დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 19.03.2026
საქმის ნომერი
ბს-1394(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1394(კ-25) 19 მარტი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე)– ვ.ს-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2024 წლის 5 ნოემბერს ვ.ს-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მან 25.09.2024წ. მიმართა საკონსულო დეპარტამენტს „დ“ კატეგორიის ვიზის გაცემის მოთხოვნით. საკონსულო დეპარტამენტის 17.10.2024წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ვიზის გაცემაზე იმ დასაბუთებით, რომ უცხოელის საქართველოში ყოფნა საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოში მცხოვრები სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, რომელიც არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მითითებული საფუძვლით მის მიმართ ვიზის გაცემაზე უარი არ არის საკმარისად დასაბუთებული, რადგან მას საქართველოში ყოფნის პერიოდში რაიმე სახის კანონდარღვევა არ უფიქსირდება. ამასთან, იგი აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტია, გადახდილი აქვს სწავლის საფასური და სასწავლო ნებართვის გაცემაზე უარი მისთვის სწავლის გაგრძელების დამაბრკოლებელი გარემოებაა. მოსარჩელე დაიბადა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, სწავლობდა უკრაინაში. მიმდინარე საომარი მდგომარეობის გამო მოსარჩელე იძულებული გახდა დაეტოვებინა უკრაინა და საქართველოში გადმოსულიყო საცხოვრებლად. მოსარჩელე სამჯერ იმყოფებოდა საქართველოში, მას არასდროს დაურღვევია სავიზო ვადა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სწავლის პერიოდში მისი საქართველოში ყოფნა საფრთხეს არ შეუქმნის ქვეყნის უსაფრთხოებასა და წესრიგს.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის 2024 წლის 17 ოქტომბრის N03/00008612/2024-04 გადაწყვეტილებისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2024 წლის 24 ოქტომბრის №01-549 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა მოპასუხისთვის ვ.ს-ის მიმართ საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით ვ.ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ.ს-ი (დაბ: ... ... ...წ.) არის სირიის არაბული რესპუბლიკის მოქალაქე.

შპს „ ...-ის“ 19.09.2024წ. ცნობის თანახმად, ვ.ს-იმ (პ/ნ...) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოიპოვა სწავლის უფლება შპს „...-ში“ და რექტორის N... (12/09/2024) ბრძანებით ჩაირიცხა შპს " ...-ში" ...ის (ინგლისურენოვანი) ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე. საგანმანათლებლო პროგრამის ყველა სავალდებულო მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში, ვ.ს-ი სწავლას დაასრულებს 2030 წელს.

2024 წლის 25 სექტემბერს ვ.ს-იმა განაცხადი წარადგინა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში და საქართველოს ვიზის გაცემა მოითხოვა. საკონსულო დეპარტამენტმა ინფორმაცია გამოითხოვა კონტრდაზვერვის სამსახურიდან.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2024 წლის 1 ოქტომბრის SSG 6 24 00220324 წერილის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა სირიის მოქალაქე - ვ.ს-ის სახელზე, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის "ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს ვიზის გაცემა მიზანშეუწონლად მიიჩნია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის 2024 წლის 17 ოქტომბრის N03/00008612/2024-04 გადაწყვეტილებით ვ.ს-ის უარი ეთქვა საქართველოს ვიზის გაცემაზე, ვინაიდან საქართველოს ვიზის მიღების მსურველი უცხოელის საქართველოში ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ვ.ს-იმა გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, რომელიც არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტზე, მე-6 მუხლის პირველ და მე-8 პუნქტებზე, მე-7 მუხლის პირველ პუნქტზე და მე-11 მუხლზე, ასევე საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №280 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის“ პირველ, 26-ე და 28-ე მუხლებზე.

საქალაქო სასამართლომ მოსარჩელის მიმართ საქართველოს ვიზის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევის საფუძვლის დასადგენად, უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია. სასამართლოს მითითებით, ვინაიდან ზემოაღნიშნული წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, იგი არ იყო უფლებამოსილი, მიღებული ინფორმაცია მხარეებისთვის გაეცნო და სასამართლოს გადაწყვეტილებაში აესახა. მიღებული ინფორმაციის შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მართებულად მიიღო გადაწყვეტილებები, რის გამოც სახეზე არ იყო გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ.ს-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განჩინებით ვ.ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ განჩინებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან დამატებით გამოითხოვა ინფორმაცია, რომლის გაცნობის შედეგად დაასკვნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ვიზის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ.ს-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მისი კერძო ინტერესები, რადგან ვ.ს-ის აქვს სტუდენტის მოქმედი სტატუსი, სასწავლო პროცესში აქვს უმაღლესი შეფასება, გადახდილი აქვს სწავლის საფასური, სწავლის დასრულებამდე დარჩენილია რამდენიმე თვე. სასწავლო ვიზის არქონის პირობებში შესაძლოა კასატორმა ვერ შეძლოს სწავლის დასრულება, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება. კასატორს არც საქართველოში და არც მისი წარმოშობის ქვეყანაში არ ჩაუდენია კანონდარღვევა. შესაბამისად, მისი საქართველოში ყოფნა საფრთხეს არ შეუქმნის ქვეყნის წესრიგსა და უსაფრთხოებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ.ს-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ.ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ვ.ს-ისთვის საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის 17.10.2024წ. N03/00008612/2024-04 გადაწყვეტილების და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 24.10.2024წ. №01-549 გადაწყვეტილების კანონიერება. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა მოპასუხისთვის მის მიმართ საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ.ს-ი არის სირიის მოქალაქე, რომელმაც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოიპოვა სწავლის უფლება შპს „...-ში“ და რექტორის N... (12/09/2024) ბრძანებით ჩაირიცხა შპს "...-ში" ...ის (ინგლისურენოვანი) ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე, საგანმანათლებლო პროგრამის ყველა სავალდებულო მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში, ვ.ს-ი სწავლას დაასრულებს 2030 წელს.

25.09.2024წ. ვ.ს-იმა მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს და საქართველოს ვიზის გაცემა მოითხოვა. სავიზო განაცხადის განხილვისას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი წერილის თანახმად, გაირკვა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა ვ.ს-ის სახელზე, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის "ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს ვიზის გაცემა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის 2024 წლის 17 ოქტომბრის N03/00008612/2024-04 გადაწყვეტილებით ვ.ს-ის უარი ეთქვა საქართველოს ვიზის გაცემაზე, ვინაიდან საქართველოს ვიზის მიღების მსურველი უცხოელის საქართველოში ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ვ.ს-იმა ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2024 წლის 24 ოქტომბრის №01-549 ბრძანებით, ვ.ს-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს ვიზას გასცემენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება. ამავე კანონის მე-7 მუხლის დ.გ) ქვეპუნქტის თანახმად, D3 კატეგორიის ვიზა გაიცემა – საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან მის ბაზაზე სასწავლებლად ან კვლევის ჩასატარებლად მომავალ პირებზე; საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში საქართველოში სასწავლებლად მომავალ პირებზე. ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს ვიზის გაცემის ან საქართველოში შემოსვლის მიზანშეუწონლობის შესახებ დასკვნა არ საბუთდება.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №280 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის“ (შემდეგში - „წესი“) პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი განსაზღვრავს ვიზის გაცემასთან, მოქმედების ვადის გაგრძელებასა და მოქმედების შეწყვეტასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციას, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ამავე წესის 26-ე მუხლის თანახმად, ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად სამინისტრო ან/და ვიზის გამცემი ორგანო უფლებამოსილია, შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვოს სახელმწიფო ორგანოებიდან, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისგან. ამავე მუხლის 31 პუნქტის თანახმად, ამ წესის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლის გამოვლენის მიზნით, ინფორმაცია გამოითხოვება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს საქართველოს ვიზის მიღებაზე უარი ეთქვა იმ დასაბუთებით, რომ კონტრდაზვერვის სამსახურს სახელმწიფო უსაფრთხოების და წესრიგის დაცვის მიზნებიდან გამომდინარე მიზანშეუწონლად მიაჩნდა მისი საქართველოში ყოფნა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში გადაწყვეტილების მიღებისას სახელმწიფოს დისკრეციის ფარგლები განსაკუთრებით ფართოა (26.03.1987წ. „Leander v. Sweden“), სახელმწიფოს აქვს ფართო დისკრეცია იმის დასადგენად თუ რა წარმოადგენს საფრთხეს სახელმწიფო უშიშროებისთვის (06.12.2007წ. „Liu v. Russia“ (§57)), მაგრამ ეს არ გამორიცხავს აუცილებლობისა და პროპორციულობის საკითხებზე მსჯელობის, საჯარო და კერძო ინტერესის ურთიერთშეპირისპირების საჭიროებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობაზე, რომ „კონსტიტუციური უფლებების... შეზღუდვის შეფასების საზომი, თანაზომიერების პრიციპია. აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ფაქტობრივი გარემოებები, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა და ამის საფუძველზე, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებისაგან, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სადავო აქტი ეყრდნობა გასაიდუმლოებულ ინფორმაციას, რაც გამორიცხავდა აქტის დასაბუთებაში კონკრეტული მონაცემების მითითების შესაძლებლობას. სადავო აქტის დასაბუთებაში საიდუმლო მონაცემების მითითება იმთავითვე გამოიწვევს მათ განსაიდუმლოებას, რის გამო სადავო აქტებში ან სასამართლო გადაწყვეტილებებში საიდუმლო დოკუმენტაციაში ასახული მონაცემების ვერ მიეთითება.

განსახილველ შემთხვევაში, სამართალწარმოება ემსახურება იმის გამორკვევას, ვ.ს-ისთვის საქართველოს გაცემაზე უარის თქმა წარმოადგენდა თუ არა თანაზომიერ ჩარევას მის უფლებებში და იყო თუ არა აღნიშნული სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის აუცილებელი ღონისძიება, რამეთუ მოსარჩელის საქართველოში სწავლის ფაქტი იმთავითვე არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას მოსარჩელეზე საქართველოს ვიზის გაცემაზე, რამდენადაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, კონტრდაზვერვით საქმიანობად მიიჩნევა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები, და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არსებითია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხები, თუმცა მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მსგავსად, საკასაციო პალატამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან 26.02.2026წ. მიმართვით გამოითხოვა ის საიდუმლო ინფორმაცია (მათ შორის საიდუმლო), რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 1.10.2024წ. SSG 6 24 00220324 წერილს. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს საქართველოს ვიზის გაცემაზე უარი მართებულად ეთქვა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული გარემოებები ქმნის საფუძვლიან, ერთმნიშვნელოვან ვარაუდს, რომ მოსარჩელისთვის საქართველოს ვიზის გაცემა შეუსაბამოა ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებთან. შესაბამისად, გასაჩივრებული აქტები კანონშესაბამისია და არ არსებობს მოპასუხისათვის მოსარჩელის სახელზე ვიზის გაცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნა მასზედ, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსის სასამართლოს გადაწყვეტილებებში პირდაპირ ვერ აისახება.

მოსარჩელის მითითება იმაზე, რომ მან საკონსულო დეპარტამენტში წარადგინა საქართველოს ვიზის მიღებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო დოკუმენტი, არ ადასტურებს საკასაციო საჩივრის დაშვების საფუძვლების არსებობას, რადგან დაინტერესებული პირის მიერ კონკრეტული დოკუმენტაციის წარდგენა იმთავითვე არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას და მის სახელზე ვიზის გაცემის ვალდებულებას, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც კონტრდაზვერვის წერილის გათვალისწინებით, მისი საქართველოში ყოფნა სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის ან/და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხისშემცველია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ზ.ც-ის ვ.ს-ის საკასაციო საჩივარზე 24.12.2025წ. N1766556820 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზ.ც-ის (პ/ნ...) უნდა დაუბრუნდეს ვ.ს-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ.ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განჩინება;

3. ზ.ც-ის (პ/ნ...) დაუბრუნდეს ვ.ს-ის საკასაციო საჩივარზე 24.12.2025წ. N1766556820 საგადასახადო დავალებით გადახდილი გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა