დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 27.04.2026
საქმის ნომერი
ბს-198(კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-198(კ-26) 27 აპრილი, 2026 წელი,თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა. მ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.12.2025 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ა. მ-ამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი წარადგინა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „სააგენტო“) მიმართ და მოითხოვა:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხის 10.02.2025 წლის №1001008877 გადაწყვეტილება;

1.2. დაევალოს მოპასუხეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.04.2025 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სააგენტოს 10.02.2025 წლის N1001008877 გადაწყვეტილება და დაევალა სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოსცეს საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს:

2.1. მოსარჩელე (დაბადებული ... წელს) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა (ს.ფ. 161).

2.2. ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ ...), ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 07.02.2017 წელს დარეგისტრირდა მოსარჩელის საკუთრებად (ს.ფ. 148,149).

2.3. შპს „ს...ის“ 10.04.2017 წლის დასკვნის შესაბამისად, უძრავი ქონების (ს/კ ...) საბაზრო ღირებულება შეადგენს 111 000 ლარს (46 000 აშშ დოლარს) (ს.ფ. 153-160).

2.4. სააგენტოს გადაწყვეტილებებით 2017 წლიდან - 2025 წლამდე პერიოდში მოსარჩელეს არაერთხელ გაუგრძელდა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა (ს.ფ. 132-145).

2.5. მოსარჩელემ 16.01.2025 წელს განცხადებით მიმართა სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა (ს.ფ. 166,167).

2.6. სააგენტომ მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და ითხოვა, ეცნობებინა - არსებობდა თუ არა მოსარჩელისთვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 10.02.2025 წლის SSG 9 25 00030688 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით დეპარტამენტს მოსარჩელისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნდა (ს.ფ. 123).

2.7. სააგენტოს 10.02.2025 წლის №1001008877 გადაწყვეტილებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მოსარჩელეს უარი ეთქვა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე (ს.ფ.15).

2.8. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობას. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ ან თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

2.9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდეგში სზაკ) 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში სააგენტოს გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი, რომლითაც სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მოსარჩელისათვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა მიზანშეუწონლად მიაჩნია. ამასთან, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის სხვა რაიმე საფუძველი ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია და სათანადოდ არ დაუსაბუთებია. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის საკითხთან დაკავშირებით მოპასუხემ სადავო გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე, რომლებიც სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი არ იყო ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლოს მითითებით, მოპასუხე ვალდებულია უფრო დეტალური პროცედურის უზრუნველყოფით, მათ შორის მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების შეფასების შემდეგ მიიღოს სათანადო, დასაბუთებული გადაწყვეტილება.

2.10. სასამართლომ სზაკ-ის 601 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე დაყრდნობით სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო სააგენტოს 10.02.2025 წლის N1001008877 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაავალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოსცეს საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მხოლოდ მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.12.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგეს:

4.1. სააპელაციო სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შეფასების შედეგად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაფუძნებული იყო ისეთ გარემოებებზე, რომლებიც არ იქნა სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

4.2. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე საკითხის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნების საჭიროების შესახებ. სასამართლოს განმარტებით, მითითებული ნორმის მიხედვით სასამართლო დავის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობს აქტს იმ შემთხვევაში, უკეთუ აშკარაა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადოდ არ გამოუკვლევია და შეუფასებია, მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო დოკუმენტაცია, სასამართლო მოკლებული იყო დავის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

8. უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდეგში „კანონი“). კანონის მე-15 მუხლში ჩამოთვლილია ბინადრობის ნებართვის კონკრეტული სახეები. მითითებული მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება კანონით განსაზღვრულ ოდენობას (თავდაპირველი რედაქციით - 35 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში/ 30.05.2019 წლის N4741-IIს ცვლილებით (ძალაში შევიდა 05.07.2019 წელს) - 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში/ 26.06.2025 წლის N863-IIმს-XIმპ ცვლილებით (ამოქმედდა 01.03.2026 წლიდან) - 150 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში).

9. კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ. ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი კი უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

10. განსახილველ შემთხვევაში, სააგენტოს 10.02.2025 წლის №1001008877 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე (ს.ფ. 15).

11. პირველი ინსტანციის სასამართლოს 30.04.2025 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 10.02.2025 წლის N1001008877 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოსცეს საკითხთან დაკავშირებით ახალი აქტი. გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს 26.12.2025 წლის განჩინებით, რომელიც საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ. კასატორი ითხოვს, სრულად დაკმაყოფილდეს სარჩელი, ბათილად იქნეს ცნობილი სადავო აქტი და მოპასუხეს დაევალოს ახალი აქტის გამოცემა მისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ.

12. ამდენად, მოსარჩელის საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ საკითხთან დაკავშირებით ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების მართლზომიერება.

13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. აღნიშნული ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად კი, სააგენტო უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.... დისკრეციული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ფაქტობრივი გარემოებები, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა და ამის საფუძველზე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება (სუსგ №ბს-798(კ-24), 21.11.2024წ.).

14. საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნა. საკასაციო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას. ამასთან, საიდუმლო ინფორმაცია ვერ აისახება სასამართლოს განჩინებაში.

15. სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაფუძნებული იყო ისეთ გარემოებებზე, რომლებიც არ იქნა სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სახეზეა საკითხის ხელახლა კვლევის აუცილებლობა. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხლები), მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას (შდრ. სუსგ Nბს-741(კ-22), 27.09.2022წ.; სუსგ Nბს-1173(კ-23), 01.02.2024წ.).

16. სააგენტოს მიერ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც ქმნის სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ამ გარემოებათა გამოკვლევის, სათანადოდ შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობას. აღნიშნული ნორმით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება (შდრ. სუსგ Nბს-369(კ-25), 12.06.2025წ.). ამდენად, კასატორის მსჯელობა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების წანამძღვრების არსებობის თაობაზე მოკლებულია სათანადო დასაბუთებას.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).

18. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ის შეესაბამება მას (შდრ. სუსგ-ებები: Nბს-1173(კ-23), 01.02.2024წ.; Nბს-189(კ-22), 28.06.2022წ.; Nბს-1248(კ-20), 30.09.2021წ.) ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. მ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.12.2025 წლის განჩინება.

3. ა. მ-ას (პასპორტის №...) უკან დაუბრუნდეს მ. პ-ას (პ/ნ: ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება #6556, გადახდის თარიღი 19.02.2026წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ოქროპირიძე