არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-631(კს-25) 02 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები (მოსარჩელეები) - მ.რ-ი და ნ.ნ-ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური;
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება;
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 03 აპრილის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 17 აგვისტოს მ.რ-მა და ნ.ნ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიმართ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2023 წლის 7 აპრილის №552/9 ბრძანების (მოსარჩელეთა უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 13 ივლისის №1027 ბრძანების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის (რომლითაც მოსარჩელეები დარეგისტრირდებიან უსახლკარო ოჯახად) დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, მ.რ-ის და ნ.ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელე მხარის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 03 აპრილის განჩინებით მ.რ-ისა და ნ.ნ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაზე, დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება აპელანტებს (მოსარჩელეებს) - მ.რ-ს და ნ.ნ-ეს გაეგზავნათ სარჩელში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის ქ. N42-ში და ჩაბარდა ნ.ნ-ეს პირადად 2025 წლის 11 მარტს, რომელიც ასევე წარმოადგენს მ.რ-ის ოჯახის წევრს - შვილს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაზე მ.რ-მა და ნ.ნ-ემ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინეს 2025 წლის 26 მარტს. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 61-ე, 70-ე, 74-ე მუხლები და მიიჩნია, რომ მ.რ-ისა და ნ.ნ-ის მიერ, სააპელაციო საჩივარი წარდგენილია კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა იწურებოდა 2025 წლის 25 მარტს, რომელიც იყო სამუშაო დღე - სამშაბათი, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად იქნა მიჩნეული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 03 აპრილის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელე მხარემ.
კერძო საჩივრის ავტორები არ იზიარებენ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავენ, რომ ოჯახის ახლობლის ცუდად ყოფნის გამო გასული იყვნენ ქალაქიდან, რის გამოც ვერ შეძლეს კერძო საჩივრის დროულად წარდგენა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ.რ-ის და ნ.ნ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორები სადავოდ ხდიან მათ მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ.რ-ის და ნ.ნ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის გამო. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით განემარტათ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი, გაეგზავნათ და ჩაბარდათ გადაწყვეტილება, ხოლო მ.რ-ის და ნ.ნ-ის მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა გადაწყვეტილების გასაჩივრების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორები არ უარყოფენ გადაწყვეტილების ჩაბარების ფაქტს - 2025 წლის 11 მარტს ჩაბარდა ნ.ნ-ეს პირადად, მისამართზე ქ. თბილისი, ...ის ქ. N42-ში (იხ. ს.ფ. 188-189). ასევე სადავო არ არის ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაზე მ.რ-მა და ნ.ნ-ემ სააპელაციო საჩივარი წარადგინეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 2025 წლის 26 მარტს, რაც დასტურდება სააპელაციო საჩივარზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დასმული შტამპით (იხ. ს.ფ. 190 - 200).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით (განჩინებით) ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება (განჩინება) მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ - ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. იმავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება (გზავნილი) ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ხოლო ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კერძო საჩივრის ავტორთა მიერ, მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მითითებულ ერთადერთ არგუმენტზე - ოჯახის ახლობლის ცუდად ყოფნის გამო გასული იყვნენ ქალაქიდან, რის გამოც ვერ შეძლეს საჩივრის დროულად წარდგენა და განმარტავს შემდეგს: "იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონისა და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის; ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება. სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის დადგენილი 14 დღიანი ვადა კანონით იმპერატიულად არის განსაზღვრული, იგი წარმოადგენს კანონისმიერ განსაზღვრულ შეუქცევად ვადას, შესაბამისად, იგი არ ექვემდებარება გაგრძელებასა და აღდგენას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დანაწესი დამოუკიდებელია ვადის დარღვევის მიზეზებისაგან, რაც გულისხმობს იმას, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის კანონით იმპერატიულად დადგენილი ვადის აღდგენა და გაგრძელება დაუშვებელია ნებისმიერ შემთხვევაში, მათ შორის, ვადის საპატიო მიზეზებით გაშვების დროსაც (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრის №ბს-1122(კს-18) განჩინება).
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 61-ე, 63-ე, 70-78-ე, 369-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.რ-ის და ნ.ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 03 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე