დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 14.04.2026
საქმის ნომერი
ბს-1260(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1260(კ-25) 14 აპრილი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ზ.ქ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2022 წლის 28 თებერვალს ზ.ქ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის №1594 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის დასახლება, კორპუსი №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს/კ ..., საერთო ფართობი - 1314 კვ.მ, ზ.ქ-ას საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

სარჩელის მიხედვით, ზ.ქ-ამ 2020 წლის 14 დეკემბერს მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარება მისამართზე ქ. თბილისი, ...ის დასახლება, კორპუსი №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს/კ ..., საერთო ფართობი - 1314 კვ.მ. იგივე მიზნით, 2020 წლის 24 ნოემბერს მოსარჩელემ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომ ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო განახლებულიყო საქმის წარმოება ამავე ნაკვეთზე და მომხდარიყო მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 29 იანვარს განაახლა სარეგისტრაციო წარმოება, რითიც აღიარა ახლადაღმოჩენილი გარემოებების არსებობა და იმავე დღეს, კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად, შუამდგომლობით მიმართა აღიარების კომისიას.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ აღიარების კომისიამ 2022 წლის 13 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გაუგზავნა საბოლოო პასუხი, ზ.ქ-ასთვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, რომლის საფუძველზეც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო 2022 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ზ.ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის №1594 განკარგულება და მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 აპრილის განჩინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2020 წლის 24 ნოემბერს ზ.ქ-ას წარმომადგენელმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. ახლად აღმოჩენილ გარემოებად განმცხადებელი უთითებდა სასოფლო სამუშაოების დროს მიწის ნაკვეთის საძირკველში აღმოჩენილ ბეტონის კონტრუქციას და ამავე ნაკვეთზე 2004 წელს გადაღებულ მოსარჩელის შვილის ფოტოსურათებს. 2020 წლის 14 დეკემბერს ზ.ქ-ამ იმავე საკითხზე ასევე მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 29 იანვარს განაახლა სარეგისტრაციო წარმოება და მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად.

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის №1594 განკარგულებით უარი ეთქვა ზ.ქ-ას მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ განსახილველ განცხადებაზე წარმოების დაწყების საფუძველი გახდა იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც კომისიას უკვე ჰქონდა ნამსჯელი და მიღებული გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (კომისიის 2016 წლის 8 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილება), 2020 წლის 30 ივლისის №28 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცემული 2020 წლის 7 სექტემბრის განკარგულება). საქმის წარმოების ფარგლებში, მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე განთავსებული იყო დროებითი შენობები (შენობა №1 საცხოვრებელი სახლი (აშენებული) და შენობა №2 არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული).

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა კომისიის 2020 წლის 30 ივლისის №28 საოქმო გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, კომისია მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ნაგებობის დროებით შენობად მიჩნევისას დაეყრდნო ორთოფოტოებს და განმცხადებლის განმარტებას. აღნიშნულთან დაკავშირებით კი, მოსარჩელემ განმარტა, რომ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოებისას შემთხვევით აღმოაჩინა ბეტონის საძირკველი და წყალგაყვანილობის ნიშნები, შენობა აშენებული იყო მისი არასრულწლოვნობის პერიოდში და მისთვის შენობის მახასიათებლების თაობაზე არ იყო ცნობილი. რაც შეეხება ორთოფოტოებს, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2005 წლის ორთოფოტოზე, რომლითაც დგინდება, რომ 2005 წელს ამ ტერიტორიაზე განთავსებული იყო შენობა. სასამართლოს მითითებით, აეროფოტოგადაღებით შეუძლებელია დადგინდეს შენობის კონკრეტული მახასიათებლები. შესაბამისად, სადავო გარემოების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ იყო. გარდა ამისა, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ დამოუკიდებელი აუდიტორ შემფასებლის ნ.ბ-ას 2020 წლის 7 ნოემბრის №11/07 დასკვნაზე და მის მიერ საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე გაკეთებულ განმარტებაზე, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა წარმოადგენდა მიწასთან მყარად დაკავშირებულ ნაგებობას და არ წარმოადგენდა მსუბუქ და ასაწყობ დასაშლელ კონსტრუქციას, ხოლო საძირკველი აგებული იყო 30-35 წლის წინ.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მითითება მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების გამომრიცხველი გარემოების არსებობის შესახებ არ იყო გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით და კომისიას ამ ფაქტის გამოსაკვლევად საქმის გარემოებები სრულყოფილად არ შეუსწავლია და არ გაუანალიზებია. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ კომისიამ ხელახლა უნდა გამოიკვლიოს საქმის გარემოებები და მათი ურთიერთშეჯერებისა და შესაბამისი შეფასების შემდეგ, მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება - არსებობს თუ არა მოსარჩელესთან მიმართებით მიწის ნაკვეთზე თვითნებური დაკავების აღიარების საფუძველი, კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით, გამოიკვლიოს აღნიშნულ მიწაზე განთავსებული შენობის მახასიათებლები და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს და არასწორად დაადგინა გასაჩივრებული აქტის უკანონობა. კომისიამ პირველ რიგში ყურადღება გაამახვილა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 2020 წლის 30 ივლისს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე, თავად განმცხადებელმა განმარტა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო ორი დროებითი შენობა, რომელთაგან ერთი იყო ხის, ხოლო მეორე ლითონის, კაპიტალური საძირკვლის გარეშე. ხოლო მესამე შენობა აშენებული იყო 10 წლის წინ. ამასთან, კასატორი კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის №1594 განკარგულებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე განთავსებული იყო დროებითი შენობები (შენობა №1 - საცხოვრებელი სახლი (აშენებული) და შენობა №2 - არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რაც, ასევე საფუძვლად დაედო კომისიის 2016 წლის 8 დეკემბრის №554 საოქმო გადაწყვეტილებასა და 2020 წლის 30 ივლისის №28 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, 2020 წლის 7 სექტემბერს გამოცემულ №2143 განკარგულებას. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩათვალა, რომ სზაკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, სახეზე იყო ზ.ქ-ას განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი.

ამასთან, კასატორმა ყურადღება გაამახვილა, რომ მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხის მიმართ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება 1314 კვ.მ მიწის ნაკვეთის აღიარების თაობაზე. კომისია მიიჩნევს, რომ მიუხედავად არასწორი სასარჩელო მოთხოვნისა, ორივე ინსტანციის სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს და ადმინისტრაციულ ორგანოს აქტის გამოცემა დაავალა იმაზე მეტ კვადრატულობაზე, ვიდრე სადავო აქტით იყო ნამსჯელი.

კასატორის მითითებით, სადავო განკარგულების (№1594) კანონიერების შემოწმებისას არცერთი ინსტანციის სასამართლოს არ შეუფასებია ის გარემოება, თუ რამდენად ვალიდური იყო მხარის მიერ 2020 წლის 24 ნოემბერს საჯარო რეესტრში წარდგენილი 2004 წელს გადაღებული მოსარჩელის შვილის ფოტოსურათები. ასევე, მხარე უთითებდა სასოფლო სამუშაოების დროს მიწის ნაკვეთის საძირკველში აღმოჩენილ ბეტონის კონსტრუქციაზე, რომელიც თითქოს დასახელებულ ფოტოსურათებზე ჩანდა, თუმცა, თავად ფოტოს გადაღების თარიღი და ადგილი, საქმეში არსებული მასალებიდან არ ირკვეოდა. გარდა ამისა, ბუნდოვანი იყო მოცემულ ფოტოზე ასახული კონკრეტული სახის ნაგებობა რამდენად იდენტური იყო მხარის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული ხის შენობა-ნაგებობისა, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ვერ დგინდებოდა იდენტურობა და მისი მდებარეობა.

კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ივნისის განჩინებაზე საქმეზე №ბს-1308(კ-22) და აღნიშნავს, რომ აუდიტორი-შემფასებლის მიერ გაკეთებული დასკვნა ექსპერტიზის დასკვნის სათანადო მტკიცებითი ძალის მქონე დოკუმენტი არ არის. მიუხედავად ამისა, სასამართლომ გაიზიარა საქმის მასალებში არსებული, დამოუკიდებელი აუდიტორის - ნ.ბ-ას დასკვნაში არსებული მითითებები დროებითი (ხის) ნაგებობის ხანგაზმულობისა და ტექნიკურ მდგრადობასთან დაკავშირებით. ამასთან, კასატორმა ყურადღება გაამახვილა, რომ თავად აუდიტორი ადასტურებდა, რომ სადავო ნაკვეთზე იდგა ვერტიკალური ხის კოლონების მქონე ხის შენობა.

გარდა ამისა, კასატორი მიუთითებს საქმეში არსებულ მოწმეთა ჩვენებებზე და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გამოიკვლია აღნიშნული ჩვენებების მართებულობა, რამდენადაც ისინი წინააღმდეგობრივი იყო აუდიტორის დასკვნაში მითითებულ გარემოებებთან. კასატორის მითითებით, მოწმეები ადასტურებდნენ ხის შენობის არსებობას, რომელიც მიწაზე ხის კოლონებზე იდგა, ხოლო მათი ახსნა-განმარტება, რომ ხის შენობა ბეტონის კონსტრუქციითაც იყო მიწასთან დაკავშირებული, ვერ იქნებოდა მიჩნეული მტკიცებითი ხასიათის დოკუმენტად, მაშინ, როდესაც აუდიტორის დასკვნაზე თანდართული ფოტომასალა აღნიშნულს არ ადასტურებდა. ამასთან, კომისია ყურადღებას ამახვილებს, რომ წარმოდგენილი ჩვენებებიდან არ ირკვეოდა, რამდენად იყვნენ დასახელებული მოწმეები ზ.ქ-ას მეზობლები ან რომელი წლიდან იცნობდნენ მას. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ მხოლოდ მოწმეთა ჩვენება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტის დადგენისთვის საკმარის მტკიცებულებად, იგი შეიძლება იყოს მხოლოდ დამატებითი მტკიცებულება, რამდენადაც ის ემყარება მოწმეთა სუბიექტურ დამოკიდებულებებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 დეკემბრის განჩინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, იზიარებს ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, სადავო საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის №1594 განკარგულების კანონიერება და კომისიისთვის სადავო მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ქ. თბილისი, ...ის დასახლება, კორპუსი №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს/კ..., საერთო ფართობი - 1314 კვ.მ) მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობების არსებობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს საკუთრების უფლების აღიარების ორ ძირითად წინაპირობას - კანონის ამოქმედებამდე სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავება, როდესაც აღნიშნულ ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) და დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. აღსანიშნავია, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ უნდა იყოს განკარგული.

ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, შენობა განმარტებულია, როგორც სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით (მათ შორის, ხის კონსტრუქციით), გარდა დროებითი შენობისა. ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დროებითი შენობა არის ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები. ამავე კანონის 51 მუხლის 31 პუნქტის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი სხვა დოკუმენტაციით უტყუარად არ დგინდება, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) განთავსებულია ამ კანონის ამოქმედებამდე, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია ან სააგენტო უფლებამოსილია სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში დაინტერესებულ პირს დამატებით მოსთხოვოს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ამ კანონის პირველი–მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედებამდე (2007 წლის 20 სექტემბერი) არსებობის ფაქტს.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისსი №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-19 მუხლზე, რომლის თანახმად, განცხადება, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების განუხილველად დატოვებას ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 მუხლების თანახმად კი, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ხოლო, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2020 წლის 24 ნოემბერს ზ.ქ-ას წარმომადგენელმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. ახლად აღმოჩენილ გარემოებად განმცხადებელი უთითებდა სასოფლო სამუშაოების დროს მიწის ნაკვეთის საძირკველში აღმოჩენილ ბეტონის კონტრუქციას და ამავე ნაკვეთზე მისი განმარტებით 2004 წელს გადაღებულ ფოტოსურათებს. 2020 წლის 14 დეკემბერს ზ.ქ-ას წარმომადგენელმა ასევე მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ზ.ქ-ასთვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, მის: ქ. თბილისი, ...ის დასახლება, კორპუსი №...-ის მიმდებარე ტერიტორია, ს/კ..., საერთო ფართობი - 1314 კვ.მ, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 29 იანვარს განაახლა სარეგისტრაციო წარმოება და მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად.

დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის №1594 განკარგულებით უარი ეთქვა ზ.ქ-ას მიწის ნაკვეთზე (მისამართი ქ. თბილისი, დასახლება ..., კორპუსი №...-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 1170.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ განსახილველ განცხადებაზე წარმოების დაწყების საფუძველი გახდა იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც კომისიას უკვე ჰქონდა ნამსჯელი და მიღებული გადაწყვეტილება, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (კომისიის 2016 წლის 8 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილება, 2020 წლის 30 ივლისის №28 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცემული 2020 წლის 7 სექტემბრის განკარგულება). კომისიამ მიიჩნია, რომ ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას, არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ და არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომელიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. კერძოდ, მიმდინარე ადმინისტრაციული საქმის წარმოების ფარგლებში, მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე განთავსებული იყო დროებითი შენობები (შენობა №1 საცხოვრებელი სახლი (აშენებული) და შენობა №2 არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული)), რაც, ასევე საფუძვლად დაედო კომისიის 2016 წლის 8 დეკემბრის №554 საოქმო გადაწყვეტილებასა და 2020 წლის 30 ივლისის №28 საუქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, 2020 წლის 7 სექტემბერს გამოცემულ №2143 განკარგულებას. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩათვალა, რომ სზაკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, სახეზე იყო ზ.ქ-ას განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დგინდება, რომ 2020 წლის 30 ივლისის №28 საოქმო გადაწყვეტილებით ზ.ქ-ას უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, ...ის დასახლება, კორპუსი №...-ის მიმდებარე ტერიტორია) საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან ორთოფოტოებითა და განმცხადებლის განმარტებით დადგინდა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ დამოუკიდებელი აუდიტორ შემფასებლის ნ.ბ-ას 2020 წლის 7 ნოემბრის №11/07 დასკვნაზე, რომლის თანახმად, მისი, როგორც დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ ჩატარებული სამუშაოების, კერძოდ, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისა და ინსპექტირების შედეგად, მიწის ნაკვეთზე არსებული ხის შენობა გრუნტთან იყო მყარად დაკავშირებული და მისი საფუძველი აგებული იყო ბეტონის სამშენებლო მასალების გამოყენებით. აღნიშნული ხის შენობა და მისი საძირკველი აგებული იქნა დაახლოებით 30-35 წლის წინ, ხოლო ნაკვეთზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები (ხე-ხილი) 30-40 წლის იყო. წყალგაყვანილობის სისტემა დაახლოებით იმავე პერიოდის - 30 წლამდე იყო. ნაკვეთის ღობე წარმოადგენდა მყარ კონსტრუქცია და დაახლოებით 30 წლის წინ იყო აგებული. ამასთან, ნ.ბ-ამ გააკეთა განმარტება თბილისის საქალაქო სასამართლოში 2024 წლის 12 აპრილს გამართულ სხდომაზე, რომლის თანახმად, მან შენობა შეისწავლა ადგილზე, აღნიშნული შენობა იდგა ვერტიკალურ ხის კოლონებზე, რომელიც უძრავად იყო დაკავშირებული მიწასთან, ჩადიოდა წერტილოვან საძირკველში და მერე იყო შეფუთული. მისი მონაწილეობით სასამართლო სხდომაზე შესწავლილ იქნა საქმეში დაცული ფოტოსურათები, რაზეც ექსპერტმა მიუთითა, რომ კოლონები, რომელიც დამუშავებული იყო ჰიდრო იზოლაციის მასალით, ჩადიოდა მიწაში და იგი 30 წელზე მეტი დროის მანძილზე იყო ჩამაგრებული მიწაში. ამასთან, მანვე ფოტასურათზე მიუთითა რკინაბეტონის ანაკრებ კოლონაზე, რომელიც იდგა მიწაზე 3 ადგილას. ექსპერტმა განმარტა, რომ შენობა, რომელიც შესწავლილ იქნა მის მიერ, თავისი საძირკველით წარმოადგენდა მიწასთან მყარად დაკავშირებულ ნაგებობას და არ წარმოადგენდა მსუბუქ და ასაწყობ დასაშლელ კონსტრუქციას.

საქმის მასალებში არსებული თ.თ-ის, გ.მ-ის და ვ.ბ-ის ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი ჩვენებებით, აღნიშნული პირები ადასტურებენ მოსარჩელის მიერ შესაბამისი კანონის ამოქმედებამდე მიწის ფლობის და მასზე მყარი კონსტრუქციის არსებობის ფაქტს. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2005 წლის ორთოფოტო, რომლითაც დგინდება, რომ 2005 წელს ამ ტერიტორიაზე განთავსებული იყო შენობა, თუმცა აეროფოტოგადაღებით შეუძლებელია დადგინდეს შენობის კონკრეტული მახასიათებლები. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ სადავო გარემოების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, ხოლო მხოლოდ განმარტება იმის თაობაზე, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა არ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით შენობისთვის გათვალისწინებულ მახასიათებლებს, ვერ იქნება მიჩნეული საქმის სრულყოფილ გამოკვლევად და სათანადო დასაბუთების მქონე გადაწყვეტილების მიღებად. ამდენად, ვინაიდან საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი ცალსახა და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხველი გარემოებების არსებობას, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა სარჩელის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4-ე მუხლის საფუძველზე დაკმაყოფილების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 აპრილის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა