გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.02.2026
საქმის ნომერი
ბს-448(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.02.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-448(კ-25) 2 თებერვალი, 2026 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ზ. ფ-ე

მოპასუხეები - დ. ფ-ე, ნა. ფ-ე, ნ. ფ-ე, თ. ფ-ე, ა. ფ-ე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2021 წლის 1 ოქტომბერს ზ. ფ-ემ სარჩელით, ხოლო 2023 წლის 4 სექტემბერს დაზუსტებული სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია მიმართ. რაიონულ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე დააზუსტა მოპასუხეთა წრე და ასევე დააზუსტა მოთხოვნა. საქმეზე საბოლოო მოპასუხე მხარედ განისაზღვრნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია, დ. ფ-ე, ნა. ფ-ე, ნ. ფ-ე, თ. ფ-ე, ა. ფ-ე და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო სასარჩელო მოთხოვნებად ჩამოყალიბდა: №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების 1/5 ნაწილში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 26 დეკემბრის №145 საოქმო გადაწყვეტილების, №9329 საკუთრების მოწმობისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 5 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე ამავე უძრავ ქონების 1/5 წილის მესაკუთრედ ზ. ფ-ის აღიარება.

სარჩელის თანახმად, ზ. ფ-ე ცხოვრობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მეუღლესა და ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად და დაბადებიდან წარმოადგენს კომლის წევრს საკომლო ქონებაში, მდებარე: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. ...ი. 2021 წლის ზაფხულში დ. ფ-ემ, რომელიც არის მისი მამა, განუცხადა, რომ მას უფლება არ ჰქონდა ეცხოვრა კომლის ქონებაში, რადგანაც კომლის ქონების ერთადერთი მესაკუთრე თავად იყო და მოითხოვა ერთი კვირის ვადაში ქონების გამოთავისუფლება. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა ამონაწერი უძრავ ქონებაზე, რომლითაც დადასტურდა, რომ უძრავი ქონების ერთადერთი მესაკუთრე იყო დ. ფ-ე და მას ქონების ნაწილი გაჩუქებული ჰქონდა სხვადასხვა პირებზე.

მოსარჩელის მითითებით, მან განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და გამოითხოვა ყველა იმ დოკუმენტის ასლი, რის საფუძველზეც მოხდა დ. ფ-ეზე კომლის ქონების აღიარება და საკუთრების მოწმობის გაცემა. მიმართვის შედეგად, მოსარჩელემ გამოარკვია, რომ დ. ფ-ეს განცხადებით მოთხოვნილი ჰქონდა მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ნივთზე (მდებარე: სოფ. ...ი, მე-3 ბრიგადა) საკუთრების უფლების აღიარება. აღნიშნულ განცხადებას თან ერთოდა საარქივო ცნობა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საკომლო წიგნის მიხედვით კომლს ეწერა მიწა პირად სარგებლობაში 1984 წლიდან - 0,18 ჰა; კომლში ირიცხებოდა 5 წევრი, ხოლო საკომლო წიგნის გრაფაში კომლის სხვა წევრებთან ერთად მითითებული იყო ზ. ფ-ეც. მიუხედავად იმისა, რომ აღიარების კომისიისთვის ცნობილი იყო იმის თაობაზე, რომ კომლის ქონებაში სხვა დანარჩენ წევრებთან ერთად ირიცხებოდა ზ. ფ-ეც, აღიარების კომისიამ ყოველგვარი არგუმენტაციისა და დასაბუთების გარეშე, 2008 წლის 26 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებით, დააკმაყოფილა დ. ფ-ის განცხადება და გასცა საკუთრების მოწმობა №9329, რომლითაც კომლის ქონების ერთადერთი მესაკუთრე გახდა დ. ფ-ე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ დაარღვია მისი, როგორც კომლის წევრის უფლებები, რადგან საერთოდ არ უმსჯელია იმის თაობაზე, რომ კომლში სხვა წევრებთან ერთად ირიცხებოდა მოსარჩელეც, რომელსაც უფლება ჰქონდა დასწრებოდა კომისიის სხდომას და კანონის შესაბამისად მიეღო მისი წილი კომლის ქონებიდან. მოსარჩელის მოსაზრებით, ვინაიდან აღიარების კომისიისათვის ცნობილი იყო აღნიშნულის შესახებ, ის ვალდებული იყო განეხილა განცხადება მისი, როგორც კომლის წევრის ნაწილში, რაც არ მომხდარა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 5 სექტემბრის განჩინებით ზ. ფ-ის წარმომადგენლის მ. დ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს: დ. ფ-ეს, ნა. ფ-ეს, ნ. ფ-ეს და თ. ფ-ეს აეკრძალათ უძრავი ქონების, მდებარე ხელვაჩაური, სოფ. ...ი, ს/კ ..., გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 26 დეკემბრის №145 საოქმო გადაწყვეტილება სადავო ქონების ს/კ ...-ის 1/5 ნაწილში, საკუთრების მოწმობა №9329 უძრავი ქონების ს/კ ...-ის 1/5 ნაწილში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება №... 1/5 ნაწილში და მოსარჩელე ზ. ფ-ე ს/კ ... რეგისტრირებული სადავო ქონების 1/5 წილზე აღიარებული იქნა მესაკუთრედ; ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 5 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხეებს: დ. ფ-ეს, ნა. ფ-ეს, ნ. ფ-ეს, თ. ფ-ეს აეკრძალათ უძრავი ქონების, მდებარე ხელვაჩაური, სოფ. ...ი, ს/კ ..., გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, დარჩა უცვლელი.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 26 დეკემბერს დ. ფ-ემ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული 0,2 ჰა კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სასამართლომ მიუთითა 2008 წლის 2 აპრილს გაცემულ საარქივო ცნობაზე, რომლის თანახმად, დ. ფ-ის კომლში 1996-2006 წლებში ირიცხებოდა 6 (ექვსი) წევრი. კომლს 1996 წლიდან სარგებლობაში ეწერა 0,18 ჰა მიწის ნაკვეთი. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 26 დეკემბრის №145 საოქმო გადაწყვეტილებით, დ. ფ-ის განცხადება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 0,2 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე დაკმაყოფილდა. შედეგად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 29 დეკემბერს გაცემული №9329 საკუთრების უფლების მოწმობის თანახმად, დ. ფ-ეს საკუთრებაში გადაეცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 0.2 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2014 წლის 28 მაისს, დ. ფ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 5 ივნისის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილებით, 2001 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მდებარე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მე-14 ქუჩა, ჩიხი პირველი, №5) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, საერთო ფართით 282.84 კვ.მ (საკადასტრო კოდი: ...) დარეგისტრირდა დ. ფ-ის საკუთრებად.

2018 წლის 24 დეკემბერს გაცემული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების თანახმად, დ. ფ-ემ, დასახელებული 2001 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან და შენობა-ნაგებობის საერთო ფართი - 282.84 კვ.მ ნაწილი საჩუქრად გადასცა ნა. ფ-ეს, ნ. ფ-ეს, ე. ფ-ეს და თ. ფ-ეს (დედა ნ. ფ-ე). დადგენილი იქნა, რომ საჯარო რეესტრიდან 2018 წლის 28 დეკემბერს გაცემული ამონაწერით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2001 კვ.მ მიწის ნაკვეთის (მდებარე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მე-14 ქუჩა, ჩიხი პირველი, №5) და 282.84 კვ.მ საერთო ფართის შენობა-ნაგებობის მესაკუთრეებად ირიცხებიან: დ. ფ-ე, ე. ფ-ე, თ. ფ-ე, ნა. ფ-ე, ნ. ფ-ე.

სასამართლომ მიუთითა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს - ხელვაჩაურის არქივის მიერ 2020 წლის 11 თებერვალს გაცემულ ცნობაზე, რომლის თანახმად, ხელვაჩაურის არქივში დაცული ხელვაჩაურის რაიონის ...ის თემის საკრებულოს დოკუმენტებით, კერძოდ სოფელ ...ის 1996-2006 წლების საკომლო წიგნით დასტურდებოდა, რომ დ. ფ-ე იყო კომლის უფროსი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ: 1. ფ-ე დ. - ოჯახის უფროსი; 2.ფ-ე ნა. - ცოლი; 3. ფ-ე ნ. - შვილი; 4. ფ-ე ნო. . მიწერილია ც/კ 28.02.2000წ. 5. ფ-ე ზ. - შვილი. 6. ფ-ე ნათ. - შვ/შვილი. კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ფართის ოდენობა შეადგენს 0.18 ჰა მიწის ნაკვეთს. საფუძველი: ფონდი 7; აღწერა 2; საქმე 347; ფურცელი 7; წიგნი 4.

ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2021 წლის 15 სექტემბერს გაცემული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების თანახმად, დ. ფ-ემ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მე-14 ქუჩა, ჩიხი პირველი, №5-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2001 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან და შენობა-ნაგებობის საერთო ფართი - 282.84 კვ.მ-დან მისი წილის 1/2 საჩუქრად გადასცა ა. ფ-ეს.

2023 წლის 31 მარტს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ე. ფ-ის გარდაცვალებით (29.08.2022წ) გაიხსნა სამკვიდრო. სამკვიდროს გახსნის ფაქტი დასტურდება გარდაცვალების მოწმობით №77227007134, გაცემული: 05.09.2022წ. სსგს აჭარის სრს მიერ. დ. ფ-ე არის მამკვიდრებლის, ე. ფ-ის მემკვიდრე პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან - შვილი, რაც დასტურდება დ. ფ-ის დაბადების მოწმობით I-გტ №639303, გაცემული: 28.07.1975წ. ხელვაჩაურის რაიონის მმაჩის ბიუროს მიერ. მამკვიდრებლის სხვა მემკვიდრეებმა, პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან - შვილებმა: ვ. შ-ემ, ნ. კ-ემ სანოტარო ბიუროში 2022 წლის 27 ოქტომბერს შეტანილი წერილობითი განცხადებით (რ/№221469907, რ/№221469919) დაადასტურეს უარი სამკვიდროს მიღებაზე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს - ხელვაჩაურის არქივის მიერ 2023 წლის 8 აგვისტოს გაცემული ცნობის თანახმად, ხელვაჩაურის არქივში დაცული ხელვაჩაურის რაიონის ...ის თემის საკრებულოს სოფელ ...ის 1983-1985 წლების საკომლო წიგნით დასტურდება, რომ ფუ-ე ხ. წარმოადგენდა კომლის უფროსს. კომლის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ: 1. ფ-ე ხ. - ოჯახის უფროსი; 2. ფ-ე ე. - ცოლი; 3. ფ-ე დ. - შვილი. აღნიშვნა გრაფაში დროებით წასულთა შესახებ მიწერილია გამოყოფილია ცალკე კომლად (დოკუმენტში ასეა); 4. ფ-ე ნარ. - შვილი. მიწერილია გათხოვდა; 5. ფ-ე ან. - შვილი. მიწერილია ამოწერილია; 6. ფ-ე თ. - რძალი; 7.ფ-ე ნა. - შვ/შვილი; 8. ფ-ე გ. - შვ/შვილი; 9. ფ-ე ნარ. - რძალი. მიწერილია: გამოყოფილია ცალკე კომლად (დოკუმენტში ასეა); 10. ფ-ე ნ. - შვ/შვილი, მიწერილია გამოყოფილია მშობლებთან ერთად (დოკუმენტში ასეა); 11. ფ-ე გ. - შვ/შვილი; 12. ფ-ე ნო. - შვ/შვილი. მიწერილია: გამოყოფილია მშობლებთან ერთად (დოკუმენტში ასეა). 13. ფ-ე ზ. შვ/შვილი. მიწერილია: ს/კ ჩანაწერი გაკეთებულია საკომლო წიგნში ჩაკერებულ ფურცელზე (დოკუმენტში ასეა). ამავე ფონდში დაცული 1986-1995 წლების სოფელ ...ის საკომლო წიგნით კი დასტურდება, რომ ფ-ე დ. არის კომლის უფროსი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. ფ-ე დ. - ოჯახის უფროსი; 2.ფ-ე ნა. - ცოლი; 3. ფ-ე ნ. - შვილი; 4. ფ-ე ნო. - შვილი; 5. ფ-ე ზ. - შვილი.

რაიონული სასამართლოს მითითებით, 1993 წლამდე საქართველოში არსებობდა საკოლმეურნეო კომლი, ხოლო „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 ოქტომბრის №949 დადგენილების და სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენენ.

სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ 1993 წლის 1 იანვრისათვის, როცა საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების საფუძველზე დადგინდა კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და გაუქმდა საკოლმეურნეო კომლი, ზ. ფ-ე ირიცხებოდა კომლის წევრად, რომელიც შედგებოდა ხუთი წევრისაგან. შესაბამისად, ზ. ფ-ე წარმოადგენდა კომლის ქონების 1/5 წილის მესაკუთრეს და მას ჰქონდა უფლება ამჟამად ა. ფ-ის, დ. ფ-ის, თ. ფ-ის, ნა. ფ-ისა და ნ. ფ-ის სახელზე რიცხული 2001 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 282.84 კვ.მ საერთო ფართის შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდი ...) 1/5 წილზე. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება არ იქნა სათანადოდ გამოკვლეული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ და მიღებული იქნა გადაწყვეტილება მთლიანი ქონების მოპასუხეების: ა. ფ-ის, დ. ფ-ის, თ. ფ-ის, ნა. ფ-ისა და ნ. ფ-ის საკუთრებაში რეგისტრაციაზე. შესაბამისად სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნია, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო და გასაჩივრებულ ნაწილში უცვლელად უნდა დარჩენილიყო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება. სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო მხოლოდ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის, როგორც სადავო უძრავ ქონებაზე უფლების დამდგენი დოკუმენტის გამომცემი ორგანოს მიერ. აღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა არც მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ, რომლის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებაც ასევე იქნა ბათილად ცნობილი და დაევალა რეესტრს როგორც ამჟამად უფლებამოსილ ორგანოს ზ. ფ-ის უფლების აღრიცხვა სადავო ქონებაზე, და არც დ. ფ-ის, ნა. ფ-ის, ნ. ფ-ის, თ. ფ-ის და ა. ფ-ის მიერ, მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება თანაბარწილად ამცირებდა მათ წილს თანასაკუთრებაში, ზ. ფ-ისთვის მიკუთვნებული წილის პროპორციულად. ამდენად, სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ იგი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში იმსჯელებდა 2008 წლის 26 დეკემბრის №145 საოქმო გადაწყვეტილების და 2008 წლის 29 დეკემბრის №9329 საკუთრების მოწმობის კანონიერებაზე, მით უფრო, როცა სწორედ სადავო მიწის ნაკვეთზე დ. ფ-ის უფლების დამდგენი აქტების კანონიერება განსაზღვრავდა ამ აქტების საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო წარმოების კანონიერებასაც.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საკომლო ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირებული იყო 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსით, რომლის 122-ე მუხლის თანახმად, კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით. ამავე კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ყველა წევრს კომლის ქონება თანაბარი წილით ეკუთვნის. კომლს გააჩნდა საერთო საკუთრება, რომელიც მის წევრებს ეკუთვნოდა თანასაკუთრების უფლებით. კომლის საერთო საკუთრებაში არსებული ქონების მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა წარმოებდა კომლის ყველა წევრის თანხმობით. კომლის საერთო ქონებიდან კომლის წევრის წილის განსაზღვრა - გამიჯვნა შესაძლებელი იყო მხოლოდ სამ შემთხვევაში, კერძოდ, 1) მისი გასვლისას კომლის შემადგენლობიდან, ახალი კომლის შეუქმნელად (გამოყოფა); 2) ერთი კომლიდან ორი ან მეტი კომლის შექმნისას (გაყრა); 3) კომლის წევრის პირადი ვალდებულებების მიხედვით გადახდევინებისას. კომლის ქონებაში ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც, თანაბარი წილი ეკუთვნოდათ. მიწისა და საერთოდ სოფლის მეურნეობის სისტემაში რეფორმის განხორციელებამ, შესაბამისად ახალი საკანონმდებლო ბაზის შექმნამ, მნიშვნელოვნად შეცვალა მანამდე არსებული მოწესრიგება. ქონება, რომელიც საკოლმეურნეო კომლის ქონებას წარმოადგენდა, წარმოადგენს კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომელზედაც ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საერთო საკუთრების სამართლებრივი რეჟიმი.

სააპელაციო სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ საქმის მასალებში არსებულ საარქივო ცნობაში ასახული ინფორმაცია, 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, დ. ფ-ის კომლის წევრების შესახებ ზუსტ მონაცემებს შეიცავდა, გარდა აღიარების კომისიისთვის წარდგენილი 2 აპრილის საარქივო ცნობისა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ კომლის 6 წევრიდან 1992 წლამდე დაბადებული იყო 5 წევრი. ამასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს - ხელვაჩაურის არქივის 2023 წლის 8 აგვისტოს №AA2023012536-03 საარქივო ცნობის მიხედვით, ხელვაჩაურის არქივში დაცული, ხელვაჩაურის რაიონის ...ის თემის საკრებულოს სოფელ ...ის 1983-1995 წლების საკომლო წიგნის მიხედვით, კომლის უფროსად ფიქსირდებოდა დ. ფ-ე, რომლის კომლის შემადგენლობაშიც ირიცხებოდნენ: 1. ფ-ე დ. - ოჯახის უფროსი; 2. ფ-ე ნა. - ცოლი; 3. ფ-ე ნ. - შვილი; 4. ფ-ე ნო. - შვილი; ფ-ე ზ. - შვილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ აღიარების კომისიისთვის განცხადებით მიმართვის დროს, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, რომელიც დ. ფ-ემ წარადგინა ადმინისტრაციულ ორგანოში უფლებაასაღიარებელ უძრავ ქონებაზე მართლზომიერი მფლობელობის დასადასტურებლად, ადგენდა არა ერთპიროვნულად მისი, არამედ 5 თანამესაკუთრის უფლებებს უძრავ ქონებაზე, რომელთა უარიც ქონებაზე უფლების მოპოვების შესახებ წარდგენილ განცხადებას არ ახლდა, მაშასადამე, აღიარების კომისიამ სრულყოფილად არ შეაფასა მის წინაშე დასმული საკითხი და გადაწყვეტილება მიიღო არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევის გარეშე, რაც ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა. ხოლო რამდენადაც, უტყუარად დგინდებოდა ზ. ფ-ის უფლება სადავო ქონების 1/5 წილზე და ამას არც მოპასუხე მხარეები უარყოფდნენ, პალატა დაეთანხმა რაიონული სასამართლოს დასკვნას სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის უფლების აღიარებასთან დაკავშირებით.

სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა, რომ მოსარჩელის შვილისთვის - ა. ფ-ისთვის ჩუქების ხელშეკრულებით დ. ფ-ის კუთვნილი წილის 1/2-ის გადაცემა ვერ შეცვლიდა ზ. ფ-ის უფლებებს კომლის წევრთა თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე, მით უფრო, როცა ა. ფ-ისთვის გადაცემული წილი, ნაკლები იყო იმ წილზე, რაც ზ. ფ-ეს, როგორც კომლის წევრს ეკუთვნოდა. სასამართლოს მითითებით, დ. ფ-ის მხრიდან ა. ფ-ისთვის უძრავ ქონებაში საკუთარი წილის გადაცემა, წარმოადგენდა მის ნებას და აღნიშნული ნების გამოხატვას საერთო არაფერი ჰქონდა ზ. ფ-ის უფლებების აღიარებასთან, შესაბამისად, ზ. ფ-ის არასრულწლოვანი შვილისთვის ქონებიდან წილის ჩუქება, ვერ ჩაანაცვლებდა ზ. ფ-ის საკუთრების უფლებებს კომლის ქონებაში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლზე მითითებით, მიიჩნევს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ადმინისტრაციული ორგანოს განხორციელებული მოქმედება იყო კანონიერი.

კასატორმა ხაზი გაუსვა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისია მოქმედებდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს პრეზიდენტის 525-ე ბრძანებულებისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ შესაბამისად. კასატორის მითითებით, კანონმდებლობაში ნათლად და იმპერატიულად არის გაწერილი ის კონკრეტული გარემოებები, რომლის არსებობის შემთხვევაშიც დაინტერესებულ მხარეს შეუძლია მოითხოვოს მართლზომიერ ან თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. მოცემულ შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა (დ. ფ-ემ) წარადგინა უძრავი ქონების მართლზომიერ ფლობისათვის საჭირო დოკუმენტაცია, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებდა. ამასთან, კასატორმა ზემოაღნიშნული კანონის მე-5 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ საქმეში არსებული დოკუმენტებით დასტურდებოდა, რომ დაინტერესებულ პირს 2007 წლის 26 დეკემბერს წარდგენილი ჰქონდა განცხადება, რომელზეც თანდართული იყო საკადასტრო აზომვითი ნახაზი და პირადობის ასლი.

კასატორმა ასევე მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით (ძალადაკარგულია - 04.08.2016, №191) დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით განსაზღვრულ პირობებს, კომისია განცხადების განხილვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების მთლიანად ან ნაწილობრივ აღიარების თაობაზე. შესაბამისად საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ იმსჯელა დაინტერესებული პირის (დ. ფ-ე) წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების საფუძველზე, რის შედეგადაც გამოსცა კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 დეკემბრის განჩინებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 4 დეკემბრის განჩინება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების 1/5 ნაწილში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 26 დეკემბრის №145 საოქმო გადაწყვეტილების და №9329 საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე, ხოლო დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები). ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის გამოყენებისა და განმარტების კუთხით წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რამაც შექმნა საკასაციო სასამართლოს მიერ ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების 1/5 ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 26 დეკემბრის №145 საოქმო გადაწყვეტილება, №9329 საკუთრების მოწმობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 5 ივნისის №... გადაწყვეტილება, ამასთან მოსარჩელე ზ. ფ-ე ს/კ ... რეგისტრირებული სადავო ქონების 1/5 წილზე აღიარებული იქნა მესაკუთრედ. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ, ხოლო მოპასუხეებს - დ. ფ-ეს, ნა. ფ-ეს, ნ. ფ-ეს, თ. ფ-ეს, ა. ფ-ეს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დასახელებული გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ. ამდენად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების 1/5 ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 5 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე შესულია კანონიერ ძალაში და საკასაციო სასამართლო მოკლებულია მასზე მსჯელობის შესაძლებლობას.

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების 1/5 ნაწილში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 26 დეკემბრის №145 საოქმო გადაწყვეტილების, №9329 საკუთრების მოწმობის კანონიერება და ზ. ფ-ის ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ სადავო ქონების 1/5 წილზე მესაკუთრედ აღიარების წინაპირობების არსებობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

როგორც ნორმის შინაარსი ცხადყოფს, კანონის რეგულაცია შეეხებოდა სამი სახის ურთიერთობას: კერძოდ, ურთიერთობას, რომელიც გამომდინარეობს მიწის მართლზომიერი მფლობელობიდან, მიწათ სარგებლობიდან და მიწის თვითნებურად დაკავებიდან.

განსახილველ შემთხვევაში, კომისიის მიერ 2008 წლის 26 დეკემბრის №145 საოქმო გადაწყვეტილებისა და №9329 საკუთრების უფლების მოწმობის გამოცემის წინაპირობას წარმოადგენდა დ. ფ-ის 2007 წლის 26 დეკემბრის განცხადება მართლზომიერ მფლობელობის საფუძვლით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 0,2 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო საკუთრების მოწმობის გამოცემის მომენტში მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა განმარტებული იყო, როგორც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა. ამავე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საკუთრების უფლების აღიარება განმარტებული იყო, როგორც ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“ განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.

ზემოხსენებული კანონის სადავო საკუთრების მოწმობის გამოცემის მომენტში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, დაინტერესებული პირს წარმოადგენდა ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული ან დანგრეული) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველს წარმოადგენდა დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა სააგენტოში. ამავე მუხლის სადავო საკუთრების მოწმობის გამოცემის მომენტში მოქმედი რედაქციის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირს უნდა წარედგინა: ა) მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; გ) საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით (ძალადაკარგულია - 04.08.2016, №191) დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ სადავო საკუთრების მოწმობის გამოცემის მომენტში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტებად განსაზღვრული იყო: ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია, თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, სასამართლოს აქტი, ან/და სხვა დოკუმენტი.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დ. ფ-ემ, კომისიაში წარდგენილ განცხადებას დაურთო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი - საკომლო წიგნის ამონაწერი დ. ფ-ის კომლის შემადგენლობისა და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის შესახებ. შესაბამისად, კომისიის 2008 წლის 26 დეკემბრის ოქმი №145 გადაწყვეტილებით დ. ფ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და 2008 წლის 29 დეკემბერს გაცემულ იქნა №9329 საკუთრების უფლების მოწმობა, რომლის თანახმად დ. ფ-ეს საკუთრებაში გადაეცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 0.2ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

საქმეზე ისიც დადგენილია, რომ 2014 წლის 28 მაისს, დ. ფ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 5 ივნისის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ნივთი - 2001 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, საერთო ფართით 282.84 კვ.მ (საკადასტრო კოდი: ...) დარეგისტრირდა დ. ფ-ის საკუთრებად. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 24 დეკემბერს გაცემული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების თანახმად, დ. ფ-ემ, დასახელებული 2001 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან და 282.84 კვ.მ საერთო ფართი შენობა-ნაგებობის ნაწილი საჩუქრად გადასცა ნა. ფ-ეს, ნ. ფ-ეს, ე. ფ-ეს, თ. ფ-ეს, შედეგად, 2018 წლის 28 დეკემბერს გაცემული საჯარო რეესტრიდან ამონაწერით, №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების მესაკუთრეებად ირიცხებიან: დ. ფ-ე, ე. ფ-ე, თ. ფ-ე, ნა. ფ-ე და ნ. ფ-ე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის №614–IIს კანონზე (გამოქვეყნდა 2008 წლის 12 დეკემბერს და ამოქმედდა გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს), რომლითაც დასახელებულ კანონს დაემატა 41 მუხლი, რომლის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი გახდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. თუმცა, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ დ. ფ-ის მიერ კომისიისთვის მიმართვის (26.12.2007წ.) და კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების დროს (26.12.2008წ.), აღნიშნული წესი ჯერ კიდევ არ იყო ამოქმედებული და სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო იყო უფლებამოსილი მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. ამდენად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საკუთრების აღიარების შესახებ სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქციით, მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილებას ახორციელებდა შესაბამისი კომისიის მეშვეობით.

საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის სადავო საკითხს წარმოადგენს არა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სადავო უძრავი ქონების დ. ფ-ისთვის აღიარების გზით განკერძოება, მისი წინაპირობები და კანონიერება, არამედ სახელმწიფო საკუთრებიდან კერძო საკუთრებაში გადასული ქონების შესაბამისი წილობრივი კუთვნილება ოჯახის წევრებს შორის.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაფასებლად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკაზე, რომლითაც განმარტებულია კომლის არსი და მასთან დაკავშირებული თავისებურებები, კერძოდ: „კომლი სოფლის ადგილობრივი ორგანოების მიერ ყოველთვის ცალკე იყო რეგისტრირებული საადგილმამულო წიგნში, ოჯახის თითოეული წევრის და ოჯახის რიცხული ქონების აღნიშვნით. კომლი წარმოადგენდა ოჯახის წევრთა ერთიან კავშირს, რომელსაც გააჩნდა ერთიანი ქონება, გარკვეული უფლება-მოვალეობები, აგრეთვე პასუხისმგებლობა, როგორც ერთმანეთის, ისე მესამე პირთა მიმართ... შეიძლებოდა ყოფილიყო როგორც რამდენიმე, ისე ერთი წევრი. კომლის საქმიანობა არ რეგულირდებოდა სპეციალური წესდებით, რადგან კომლი არ განიხილებოდა როგორც იურიდიული პირი. კომლს გააჩნდა პირადი საკუთრება და როგორც ამ საკუთრების უფლების სუბიექტი, რეგისტრირებული იყო სოფლის საბჭოში, სადაც მითითებული იყო კომლის უფროსი, კომლის წევრები და კომლის ქონება... კომლს გააჩნდა საერთო საკუთრება, რომელიც მის წევრებს ეკუთვნოდა თანასაკუთრების უფლებით. კომლის საერთო საკუთრებაში არსებული ქონების მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა წარმოებდა კომლის ყველა წევრის თანხმობით“ (სუსგ №ას-402-2021., 04.11.2021წ; №ას-464-2022., 06.10.2022წ; №ას-516-2021., 30.11.2021წ.).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კომლი (როგორც საკოლმეურნეო, ასევე მუშა-მოსამსახურის) საქართველოში არსებობდა 1993 წლამდე და მათთან დაკავშირებული ურთიერთობები, მოწესრიგებული იყო 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსით. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად განსაზღვრული იყო, რომ კომლის ქონება ეკუთვნოდა მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით, ხოლო ამავე კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისად, საკოლმეურნეო კომლის ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც, კომლის ქონება თანაბარი წილით ეკუთვნოდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ: „სახელმწიფოს მიერ რეფორმის გატარება მიზნად ისახავდა მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებაში გადასვლას. ამ პროცესის წარმართვისას კი არსებითი მნიშვნელობა ენიჭებოდა კომლის შემადგენლობასა და მის სახელზე რიცხული ქონების თაობაზე საკომლო წიგნებში არსებულ ინფორმაციას. კერძოდ, კომლს, პირველ რიგში, საკუთრებაში გადაეცემოდა მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები. საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადიოდა მათ კერძო საკუთრებაში. ამრიგად, რეფორმის ფარგლებში კონკრეტული მიწის ნაკვეთის გამოყოფისთვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭებოდა მოცემული ნაკვეთის სტატუსს, მასზე საცხოვრებელი სახლის არსებობას, მეურნეობის წარმართვას. საკარმიდამო მიწის ნაკვეთი უნდა გადასულიყო უშუალოდ იმ კომლის წევრთა საკუთრებაში, რომელთა მფლობელობაშიც ირიცხებოდა ეს ნაკვეთი. ამასთანავე, საყურადღებოა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შემოღებით, კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა, რომ ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები (1513-ე მუხლის პირველი ნაწილი)“ (სუსგ №ბს-48(კ-20), 27.05.2020წ.).

ამასთან, „მიწის რეფორმის ეგიდით განხორციელებულ ღონისძიებათა შედეგად არსებული ხარვეზებისა და დარღვევების გამოსწორების, მიწის რეფორმის დაჩქარებისა და მიწათსარგებლობაში სათანადო წესრიგის დამყარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 თებერვლის №166 ბრძანებულების (გაუქმებულია საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 18 ოქტომბრის №593 ბრძანებულებით) 1-ლი პუნქტის მიხედვით, მიღებულ იქნა ცნობად, რომ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტში „სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ გათვალისწინებულია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48, 1992 წლის 6 თებერვლის №128, 1992 წლის 10 მარტის №290, 1992 წლის 22 სექტემბრის №949, 1993 წლის 16 იანვრის №39, 1993 წლის 24 თებერვლის №148, 1993 წლის 28 ივნისის №503, 1994 წლის 29 ნოემბრის №815, 1995 წლის 10 მარტის №129, 1995 წლის 19 ივნისის №363 დადგენილებების, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 28 ოქტომბრის №29 დეკრეტის, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 30 დეკემბრის №249 განკარგულების, 1995 წლის 22 თებერვლის №45 ბრძანებულების მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეთა კომლებისათვის, ოჯახებისათვის გაცემული მიწის ნაკვეთები, მათ შორის 1992 წლამდე მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული საბაღე, საბოსტნე, სააგარაკო, სამოსახლო, საკარმიდამო ნაკვეთები მიჩნეულ იქნა მათ კერძო საკუთრებად.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის ამოქმედების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის დადგენილებით ასევე განიმარტა, რომ საქართველოს მოქალაქეთა კომლებისათვის, ოჯახებისათვის გაცემული მიწის ნაკვეთები, მათ შორის 1992 წლამდე მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული საბაღე, საბოსტნე, სააგარაკო, სამოსახლო, საკარმიდამო ნაკვეთები მიჩნეულ იქნა მათ კერძო საკუთრებად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტები წარმოადგენს კომლისთვის და კომლში შემავალი პირებისთვის შესაბამისი ქონების საკუთრებაში გადაცემის საკითხის მარეგულირებელ ძირითად სამართლებრივ დოკუმენტებს, რომლებიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასთან ერთობლიობაში ცხადყოფს, რომ შესაბამისი რეფორმის ფარგლებში მიწის ნაკვეთები გაიცემოდა 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რეგისტრირებულ კომლებზე. ამასთან, გაცემა ხორციელდებოდა არა კომლში შემავალ პირებზე სათითაოდ, ან თუნდაც ერთ-ერთ მათგანზე (მაგ: ოჯახის უფროსი, ან პირი რომელიც უშუალოდ წარადგენდა შესაბამის დოკუმენტებს და მიწის გადაცემის აქტში იყო დაფიქსირებული), არამედ მთელ კომლზე და შესაბამის დოკუმენტში ოჯახის ერთი წევრის ასახვა ვერ გახდებოდა კომლის სხვა წევრთა საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველი. ამდენად, დასახელებული ნორმების თანახმად, მიწის ნაკვეთები, მათ შორის საკარმიდამო ფართები, საკუთრებაში გადაეცემოდათ კომლებს და არა ინდივიდუალურ პირებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს - ხელვაჩაურის არქივის მიერ 2023 წლის 8 აგვისტოს გაცემულ ცნობაზე, რომლის თანახმად, ხელვაჩაურის არქივში დაცული ხელვაჩაურის რაიონის ...ის თემის საკრებულოს სოფელ ...ის 1983-1985 წლების საკომლო წიგნით დასტურდებოდა, რომ ხ. ფ-ის კომლის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ: 1. ფ-ე ხ. - ოჯახის უფროსი; 2. ფ-ე ე. - ცოლი; 3. ფ-ე დ. - შვილი. გრაფაში დროებით წასულთა შესახებ მიწერილია: გამოყოფილია ცალკე კომლად; 4. ფ-ე ნარ. - შვილი, მიწერილია: გათხოვდა; 5. ფ-ე ან. - შვილი, მიწერილია: ამოწერილია; 6. ფ-ე თა. - რძალი; 7. ფ-ე ნა. - შვ/შვილი; 8. ფ-ე გ. - შვ/შვილი; 9. ფ-ე ნარ. - რძალი, მიწერილია: გამოყოფილია ცალკე კომლად; 10. ფ-ე ნ. - შვ/შვილი, მიწერილია: გამოყოფილია მშობლებთან ერთად; 11. ფ-ე გ. - შვ/შვილი; 12. ფ-ე ნო. - შვ/შვილი, მიწერილია: გამოყოფილია მშობლებთან ერთად. 13. ფ-ე ზ. შვ/შვილი, მიწერილია: ს/კ ჩანაწერი გაკეთებულია საკომლო წიგნში ჩაკერებულ ფურცელზე. ამავე ფონდში დაცული 1986-1995 წლების სოფელ ...ის საკომლო წიგნით დასტურდება, რომ ფ-ე დ. არის კომლის უფროსი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. ფ-ე დ. - ოჯახის უფროსი; 2. ფ-ე ნა. - ცოლი; 3. ფ-ე ნ. - შვილი; 4. ფ-ე ნო. - შვილი; 5. ფ-ე ზ. - შვილი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს - ხელვაჩაურის არქივის მიერ 2020 წლის 11 თებერვალს გაცემული ცნობის თანახმად კი, ხელვაჩაურის არქივში დაცული ხელვაჩაურის რაიონის ...ის თემის საკრებულოს დოკუმენტებით, სოფელ ...ის 1996-2006 წლების საკომლო წიგნით დასტურდებოდა, რომ დ. ფ-ე წარმოადგენდა კომლის უფროსს. კომლის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ: 1. ფ-ე დ. - ოჯახის უფროსი; 2. ფ-ე ნა. - ცოლი; 3. ფ-ე ნ. - შვილი; 4. ფ-ე ნო. - შვილი, მიწერილია: ც/კ 28.02.2000წ. 5. ფ-ე ზ. - შვილი. 6. ფ-ე ნათ. - შვ/შვილი. კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ფართის რაოდენობა შეადგენს 0.18 ჰა. საფუძველი: ფონდი 7, აღწერა 2, საქმე 347, ფურცელი 7, წიგნი 4.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია განსახილველ შემთხვევაში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოხდა მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლით, თუმცა მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების თვითნებურად დაკავების საფუძვლით აღიარების კანონმდებლობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებულ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესზე“, რომლის მე-11 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთის ერთობლივად თვითნებურად დაკავების შემთხვევაში, განცხადება შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთ-ერთი თვითნებურად დამკავებლის მიერ. ასეთ შემთხვევაში, კომისია იხილავს მიწის ნაკვეთზე განმცხადებლის და სხვა შესაბამისი პირის (პირების) საერთო საკუთრების უფლების აღიარების საკითხს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე: „საკუთრების უფლების აღიარების კომისია უფლების აღიარებას ან მასზე უარის თქმას წარდგენილი დოკუმენტების შემოწმებითა და მათი შეფასებით ახორციელებს... საკუთრების უფლების აღიარების კომისიის პირდაპირ ვალდებულებაში არ შედის განმცხადებლის მემკვიდრეთა ძიება იმისათვის, რომ სადავო ქონებაზე განხორციელდეს საკუთრების უფლების მემკვიდრეებზე თანაბარი თუ კონკრეტული პროპორციულობით გადანაწილება. ადმინისტრაციული ორგანოსათვის მემკვიდრეთა შესახებ ინფორმაციის მოძიების ვალდებულების განსაზღვრა განაპირობებს მისთვის კანონით გაუთვალისწინებელი იმ ტვირთის დაკისრებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის განმცხადებლებზე საკუთრების უფლების აღიარების ეფექტურ განხორციელებას, რამდენადაც აღნიშნული ვალდებულების დაკისრებით აღიარების კომისია მოკლებული იქნება შესაძლებლობას, მემკვიდრეთა მოძიების საჭიროების ფონზე დროულად უღიაროს პირს საკუთრების უფლება. ამასთან, საკითხის ამგვარი გადაწყვეტით, კონკრეტული სადავო მიწის ნაკვეთით დაინტერესებული ყოველი ახალი, თავდაპირველად მოუძიებელი და წარმოებაში გაუთვალისწინებელი მემკვიდრის გამოჩენა გამოიწვევს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკანონობას, რაც კიდევ უფრო გააჭიანურებს და არაგონივრულად გაართულებს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განმცხადებელთა საკუთრების უფლების აღიარების პროცედურას... მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების პროცესში კომისია ენდობა განმცხადებლის მიერ მემკვიდრეთა არსებობა-არარსებობის შესახებ წარდგენილ ინფორმაციას, რომლის მართებულობის გადამოწმება საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ვალდებულებას არ წარმოადგენს. მისთვის უმთავრესია დადგინდეს, წარმოადგენს თუ არა თავად განმცხადებელი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დაინტერესებულ პირს, მის სავარაუდო მემკვიდრეს ან უფლებამონაცვლეს, რომელსაც უფლება აქვს კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე მოითხოვოს საკუთრების უფლების აღიარება“ (სუსგ №ბს-1514(2კ-18); 14.03.2019წ.). საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე: „სხვა პირის დაინტერესება, არ გამორიცხავს საკუთრების უფლების აღიარებას იმ პირის სასარგებლოდ, რომელსაც აღნიშნული უფლების რეალიზებისთვის საკმარისი საფუძვლები გააჩნია“ (სუსგ №ბს-327(კ-21); 30.09.2021წ.).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ კომისიისთვის განცხადებით მიმართვის დროს, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, რომელიც დ. ფ-ემ წარადგინა ადმინისტრაციულ ორგანოში უფლებაასაღიარებელ უძრავ ქონებაზე მართლზომიერი მფლობელობის დასადასტურებლად, ადგენდა არა ერთპიროვნულად მისი, არამედ 5 თანამესაკუთრის უფლებებს უძრავ ქონებაზე, რომელთა უარიც ქონებაზე უფლების მოპოვების შესახებ წარდგენილ განცხადებას არ ახლდა. თუმცა, იმ პირობებში, როდესაც დ. ფ-ე წარმოადგენდა მოთხოვნის დაყენებაზე უფლებამოსილ პირს, კომისიას საკუთრების უფლების აღიარების საკითხზე მსჯელობისას და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას, შესაბამის ქონებაზე სხვა, პოტენციური უფლების მქონე პირების/ოჯახის წევრების დამატებით მოძიების, მათი წარმოებაში ჩაბმის და ქონების შესაბამის წილებად აღიარების ვალდებულება არ ეკისრებოდა. აღნიშნული თვალსაზრისით ასევე საყურადღებოა, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს კონკრეტული დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც შესაბამისმა პირმა უნდა წარადგინოს ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და აღნიშნული ჩამონათვალი არ შეიცავს მითითებას მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე პოტენციური უფლების მატარებელი პირების შესახებ ინფორმაციის ან მათი თანხმობების წარდგენის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ 2007 წლის 26 დეკემბერს, შესაბამისი განცხადების კომისიაში წარდგენის დროს, დ. ფ-ე წარმოადგენდა ოჯახის უფროსს და მის წარმომადგენელს, რომელმაც შესაბამისი უფლების რეალიზაციის მიზნით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს და რომელსაც უფლება ჰქონდა კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, შესაბამისი გარემოებების არსებობისას, აღიარების გზით მოეპოვებინა საკუთრების უფლება მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე. თუმცა, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ოჯახის უფროსის მიერ შესაბამისი უფლების რეალიზაცია არ წარმოადგენს ოჯახის იმ სხვა წევრების უფლების შეზღუდვის საფუძველს, რომლებიც როგორც კომლის ნაწილი, წარმოადგენდნენ უძრავ ქონებაზე ოჯახის უფროსის თანაბარი უფლების მატარებელ სუბიექტებს, რამდენადაც საკუთრების უფლების აღიარება ოჯახის უფროსის მონაწილეობის და მისთვის უფლების მინიჭების გზით, განხორციელდა იმ ოჯახის წევრებზეც, რომლებიც რეალურად ერთობლივად სარგებლობდნენ სადავო მიწის ნაკვეთით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების საფუძველზე კოლმეურნეობების რეორგანიზაციისა და საკოლმეურნეო კომლი გაუქმების შედეგად, ზ. ფ-ე, რომელიც ირიცხებოდა კომლის წევრად (შედგებოდა 5 წევრისაგან), წარმოადგენდა კომლის ქონების 1/5 წილის მესაკუთრეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულებით „აღიარებულია საკუთრების ინსტიტუტის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ საფუძვლად არსებული ღირებულების კონსტიტუციური მნიშვნელობა, რომელიც ინდივიდის პიროვნული თავისუფლებისა და ინდივიდუალური თვითრეალიზების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-13). ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).

ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მსჯელობაც, რომ: „საკუთრების უფლება არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. იგი წარმოადგენს მთელი რიგი ქონებრივი ურთიერთობებისა და სხვაგვარი სამართლებრივი შედეგების წარმოშობის უმთავრეს წინაპირობას... ამასთან, საკუთრების უფლების გარანტირებულობა და მისი კონსტიტუციური მოწესრიგება განაპირობებს, მათ შორის, პირის შესაძლებლობას, საკუთარი სურვილის შესაბამისად, თავისუფალი ნების საფუძველზე განკარგოს და შეიძინოს ქონებრივი უფლებები... სახელმწიფო კისრულობს, ერთი მხრივ, პოზიტიურ ვალდებულებას, თავისუფალი შეთანხმებების აღსრულებისათვის სათანადო ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარანტიების შექმნის გზით უზრუნველყოს თავისუფალი ნების გამოხატვის საფუძველზე ქონებრივ უფლებათა განკარგვის შესაძლებლობა, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფო ნეგატიური ვალდებულების ფარგლებში, ვალდებულია თავად არ ხელყოს ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრების უფლება (სუსგ №ბს-1322(კ-19), 25.03.2021წ.).

გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებებში მოყვანილ მსჯელობაზე, რომ: „საკუთრების უფლება სანივთო უფლების კლასიკური სახეა, რომელიც დროში არ იზღუდება. აბსოლუტური უფლების ძირითადი დამახასიათებელი თვისებაა ის, რომ იგი სხვა პირთა ქმედებისაგან დამოუკიდებლად არსებობს. ამ უფლების განხორციელება უფლებამოსილი პირის აბსოლუტური ძალაუფლების სფეროს განეკუთვნება, ხოლო მისი დაცვა უზრუნველყოფილია ნებისმიერი შესაძლო ხელყოფისაგან. ამდენად, მესაკუთრეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მის საკუთრებაში არსებულ ნივთზე უფლების დაცვა“ (სუსგ №ას-402-2021, 04.11.2021წ).

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული საკუთრების უფლების განხილვისას, უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, ზემოაღნიშნული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი შედგება სამი განცალკევებული წესისგან. დიდი პალატის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების თანახმად (საქმეზე - „იატრიდისი საბერძნეთის წინააღმდეგ, no. 31107/96) ისინი განმარტებულია შემდეგნაირად: „პირველი წესი, რომელიც პირველი პარაგრაფის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, ზოგადი ხასიათისაა და აყალიბებს საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის პრინციპს. მეორე წესი, რომელიც პირველი პარაგრაფის მეორე წინადადებაშია მოცემული, ეხება მხოლოდ საკუთრების ჩამორთმევას და უქვემდებარებს მას კონკრეტულ პირობებს. მესამე წესი, რომელზეც მეორე პარაგრაფი მიუთითებს, აღიარებს, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოები უფლებამოსილები არიან, inter alia, საჯარო ინტერესის შესაბამისად განახორციელონ საკუთრების გამოყენების კონტროლი.“

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხი უკავშირდება ფიზიკურ პირებს შორის ქონების განაწილების საკითხს და მნიშვნელოვანია, რომ საკუთრების უფლების დაცვიდან გამომდინარე, სწორად იქნეს განსაზღვრული, თუ ვინ არის ამ შემთხვევაში აღნიშნული უფლების მატარებელი სუბიექტი და არ მოხდეს შესაბამისი საფუძვლის გარეშე, რომელიმე მხარის უფლებების მომეტებული შეზღუდვა. ზემოაღნიშნულ მსჯელობებზე დაყრდნობით საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დ. ფ-ის, როგორც კომლის წარმომადგენლის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კომისიის მიერ გამოცემული სადავო აქტებით მოსარჩელის, როგორც კომლის წევრის უფლება, გათვალისწინებულია, ამდენად კომლის უფროსის/წარმომადგენლის მოთხოვნის შესაბამისად, სახელმწიფოს (ამ შემთხვევაში კომისიის) მიერ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება არ გამორიცხავს დანარჩენი კომლის უფლებამოსილი წევრების სასარგებლოდ ამ უფლების შეძენას.

საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მართალია სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს - კომისიის მიერ მოხდა სახელმწიფო ქონების განკარგვა და მისი ფიზიკური პირის საკუთრებაში აღრიცხვა, თუმცა მასზე მხარეები პრეტენზიას არ აცხადებენ და იგი თანხვედრაშია შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ კანონმდებლობასთან. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს და ფიზიკურ პირს შორის შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობის დასრულების შემდგომ, სადავო გახდა აღიარებულ უძრავ ქონებაზე ფიზიკურ პირებს (ოჯახის წევრებს) შორის ქონების განაწილების საკითხი.

საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ სამართალწარმოება ემსახურება მასში ჩაბმული მხარეების ინტერესების დაცვას და სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციას. სამართლიანი სასამართლო უფლების რეალიზების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების უზრუნველყოფა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილი. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა, მისი მიზანია ადამიანის უფლებების და კანონიერი ინტერესების სასამართლოს გზით ეფექტური დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის №1/3/1263 გადაწყვეტილება საქმეზე „ირაკლი ხვედელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-3). საქართველოს კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება „არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება, რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ადამიანების რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან, აღიდგინონ საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლება-თავისუფლებებში ჩარევისას, დაიცვას ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59). სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულება სამართლიანი სასამართლოს უფლებრივი კომპონენტებია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის №1/3/1263 გადაწყვეტილება საქმეზე „ირაკლი ხვედელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-25). „სასამართლო დაცვა ეფექტიანია, თუ პასუხობს სწრაფი/დროული, სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მოთხოვნებს. სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლებიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს გონივრულად მისაღებ ვადებში, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე, ვინაიდან მართლმსაჯულების გაუმართლებელი დაყოვნება ძირს უთხრის მისდამი საზოგადოების ნდობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების - საქმის სამართლიანი განხილვის უფლების არსებით ელემენტს წარმოადგენს სასამართლოს მიერ საქმის გონივრულ ვადაში განხილვა. სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ „საქმეთა გონივრულ ვადაში განხილვის მოთხოვნის დაწესებით, კონვენცია ხაზს უსვამს მართლმსაჯულების ადმინისტრირებას დაყოვნებების გარეშე, რომლებიც აზიანებენ მართლმსაჯულების ეფექტურობასა და მის მიმართ ნდობას“ (Scordino v. Italy (No.1)[GC], N 36813/97, პარაგრაფი 224, 29 მარტი, 2006). ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოებს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, იმგვარად მოაწესრიგონ მათი სამართლებრივი სისტემა, რათა მათმა ეროვნულმა სასამართლოებმა უზრუნველყონ მე-6 მუხლით დადგენილი, განხილვის გონივრული ვადის მოთხოვნის დაცვა (Vocaturo v. Italy, სერია A, N 206-C, პარაგრაფი 17).

ზემოხსენებულ დიდი პალატის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლომ განსაზღვრა, რომ თითოეულმა სახელმწიფომ [იგულისხმება სახელმწიფო ორგანოები, მათ შორის ეროვნული სასამართლო], მის სასამართლო სისტემაში გამოსაყენებელ წესებზე დაყრდნობით, უნდა გადაწყვიტოს, რომელი პროცედურა უზრუნველყოფს „მართლმსაჯულების ეფექტურობის“ სავალდებულო მოთხოვნის დაცვას ყველაზე უკეთ. აუცილებელია, რომ აღნიშნული პროცედურა კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანობის პრინციპს შეესაბამებოდეს“ (Scordino v. Italy (No.1)[GC], N 36813/97, პარაგრაფი 200, 29 მარტი, 2006).

განსახილველ შემთხვევაში, თავდაპირველი სარჩელი ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში წარდგენილ იქნა 2021 წლის 1 ოქტომბერს, ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულების ეფექტურობის უზრუნველყოფად და მხარეთათვის სამართლებრივი შედეგის წარმომშობი, შესაბამისი სასამართლო აქტის დროულად მისაღებად, ამასთან, იმ პირობებში, როდესაც საკასაციო სასამართლოში არსებითად მოხდა შესაბამისი საქმის გარემოებების შესწავლა და გადაწყვეტა, პროცესუალური ხარვეზის გასწორების მიზნით, არ არის მიზანშეწონილი საქმის ქვედა ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება, განსაკუთრებით იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობის, ინკვიზიციურობის პრინციპების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, სამართალწარმოების მიმდინარეობის არცერთ სტადიაზე მხარეებს არ შეზღუდვიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული არცერთი საპროცესო უფლება და ჰქონდათ შესაძლებლობა გამოეხატათ თავიანთი პოზიცია, წარედგინათ შესაბამისი მტკიცებულებები და ა.შ. ამდენად, საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლომ, ფაქტობრივად განხორციელებული მოქმედებით, კერძოდ, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძველზე, საქმის სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გზით მოახდინა მხარეთა უფლებების დაცვა და რეალიზაცია - საქმის კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლოს მიერ დროულად და ეფექტურად განხილვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა და საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 4 დეკემბრის განჩინება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების 1/5 ნაწილში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 26 დეკემბრის №145 საოქმო გადაწყვეტილების და №9329 საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. ფ-ის სარჩელი №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების 1/5 ნაწილში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 26 დეკემბრის №145 საოქმო გადაწყვეტილებისა და №9329 საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს; ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების 1/5 ნაწილში ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 5 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და ზ. ფ-ის ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სადავო ქონების 1/5 წილზე მესაკუთრედ აღიარების თაობაზე, დარჩეს უცვლელად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ, ხოლო მოპასუხეებს - დ. ფ-ეს, ნა. ფ-ეს, ნ. ფ-ეს, თ. ფ-ეს, ა. ფ-ეს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დასახელებული გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ. ამდენად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების 1/5 ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 5 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე შესულია კანონიერ ძალაში და საკასაციო სასამართლო მოკლებულია მასზე მსჯელობის შესაძლებლობას. თუმცა, იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია ზ. ფ-ის საკუთრების უფლება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების 1/5 ნაწილზე და წინამდებარე დავის ფარგლებში მას უღიარდა საკუთრების უფლება დასახელებულ ქონებაზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 5 ივნისის №... გადაწყვეტილების ნაწილობრივ (1/5 წილზე) ბათილად ცნობა თანხვედრაშია სასამართლოს მიერ დადგენილ სამართლებრივ რეალობასთან და ფიზიკურ პირებს შორის უფლების განაწილების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე და 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 4 დეკემბრის განჩინება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების 1/5 ნაწილში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 26 დეკემბრის №145 საოქმო გადაწყვეტილების და №9329 საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ზ. ფ-ის სარჩელი №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების 1/5 ნაწილში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 26 დეკემბრის №145 საოქმო გადაწყვეტილებისა და №9329 საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინება, იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების 1/5 ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 5 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების 1/5 წილზე ზ. ფ-ის მესაკუთრედ აღიარების თაობაზე, დარჩეს უცვლელად;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა