დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 16.12.2026
საქმის ნომერი
ბს-1338(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.12.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1338 (კ-25) 16 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),გიზო უბილავა, გიორგი მიქაუტაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ.ა.ა.ა.რ-ნ).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.ა.ა.ა.რ-ნმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2022 წლის 30 დეკემბრის №MIA 8 22 03715454 ბრძანება;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით მ.ა.ა.ა.რ-ნის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ.ა.ა.ა.რ-ნის მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით მ.ა.ა.ა.რ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ.ა.ა.ა.რ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს 2022 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2022 წლის 30 დეკემბრის №MIA 8 22 03715454 ბრძანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ.

საკასაციო საჩივრის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ასევე, გადაწყვეტილებაში სასამართლომ არასწორად მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე და სრულყოფილად არ გამოიკვლია მტკიცებულებები. კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევაში სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე დგება შესაბამისი აქტი (გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ), სადაც მითითებულია უარის თქმის მიზეზი. მოცემულ შემთხვევაში, 2022 წლის 21 დეკემბერს ეგვიპტის მოქალაქეს M.A.A.A.R-N-ს (ს/ნ...) ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას მოქალაქეთა შემოწმება ხორციელდება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების დაცვით. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას უფლებამოსილი თანამშრომელი იღებს ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული პირის მხრიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში, არსებული ფაქტორ(ებ)ისა და გარემოებ(ებ)ის ერთობლიობის შეფასების საფუძველზე. აღნიშნულში იგულისხმება სუბიექტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გაცხადებულ მგზავრობის მიზანთან, ასევე, სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ჩატარებული ინტერვიუირება და სხვა ღონისძიებები.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ხორციელდება მთელი რიგი საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულების შედეგად. შესაბამისად, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესების დადებითად შესრულების შემდგომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეძლევა შესაძლებლობა გადმოკვეთოს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების არ დაკმაყოფილების შემთხვევაში პატრულ-ინსპექტორს (მესაზღვრე-კონტროლიორი) უფლება აქვს უარი თქვას უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში შემოსვლაზე. 2022 წლის 21 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის დროს ეგვიპტის მოქალაქე M.A.A.A.R-N-ის (ს/ნ...) მიმართ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს (თბილისის აეროპორტი) გამტარ პუნქტზე კანონის შესაბამისად შედგა აქტი (გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ.

,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. ამავე მუხლის მეორე პუნქტით, კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაცია. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, 2022 წლის 21 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გამომდინარეობს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის მოთხოვნებიდან, შეესაბამება კანონმდებლობას და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებას, იგი არ გამომდინარეობს დასახელებული კანონის მოთხოვნებიდან, ვინაიდან სადაო აქტი კანონიერია. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისათვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების კანონიერება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-3 მუხლის „კ“ პუნქტის თანახმად, უცხოელის საქართველოში შემოსვლა შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების დაცვით. ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) ადგენს, რომ უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას: ა) თუ მას არ აქვს საქართველოში შემოსვლისათვის აუცილებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები; ბ) თუ მას აკრძალული აქვს საქართველოში შემოსვლა ან არ გადაუხდია ჯარიმა, რომელიც დაწესებულია საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის; გ) თუ მან საქართველოს ვიზის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად არასრული ან ყალბი მონაცემები ან დოკუმენტები წარადგინა; დ) თუ მას არ აქვს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა ან საქართველოში ცხოვრებისათვის და უკან დასაბრუნებლად საკმარისი ფინანსური სახსრები; ე) თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას; ვ) თუ, საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია მისი საქართველოში ყოფნა; ზ) თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ კანონიერი საფუძვლის გარეშე დარჩება საქართველოში; თ) თუ იგი არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში შემოსვლისას უცხოელი გადის ინსპექტირებას სასაზღვრო გამტარ პუნქტში, ხოლო ამავე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, სასაზღვრო გამტარ პუნქტში უცხოელის ინსპექტირებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ინსპექტირების შედეგად იგი: ა) უცხოელს აძლევს თანხმობას საქართველოში შემოსვლაზე; ბ) უცხოელს უარს ეუბნება საქართველოში შემოსვლაზე და უკან აბრუნებს.

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო მე-2 პუნქტით განსაზღვრულია საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ამ კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური („ე“ ქვეპუნქტი). აღნიშნული ორგანოს უფლებამოსილებები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისას განისაზღვრება „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით (მუხლი 33.3).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებით დამტკიცებულ ,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესზე“, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, სასაზღვრო და სახელმწიფო საზღვრის რეჟიმების დაცვას სახმელეთო, საზღვაო მონაკვეთებსა და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში. აღნიშნული წესის მე-4 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა პირების მიერ წარმოებს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, უცხო სახელმწიფოს მოქალაქეები საქართველოს სახელმწიფო საზღვარს კვეთენ სამგზავრო დოკუმენტებით და საქართველოს ვიზით, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის საქართველოში უვიზო შემოსვლის წესი.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მ.ა.ა.ა.რ-ნ (M.A.A.A.R-N, პასპორტის №...) არის ეგვიპტის მოქალაქე (ს.ფ. 39-40); ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს 2022 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე. აღნიშნულის მიზეზად მითითებულია, რომ იგი „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“ (ს.ფ. 92-93); გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2022 წლის 30 დეკემბრის №MIA 8 22 03715454 ბრძანებით, ეგვიპტის მოქალაქე მ.ა.ა.ა.რ-ნის უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში დარჩა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს 2022 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება. (ს.ფ. 89-91); დ) მოსარჩელე მხარის განმარტებით და საქმეში წარმოდგენილი პასპორტის ასლით (საქართველოს საზღვრის კვეთის დამადასტურებელი ბეჭდით) დგინდება, რომ სარჩელის აღძვრის შემდეგ მოსარჩელემ საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა შემდეგ თარიღებში - 08.12.2023წ. - 05.01.2024წ.; 28.02.2024წ. - 14.04.2024წ; (ს.ფ. 149-151); ე) მ.ა.ა.ა.რ-ნი 2020 წლის 27 თებერვლიდან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში საქართველოს მოქალაქე თ.მ-სთან (ს.ფ. 76); ვ) მ.ა.ა.ა.რ-ნისა და თ.მ-ის 2024 წლის 26 მარტს შეეძინათ შვილი - ე.რ-ნი (ს.ფ. 127);

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. პალატა აღნიშნავს, რომ უცხოელის საქართველოში შემოსვლის საკითხის გადაწყვეტა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება თუმცა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს 2022 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.ა.ა.ა.რ-ნის უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე, რასაც საფუძვლად დაედო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებული ინფორმაცია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებითია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხები, თუმცა მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. პალატა ხაზგასმით მიუთითებს, რომ ზოგადად, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციას დაეყრდნოს და მხოლოდ მის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება. ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ, მასში მითითებული ცნობები გარკვეულ შემთხვევებში არის კონკრეტული და პირდაპირ მიუთითებს ისეთი გარემოებებზე, რომელიც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების რისკის არსებობაზე დასაბუთებულ ეჭვს იწვევს და აბსოლუტურად საკმარისი არის პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისათვის, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა საიდუმლო მასალებში მითითებული ინფორმაცია იყოს ზოგადი, შეიცავდეს საფრთხის მხოლოდ აბსტრაქტულ ფორმულირებას, არ ქმნიდეს ზემოხსენებული ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების საფუძვლიან ეჭვს და მოითხოვდეს დამატებით სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებასა და ერთობლივ გამოკვლევას (სუსგ. საქმე №ბს-513 (კ-21) 25 ნოემბერი 2021 წელი).

მართალია, სახელმწიფოებს არ ეკრძალებათ უცხოელთა ქვეყანაში შესვლისა და იქ დარჩენის ხანგრძლივობის რეგულირება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ინდივიდთა უფლებებში ჩარევა იყოს აუცილებელი და მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის პროპორციული („Berrehab v. The Netherlands“, 1988, §28), ამასთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში გადაწყვეტილების მიღებისას სახელმწიფოს დისკრეციის ფარგლები განსაკუთრებით ფართოა („Leander v. Sweden“, 1987), სახელმწიფოს აქვს ფართო დისკრეცია იმის დასადგენად თუ რა წარმოადგენს საფრთხეს სახელმწიფო უშიშროებისთვის („Liu v. Russia“, 2007, §57), მაგრამ ეს არ გამორიცხავს აუცილებლობისა და პროპორციულობის საკითხებზე მსჯელობის, საჯარო და კერძო ინტერესის ურთიერთშეპირისპირების საჭიროებას.

საკასაციო სასამართლოს მიერ 2025 წლის 26 დეკემბრის №ბს-1338 (კ-25) წერილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო მ.ა.ა.ა.რ-ნისათვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმას. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელისთვის საქართველოს საზღვარზე შემოსვლის მიზანშეუწონლობა სათანადოდ არ არის დასაბუთებული.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ხოლო მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ (საქართველო კონვენციას შეუერთდა საქართველოს პარლამენტის 21.04.1994წ. დადგენილებით) 3.1 მუხლზე, რომლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

საჯარო და კერძო ინტერესების სათანადოდ იდენტიფიცირებას და მათ პროპორციულობაზე მსჯელობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ დავებში, რომელშიც არასრულწლოვნის ინტერესების დაცვის საჭიროება იკვეთება. ოჯახის ერთიანობა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა უცხოელის საქართველოში შემოსვლის, ყოფნის ერთ-ერთი პრინციპთაგანია („უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „ბ“ და „ე“ ქვ.პ.). მშობლებისა და მათი შვილის ერთმანეთთან ურთიერთობა ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ ელემენტს წარმოადგენს (19.01.2012წ. „Popov v France“ (§134)).

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარე იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში საქართველოს მოქალაქე თ.მ-სთან და მათ ჰყავთ შვილი - 2024 წლის 26 მარტს დაბადებული ე.რ-ნი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ საკითხის ხელახლა განხილვისას და სადავო საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს მოსარჩელის არასრულწლოვანი შვილის ინტერესები. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს მოსარჩელე რამდენად წარმოადგენს საფრთხეს სახელმწიფო ინტერესებისთვის და ინტერესთა ბალანსის საფუძველზე უნდა დაადგინოს რომელი ინტერესი გადაწონის.

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს არ ევალება კონკრეტული შინაარსის ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, ასეთ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი უქმდება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, შესაბამისად, გამოსაცემი აქტის შინაარსი დამოკიდებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგებზე, ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით.

როგორც უკვე აღინიშნა, მ.ა.ა.ა.რ-ნის საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თუმცა დგინდება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმესთან დაკავშირებული არსებითი გარემოებები წარდგენილ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მოცემულ საქმეზე ახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ფარგლებში მხედველობაში უნდა მიიღოს საქმეში დაცული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსი, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და სზაკ-ით დადგენილი წესით მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. შესაბამისად, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რაც ქმნის სასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების და გასაჩივრებული აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

გ. უბილავა

გ. მიქაუტაძე