დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 19.05.2026
საქმის ნომერი
ბს-109(კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-109(კ-26) 19 მაისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - რ. გ-ი

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვისცენტრი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ოჯახისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულის შემცირება, მიუღებელი შემწეობის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

რ. გ-იმა 2024 წლის 13 დეკემბერს სარჩელით, ხოლო 2025 წლის 20 იანვარს დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვისცენტრის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვისცენტრის მიერ 2024 წლის 25 აგვისტოს შევსებული რ. გ-ის ოჯახის დეკლარაციის ბათილად ცნობა, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვისცენტრისთვის ოჯახის დეკლარაციის ახლიდან შედგენის დავალება, ისევე, როგორც ახალი დეკლარაციის საფუძველზე მინიჭებული ქულის ახლიდან გადაანგარიშების დავალება. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ახალი დეკლარაციის არსებული მონაცემების გამოყენებით შევსება, სადაც ყველა მონაცემი დარჩებოდა უცვლელი, გარდა C4 ბლოკის მე-7 პუნქტისა, სადაც ნაცვლად 15 408 ლარისა, მიეთითებოდა 0 ლარი; რ. გ-იმა ასევე მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 27 ნოემბრის №SSA 1 24 01253696 ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვისცენტრის 2024 წლის 01 ოქტომბრის №SSA 4 24 01033233 ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სარეიტინგო ქულის ახლიდან, სწორ მონაცემებზე დაყრდნობით გადაანგარიშებაზე.

სარჩელის თანახმად, რ. გ-იმა 2024 წლის 23 ივლისს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში პირველადი რეგისტრაცია. 2024 წლის 25 აგვისტოს გადამოწმდა რ. გ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, შედგა ოჯახის დეკლარაცია, რომლის საფუძველზეც მას მიენიჭა 300 000 ერთეული სარეიტინგო ქულა, შესაბამისად, არ მიენიჭა სოციალურად დაუცველის სტატუსი. 2024 წლის 27 სექტემბერს რ. გ-იმა მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვისცენტრს და მოითხოვა სარეიტინგო ქულის კალკულაციის შესახებ განმარტება, ასევე აღნიშნა, რომ იყო უმუშევარი და არ გააჩნდა შემოსავალი, წარსულში საბანკო ანგარიშზე ერიცხებოდა ხელფასი. ამავდროულად დეკლარაციის გაცნობისას აღმოაჩინა ხარვეზი, კერძოდ, დეკლარაციის C4 ბლოკის მე-7 გრაფაში მონაცემი ხელმოწერის შემდგომ იყო გადაკეთებული, მიიჩნევდა, რომ ჩასწორებამდე ეწერა 0, ხოლო გადაკეთების შემდგომ იმავე გრაფაში ეწერა - ასო-ბგერა „ნ“ და შემდგომ 15 408 ლარი. აღნიშნულის შესახებ მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, რომლითაც მოითხოვა მომხდარიყო რეაგირება გაყალბების ფაქტზე, დასმულ კითხვებზე გასცემოდა პასუხი და ჭეშმარიტ მონაცემებზე დაყრდნობით გადაანგარიშებულიყო სარეიტინგო ქულა. სამინისტროს მიერ ეცნობა, რომ C4 ბლოკის მე-7 გრაფა შევსებული იყო წესების დაცვით. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას, პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა მას და მოითხოვა მათი ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით რ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვისცენტრის მიერ შევსებული რ. გ-ის ოჯახის დეკლარაცია (ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი ..., შევსების თარიღი 25.08.2024წ.), სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 27 ნოემბრის №SSA 1 24 01253696 ადმინისტრაციული აქტი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვისცენტრის 2024 წლის 01 ოქტომბრის №SSA 4 24 01033233 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს დაევალა ახალი დეკლარაციის შედგენის საფუძველზე მინიჭებული ქულის გადაანგარიშება, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 20.05.2010წ. №141/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და ამ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის და რეგერირების წესზე“, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სერვისცენტრის 2023 წლის 05 ოქტომბრის ბრძანებასა და სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 28 მარტის №04-73/ო ბრძანებაზე. ყურადღება გაამახვილა საქმეში დაცულ მტკიცებულებებზე, რომელთა თანახმად, 2024 წლის 25 აგვისტოს განხორციელდა რ. გ-ის (ს/კ ...) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება. შევსებული იქნა ოჯახის დეკლარაცია, სადაც C3 გრაფაში (პირადი ფულადი შემოსავალი (მიღებული ან მისაღები) დეკლარაციის შესვენების თვის წინა მეორე თვეში) ხელფასი (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით) მითითებულია 0 ლარი, ხოლო C4 გრაფის (რამდენი იყო ოჯახის ჯამური ფულადი შემოსავლები ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან გასულ 12 თვეში) მე-7 პუნქტში სხვა არარეგულარულ ფულად შემოსავალში მითითებულია 15 408 ლარი.

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 15 აპრილის ცნობის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით (15/04/2025 17:02-ის მდგომარეობით) ინდივიდუალური მეწარმე რ. გ-ის (პ/ნ ...) მიერ 01.2023-დან 04.2025-ის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 24718.29 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი 844.78 ლარს. სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 15 აპრილის მდგომარეობით, რ. გ-ის 01.2023-დან 04.2025-ის ჩათვლით მიღებული შემოსავალი უფიქსირდება სს ე...საგან, სულ 24718.29 ლარის ოდენობით, მათ შორის დაკავებული გადასახადი 4844.78 ლარი, შემოსავლის ტიპად კი მითითებულია ხელფასი.

სააპელაციო პალატამ ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ დეკლარაციაში C3 გრაფა იძლეოდა შესაძლებლობას, აღნიშნულიყო როგორც ხელფასი, ასევე სხვა რეგულარული ფულადი შემოსავალი, ხოლო C4 გრაფა ითვალისწინებდა სხვა არარეგულარული ფულადი შემოსავლის მითითების შესაძლებლობას. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის თანახმად კი დადგენილია, რომ რ. გ-ის შემოსავლის სახით უფიქსირდებოდა ხელფასი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, წინა პერიოდში რეგულარულად ჩარიცხული ხელფასი არამართებულად აისახა არარეგულარულ ფულად შემოსავალში, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში რეგულარული ხელფასი გულისხმობდა დასაქმებულისათვის განსაზღვრული სიხშირითა და თანაბარი მოცულობით ხელფასის მიღებას. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სრულად არ გამოუკვლევია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, სადავო დეკლარაცია შეივსო ხარვეზებით, რამაც მოსარჩელისათვის არასწორი სარეიტინგო ქულის დაანგარიშება გამოიწვია, რაც თავის მხრივ, ქმნიდა სადავო აქტების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით ბათილად ცნობის საფუძველს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

კასატორის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სასამართლო უხეშად ჩაერია და არამართებულ პრაქტიკას ნერგავს მსგავსი კატეგორიის დავებზე, სასამართლოს მსჯელობა აკნინებს ადმინისტრაციული ორგანოს როლს, ბოჭავს სააგენტოს მიიღოს და განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება, იმ პირობებში, როდესაც სააგენტო ახორციელებს საარსებო შემწეობის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტასა და გადაანგარიშებას, აგრეთვე საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსთვის განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას რ. გ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და 25.08.2024 წლის დეკლარაციის არასწორად შევსების შესახებ და მიიჩნევს, რომ ოჯახში ვიზიტი განხორციელდა შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ.

კასატორის წარმომადგენელი მიუთითებს საქმეზე დადგენილ გარემოებებზე, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 28.07.2006წ. №145 დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესზე“, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.04.2010წ. №126 დადგენილებით დამტკიცებულ წესზე, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინასამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 31.12.2014წ. №758 დადგენილებაზე, „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 20.05.2010წ. №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების და ამ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის და რეფერირების წესზე“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე და მიიჩნევს, რომ სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის კანონსაწინააღმდეგო. მისი განმარტებით, ზემოხსენებული დებულება არ განსაზღვრავს ოჯახის დეკლარაციის C4 ბლოკის მე-7 გრაფაში ხელფასის გაუთვალისწინებლობას.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის შეფასების წესზე მითითებით აღნიშნავს, რომ დეკლარაციის შეფასების დასრულების შემდეგ, ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი ხელს აწერს დეკლარაციის თითოეული ფურცლის ბოლოს, რაც ადასტურებს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ დეკლარაციაში სრულად ასახვას, რომელიც შეესაბამება სიმართლეს და ხელმომწერი პირის პასუხისმგებლობას მის სისწორეზე, ასეთ დოკუმენტაციაზე რ. გ-ის მოწერილი აქვს ხელი, შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძვლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 12 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 22-ე მუხლზე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-9 მუხლსა და „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-12 მუხლზე და აღნიშნავს, რომ სოციალური უფლებები, მათ შორის სოციალური დახმარების მიღება საერთაშორისო აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება, რაც სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას არა მხოლოდ აღიაროს პირთა სოციალური უფლებების არსებობა, არამედ ქმედითი ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე შექმნას სამართლებრივი გარანტიები მითითებული უფლების რეალიზებისთვის.

სოციალური სახელმწიფოს პრინციპს ამკვიდრებს და სოციალური დაცვის გარანტიებს შიდა სამართლებრივ დონეზე, ქმნის საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი, რომლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს და სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა.

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. რაც შეეხება საარსებო შემწეობის დანიშვნას, შეჩერებას, განახლებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს, რეგულირდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 20.05.2010წ. №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად მიღებული ობიექტური და ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისგან ინტერვიუირების შედეგად მიღებული სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სოციალური დახმარების საჭიროების მქონე ოჯახს კანონმდებლობა ანიჭებს უფლებას სოციალურად დაუცველი პირების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც შესაბამისი წესისა და მეთოდოლოგიის გათვალისწინებით ამოწმებს ოჯახის სოციალურ მდგომარეობას. შემოწმების შედეგად ოჯახს ენიჭება კონკრეტული სარეიტინგო ქულა, რომლის ოდენობაც განსაზღვრავს სოციალური შემწეობის მიღების უფლებას. ამდენად, აუცილებელია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახის როგორც პირველადი შეფასება, ისე შემდგომი გადამოწმება განხორციელდეს ნორმატიულად დადგენილი პროცედურების დაცვით.

„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 20.05.2010წ. №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების და ამ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის და რეფერირების წესის“ მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „C3“ პუნქტის პირველი, მე-3, მე-4, მე-5, მე-8, მე-9 და მე-13 გრაფების შევსების დროს, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს აცნობს ინფორმაციას ოჯახის წევრების შემოსავლების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ მონაცემთა ბაზასა და სააგენტოს მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და ავსებს შესაბამის გრაფას.

ამავე წესის მე-8 მუხლის თანახმად, დეკლარაციის „C“ ბლოკი – „ოჯახის წევრთა განათლება და შემოსავლები“ უნდა შეივსოს ოჯახის ყველა წევრზე. სასურველია ოჯახის ცალკეული წევრის შესახებ ინფორმაცია მიღებულ იქნეს ამ წევრთან უშუალო გასაუბრების შედეგად (1 პუნ.). დეკლარაციის „C3“ პუნქტის - ,,პირადი ფულადი შემოსავალი (მიღებული ან მისაღები) დეკლარაციის შევსების თვის წინა მეორე თვეში (ლარი)“ შევსებისას: სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა უნდა განმარტოს, რომ მიღებული ან მისაღები ფულადი შემოსავლის ქვეშ იგულისხმება კონკრეტული პირის მიერ კანონით გათვალისწინებული გადასახადების დაქვითვის შემდეგ, ხელზე მიღებული თანხა. ,,C3“ პუნქტის პირველი გრაფის - „ხელფასი (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით)“ შევსებისას იგულისხმება კონკრეტული პირის მიერ წინა მეორე თვეში (თვეთა ათვლისას დეკლარაციის შევსების თვის წინა თვე ითვლება პირველ თვედ) ხელზე მიღებული თანხა. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებულ მონაცემებს, სააგენტოს უფლებამოსილი პირი სთხოვს ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს წარმოადგინოს ცნობა შემოსავლების სამსახურიდან განსხვავებული ინფორმაციის შესახებ, რის შემდეგადაც დეკლარაციის ამ გრაფის კორექტირება (საჭიროების შემთხვევაში) ხორციელდება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში (4 პუნ., „ა“ ქვ.პ.); „C3“ პუნქტის მე-14 გრაფაში – „სხვა რეგულარული ფულადი შემოსავალი“ – უნდა ჩაიწეროს წინა მეორე თვეში მიღებული/მისაღები ის ფულადი შემოსავალი, რომელიც არ არის გათვალისწინებული „C3“ პუნქტის სხვა რომელიმე გრაფით და აქვს არაერთჯერადი (რეგულარული) ხასიათი (მაგ. საქველმოქმედო ორგანიზაციიდან გრანტის სახით მიღებული თანხა ან კერძო კომპანიისგან მიღებული თანხა); თუ შემოსავალი არის რეგულარული, მაგრამ მისი მიღება არ ხდება ყოველთვიურად, უნდა დაფიქსირდეს ამ შემოსავლის ერთ თვეზე დაანგარიშებული ოდენობა; ამ გრაფაში არ ფიქსირდება ოჯახის წევრ(ებ)ის მიერ ბანკიდან, ლომბარდიდან აღებული კრედიტი/სესხი (5 პუნ., „ჟ“ ქვ.პ.); ამავე წესის მე-6 პუნქტის თანახმად, დეკლარაციის „C4“ პუნქტში – „რამდენი იყო ოჯახის ჯამური ფულადი შემოსავლები ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან გასულ 12 თვეში“, ფიქსირდება ოჯახის მიერ დეკლარაციის შევსების მომენტიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებული ფულადი შემოსავლები, მათ შორის, მე-4 გრაფაში ქონების გაყიდვასა და ყიდვას შორის არსებული სხვაობა ოჯახის უფლებამოსილი პირის მიერ წარმოდგენილი გაყიდვის-ყიდვის დოკუმენტაციის საფუძველზე. ამ პუნქტში, ოჯახის წევრის მიერ წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე, არ გაითვალისწინება: ოჯახის წევრ(ებ)ის მიერ ბანკიდან, ლომბარდიდან აღებული კრედიტი/სესხი („ა“ ქვ.პ.); ოჯახის არასრულწლოვანი წევრ(ებ)ის მიერ, ნებისმიერი სახის შეჯიბრებაში/კონკურსში/სპორტულ თამაშში მონაწილეობისათვის ან/და გამარჯვებისათვის მიღებული ფულადი სახის ჯილდო/პრიზი („ბ“ ქვ.პ.)’ ოჯახის წევრ(ებ)ის მიერ საქველმოქმედო მიზნებისთვის მიღებული ფულადი სახის დახმარება („გ“ ქვ.პ.); ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპენსაცია („დ“ ქვ.პ.).

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ რ. გ-იმა 2024 წლის 23 ივლისს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში პირველადი რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს. ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მიერ 2024 წლის 25 აგვისტოს გადამოწმდა რ. გ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, შედგა ოჯახის დეკლარაცია, სადაც C3 გრაფაში (პირადი ფულადი შემოსავალი (მიღებული ან მისაღები) დეკლარაციის შევსების თვის წინა მეორე თვეში) ხელფასი (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით) მითითებულია 0 ლარი, ხოლო C4 გრადის (რამდენი იყო ოჯახის ჯამური ფულადი შემოსავლები ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან გასულ 12 თვეში) მე-7 პუნქტში სხვა არარეგულარულ ფულად შემოსავალში მითითებულია 15 408 ლარი.

სსიპ შემოსავლების სამსახურის 15.04.2025წ. ცნობის თანახმად, ინდივიდუალური მეწარმე რ. გ-ის მიერ 01.2023-დან 04.2025-ის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენდა 24 718.29 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი - 4844.78 ლარს, ამასთანავე, 2025 წლის 15 აპრილის მდგომარეობით, რ. გ-ის 01.2023-დან 04.2025-ის ჩათვლით მიღებული შემოსავალი უფიქსირდება სს ე...საგან, სულ 24718.29 ლარის ოდენობით, მათ შორის დაკავებული გადასახადი 4844.78 ლარი, შემოსავლის ტიპად კი მითითებულია ხელფასი.

მართებულია სააპელაციო პალატის მითითება, რომ დეკლარაციაში C3 გრაფა იძლევა შესაძლებლობას აღინიშნოს როგორც ხელფასი, ასევე სხვა რეგულარული ფულადი შემოსავალი, მაშინ, როდესაც C4 გრაფა ითვალისწინებს სხვა არარეგულარული ფულადი შემოსავლის მითითების შესაძლებლობას, ხოლო იმ პირობებში, როდესაც სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობით დგინდებოდა რ. გ-ის მიერ მიღებული შემოსავლის ოდენობა, წყარო და პერიოდულობა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არამართებულად იქნა ასახული წინა პერიოდში რეგულარულად ჩარიცხული ხელფასი არარეგულარულ ფულად შემოსავალში. აღნიშნული, თავის მხრივ, ცხადჰყოფს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე მიღებას.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რაც მოცემულ საქმეში სახეზეა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს ადმინისტრაციული ორგანოს. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე მუხლებით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ არის გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები „ოჯახის დეკლარაციაში“ მითითებული მონაცემების გათვალისწინებით, შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა