დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 23.12.2025
საქმის ნომერი
ბს-844(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.12.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-844 (კ-25) 23 დეკემბერი, 2025 წელი,თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ფ-ა, ს. მ-ა, დ. მ-ა, სო. მ-ა (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.02.2025 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თ. ფ-ამ, ს. მ-ამ, დ. მ-ამ და სო. მ-ამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე“, „მეორე მოსარჩელე“, „მესამე მოსარჩელე“, „მეოთხე მოსარჩელე“, ერთად მოხსენიებული როგორც „მოსარჩელეები“), სარჩელი წარადგინეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „სააგენტო“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვეს: ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის 05.09.2022 წლის IDP 8 22 00278888 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; მოპასუხეს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელეთა კომპენსირებულ პირთა რეესტრიდან ამორიცხვის თაობაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.11.2023 წლის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 05.09.2022 წლის IDP 8 22 00278888 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; მოპასუხეს დაევალა კანონით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელეების კომპენსირებულ პირთა რეესტრიდან ამორიცხვის თაობაზე. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

2.1. პირველი მოსარჩელე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირია. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მის სახელზე გაცემულია დევნილის მოწმობა (სარეგისტრაციო N ..., გაცემის თარიღი - 01.02.2014წ.). დევნილის მოწმობაში დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია - ქ. თბილისი, ...ი, მისამართის გარეშე.

2.2. პირველი მოსარჩელე ბ. მ-აზე დაქორწინდა 17.04.2004 წელს. მათ ჰყავთ სამი შვილი: ... წელს დაბადებული მეორე მოსარჩელე, ... წელს დაბადებული მესამე მოსარჩელე და ... წელს დაბადებული მეოთხე მოსარჩელე, რომლებსაც ასევე აქვთ დევნილის მოწმობები (გაცემული 01.02.2014 წელს, სარეგისტრაციო N ...). დევნილის მოწმობებში დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია - ქ. თბილისი, ...ი, მისამართის გარეშე.

2.3. 06.02.2020 წელს პირველმა მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სააგენტოს და განმარტა, რომ მამის, რ. ფ-ას ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების მომენტისათვის, იგი ცალკე ოჯახს წარმოადგენდა, იყო სრულწლოვანი და მას თანხმობა არ გაუცია კომპენსირებასთან დაკავშირებით. ამდენად, მან მისი ოჯახის კომპენსირებულთა სიიდან ამოშლა მოითხოვა.

2.4. სააგენტოს 19.02.2020 წლის N03/3052 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა პირველი მოსარჩელის განცხადება და განემარტა, რომ განცხადების განხილვის მომენტისათვის, დევნილთა ელექტრონული მონაცემთა ბაზის მიხედვით, მისი ოჯახი ითვლებოდა დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, სახელმწიფოსაგან საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფილად. სააგენტოში დაცული დევნილთა ოჯახის საანკეტო მონაცემების მიხედვით, 1997 წლის მდგომარეობით საცხოვრებელ მისამართზე - ... „...ში“ ოჯახი ფიქსირდებოდა შემდეგი შემადგენლობით: ოჯახის უფროსი - ფ. გ-ა, მეუღლე - რ. ფ-ა, შვილი - რუ. ფ-ა და შვილი - პირველი მოსარჩელე. წერილის თანახმად, 2009 წელს ...ში მოკავებული საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ აღნიშნული შემადგენლობით მათ გადაეცათ ფულადი კომპენსაცია, რომლის საფუძველზეც ისინი ითვლებოდნენ დევნილის სტატუსიდან გამომდინარე სახელმწიფოსაგან უზრუნველყოფილად. სააგენტომ მოსარჩელეებს უარი უთხრა დევნილთა ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილებული პირის მონიშვნის გაუქმებაზე.

2.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.06.2022 წლის გადაწყვეტილებით (საქმე Nბს-669(კ-21)) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა წინამდებარე დავის მოსარჩელეთა სარჩელი, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 19.02.2020 წლის N03/3052 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. საკასაციო პალატის განმარტებით:

2.5.1. 19.02.2020 წლის სადავო გადაწყვეტილება დაეფუძნა მხოლოდ დევნილთა ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემებს და ადმინისტრაციულ ორგანოს დამატებით არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება მოსარჩელეთა საცხოვრებელი ადგილის თაობაზე, კერძოდ, 2004 წლიდან ნამდვილად ცალკე ცხოვრობდა თუ არა პირველი მოსარჩელე მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილებთან ერთად. სასამართლომ მიუთითა 06.02.2020 წლის განცხადებაზე, რომლითაც პირველი მოსარჩელე ადმინისტრაციულ ორგანოს გარკვევით აწვდიდა ინფორმაციას, რომ მამის, რ. ფ-ას კომპენსირების მომენტისათვის იგი ცხოვრობდა ცალკე ოჯახად და განმარტა, რომ მიუხედავად ინფორმირებისა, სააგენტოს არ მიუმართავს საჭირო ზომებისათვის განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოების გამოკვლევისათვის. საკასაციო სასამართლოს მითითებით, განმეორებით გასამართი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაედგინა რ. ფ-ას კომპენსირების მომენტისათვის პირველი მოსარჩელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, კერძოდ, ამ დროისათვის ნამდვილად ცხოვრობდა თუ არა იგი მამის ოჯახში. ამ მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა დაეკითხა მოწმეები, მოსარჩელებისგან მიეღო ინფორმაცია მათი ფაქტობრივი საცხოვრებლ(ებ)ის შესახებ, ასევე, მოეთხოვა და მიეღო მოსარჩელეთა მიერ დასახელებული საცხოვრებელი ადგილით ფაქტობრივად სარგებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები (მაგ. კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები), ასევე, მიემართა საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ყველა სხვა გზისთვის მითითებული გარემოების დასადგენად.

2.5.2. მოპასუხე სააგენტოს არგუმენტზე, რომ პირველ მოსარჩელეს სამინისტროსათვის სარეგისტრაციო მისამართის შეცვლის მოთხოვნით არ მიუმართავს და იგი დევნილთა მონაცემთა ბაზაში ირიცხებოდა მშობლებთან ერთად საერთო სარეგისტრაციო ნომრით, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელეებს ფაქტობრივად არ გააჩნდათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ხოლო მათი დროებითი რეგისტრაციის ადგილი იყო ქ. თბილისი, ...ის რაიონი, მისამართის გარეშე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განცხადების განხილვისა და სადავო გადაწყვეტილების გამოტანისას, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაედგინა და შეეფასებინა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, როგორიცაა დევნილთა (მოსარჩელისა და მისი არასრულწლოვანი შვილების) ოჯახი, ოჯახის შინასამეურნეო საქმიანობა (საერთო საოჯახო მეურნეობა), დევნილთა რეგისტრაციის ადგილი და რეგისტრაცია, დევნილი ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და სათანადო საცხოვრებელი (ს.ფ. 105-114).

2.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 23.06.2022 წლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და სააგენტომ 05.09.2022 წლის IDP 8 22 00278888 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით კვლავ უარი უთხრა მოსარჩელეებს განცხადების დაკმაყოფილებაზე. აქტში მითითებულია შემდეგი:

2.6.1. დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, N... სარეგისტრაციო ნომერზე მოსარჩელეები ფიქსირდებიან ფ. გ-ასა და რ. ფ-ასთან ერთად. პირველი მოსარჩელე დევნილის სტატუსის მატარებელია 15.05.1996 წლიდან, სააგენტოში დაცული საანკეტო მონაცემების მიხედვით, 24.02.1997 წლის მონაცემებით იგი ფ. გ-ასთან, რ. ფ-ასთან და რუ. ფ-ასთან ერთად ფიქსირდება ... „...ში“, 18.06.2007 წლის საანკეტო მონაცემებით, დროებით საცხოვრებელ მისამართად უფიქსირდება ...ი. აღნიშნული პერიოდისთვის რ. ფ-ას ოჯახთან ერთად დაცლილი ჰქონდა ...ს ოთახი.

2.6.2. სავაჭრო ცენტრი „...ის“ გენერალური დირექტორის, ა. რ-ის მიერ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში გაგზავნილი 12.02.2009 წლის N1/18 წერილით დადასტურდა, რომ ... „...სა“ და „...ა“ ოთახში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები, სამინისტროს სიის მიხედვით, დაკმაყოფილდნენ საცხოვრებლის სანაცვლო ფულადი კომპენსაციით. მოსარჩელის ოჯახის სახელობითი სია გამოიყურება შემდეგნაირად: ოჯახის უფროსი - რ. ფ-ა, რომელმაც აიღო ოჯახის წევრებზე პასუხისმგებლობა, როგორც ...ში მასთან მცხოვრებ პირებზე და მასზე გაიცა საცხოვრებლის სანაცვლო ფულადი კომპენსაცია. რ. ფ-ასთან ერთად სიაში ფიქსირდებიან: რუ. ფ-ა, ფ. გ-ა და პირველი მოსარჩელე. სააგენტოში დაცული მონაცემების მიხედვით, რ. ფ-ამ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა 20.02.2007 წელს, ხოლო ჩეკის გამოწერის თარიღად მითითებულია 21.03.2007 წელი. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, რ. ფ-ა, ფ. გ-ა, რუ. ფ-ა და პირველი მოსარჩელე, დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით ითვლებიან საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფილ პირებად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პირველი მოსარჩელის დამავალი შტოს წარმომადგენლები, მისი არასრულწლოვანი შვილებიც ითვლებიან კომპენსირებულებად.

2.6.3. პირველი მოსარჩელე და მისი შვილები დღემდე ფიქსირდებიან რ. ფ-ასთან საერთო სარეგისტრაციო ნომერზე. სააგენტოში დაცული მონაცემების მიხედვით, პირველი მოსარჩელის ქორწინების და ცალკე ოჯახად ცხოვრების ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ იყო დაცული, ამასთან, პირველმა მოსარჩელემ არ შეასრულა კანონით დადგენილი ვალდებულება ადმინისტრაციული ორგანოსთვის საცხოვრებელი მისამართის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით.

2.6.4. ადმინისტრაციულმა ორგანომ/მოპასუხემ მიუთითა, რომ აღსასრულებელი გადაწყვეტილების განხილვის პროცესში მოსარჩელის მიერ არ იქნა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა 2007 წელს მისი სხვა მისამართზე ცხოვრების ფაქტს. ამასთან, სააგენტომ განმარტა, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მარტოოდენ ქორწინების მოწმობა საკმარისად არ მიიჩნია დაქორწინებულ პირთა ოჯახის სხვა ნათესავებთან ერთად ერთ ოჯახად თანაცხოვრების დასადგენად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა კომპენსირებულთა სიიდან ამორიცხვის თაობაზე.

2.7. პირველი მოსარჩელის მეუღლემ, ბ. მ-ამ, 19.11.2002 წლის ნოტარიულად დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრებაში დაირეგისტრირა ქ. თბილისში, ... ... მიკრო/რაიონში, მე-7 კორპუსში, მე-6 სართულზე მდებარე N29 ბინა, ფართი - 81.25 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: ...).

2.8. შპს ...ის 29.09.2022 წლის N172 ცნობის თანახმად, მეორე მოსარჩელე 10.03.2005 წლიდან, მესამე მოსარჩელე 04.09.2006 წლიდან, ხოლო მეოთხე მოსარჩელე 19.07.2010 წლიდან საცხოვრებელი მისამართის მიხედვით აღრიცხულნი არიან ...ში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში. ბენეფიციარებს ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათში მისამართად მითითებული აქვთ ... ... მიკრორაიონი, კორპუსი 7, ბინა N29.

2.9. ქ. თბილისში, ... ... მ/რ-ში, პირველ კვარტალში მდებარე, ააიპ თბილისის N... საბავშვო ბაგა-ბაღის მიერ 10.07.2023 წელს გაცემული N06/41 ცნობის თანახმად, მეორე, მესამე და მეოთხე მოსარჩელეები იყვნენ აღნიშნული ბაღის აღსაზრდელები.

2.10. მოწმედ დაკითხულმა მ. კ-მა და ნ. ხ-მა განმარტეს, რომ 1979-1980 წლებიდან იცნობენ მეზობლად მცხოვრებ ბ. მ-ას ოჯახს, ხოლო თავად პირველ მოსარჩელეს - 2004 წლიდან, მას შემდეგ რაც ის და ბ. მ-ა დაოჯახდნენ. მოწმეების თქმით, ქორწინების შემდეგ პირველი მოსარჩელის ოჯახი მუდმივად ცხოვრობს ქ. თბილისი, ... ... მ/რ მე-7 კორპ. ბინა N29-ში. მოწმეებს ახლო ურთიერთობა აქვთ მოსარჩელის ოჯახთან, როგორც ისინი განმარტავენ, წვლილიც კი მიუძღვით ბავშვების აღზრდაში.

2.11. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 32.4 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების სახე მის კანონიერ ძალაში შესვლისას აღსრულების სპეციფიკურ სახეს განეკუთვნება, რა დროსაც სასამართლო აქტი აღსრულდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხზე ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მეშვეობით. ამგვარი სასამართლო აქტის აღსრულებისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით შეასრულოს სასამართლოს დავალება, არამედ, ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სასამართლომ გამოურკვევლად და დაუდგენლად ჩათვალა და ამავდროულად, მათი გამოკვლევა-დადგენა სადავო საკითხის სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტისათვის აუცილებლად მიიჩნია, სათანადო პროცედურების და სამართლებრივი ინსტიტუტების მეშვეობით ჯეროვნად უნდა იქნეს გამოკვლეული, დადგენილი და შეფასებული.

2.12. სააგენტოს 05.09.2022 წლის IDP 8 22 00278888 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულ იქნა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, თუმცა აღნიშნული აქტის შინაარსით დასტურდება, რომ რეალურად არ შესრულებულა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი აუცილებელი პირობები - სადავო აქტის გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას მოპასუხის მიერ არსებითად იმავე ფაქტებზე და გარემოებებზე იქნა მითითებული, რაზეც სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია მსჯელობა.

2.13. სასკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

2.14. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონეა მოსარჩელეების კომპენსირებულ პირებად მიჩნევის საკითხი ...ში არსებული ფართის გათავისუფლების სანაცვლოდ. ამდენად, მოპასუხე ვალდებული იყო, მიუხედავად რეგისტრაციის მისამართისა, ზუსტად დაედგინა ...ში პირველი მოსარჩელის მამის მიერ გამოთავისუფლებულ ოთახებში მოსარჩელეების ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი, რაც არსებითი იყო დევნილის მიმართ კანონით გათვალისწინებული გარანტიების განსახორციელებლად.

2.15. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ეფუძნება სწორედ იმ გარემოებას, რომ პირველი მოსარჩელე ოჯახის წევრებთან ერთად უზრუნველყოფილი იყო საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაციით.

2.16. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. აღნიშნული მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ასევე ითვალისწინებს დევნილი ოჯახის ცნებას, რომლის მიხედვითაც, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).

2.17. სასამართლომ განმარტა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გადაწყვეტილება მიიღო კვლავ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რაც მის ხელთ იყო, ნაცვლად იმისა, ჩაეტარებინა ახალი წარმოება და გამოეთხოვა შესაბამისი ინფორმაცია 2007 წლის მდგომარეობით პირველი მოსარჩელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით. მოპასუხის მიერ ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი, მან ვერ დაადასტურა სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საფუძვლად მითითებული გარემოება, კერძოდ, საცხოვრებელი ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ მოსარჩელის ოჯახის მიერ კომპენსაციის მიღების ფაქტი, ასევე, მოსარჩელის ოჯახის კომპენსირებულ ოჯახთან ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი, რაც გააქარწყლებდა სარჩელში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს. თავის მხრივ, მოსარჩელე მხარემ წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მოწმეთა ჩვენებით უტყუარად დაადასტურა 2004 წლიდან მამის ოჯახისგან განცალკევებით ცხოვრება. შესაბამისად, სასამართლომ მიუთითა, რომ დევნილის მოწმობაში დაკმაყოფილებულ პირთა საერთო სარეგისტრაციო ნომრის არსებობის ფაქტი არ შეიძლება გამხდარიყო პირის კომპენსირებულად მიჩნევის საფუძველი, იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით დასტურდება, რომ მოსარჩელის ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობდა განცალკევებულად. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები, რის გამოც იგი ცნო ბათილად და სააგენტოს დაავალა კანონით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელეთა ოჯახის კომპენსირებულ პირთა რეესტრიდან ამორიცხვის თაობაზე.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.02.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

4.1. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპასუხე მხარე ვალდებული იყო მიუხედავად რეგისტრაციის მისამართისა, ზუსტად დაედგინა ...ში პირველი მოსარჩელის მამის მიერ გამოთავისუფლებულ ოთახებში მოსარჩელეების ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი, რაც არსებითი იყო დევნილის მიმართ კანონით გათვალისწინებული გარანტიების განსახორციელებლად. სასამართლოს განმარტებით, დევნილი ოჯახის კონკრეტული წევრის მხრიდან საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ პრეტენზიის წარმოშობის შემთხვევაში, ოჯახთან ერთად მისი დაკმაყოფილებულად მიჩნევისათვის, აუცილებელია დადასტურდეს ამ პირის იმ ოჯახის შემადგენლობაში შესვლა, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაკმაყოფილებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ სახელმწიფოს ვალდებულება რჩება შეუსრულებელი.

4.2. სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული წარმოების მასალების ანალიზის საფუძველზე განმარტა, რომ ახალი წარმოების ჩატარებისა და 2007 წლის მდგომარეობით პირველი მოსარჩელის და მისი ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის ნაცვლად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გადაწყვეტილება მიიღო კვლავ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რაც მის ხელთ იყო.

4.3. სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი, მან ვერ დაადასტურა სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საფუძვლად მითითებული გარემოება, კერძოდ, საცხოვრებელი ფართის გამონთავისუფლების სანაცვლოდ მოსარჩელის ოჯახის მიერ კომპენსაციის მიღების ფაქტი, ასევე, მოსარჩელის ოჯახის კომპენსირებულ ოჯახთან ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი, რაც გააქარწყლებდა სარჩელში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს. თავის მხრივ, მოსარჩელე მხარემ წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მოწმეთა ახსნა-განმარტებებით უტყუარად დაადასტურა 2004 წლიდან მამის ოჯახისგან განცალკევებით ცხოვრების ფაქტი. შესაბამისად, დევნილის მოწმობაში დაკმაყოფილებულ პირთა საერთო სარეგისტრაციო ნომრის არსებობა არ შეიძლება გახდეს პირის კომპენსირებულად მიჩნევის საფუძველი, იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით დასტურდება, რომ მოსარჩელეთა ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობდა განცალკევებულად. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, რომლითაც სააგენტო მოსარჩელეებს ამორიცხავს კომპენსირებულ პირთა რეესტრიდან.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია, მოსარჩელეთა, როგორც დევნილთა, საცხოვრებელი ფართობის სანაცვლო ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფილ პირებად მიჩნევისა და მათი კომპენსირებულთა რეესტრიდან ამორიცხვაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება.

9. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველ პუნქტში გაცხადებულია, რომ საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. ამავე ნორმის მე-2 და მე-4 პუნქტების თანახმად კი, სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე; სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სოციალური სახელმწიფოს მიზანია სამართლიანი სოციალური წესრიგის დამკვიდრება, საერთო ეკონომიკური წონასწორობის შენარჩუნება, მოსახლეობის შეძლებისდაგვარად თანაბარზომიერი უზრუნველყოფა, ქვეყნის მასშტაბით ცხოვრების მაქსიმალურად თანაბარი პირობების შექმნა. ეს მიზნები, ობიექტური გარემოებების გამო, არ არის სრულად მიღწევადი და, უწინარესად, წარმოადგენს მუდმივ ამოცანას და ზრუნვის საგანს სახელმწიფოსათვის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 31.03.2008 წლის №2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.12.2018 წლის №2/9/810,927 გადაწყვეტილება საქმეზე „სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - გარნიკ ვარდერესიანი, არტავაზდ ხაჩატრიანი და ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-28). სოციალური სახელმწიფოს პრინციპი წარმოშობს ხელისუფლების არაერთ ვალდებულებას მოსახლეობის სოციალური უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს ადეკვატურ ადმინისტრირებას (სუსგ №ბს-365-360 (კ-16), 25.05.2017წ.).

10. საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სოციალური სახელმწიფოს პრინციპის გამოხატულებაა სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები, რომლებიც მას იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ ეკისრება. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში - „სპეციალური კანონი“) პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.

11. სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა (სუსგ №ბს-199(კ-20), 22.04.2020წ; №ბს-532(კ-23), 28.11.2023წ.). იძულებით გადაადგილებულ პირთა სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესია, რომელზე ზრუნვაც სახელმწიფოს ვალდებულებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს (სუსგ №ბს-870(კ-24), 10.03.2025წ.).

12. სპეციალური კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

13. სპეციალური კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. ამდენად, თუ დევნილი ოჯახის ერთ-ერთი წევრი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი სახლით ან საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კერძო ინვესტორის ან სახელმწიფოს მიერ გაცემული ერთჯერადი ფულადი დახმარებით ან რომელიმე უზრუნველყოფის ალტერნატიული ვარიანტით, იგი ჩაითვლება სახელმწიფოს მხრიდან კომპენსირებულად და მასზე რაიმე სახის დახმარება აღარ გაიცემა, თუმცა მნიშვნელოვანი კომპონენტია ერთ ოჯახად ცხოვრება (სუსგ №ბს-776(კ-22) 12.01.2023 წ.; №ბს-203(კ-22), 28.09.2022წ.)

14. ოჯახის ცნება სპეციალური კანონის მიზნებისთვის განმარტებულია აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით, რომლის თანხმადაც დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი). ამავე მუხლის „ე” ქვეპუნქტით, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს;

15. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.06.2022 წლის გადაწყვეტილებაზე (საქმე Nბს-669(კ-21)), რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა წინამდებარე დავის მოსარჩელეთა სარჩელი, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 19.02.2020 წლის N03/3052 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნულ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო გადაწყვეტილება დაეფუძნა მხოლოდ დევნილთა ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემებს და ადმინისტრაციულ ორგანოს დამატებით არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება - მოსარჩელეთა საცხოვრებელი ადგილის თაობაზე, კერძოდ, 2004 წლიდან ნამდვილად ცალკე ცხოვრობდა თუ არა პირველი მოსარჩელე მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილებთან ერთად. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განმეორებით გასამართი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაედგინა რ. ფ-ას კომპენსირების მომენტისათვის პირველი მოსარჩელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, კერძოდ, ამ დროისათვის ნამდვილად ცხოვრობდა თუ არა იგი მამის ოჯახში. ამ მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა დაეკითხა მოწმეები, მოსარჩელეებისგან მიეღო ინფორმაცია მათი ფაქტობრივი საცხოვრებლ(ებ)ის შესახებ, ასევე, მოეთხოვა და მიეღო მოსარჩელეთა მიერ დასახელებული საცხოვრებელი ადგილით ფაქტობრივად სარგებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები (მაგ. კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები), ასევე, მიემართა საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ყველა სხვა გზისათვის მითითებული გარემოების დასადგენად.

16. საქართველოს კონსტიტუციის 62.1 მუხლის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით. სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასკ-ის 32.4 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების სახე მის კანონიერ ძალაში შესვლისას აღსრულების სპეციფიკურ სახეს განეკუთვნება, რა დროსაც სასამართლო აქტი აღსრულდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხზე ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მეშვეობით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამგვარი სასამართლო აქტის აღსრულებისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით შეასრულოს სასამართლოს დავალება, არამედ, ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სასამართლომ გამოურკვევლად და დაუდგენლად ჩათვალა და ამავდროულად, მათ გამოკვლევა-დადგენა სადავო საკითხის სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტისათვის აუცილებლად მიიჩნია, სათანადო პროცედურების და სამართლებრივი ინსტიტუტების მეშვეობით ჯეროვნად უნდა იქნეს გამოკვლეული, დადგენილი და შეფასებული (იხ.: სუსგ Nბს- 110-103 (2კ-13), 25.03.2014 წ.; Nბს-517-517(კ-18), 19.07.2018წ.).

17. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სადავო გადაწყვეტილება მიიღო კვლავ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რაც მის ხელთ იყო, ნაცვლად იმისა, რომ ჩაეტარებინა ახალი წარმოება და გამოეთხოვა შესაბამისი ინფორმაცია 2007 წლის მდგომარეობით პირველი მოსარჩელის და მისი ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით.

18. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია წარმოდგენილი არ არის, რომ მოპასუხის მიერ ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი, მან ვერ დაადასტურა სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საფუძვლად მითითებული გარემოებები, რაც გააქარწყლებდა სარჩელში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს. ასევე დადგენილია და დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ მოსარჩელე მხარემ წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მოწმეთა ჩვენებით უტყუარად დაადასტურა 2004 წლიდან პირველი მოსარჩელის მამის ოჯახისგან განცალკევებით ცხოვრების ფაქტი, რაც სასამართლოს მიერ არსებითად იქნა მიჩნეული დევნილი ოჯახის მიმართ კანონით გათვალისწინებული გარანტიების განსახორციელებლად. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია მოსარჩელეთა ოჯახის ფაქტობრივად განცალკევებულად ცხოვრების ფაქტი, მხოლოდ დაკმაყოფილებულ პირთა საერთო სარეგისტრაციო ნომრის არსებობა არ შეიძლება გახდეს პირის კომპენსირებულად მიჩნევის საფუძველი, ამდენად, მართებულია დასკვნა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოსარჩელეთა კომპენსირებულ პირთა რეესტრიდან ამორიცხვის შესახებ მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).

20. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ის შეესაბამება მას. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

21. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის წინაპირობაა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.02.2025 წლის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

გიზო უბილავა