დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-604 (კ-24) 12 მარტი, 2026 წელი,თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ა-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.03.2024 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ა.ა-ემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი წარადგინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „სამინისტრო“, „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს დაევალოს მისი განცხადების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.02.2023 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. დაევალა მოპასუხეს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აჭარის ა/რ მთავრობის 18.10.2016 წლის N189 განკარგულებით დამტკიცებული, ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ ...ზე ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში კომპენსაციის გაცემის და უძრავი ნივთის გამოსყიდვისათვის დადგენილი წესების შესაბამისად მოსარჩელის ნაწილში.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.03.2024 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი:
4.1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 18.10.2016 წლის N189 განკარგულებით დამტკიცდა „ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ ...ზე ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა“, რომლის თანახმადაც კურორტ ...ის განაშენიანების რეგულირების გეგმაში მოქცეული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებზე, მართლზომიერ ან/და ფაქტობრივ მფლობელებზე, რომლებიც აღნიშნული პროგრამის ამოქმედებამდე არანაკლებ 10 წლის განმავლობაში ფაქტობრივად ფლობდნენ მიწის ნაკვეთებს, გაიცემოდა კომპენსაცია უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების 100%-ის ოდენობით (ს.ფ. 13, 14-20).
4.2. სამინისტროს 31.10.2016 წლის N01-6/257 ბრძანებით შეიქმნა ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ ...ზე ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში კომპენსაციის გაცემის ან/და უძრავი ნივთის გამოსყიდვის საკითხების განმხილველი კომისია (შემდეგში „კომისია“), დამტკიცდა კომისიის შემადგენლობა (ს.ფ 94,95).
4.3. სამინისტროს 17.11.2016 წლის N01-3/384 ბრძანებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ ...ზე ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის შესაბამისად (ს.ფ. 21-22).
4.4. მოსარჩელემ 18.10.2017 წელს N01-9/7395 განცხადებით სამინისტროში წარადგინა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში თვითნებურად დაკავებული 18 665 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მაინდეტიფიცირებელი მონაცემები პროგრამის ფარგლებში კომპენსაციის გაცემის მიზნით (ს.ფ. 26). აღნიშნულის პასუხად სამინისტროს 15.12.2017 წლის N01-10/5666 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მისი განცხადება კომისიის მიერ განხილული იქნებოდა მას შემდეგ, რაც ის სამინისტროში წარადგენდა განცხადებას მის საკუთრებაში არსებული, ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ ...ზე მდებარე 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის და შესაბამისი კომპენსაციის გაცემის მოთხოვნით (ს.ფ. 76).
4.5. მოსარჩელის მინდობილი პირის, თ.ა-ის 23.06.2020 წლის N01-01- 09/3813 და 15.07.2020 წლის N01-01-09/4516 განცხადებებით სამინისტროსთვის ცნობილი გახდა, რომ მოსარჩელემ კუთვნილი 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ. ...) გაასხვისა და იგი მხოლოდ თვითნებურად დაკავებულ 18 665 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ითხოვდა კომპენსაციის გაცემის საკითხის განხილვას (ს.ფ. 81, 82).
4.6. სამინისტროს 08.07.2020 წლის N01-01-10/2378 წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ მისი განცხადება, თვითნებურად დაკავებულ 18 665 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე კომპენსაციის გაცემის თაობაზე, განხილული იქნებოდა კომისიის მიერ მას შემდეგ, რაც კომპენსაციის გაცემის მოთხოვნით სამინისტროში განცხადებას შეიტანდა მოსარჩელის მიერ გასხვისებული 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ. ...) მესაკუთრე (ს.ფ. 83).
4.7. მოსარჩელის მტკიცებით, რაც დადასტურდა საქმის სასამართლო განხილვისას, სამინისტროს შესაბამის კომისიას დღემდე არ მიუღია გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე (18 665 კვ.მ) კომპენსაციის შესახებ, რასაც მოპასუხე სრულიად უსაფუძვლოდ უკავშირებს სხვა სუბიექტის მიწის ნაკვეთის გამოსყიდვისა და კომპენსაციის გაცემის საკითხის გადაწყვეტას, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა აღნიშნულ მესაკუთრეს არც მიუმართავს კომპენსაციის გაცემის თხოვნით.
4.8. პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდეგში სზაკ) 2.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით, განცხადება განმარტებულია, როგორც უფლების მოპოვებაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით დაინტერესებული მხარის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი მოთხოვნა. ამავე კოდექსის მე-12 მუხლით გარანტირებულია ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს (12.1 მუხლი). სწორედ ასეთ განცხადებას წარმოადგენდა მოსარჩელის 18.10.2017 წლის N01-9/7395 განცხადება ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე თვითნებურად დაკავებული 18 665 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, პროგრამის ფარგლებში კომპენსაციის გაცემის შესახებ.
4.9. სზაკ-ის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს, კანონით გათვალისწინებული რა არსებითი სახის საფუძველი არსებობდა, რომელმაც განაპირობა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. სზაკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, მოსთხოვოს განმცხადებელს წარადგინოს სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული საბუთის ან ინფორმაციის გარდა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საფუძვლით ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება ან განცხადების განხილვაზე უარის თქმა.
4.10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ის, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ განიხილა მოსარჩელის განცხადება და ამის დამაბრკოლებელ გარემოებად დაასახელა სხვა სუბიექტის მიერ უფლების მოპოვებაზე ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების წარუდგენლობა, ყოველგვარ კანონიერ საფუძველს და დასაბუთებას მოკლებულია, რითაც პირდაპირ და უშუალო ზიანი ადგება მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მოსარჩელის მიერ თვითნებურად დაკავებული 18 665 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე კომპენსაციის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტა სამინისტროს შესაბამისი კომისიის უფლებამოსილებას განეკუთვნება. ამდენად, პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა განიხილოს მოსარჩელის მიერ კომპენსაციის გაცემის საკითხზე შეტანილი განცხადება და კანონმდებლობით დადგენილი წესით, სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება მისი დაკმაყოფილების ან უარყოფის შესახებ.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
8. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
9. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით დადგენილია სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლება. სზაკ-ის 12.2 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. სზაკ-ის 76.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტით, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება.
10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას (სუსგ Nბს-122-115(2კ-13), 28.05.2013წ.). ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას (სუსგ Nბს-974(2კ-19), 17.09.2020 წ.).
11. ზემოაღნიშნულ კონსტიტუციურ პრინციპს სზაკ-ის სპეციალური მუხლი ეძღვნება, კერძოდ, მუხლი 12 - ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, რომლის მიხედვით გარანტირებულია: 1. ნებისმიერი პირის უფლება - მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, და 2. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება - განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული ნორმის სტრუქტურული შინაარსი გულისხმობს, რომ პირის უფლების დადგენა მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას - განახორციელოს რეალიზებული საპროცესო უფლების კანონით რეგლამენტირებული, ადეკვატური პროცედურული ხასიათის მოქმედება (სუსგ Nბს-122-115 (2კ-13), 28.05.2013წ. სუსგ №ბს-211(2კ-21), 18.10.2022 წ.).
12. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უგულებელყო სზაკ-ის მე-12 მუხლით დადგენილი ვალდებულება, კერძოდ, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას - განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
13. სზაკ-ის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. სზაკ-ის 81-ე მუხლით: 1. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის მოსთხოვოს განმცხადებელს წარადგინოს სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული საბუთის ან ინფორმაციის გარდა. 2. დაუშვებელია ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საფუძვლით ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება ან განცხადების განხილვაზე უარის თქმა.
14. როგორც სააპელაციო სასამართლომაც მართებულად განმარტა, ის გარემოება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ განიხილა მოსარჩელის განცხადება და ამის დამაბრკოლებელ გარემოებად დაასახელა სხვა სუბიექტის მიერ უფლების მოპოვებაზე ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების წარუდგენლობა, კანონიერ საფუძველს მოკლებულია. მოსარჩელის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე კომპენსაციის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტა სამინისტროს შესაბამისი კომისიის უფლებამოსილებას განეკუთვნება. ამდენად, მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა განიხილოს მოსარჩელის მიერ კომპენსაციის გაცემის საკითხზე შეტანილი განცხადება და კანონმდებლობით დადგენილი წესით, სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება მისი დაკმაყოფილების ან უარყოფის შესახებ.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).
16. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ის შეესაბამება მას. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.
17. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
18. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.03.2024 წლის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ოქროპირიძე