დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბ-93-3(ა-26) 19 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – გ. ბ-ე
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 2 აპრილის №ბს-3-175-2(ა-14) განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. ბ-ემ 2014 წლის 17 თებერვალს განცხადებით მომართა საკასაციო პალატას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ნოემბრის განჩინების გაუქმების და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის ხარვეზის შესახებ განჩინებით ადმინისტრაციულმა პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნტების მოთხოვნებს, კერძოდ, განცხადება არ შეიცავდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას და იმ გარემოებებზე მითითებას, რომელსაც განმცხადებელი მიიჩნევდა ახლად აღმოჩენილად. გ. ბ-ეს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან „5“ დღის ვადაში წარმოედგინა სასამართლოსათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად შედგენილი განცხადება. ამასთან, გ. ბ-ეს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში მისი განცხადება დარჩებოდა განუხილველი. 2014 წლის 10 მარტს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა გ. ბ-ემ და ხარვეზის ვადის გაგრძელება მოითხოვა. საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 14 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა გ. ბ-ეის განცხადება და მას გაუგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის ხარვეზის შესახებ განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით.
გ. ბ-ეს საკასაციო პალატის ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ 2014 წლის 14 მარტის განჩინება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის თანახმად, გაეგზავნა მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე: ჭიათურა, ...ს ქ. №16. გზავნილის ჩაბარებაზე ვალდებული საფოსტო დაწესებულების, შპს „ს...“-ის ადმინისტრატორის მიერ 2014 წლის 27 მარტს შედგენილი აქტის თანახმად გზავნილი, ადრესატისათვის ჩაბარების მიზნით, გატანილი იქნა ორჯერ: 22.03.14წ. და 24.03.14წ., თუმცა ადრესატ გ. ბ-ეს უზენაესი სასამართლოს გზავნილი ვერ ჩაბარდა, რადგან გ. ბ-ემ უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 2 აპრილის განჩინებით საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის გამოყენების წინაპირობა და მიიჩნია, რომ სასამართლოს გზავნილი ადრესატ გ. ბ-ეისათვის ჩაბარებულად უნდა ჩათვლილიყო, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად თუ ადრესატმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ გ. ბ-ეს ჩაბარებული ჰქონდა 2014 წლის 14 მარტის ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ასლი, 2014 წლის 2 აპრილისთვის განჩინების გამოტანის მომენტისათვის კი გასული იყო განჩინების ჩაბარებიდან ხარვეზის გამოსწორებისათვის სასამართლოს მიერ დადგენილი 5 დღიანი ვადა, შესაბამისად, გ. ბ-ეის განცხადება უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 2 აპრილის განჩინებით დარჩა განუხილველად.
2026 წლის 23 იანვარს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მომართა გ. ბ-ემ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე-ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, წარმოდგენილ განცხადებას, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 2 აპრილის №ბს-3-175-2(ა-14) განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ გ. ბ-ეის განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო შემდეგ გარემოებათა გათვალისწინებით:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე თავზე, რომელიც აწესრიგებს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს; თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ წარმოდგენილი განცხადებით გ. ბ-ეის მიერ მოთხოვნილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 2 აპრილის №ბს-3-175-2(ა-14) განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება. განმცხადებელი მოთხოვნას აფუძნებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის ,,ე’’ და ,,ვ’’ ქვეპუნქტებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია არა მხარის მიერ მითითებული ნებისმიერი საფუძვლით, არამედ მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს. მან უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ მითითებული გარემოებები თუ მტკიცებულებები არსებობდნენ გადაწყვეტილების გამოტანამდე და არ წარმოშობილან შემდგომში. ასევე დადასტურებას საჭიროებს ის გარემოებაც, რომ ახალი ფაქტების თუ მტკიცებულებების შესახებ მხარისთვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მას დავის განხილვის მიმდინარეობისას არ ჰქონდა აღნიშნულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითების შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 2 აპრილის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლად განმცხადებლის მიერ მითითებულია მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებზე, თუმცა კონკრეტულად არ არის მითითებული, თუ რომელი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამო ითხოვს განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას. განცხადებაში არ არის მითითებული რაიმე ისეთი ახალი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოში საქმის განხილვის დროს რომ ყოფილიყო წარდგენილი, გ. ბ-ეისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას გამოიწვევდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 2 აპრილის №ბს-3-175-2(ა-14) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე გ. ბ-ეის განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე, 424-ე და 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 2 აპრილის №ბს-3-175-2(ა-14) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე გ. ბ-ეის განცხადება განუხილველი დარჩეს დაუშვებლობის გამო;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა