დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 26.02.2026
საქმის ნომერი
ბს-1242(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.02.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1242(კ-25) 26 თებერვალი, 2026 წელი,თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე –თ. ს-ა, ს. ჭ-ა, ო. შ-ა, გ. ნ-ა (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.2025 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სამსახურიდან გათავისუფლებისა და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თ. ს-ამ, ს. ჭ-ამ, ო. შ-ამ და გ. ნ-ამ (შემდეგში ტექსტში ერთად მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელეები“) სარჩელები წარადგინეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მერია“, „კასატორი“) მიმართ სამსახურიდან გათავისუფლებისა და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 26.09.2022 წლის განჩინებით ოთხი ერთგვაროვანი ადმინისტრაციული სარჩელი (საქმე №3/6-22, 3/7-22, 3/8-22 და 3/9-22) მათი სწრაფად და ეფექტურად განხილვის ინტერესიდან გამომდინარე გაერთიანდა ერთ წარმოებად და საქმეს მიენიჭა საერთო ნომერი 3/6-22.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 05.07.2023 წლის გადაწყვეტილებით:

3.1. თ. ს-ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის ... რანგის ...ის - ...ის ...ის პოზიციიდან პირველი მოსარჩელის გათავისუფლების და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ მოპასუხის 06.07.2022 წლის Nბ126.1262218713 ბრძანება; მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში, პირველ მოსარჩელესთან მიმართებით გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი;

3.2. ს. ჭ-ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის ... რანგის ... კატეგორიის - ...ის სამსახურის ...ის პოზიციიდან მეორე მოსარჩელის გათავისუფლების და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ მოპასუხის 06.07.2022 წლის Nბ126.126221875 ბრძანება; მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში, მეორე მოსარჩელესთან მიმართებით გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი;

3.3. ო. შ-ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მესამე მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის ... რანგის ...ის - ...ის სამსახურის ...ის პოზიციიდან მესამე მოსარჩელის გათავისუფლების და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ, მოპასუხის 06.07.2022 წლის Nბ126.126221878 ბრძანება; მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში, მესამე მოსარჩელესთან მიმართებით გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი;

3.4. გ. ნ-ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეოთხე მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის ... რანგის ...ის - ...ის ...ის, მეოთხე მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ მოპასუხის 06.07.2022 წლის Nბ126.1262218711 ბრძანება; მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში, მეოთხე მოსარჩელესთან მიმართებით გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი.

4. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; გადაწყვეტილებაზე საააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემაც და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებას და განმარტა შემდეგი:

5.1. პირველ მოსარჩელესთან მიმართებაში სასამართლომ დაადგინა შემდეგი:

5.1.1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 29.06.2017 წლის №2-2/049 ბრძანებით პირველი მოსარჩელე დაინიშნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის ...ის (...ს საკითხებში) თანამდებობაზე. მოპასუხის 15.11.2017 წლის №2-2/042 ბრძანებით, პირველი მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დაინიშნა მერიის ...ის ... რანგის ... კატეგორიის ...ად (...ს საკითხებში).

5.1.2. მოპასუხის 30.09.2019 წლის №2-2/121 ბრძანებით პირველი მოსარჩელე მერიის რეორგანიზაციის გამო, შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, მობილობის შეუძლებლობიდან გამომდინარე გათავისუფლდა და ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში.

5.1.3. მოპასუხის 06.03.2020 წლის №2-2/21 ბრძანებით, პირველი მოსარჩელე დახურული კონკურსის შედეგად დაინიშნა მერიის ...ის ...ის ... რანგის ... კატეგორიის ...ად.

5.1.4. მოპასუხის 11.03.2021 წლის №2-1/99 ბრძანებით, დადასტურდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოხელეთა შეფასებისა და გამოსაცდელი ვადის განმავლობაში შესრულებული სამსახურებრივი მოვალეობების გათვალისწინებით, პირველი მოსარჩელის პროფესიული უნარ-ჩვევების, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან.

5.1.5. მოპასუხის 06.07.2022 წლის №ბ.126.1262218713 ბრძანებით, მერიის რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით მობილობის შეუძლებლობიდან გამომდინარე, პირველი მოსარჩელე გათავისუფლდა ... რანგის ... კატეგორიის - ...ის ...ის თანამდებობიდან და ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში.

5.2. მეორე მოსარჩელესთან მიმართებაში სასამართლომ დაადგინა შემდეგი:

5.2.1. მეორე მოსარჩელე 2011 წლიდან გათავისუფლებამდე - 2022 წლის 11 ივლისამდე, მუშაობდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში და მერიაში სხვადასხვა პოზიციაზე.

5.2.2. მოპასუხის 29.08.2019 წლის №2-2/86 ბრძანებით, მეორე მოსარჩელე დაინიშნა მოპასუხის ...ის სამსახურის ... კატეგორიის ...ის თანამდებობაზე.

5.2.3. მოპასუხის 06.07.2022 წლის №ბ.126.126221875 ბრძანებით, მერიის რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით მობილობის შეუძლებლობიდან გამომდინარე, მეორე მოსარჩელე გათავისუფლდა ... რანგის ... კატეგორიის - ...ის სამსახურის ...ის თანამდებობიდან და ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში.

5.3. მესამე მოსარჩელესთან მიმართებაში სასამართლომ დაადგინა შემდეგი:

5.3.1. 1993-2022 წლებში მესამე მოსარჩელე იყო ... განყოფილების ..., ....

5.3.2. მოპასუხის 06.07.2022 წლის №ბ.126.126221878 ბრძანებით, მერიის რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით მობილობის შეუძლებლობიდან გამომდინარე, მესამე მოსარჩელე გათავისუფლდა მერიის ... რანგის ... კატეგორიის ...ის სამსახურის ... ...ის თანამდებობიდან და ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში.

5.4. მეოთხე მოსარჩელესთან მიმართებაში სასამართლომ დაადგინა შემდეგი:

5.4.1. მოპასუხის 06.03.2020 წლის №2-2/14 ბრძანებით მეოთხე მოსარჩელე ღია კონკურსის შედეგად დაინიშნა მერიის ...ის ...ის ... რანგის ... კატეგორიის ...ად.

5.4.2. მოპასუხის 11.03.2021 წლის №2-2/4 ბრძანებით დადასტურდა - ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოხელეთა შეფასებისა და გამოსაცდელი ვადის განმავლობაში შესრულებული სამსახურებრივი მოვალეობების გათვალისწინებით ...ის ...ის ... რანგის ... კატეგორიის ...ის - მეოთხე მოსარჩელის პროფესიული უნარ-ჩვევების, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან.

5.4.3. მოპასუხის 06.07.2022 წლის №ბ126.1262218711 ბრძანებით, მერიის რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით მობილობის შეუძლებლობიდან გამომდინარე, მეოთხე მოსარჩელე გათავისუფლდა მერიის ... რანგის ... კატეგორიის ...ის ...ის თანამდებობიდან და და ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში.

5.4.4. მეოთხე მოსარჩელე არის ...ის წალენჯიხის ...ის ხელმძღვანელი.

5.5. 24.02.2022 წელს მოპასუხემ გამოსცა ბრძანება მერიის სტრუქტურული ერთეულ(ებ)ის მუშაობის დახვეწასთან დაკავშირებული, ცალკეულ საკითხების შესწავლისა და მათ შორის მერიის შიდა აუდიტის 2019-2021 წლების №01/2022 ანგარიშზე რეაგირებისა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადების მიზნით, მუშა ჯგუფის შექმნის თაობაზე. აღნიშნული ბრძანებით, სამუშაო ჯგუფს დაევალა უზრუნველეყო: ა) მიღებული ინფორმაციების საფუძველზე შესაბამისი დასკვნების მომზადება; ბ) საკრებულოში წარსადგენი დადგენილებისა და სხვა სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, მერის დავალების შესაბამისად: ბ.ა) მერიის დებულებაში ცვლილებებისა და მერიის სამსახურების პროექტების მომზადება; ბ.ბ) მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ დადგენილების პროექტების მომზადება; გ) მერიის შესაბამის თანამშრომლებთან უშუალო გასაუბრება (ვიდეოფიქსაციის თანხლებით), ადამიანური რესურსებისა და სამუშაო პროცესის კვლევის ჩატარება.

5.6. მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის დახვეწასთან დაკავშირებული, ცალკეული საკითხების შემსწავლელი მუშა ჯგუფის 22.03.2022 წლის დასკვნის თანახმად, საკადრო რესურსებისა და სამუშაო პროცესების კვლევა ჩატარდა მერიის თანამშრომლებთან უშუალო ინტერვიუირების მეთოდით. მოხდა სამსახურის უფროსების და განყოფილების უფროსების გამოკითხვა და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შემუშავდა შესაბამისი დასკვნა. დასკვნის მე-6, მე-10, მე-11, მე-12 და 21-ე პუნქტები შეეხება მოსარჩელეებს. დასკვნის მე-6 პუნქტის შესაბამისად: სახელმწიფო შესყიდვების განყოფილებას (აღნიშნულ განყოფილებაში გათავისუფლებამდე დასაქმებული იყო მეოთხე მოსარჩელე, განყოფილების ხელმძღვანელი კი იყო დ. ს-ა), ჰყავს ორი თანამშრომელი, რომელთაგან ერთ-ერთი ახორციელებს სრულ ფუნქციებს, შესყიდვების გეგმის ატვირთვა, გამარტივებული შესყიდვები, მისი კონტროლი და ა.შ., ხოლო მეორე თანამშრომელი, აგვარებს ტექნიკურ საკითხებს ან ეხმარება განყოფილების უფროსს. მიზანშეწონილია, რომ ფუნქციები თანაბრად გადანაწილდეს, მოხდეს მსჯელობა მხოლოდ ერთი შტატის დატოვების თაობაზე; პუნქტი 10: (მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტები შეეხება იმ განყოფილებას, რომელშიც დასაქმებული იყო პირველი მოსარჩელე) ადამიანური რესურსების მართვისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების ორი თანამშრომელი ასრულებს ერთსა და იმავე ფუნქციებს. თანამშრომელთა შეფასებების შედგენა წელიწადში ერთხელ, მივლინებისა და შვებულების გამოცემა. გამომდინარე მათი მინიმალური დატვირთვიდან, მიზანშეწონილია კადრების ოპტიმიზაცია და ფუნქციების გაერთიანება. პუნქტი 11: ადამიანური რესურსების მართვისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების ერთი თანამშრომელი ახორციელებს „ააიპ“-ების დირექტორების დანიშვნის პროექტების მომზადებას. აღნიშნული ფუნქცია ასევე მოითხოვს მინიმალურ დატვირთვას, მიზანშეუწონელია ერთი შტატი მხოლოდ ამ ფუნქციას ასრულებდეს, შესაბამისად, მარტივად შეითავსებს სხვა თანამშრომელი. პუნქტი 12: ადამიანური რესურსების მართვისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების ერთი თანამშრომელი ახორციელებს გენდერულ მიმართულებას. მას თავისი მუშაობის პრაქტიკაში არანაირი აქტივობა და სამუშაო არ განუხორციელებია და მხოლოდ ტრენინგებს ისმენდა. მიზეზად სახელდება პანდემია, თუმცა პანდემიის შემდგომ რა ფუნქცია უნდა შეასრულოს, ბუნდოვანია. შესაბამისად, აღნიშნული პოზიცია ან გასაუქმებელია, ან მასზე სხვა რეალური ფუნქციაა მოსარგები; პუნქტი 21: (დასკვნის ეს პუნქტი შეეხება იმ სამსახურს, რომელშიც იყვნენ დასაქმებულები მეორე მოსარჩელე და მესამე მოსარჩელე, . სამსახურის ... იყო - კ. კ-ა) კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელთან უშუალო გასაუბრებით გამოიკვეთა შემდეგი საკითხები: სამსახურს, როგორც მერიის ძირითად სტრუქტურულ ერთეულს არ გააჩნია ცალკე განყოფილებები, რომლებზეც სამსახურის ფუნქციები იქნებოდა გადანაწილებული. სამსახურის უფროსის განმარტებით, სამსახურის მხოლოდ 4 თანამშრომელზე ხდება ფუნქციების გადანაწილება სფეროების მიხედვით და საქმიანობის უშუალო შესრულებას და კოორდინაციასაც ერთი და იგივე პირი ახორციელებს. გამომდინარე იქიდან, რომ დებულებით არ არსებობს ფუნქციების განაწილების სამართლებრივი რეგულაცია, გართულებულია შემოსული კორესპოდენციის განაწილება სფეროებზე. აღსანიშნავია, რომ საშტატო ნუსხის მიხედვით ეს განყოფილება მოიცავს 9 საშტატო ერთეულს, შესაბამისად, გაურკვეველია დანარჩენი 5 საშტატო ერთეულის ფუნქცია. ასევე მნიშვნელოვანია არსებული ფუნქციების სწორად გადანაწილება. ჯგუფის შეფასებით, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურსა და მერიის მიერ დაფუძნებულ შესაბამისი პროფილის მქონე ააიპ-ებს შორის იკვეთება ფუნქციების დუბლირება, თუმცა საბოლოო მიზნის მიღწევა და შედეგებზე გასვლა ამჟამად არსებული სტრუქტურის პრობლემაა. შესაბამისად, მიზანშეწონილია, რომ გადაიხედოს სამსახურის ფუნქციები და მას, როგორც მერიის ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულს, დაევალოს კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით განსაზღვროს პრიორიტეტები, შეიმუშაოს გეგმა და მერიის მიერ დაფუძნებული ააიპ-ების მეშვეობით განახორციელოს იგი. ასევე, როგორც მერიის სტრუქტურულმა ერთეულმა ზედამხედველობა გაუწიოს მერიის მიერ დაფუძნებულ შესაბამისი პროფილის მქონე ააიპ-ების სამუშაო გეგმის შესრულებას.

5.7. მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს მოპასუხეს და ითხოვეს მუშა ჯგუფის მიერ, სამსახურების ხელმძღვანელებთან გასაუბრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერის გადაცემა, რის პასუხადაც მოპასუხემ 15.07.2022 წელს პირველ მოსარჩელეს წერილობით აცნობა, რომ სტრუქტურული ერთეულების მუშაობის დახვეწასთან დაკავშირებით განყოფილების ხელმძღვანელებთან ჩატარდა გამოკითხვა და აღნიშნულ საკითხზე არსებული ჩანაწერები რეორგანიზაციის დასრულებისთანავე განადგურდა.

5.8. მოსარჩელეთა შუამდგომლობით, სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხნენ მოპასუხე მერიაში რეორგანიზაციამდე სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციებზე მომუშავე დ. ს-ა (რეორგანიზაციამდე სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსი) და კ. კ-ა (რეორგანიზაციამდე კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი):

5.8.1. მოწმე დ. ს-ამ პირველი ინსტანციის სასამართლოს 15.06.2023 წლის სხდომაზე განმარტა, რომ 15 წელი იმუშავა შესყიდვების განყოფილებაში, რომელშიც მუშაობდა სამი თანამშრომელი, ერთი უფროსი (თავად) და ორი სპეციალისტი. განყოფილება იყო უკიდურესად დატვირთული. მერიაში შექმნილი მუშა ჯგუფის შესახებ მოწმემ განმარტა, რომ შეხვდა მხოლოდ ი. ბ-ის, შეხვედრა იყო გაცნობითი ხასიათის და არ ყოფილა საუბარი ინდივიდუალურად თანამშრომლებზე. განყოფილებაში დატვირთულ რეჟიმში მუშაობდა ყველა თანამშრომელი, მათი ფუნქცია იყო ყველა ტიპის ხელშეკრულების გაფორმება, დოკუმენტაციის მომზადება, ანუ შესყიდვები მთლიანად. ძირითადი დატვირთვა ამ განყოფილებაზე მოდიოდა. სატენდერო დოკუმენტაციას ამზადებდა პირადად დ.ს-ა, ტენდერის ატვირთვამდე იწერება ოქმი, იკრიბება კომისია, დგინდება პარამეტრები გამოცდილებასთან და ვადებთან დაკავშირებით, კიდევ არის ნიუანსები, ამას ყველაფერს სჭირდება ოქმი, ეს ოქმი უნდა დაიწეროს, ყველა კომისიის წევრმა ხელი უნდა მოაწეროს, დასკანერდეს ელექტრონულად, შტამპი უნდა დაესვას და აიტვირთოს. ამ ყველაფერს მეოთხე მოსარჩელე აგვარებდა. ატვირთვის შემდგომ იწყება შეფასება. მეორე თანამშრომელს სულ სხვა დატვირთვა ჰქონდა, ანუ მეოთხე მოსარჩელე ოქმებთან დაკავშირებით აგვარებდა ყველაფერს. მომზადებულ დოკუმენტაციას ტვირთავდა ელექტრონულად მეორე თანამშრომელი, ამის გარდა მარტო ოქმით არ შემოიფარგლებოდა სამსახურის, მათ შორის, მეოთხე მოსარჩელის მუშაობა, როდესაც რაიმე დოკუმენტაცია იყო მოსაძიებელი, ამას ყველაფერს მეოთხე მოსარჩელე აგვარებდა, არანაირი შეფერხება განყოფილებას არ ჰქონია, ყველა თანამშრომელი მუშაობდა გუნდურად, თანაბრად. ი. ბ-ითან შეხვედრისას საუბარი იმაზე, თუ ვინ არის მეტად დატვირთული ან ვინ - ნაკლებად, არ ყოფილა. დ. ს-ა პირადი განცხადებით წამოვიდა სამსახურიდან დიდი დატვირთვის გამო. მოწმემ ასევე განმარტა, რომ როდესაც გაეცნო „მუშა ჯგუფის“ მიერ გაკეთებულ დასკვნას, შევიდა ი. ბ-ითან დასალაპარაკებლად, აინტერესებდა, თუ რატომ გაკეთდა დასკვნაში ამგვარი ჩანაწერები, რატომ შემცირდა შტატი და გათავისუფლდა თანამშრომელი, მაშინ როდესაც განყოფილება რეალურად საჭიროებდა მუშაკის დამატებას.

5.8.2. მოწმე კ. კ-ამ პირველი ინსტანციის სასამართლოს 02.06.2023 წლის სხდომაზე განმარტა, რომ მის სამსახურში შედიოდა სამი განყოფილება სპორტის, კულტურისა და განათლების განყოფილება; მესამე მოსარჩელე დასაქმებული იყო სპორტის განყოფილებაში, ხოლო მეორე მოსარჩელე - განათლების განყოფილებაში. სპორტის განყოფილებაში დასაქმებული იყო სამი თანამშრომელი, განყოფილებას უფროსი არ ჰყავდა, ადრე მესამე მოსარჩელე იყო ამ განყოფილების .... ყველა თანამშრომელი პირანათლად ასრულებდა მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, დაბალანსებული იყო ფუნქციები და მოვალეობები, ყველა იყო ორიენტირებული საქმის გაკეთებაზე. მას გასაუბრება ჰქონდა ი. ბ-ითან და პ. წ-ასთან, სამსახურის ფუნქციებზე იყო საუბარი. ინდივიდუალურ თანამშრომელზე და მათ მიერ გაწეულ სამუშაოზე შეკითხვები არ ყოფილა. მოწმის განმარტებით, მუშა ჯგუფის დასკვნის 21-ე პუნქტში რაც წერია, მას არ უთქვამს. მეორე მოსარჩელე მუშაობდა განათლების განყოფილებაში, მან იცის უცხო ენები, იგი ბევრ საქმეს აკეთებდა, 24 საათიან რეჟიმში მუშაობდნენ. არასოდეს არ ყოფილა განყოფილებაში უფუნქციოდ რომელიმე თანამშრომელი. გასაუბრებაზე საუბარი იყო განყოფილებების დაბრუნებაზე, მოწმე ამბობდა, რომ განყოფილებები უნდა დაბრუნებულიყო, რათა დავალებები მიეღო განყოფილების უფროსს, რომელიც, თავის მხრივ, საქმეს გადაუნაწილებდა სხვა თანამშრომელს. დასკვნაში კი ჩაიწერა სულ სხვა რამ.

5.9. საქმის მასალებითა და მხარეთა განმარტებებით ირკვევა, რომ მოპასუხეს რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ ვაკანტურ თანამდებობებზე (ტოლფასი, რანგით დაბალი) მოსარჩელეთა მიმართ, მათი კომპეტენციისა და გამოცდილების, ასევე ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, შიდა მობილობის წესით გადაყვანის თაობაზე შეთავაზება არ განუხორციელებია.

5.10. სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო სამსახურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ამ მიზნით კადრების მობილიზება და არსებულ თანამშრომელთა შორის შრომის სწორი გადანაწილება, მათი კოორდინირება დაკავშირებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულებასთან. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეცვალოს არსებული ორგანიზაციული მოწყობა, მოახდინოს შტატების ოპტიმიზაცია, საშტატო ერთეულის დამატება, გაერთიანება ან გაუქმება, ადმინისტრაცია ცვლილებების გატარებისას სარგებლობს მიხედულების, თავისუფალი დისკრეციის უფლებამოსილებით, ხოლო სასამართლო კონტროლი ამ პროცესში მოიცავს კანონიერების და არა მიზანშეწონილობის საკითხებს. სასამართლოს შეუძლია მხოლოდ შეაფასოს გადაწყვეტილების მიღების პროცედურული მხარე, კანონმდებლობით განსაზღვრული დისკრეციული უფლებამოსილების საზღვრების გამოყენების დაცულობა და მიზანთან მისი შესაბამისობის სისწორე, შეფასების საყოველთაოდ მიღებული მასშტაბის, თანასწორობის პრინციპის დაცულობა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების შედეგად შერჩეულმა ღონისძიებამ არ უნდა გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებების და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

5.11. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელეები წარმოადგენდნენ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს და მათზე ვრცელდებოდა დასახელებული კანონის მოქმედება. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოხელე სამსახურიდან შეიძლება გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. აღნიშნული კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია. 52-ე მუხლის პირველი პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.

5.12. საქართველოს მთავრობის 20.04.2017 წლის №199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად ტოლფასი თანამდებობა არის იმავე რანგისა და კატეგორიის თანამდებობა, რომლის სამუშაო აღწერილობა/ფუნქცია-მოვალეობები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები იდენტურია ან უმეტესწილად მსგავსია. სასამართლოს განმარტებით, საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როდესაც ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს მსგავსი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმებია დადგენილი. რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს, ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას.

5.13. წინამდებარე საქმეზე დგინდება, რომ 2022 წლის რეორგანიზაცია შეეხო ადმინისტრაციულ სამსახურს, ზედამხედველობის სამსახურს, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურს, სოციალური მომსახურების, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურს და ...ის სამსახურს, კერძოდ:

5.13.1. ადმინისტრაციულ სამსახურში იყო 5 განყოფილება და დაემატა საორგანიზაციო ინსპექტირების განყოფილება (2 შტატი); ადამიანური რესურსების მართვისა და გენდერული თანასწორობის განყოფილება გადაკეთდა ადამიანური რესურსების განყოფილებად და გაუქმდა ...ის ...ის შტატი გენდერულ საკითხებში (აღნიშნული ფუნქცია ბრძანებით დაეკისრა ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, დევნილთა და ბავშვთა დაცვის მხარდაჭერის განყოფილების ...ის ...ს); შესყიდვების განყოფილებაში გაუქმდა ...ის უფროსი სპეციალისტის შტატი; ინფორმაციული უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში გაუქმდა ...ის უფროსი სპეციალისტის შტატი. ადმინისტრაციულ სამსახურში იყო 22 შტატი, სამი შტატი გაუქმდა და დაემატა 2 შტატი, სულ არის 21 შტატი.

5.13.2. ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურში იყო 4 განყოფილება: ა) დარგობრივი ეკონომიკის, ქონების მართვისა და სტატისტიკის განყოფილება; ბ) ტრანსპორტის რეგულირებისა და ადგილობრივი მოსაკრებლის განყოფილება; გ) ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება; დ) საორგანიზაციო და სამშენებლო ინსპექტირების განყოფილება. აქედან, ერთი განყოფილება - ტრანსპორტის რეგულირებისა და ადგილობრივი მოსაკრებლის განყოფილება - გაუქმდა, (განყოფილებაში იყო 5 შტატი), ხოლო მეორე - საორგანიზაციო და სამშენებლო ინსპექტირების განყოფილება, გადავიდა ზედამხედველობის სამსახურში. ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურში იყო 18 შტატი, დარჩა 9 შტატი.

5.13.3. ზედამხედველობის სამსახურში იყო ერთი განყოფილება - რეაგირებისა და მონიტორინგის განყოფილება 5 შტატით, აქედან ერთი შტატი (რეაგირების და მონიტორინგის განყოფილების მე-4 რანგის ...ის უმცროსი სპეციალისტი) გაუქმდა. სამსახურს დაემატა ერთი განყოფილება საორგანიზაციო და სამშენებლო ინსპექტირების განყოფილება (4 საშტატო ერთეულით).

5.13.4. სოციალური მომსახურების, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური და ...ის სამსახური გაერთიანდა და დაერქვა „კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური“: ა) სოციალური მომსახურების, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში იყო ორი განყოფილება 8 შტატით, სამსახურის უფროსის ჩათვლით - 9 შტატი. ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილება - 4 შტატით, ხოლო სოციალური მომსახურების განყოფილება - 4 შტატით. ეს ორი განყოფილება გაერთიანდა და დაერქვა ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება, 8 შტატით, ხოლო ერთი შტატი (სოციალური მომსახურების განყოფილების II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) გაუქმდა. ბ) კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურში იყო 10 შტატი (განყოფილების გარეშე, აქედან 1 სამსახურის უფროსი). რეორგანიზაციის შემდეგ კი გაიხსნა ორი განყოფილება, ახალგაზრდულ საქმეთა, სპორტისა და ტურიზმის განყოფილება 3 შტატით (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ახალგაზრდულ საქმეთა, სპორტისა და ტურიზმის განყოფილების უფროსი; მეორადი სტრუქტურული ერთეულის - ახალგაზრდულ საქმეთა, სპორტისა და ტურიზმის განყოფილების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; მეორადი სტრუქტურული ერთეულის - ახალგაზრდულ საქმეთა, სპორტისა და ტურიზმის განყოფილების II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) და კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება 5 შტატით (კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი, განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 2 შტატი; განყოფილების II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; განყოფილების IV რანგის I კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი).

5.14. რეორგანიზაციამდე მერიაში იყო 91 საშტატო ერთეული, რეორგანიზაციის შემდეგ გახდა 80 საშტატო ერთეული. რეორგანიზაციის შემდეგ გაჩნდა შემდეგი ვაკანსიები: ა) პირველადი სტრუქტურული ერთეული - კულტურისა და სოცალური დაცვის სამსახურის უფროსი; ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ახალგაზრდულ საქმეთა, სპორტისა და ტურიზმის განყოფილების უფროსი; გ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის - ახალგაზრდულ საქმეთა, სპორტისა და ტურიზმის განყოფილების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; დ) ადმინისტრაციული სამსახურის ორგანიზაციული ინსპექტირების განყოფილების უფროსი; ე) ორგანიზაციული ინსპექტირების განყოფილების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.

5.15. მერიაში, 01.07.2022 წლიდან 31.12.2022 წლის ჩათვლით გამოცხადებული იყო ვაკანსიები: 1. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - იურიდიული განყოფილების უფროსი. 2. პირველადი ტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი. 3. მეორადი სტრუსტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ახალგაზრდულ საქმეთა, სპორტისა და ტურიზმის განყოფილების უფროსი. 4. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - შესყიდვების განყოფილების უფროსი. 5. მეორადი სტრუქტურული ერთეულის - ახალგაზრდულ საქმეთა, სპორტისა და ტურიზმის განყოფილების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. 6. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ორგანიზაციული ინსპექტირების უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი. 7. მეორადი სტრუქტურული ერთეული - ორგანიზაციული ინსპექტირების უზრუნველყოფის განყოფილების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. 8. პირველადი სტრუსტურული ერთეულის ხელმძღვანელი - კულტურისა და სოციალური დაცის სამსახურის უფროსი. 9. მეორადი სტრუქტურული ერთეული - საორგანიზაციო და სამშენებლო ინსპექტირების განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.

5.16. საჯარო სამსახურის ბიურომ, ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში, მოპასუხის მიერ ასახულ მონაცემებზე დაყრდნობით, 07.10.2022 წელს პირველ მოსარჩელეს მიაწოდა ინფორმაცია მერიაში ვაკანტური თანამდებობების შესახებ: 1) ადმინისტრაციული სამსახური, პირველი რანგი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი, სამსახურის ხელმძღვანელი; 2) ადმინისტრაციული სამსახური, მეორე რანგი, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ორგანიზაციული ინსპექტირების განყოფილების უფროსი, განყოფილების უფროსი; 3) ადმინისტრაციული სამსახური, მესამე რანგი, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი; 4) იურიდიული განყოფილება, მეორე რანგი, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, იურიდიული განყოფილების უფროსი, განყოფილების უფროსი; 5) საორგანიზაციო და სამშენებლო ინსპექტირების განყოფილება, მესამე რანგი, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი; 6) საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილება, მეორე რანგი, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილების უფროსი, განყოფილების უფროსი; 7) კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური, პირველი რანგი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, სამსახურის ხელმძღვანელი; 8) ახალგაზრდულ საქმეთა, სპორტისა და ტურიზმის განყოფილება, მეორე რანგი, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ახალგაზრდულ საქმეთა, სპორტისა და ტურიზმის განყოფილების უფროსი, განყოფილების უფროსი. 9) ახალგაზრდულ საქმეთა, სპორტისა და ტურიზმის განყოფილება, მესამე რანგი, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, ახალგაზრდულ საქმეთა, სპორტისა და ტურიზმის განყოფილების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი; 10) შიდა აუდიტის სამსახური, პირველი რანგი, პირველად სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, სამსახურის ხელმძღვანელი.

5.17. სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელეები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის საფუძველზე. როდესაც რეორგანიზაციას შედეგად შტატები სრულად არ უქმდება და ფუნქციურად არ იცვლება, გათავისუფლებაზე უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას ერთი და იგივე პოზიციაზე დანიშნული რომელი მოხელე გაათავისუფლოს და რომელი დატოვოს თანამდებობაზე. სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მომხდარა მუშაკთა პროფესიული უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინის და ა.შ ადეკვატური, ობიექტური შეფასება. მოსარჩელეთა სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანება ფაქტობრივად დაეფუძნა მხოლოდ რეორგანიზაციას.

5.18. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეთა სურვილის, მათი კომპეტენციისა და გამოცდილების მიუხედავად, მერიას რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ ვაკანტურ თანამდებობებზე (ტოლფასი, რანგით დაბალი) მათთან მიმართებით, შიდა მობილობის წესით არც ახლადშექმნილ საშტატო ერთეულზე და არც სხვა ვაკანტურ თანამდებობებზე მობილობით გადაყვანა არ შეუთავაზებია, მაშინ როდესაც საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი 110-ე მუხლის პირველი პუნქტის იმპერატიული მოთხოვნის შესაბამისად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია, რაც უპირველესად გულისხმობს სწორედ შიდა მობილობას, ხოლო ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში - სხვა საჯარო დაწესებულებაში მობილობას. აღნიშნულ საკითხს ანალოგიურად აწესრიგებდა საქართველოს მთავრობის 20.04.2017 წლის №199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ მე-12 მუხლის პირველი პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია, რომლის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელი მოხელე შესაძლებელია, მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით, რაც განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, არ მომხდარა.

5.19. მერიის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ დაცული იყო მობილობის წესები მოსარჩელეებთან მიმართებით და მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მარტვილისა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ 27.06.2022 წლის №58-382217820 და №40-402217839 წერილებით უარი განაცხადეს მოთხოვნაზე, რეორგანიზაციის შედეგად გასათავისუფლებელ თანამდებობის პირთა მობილობით გადაყვანის თაობაზე. სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში ცხადია, რომ მოპასუხეს მოსარჩელეთა მიმართ შიდა მობილობის წესები არ გამოუყენებია, რაც ცალსახად და უპირატესად არის განსაზღვრული კანონით.

5.20. სასამართლოს განმარტებით, რეორგანიზაციის პროცესი არ უნდა გაიგივდეს ლიკვიდაციის პროცესთან, როცა სრულად ხდება სამსახურების გაუქმება. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, არჩევანის გასაკეთებლად, ანუ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მისაღებად, მოხელეთა უპირატესობების გამოვლენის მიზნით ჩაატაროს სხვა საჯარო მოხელეებისა და მოსარჩელეების კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შედარებითი (ანალიტიკური) კვლევა. სააპელაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციის ფარგლებში ვალდებულია აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო მოსარჩელეთა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებები, რომ მათი მონაწილეობით არ გამოუკვლევია ყველა ის გარემოება, რაც საქმისათვის მნიშვნელოვანი იყო, რაც ადასტურებს მიღებული ბრძანებების ფორმალურ ხასიათს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდეგში სზაკ) 601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზე გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველია. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს პრეროგატივაა მის კომპეტენციაში შემავალი საკითხი გადაწყვიტოს არა მხოლოდ კანონიერების პრინციპზე დაყრდნობით, არამედ, ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტის გამოცემისას უნდა იხელმძღვანელოს მიზანშეწონილობის კრიტერიუმითაც, მიზანშეწონილობა კი გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობას, საჯარო ინტერესების გათვალისწინებით ოპტიმალურად გადაწყვიტოს სადავო საკითხი და განახორციელოს შესაბამისი მმართველობითი ღონისძიება. შესაბამისად, სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 32.4 მუხლზე მითითებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მართებულად ცნო ბათილად სადავო აქტები და მოპასუხეს დაავალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, მოსარჩელეებთან მიმართებაში ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების გამოცემა.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

9. განსახილველ საქმეში საკასაციო პალატის შეფასების საგანია მერიაში ჩატარებული რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების საფუძვლით, მობილობის შეუძლებლობის გამო, მოსარჩელეეების სამსახურიდან გათავისუფლებისა და რეზერვში ჩარიცხვის შესახებ ბრძანებების კანონიერება.

10. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. კონსტიტუციით დაცულია არა მხოლოდ უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება - განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო, დაცული იყო უმუშევრობისაგან და ისეთი რეგულირებისაგან, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს ან იძლევა სამსახურიდან უსაფუძვლო, თვითნებური და უსამართლო გათავისუფლების საშუალებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 26.10.2007წ. N2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ” II-19).

11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში ინდივიდთა შრომითი უფლებების დაცვისათვის ქმედითი მექანიზმების შექმნა სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს. ხსენებული ვალდებულების ზედმიწევნითი განხორციელების საჭიროება სახელმწიფოს მხრიდან თავს იჩენს მით უფრო საჯარო სექტორში, სადაც სახელმწიფო ეროვნული საკანონმდებლო ბაზის, კერძოდ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, ერთი მხრივ, თავად ქმნის დასაქმებულ საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებების დაცვის გარანტიებს, ხოლო, მეორე მხრივ, იგი თავად გვევლინება დამსაქმებლის როლში, რაც საგრძნობლად ზრდის მისი მხრიდან დასაქმებულ საჯარო მოხელეთა უფლებების, განსაკუთრებით კი, შრომითი უფლებების დაცვის სავალდებულოობის ხარისხს (სუსგ №ბს-1381(კ-24), 10.07.2025 წ.).

12. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ((შემდეგში „კანონი“) წინამდებარე განჩინებაში მითითებულია კანონის ნორმები მოსარჩელეთა გათავისუფლების მომენტში მოქმედი რედაქციით) განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი (კანონის მე-2 მუხლი). ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა (კანონის პირველი მუხლი).

13. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის ზემოხსენებული ნორმით გარანტირებული შრომის უფლება გულისხმობს მოქალაქის უფლებას, გააჩნდეს წვდომა საჯარო სამსახურზე და სახელმწიფოს ვალდებულებას არ დაუშვას პირის საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება (სუსგ Nბს-908 (კ-22), 12.12.2024წ.)

14. კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტით, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია.

15. 52-ე მუხლის პირველი პუნქტით, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. სადავოდ გამხდარი ბრძანებებით მოსარჩელეები დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ მერიაში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირებისა და მობილობის შეუძლებლობის გამო.

16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რეორგანიზაცია შტატების შემცირებით საკანონმდებლო რეგულაციის დონეზე იძლევა თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს. შტატების შემცირება არის დაწესებულების საქმიანობის ოპტიმიზაციის, მისი კვალიფიციური კადრით დაკომპლექტების ერთ-ერთი ღონისძიება. შტატების შემცირების გამო მოხელის სამსახურიდან დათხოვნა უკავშირდება მუშაკთა უნარ-ჩვევების შეფასების უფლებამოსილებას, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს უქმნის დისკრეციის, შეფასების თავისუფლების ფართო არეალს. კანონი დაწესებულებაში შტატების შემცირების პირობებში, ადმინისტრაციას ანიჭებს დისკრეციას, მოახდინოს თანამშრომელთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინის და ა.შ ადეკვატური, ობიექტური შეფასება და მიიღოს შესაბამისი მოტივირებული გადაწყვეტილება (შდრ. სუსგ Nბს-166-165(კ-16), 14.07.2016წ.; სუსგNბს-578(კ-19), 31.03.2021წ.). ამასთან, მართალია, საჯარო დაწესებულება საჯარო მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების დროს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს მისი მხრიდან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების მოტივით მოხელის სამსახურიდან დაუსაბუთებელი ან სათანადო დასაბუთების არმქონე გადაწყვეტილების საფუძველზე გათავისუფლების დაშვებას. ადმინისტრაციული ორგანოსათვის ადმინისტრაციული კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება არ არის აბსოლუტური და იგი სწორედ აღნიშნული კანონმდებლობითვე დაშვებულ შეზღუდვას ექვემდებარება, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე ალტერნატიული გადაწყვეტილებიდან მის მიერ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება სათანადო, ადეკვატურ და ობიექტურ გარემოებებს დააფუძნოს და ამ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულებებით გაამყაროს (სუსგ Nბს-847(2კ-18), 17.01.2019 წ.).

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოხელის თანამდებობიდან განთავისუფლება, მით უფრო შტატების შემცირების საფუძვლით, რა დროსაც კონკრეტულ პირთა თანამდებობაზე შენარჩუნება საუკეთესოს შერჩევის პრინციპით უნდა წარიმართოს, ობიექტურ, ცხად და გამჭვირვალე პროცესსა და კრიტერიუმებს უნდა ეფუძნებოდეს, რაც შედეგობრივად განთავისუფლებულ პირს უნდა აძლევდეს შესაძლებლობას, სრულად აღიქვას და გაიაზროს მისი განთავისუფლების, ასევე მასთან შედარებით სხვა კონკრეტულ პირთათვის უპირატესობის მინიჭების საფუძვლები (სუსგ Nბს-908 (კ-22), 12.12.2024წ.). რეორგანიზაციამ არ უნდა გამოიწვიოს დასაქმებულთა უფლებების გაუმართლებელი ხელყოფა.

18. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ რეორგანიზაციამდე მერიაში იყო 91 საშტატო ერთეული, რეორგანიზაციის შემდეგ კი - 80. ამასთან, ასევე დადგენილია და არც მოპასუხის მხრიდან გამხდარა სადავო, რომ განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად მერიაში გაჩნდა არაერთი ვაკანტური თანამდებობა. სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მომხდარა მუშაკთა პროფესიული უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინის და ა.შ ადეკვატური, ობიექტური შეფასება და ფაქტობრივად, მოსარჩელეთა სამსახურიდან განთავისუფლება დაეფუძნა მხოლოდ თავად რეორგანიზაციის ფაქტს. რაც შეეხება მოპასუხის მიერ სტრუქტურული ერთეულების მუშაობის დახვეწასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის 22.03.2022 წლის დასკვნას, რომელსაც რეორგანიზაციის პროცესში ფაქტობრივად დაეყრდნო მერია, აღნიშნული დოკუმენტი არათუ ვერ ადასტურებს, არც მიუთითებს მოპასუხე ადმინიტრაციული ორგანოს მხრიდან თანამშრომლების პროფესიული უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის ობიექტური შეფასების ფაქტზე. ამასთან, აღნიშნული დასკვნის მტკიცებულებით ძალასთან მიმართებაში გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხნენ მერიაში რეორგანიზაციამდე სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციებზე მომუშავე პირები, რომლებიც, როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, გამოიკითხნენ და სწორედ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შემუშავდა აღნიშნული დასკვნა. მოწმედ დაკითხულმა დ. ს-ამ (რეორგანიზაციამდე ...ის უფროსი) და კ. კ-ამ (რეორგანიზაციამდე ...ის ხელმძღვანელი) განმარტეს, რომ დასკვნაში უმეტესწილად არასწორად აისახა მათი პოზიცია, სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელთან მათ ჰქონდათ მხოლოდ ზოგადი ხასიათის შეხვედრა, რა დროსაც ინდივიდუალურ თანამშრომელზე და მათ მიერ ინდივიდუალურად გაწეულ სამუშაოზე საუბარი არ ყოფილა.

19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, არჩევანის გასაკეთებლად, ანუ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მისაღებად, მოხელეთა უპირატესობების გამოვლენის მიზნით მოახდინოს საჯარო მოხელეების კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შედარებითი (ანალიტიკური) კვლევა (შდრ. სუსგ №ბს-1381(კ-24), 10.07.2025წ.). განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ზემოხსენებული კრიტერიუმების საფუძველზე, მოხელეთა მონაცემების ურთიერთშედარებისა და ანალიზის პირობებში, საუკეთესოს შერჩევის პრინციპზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება მოხელეთა გათავისუფლების, თუ სამსახურში დატოვებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მომხდარა არანაირი შედარება, შეფასება და შერჩევა მოხელეთა კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების მიხედვით, რის გამოც სადავო აქტები დაუსაბუთებელია.

20. კანონში მკაფიოდაა გაწერილი, რომ საჯარო სამსახურში ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაა, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების პირობებში, დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება. კანონის 106-ე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი უნდა აკმაყოფილებდეს სზაკ-ის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.

21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი უპირველესად მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი (სუსგ Nბს-1447(2კ-22), 20.06.2023 წელი.

22. გასაზიარებელია ასევე სასამართლოს მსჯელობა მოსარჩელეებთან მიმართებაში კანონით გათვალისწინებული მობილობის პროცედურის არასრულყოფილად განხორციელების თაობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მობილობის ინსტიტუტი ემსახურება საჯარო სამსახურის უწყვეტობის, სტაბილურობისა და კვალიფიციური კადრების შენარჩუნების უზრუნველყოფას. მობილობის მიზანია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ პროფესიულ საჯარო მოხელეთა დასაქმების უზრუნველყოფა, საჯარო სამსახურში პროფესიონალი კადრებისა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის შენარჩუნება (საქართველოს მთავრობის 20.04.2017წ. N199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ მე-2 მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია). ამდენად, მობილობის პროცედურები უნდა განხორციელდეს არა ფორმალურად, არამედ სწორედ ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევის უზრუნველსაყოფად. ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოხელის რეზერვში ჩარიცხვა ხდება მხოლოდ მობილობის პროცედურის წარუმატებლად დასრულების შემდგომ (კანონის 105.1 მუხლი) (შდრ. სუსგ Nბს-619(2კ-19), 16.01.2020წ.).

23. სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ მოსარჩელეებისთვის მერიას შიდა მობილობის წესით არც ახლადშექმნილ საშტატო ერთეულებზე და არც სხვა ვაკანტურ თანამდებობებზე (ტოლფასი ან/და რანგით დაბალი) მობილობით გადაყვანა არ შეუთავაზებია, მაშინ როდესაც კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის იმპერატიული მოთხოვნის შესაბამისად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციისას მოხელის სამსახურიდან განთავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია, რაც უპირველესად გულისხმობს სწორედ შიდა მობილობას, ხოლო ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში - სხვა საჯარო დაწესებულებაში მობილობას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონის 52.1 მუხლით გათვალისწინებული შიდა მობილობა გულისხმობს რეორგანიზაციის პროცესში შემცირებულ თანამდებობაზე დასაქმებული მოხელისთვის საჯარო დაწესებულების მიერ იმავე საჯარო დაწესებულებაში არსებული ტოლფასი თანამდებობის შეთავაზებას, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას დაბალი თანამდებობის შეთავაზებას მისი კომპეტენციის გათვალისწინებით (შდრ. სუსგ Nბს-466(კ-22), 18.09.2023წ.), რაც განსახილველ შემთხვევაში არ მომხდარა. აღნიშნულ საკითხს ანალოგიურად აწესრიგებდა საქართველოს მთავრობის 20.04.2017 წლის №199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც პრიორიტეტულად ასევე შიდა მობილობას მიიჩნევდა.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტების ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხლები), მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ადმინისტრაციულ ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას (სუსგ Nბს-151(2კ-24), 25.06.2024წ.). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საქმის გარემოებები ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).

26. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ის შეესაბამება მას (შდრ. სუსგ Nბს-151(2კ-24), 25.06.2024წ.; №ბს-401(2კ-24) 20.03.2025წ.; სუსგ Nბს-185(2კ-20) 27.05.2020წ.), ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

27. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

28. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.2025 წლის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ოქროპირიძე