დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-455(კ-25) 10 თებერვალი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოსარჩელეები) - ნ. ჩ-ე, შ. ბ-ი
პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოპასუხეები) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
მესამე პირი (ასკ-ის 16.2 მუხ.) - ბმა „თ...“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 აპრილის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - შენობის შემადგენელი ნაწილების ლეგალიზება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ნ. ჩ-ემ და შ. ბ-იმა 2020 წლის 13 აპრილს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2020 წლის 02 მარტის №247 ბრძანების, სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 17 მაისის №... და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 21 ივნისის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დაუყოვნებლივ დავალება, რომლითაც დადასტურდება ქ. თბილისში, ...ის ქუჩის ..., №...-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში - შ. ბ-ისა და ნ. ჩ-ეის ინდივიდუალურ საკუთრებაში: №..., №..., №..., №..., №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინების და საერთო სარგებლობის ფართის ლეგალიზება (ექსპლუატაციაში მიღება) ნომენკლატურით: სამშენებლო სამართალდარღვევის სანქციისგან განთავისუფლება, III კლასის ობიექტი.
სარჩელის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2019 წლის 07 მაისის №516 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნ. ჩ-ეისა და შ. ბ-ის 03.1.2017წ. №19/01173072974-01 ადმინისტრაციული საჩივარი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 04 ოქტომბრის №... უარყოფითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში და არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევის შემდგომ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ზემოხსენებული ბრძანების აღსრულების ფარგლებში არქიტექტურის სამსახურმა, ნაცვლად იმისა, რომ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით გამოეცა ნ. ჩ-ეის მიერ 2017 წლის აპრილის დასაწყისში, ფორსმაჟორულად, მშენებლობის ნებართვის დარღვევით, უკვე დასრულებული ობიექტის ლეგალიზების დადასტურების გადაწყვეტილება, უფლებამოსილების აშკარა გადამეტებით, უკანონოდ უთხრა უარი ობიექტის ლეგალიზებაზე.
მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების არქონის გამო მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 2017 წლის ოქტომბრის დადგენილებით დააკისრა საჯარიმო სანქციები, მათ შორის, ობიექტის დემონტაჟი. მათივე განმარტებით, ობიექტის დემონტაჟით 3 ოჯახი დარჩება ღია ცის ქვეშ. მათ მიიჩნიეს, რომ სადავოდ ქცეული აქტებით უკანონოდ ილახებოდა მათი უფლებები და კანონიერი ინტერესი, ზიანს აყენებდა მათ, შესაბამისად, ბათილად ცნობის მოთხოვნით მიმართეს სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „თ...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ეისა და შ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელეების მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განჩინებით ნ. ჩ-ეისა და შ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები. პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 81-ე, 83-ე მუხლებზე, 201-202-ე მუხლებზე, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 1032 მუხლზე, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-4, მე-10 და 28-ე მუხლებზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 15.09.2017წ. №34.02.650 განკარგულებით დამტკიცებულ „საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 1032 მუხლის „სამშენებლო სამუშაოების დარღვევის განხორციელებისათვის სამართლებრივი სუბიექტის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების დროებითი წესის“ აღსრულებასთან დაკავშირებულ სამოქმედო ინსტრუქციაზე“, საქმეში დაცულ მტკიცებულებებზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან განმცხადებლების - შ. ბ-ისა და ნ. ჩ-ე მიერ, ადმინისტრაციული ორგანოს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 17.05.2019წ. №... გადაწყვეტილებით განსაზღვრული ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 21 ივნისის №... გადაწყვეტილებით, №... განცხადების განუხილველად დატოვება, აგრეთვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 02 მარტის №247 ბრძანებით, შ. ბ-ისა და ნ. ჩ-ეის ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 17 მაისის №... და 2019 წლის 21 ივნისის №... გადაწყვეტილებების ძალაში დატოვება არ ეწინააღმდეგებოდა ზემოთ მითითებული ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და იყო კანონშესაბამისი. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ასევე არ არსებობდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ. ჩ-ეისა და შ. ბ-ის მიერ.
კასატორები, ნ. ჩ-ე და შ. ბ-ი არ ეთანხმებიან სააპელაციო პალატის მოსაზრებას და აღნიშნავენ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხარვეზის აღმოსაფხვრელად წარმოსადგენი დოკუმენტაციის მოთხოვნა იყო არაკანონიერი და მოსარჩელეების მიერ მათი წარუდგენლობა არ შეიძლებოდა არც შეჩერების და არც განუხილველად დატოვების საფუძველი გამხდარიყო, რადგან სამშენებლო სამუშაოების დასრულების სავარაუდო თარიღის მითითება კრების ოქმით არ ხდება, კრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ იყო უფლებამოსილი (მსგავსად არქიტექტურის სამსახურისა) ემსჯელა სამშენებლო სამუშაოების დასრულების თარიღზე (ეს არ შედიოდა მის კომპეტენციაში).
კასატორების მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 81-ე მუხლი ითვალისწინებს კანონით გაუთვალისწინებელი მოთხოვნების დაწესების დაუშვებლობას და მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი განმცხადებელს მოსთხოვოს წარმოადგინოს სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული საბუთის ან ინფორმაციის გარდა. დაუშვებელია ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საფუძვლით ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება ან განცხადების განხილვაზე უარის თქმა. მათ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ შეაჩერა და მოსთხოვა მოსარჩელეებს სწორედ ისეთი დამატებითი საბუთი, რასაც არც „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი ან/და სხვა რაიმე ადმინისტრაციული აქტი ითვალისწინებდა. ამდენად, კასატორთა მოსაზრებით ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მშენებლობის დასრულების სავარაუდო თარიღის მითითებით კრების ოქმის მოთხოვნა წარმოადგენდა კანონმდებლობის უხეშ დარღვევას, რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნას ჩატარებულ სამუშაოებზე კრების 100% მხარდაჭერასთან დაკავშირებით, აღნიშნული გარემოება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „თ...“-ს 2014 წლის 24 ივნისისა და 2015 წლის 28 თებერვლის №2 კრების ოქმით იყო დადასტურებული, რაც სასამართლოს შეფასების მიღმა დარჩა.
ნ. ჩ-ე და შ. ბ-ი მიუთითებენ, რომ ქ. თბილისში, ...ს გამზირი,..., კორპუსი №...-ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №... დაიყო №..., №..., №..., №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ ერთეულებად ისე, რომ ფართი არ შეცვლილა, აღნიშნული კი მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ გამხდარა სადავო, რაც ასევე დასტურდებოდა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 07 მაისის განჩინებით ნ. ჩ-ეის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 05 ივნისის განჩინებით შ. ბ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ჩ-ეისა და შ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინებით საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 17.05.2019წ. №... გადაწყვეტილების, 21.06.2019წ. №... გადაწყვეტილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 02.03.2020წ. №247 ბრძანების ბათილად ცნობა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც დადასტურდება ქ. თბილისში, ...ის ქუჩის ... შესახვევი, №6-ში №... საკადასტრო მიწის ნაკვეთზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში - შ. ბ-ისა და ნ. ჩ-ეის ინდივიდუალურ საკუთრებაში №..., №..., №..., №..., №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინების და საერთო სარგებლობის ფართის ლეგალიზება (ექსპლუატაციაში მიღება) ნომენკლატურით: სამშენებლო სამართალდარღვევის სანქციებისგან გათავისუფლება, III კლასის ობიექტი.
საქმეზე დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 17.05.2019წ. №... გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ესა და შ. ბ-ის განცხადებაზე დაუდგინდათ ხარვეზები და დაევალათ წარმოედგინათ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი (ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ მოწვეული კრების შედეგად შედგენილი) განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დასრულების სავარაუდო თარიღის მითითებით, კრების დამსწრე წევრების რაოდენობის აღრიცხვით, რომლებსაც უნდა შეედგინათ ამხანაგობის წევრთა არანაკლებ 2/3 (67%) და ჩატარებულ სამშენებლო სამუშაოებისთვის მხარე უნდა დაეჭირა დამსწრე წევრთა 100%-ს; განმცხადებლებს ასევე უნდა წარედგინათ შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული №... (№...), №... (№...), №... (№...), №... (№...) და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული ერთეულის შიდა აზომვითი ნახაზები ფართობების მითითებით; ხოლო იმ შემთხვევაში თუ ხდებოდა სხვენის ფართობების გაზრდა, დამატებით უნდა წარედგინათ ამხანაგობის კრების ოქმი (ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ მოწვეული კრების შედეგად შედგენილი) ჩატარებულ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით, კრების დამსწრე წევრების რაოდენობის მითითებით. კრების დამსწრე წევრები უნდა ყოფილიყვნენ ამხანაგობის წევრთა არანაკლებ 2/3 (67%) და ჩატარებული სამშენებლო სამუშაოებისთვის მხარი უნდა დაეჭირა დამსწრე წევრთა 100%-ს.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 21.06.2019წ. №... გადაწყვეტილებით, ვინაიდან განმცხადებლების მიერ არ იქნა შევსებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 17.05.2019წ. №... გადაწყვეტილებით დადგენილი ხარვეზი, ნ. ჩ-ეისა და შ. ბ-ის განცხადება დარჩა განუხილველი.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 02.03.2020წ. №247 ბრძანებით შ. ბ-ისა და ნ. ჩ-ეის ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 17.05.2019წ. №... და 21.06.2019წ. №... გადაწყვეტილებები.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განისაზღვრება განცხადების განხილვის წესი (1.1 მუხ.). ამავე კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ერთ-ერთ საფუძველს დაინტერესებული პირის განცხადება წარმოადგენს (76.1 მუხ., „ა“ ქვ.პ.). ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის მოსთხოვოს განმცხადებელს წარადგინოს სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული საბუთის ან ინფორმაციის გარდა (81.1 მუხ.), დაუშვებელია ზემოხსენებული საფუძვლით ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება ან განცხადების განხილვაზე უარის თქმა (81.2 მუხ.). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლი ეხება დამატებითი ინფორმაციის წარდგენასა და განცხადების განუხილველად დატოვებას, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან (1 ნაწ.); თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია (2 ნაწ.); რომელიც, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები. ამავდროულად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა (3 ნაწ.); თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (5 ნაწ.).
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 17.05.2019წ. №... გადაწყვეტილებით შ. ბ-ისა და ნ. ჩ-ეს დამატებით მოეთხოვათ დოკუმენტაციის წარდგენა, ხოლო ამავე ადმინისტრაციული ორგანოს 21.06.2019წ. №... გადაწყვეტილებით ხარვეზის შეუვსებლობის გამო განცხადება დარჩა განუხილველი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა შეფასდეს რამდენად გამომდინარეობდა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის დავალება შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნებიდან.
საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მიზანს წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრულად დაცვით (1 მუხ., „თ“ ქვ.პ.); ამავე კოდექსის 1032 მუხლის თანახმად, სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომელმაც 2007 წლის 1 იანვრიდან ამ მუხლის ამოქმედების დროისათვის (28.06.2017წ.) სანებართვო პირობების დარღვევით ან უნებართვოდ განახორციელა მშენებლობადამთავრებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოები (შენობა-ნაგებობის, მზიდი კონსტრუქციების, ექსტერიერის რეკონსტრუქცია) ან 2015 წლის 20 აპრილის მდგომარეობით მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს წერილობითი დასტურის დარღვევით განახორციელა შენობა-ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები (შენობა-ნაგებობის სახურავზე კეხის სიმაღლისა და ქანობის შეუცვლელად სამერცხლის მოწყობა და ქანობზე ღიობის/ღიობების გამოჭრა), რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს ან/და რომლებიც არ ცვლის შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, თავისუფლდება ჯარიმის/საურავის თანხის ან/და მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდისაგან და ამ კოდექსით განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან, თუ მის მიერ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევა ამ მუხლის ამოქმედების დროისათვის გამოსწორებულია ან თუ ეს სამშენებლო სამართალდარღვევა გამოსწორდება ან მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ დადასტურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ მუხლის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში (1 პუნ.); სამართალდამრღვევი სუბიექტის მიერ შესაბამისი სამშენებლო სამართალდარღვევისათვის გამოცემული აქტის, შენობა-ნაგებობის (ობიექტის) მზიდი კონსტრუქციების მდგრადობის დამადასტურებელი საექსპერტო დასკვნის და განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ დასკვნის წარდგენის შემდეგ მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილავს საკითხს და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრული წესით ადასტურებს დარღვევით განხორციელებულ მშენებლობას უკვე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების (შენობა-ნაგებობის, მზიდი კონსტრუქციების, ექსტერიერის რეკონსტრუქცია) გათვალისწინებით, რაც იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებას (3 პუნ.).
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ფორმებსა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საკუთრების ფორმებს, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმოშობის, ჩამოყალიბების, საქმიანობისა და ლიკვიდაციის ძირითად სამართლებრივ პირობებს (1 მუხ.), რომლის მიზანია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვის ,ექსპლუატაციისა და განვითარების სამართლებრივი პირობების უზრუნველყოფა (2 მუხ.).
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა.შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა (4.2 მუხ.).
ამავე კანონის თანახმად, ამხანაგობის უფლებამოსილებას განეკუთვნება საერთო ქონების ფლობასა და განკარგვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე (10.1 მუხ.). ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარების შედეგად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ფართობის ცვლილებების შემთხვევაში უნდა მოხდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა წილების გადაანგარიშება და რეგისტრაცია საჯარო რეესტრში იმ წევრის (წევრთა) ხარჯზე, რომელსაც (რომლებსაც) ფართობის ცვლილების შედეგად გაეზარდა წილი, თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები განსხვავებულ წესზე არ შეთანხმდებიან. (10.2 მუხ.).
ამავე კანონის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების ისეთი განვითარება, რომელიც გავლენას ახდენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაზე , თუმცა არ ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას (101 მუხ., 1 პუნ.), თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას, სამშენებლო სამუშაოების დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა იღებს წევრთა 2/3-ის ხმებით (101 მუხ., 2 პუნ.).
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 15.09.2017წ. №34.02.650 განკარგულებით დამტკიცდა „საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 1032 მუხლის „სამშენებლო სამუშაოების დარღვევის განხორციელებისათვის სამართლებრივი სუბიექტის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების დროებითი წესის“ აღსრულებასთან დაკავშირებული სამოქმედო ინსტრუქცია“, რომლის 3.2 მუხლის თანახმად, ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის კანონის რეგულირების სფეროს ობიექტად მიიჩნევა მშენებლობადამთავრებული ობიექტი, რაც გულისხმობს ექსპლუატაციაში მიღებულად აღიარებულ/რეგისტრირებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე სანებართვო პირობების დარღვევით ან უნებართვოდ ან/და წერილობითი დასტურის დარღვევის განხორციელებულ და დასრულებულ სამშენებლო სამუშაოებს შენობა-ნაგებობის ან მზიდი კონსტრუქციების ან/და ექსტერიერის რეკონსტრუქცია), თუ ძირითად შენობასთან ერთობლიობაში მათი ტექნიკური მდგომარეობა, მდგრადობა, უსაფრთხოება უზრუნველყოფილია და შესაბამისი დოკუმენტებით დასტურდება შემდგომი ექსპლუატაციისთვის მათი მზადყოფნა, ამასთან მათი ექსპლუატაციაში მიღება უხეშად არ არღვევს მესამე პირთა ინტერესებსა და საჯარო წესრიგს, ხოლო 5.4. მუხლის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო - არქიტექტურის სამსახური აუცილებლობის შემთხვევაში უფლებამოსილია, სამართალდამრღვევ სუბიექტს მოსთხოვოს დამატებით დოკუმენტაციის წარმოდგენა.
განსახილველი დავის მიზნებისთვის, ზემოხსენებული ნორმების საფუძველზე საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მშენებლობის ნებართვის დარღვევით განხორციელებულ მშენებლობის ლეგალიზებისთვის საჭიროა: სამშენებლო სამუშაოების 2007 წლის პირველი იანვრიდან, საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 1032 მუხლის ამოქმედებამდე, 2017 წლის 28 ივნისამდე განხორციელება; შენობა-ნაგებობის (ობიექტის), მზიდი კონსტრუქციების მდგრადობის დამადასტურებელი საექსპერტო დასკვნის, ასევე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ დასკვნის წარდგენა. ამავდროულად, ვინაიდან სადავო მშენებლობა განხორციელდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე, თუ ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების განვითარება ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას, სამშენებლო სამუშაოების დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა წევრთა 2/3-ის ხმებით. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო - არქიტექტურის სამსახური უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს დოკუმენტაციის წარდგენა, მათ შორის სადავო სამშენებლო სამუშაოების დასრულების თარიღის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური უფლებამოსილი იყო, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, მოსარჩელეთათვის დამატებით მოეთხოვა დოკუმენტაციის წარმოდგენა (მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც განმცხადებლების მოთხოვნა ეხებოდა მრავალბინიან სახლზე უნებართვოდ სახურავის ქანობის შეცვლას და სამერცხლულის ნაცვლად მანსარდის მოწყობას), ხოლო მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სზაკ-ის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განუხილველად დაეტოვებინა შ. ბ-ისა და ნ. ჩ-ეის განცხადება.
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სადავო შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ზემოთ მითითებული ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების იმპერატიული დანაწესის მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსარჩელეების მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის კანონშეუსაბამობა. პალატა ყურადღებას ამახვილებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 12.02.2024 წლის დასკვნაზე და აღნიშნავს, რომ აღნიშნული დასკვნა ეხება დემონტაჟის შემთხვევაში განვითარებულ სავარაუდო შედეგებს და არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ჩ-ეისა და შ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განჩინება;
3. შ. ბ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 21.05.2025წ. №59292485 გადახდის ქვითრით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა