვალდებულებების უგულებელყოფით, რაც ადასტურებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2002 წლის 9 ივლისის №... და 2012 წლის 11 დეკემბრის №... გადაწყვეტილებების სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობის წინაპირობების არსებობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 30.09.2024წ. №50895 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ: 202238621) დაუბრუნდეს 30.09.2024წ. №50895 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა