დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1340(2კ-25) 19 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობა
კასატორი (მოპასუხე)- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე - ი. ბ-ი (ე. შ-აის უფლებამონაცვლე)
მესამე პირები (ასკ-ის 16.2) - კა. (კ.) ა-ა, თ. შ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 აპრილის განჩინება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 20 იანვარს ე. შ-ამა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, სახელმწიფომ 9.10.1972წ. N1781 ორდერით მის ოთხსულიან ოჯახს: რ., თა., ე. შ-აებს და ტ. მ-ის მუდმივ ფლობა-სარგებლობაში გადასცა ქ. თბილისში, ...ს ქუჩაზე მდებარე N73 ბინა. მოსარჩელემ 23.07.2020წ. განცხადებით მიმართა ჩუღურეთის რაიონის გამგეობას და მოითხოვა ზემოაღნიშნული ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წერილით განმცხადებლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რადგან საპრივატიზაციო ფართში ასევე რეგისტრირებულნი არიან სხვა კანონიერი მოსარგებლეები: კ. ა-ა და თ. შ-ი, რომელთაც ნოტარიულად არ გაუციათ თანხმობა საკუთრების მიღების უფლების დათმობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული პირები არ წარმოადგენენ სადავო უძრავი ნივთის ფაქტობრივ მოსარგებლეებს, მათ დატოვეს საქართველო. მოსარჩელემ ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 27.07.2020წ. წერილი ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 17.12.2020წ. N1712 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული აქტი იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სადავო უძრავი ქონების 1/6 წილის (თ. ხ-ის წილის) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე, ძალაში დარჩა გასაჩივრებული აქტი იმ ნაწილში, რომლითაც განმცხადებელს უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ს ქ. N3-ში მდებარე ბინის 2/6 წილი (კ. ა-ას და თ. შ-ის წილი) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე.
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2020 წლის 27 ივლისის №33-012020932 წერილისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 17 დეკემბრის N1712 ბრძანებis მე-3 პუნქტის ნაწილში ბათილად ცნობა. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა თბილისის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობისთვის ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა N3-ში მდებარე N73 ბინის 2/6 ნაწილის მოსარჩელის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მარტის განჩინებით ე. შ-აის სარჩელზე შეჩერდა საქმის წარმოება მოსარჩელის უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით საქმეში ე. შ-აის უფლებამონაცვლედ ჩაერთო ი. ბ-ი და განახლდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 მაისის განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით ჩაერთნენ კა. (კ.) ა-ა (დაბადებული ... წელს) და თ. შ-ი (დაბ: ...წ).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 17 დეკემბრის N1712 ბრძანება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2020 წლის 27 ივლისის №33-012020932 წერილის ძალაში დატოვების ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2020 წლის 27 ივლისის №33-012020932 წერილი და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას დაევალა, საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 აპრილის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-3, მე-4, მე-2 მუხლებზე. სააპელაციო პალატის მითითებით, ზემოაღნიშნული წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის “დ” ქვეპუნქტი ითვალისწინებს არა საპრივატიზებო ფართის სარგებლობის უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული პირის თანხმობას, არამედ - საპრივატიზებო ფართის კანონიერი მოსარგებლის თანხმობის საჭიროებას, რომელსაც აქვს ბინის საკუთრებაში მიღების უფლება და ამგვარი თანხმობით თმობს ამ უფლებას. საპრივატიზებო ფართზე პირის კანონიერი სარგებლობის ფაქტი უნდა დადგინდეს როგორც სარგებლობის უფლების, ასევე მფლობელობის განხორციელების გზით.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის სადავოდ ქცეული წერილით ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა N3-ში არსებული N73 ბინის ½ ნაწილის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ე. შ-აის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ დაინტერესებულმა პირმა ვერ წარადგინა მითითებულ ბინაში პირთა ჩაწერის ამსახველ დოკუმენტში (ფორმა N17) აღნიშნული პირების - კ. ა-ასა და თ. შ-ის თანხმობა ე. შ-აის სახელზე ბინის პრივატიზებაზე.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განმხილველმა ორგანომ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ბინის პრივატიზებისას კონკრეტული პირების თანხმობის საჭიროება დაადგინა იმ პირობებში, რომ არ უმსჯელია, წარმოადგენდნენ თუ არა ისინი კანონიერ მოსარგებლეებს ან/და ჰქონდათ თუ არა შესაბამისი ბინის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება, აღნიშნული გამოკვლეული უნდა ყოფილიყო დაინტერესებული პირების საქმეში ჩართვითა და იმ გარემოებების შეფასებით, რა პერიოდში ფლობდნენ ისინი განსახილველ ბინას, იყვნენ თუ არა რეგისტრირებულნი შესაბამის მისამართზე 2007 წლის 2 თებერვლამდე და რა მდგომარეობა იყო საქმის განხილვის დროისათვის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, N189 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, იმისთვის, რომ პირი ჩაითვალოს კანონიერ მოსარგებლედ აუცილებელია ორი პირობის ერთდროულად არსებობა: პირს უნდა ჰქონდეს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ამავე დროს, იგი ფაქტობრივად უნდა ფლობდეს საპრივატიზებო ფართს. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, თ. შ-ის და კა. ა-ის გააჩნიათ ქ. თბილისში, ...ს ქ. N3-ში მდებარე N73 ბინის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ფაქტობრივ ფლობასთან დაკავშირებით, საყურადღებოა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 15.05.2017წ. წერილი, რომლის თანახმად, ზემოაღნიშნულ მისამართზე 1997 წლის 13 ივნისიდან დღემდე რეგისტრირებულია კა. ა-ია. ის გარემოება, რომ კა. ა-ია და თ. შ-ი არ წარმოადგენენ საპრივატიზაციო ფართის ფაქტობრივ მფლობელებს საქმეში წარმოდგენილი არცერთი დოკუმენტით არ დასტურდება. დღევანდელი მდგომარეობით სადავო ფართზე ზემოაღნიშნული პირების მხრიდან პრეტენზიის გაუცხადებლობა არ გამორიცხავს მათი მხრიდან მომავალში უფლების რეალიზებას. სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში არ მიუთითებია კონკრეტულ მტკიცებულებასა თუ სამართლებრივ ნორმაზე, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გამოყენებული თუ შეფასებული.
კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობა საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ მიუთითებია იმ არსებით დარღვევაზე, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2020 წლის 27 ივლისის №33-012020932 წერილისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 17 დეკემბრის N1712 ბრძანების მე-3 პუნქტის ნაწილში ბათილად ცნობა. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა ქალაქ თბილისის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობისთვის ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა N3-ში მდებარე N73 ბინის 2/6 ნაწილის, მოსარჩელის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საქმეში დაცული სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის არქივის 2017 წლის 20 იანვრის NAA2017000762-03 საარქივო ცნობის მიხედვით, თბილისის კალინინის რაიონის აღმასკომის 1972 წლის 23 აგვისტოს N1281 გადაწყვეტილებით რ. ო.-ს ძე შ-ი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ბინით და ამავე რაიონის საბინაო განყოფილებამ 1972 წლის 9 ოქტომბერს მასზე გაიცა ბინის მიღების ორდერი N1781.
კალინინის სახ. მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1972 წლის 9 ოქტომბრის N1781 ორდერის მიხედვით, რ. ო.-ს ძე შ-ის 4-სულიან ოჯახს („შ-ი რ.ო, მ-ი ტ.ე. (მეუღლე), შ-ი თ.რ. (შვილი), შ-ი ე.რ. (შვილი)) მიეცა უფლება, დაეკავებინა ...ს N3 კორპუსის მე-4 სადარბაზოს მე-4 სართულზე არსებული N73 ბინა (ორი ოთახი).
17.03.2017წ. სანოტარო აქტის თანახმად, ე. შ-ამა სრულად მიიღო
2005 წლის 4 თებერვალს გარდაცვლილი დედის - ტ. მ-ის სამკვიდრო ქონება, მათ შორის, რ. შ-ის მთელი სამკვიდრო ქონება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 16.10.2017წ. ე. შ-აზე გაცემული N22 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა N3-ში მდებარე კორპუსის მე-4 სადარბაზოს მე-4 სართულზე არსებული 62,76 კვ.მ ფართობის N73 ბინის ½ ნაწილზე აღირიცხა ე. შ-აის საკუთრების უფლება.
სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ, 17.03.2020წ. სანოტარო აქტით ე. შ-ამა სრულად მიიღო 2008 წლის 29 ივლისს გარდაცვლილი ძმის - თა. შ-ის სამკვიდრო ქონება.
ე. შ-ამა 23.06.2020წ. მიმართა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას განცხადებით, რომლითაც მოითხოვა ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა N3-ში მდებარე კორპუსის N73 ბინის ½ ნაწილის მის საკუთრებაში გადაცემა. განმცხადებელმა წარადგინა: 1. მისი ოჯახისთვის ბინის გამოყოფის შესახებ საარქივო ცნობა; 2.ბინის მიღების N1781 ორდერი; 3. ე. შ-ააზე გაცემული N22 საკუთრების უფლების მოწმობა, 4. სანოტარო აქტები სამკვიდროს მიღების შესახებ (17.03.2017წ. და 17.03.2020წ.) 6. თ. ხ-ის გარდაცვალების მოწმობა, 7. სერვისების განვითარების სააგენტოს 3.06.2020წ. წერილი, 8.ი. ბ-ის, ს. და დ. ფ-იების სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობები, 9. აზომვითი ნახაზი. განმცხადებელს მოეთხოვა საპრივატიზებო ბინის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში (ფორმა N17) აღნიშნული პირების - კა. ა-იასა და თ. შ-ის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობები საკუთრების გაცემის მოთხოვნის უფლების სხვა კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ დათმობის შესახებ, საქართველოს მთავრობის 20.02.2014წ. N189 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 27.07.2020წ. წერილით მხარეს განემარტა, რომ ვინაიდან მან ვერ წარადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია, გამგეობა მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა განცხადება. ზემოაღნიშნული წერილი ე. შ-ამა ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 17.12.2020წ. ბრძანებით 1. ე. შ-აის ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; 2. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2020 წლის 27 ივლისის N33-012020932 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იმ ნაწილში, რომლითაც განმცხადებელს უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ს ქუჩა N3-ში მდებარე N73 ბინის 1/6 ნაწილის (თა. შ-ის წილი) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას მითითებულ ნაწილში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდგომ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; 3. ძალაში დარჩა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2020 წლის 27 ივლისის N33-012020932 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იმ ნაწილში, რომლითაც განმცხადებელს უარი ეთქვა სადავო ბინის 2/6 წილის (კ. ა-ას და თ. შ-ის წილი) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 20.02.2014წ. №189 დადგენილებით დამტკიცებულ „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესზე“, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს.
მითითებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ არაპრივატიზებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობზე პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის საჭიროა ორი პირობის კუმულაციურად არსებობა, კერძოდ, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის არსებობა და ფიზიკური პირის მხრიდან არაპრივატიზირებული საცხოვრებელი (არასაცხოვრებელი) ფართის ფლობა-სარგებლობის ფაქტი.
მითითებული წესის მე-4 მუხლის მიხედვით, კანონიერი მოსარგებლე ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში წარადგენს წერილობით განცხადებას არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერი მოსარგებლის წერილობით განცხადებას ფართის საკუთრებაში გადაცემის შესახებ უნდა დაერთოს: არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო წარმომადგენლობის შემთხვევაში, დამატებით წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის აზომვითი ნახაზი; დ) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები), თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ; ე) გარკვეული პირობით დროებით გადაცემული არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი უარი უფლებამოსილი ორგანოსაგან პირობის შესრულების მოთხოვნაზე, რომელიც დამოკიდებული იქნება მისი განცხადების დაკმაყოფილების პირობაზე; ვ) დროებით გადაცემული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ 2007 წლის 2 თებერვლამდე აღნიშნულ ფართობზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი; ზ) ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლში არსებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობთან ერთად შესაბამისი მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, აგრეთვე ინფორმაცია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან (ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვა).
საგულისხმოა, რომ მოსარჩელის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი მხრიდან მოთხოვნილი ბინის ფაქტობრივი მფლობელობა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს სადავოდ არ გაუხდიათ. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში დაეფუძნა იმ გარემოებაზე მითითებას, რომ ე. შ-ამა ვერ წარადგინა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, სადავო ფართის კანონიერი მოსარგებლეების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობები მასზედ, რომ ეს უკანასკნელნი საკუთრების გაცემის მოთხოვნის უფლებას სხვა კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ თმობენ. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ფორმა N17-ის მიხედვით, ქ. თბილისში, ...ს ქ. N3-ში, N73 ბინაში ირიცხებიან: რ. შ-ი, ტ. მ-ი, თა. შ-ი, ე. შ-აი, კ. ა-ა და თ. შ-ი.
საკასაციო სასამართლო საქართველოს მთავრობის 20.02.2014წ. №189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის" მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ კანონიერი მოსარგებლის წერილობით განცხადებას არაპრივატიზებული საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის შესახებ უნდა ერთვოდეს კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული პირის (პირების) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომლითაც იგი სხვა მოსარგებლის სასარგებლოდ თმობს უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოხსენებულ მუხლში მითითებული პირის მიერ გაცემული თანხმობა ვალიდურია ორი წინაპირობის კუმულაციურად არსებობის შემთხვევაში, კერძოდ, მას უნდა გააჩნდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი და ამავდროულად იგი კანონიერად უნდა სარგებლობდეს საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი ფართობით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. საქართველოს ზოგადი დმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა)გამოითხოვოს დოკუმენტები, ბ)შეაგროვოს ცნობები გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ)დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე)დანიშნოს ექსპერტიზა, ვ)გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, ზ)მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან საქმეში დაცული დოკუმენტაციით დგინდება ქ. თბილისში, ...ს ქ. N3-ში, ბინა N73-ში კა. ა-იას და თ. შ-ის ჩაწერის ფაქტი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სადავო უძრავი ქონების მიმართ დაედგინა ზემოაღნიშნულ პირთა სამართლებრივი ინტერესი და შეეფასებინა მათთვის უძრავი ნივთის საკუთრებაში მიღების ლეგიტიმური მოლოდინი, რა დროსაც ასევე მოძიებული და გამოკვლეული უნდა ყოფილიყო კა. ა-იას და თ. შ-ის მიერ სადავო ბინის ფლობა/არფლობის ფაქტი და აღნიშნულის წარმომშობი მიზეზები. ამ მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას უნდა უზრუნველეყო ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ პირთა ჩაბმა, საქმის გარემოებების სრულყოფილად შეფასება, მათ შორის, კა. ა-ი და თ. შ-ი რა პერიოდში ფლობდნენ სადავო ბინას, 2007 წლის 2 თებერვლამდე იყვნენ თუ არა რეგისტრირებულნი შესაბამის მისამართზე. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ასევე გამოარკვიოს კა. ა-იას და თ. შ-ის იურიდიული ინტერესი სადავო ქონების მიმართ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2020 წლის 27 ივლისის №33-012020932 წერილის ასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობისთვის საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემის დავალება. ასევე მართებულად იქნა ბათილად ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 17 დეკემბრის N1712 ბრძანება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2020 წლის 27 ივლისის №33-012020932 წერილის ძალაში დატოვების ნაწილში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 აპრილის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა