დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 18.03.2026
საქმის ნომერი
ბს-1054(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1054(კ-25) 18 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, გიზო უბილავა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ.პ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; მესამე პირი (სასკ 16.2) - ნ.ო-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 16 ოქტომბერს გ.პ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 21 აპრილის №... გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 17 მაისის №... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 04 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით გ.პ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თელავის რაიონულ სასამართლოს.

თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 აპრილის განჩინებით, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჩაბმული იქნა ნ.ო-ე.

თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით გ.პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის გაჩინებით გ.პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ.ო-ემ 2022 წლის 20 ივნისს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია. გ.პ-ის მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ მონაცემებთან ზედდების გამო შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება. ნ.ო-ემ განმეორებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს. 2022 წლის 19 მაისის ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად, უძრავ ქონებას საკადასტრო კოდით ... ფაქტობრივად ფლობს ნ.ო-ე, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი შეესაბამებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებულ/საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს.

2022 წლის 19 მაისის ადგილზე დათვალიერების ოქმზე თანხმობა გამოთქვა თ.ნ-ემ, რომელმაც დაადასტურა, რომ ნ.ო-ე სარეგისტრაციო მიწის ნაკვთს ფლობდა 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით. 2023 წლის 21 აპრილის ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად, უძრავი ქონება საკადასტრო კოდით ... (გ.პ-ის საკუთრება) ეკუთვნის დაინტერესებულ პირს და შეესაბამება აგეგმილ/აზომილ მიწის ნაკვეთს. ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად, მიწის ნაკვეთის ფართობი იყო 430 კვ.მ.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრაციის შესახებ №... (21.04.2023წ.) გადაწყვეტილებით, ... მიწის ნაკვეთზე აღირიცხა გ.პ-ის საკუთრების უფლება. ნაკვეთის ფართობად განისაზღვრა 430 კვ.მ და მიწის ნაკვეთს მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი ... .

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი, რომ სსიპ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებებით დაუსაბუთებლად შემცირდა მისი უძრავი ქონების მოცულობა. სასამართლომ აღნიშნა, რომ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი იყო ემოქმედა არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით. სააპელაციო პალატის მითითებით, საარქივო ცნობის თანახმად, კომლის სახელზე რიცხული ქონების ჯამური ოდენობა შეადგენდა 1.01 ჰა მიწის ნაკვეთს, თუმცა არ იყო დაკონკრეტებული თუ რა უძრავ ქონებას ფლობდა კომლი და რა კონფიგურაციით. ამდენად, მხოლოდ საარქივო ცნობაზე მითითება ვერ დაადასტურებდა 442 კვ.მ მიწის ფართობის 430 კვ.მ-მდე შემცირების უკანონობას, მით უფრო იმ პირობებში, რომ მხარეთა შორის არსებობდა მყარი სასაზღვრო მიჯნა, რომელიც ამ ფორმით განლაგებული იყო წლების განმავლობაში. მხარის პოზიციას ასევე ვერ ასაბუთებდა მითითება გაყრილობის აქტზე, რომლის მიხედვითაც 1958 წლის 23 სექტემბერს გ.პ-ის ოჯახს (მოსარჩელის ბაბუა) გამოეყო გ.პ-ი.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ნ.ო-ის უძრავი ქონება ამ საზღვრებში იყო რიცხული ყვითელი ფენების მონაცემებითაც და განხორციელებული რეგისტრაცია შეესაბამებოდა ადგილზე არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.პ-იმა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში გ.პ-ის მიწის ნაკვეთის ფართობი შემცირდა იმ დროს, როდესაც მან სამოქალაქო წესით დაიწყო დავა ღობის და ჭიშკრის დემონტაჟთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნული გარემოება სასამართლოს არ შეუფასებია. გარდა ამისა, გადაწყვეტილების თანახმად, გ.პ-იმა უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომ მამის დანაშთი უძრავი ქონება - 1.01 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მოიცავს იმ 442 კვადრატულ მიწას, რომელიც თავდაპირველად იყო რეგისტრირებული გ.პ-ის სახელზე. მსგავსი დასაბუთებისას, სააპელაციო სასამართლომ სრულიად უგულებელყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებები, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ადმინისტრაციული წარმოების დროს, თავად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, გამოეკვლია ფართის შემცირებით გ.პ-ის საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებების შესაძლო შელახვის ფაქტი, მით უფრო იმ პირობებში, რომ საჯარო რეესტრის მონაცემები არის საჯარო და მათ თავად უნდა შეესწავლათ საქმის გარემოებები, კერძოდ, რა ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი იქნა გაფორმებული გ.პ-იზე კომლის ქონებიდან. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ არასწორად გამოიყენა თავისი უფლებამოსილება და საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე შეამცირა უძრავი ნივთის ფართობი. კასატორი მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ გაყრილობის აქტზე და აღნიშნავს, რომ 1992 წლის 28 სექტემბრის ხელწერილის თანახმად, მესამე პირის დედამ-ნ.ქ-იმა სახლი შეიძინა ჯ.პ-ისგან, აღნიშნულს ადასტურებს ნ.ო-ის 2023 წლის 8 მაისის ადმინისტრაციული საჩივარიც. ამდენად, 1992 წლის 28 სექტემბრის ხელწერილში მითითებულია ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც საუბარია გაყრილობის აქტში. სააპელაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ე. წ „ყვითელი ფენების" არსებობაზე, თუმცა არ ასაბუთებს არის თუ არა მხოლოდ „ყვითელი ფენები" საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, საქმის გარემოებათა ხელახალი გამოკვლევა და ახალი აქტის გამოცემა მაინც უნდა დავალებოდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რადგან დგინდება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია ადმინისტრაციულ საჩივარზე დართული დოკუმენტები. ამასთან, გ.პ-ი იქნა საქმეში ჩართული როგორც დაინტერესებული პირი, რაც ადასტურებს სადავო აქტების გამოცემისას კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ.პ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ.პ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ საარქივო ცნობის თანახმად, გ.პ-ის მამის, ა.პ-ის კომლის სახელზე, თელავის რაიონის სოფელ ...ში ირიცხებოდა 1,01 ჰა მიწის ნაკვეთი. მამის გარდაცვალების შემდეგ გ.პ-მა მიიღო მემკვიდრეობა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაირეგისტრირა 442 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

ნ.ო-ემ 2022 წლის 20 ივნისს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე გ.პ-ის საკუთრების მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთის რეგიტრაცია. გ.პ-ის მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ მონაცემებთან ზედდების გამო შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება. ნ.ო-ემ განმეორებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლებით მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია.

2022 წლის 19 მაისის ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად, უძრავ ქონებას საკადასტრო კოდით ... ფაქტობრივად ფლობს ნ.ო-ე, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი შეესაბამება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებულ/საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს. საველე სამუშაოებისას სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ ფლობასთან დაკავშირებით, გამოითქვა პრეტენზია სხვა პირის მიერ. ამავე ადგილზე დათვალიერების ოქმის მიხედვით, წარმოსადგენია 2 მომიჯნავე და 3 არამომიჯნავე მეზობლის ხელმოწერა. 2022 წლის 19 მაისის ადგილზე დათვალიერების ოქმზე თანხმობა გამოთქვა თ.ნ-ემ, რომელმაც დაადასტურა, რომ ნ.ო-ე სარეგისტრაციო მიწის ნაკვთს ფლობდა 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით. 2023 წლის 21 აპრილის ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად, უძრავი ქონება საკადასტრო კოდით ... (გ.პ-ის საკუთრება) ეკუთვნის დაინტერესებულ პირს და შეესაბამება აგეგმილ/აზომილ მიწის ნაკვეთს. ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად, მიწის ნაკვეთის ფართობია 430 კვ.მ.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრაციის შესახებ №... (21.04.2023წ.) გადაწყვეტილებით, ... მიწის ნაკვეთზე აღირიცხა გ.პ-ის საკუთრების უფლება. ნაკვეთის ფართობად განისაზღვრა 430 კვ.მ და მიწის ნაკვეთს მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი ... . სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრაციის შესახებ №... (17.05.2023წ.) გადაწყვეტილებით კი ... მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ნ.ო-ის საკუთრების უფლება, უძრავი ნივთის ფართობად განისაზღვრა 340 კვ.მ.

განსახილველ შემთხვევაში, წინამდებარე დავის საგანს გ.პ-ის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავ ქონების ფართობის შემცირების მართლზომიერების დადგენა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლებასწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამასთანავე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელი არიან რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.

საკასაციო პალატა, ქვედა ინსტანციის სასამართლობის მსგავსად, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით არ დგინდება გ.პ-ის მამკვიდრებელზე გამოყოფილი 1,01 ჰა მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და ზუსტი პარამეტრები. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე რელევანტური მტკიცებულება, მაგ: ფოტოსურათი, ორთოფოტო, ნახაზი, მოსაზღვრე ნაკვეთების მესაკუთრეთა განცხადება და/ან სხვ., რომელიც დაადასტურებდა წარსულში განსხვავებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და სადავო ნაკვეთებს შორის არსებული გამყოფი მყარი მიჯნის განსხვავებულ მდებარეობას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე, რომლის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით, შეცვალოს დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით ან/და საკადასტრო აღწერის შედეგად დადგინდა რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან შეუსაბამობა, და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია, შეცვალოს მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული მცდარი საკადასტრო მონაცემები და შეუსაბამოს ისინი ნივთის ფაქტობრივ მდებარეობას (მათ შორის, შეამციროს მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული ფართობი) იმ შემთხვევაშიც, თუ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია სხვა სანივთო უფლება, ვალდებულება ან საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა ან/და მესაკუთრე ან სანივთო უფლების ან ვალდებულების მქონე პირი აღრიცხულია მოვალეთა რეესტრში. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სადავო ნაკვეთების ადგილზე დათვალიერების შედეგად გამოვლინდა რეგისტრირებული მონაცემების შეუსაბამობა ფაქტობრივ მდგომარეობასთან და ამასთან, გ.პ-ის მიერ არ იქნა წარდგენილი რაიმე რელევანტური მტკიცებულება, არსებობდა მოპასუხის მიერ სადავო გადაწყვეტილებების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ კასატორის მითითებული დოკუმენტები - 1992 წლის 28 სექტემბრის ხელწერილი და 1958 წლის 23 სექტემბრის გაყრილობის აქტი არ შეიცავს ნაკვეთების პარამეტრებისა და ზუსტი მდებარეობის შესახებ სრულყოფილ ინფრმაციას და შესაბამისად, არ ადასტურებს სადავო 12 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთის სადავო ტერიტორიაზე არსებობისა და მასზე გ.პ-ის საკუთრების უფლების არსებობის ფაქტს. პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სადავო ნაკვეთზე ნ.ო-ის უფლების რეგისტრაციის ერთადერთი საფუძველი არ გამხდარა სისტემური აღრიცხვის მონაცემები (ე.წ. „ყვითელი ფენა“), არამედ კონკრეტულ შემთხვევაში, გ.პ-ის სახელზე რეგისტრირებული მონაცემების ცვლილებას საფუძვლად დაედო ნაკვეთებს შორის წლების განმავლობაში არსებული მყარი სასაზღვრო მიჯნა. აღსანიშნავია, რომ უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებებისა და სისტემური აღრიცხვის მონაცემების საპირწონედ მოსარჩელეს სათანადო მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავიც მხრივ არსებითად ეყრდნობა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, გ.პ-ის საკასაციო საჩივარზე 30.10.2025წ. №... საგადასახადო დავალებით ი.დ-ის (პ/ნ...) მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.პ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინება;

3. ი.დ-ის (პ/ნ...) დაუბრუნდეს გ.პ-ის საკასაციო საჩივარზე 30.10.2025წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

გ. უბილავა