დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1172 (კ-25) 18 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ე. რ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ე. რ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2024 წლის 1 ოქტომბრის №3189 განკარგულება „მიწის ნაკვეთზე ე. რ-ეის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“. ბ) დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ე. რ-ეის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით ე. რ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2024 წლის 1 ოქტომბრის განკარგულება №3189 „მიწის ნაკვეთზე ე. რ-ეის საკუთრების უფლება აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ე. რ-ეის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ქ. თბილისი, ..., დაზუსტებული ფართობი 818 კვ.მ მომიჯნავე 805 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, ...ს ქ. №...-ს მომიჯნავე) ე. რ-ეის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.
კასატორის განმარტებით, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 5 ივლისის №... წერილობითი მიმართვით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაიგზავნა ე. რ-ეის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მის: ქ. თბილისი, ..., დაზუსტებული ფართობი 818 კვ.მ, ს.კ ...) მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე (საერთო ფართობი 805 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარება. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად, ასევე, ადგილზე დათვალიერებით, არ დადგინდა ე. რ-ეის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე. შესაბამისად, კომისიამ მიზანშეუწონლად მიიჩნია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება ე. რ-ეის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციით. განმცხადებელს დაევალა საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარმოდგენა კომისიის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციის შესაბამისად. საქმეში წარმოდგენილი, ე. რ-ეის 2024 წლის 23 აგვისტოს №19/01242361369-55 განცხადებით ირკვევა, რომ განმცხადებელი არ დაეთანხმა კომისიის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარმოდგენისა და მიწის ნაკვეთზე კომისიის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციით საკუთრების უფლების აღიარებას.
კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და რეალური მდგომარეობა. კერძოდ, საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობას წარმოადგენს მიწის ნაკვეთის კანონის ამოქმედებამდე სარგებლობის ფაქტის დადასტურება, რისი დადგენაც შესაძლებელია ერთიანი სასაზღვრო მიჯნის არსებობით. განსახილველ შემთხვევაში, ორთოფოტოების (აეროფოტოგადაღების) მიხედვით, არ დასტურდებოდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთისა და განმცხადებლის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ერთიან სივრცეში არსებობის ფაქტი წარმოდგენილ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვით ნახაზზე დატანილი კონფიგურაციით. შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მიიჩნია, რომ მითითებული გარემოებები არ იძლეოდა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ე. რ-ე აღიარების კომისიაში წარმოდგენილ აზომვით ნახაზზე აღნიშნული კონფიგურაციით ფლობდა და სარგებლობდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთით (მოთხოვნილი კონფიგურაციით). აეროფოტოგადაღებები წარმოადგენს ერთადერთ უტყუარ ვიზუალურ მტკიცებულებას, რომელიც ასახავს კონკრეტული ტერიტორიის მდგომარეობას გადაღების ზუსტ დროში. მისი სიზუსტე კი, განპირობებულია იმით, რომ მასალა დაფიქსირებულია ტექნიკური საშუალებებით და არ ექვემდებარება სუბიექტურ ინტერპრეტაციას, რის შედეგადაც შესაძლებელია დადგენა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების იმ დროის მდგომარეობით. მოცემულ შემთხვევაში, 2005 და 2010 წლების მდგომარეობით, არ დგინდება საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა და მომიჯნავედ მოთხოვნილი (საერთო ფართობი 805 კვ.მ) მიწის ნაკვეთის ერთიან სივრცეში არსებობის ფაქტი. შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს სადავო მიწის ნაკვეთზე ე. რ-ეის საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობები. საქმეში არსებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ფოტოები მხოლოდ მათი შედგენის დროს არსებულ მდგომარეობას ასახავს და შეუძლებელია მათ საფუძველზე დადგინდეს - ახორციელებდა თუ არა ე. რ-ე მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივ ბატონობას 2007 წლამდე.
კასატორის განმარტებით, მნიშვნელოვანია დადგინდეს კანონის ამოქმედებამდე რა კონფიგურაციით ფლობდა ასაღიარებელ ფართს მოსარჩელე. 2024 წლის 29 ივნისის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე დატანილი კონფიგურაციით არ დასტურდება ე. რ-ეის საკუთრებაში არსებული ფართის და მომიჯნავედ მოთხოვნილი ფართის საზღვრების ერთიან სივრცეში არსებობა კანონის ამოქმედებამდე. 2024 წლის 12 სექტემბრის (ოქმი №63) ზეპირი მოსმენის სხდომაზე თავად მოსარჩელემ დაადასტურა, რომ მიწის ნაწილი არის შეღობილი და ადგილი არის გაყოფილი. ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე ე. რ-ეის საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობები არ არსებობს.
კასატორის განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით არ შეიძლება დადასტურდეს ე. რ-ეის მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვინაიდან, მოსარჩელის განმარტება და საქმეში არსებული ობიექტური მტკიცებულებები უპირისპირდება მოწმეთა ჩვენებებს. თავის მხრივ, მოწმეთა ჩვენებების კრიტიკულად შეფასების უზრუნველსაყოფად, სასამართლომ უნდა შეისწავლოს და ურთიერთშეაჯეროს ის მტკიცებულებები ერთობლიობაში, რომელიც ცალსახად ადგენს, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი არ წარმოადგენს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს და საქმეში არც ადმინისტრაციული წარმოების და არც სასამართლო დავის მიმდინარეობის პროცესში არ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულებები, რაც კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკანონობას დაადასტურებდა. საქმეზე დადგენილი გარემოებები ცალსახად გამორიცხავს მოსარჩელის მიერ კანონის ამოქმედებამდე სადავო მიწის ნაკვეთის ფლობა-სარგებლობის ფაქტს, რაც საკუთრების უფლების აღიარების აუცილებელი წინაპირობაა. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად არასწორად შეაფასა განსახილველი საკითხი. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოწინააღმდეგე მხარეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რადგან, სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2024 წლის 1 ოქტომბრის №3189 განკარგულების კანონიერება მიწის ნაკვეთზე ე. რ-ეის საკუთრების უფლების აღარებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ..., ს.კ. №..., ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 818 კვ.მ; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2, 2020 წლის 22 სექტემბრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ე. რ-ეის სახელზე (ს.ფ. 13-14); ბ) 2024 წლის 21 მაისს ე. რ-ემ №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მის: ქ. თბილისი, ...; დაზუსტებული ფართობი - 818 კვ.მ, ს.კ. №...) მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე (საერთო ფართობი 805 კვ.მ) საკუთრების უფლების რეგისტრაცია (ს.ფ. 16-25); გ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 5 ივლისის №... წერილით, ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა ე. რ-ეის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი განცხადება საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის თაობაზე და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, ... (ს.ფ. 142-167); დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2024 წლის 8 აგვისტოს ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად, ე. რ-ეის საკუთრებაში რეგისტრირებული და ასაღიარებელი ფართი მოქცეულია ერთიან სივრცეში, შემოღობილია მავთულბადით და მეტალის თუნუქით. ასევე, არის მრავალწლიანი ნარგავები (ს.ფ. 94); ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2024 წლის 1 ოქტომბრის №3189 განკარგულებით, ე. რ-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მის: ქ. თბილისი, ...ს ქ. №...-ს მომიჯნავე, საერთო ფართობი - 805 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე. განკარგულების თანახმად, არ დადგინდა ე. რ-ეის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. შესაბამისად, კომისიამ მიზანშეუწონლად მიიჩნია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციით. განმცხადებელს დაევალა საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარდგენა კომისიის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციის შესაბამისად. თუმცა, ე. რ-ეის 2024 წლის 23 აგვისტოს №... განცხადებით ირკვევა, რომ იგი არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარდგენისა და მიწის ნაკვეთზე კომისიის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციით საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, რაც დაინტერესებულმა პირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კომისიის 2024 წლის 12 სექტემბრის ზეპირი მოსმენის სხდომაზე (ს.ფ. 32-33); ვ) საქმეში წარმოდგენილია სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები, რომლითაც ე. რ-ეის მეზობლები - ს. ჩ-ი, ნ. ბ-ი, ი. ს-ი, ქ. ქ-ე, კ. კ-ი და დ. ბ-ი ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე 818 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) მომიჯნავედ მდებარე 805 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთს დღევანდელი მდგომარეობით ფლობს ე. რ-ე ოჯახთან ერთად. აღნიშნული 805 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი ემიჯნება 818 კვ.მ ფართის საკარმიდამო მიწის ნაკვეთს (ს.კ. ...), გაერთიანებულია მასთან ერთ ნაკვეთად (როგორც ცნობილია 1980-იანი წლებიდან), რომელიც წარმოადგენს ერთიან საკარმიდამო მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით. იგი ათეული წლებია შემოსაზღვრულია ერთიანი ღობით, რომლის მდებარეობაც დღემდე არ შეცვლილა და სრულად შეესაბამება თავდაპირველ მდებარეობას. ამ ერთიან საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, რომლის ფართიც შესაბამისად შედგება რეგისტრირებული 818 კვ.მ ფართისა და დაურეგისტრირებელი 805 კვ.მ ფართისაგან, როგორც მათთვის ცნობილია, ჯერ კიდევ 1980-იანი წლებიდან ფლობდნენ ე. რ-ეის მშობლები და მათთან ერთად ე. რ-ე. ამდენად 805 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთს ათეული წლებია ფლობს იგი და დღევანდელი მდგომარეობით სარგებლობს. განცხადებებში ასევე აღნიშნულია, რომ 805 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის 29.06.2024წ. შესრულებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით და მდებარეობის ამსახველ სიტუაციურ ნახაზებში ასახული მდებარეობა, კონფიგურაცია და ფართობი სრულად შეესაბამება ნაკვეთის დღევანდელი მდგომარეობით არსებულ ფაქტიურ მდებარეობას, კონფიგურაციასა და ფართობს. ნაკვეთის ეს მონაცემები ათეული წლებია არ შეცვლილა და შეესაბამება თავდაპირველ მონაცემებს. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით განმცხადებლებს პრეტენზია არ გააჩნიათ და აცხადებენ თანხმობას, რომ ე. რ-ემ დაიკანონოს საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მიხედვით წარდგენილი აღნიშნული 805 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით, რასაც ადასტურებენ ხელმოწერით (ს.ფ. 69-70; 87-92);
საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა (1 მუხლი). ამავე კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; მითითებული კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწის ნაკვეთები: ა) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული; ბ) თვითნებურად დაკავებული.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია), საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა: ა) პირუტყვის გადასარეკი ტრასა; ბ) წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; გ) სახელმწიფო ტყის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც დაკავებულია ფიზიკური პირის ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ, რომლის საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია სახელმწიფო ტყის მართვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის შესაბამისად და რომლის ამორიცხვა ხელს არ შეუშლის სახელმწიფო ტყის მართვისა და დაცვის განხორციელებას; დ) დაცული ტერიტორია, გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა; ე) რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია, გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებისა; ვ) ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლები; ზ) საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი; თ) თუ მასზე განთავსებულია წყალსაცავი, ჰიდროტექნიკური ნაგებობა და ამ ობიექტების სანიტარიულ-დაცვითი ზონები; ი) თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები; კ) სპეციალური დანიშნულების (თავდაცვისა და მობილიზაციისათვის განკუთვნილი) მიწის ნაკვეთები; ლ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას; მ) სასაფლაო და პანთეონი; ნ) სანიტარიული და დაცვითი ზონები; ო) თუ იგი განკუთვნილია ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენებისა და მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა და მიწისზედა საშუალებების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის; პ) საძოვარი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2024 წლის 21 მაისს ე. რ-ემ №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში საკუთრებაში არსებული 818 კვ.მ უძრავი ქონების მომიჯნავე 805 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 5 ივლისის №... მიმართვით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა ე. რ-ეის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი და სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია. ასევე დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2024 წლის 1 ოქტომბრის №3189 განკარგულებით ე. რ-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ არ დადგინდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. განმცხადებელს დაევალა მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა კომისიის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციის შესაბამისად. ე. რ-ე 2024 წლის 23 აგვისტოს №... განცხადებით არ დაეთანხმა გადაწყვეტილებას კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარდგენისა და მიწის ნაკვეთზე კომისიის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციით საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
პალატა იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები, ვინაიდან გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საკმარის დასაბუთებას.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესითა და ამ კანონით დადგენილი წესით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ე. რ-ეის მიერ №... განაცხადით სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი უძრავი ქონება წარმოადგენს მის საკუთრებაში ს.კ. ... რეგისტრირებული უძრავი ქონების მომიჯნავე ნაკვეთს.
საქმის მასალებში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებების თანახმად, ე. რ-ეის მეზობლები - ს. ჩ-ი, ნ. ბ-ი, ი. ს-ი, ქ. ქ-ე, კ. კ-ი და დ. ბ-ი ადასტურებენ, რომ ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე 818 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) მომიჯნავედ მდებარე 805 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთს დღევანდელი მდგომარეობით ფლობს ე. რ-ე ოჯახთან ერთად. აღნიშნული 805 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი ემიჯნება 818 კვ.მ ფართის საკარმიდამო მიწის ნაკვეთს გაერთიანებულია მასთან ერთ ნაკვეთად (როგორც ცნობილია 1980-იანი წლებიდან), რომელიც წარმოადგენს ერთიან საკარმიდამო მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით. ათეული წლებია შემოსაზღვრულია ერთიანი ღობით, რომლის მდებარეობაც დღემდე არ შეცვლილა და სრულად შეესაბამება თავდაპირველ მდებარეობას. ამ ერთიან საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, როგორც მათთვის ცნობილია ჯერ კიდევ 1980-იანი წლებიდან ფლობდნენ ე. რ-ეის მშობლები და მათთან ერთად ე. რ-ე. ამდენად 805 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთს ათეული წლებია ფლობს იგი და დღევანდელი მდგომარეობით სარგებლობს მისით. განცხადებებში ასევე აღნიშნულია, რომ 805 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის 29.06.2024 წელს შესრულებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით და მდებარეობის ამსახველ სიტუაციურ ნახაზებში ასახული მდებარეობა, კონფიგურაცია და ფართობი სრულად შეესაბამება ნაკვეთის დღევანდელი მდგომარეობით არსებულ ფაქტიურ მდებარეობას, კონფიგურაციასა და ფართობს. ნაკვეთის ეს მონაცემები ათეული წლებია არ შეცვლილა და შეესაბამება თავდაპირველ მონაცემებს. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2024 წლის 8 აგვისტოს ადგილზე დათვალიერების ოქმს, რომლის თანახმად, ე. რ-ეის საკუთრებაში რეგისტრირებული და ასაღიარებელი ფართი მოქცეულია ერთიან სივრცეში, შემოღობილია მავთულბადით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო აქტი მიღებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის გამოკვეთილი კონკრეტულად რა გარემოებებს დაეყრდნო კომისია დასკვნის გაკეთების პროცესში და არ დგინდება, მოხდა თუ არა განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციისა და მიწის ნაკვეთის რეალური მდგომარეობის სრულყოფილად შესწავლა-გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. კომისია ვალდებულია წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. ვინაიდან სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს, სახეზეა სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
პალატა ამასთანავე აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს არ ევალება კონკრეტული შინაარსის ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, ასეთ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი უქმდება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, შესაბამისად, გამოსაცემი აქტის შინაარსი დამოკიდებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგებზე, ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
გ. უბილავა