დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 23.04.2026
საქმის ნომერი
ბს-1397(2კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1397(2კ-25) 23 აპრილი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი(მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური

კასატორი (მოპასუხე)-ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე)- მ. ყ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 თებერვლის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 25 მარტს მ. ყ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, არქიტექტურის სამსახურს 24.04.2019წ. მიმართა განცხადებით, რომლითაც მოითხოვა მის საკუთრებაში არსებულ ფართში კიბის უჯრედის მოწყობის და კარის ჩაჭრის ნებართვის მიღება. მოსარჩელე მხარეს 2019 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით ეცნობა, რომ არქიტექტურის სამსახურს შესაძლებლად არ მიაჩნდა წარმოდგენილი ფოტომონტაჟის მიხედვით სარდაფში ჩასასვლელი კიბის მოწყობის თაობაზე შესაბამისი წერილობითი თანხმობის გაცემა. ადმინისტრაციულმა ორგანომ საკუთარი პოზიცია დაასაბუთა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილება მოგვიანებით შესაძლოა გამხდარიყო სხვა პირთა მიერ ანალოგიური მოთხოვნების წარდგენისა და მსგავსი პრეცედენტების დამკვიდრების საფუძველი. მოსარჩელემ 7.05.2019წ. არქიტექტურის სამსახურს წარუდგინა ფოტომასალა, რომლითაც დგინდებოდა, რომ მის საცხოვრებელ კორპუსში უკვე არსებობდა მსგავსი ტიპის კიბის უჯრედებისა და ღიობების მოწყობის პრეცედენტები. სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 13.05.2019წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეს განცხადების დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი სზაკ-ის 102-ე მუხლის საფუძველზე. მხარემ 16.05.2019წ. კვლავ მიმართა არქიტექტურის სამსახურს მის საკუთრებაში არსებულ ფართზე კიბის უჯრედის მოწყობისა და კარის ჩაჭრის შესაძლებლობის დადასტურების მოთხოვნით, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს 21.05.2019წ. №... გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, საპროექტო ობიექტის ქალაქის გეგმარებით კარკასზე მდებარეობის გამო. მოსარჩელემ ადმინისტრაციული ორგანოს უარი გაასაჩივრა საჩივრით, რომელიც არ დაკმაყოფილდა.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 21 მაისის №... გადაწყვეტილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 4 დეკემბრის №1907 ბრძანების ბათილად ცნობა; მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისთვის, №... განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 21 მაისის №... გადაწყვეტილება და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. ყ-ის 2019 წლის 16 მაისის №... განცხადებასთან მიმართებით; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 4 დეკემბრის №1907 ბრძანება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრებით გაასაჩივრეს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 თებერვლის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ...ს ქ. N2, ბინა N..., (ს/კ ...) რეგისტრირებულია ვ. ყ-ი (69.00 კვ.) და მ. ყ-ის (21.00 კვ.მ) თასაკუთრების უფლება. თანამესაკუთრეთა შეთანხმებით, 2019 წლის 29 ნოემბერს, უძრავი ნივთი დაყოფის საფუძველზე, მ. ყ-ის საკუთრებად აღირიცხა 37.38 კვ.მ ფართი. 16.05.2019წ. მ. ყ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №2-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე I კლასის სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობის დადასტურება მოითხოვა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 21 მაისის №... გადაწყვეტილებით, მ. ყ-ის 2019 წლის 16 მაისის განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქის გეგმარებით კარკასზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შენობა-ნაგებობებს და მათზე განთავსებულ კონკრეტული დეტალების ვიზუალურ მხარეს, რის გამოც სამსახურმა შესაძლებლად არ მიიჩნია წარდგენილი ფოტომონტაჟის მიხედვით სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მ. ყ-იმა გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 4.12.2019წ. N1907 ბრძანებით მ. ყ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შპს ... „ბ...“-ის 2023 წლის 11 სექტემბრის საექსპერტო კონსტრუქციული დასკვნაზე, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №2-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (შენობა №1/4-ის) ნახევარსარდაფის სართულში, მოქ. მ. ყ-ის კუთვნილი ბინის (საკადასტრო კოდი: №..., ყოფილი ბინა №...) ფასადზე ჩასატარებელი სარეკონსტრუქციო სამუშაოები (არსებული ფანჯრის ღიობის ჩაღრმავება, კარის ღიობის და ნახევარსარდაფში ჩასასვლელი კიბის მოწყობა), წარდგენილი ფოტომონტაჟის შესაბამისად, შპს „ბ...“-ს შესაძლებლად და უსაფრთხოდ მიაჩნია.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე-4, 65-ე, 66-ე, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების“ მე-2 და მე-3 მუხლებზე. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქის გეგმარებით კარკასზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შენობა-ნაგებობებს და მათზე განთავსებული კონკრეტული დეტალების ვიზუალურ მხარეს. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება არ შეიცავდა სათანადო დასაბუთებას, თუ რა სახის შეუსაბამობას გამოიწვევდა ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოები, მით უფრო მაშინ, როდესაც საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ კორპუსის ერთიანი იერსახე დარღვეულია, მოწყობილია კიბის უჯრედები და ღიობები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მართებულად ცნო ბათილად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 21.05.2019წ. №... გადაწყვეტილება და მოპასუხეს მართებულად დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ არსებობდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 4.12.2019წ. N1907 ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 თებერვლის განჩინება საკასაციო საჩივრებით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური მიუთითებს „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის N13-35 დადგენილების მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე. კასატორმა განმარტა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხისმგებელია არქიტექტურის სამსახური, რომელსაც მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვროს ამა თუ იმ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზანშეწონილობა. განსახილველ შემთხვევაში, არქიტექტურის სამსახურმა გაითავალისწინა საჯარო და კერძო ინტერესები, ვინაიდან საპროექტო ტერიტორია მდებარეობდა ქალაქის გეგმარებით კარკასზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შენობა-ნაგებობებს და მათზე განთავსებული კონკრეტული დეტალების ვიზუალურ მხარეს, მხარეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე კანონიერად ეთქვა უარი. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში დაცული მტკიცებულებებით ვერ დგინდება, რომ იდენტური ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას არქიტექტურის სამსახურმა სხვა პირთან მიმართებაში განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასამართლოთა მითითებას თანასწორობის პრინციპის დარღვევაზე და ამ მოტივით სარჩელის დაკმაყოფილებას.

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში არ არის მსჯელობა თუ რატომ მიენიჭა უპირატესობა კერძო ინტერესს საჯარო ინტერესთან შედარებით. მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებები დაეფუძნა საჯარო ინტერესის არსებობას, რაც გამოიხატება ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით ერთიანი პოლიტიკის გატარებასა და ქალაქის განაშენიანების, მისი იერსახის გაუმჯობესება/შენარჩუნებაში. არქიტექტურის სამსახურის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება მშენებლობის ნებართვების გაცემა, შესაბამისად, გაუმართებელია აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებაში არსებითი ხასიათის ჩარევა. დაუსაბუთებელია სასამართლოს პოზიცია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაირღვა თანასწორობის პრინციპი. მოსარჩელის მიერ არქიტექტურის სამსახურში წარდგენილი ფოტომონტაჟიდან ცალსახად იკვეთება, რომ დაგეგმილი რეკონსტრუქციის განხორციელება გამოიწვევს ვიწრო ტროტუარის სივრცის კიდევ უფრო შემცირებას, შეიზღუდება ქვეითთა გადაადგილება. მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სხვა რეკონსტრუქციული ობიექტები განლაგებულია საფეხმავლო ბილიკის ტროტუარისგან მოშორებით, რაც მიუთითებს მოცემული შემთხვევისგან განსახვავებულ ფაქტობრივ მდგომარეობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 23 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 12 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 21 მაისის №... გადაწყვეტილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 4 დეკემბრის №1907 ბრძანების კანონიერება. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა მოსარჩელის განცხადების (I კლასის სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობის დადასტურება) დაკმაყოფილების შესახებ მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება.

დადგენილია, რომ ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა №2, ბინა №...-ში (საკადასტრო კოდი №...) რეგისტრირებული იყო ვ. ყ-ის (69.00 კვ.მ.) და მ. ყ-ის (21.00 კვ.მ.) თანასაკუთრების უფლება. თანამესაკუთრეთა შეთანხმებით, 2019 წლის 29 ნოემბერს, უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე, მ. ყ-ის საკუთრებად აღირიცხა 37.38 კვ.მ. ფართი. 2023 წლის 28 ივნისს, საჯარო რეესტრის ჩანაწერებში განხორციელებული ტექნიკური ხარვეზის შესწორების შედეგად, მ. ყ-ის საკუთრებად დარეგისტრირდა ბინა №..., საკადასტრო კოდით: №....

მ. ყ-იმა 2019 წლის 16 მაისს განცხადებით მიმართა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №2-ში, მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ №...) I კლასის სარეკოსტრუქციო სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობის დადასტურება მოითხოვა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 21 მაისის №... გადაწყვეტილებით, მ. ყ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ დასაბუთებით, რომ საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქის გეგმარებით კარკასზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შენობა-ნაგებობებს და მათზე განთავსებულ კონკრეტული დეტალების ვიზუალურ მხარეს, რის გამოც სამსახურს შესაძლებლად არ მიაჩნდა წარდგენილი ფოტომონტაჟის მიხედვით სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება. მ. ყ-იმა ადმინისტრაციული საჩივრით ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 4 დეკემბრის №1907 ბრძანებით, მ. ყ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 93-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის შეტყობინება ან მშენებლობის ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად კი, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (ძალადაკარგულია 02.03.2020წ. N139 დადგენილებით) 36-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე კანონქვემდებარე აქტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება.

ზემოაღნიშნული დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა)“, ხოლო ამავე პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის თანახმად, I კლასს განეკუთვნება ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟი. თუ აღნიშნული სამუშაოები ეხება შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, ამ დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, დამკვეთი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე მოიპოვოს შესაბამისი დასკვნა განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ. ამავე დადგენილების 66-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი, დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. მითითებული სამართლებრივი ნორმის მე-7 პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებელობას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს არქიტექტურული პროცესების მართვა - დადგენილი წესით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათში ცვლილებების შეტანა, ხოლო „ნ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არქიტექტურის სამსახურის ერთ-ერთი ფუნქციაა სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის გატარება, ამ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება.

განსახილველ შემთხვევაში, მ. ყ-ის მოთხოვნას წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი ფოტომონტაჟის შესაბამისად, სარეკონსტრუქციო სამუშაოების, კერძოდ, საპროექტო ობიექტზე არსებული ფანჯრის ღიობში კარის და კიბის მოწყობის დადასტურება.

ადმინისტრაციული ორგანო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს და უარის თქმის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქის გეგმარებით კარკასზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შენობა-ნაგებობების და მათზე განთავსებული დეტალების ვიზუალურ მხარეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დაცულ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 19.05.2023წ. ფაქტების კონსტატაციის ოქმზე, რომელშიც ასახულია ქ. თბილისში, ...ს ქუჩა N2-ში არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტით დასტურდება, რომ მითითებულ მისამართზე მდებარე რამდენიმე უძრავ ნივთზე ნაწარმოებია პირველი კლასის მშენებლობა, მათ შორის მოწყობილია კიბის უჯრედი და შესასვლელი კარი. საყურადღებოა შპს ... „ბ...“-ის 11.09.2023წ. საექსპერტო კონსტრუქციული დასკვნა, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №2-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (შენობა №1/4-ის) ნახევარსარდაფის სართულში, მოქ. მ. ყ-ის კუთვნილი ბინის (საკადასტრო კოდი: №..., ყოფილი ბინა №...) ფასადზე ჩასატარებელი სარეკონსტრუქციო სამუშაოები (არსებული ფანჯრის ღიობის ჩაღრმავება, კარის ღიობის და ნახევარსარდაფში ჩასასვლელი კიბის მოწყობა), წარდგენილი ფოტომონტაჟის შესაბამისად, შპს „ბ...“-ს შესაძლებლად და უსაფრთხოდ მიაჩნია.

სზაკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, ყველა თანასწორია კანონის და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე, დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომის მიღება. თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, განსხვავებული მიდგომა საჭიროებს დიფერენციაციის მიზეზის დადგენას და შეფასებას. ამდენად, მსგავსი საკითხები არ უნდა წყდებოდეს განსხვავებულად, ხოლო განსხვავებული - ერთნაირად.

გარდა ამისა, სზაკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი და მე-5 ნაწილების შესაბამისად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 53-ე, 96-ე მუხ.).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია უფლებამოსილებათა განხორციელება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ხორციელდება არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე, რისთვისაც იგი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით და რის საფუძველზეც შესაძლებლობა აქვს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ განსაზღვროს ამა თუ იმ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზანშეწონილობა და მისი შესაბამისობა სამსახურის მიერ შემუშავებულ ქალაქის განვითარების პოლიტიკასთან, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულება უკიდეგანო არ არის და მის ფარგლებში თვითნებობის, დისკრიმინაციის, დისკრეციული უფლებამოსილების გადაჭარბების ან არამიზნობრივი გამოყენების გამოვლენა დაუშვებელია, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია არ ნიშნავს თანასწორობის ან კანონიერების პრინციპის უგულებელყოფას. დისკრეციული უფლებამოსილება სამართლებრივად შებოჭილი თავისუფლებაა. სასამართლო კონტროლი ამ პროცესზე მოიცავს კანონიერების და არა მიზანშეწონილობის საკითხებს, რა დროსაც გასათვალისწინებელია აგრეთვე მსგავს საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს ერთიანი პრაქტიკა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სადავო ბრძანება დაუსაბუთებელია, მიღებულია საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკლვევისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სათანადო შეფასების გარეშე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არქიტექტურის სამსახური ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც განსახილველ შემთხვევაში, არ განხორციელებულა. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება არ შეიცავს სათანადო არგუმენტაციას, კონკრეტულად რასთან იყო შეუსაბამო ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოები, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოში მხარის მიერ წარდგენილი მასალებით იკვეთებოდა კორპუსის ერთიანი იერსახის დარღვევის ფაქტები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან და საქმეში დაცული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება, მოსარჩელის მიერ წარდგენილი პროექტის ფარგლებში მითითებულ მისამართზე არსებული შენობის იერსახის დამახინჯების რეალურობა და სიცხადე.

საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის მიერ სარჩელზე დართულ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 08.05.2019წ. N... გადაწყვეტილებაზე (ტ.1, ს.ფ 35-36), რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ს ქუჩა N2-ში შესაძლებლად იქნა მიჩნეული განმცხადებლის კუთვნილი ფართის ფასადზე პირველი კლასის ობიექტის - კარის ღიობისა და კიბის უჯრედის მოწყობის სამუშაოების განხორციელება.

საკასაციო სასამართლო ყურადღება ამახვილებს საქმეში დაცული ფოტო-სურათებზე, რომლებიდანაც დგინდება, რომ მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე მსგავსი ტიპის სამუშაოები არაერთია, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება მ. ყ-ის განცხადების დაკმაყოფილებით კონკრეტული პრეცენდენტის დაშვების თაობაზე სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო გადაწყვეტილების საფუძვლად მითითებული მოტივები არ გამხდარა მსგავს შემთხვევაში იდენტური მოთხოვნის უარყოფის საფუძველი და ამასთან, არ ირკვევა თუ რამ განაპირობა განსხვავებული მიდგომა სადავო საქმეზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზირებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 21 მაისის №... გადაწყვეტილების სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობას და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მოპასუხისთვის მ. ყ-ის განაცხადთან დაკავშირებით ახალი აქტის გამოცემის დავალებას, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 4 დეკემბრის №1907 ბრძანების ბათილად ცნობას. ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევის შემდგომ, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შეაფასოს დადგენილი გარემოებები. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონიერების და მიზანშეწონილობის პრინციპის გათვალისწინებით უნდა მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). განსახილველ შემთხვევაში კასატორთა მიერ ვერ იქნა გაქარწყლებული ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილი გარემოებანი და სამართლებრივი შეფასებანი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) საკასაციო საჩივარზე 22.12.2025წ. N02183 და 12.01.2026წ. N00015 საგადახდო მოთხოვნებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 თებერვლის განჩინება;

3. ქალაქ თბილისის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22.12.2025წ. N02183 და 12.01.2026წ. N00015 საგადახდო მოთხოვნებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა