დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-910(კ-25) 02 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 აპრილის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სს „...ი“; მესამე პირი (ასკ 16.2) - შპს „...ა“; თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 6 ნოემბერს სს „...ის“ წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 11 აგვისტოს N... და 2023 წლის 3 ოქტომბრის N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის („...ის“ N... განცხადების დაკმაყოფილების შესახებ) დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, სს „...ის“ სარჩელი მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმული იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. ამავე სასამართლოს 2024 წლის 05 აპრილის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმული იქნა შპს „...ა“.
2024 წლის 24 აპრილის დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით სს „...ის“ სასარჩელო მოთხოვნები ჩამოყალიბდა შემდეგი ფორმულირებით: ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 11 აგვისტოს №... გადაწყვეტილება (რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ); ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 03 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ); ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 02 ნოემბრის №1/1-3648 ბრძანება (უძრავ ნივთებზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ); სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა (05.08.2022წ.,№... განცხადება) უძრავ ნივთზე ქალაქი თბილისში, ...ის დასახლებაში მდებარე 164 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე მდგომ შენობა - ნაგებობა №1-ზე სს „...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით, სს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 02 ნოემბრის №1/1-3648 ბრძანება უძრავ ნივთებზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 11 აგვისტოს №... გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 03 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა (05.08.2022წ., №... განცხადებით მოთხოვნილი) უძრავ ნივთზე ქალაქ თბილისში, ...ის დასახლებაში მდებარე 164 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე მდგომ შენობა - ნაგებობა №1-ზე სს „...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 აპრილის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის მე-6 პუნქტი, მე-2 მუხლი, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8, მე-9 მუხლები, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლები და 1996 წლის 28 დეკემბრის №527-ი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით სს „...ისთვის“ გადაცემული უძრავი ქონების ადგილმდებარეობასთან მიმართებით აღნიშნა, რომ ...ში მდებარე ყოფილი ...ს კუთვნილ ადმინისტრაციულ შენობას არ გააჩნდა ზუსტი მისამართი და გამოიყენებოდა პირობითი მისამართები. სააპელაციო სასამართლომ ყურდღება გაამახვილა ...ში, ...ში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო დოკუმენტებში დაცულ ...ის რაიონის ...ის საკრებულოს ტერიტორიაზე აუქციონის წესით გასაყიდი 0.077 ჰა მიწის ნაკვეთის აზომვით ნახაზზე და დადგენილად მიიჩნია ...ში მდებარე ...ს ადმინისტრაციული შენობის მდებარეობა. მიუთითა, რომ აღნიშნული ნახაზის თანახმად, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს დასავლეთის მხრიდან (დ-ა) ესაზღვრებოდა „... ობიექტი“, აღნიშნულ ობიექტზე კი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 02 ნოემბრის №1/1-3648 ბრძანების საფუძველზე, №... საკადასტრო კოდით დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ გაიზიარა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პოზიცია სს „...ისთვის“ გადაცემული და №... სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილ საკადასტრო აზოვით ნახაზზე ასახული შენობა - ნაგებობების იდენტურობის დადგენის შეუძლებლობის თაობაზე და დადასტურებულად მიიჩნია, რომ სადავო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 02 ნოემბრის №1/1-3648 ბრძანების საფუძველზე, სწორედ ზემოაღნიშნული პრივატიზებული ქონება განიკარგა, რაც სასამართლოს მსჯელობით თავის მხრივ ადასტურებს სადავო ბრძანების კანონშეუსაბამობას.
რაც შეეხება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 11 აგვისტოს №... და 2023 წლის 03 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებების კანონშესაბამისობის საკითხს, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებებით სს „...ს“ იმ საფუძვლით ეთქვა უარი საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, რომ დაფიქსირდა ზედდება სახელმწიფოს საკუთრებაში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებასა და სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ქონებას შორის. გასათვალისწინებლად მიიჩნია, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრიებული უძრავი ქონების რეგისტრაციის საფუძველი გახდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგნტოს 2016 წლის 02 ნოემბრის №1/1-3648 ბრძანება, რომელიც ბათილად სწორედ იმ საფუძვლით იქნა მიჩნეული, რომ ხელყოფდა სს „...ის“ საკუთრების უფლებას. გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ის შეფასებას, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი 1996 წლის 28 დეემბრის №527-ი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, პირდაპირ წარმოშობდა სს „...ის“ საკუთრების უფლებას სადავო უძრავ ქონებაზე, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციითა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში დაცული დოკუმენტაციით, მათ შორის, ...ში, ...ში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო დოკუმენტებში არსებული ...ის რაიონის ...ის საკრებულოს ტერიტორიაზე აუქციონის წესით გასაყიდი 0.077 ჰა მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზით დგინდებოდა სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი უძრავი ქონების მდებარეობა. ამასთან, მიუთითა, რომ საქმეში წარდგენილი შპს „ო...ა“ და შპს „...ასთან“ დადებული საიჯარო ხელშეკრულებებით დასტურდება სს „...ის“ მიერ სადავო უძრავი ქონების წლების მანძილზე ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. აღნიშნული ფაქტი ასევე დადასტურებულად მიიჩნია მოწმის სახით გამოკითხულ პირთა განმარტებებით და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 07 ნოემბრის №21-11/102495 წერილით, რომელშიც აღნიშნულია, რომ სს „...ის“ ...ის ფილიალი, 2002 წლის მდგომარეობით იხდიდა მიწის გადასახადს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, მიუთითებს „სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის N391 დადგენილების მე-2, მე-3 მუხლებზე, "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2, მე-8, მე-9 მუხლებზე და განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სარეგისტრაციო დოკუმენტის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 02 ნოემბრის N1/1-3648 ბრძანების საფუძველზე განახორციელა სარეგისტრაციო წარმოება და მიიღო რეგისტრაციის შესახებ კანონიერი გადაწყვეტილება. აპელირებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის 25-ე მუხლის მეორე პუნქტზე, ამავე ინსტრუქციის 30-ე მუხლზე და განმარტავს, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზი არის ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვით შესრულებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ამსახველი დოკუმენტი. საკადასტრო აზომვითი ნახაზის სიზუსტეზე პასუხისმგებელია უძრავი ნივთის მესაკუთრე, შესაბამისად, უძრავი ქონების ადგილმდებარეობას საკადასტრო აზომვითი სამუშაოების ჩამტარებელი პირი მესაკუთრის მითითებით განსაზღვრავს.
კასატორის მსჯელობით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 29 სექტემბრის N6/54478 წერილით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, 2022 წლის 28 სექტემბრის N... წერილის პასუხად ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს არქივში დაცული და ამავდროულად, რეესტრის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით გაირკვა, რომ საქართველოს სსრ ...სა და ... ტრესტს შორის 1990 წლის 28 ივნისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების თანახმად, ...მ ტრესტს გადასცა მის განკარგულებაში მყოფი ძირითადი ფონდების ნაწილი, რის შედეგადაც, ხსენებული ტრესტი ჩაითვალა იჯარაზე გადასულად. მოგვიანებით აღნიშნული ტრესტის ბაზაზე ჩამოყალიბდა „ს...ი". სს „...ის" 1995 წლის 28 ნოემბერს რეგისტრირებული წესდების თანახმად, ეს უკანასკნელი განეკუთვნება „ს...ის" ბაზაზე შექმნილ საწარმოს და წარმოადგენს მის უფლებამონაცვლეს. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ 1996 წლის 28 დეკემბერს, სს „...ის" სახელზე გაცემულ იქნა N527-ი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომლის მიხედვით ამ უკანასკნელს საკუთრებაში გადაეცა ...ს ... ტრესტის ქონება და ადმინისტრაციული შენობა (ფართით - 1750 კვ.მ.). საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის საფუძვლებში, მასში მითითებული შენობა - ნაგებობების მდებარეობის და გავრცელების საზღვრების ამსახველი რაიმე სახის დოკუმენტი არ მოიპოვება, რისი გათვალისწინებითაც, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა პრივატიზებული და სს „...ის" მიერ N... სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული შენობა - ნაგებობების (რომელთა საკადასტრო საზღვრები ფარავს სახელმწიფოს საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ქონების - ს/კ ... საკადასტრო საზღვრებს) იდენტურობის დადგენის საკითხზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აგვისტოს განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, მსჯელობის საგანს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 11 აგვისტოს №... და 2023 წლის 03 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებების და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 02 ნოემბრის №1/1-3648 ბრძანების კანონშესაბამისობა. შესაბამისად, უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის უძრავ ნივთზე (მდებარე ქალაქი თბილისში, ...ის დასახლებაში მდებარე 164 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე მდგომ შენობა - ნაგებობა №1-ზე) სს „...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. საკასაციო პალატა დეტალურად და ქრონოლოგიურად მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ და ქვედა ინსტანციის მიერ გამოკვლეულ მოცულობით მტკიცებულებებს რომელთა შეფასება, დიდწილად გადაწყვეტს საკასაციო საჩივრის და შესაბამისად სარჩელის სამართლებრივ ბედს.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 02 ნოემბერს №1/1-3648 ბრძანებით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში, ...ში მდებარე 2323 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე მდგომ შენობა - ნაგებობებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მიემართოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 02 ნოემბერს №1/1-3648 ბრძანების საფუძველზე, ქალაქ თბილისში, ...ში მდებარე 2323.00 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე მდგომ შენობა - ნაგებობებზე (№1, №2, №3, №4 (ნანგრევი), №5, №6, №7, №8, №9, №10) №... საკადასტრო კოდით დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება.
დადგენილია, რომ ...ის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულბელი კომიტეტის 1979 წლის 10 აპრილის №55 გადაწყვეტილებით, საქართველოს სსრ ...ს ... ტრესტის ...ის ... სამმართველოს, ადმინისტრაციული შენობის მშენებლობისთვის, გამოეყო 0.08 ჰა მიწის ნაკვეთი ...ში, ... გვერდით, სამხრეთის მხარეს.
დადგენილია, რომ 1990 წლის 18 ივნისს საქართველოს სსრ ...სა და ...ს ... ტრესტს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც საქართველოს სსრ ...მ მის განკარგულებაში მყოფი ფონდების ნაწილი იჯარით გადასცა ...ს ... ტრესტის კოლექტივს 25 წლით, ვადამდე სრული გამოსყიდვის პირობით. საიჯარო ხელშეკრულების №3 დანართს წარმოადგენდა 1990 წლის 15 ივნისის „იჯარაზე გადაცემული ძირითადი ფონდების მიღება - ჩაბარების აქტი“, რომლის თანახმად, საქართველოს სსრ ... ...ო ტრესტმა იჯარით აიღო 1609620 მანეთისა და 75 კაპიკის ნარჩენი ღირებულების ძირითადი ფონდები, მათგან 1043,6 ათასი მანეთის „პასიური“ ფონდი (შენობა-ნაგებობანი) და 566,0 ათასი მანეთის „აქტიური“ ფონდი (...ი“ და ...ი). საქართველოს სსრ ...ს 1990 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილებით, 1990 წლის 18 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან, საქართველოს სსრ ...ს ... ტრესტი ჩაითვალა იჯარაზე გადასულად. საქართველოს სსრ ...თან არსებულმა საარენდო ... ტრესტმა 1991 წლის 01 იანვრისთვის 1609620 მანეთად გამოისყიდა იჯარით აღებული ქონება.
დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მერიის 1992 წლის განკარგულებით, საქართველოს რესპუბლიკის ...ს საიჯარო - ... ტრესტს შეეცვალა სახელწოდება და მიეკუთვნა ... გაერთიანება „ს...ი“.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სახელმწიფო კომიტეტში 1992 წლის 16 ოქტომბრის №200 ბრძანებით შეიქმნა კომისია, რომელმაც შეისწავლა გაერთიანება „ს...ის“ მიერ ...სთან დადებული საიჯარო ხელშეკრულების და გამოსყიდული ქონების შესახებ მასალები. ამასთან, აღნიშნული მასალების ახალი მოთხოვნების შესაბამისად გადამოწმების მიზნით, სახელმწიფოს ქონების მართვის სამინისტროს 1993 წლის 13 ივლისის №104 ბრძანებით კვლავ შეიქმნა კომისია. კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე კი, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ 1993 წლის 03 აგვისტოს გასცა №8 მოწმობა, რომელშიც აღინიშნა, რომ ... გაერთიანება „ს...ის“ კოლექტივმა, საიჯარო ხელშეკრულებასთან სრულ შესაბამისობაში, გამოისყიდა იჯარით აღებული სახელმწიფო ქონება. გაერთიანება „ს...ის“ ბალანსზე რიცხული ქონება კი წარმოადგნდა აღნიშნული საწარმოს კოლექტივის საკუთრებას.
თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 1992 წლის 25 სექტემბრის №4.08/1788 განკარგულების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის ... გაერთიანება „ს...ი“ რეორგანიზებულ იქნა სააქციო საზოგადოებად, სახელწოდებით „...ი“ და გატარდა სახელმწიფო რეგისტრაციაში.
დადგენილია, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ 1996 წლის 28 დეკემბერს გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №527-ი, რომლითაც დადასტურდა, რომ სააქციო საზოგადოება „...ს“ (...ს ყოფილ ...ო ტრესტს) საკუთრებაში გადაეცა ...ს ყოფილი ... ტრესტის ქონება და ადმინისტრაციული შენობა (საერთო ფართით 1750 კვ.მ.). საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის საფუძვლებში მითითებულია სახელმწიფო ქონების იჯარით გამოსყიდვა, 1990 წლის 18 ივნისის ხელშეკრულება და 1990 წლის 15 ივნისის მიღება - ჩაბარების აქტი. ამასთან, სს „...ისთვის“ საკუთრებაში გადაცემული ადმინისტრაციული შენობების ჩამონათვალი გათვალისწინებულ იქნა №527-ი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის დანართით, რომლის თანახმად, სს „...ის“ (...ს ყოფილი ... ტრესტი) მიერ იჯარაზე აღებულ და შემდგომ გამოსყიდულ ერთ ერთ ქონებას წარმოადგენდა ...ის რაიონში, ...ში, ...ის ქუჩა №97-ში მდებარე ადმინისტრაციული შენობა, ფართით 210 კვ.მ. 1996 წლის 28 დეკემბრის №527-ი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის დანართი №4 კი მოიცავდა ... გაერთიანება „ს...ის“ საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოსასყიდ ძირითადი საშუალებების ჩამონათვალს, რომელთა შორისაც იყო ...ში მდებარე სამმართველოს შენობა და საწყობები. ამასთან, გამოსყიდვის საერთო ღირებულებას წარმოადგენდა 1609620 მანეთი და 75 კაპიკი.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 02 ნოემბრის №1/1-3648 ბრძანებაში მითითებულია, რომ უძრავ ქონებაზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მიემართლოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განახორციელოს დანართ N1-ში მითითებულ უძრავ ნივთზე (თბილისში, ...ში მდებარე 2323 არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე მდგომ შენობა - ნაგებობებზე) სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისში, ...ში მდებარე 2323.00 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე მდგომ შენობა - ნაგებობებზე (№1, №2, №3, №4 (ნანგრევი), №5, №6, №7, №8, №9, №10) №... საკადასტრო კოდით დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება.
დადგენილია, რომ სს „...მა“ 2022 წლის 05 აგვისტოს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და უფლების დამდგენი დოკუმენტებისა (1996 წლის 28 დეკემბრის №527-ი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობისა და 1990 წლის 18 ივნისის იჯარის ხელშეკრულების) და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე მოითხოვა სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქალაქი თბილისი, ...ი. სს „...მა“ წადგენილ განცხადებაში მიუთითა, რომ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე დატანილი შენობა - ნაგებობები ნამდვილად წარმოადგენდა სს „...ისათვის“ გადაცემულ ქონებას, რომელიც განიკარგა სახელმწიფოს მიერ. კერძოდ, დაფიქსირდა ზედდება სახელმწიფოს საკუთრებაში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებასა და სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ქონებას შორის. შესაბამისად, სს „...მა“ მოითხოვა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის კორექტირების მიზნით, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეგზავნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიწის კუთვნილების განსაზღვრის სამსახურისთვის. ამასთან, ვინაიდან საკუთრების მოწმობაში მითითებული უძრავი ქონების ზუსტი ადგილმდებარეობა დოკუმენტების მიხედვით არ დგინდებოდა, სს „...მა“ ასევე მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, კომპეტენციის ფარგლებში, დაედგინა უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა.
დადგენილია, რომ მსსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 11 აგვისტოს №... წერილით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გაუგზავნა დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და მოითხოვა განეხილა სახელმწიფოს საკუთრებაში რეგსტრირებული მიწის ნაკვეთის კორექტირების საკითხი, ვინაიდან წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად, უძრავი ნივთი ზედდებაში იყო სახელმწიფოს საკუთრებაში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან. ამავე წერილით სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა, მარეგისტრირებელი ორგანოსთვის გაეგზავნა ქალაქ თბილისში, ...ში, სს „...ს“ სახელზე სააგენტოში დაცული დოკუმენტაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ერვნულმა სააგენტომ, 2022 წლის 11 აგვისტოს №... წერილზე პასუხის მიღებამდე, შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება.
დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 28 სექტემბერს კვლავ მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, გაუგზავნა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და სთხოვა, დაედასტურებინა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინბული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 29 სექტემბრის №6/54478 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აცნობა, რომ სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა პრივატიზებული და სს „...ის“ მიერ სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული შენობა - ნაგებობების (რომელთა საკადასტრო საზღვრები ფარავს სახელმწიფოს საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ქონების (ს/კ ...) საკადასტრო საზღვრებს) იდენტურობის დადგენის საკითხზე, ვინაიდან №527-ი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის საფუძვლებში შენობა - ნაგებობების მდებარეობისა და გავრცელების საზღვრების ამსახველი რაიმე სახის დოკუმენტი არ მოიპოვებოდა.
დადგენილია, რომ მსსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 06 ოქტომბერს №... წერილით მიმართა გლდანის რაიონის გამგეობას, გაუგზავნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობისას მოძიებული დოკუმენტაცია და „მიწის ნაკვეთიებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით, №527-ი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით, გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა.
გლდანის რაიონის გამგეობის 2022 წლის 31 ოქტომბრის №34-01223043635 წერილით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ გამგეობის მიერ ადგილმდებარეობის დადგენის საჭიროება სპეციალური კანონის მიხედვით, განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი ორგანო ან მისი სამართალმემკვიდრე ორგანო არ არსებობდა, რომლისგანაც მარეგისტრირებელი ორგანო გამოითხოვდა დაზუსტებულ ინფორმაციას. შესაბამისად, გამგეობა მოკლებული იყო შესაძლებლობას რეესტრისთვის ეცნობებინა პოზიცია სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ 1996 წლის 28 დეკემბერს სს „...ის“ სახელზე გაცემული №527-ი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძვლების თაობაზე, ვინაიდან არ წარმოადგენდა უფლებისდამდგენი დოკუმენტის გამცემ უფლებამოსილ ორგანოს.
დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 09 დეკემბერს №... წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, გაუგზავნა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტი, აზომვითი ნახაზი, ასევე, სსიპ აჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების მიერ მოძიებული დოკუმენტაცია და სთხოვა, კომპეტენციის ფარგლებში განეხილა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემების კორექტირების საკითხი და მარეგისტრირებელი ორგანოსთვის ეცნობებინა, სააგენტოს მოსაზრება დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი უფლების დამდეგნი დოკუმენტისა და აზომვითი ნახაზის შესაბამისად რეგისტრაციის განხორციელებასთან დაკავშირებით. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის 09 იანვრის №17/258 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აცნობა, რომ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისთვის აუცილებელი იყო საქმის წარმოების ვადის გაგრძელება ორი თვის ვადით.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 11 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ზ“ პუნქტის შესაბამისად, სს „...ის“ მოთხოვნა სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში ქალაქ თბილისში, ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წლის 09 დეკემბრის წერილზე, კანონით დადგენილ ვადაში, პასუხის გაუცემლობა მიჩნეულ იქნა კორექტირებაზე უარის თქმად.
დადგენილია, რომ სს „...მა“ 2023 წლის 06 სექტემბერს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა „რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 11 აგვისტოს №... გადაწყვეტილების გაუქმება და სარეგისტრაციო მოთხოვნის დაკმაყოფილება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 03 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით სს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
...ის რაიონის ...ის საკრებულოს ტერიტორიაზე აუქციონის წესით გასაყიდი 0.077 ჰა მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის თანახმად, მიწის ნაკვეთს დასავლეთის მხრიდან (დ-ა) ესაზღვრებოდა „... ობიექტი“, რომელზეც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით, №... საკადასტრო კოდით დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება. ...ის რაიონის ...ის გამგეობის 2006 წლის 29 აგვისტოს წერილის თანახმად, 0.077 ჰა მიწის ნაკვეთი მდებარობდა ...ში, ...ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 26 ივლისის წერილის თანახმად, ...ში (ყოფილი ...ის ქუჩა 97 და შემდგომ ... ქუჩა №105) ... ქუჩა 105-ში, 2008 წლის 26 ივლისის მდგომარეობით, ...ის სარეგისტრაციო სამსახურის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით რეგისტრირებული იყო საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, მდებარე ქალაქი თბილისი, ...ი, ... ქუჩა №105ა (ყოფილი ...), არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი შენობანაგებობით, ნაკვეთის ფართობი 50600 კვ.მ., საკადასტრო კოდი ..., მესაკუთრე შპს „ზ...“ (ს/ნ ..., იურიდიული მისამართი - ქალაქი თბილისი, გლდანის რაიონი, ...ი, ... ქუჩა №105-ა; უფლების რეგისტრაცია - 2008 წლის 31 იანვარი, განაცხადის ნომერი ...).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 16 აგვისტოს №260 განკარგულებით, გლდანის რაიონში, ...ის ქუჩასთან მდებარე ... ქუჩას და მასთან არსებულ ორ შესახვევს მიენიჭა ... სახელი.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 29 მარტის №... გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაცია. აღნიშნული გადაწყვეტილების დანართის თანახმად, ...ის ქუჩის ნუმერაცია სრულდება №86-ით.
დადგენილია, რომ სს „...სა“ და შპს „ო...ს“ შორის 2008 წლის 01 მაისს, 2009 წლის 01 იანვარს, 2010 წლის 01 იანვარსა და 2011 წლის 01 იანვარს დაიდო საიჯარო ხელშეკრულებები, რომელთა თანახმად, მოიჯარემ (შპს „ო...“) დროებით სარგებლობაში აიღო სს „...ის“ მფლობელობაში არსებული 150 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი, მდებარე ქ. თბილისი, ...ი, ...ი №4. სს „...სა“ და შპს „...ას“ შორის 2015 წლის 01 იანვარს, 2017 წლის 31 დეკემბერს, 2018 წლის 01 იანვარსა და 2019 წლის 01 იანვარს დაიდო საიჯარო ხელშეკრულებები, რომელთა თანახმად, მოიჯარემ (შპს „ო...“) დროებით სარგებლობაში აიღო სს „...ის“ მფლობელობაში არსებული 150 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი, მდებარე ქ. თბილისი, ...ი, ...ი №4. სს „...ი“ იჯარით გადაცემული ქონებით სარგებლობისთვის იღებდა საიჯარო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ საიჯარო ქირას.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 07 ნოემბრის №21-11/102495 წერილის თანახმად, სს „...ის“ ...ის ფილიალი 2002 წლის მდგომარეობით, იხდიდა მიწის გადასახსადს.
საკითხზე მსჯელობის მიზნით საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტით, სახელმწიფო ქონების განკარგვა გულისხმობს სახელმწიფო ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემას, პრივატიზებას, მართვის უფლებით გადაცემას, რეალიზაციას, ლიზინგის ფორმით გაცემას, განაწილებასა და განადგურებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით განიმარტა, რომ სააგენტო ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებას - ქონების, მათ შორის, უმკვიდრო/მიტოვებული უძრავი ქონების, ასევე, სახელმწიფოსათვის გადმოცემული ქონების სახელმწიფოს საკუთრებად მიღებას ან/და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. განსახილველ შემთხვევაში, სადავო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 02 ნოემბერს №1/1-3648 ბრძანებით, ქალაქ თბილისში, ...ში მდებარე 2323 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე მდგომ შენობა - ნაგებობებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მიემართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სააგენტოს 2016 წლის 15 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 02 ნოემბერს №1/1-3648 ბრძანების საფუძველზე, ქალაქ თბილისში, ...ში მდებარე 2323.00 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე მდგომ შენობა - ნაგებობებზე (№1, №2, №3, №4 (ნანგრევი), №5, №6, №7, №8, №9, №10) №... საკადასტრო კოდით დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება. საქმის მასალებით ირკვევა, კასატორი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სადავოდ არ ხდის სს „...ისთვის“ 1996 წლის 28 დეკემბრის №527-ი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გადაცემის ფაქტს. მიუთითებს, რომ აღნიშნული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის საფუძვლებში, მასში მითითებული შენობა - ნაგებობების მდებარეობის და გავრცელების საზღვრების ამსახველი რაიმე სახის დოკუმენტი არ მოიპოვება. მიუთითებს, რომ სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა პრივატიზებული და სს „...ის“ მიერ №... სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილ საკადასტრო აზოვით ნახაზზე ასახული შენობა - ნაგებობების იდენტურობის დადგენის საკითხზე.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადრებას სს ...ის“ მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ განცხადებებზე, ასევე საჯარო რეესტრის მიერ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში გადაგზავნილ წერილებზე და მათ შინაარსზე და განმარტავს შემდეგს: საჯარო რეესტრის როლი და მნიშვნელობა საკუთრების უფლების წარმოშობისა და ზოგადად სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით ძალიან დიდია. საჯარო რეესტრი, როგორც უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო წარმოადგენს უძრავ ქონებაზე საკუთრების რეგისტრაციის ერთადერთ სამართლებრივ საშუალებას. შესაბამისად, უძრავი ქონების ბრუნვის სტაბილურობის დაცვა სწორედ რეესტრის მონაცემების სანდოობის უზრუნველყოფით ხდება. სამოქალაქო ბრუნვა სტაბილურობასთან ერთად სათანადო სიმარტივით უნდა გამოირჩეოდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ბრუნვა არ შეფერხდეს ზედმეტი ტრანზაქციული ხარჯებითა და არაგონივრული დაყოვნებებით. წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე შეექმნება უძრავი ქონების ეფექტიანად განკარგვას. სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს საკუთრების უფლებით სარგებლობასა და განკარგვაზე ზედმეტი ბარიერების შემოღებისგან.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება №3/4/550 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საჯარო რეესტრის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს კანონიერებისა და ყველა ფაქტობრივი გარემოების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების პრინციპების დაცვით, მხოლოდ ასე შეიძლება უზრუნველყოფილი იქნას საკუთრების უფლების დაცვა. მით უფრო, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტით საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ბუნებითი უფლებაა, ხოლო მისი, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტირება და პირისთვის საკუთრების უფლებით ეფექტური სარგებლობის გარანტიების შექმნა, სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსთვის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). სწორედ საკუთრების უფლების სრულყოფილად რეალიზებისთვის შექმნილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც ქმნის როგორც საკუთრების უფლების მოპოვების, ასევე მისით სარგებლობისა და განკარგვის საკანონმდებლო და ფაქტობრივ შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიუთითებს განსახილველი დავისადმი რელევანტურ საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მითითებული კანონის მე-9 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. რაც შეეხება „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს, აღნიშნულის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ − იუსტიციის სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, ამ კანონით გათვალისწინებული სისტემური რეგისტრაციისა და სპორადული რეგისტრაციის მიზნებისათვის, საკუთარი ინიციატივით ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას.
მოცემულ შემთხვევაში, სს ...ის“ მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადებების, ასევე საჯარო რეესტრის მიერ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში გადაგზავნილი წერილების, 1996 წლის 28 დეკემბრის №527-ი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით სს „...ისთვის“ გადაცემული უძრავი ქონების ადგილმდებარეობასთან მიმართებით საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ ...ში მდებარე ყოფილი ...ს კუთვნილ ადმინისტრაციულ შენობას არ გააჩნდა ზუსტი მისამართი და გამოიყენებოდა პირობითი მისამართები, კერძოდ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 26 ივლისის წერილის თანახმად, ...ში (ყოფილი ...ის ქუჩა 97 და შემდგომ ... ქუჩა №105) ... ქუჩა 105-ში, 2008 წლის 26 ივლისის მდგომარეობით, ...ის სარეგისტრაციო სამსახურის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით რეგისტრირებული იყო საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, მდებარე ქალაქი თბილისი, ...ი, ... ქუჩა №105ა (ყოფილი ...), არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი შენობა - ნაგებობით, ნაკვეთის ფართობი 50600 კვ.მ., საკადასტრო კოდი ..., მესაკუთრე შპს „ზ...“. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 16 აგვისტოს №260 განკარგულებაში კი მითითებულია, რომ გლდანის რაიონში, ...ის ქუჩასთან მდებარე ... ქუჩას და მასთან არსებულ ორ შესახვევს მიენიჭა ... სახელი. ამასთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 29 მარტის №... გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაცია. აღნიშნული გადაწყვეტილების დანართის თანახმად, ...ის ქუჩის ნუმერაცია სრულდება №86-ით და მითითებულ ქუჩას №97 არ გააჩნია. საგულისხმოა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოკითხული ნ. ა-ის, დ. ი-ის, ნ. ა-ის და გ. ლ-ის განმარტებები და მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ ყურადღების გამახვილება ...ში, ...ში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო დოკუმენტებში დაცულ ...ის რაიონის ...ის საკრებულოს ტერიტორიაზე აუქციონის წესით გასაყიდი 0.077 ჰა მიწის ნაკვეთის აზომვით ნახაზზე, რომლითაც დგინდება ...ში მდებარე ...ს ადმინისტრაციული შენობის მდებარეობა. როგორც აღნიშნული ნახაზით ირკვევა, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს დასავლეთის მხრიდან (დ-ა) ესაზღვრებოდა „... ობიექტი“. აღნიშნულ ობიექტზე კი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 02 ნოემბრის №1/1-3648 ბრძანების საფუძველზე, №... საკადასტრო კოდით დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება. ამდენად, კასატორის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ის შედავება, რომ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის საფუძვლებში, მასში მითითებული შენობა - ნაგებობების მდებარეობის და გავრცელების საზღვრების ამსახველი რაიმე სახის დოკუმენტი არ მოიპოვება, რისი გათვალისწინებითაც, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა პრივატიზებული და სს „...ის" მიერ N... სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული შენობა - ნაგებობების (რომელთა საკადასტრო საზღვრები ფარავს სახელმწიფოს საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ქონების - ს/კ ... საკადასტრო საზღვრებს) იდენტურობის დადგენის საკითხზე, დაუსაბუთებელია და არ წარმოადგენს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისათვის საპირწონე არგუმენტს. ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას სს „...ისთვის“ გადაცემული და №... სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილ საკადასტრო აზოვით ნახაზზე ასახული შენობა - ნაგებობების იდენტურობის დადგენის შეუძლებლობის თაობაზე და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სადავო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 02 ნოემბრის №1/1-3648 ბრძანების საფუძველზე სწორედ ზემოაღნიშნული პრივატიზებული ქონება განიკარგა, რაც თავის მხრივ, ადასტურებს სადავო ბრძანების კანონშეუსაბამობას.
საკუთრების უფლების, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლების გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა. საკუთრების უფლება უზრუნველყოფს ადამიანის თავისუფლებას, მისი უნარებისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაცია, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ ურთიერთობების თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ და სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას. საკასაციო პალატა, აქვე მიუთითებს, რომ საკუთრების უფლება აღიარებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო აქტებითაც; კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი ადგენს, რომ ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. ევროპული კონვენციის აღნიშნული დებულება „უზრუნველყოფს უფლებას არსებულ ქონებაზე, რაც ასევე მოიცავს მოთხოვნებს, რომლის საფუძველზეც განმცხადებელს აქვს საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის მოპოვების მინიმუმ „ლეგიტიმური მოლოდინი“ (მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ (Maurice v. France), No. 11810/03, 6.10.03; პლეხანოვი პოლონეთის წინააღმდეგ (Plechanow v. Poland), No. 22279/04, 7.7.09). საკუთრების ცნება არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკურ საგნებზე საკუთრების უფლებით. „...ზოგიერთი სხვა უფლება და სარგებელი, რომელიც ქმნის ქონებას, ქონებრივი ღირებულებები, მათ შორის უფლება მოთხოვნაზე, რაც კანონიერი მოლოდინის საფუძველზე წარმოიშობა და პირის საკუთრების ეფექტურ გამოყენებას განაპირობებს, შესაძლოა განხილულ იქნეს როგორც საკუთრება და უფლება საკუთრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30.07.2010წ. N1/5/489-498 განჩინება, II-2). ზოგადად, საკუთრების უფლებით სრულყოფილად სარგებლობა და მისი ეფექტური დაცვა მჭიდროდ არის დაკავშირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან, მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელებასთან. ნიშანდობლივია, რომ მართლმსაჯულების არსი ყველა შემთხვევაში კანონიერ და სამართლიან გადაწყვეტილებებში ვლინდება. ცხადია, სიმართლის დადგენა არც ერთადერთი, და არც ნებისმიერი შესაძლო გზით დაცვადი ინტერესია, თუმცა მართლმსაჯულების მიზნის მისაღწევად, „...პროცესი უნდა ავლენდეს სიმართლის დადგენის მაქსიმალურ ძალისხმევას. ჭეშმარიტება აშკარად უნდა ვეძებოთ, როცა „სიმართლის პოვნა“ ან „სიმართლისა და სამართლიანობის“ მიღწევა არის პროცესის გაცხადებული მიზნები“ (იხ.Thomas Weigend, Should We Search for the Truth, and Who Should Do It, North Carolina Journal of International Law and Commercial Regulation, 2011, p.390). სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისთვის სასამართლოს ესაჭიროება „ობიექტური ფუნდამენტი“, რომელსაც ქმნის სასამართლოში წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები. თუ მტკიცებულება ძალიან მყარია და არ არსებობს მის სანდოობაში ეჭვის შეტანის რისკი, მცირდება სხვა მტკიცებულებით მისი გამყარების საჭიროება (იხ.: inter alia, Khan v. the United Kingdom).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მხოლოდ საპროცესო - სამართლებრივი, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ადმინისტრაციულ პროცესში მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილებისთვის არსებითია სამართალწარმოების დროს მტკიცებითი საქმიანობის შემადგენელი ორი კომპონენტის - ფაქტის „მითითების ტვირთისა“ და ფაქტის არსებობის „მტკიცების ტვირთის“ გამიჯვნა. მართალია, ფაქტის მითითების და მისი არსებობის მტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, რადგან როგორც წესი ფაქტის არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება იმავე მხარეს, რომელიც აღნიშნულ ფაქტს მიუთითებს თავისი მოთხოვნის/შესაგებლის საფუძვლად, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში ერთმანეთისგან შესაძლოა განცალკევდეს ფაქტის „მითითების ტვირთი“ და ფაქტის არსებობის „მტკიცების ტვირთი“ (სუსგ საქმე №ბს-180(კ-19), 31.03.2023წ.). სასკ-ის 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, სადაც კანონმდებელმა ცალსახად მიუთითა, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. კოდექსის 102-ე მუხლი განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა - განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მითითებული კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან გამომდინარე წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. საქმის გარემოებების გამორკვევა და ფაქტების დადგენა მართლმსაჯულების უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, სწორედ დადგენილი ფაქტების საფუძველზე ხდება ნორმათაშეფარდება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის №ბს-1635-1589(კ-08) გადაწყვეტილება).
განსახილველ შემთხვევაში, 1996 წლის 28 დეკემბრის №527-ი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით სს „...ისთვის“ გადაცემული უძრავი ქონების ადგილმდებარეობასთან მიმართებით, საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ...ში მდებარე ყოფილი ...ს კუთვნილ ადმინისტრაციულ შენობას არ გააჩნდა ზუსტი მისამართი და გამოიყენებოდა პირობითი მისამართები, კერძოდ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 26 ივლისის წერილის თანახმად, ...ში (ყოფილი ...ის ქუჩა 97 და შემდგომ ... ქუჩა №105) ... ქუჩა 105-ში, 2008 წლის 26 ივლისის მდგომარეობით, ...ის სარეგისტრაციო სამსახურის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით რეგისტრირებული იყო საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, მდებარე ქალაქი თბილისი, ...ი, ... ქუჩა №105ა (ყოფილი ...), არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი შენობა-ნაგებობით, ნაკვეთის ფართობი 50600 კვ.მ., საკადასტრო კოდი ..., მესაკუთრე შპს „ზ...“. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 16 აგვისტოს №260 განკარგულებაში კი მითითებულია, რომ გლდანის რაიონში, ...ის ქუჩასთან მდებარე ... ქუჩას და მასთან არსებულ ორ შესახვევს მიენიჭა ... სახელი. ამასთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 29 მარტის №... გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაცია. აღნიშნული გადაწყვეტილების დანართის თანახმად, ...ის ქუჩის ნუმერაცია სრულდება №86-ით და მითითებულ ქუჩას №97 არ გააჩნია. ამდენად, მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეთა მიერ გაკეთებული განმარტებების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული არგუმენტები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასაბუთების გამაბათილებელ კმარ არგუმენტს.
რაც შეეხება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 11 აგვისტოს №... და 2023 წლის 03 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებების კანონშესაბამისობის საკითხს, აღნიშნული გადაწყვეტილებებით სს „...ს“ იმ საფუძვლით ეთქვა უარი საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, რომ დაფიქსირდა ზედდება სახელმწიფოს საკუთრებაში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებასა და სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ქონებას შორის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრიებული უძრავი ქონების რეგისტრაციის საფუძველი გახდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგნტოს 2016 წლის 02 ნოემბრის №1/1-3648 ბრძანება, რომელიც ბათილად სწორედ იმის გამო იქნა მიჩნეული, რომ ხელყოფდა სს „...ის“ საკუთრების უფლებას.
საკასაციო პალატის მსჯელობით, სარეგისტრაციოდ წარდგენილი 1996 წლის 28 დეემბრის №527-ი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა პირდაპირ წარმოშობდა სს „...ის“ საკუთრების უფლებას სადავო უძრავ ქონებაზე, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციითა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში დაცული დოკუმენტაციით, მათ შორის, ...ში, ...ში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო დოკუმენტებში არსებული ...ის რაიონის ...ის საკრებულოს ტერიტორიაზე აუქციონის წესით გასაყიდი 0.077 ჰა მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზით, დგინდებოდა სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი უძრავი ქონების მდებარეობა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი შპს „ო...ა“ და შპს „...ასთან“ დადებული საიჯარო ხელშეკრულებებით დასტურდება სს „...ის“ მიერ სადავო უძრავი ქონების წლების მანძილზე ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. აღნიშნული ფაქტი დასტურდება, ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოწმეთა სახით დაკითხული დ. ი-ის, ნ. ა-ისა და გ. ლ-ის ჩვენებებითა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 07 ნოემბრის №21-11/102495 წერილით, რომელშიც აღნიშნულია, რომ სს „...ის“ ...ის ფილიალი, 2002 წლის მდგომარეობით, იხდიდა მიწის გადასახადს. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში კასატორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი საქმეში არსებული მტკიცებულებების გამაბათილებელი მტკიცებულება, რაც საკასაციო პალატას მისცემდა საწინააღმდეგო დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 აპრილის განჩინებაზე არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე