დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1392(კ-25) 4 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ა. ს. მ-გ).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა. ს. მ-გმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 17 მაისის №1000813963 გადაწყვეტილება ა. ს. მ-გის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე. ბ) დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა. ს. მ-გის მიმართ შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ს. მ-გის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 17 მაისის №1000813963 გადაწყვეტილება ა. ს. მ-გის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე. მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა. ს. მ-გისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 მაისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული აქტი კანონიერების პრინციპის დაცვით იქნა მიღებული, საქმის სააპელაციო წესით განხილვის ეტაპზე კი, არსებითად არასწორად განიმარტა მატერიალური სამართლის ნორმები, რამაც საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა გამორიცხა. სადავო აქტი გამოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის და „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილების მოთხოვნათა სრული დაცვით.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ ან/და იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს. „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, შესაბამისი საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო უფლებამოსილია განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოებიდან. განსახილველ შემთხვევაში, სააგენტომ 2022 წლის 19 ივლისს წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, რათა ეცნობებინათ არსებობდა თუ არა მოსარჩელისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი. 2022 წლის 15 აგვისტოს წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მოსარჩელისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნია. შესაბამისად, სააგენტომ იხელმძღვანელა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მოსარჩელისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიიჩნია. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი საფუძველი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი გახდა, რომელიც „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, თავისი შინაარსით გასაიდუმლოებულია. საყურადღებოა, რომ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, საქმეში არსებული ინფორმაციის მოპოვება/დამუშავებაზე ერთადერთ უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი წარმოადგენს, ხოლო განცხადების განმხილველი ორგანო კანონმდებლობით შეზღუდულია მოიპოვოს ისეთი მტკიცებულება, რომელიც სადავოს გახდიდა და გააბათილებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნას. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტო დაეყრდნო კომპეტენტური ორგანოს მიერ წარდგენილ დასკვნას და უპირატესობა საჯარო ინტერესს მიანიჭა. ამდენად, გასაჩივრებული აქტი კანონიერია, რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 12 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ა. ს. მ-გ (დაბადებული ... წლის ...ს) არის ფილიპინების რესპუბლიკის მოქალაქე (ს.ფ. 47-49); ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის 2022 წლის 19 ივლისის ცნობის და 2023 წლის 17 მაისის ცნობის თანახმად, საკადრო შემოწმების შედეგად დგინდება, რომ ა. ს. მ-გის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება (ს.ფ. 70-71); გ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ შპს ,,მ...ს’’ საიდენტიფიკაციო ნომერია - ..., დირექტორი და 100% წილის მფლობელი არის რ. ს. მ-გ (ს.ფ. 54-56); დ) 2022 წლის 01 ივნისის შრომითი ხელშეკრულების თანახმად, ა. ს. მ-გი დასაქმებულია შპს ,,მ...ში‘‘ ...ის პოზიციაზე. 2022 წლის 21 ივლისის სახელფასო ცნობით დადგენილია, რომ ა. ს. მ-გი 2022 წლის 1 ივნისიდან დანიშნულია შპს ,,მ...’’-ში ...ის თანამდებობაზე და მას ყოველთვიურად ფიქსირებული ხელფასი 1500 (ათას ხუთასი) ლარი ერიცხება. აღნიშნული თანხა მოიცავს გადასახადებს. შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა არის 2027 წლის 01 მაისამდე (ს.ფ. 66-68, 69); ე) სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 15 ივლისის ცნობით დადგენილია, რომ 2022 წლის 15 ივლისის მდგომარეობით შპს ,,მ...ს“ (ს/ნ ...) სახელზე რეგისტრირებული საკონტროლო სალარო აპარატის (...) ფისკალურ მეხსიერებაში 07.2021-დან 07.2022 წლის პერიოდში დაფიქსირებული ჯამური ბრუნვის მაჩვენებელია 55 000 ლარი. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 27 ივლისის №21-11/69300 წერილის თანახმად, 2022 წლის 26 ივლისის მდგომარეობით, შპს „მ...“ (ს/კ ...) დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად არ არის რეგისტრირებული. 01.07.2021-30.06.2022 წლების პერიოდში, კომპანიის სახელზე ფიქსირებული საკონტროლო-სალარო აპარატის ფისკალურ მეხსიერებაში არსებული ჯამური ბრუნვის მაჩვენებელი შეადგენს 58000 ლარს (ს.ფ. 51-52); ვ) ფილიპინების რესპუბლიკის მოქალაქე ა. ს. მ-გმა 2022 წლის 18 ივლისს №1000813963 განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა მოითხოვა (ს.ფ. 43-46); ზ) საქართველოს იუსტიცის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2022 წლის 19 ივლისს №1000813963/1 წერილით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა არსებობდა თუ არა ა. ს. მ-გისთვის (A. S. M-G) შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები (ს.ფ. 74); თ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2022 წლის 15 აგვისტოს SSG 1 22 00145622 წერილით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია ა. ს. მ-გისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა (ს.ფ. 75); ი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 17 აგვისტოს №1000813963 გადაწყვეტილებით, განმცხადებელს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად უარი ეთქვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე (ს.ფ. 76); კ) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №3/6403-22) ა. ს. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 17 აგვისტოს №1000813963 გადაწვეტილება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა. ს. მ-გისათვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხთან დაკავშირებით (ს.ფ. 78-87); ლ) საქმის ხელახლა განხილვის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2023 წლის 15 მაისს №01/110760 წერილით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და ითხოვა ეცნობებინა არსებობდა თუ არა ა. ს. მ-ისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (ს.ფ. 89-90); მ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 17 მაისის № SSG 5 23 00112243 წერილით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია ა. ს. მ-გისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა (ს.ფ. 91); ნ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 17 მაისის №1000813963 გადაწყვეტილებით, ა. ს. მ-ის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, უარი ეთქვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე (ს.ფ. 92).
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 17 მაისის №1000813963 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მოსარჩელისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. ამასთან, ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლებისა და მიზნების გათვალისწინებით, საქართველოში გაიცემა რამდენიმე სახის ბინადრობის ნებართვა, მათ შორის, ზემოდასახელებული კანონის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი) მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად უცხოელზე, რომელიც სააგენტოს წარუდგენს საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტს, აგრეთვე ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები, და რომლის დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის. უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების წლიური ბრუნვა ამ მუხლის მიზნებისათვის არის არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე;
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დეტალურად და ამომწურავად არის გაწერილი საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები, მათ შორის, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ („ა“ ქვეპუნქტი) და თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს („გ“ ქვეპუნქტი).
ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები რეგულირდება აგრეთვე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით“, რომლის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია), საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან.
სახელმწიფო ორგანო, რომლისგანაც სერვისების განვითარების სააგენტოს შეუძლია, მიიღოს ინფორმაცია უცხოელის მიერ ქვეყნისა და საზოგადოებისთვის საფრთხის შექმნის თაობაზე, არის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლიდან გამომდინარე, ეწევა ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციასა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას. შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან უნდა გამოითხოვოს ინფორმაცია ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონისმიერი საფუძვლების არსებობის საკითხის დასადგენად.
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება (1-ლი მუხ.), კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია, ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას (6.1 მუხ.).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძვლის გათვალისწინებით, გასაჩივრებული აქტის კანონიერების საკითხის შემოწმება პირდაპირ უკავშირდება იმ ინფორმაციის გაცნობასა და შესწავლას, რომელიც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 17 მაისის SSG 5 23 00112243 წერილით გათვალისწინებული დასკვნის გაკეთების მიზეზი გახდა. სწორედ ამ მიზნით, საკასაციო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისგან 2026 წლის 14 იანვრის მიმართვით გამოითხოვა ინფორმაცია და დეტალურად გაეცნო მას. ასეთი ინფორმაცია „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლიდან გამომდინარე, სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს და მხარეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. შესაბამისად, მისი ასახვა სასამართლო აქტში ვერ მოხდება.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაციის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოში წარდგენილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული გარემოებები არ ქმნის საფუძვლიან ვარაუდს, რომ მოსარჩელე საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოებას. შესაბამისად, ზემოხსენებული წერილის (დასკვნის) არსებობის პირობებშიც, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო გაეთვალისწინებინა საქმეზე არსებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს ქმნიდა.
ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტის ბათილად ცნობის წინაპირობებს ქმნიდა. ამასთან, სადავო აქტის ბათილად ცნობის პირობებში, სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ მოპასუხისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, საფუძვლიანია.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 მაისის განჩინება;
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.11.2025წ. №23223 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
გ. უბილავა