დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 26.03.2026
საქმის ნომერი
ბს-122(კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-122 (კ-26) 26 მარტი, 2026 წელი,თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. მ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.06.2025 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ზ. მ-ამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი წარადგინა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „სააგენტო“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის 14.07.2021 წლის №03/12615 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; მოპასუხეს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დაკმაყოფილდება მოსარჩელის განცხადება ბინით დაკმაყოფილების თაობაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.07.2024 წლის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 14.07.2021 წლის №03/12615 გადაწყვეტილება და სააგენტოს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.06.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

4.1. 26.02.2015 წელს მოსარჩელემ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდეგში „სამინისტრო“). განმცხადებელმა ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა თბილისი, ... №76, განაცხადში ასევე აღნიშნულია ინფორმაცია ოჯახის სხვა წევრების და ახლო ნათესავების შესახებ, რომლებიც ცალკე ცხოვრობდნენ, მათ შორის, მითითებულია ს. მ-ა (და) (ს.ფ. 154-167).

4.2. 20.05.2015 წელს ს. მ-ამ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადით მიმართა სამინისტროს. განმცხადებელმა ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა თბილისი, ... №76 (...). განაცხადში ასევე აღნიშნულია ინფორმაცია ოჯახის სხვა წევრების და ახლო ნათესავების შესახებ, რომლებიც ცალკე ცხოვრობდნენ, მათ შორის, მითითებულია მოსარჩელე (და) (ს.ფ. 140-153).

4.3. სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 05.12.2016 წლის №122 სხდომის ოქმის თანახმად, ქ. თბილისში, ერთოთახიანი ბინით დაკმაყოფილდა ს. მ-ა (სარეგისტრაციო №...; სულადობა 2) (ს.ფ. 125-132).

4.4. 17.12.2016 წელს ს. მ-ამ თანხმობა განაცხადა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მიეღო დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2016 წლის №122 ოქმის საფუძველზე განაწილებული ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართი, მდებარე: ქ. თბილისი, ... ..., ... მ/რ-ის მიმდებარედ, ნაკვეთი ... (ს.ფ. 133).

4.5. 17.12.2016 წელს სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს უფროსმა „იძულებით გადადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლების სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის ფარგლებში“ გადასცა, ხოლო იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახმა ჩაიბარა ქ. თბილისში, ..., ... მ/რ-ის მიმდებარედ, ნაკვეთი ...-ში მდებარე ახალაშენებულ №... კორპუსში, სადარბაზო ..., სართული ..., ბინა 402-ში ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართი (ს.ფ. 134).

4.6. მოსარჩელის წარმომადგენელმა 11.12.2020წ., 10.02.2021წ. და 21.05.2021წ. განცხადებებით მიმართა სამინისტროს და მოითხოვა ინფორმაცია, დაკმაყოფილდა თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა საცხოვრებელი ფართის მიღების შესახებ. მოსარჩელეს 31.12.2020 წლის №03/21064, 05.03.2021 წლის №03/3613 წერილებით ეცნობა, რომ სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 05.12.2016 წლის №122 სხდომის ოქმის შესაბამისად, მოსარჩელის ოჯახს გადაეცა ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართი, ასევე, გაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები (ს.ფ.17-20,52). სააგენტოს 08.06.2021 წლის №03/9372 წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ მოსარჩელის ოჯახს გადაეცა ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართი და სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ხელახლა განეხილა მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელი პირობები (ს.ფ. 53).

4.7. 24.06.2021 წელს მოსარჩელის წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სამინისტროს და მოითხოვა 08.06.2021 წლის №03/9372 წერილის ბათილად ცნობა, ასევე ახალი აქტის გამოცემა მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე (ს.ფ. 65-69).

4.8. სააგენტოს 14.07.2021 წლის №03/12615 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს განემარტა, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 05.12.2016 წლის გადაწყვეტილებით (ოქმი №122) მოსარჩელეს, დის - ს. მ-ას მიერ შევსებული განაცხადის საფუძველზე, თანხმობა ეთქვა მასთან ერთად ერთოთახიანი ბინით დაკმაყოფილებაზე - ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე №... კორპუსში, ბინა №402. მოსარჩელეს განემარტა, რომ აღნიშნული ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ განმეორებით განხილულ იქნა 21.07.2020 წლის სხდომაზე (ოქმი №36), ს. მ-ას მიერ შევსებული განაცხადის საფუძველზე. კომისიის გადაწყვეტილებით, დევნილს, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე ერთხელ უკვე მიღებული საცხოვრებლის გამო, უარი ეთქვა საკითხის განმეორებით განხილვაზე. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სააგენტომ მიზანშეუწონლად მიიჩნია შეტანილი ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე საკითხის ხელახალი განხილვა (ს.ფ. 73).

4.9. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ს. მ-ამ მოითხოვა გაერთიანებულიყო მისი და მისი დის - მოსარჩელის განაცხადებები საცხოვრებელი ფართის მიღებაზე. კერძოდ, წარმომადგენელმა მიუთითა საქმეში წარმოდგენილ 24.09.2015 წლის განცხადებაზე, რომელშიც ს. მ-ამ აღნიშნა შემდეგი: „გთხოვთ, ჩემი და ჩემი დის აპლიკაცია ერთად შეაერთოთ, კერძოშია, მ-ა ზ., ისიც მარტოხელაა“ (ს.ფ. 171). შესაბამისად, მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, კომისიამ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება 2-სულიანი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილების თაობაზე. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს და მის დას - ს. მ-ას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი შევსებული აქვთ ინდივიდუალურად (ს.ფ. 140-141; 154-155). განაცხადში დაფიქსირებული აქვთ, რომ ისინი ცალ-ცალკე ოჯახებად ცხოვრობენ. მათი ოჯახების სარეგისტრაციო ნომრებია: მოსარჩელის - №005-04110, ხოლო ს. მ-ას ოჯახის - №... (ს.ფ. 114,115). მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საცხოვრებელი ფართის მიღებაზე წერილობითი თანხმობა წარადგინა მხოლოდ ს. მ-ამ და მასზე არ არის მოსარჩელის ხელმოწერა (ს.ფ. 133). მოსარჩელის ხელმოწერა არ არის არც ს. მ-ასთვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტზე (ს.ფ. 134) და არც 24.09.2015 წლის განცხადებაზე მოთხოვნების გაერთიანების შესახებ. შესაბამისად, სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელეს არც ერთ ეტაპზე არ გამოუხატავს თანხმობა, რომ მისი და მისი დის განაცხადი გაერთიანებულიყო და ერთად განხილულიყო. ამასთან, თავად სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 05.12.2016 წლის №122 სხდომის ოქმის თანახმად, ქ. თბილისში, ერთოთახიანი ბინით დაკმაყოფილდა ს. მ-ა (სარეგისტრაციო №...; სულადობა 2). აღნიშნულ ოქმში მართალია სულადობის გრაფაში აღნიშნულია 2, თუმცა ოქმში არ არის მითითებული მოსარჩელე, სარეგისტრაციო ნომერი №... ეკუთვნის ს. მ-ას ოჯახს.

4.10. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე, როგორც დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელი უწყება, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და პასუხისმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე - მოპასუხეს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, სრულად არ უკვლევია და არ დაუდგენია მოსარჩელის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის ფაქტი. ამდენად, მართებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის სადავო საკითხის ხელახლა მოკვლევის დავალების თაობაზე, რა დროსაც სააგენტომ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებით, ფაქტების დადგენით უნდა გამორიცხოს ურთიერთშეუსაბამო გარემოებები, მოუსმინოს განმცხადებელს, გამოიკვლიოს - მოსარჩელემ განაცხადა თუ არა თანხმობა მის დასთან - ს. მ-ასთან ერთად დაკმაყოფილებულიყო საცხოვრებელი ფართით. აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხე მხარემ უნდა შეაფასოს, მიიჩნევა თუ არა მოსარჩელე გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფილ პირად და შემდგომ გადაწყვიტოს კანონით მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხი.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია მოსარჩელის, როგორც დევნილის, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილ პირად მიჩნევის კანონიერება.

9. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველ პუნქტში გაცხადებულია, რომ საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. ამავე ნორმის მე-2 და მე-4 პუნქტების თანახმად კი, სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე; სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სოციალური სახელმწიფოს მიზანია სამართლიანი სოციალური წესრიგის დამკვიდრება, საერთო ეკონომიკური წონასწორობის შენარჩუნება, მოსახლეობის შეძლებისდაგვარად თანაბარზომიერი უზრუნველყოფა, ქვეყნის მასშტაბით ცხოვრების მაქსიმალურად თანაბარი პირობების შექმნა. ეს მიზნები, ობიექტური გარემოებების გამო, არ არის სრულად მიღწევადი და, უწინარესად, წარმოადგენს მუდმივ ამოცანას და ზრუნვის საგანს სახელმწიფოსათვის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 31.03.2008 წლის №2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.12.2018 წლის №2/9/810,927 გადაწყვეტილება საქმეზე „სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - გარნიკ ვარდერესიანი, არტავაზდ ხაჩატრიანი და ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-28). სოციალური სახელმწიფოს პრინციპი წარმოშობს ხელისუფლების არაერთ ვალდებულებას მოსახლეობის სოციალური უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს ადეკვატურ ადმინისტრირებას (სუსგ №ბს-365-360 (კ-16), 25.05.2017წ.).

10. საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სოციალური სახელმწიფოს პრინციპის გამოხატულებაა სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები, რომლებიც მას იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ ეკისრება. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში - „სპეციალური კანონი“) პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.

11. სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა (სუსგ №ბს-199(კ-20), 22.04.2020წ; №ბს-532(კ-23), 28.11.2023წ.). იძულებით გადაადგილებულ პირთა სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესია, რომელზე ზრუნვაც სახელმწიფოს ვალდებულებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს (სუსგ №ბს-870(კ-24), 10.03.2025წ.).

12. სპეციალური კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

13. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

14. სპეციალური კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

ამდენად, თუ დევნილი ოჯახის ერთ-ერთი წევრი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი სახლით ან საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კერძო ინვესტორის ან სახელმწიფოს მიერ გაცემული ერთჯერადი ფულადი დახმარებით ან რომელიმე უზრუნველყოფის ალტერნატიული ვარიანტით, იგი ჩაითვლება სახელმწიფოს მხრიდან კომპენსირებულად და მასზე რაიმე სახის დახმარება აღარ გაიცემა, თუმცა მნიშვნელოვანი კომპონენტია ერთ ოჯახად ცხოვრება (შდრ. სუსგ №ბს-776(კ-22) 12.01.2023 წ.; სუსგ №ბს-203(კ-22), 28.09.2022წ.). დევნილი ოჯახის კონკრეტული წევრის მხრიდან საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ პრეტენზიის წარმოშობის შემთხვევაში, ოჯახთან ერთად მისი დაკმაყოფილებულად მიჩნევისათვის, აუცილებელია დადასტურდეს ამ პირის იმ ოჯახის შემადგენლობაში შესვლა, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაკმაყოფილებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ სახელმწიფოს ვალდებულება რჩება შეუსრულებელი (შდრ. სუსგ №ბს-802(კ-22), 14.11.2022წ.).

15. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე, როგორც დევნილი, სააგენტოს მიერ მიჩნეულ იქნა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილ პირად იმ საფუძვლით, რომ მას დასთან (ს. მ-ასთან) ერთად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 05.12.2016 წლის №122 სხდომის ოქმის შესაბამისად, უკვე გადაეცა ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართი. აღნიშნულთან მიმართებაში სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება მასზე, რომ მოსარჩელისა და მისი დის ოჯახებს აქვთ სხვადასხვა სარეგისტრაციო ნომერი (მოსარჩელის სარეგისტრაციო ნომერია 005-04110, ხოლო ს. მ-ას ნომერი - ...). ამასთან, მოსარჩელეს და ს. მ-ას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი შევსებული აქვთ ინდივიდუალურად, ორივე განაცხადში აღნიშნულია, რომ ისინი ცალ-ცალკე ოჯახებად ცხოვრობენ (ს.ფ.114,115;140,141;154,155). მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საცხოვრებელი ფართის მიღებაზე წერილობითი თანხმობა წარდგენილია მხოლოდ ს. მ-ას მიერ და მასზე არ არის მოსარჩელის ხელმოწერა (ს.ფ. 133). მოსარჩელის ხელმოწერა არ არის არც ს. მ-ასთვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ 17.12.2016 წლის მიღება-ჩაბარების აქტზე (ს.ფ. 134) და ს. მ-ას 24.09.2015 წლის განცხადებაზე მოთხოვნების გაერთიანების შესახებ (ს.ფ. 171). მოპასუხე შესაგებელში უთითებს, რომ მოსარჩელეს დღემდე არ შეუცვლია საცხოვრებელი ადგილი (თბილისი, ... №76) (ს.ფ.108). თავად სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 05.12.2016 წლის №122 სხდომის ოქმის თანახმად, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა ს. მ-ა, ოქმში სულადობის გრაფაში აღნიშნულია - 2, თუმცა არ არის მითითებული მოსარჩელე ან/და მისი საიდენტიფიკაციო მონაცემები და სარეგისტრაციო ნომრად მითითებულია მხოლოდ №..., რომელიც ეკუთვნის ს. მ-ას ოჯახს (ს.ფ. 125-132).

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სადავო აქტი მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების (მოსარჩელემ გამოავლინა თუ არა ნება/განაცხადა თუ არა თანხმობა მის დასთან - ს. მ-ასთან ერთად დაკმაყოფილებულიყო საცხოვრებელი ფართით) დადგენისა და სათანადო გამოკვლევის გარეშე. მხოლოდ გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად უნდა განისაზღვროს, არის თუ არა მოსარჩელე გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფილი პირი. მართებულია მსჯელობა სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).

18. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ის შეესაბამება მას. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

19. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის წინაპირობაა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.06.2025 წლის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ოქროპირიძე