დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1190(კ-კს-25) 26 აპრილი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი, კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ვ.უ-ა
გასაჩივრებული განჩინებები - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 აგვისტოს განჩინებები
კასატორის, კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ვ.უ-ამ 2024 წლის 10 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 2 ნოემბრის №... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 20 დეკემბრის №... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 4 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით, უძრავი ქონება (მდებარე: ქ.თბილისში, ..., ...ის მიმდებარედ 277 კვ.მ) დარეგისტრირდება ვ.უ-ას სახელზე საკუთრების უფლებით.
მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისში, ...ის ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 277 კვ.მ მიწის ნაკვეთი 1968 წლიდან არის მის კანონიერ მფლობელობაში. აღნიშნული მიწის ნაკვეთი გადაცემული ჰქონდა გარდაბნის რაიონის. ...ის მშრომელთა დეპუტატების სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის 1968 წლის 25 დეკემბრის №41 ოქმით, რომლითაც დგინდება, რომ ...ის ...ის თანამშრომლებს ნება მიეცათ დროებით სარგებლობისათვის გადაცემოდათ 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დამუშავებისა და ამ ნაკვეთში ფარდულის ინვენტარის ჩადგმის შესაძლებლობით. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კი ეს დოკუმენტი არ მიიჩნია ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტად იმ მოტივით, რომ ამ ოქმში მითითებული მიწის ნაკვეთი გამოყოფილი იყო დროებითი სარგებლობისათვის, ხოლო მესაკუთრეს წარმოადგენდა შსს სამინისტრო. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთის განმცხადებლის მიერ ფლობა/სარგებლობა არ დგინდებოდა, ასევე არ დასტურდებოდა ზემოაღნიშნული დოკუმენტის №41 ოქმის ვალიდურობა, ვინაიდან იგი წარმოდგენილი იყო ასლი სახით, ხოლო გარდაბნის რაიონის სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის დოკუმენტები თბილისის ცენტრალურ არქივში არ იყო დაცული.
მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის აღნიშნული პოზიცია და არგუმენტები ვერ გახდება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად, ვინაიდან მიწის ნაკვეთები თანამშრომლებს გამოყოფილი ჰქონდათ დროებით სარგებლობისათვის საბჭოთა წყობილების არსებობის პერიოდში 1968 წელს, რა დროსაც არამარტო მიწის ნაკვეთები გადაეცემოდა მოქალაქეებს დროებით სარგებლობაში, არამედ საცხოვრებელი ბინებიც. საბჭოთა წყობილება კერძო საკუთრებას არ ცნობდა და ქონება წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას, შესაბამისად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი 1968 წელს დროებით სარგებლობაში გადაეცა მოსარჩელეს სახელმწიფოსგან და ამ დრომდე წარმოადგენს მიწის ნაკვეთის კანონიერ მფლობელს. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები მიღებული იქნა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ითხოვს მათ ბათილად ცნობას და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით ვ.უ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 2 ნოემბრის №... გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 4 დეკემბრის №... გადაწყვეტილება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი გადაწყვეტილების გამოცემა ვ.უ-ას №... განცხადებასთან დაკავშირებით; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 20 დეკემბრის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრმა არ გაითვალისწინა საქმეში არსებული 1968 წლის №41 ოქმი, რომელიც ნოტარიულად დამოწმებული ასლის სახით ადასტურებდა ვ.უ-ასთვის მიწის ნაკვეთის დროებით სარგებლობაში გადაცემას, და ასევე არ შეისწავლა მიწის ფაქტობრივი ფლობის გარემოებები. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოითხოვა საჭირო ინფორმაცია შესაბამისი უწყებებიდან და არ შეაფასა მოწმეების განცხადებები, რომლებიც მოსარჩელის მიერ მიწის ხანგრძლივ გამოყენებას ადასტურებდა. შედეგად, სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო აქტები მიღებული იყო არსებითი გარემოებების სათანადო კვლევის გარეშე, რაც ქმნიდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძველს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
2025 წლის 28 ივლისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა იშუამდგომლა ბ.ნ-ის ასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმის შესახებ, გამომდინარე იქედან, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის დგინდებოდა ზედდება, ხოლო №... (14.04.25წ.) სარეგისტრაციო წარმოებაზე დაინტერესებულ პირს წარმოადგენდა ბ.ნ-ე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 აგვისტოს განჩინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით ბ.ნ-ის მესამე პირად ჩაბმასთან დაკავშირებით, არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატის შეფასებით, საქმეში მესამე პირად ჩაბმის თვალსაზრისით, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ორი ინსტიტუტის - მიწის ნაკვეთზე საკუთრების რეგისტრაციისა და ამავე მიწის ნაკვეთზე/მის ნაწილზე საკუთრების უფლების აღიარების მნიშვნელობა. სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, ითხოვდა საკუთრების უფლების რეგისტრაციას, შესაბამისად, მას მოთხოვნილ მიწის ნაკვეთთან მიმართებით წარდგენილი ჰქონდა სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რაც უნდა მოიცავდეს უფლებადამდგენ დოკუმენტებსაც, აღნიშნული კი, ბუნებრივია, შესაფასებელია მოცემული დავის არსებითად გადაწყვეტისას. უფლებადამდგენი დოკუმენტ(ებ)ის არსებობის პირობებში კი, საკუთრების უფლების აღიარებას (იხ. ბ.ნ-ის განცხადება) მასთან მიმართებით ვერ ექნებოდა უპირატესი მნიშვნელობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 აგვისტოს განჩინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და აღნიშნა, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა შეეფასებინა, წარმოადგენდა თუ არა 1968 წლის 25 დეკემბრის №41 სხდომის ოქმი ვ.უ-ას მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტს, თუმცა ეს არ გაუკეთებია. ადმინისტრაციული ორგანო საკითხს ფორმალურად მიუდგა და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ოქმი ასლის სახით იყო წარდგენილი, იგი არავალიდურ დოკუმენტად ჩათვალა. პალატამ აღნიშნული არგუმენტი უსაფუძვლოდ მიიჩნია, რადგან საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2025 წლის 14 იანვრის დამოწმების ფურცელი ადასტურებდა შესაბამისი სანოტარო ჩანაწერის ასლის სისწორეს.
ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ არ გამოიკვლია ვ.უ-ას მიერ მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტიც. საქმეში წარმოდგენილი განცხადებებით რამდენიმე პირი ადასტურებდა, რომ იგი 1990-იანი წლებიდან ამუშავებდა აღნიშნულ მიწას, მათ შორის, ხვნა-თესვის დროს ხშირად ეხმარებოდნენ და ადგილზე არაერთხელ ყოფილან. ასევე არ იქნა გათვალისწინებული გარემოება, რომ მიწის ნაკვეთი მას დამუშავებისთვის ჰქონდა გადაცემული და უფლება ჰქონდა მცირე ფარდული დაედგა ინვენტარის შესანახად. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეესწავლა, არსებობდა თუ არა ნაკვეთზე არასაცხოვრებელი დანიშნულების ნაგებობა, თუნდაც დანგრეულ მდგომარეობაში, რაც მხოლოდ იმით ვერ გამოირიცხებოდა, რომ აზომვით ნახაზზე შენობა-ნაგებობა არ იყო დატანილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
მესამე პირად ბ.ნ-ის ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, ვ.უ-ამ 2023 წლის 6 ოქტომბერს (№...) განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ტერიტორიაზე მდებარე 277 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებას თან ერთვოდა გარდაბნის რაიონის ...ის მშრომელთა დეპუტატების სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1968 წლის 25 დეკემბრის №41 ოქმის ასლი, რომლის მიხედვითაც მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამინისტროს, თუმცა განმცხადებლისთვის გადაცემული იყო მხოლოდ დროებითი სარგებლობის მიზნით.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის მოთხოვნათა საფუძველზე, მიიჩნია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი არ წარმოადგენდა სარეგისტრაციო დოკუმენტს, ვინაიდან იგი არ ადასტურებდა საკუთრების უფლების წარმოშობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ასევე ვერ დადგინდა მიწის ნაკვეთის განმცხადებლის მიერ კანონიერად ფლობა ან საკუთრებაში გადაცემა. შესაბამისად, განმცხადებელს დაევალა დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა, ხოლო მისი წარუდგენლობის გამო სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა (04.12.2023 №...), რაც ვ.უ-ას მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი საარქივო ცნობებით, შემოსავლების სამსახურისა და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების წერილებით ვერ დადასტურდა სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრებაში ან კანონიერ სარგებლობაში გადაცემის ფაქტი. ამასთან, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 9.1 მუხლით გათვალისწინებული პირობები არ არსებობდა, ვინაიდან მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული შენობა და არც სხვა სამართლებრივი წინაპირობები იკვეთებოდა განცხადების დაკმაყოფილებისთვის.
კასატორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში წარდგენილ იქნა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2025 წლის 14 იანვრის №16/192 დამოწმების ფურცელი, აღნიშნული დოკუმენტი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ ყოფილა განხილული და, ამასთან, ვერ შეცვლიდა №41 ოქმის სამართლებრივ შეფასებას, რადგან იგი ადასტურებდა მხოლოდ დროებით სარგებლობას და არა საკუთრების უფლებას.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მიწების ნაციონალიზაციის ფაქტზე არ შეესაბამება მოქმედ სამართლებრივ ჩარჩოს და ეწინააღმდეგებოდა 1992 წლიდან დღემდე მოქმედ მიწის რეფორმის პრინციპებს, მათ შორის „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონს. სწორედ აღნიშნული ისტორიულ-სამართლებრივი კონტექსტის გათვალისწინებით, 1968 წლის №41 ოქმი ვერ იქნებოდა მიჩნეული უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად. ამასთან, სასამართლომ არ დაასაბუთა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლით შეიძლებოდა აღნიშნული ოქმის სარეგისტრაციო დოკუმენტად მიჩნევა.
სასამართლომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა დააფუძნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მიუთითა, რომ საქმე სრულად არ იყო გამოკვლეული. კასატორის მოსაზრებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლით განსაზღვრული კანონიერების პრინციპისა და 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულად გამოიკვლია ყველა არსებითი გარემოება, ხოლო დამატებითი კვლევა ვერ შეცვლიდა სამართლებრივ შედეგს. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის წინაპირობები არ არსებობდა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კერძო საჩივარში მიუთითებს იმავე ფაქტობრივ გარემოებებზე, რასაც საკასაციო საჩივარში აყალიბებს, და მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 20 აგვისტოს განჩინება, რომლითაც უარი ეთქვა ბ.ნ-ის მესამე პირად ჩაბმაზე, იყო დაუსაბუთებელი.
სააგენტოს განმარტებით, საჯარო რეესტრის მონაცემებით დგინდება, რომ ვ.უ-ას (№... ) და ბ.ნ-ის (№..., 14.04.2025) სარეგისტრაციო წარმოებებით მოთხოვნილია ერთი და იმავე მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, ხოლო მათ საკადასტრო მონაცემებს შორის ფიქსირდება ზედდება. მიუხედავად იმისა, რომ ბ.ნ-ის განცხადებაზე მიღებულია რეგისტრაციაზე უარის თქმის გადაწყვეტილება (31.07.2025), იგი მაინც წარმოადგენს იმ სამართალურთიერთობის მონაწილეს, რომელზეც დავა მიმდინარეობს.
სააგენტო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მესამე პირი უნდა იქნეს ჩაბმული საქმეში, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის შესახებაც სასამართლომ უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება. ამასთან, კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც უზრუნველყოს ყველა არსებითი გარემოების სრულყოფილი გამოკვლევა და საჭიროების შემთხვევაში ჩართოს მესამე პირი.სააგენტოს პოზიციით, ბ.ნ-ეს გააჩნია უშუალო, რეალური და კანონით დაცული ინტერესი, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მის უფლებრივ მდგომარეობაზე. შესაბამისად, მისი საქმეში ჩაბმა აუცილებელია როგორც მისი ინტერესების დაცვისთვის, ისე საქმის სრულყოფილად განხილვისთვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 დეკემბრის განჩინებებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი და კერძო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს,შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Va№ de Hurk v. №etherla№ds, par.61, Garcia Ruiz v. Spai№ [GC] par.26; Jah№ke a№d Le№oble v Fra№ce (dec.); Perez v Fra№ce [GC], par. 81).
საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლზე, რომლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-11 მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება უძრავ ნივთზე უფლებები, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები, უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ასევე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება; განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძირითადი იურიდიული საფუძველია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; კერძოდ, უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის აუცილებელია მას გააჩნდეს სარეგისტრაციოდ წარდგენილი ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი საბუთი, რომელშიც მოცემული უფლების ფარგლები განმსაზღვრელია რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლების ფიქსაციისათვის, მიუხედავად იმისა, სარეგისტრაციო მოთხოვნა შეეხება მიწის ნაკვეთს, მიწის ნაკვეთთან ერთად შენობა-ნაგებობას თუ მხოლოდ შენობა-ნაგებობას. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ უნდა შეფასდეს უფლების წარმოშობის საფუძველი, რამდენადაც, განმცხადებლის მოლოდინი, რომელიც ემყარება შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენას და მომდინარეობს მარეგისტრირებელი ორგანოში უფლების რეგისტრაციის სავალდებულოობიდან, წარმოადგენს მოსარჩელის იმ ლეგიტიმურ მოლოდინს, რომელსაც იცავს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი.
დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განცხადების განხილვის დროისთვის მოქმედი რედაქციით „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.1 მუხლის ,,რ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტია – 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი, საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული დოკუმენტი (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული/წარმოდგენილი სხვა შესაბამისი დოკუმენტი.
განსახილველ საქმეზე მოსარჩელის იურიდიული ინტერესი უკავშირდება სწორედ საკუთრების უფლების მოპოვებას, თუმცა როგორც საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებს, მას ასეთი უფლების მოსაპოვებლად მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი აქვს საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, სიტუაციური ნახაზი, ფოტო-სურათები, 22.09.2023 წლის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წერილი, 19.09.2023 წლის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წერილი, მოქალაქის განცხადება, ოქმი №41, 02.10.2023 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის წერილი, შემოსავლების სამსახურის ცნობა. შესაბამისად, სწორედ აღნიშნული განცხადების საფუძველზე იქნა დაწყებული მარეგისტრირებელ ორგანოში სარეგისტრაციო წარმოება.
გარდაბნის რაიონის ...ის მშრომელთა დეპუტატების სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის 1968 წლის 25 დეკემბრის №41 ოქმში მითითებულია, რომ სხდომის დღის წესრიგს წარმოადგენდა მშრომელთა განცხადებების განხილვა. კერძოდ, მოისმინეს ...ის ...ის თანამშრომლების: კ-ა, ა.ის ძის, მ-ი ა.ჟ-ა ვ.უ-ა ნ. პ-ის ძის განცხადება, რომლებიც ითხოვდნენ ...ის ტერიტორიაზე, რომელიც ეკუთვნით მათ დროებით სარგებლობისათვის, დაამუშაონ 600-600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სადაც სურთ ჩადგან პატარა ფარდულები ინვენტარის შესანახად. აღნიშნული ფართობი ეკუთვნის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამინისტროს, რომელიც წინააღმდეგი არ არის გამოიყენონ ეს ფართობი ზემოთაღნიშნული მიზნისთვის.
გლდანის სასოფლო საბჭოს აღმასკომმა გადაწყვიტა: ნება დაერთოს ...ის ...ის თანამშრომლებს 1) კ-ა, ა.ის ძეს, 2) მ-ი ა.ვ-ის ძეს, 3) უ-ა.ნ.პ-ის ძეს, რომ დროებით სარგებლობისთვის დაამუშაონ ექვსას-ექვსასი კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი და ჩადგან პატარა ფარდულები ინვენტარის შესანახად. აღნიშნული დოკუმენტი დამოწმებულია ნოტარიულად. საქმეზე წარმოდგენილი საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2025 წლის 14 იანვრის №16/192 დამოწმების ფურცელით, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ადასტურებს ნოტარიუს ს.ძ-ის მიერ 1969 წელს ნაწარმოებ სანოტარო მოქმედდებათა რეგისტრაციის ჟურნალში, 24 სექტემბერს რეგისტრირებული ჩანაწერის (რეესტრი №..., ... და ...) ფოტოასლის სისწორეს დედანთან.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 2 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და დაევალა განმცხადებელს სარეგისტრაციო დოკუმენტის წარდგენა, რომელიც უშუალოდ წარმოშობდა რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, რადგან მარეგისტრირებელი ორგანოს შეფასებით ,...ის მშრომელთა დეპუტატების სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის 1968 წლის 25 დეკემბრის №41 ოქმი უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად ვერ იქნებოდა გამოყენებული, ვინაიდან მასში მითითებული იყო, რომ მიწის ნაკვეთი გამოყოფილი იყო დროებითი სარგებლობისათვის, ხოლო მესაკუთრეს წარმოადგენდა შესაბამისი სამინისტრო, ამასთან, საჯარო რეესტრის მიერ მოძიებული დოკუმეტებით არ დადგინდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის განმცხადებლის მიერ ფლობა/სარგებლობა. ამასთან, ვერ დადასტურდა ზემოაღნიშნული დოკუმენტის ვალიდურობა და იგი წარმოდგენილი იქნა ასლის სახით.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხი გადაწყვიტა ისე, რომ სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, კერძოდ, საკითხის გადაწყვეტისას ცალმხრივად შეაფასა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა იმგვარი დოკუმენტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობდა რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებული იყო მასთან წარდგენილი დოკუმენტის შეფასება მოეხდინა იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად წარმოადგენდა გარდაბნის რაიონის ...ის მშრომელთა დეპუტატების სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1968 წლის 25 დეკემბრის №41 სხდომის ოქმი მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტს და ხომ არ ყოფილა ეს უფლება ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში ასახული, რაც არ განუხორციელებია. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწად ასევე მიიჩნევა ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 2004 წლის 4 ოქტომბრამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.
საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საბჭოთა პერიოდში მოქმედ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებში აღირიცხებოდა საცხოვრებელი სახლები, მიმდებარე მიწის ნაკვეთებით, ინდივიდუალური ბინები, სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები (თითოეული ოთახისა და მისი ფართის მითითებით). საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ტექნიკური აღრიცხვის ბიურო გარკვეული პერიოდი კიდევ არსებობდა, როგორც აქტიური და განსაზღვრული სახელმწიფოებრივი დანიშნულების ორგანო. სახელმწიფომ 1997 წელს მიღებულ სამოქალაქო კოდექსში უძრავი ქონების მონაცემთა ერთიან ბაზაში - საჯარო რეესტრში თავმოყრა გაითვალისწინა, თუმცა, ტექ.ბიუროები, რომლებიც თვითმმართველობის დაქვემდებარებაში იყო, განაგრძობდა არსებობას და უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებების რეგისტრაციას. ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში სადავო მიწის ნაკვეთის აღრიცხვის საკითხის უტყუარად გარკვევა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში მესაკუთრედ აღრიცხვა გულისხმობდა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით კონკრეტულ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას.
მიწის ნაკვეთის სარგებლობის ფაქტთან მიმართებით გასათვალისწინებელია საქმეში წარმოდგენილი 2023 წლის 28 დეკემბრის განცხადება, რომლის მიხედვითაც, რ.წ-ა, ლ.წ-ა, თ.შ-ა და ხ.კ-ა ადასტურებენ და მიუთითებენ, რომ კოლონიაში მუშაობის პერიოდიდან 1993 წლიდან იცნობენ ვ.უ-ას, რომელსაც ...ში ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩნია სახელმწიფოს მიერ დროებითი სარგებლობისათვის გადაცემული 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, თუმცა მითითებული გარემოება არ გამხდარა ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობის საგანი, შესაბამისად საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვ.უ-ას განცხადებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები გამოიცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რაც სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობაა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რასთან დაკავშირებითაც სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა, კასატორი დამატებით ვერ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.
რაც შეეხება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობას, საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირების ჩაბმა ემსახურება მესამე პირთა სამართლებრივი დაცვის, საქმის ყოველმხრივ გამოკვლევის, პროცესის ეკონომიურობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნების განხორციელებას. მესამე პირის სტატუსის განსაზღვრა შესაძლებლობას აძლევს პირს, დაიცვას კერძო, სუბიექტური ინტერესები და მათი რეალიზება განახორციელოს ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში. ამასთანავე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ერთმანეთისგან განასხვავებს არასავალდებულო და სავალდებულო მოწვევის მესამე პირებს.
მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლოში მესამე პირების ჩვეულებრივი წესით (სასკ-ის 16.1 მუხლი) მოწვევის მიზანია, დაიცვას უშუალოდ იმ პირთა ინტერესები, რომელთაც შეიძლება შეეხოთ სასამართლოს გადაწყვეტილება და რომელთა მონაწილეობასაც შესაძლებელია მნიშვნელობა ჰქონდეს მხარეთა უფლებების ეფექტიანი სამართლებრივი დაცვისათვის. რაც შეეხება აუცილებელი მოწვევის მესამე პირს, პირი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით საქმის განხილვაში ერთვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უშუალოდ მონაწილეობს სამართალურთიერთობაში და გააჩნია დამოუკიდებელი კანონიერი ინტერესი დავის საგნის მიმართ. ასეთი ინტერესი უნდა იყოს რეალური, კანონით დაცული და არა თეორიული. „საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, არასავალდებულო მოწვევის მესამე პირი არ არის განსახილველი დავის უშუალო მონაწილე, თუმცა საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ამ პირის სამართლებრივ ინტერესზე (სასკ-ის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილი), ხოლო სავალდებულო მოწვევის მესამე პირის შემთხვევაში (სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი) უნდა იკვეთებოდეს არა მხოლოდ პირთა სამართლებრივ ინტერესზე ზემოქმედება, არამედ გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვრებოდეს მესამე პირთა უფლება-მოვალეობანი“(სუსგ 16.01.2020წ. №ბს-1170(კს-18)).
„მესამე პირად მოწვევის საფუძვლად განიხილება სამართლებრივი ინტერესის არსებობა, რომელიც გულისხმობს სამართლებრივი ნორმებით დაცული ინტერესის არსებობას და არა ზოგადად კავშირს საქმესთან. საუბარია არა ყველა სახის ინტერესზე, არამედ სახელდობრ პირის სამართლებრივ ინტერესზე. მესამე პირთა ინსტიტუტის მიზანს ძირითადად სამართლებრივი ინტერესების დაცვაა, სამართლებრივი ინტერესის დაცვის მიზანი წარმოადგენს უპირატეს მიზანს, რომელსაც ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მოწვევის ინსტიტუტი ემსახურება. იურიდიული ინტერესის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ზემოქმედებას უნდა ახდენდეს უფლებებზე, პატივსადებ ინტერესებზე, ხოლო ფაქტობრივი დაინტერესება ასეთ შედეგებს არ იწვევს. სამართლებრივი ინტერესის დაკმაყოფილება არ არის თვითმიზანი, იგი მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას ემსახურება. მატერიალურ-სამართლებრივ და იურიდიულ ინტერესს შორის ურყევი კავშირი არსებობს, ვინაიდან იურიდიული ინტერესი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს, უკეთუ სახეზეა მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესი. არ არის საკმარისი პირის განცხადება ინტერესის არსებობაზე, მისი არსებობის საკითხს წყვეტს მხოლოდ სასამართლო. პროცესუალური უფლების არსი მატერიალური უფლების გამოვლენაში მდგომარეობს. მესამე პირის საქმეში ჩაბმის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო მხედველობაში იღებს არა აბსტრაქტულ, არამედ რეალურ, კანონით დაცულ, პატივსადებ ინტერესს“ (იხ. სუსგ 08.05.2020წ. №772(კს-19)).
განსახილველ საქმეზე აღსანიშნავია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა ძირითადად ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის დგინდება აქტიური ზედდება, ხოლო №... (14.04.25წ.) სარეგისტრაციო წარმოებაზე დაინტერესებულ პირს წარმოადგენდა ბ.ნ-ე. საქმის მასალებით ისიც დადგენილია, რომ ბ.ნ-ის განცხადებასთან დაკავშირებით მოპასუხის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ მოცემულ საქმეზე სადავო საკითხის ხელახალი განხილვა სასამართლომ კვლავ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაუქვემდებარა, რა პირობებშიც კერძო საჩირის ავტორი, საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია ხელახალი ადმინსიტრაციული წარმოების ფარგლებში დაინტერესებული მესამე პირის სტატუსით მიიწვიოს ბ.ნ-ე მისი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის არგუმენტაცია, ბ.ნ-ის საქმეში მესამე პირად ჩართვასთან დაკავშირებით, ვერ იქნება გაზიარებული, შესაბამისად, არსებობს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 414-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 აგვისტოს განჩინებები;
4. კასატორს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ...) დაუბრუნდეს 06.11.2025წ. №ფ საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა