დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-19(კ-24) 6 ივლისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ე.ც-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; მესამე პირები - ფირმა „...“, მ.გ-ი, მ.მ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ე.ც-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა): ა) ბათილად იქნეს ცნობილი ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, ფირმა „...-ს“ ნაწილში (1/6 წილი); ბ) დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ფირმა „...-ს“ 1/6 წილი დარეგისტრირდება ე.ც-ის საკუთრებად.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა მ.გ-ი, ხოლო ამავე კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე - შპს „...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე.ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე.ც-იმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ივლისის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა მ.მ-ე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ივლისის განჩინებით ე.ც-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1993 წლის 21 აპრილის №5.32.153 გადაწყვეტილებით მიღებული იქნა ტექნიკური კომისიის წინადადება და ...ის ქუჩა №...-ში მოქალაქე თ.ა-ის და ნ.რ-ის, არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის მთავარი სამმართველოს 20.04.1993 წლის №ა-15 წერილის თანახმად, დაუმაგრდა საეზოვე მიწის ნაკვეთი ფართით 1250 კვ.მ და მასზე მოწყობილი ნაგებობები. 1993 წლის 26 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებით დგინდება, რომ უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე ფართი ა.გ-ემ (თ.ა-ის კანონიერმა მემკვიდრემ) თავისი წილი, თანაბარწილად მიჰყიდა ა.ც-ეს, ე.ც-ესა და ფირმა ,,...-ს“. ტექნიკური არქივის სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში აღრიცხულნი არიან თ.ა-ი, ნ. რ-ი, ა.გ-ე, ½ წილი ა.ც-ი; 1/6 წილი - ე.ც-ი და 1/6 წილი ფირმა ,,...“. ტექნიკური აღრიცხვის არქივის 2005 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, საბურთალოს რაიონში, ...ის ქუჩა №...-ში, 1250 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, 1993 წლის 26 ივნისის №... ნასყიდობის ხელშეკრულების (ნოტარიუსი: ბ-ე) საფუძველზე, აღრიცხულია ა.ც-ის, ე.ც-ის და ფირმა „...-ს“, ხოლო საბურთალოს რაიონის გამგეობის 1993 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით, ნ.რ-ის თანასაკუთრების უფლება. კერძოდ, აღნიშნულ უძრავ ქონების 1/2 ნაწილზე აღრიცხულია ა.ც-ის, ე.ც-ის და ფირმა „...-ს“ უფლება, ხოლო მეორე ნახევარზე ნ. რ-ის უფლება. ასევე, ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული 2011 წლის 07 თებერვლისა და 2019 წლის 25 ივნისის მონაცემების მიხედვით (ცნობა-დახასიათება), ქალაქ თბილისში, ...ას ქუჩა №...-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ მითითებულნი არიან: ა.ც-ი (ნასყიდობის ხელშეკრულება, ნოტარიუსი ბ-ე, №..., 26.06.1993), ე.ც-ი (ნასყიდობის ხელშეკრულება, ნოტარიუსი ბ-ე, №..., 26.06.1993), ნ. რ-ი (საბურთალოს რაიონის გამგეობის გადაწყვეტილება, №5.32.153, 21.04.1993) და ფირმა ,,...’’ (ნასყიდობის ხელშეკრულება, ნოტარიუსი ბ-ე, №..., 26.06.1993). აღნიშნულ ტექნიკური აღრიცხვის ბარათში მიწის ნაკვეთის საერთო ფართი მითითებულია 1250.00 კვ.მ, ხოლო შენობა-ნაგებობის ფართი: ლიტერი ა-ბ-ს (საცხოვრებელი) საერთო ფართი: 133.34 კვ.მ; საცხოვრებელი ფართი: 78.47 კვ.მ; დამხმარე ფართი: 54.87 კვ.მ; სარდაფის ფართი: 48.61 კვ.მ, ლიტერი ა-კ-დ-ვ-გ (დამხმარე) - საერთო ფართი: 63.39 კვ.მ; დამხმარე ფართი: 63.39 კვ.მ. 2018 წლის 22 ნოემბერს გაცემული კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობით დგინდება, რომ ნ.რ-ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე, მემკვიდრედ ცნობილი იქნა პირველი რიგის მემკვიდრე, შვილი - ლ. რ-ი. სამკვიდრო ქონებას შეადგენდა ქ. თბილისი, ...ას ქუჩა №...-ში მდებარე (ყოფილი ...ის ქუჩა №...) სახლთმფლობელობის ½ ნაწილი. 2019 წლის 08 ოქტომბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებით დგინდება, რომ ქალაქ თბილისი, ...ას ქუჩა №...-ში მდებარე უძრავი ქონების კუთვნილი წილი ლ.რ-იმა აჩუქა მ.გ-ის. 2019 წლის 22 აგვისტოს გაცემული სამკვიდრო მოწმობით დგინდება, რომ ა.ც-ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე, მემკვიდრედ ცნობილი იქნა პირველი რიგის მემკვიდრე, შვილი - ე.ც-ი. საჯარო რეესტრის 2019 წლის 11 ოქტომბრის ამონაწერის მიხედვით, ქალაქ თბილისში, ...ას (ყოფილი ...ის) ქუჩა №...-ში მდებარე 1250 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ №1, №2, №3 და №4 შენობა-ნაგებობებზე, საკადასტრო კოდი №... რეგისტრირებულია ე.ც-ის (2/6 ნაწილი), მ.გ-ის (3/6 ნაწილი) და თანამესაკუთრის საკუთრების უფლება. ამდენად დასტურდება, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის დაურეგისტრირებელი 1/6 ნაწილი ეკუთვნის ფირმა „...-ს“. ამასთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 თებერვალს გაცემული ინფორმაციის თანახმად, სუბიექტი, სახელწოდებით - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „...“, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული არ არის. სსიპ
შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 03 დეკემბრის №21-11/130060 წერილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, 2019 წლის 02 დეკემბრის მდგომარეობით, სახელწოდებით ფირმა „...“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. ხოლო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 09 დეკემბრის №... წერილის მიხედვით, 1995 წლის 01 მარტამდე მოქმედი მეწარმე სუბიექტის შესახებ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მხოლოდ უფლებამონაცვლე იურიდიული პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საიდენტიფიკაციო მონაცემების მიხედვით. საქმის მასალებს ასევე ერთვის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 17 ოქტომბრის №... წერილი, სადაც მითითებულია, რომ ...ის ქუჩა №...-ში მდებარე უძრავი ნივთის საარქივო მასალების მიხედვით, ვერ განხორციელდა ფირმა ,,...-ს“ სარეგისტრაციო მონაცემების დადგენა. 2023 წლის 04 ივლის სასამართლო სხდომაზე მ.მ-ემ განმარტა, რომ 40 წლის წინ არსებობდა ფირმა ,,...“, რომლის დამფუძნებელი და დირექტორი იყო თავად. ეს ორგანიზაცია იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიქმნა, როგორც ერთი პირის საწარმო. მათ ჰქონდათ შეთანხმება, რომ უნდა ეწარმოებინათ სამშენებლო სამუშაოები, რის გამოც დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, თუმცა ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, არც მშენებლობის სურვილი ჰქონდათ და არც ფირმის რეგისტრაცია განუხორციელებია 1995 წლის მერე. მას არანაირი ინტერესი სადავო ქონების მიმართ აღარ ჰქონდა. მისივე განმარტებით, ნასყიდობის ხელშეკრულება ნამდვილად დაიდო და ფირმა ,,...“ იყო ამ ხელშეკრულების მხარე, თუმცა მას რაიმე თანხა არ გადაუხდია, რეალურად მას არაფერი უყიდია. გარიგება იყო ასეთი, რომ მას უნდა ეწარმოებინა სამშენებლო სამუშაოები, ამიტომ იყო მისი საწარმო ხელშეკრულებაში მითითებული. მას სამშენებლო სამუშაოები არ განუხორციელებია და რეალურად რაიმე ინტერესი სადავო ქონების მიმართ არ აქვს.
საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ 2020 წლის 25 ივნისს ე.ც-ის წარმომადგენელმა ნ.ნ-ემ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს და მოითხოვა .... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემებში ცვლილების შეტანა, კერძოდ, აღნიშნული საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის დაურეგისტრირებელ 1/6 ნაწილზე ე.ც-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ 2020 წლის 29 ივნისს მიიღო №... გადაწყვეტილება წარმოების შეჩერების შესახებ და დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ ტექინვენტარიზაციის არქივში მოთხოვნილ უფლებაზე მესაკუთრედ აღრიცხულია ფირმა ,,...“, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში წარდგენილი არ იყო უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, სარეგისტრაციოდ წარსადგენი იყო უფლებამოსილი პირის განცხადება, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა), ან უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2020 წლის 30 ივლისს ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 10 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით, ე.ც-ის წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2020 წლის 29 ივნისის №... და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2020 წლის 30 ივლისს №... გადაწყვეტილებები. ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, ვინაიდან სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე დგინდება ფირმა ,,...-ს“ უფლება და დაინტერესებული პირის მიერ არც სარეგისტრაციო წარმოების და არც ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის ეტაპზე წარმოდგენილი არ არის ფირმა ,,...-ს“ ან მისი უფლებამონაცვლის უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, არ არსებობდა უფლების რეგისტრაციის საფუძველი.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებზე, მე-8 და მე-9 მუხლებზე მითითებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირი, რომელიც მიმართავს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციის მოთხოვნით, იმავდროულად ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლებიც წარმოშობს მოთხოვნის რეგისტრაციის შესაძლებლობასა და საფუძველს. ამასთან, რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები გათვალისწინებულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე, 23-ე მუხლებით. ამასთან, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ადგენს, რომ მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
სააპელაციო პალატის განმარტებით, საჯარო რეესტრის როლი და მნიშვნელობა, საკუთრების უფლების წარმოშობისა და ზოგადად სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით, ძალიან დიდია. საჯარო რეესტრი უძრავ ქონებაზე საკუთრების თუ უფლების შეზღუდვის რეგისტრაციის განმახორციელებელი ერთადერთი უფლებამოსილი ორგანოა. შესაბამისად, უძრავი ქონების ბრუნვის სტაბილურობის დაცვა სწორედ რეესტრის მონაცემების სანდოობის უზრუნველყოფით ხდება. სწორედ ამიტომ, რეესტრის წარმოება, პირველ ყოვლისა, მესამე პირების უფლების დაცვას ემსახურება, რათა საჯარო რეესტრში დაცული მონაცემების გამოყენებით დადგინდეს უძრავი ნივთის სამართლებრივი მდგომარეობა. ამდენად, რეგისტრაცია აუცილებლად უნდა განხორციელდეს კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი უფლების წარმომშობი დოკუმენტის საფუძველზე. რეგისტრირებული მონაცემები გამომდინარეობს სწორედ უფლების დამდგენი დოკუმენტებიდან. განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ მოსარჩელეს მარეგისტრირებელმა ორგანომ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე დგინდება ფირმა ,,...-ს“ უფლება. შესაბამისად, განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს, სწორედ სადავო უძრავი ქონების ფირმა ,,...-ს“ საკუთრებად აღრიცხვის მართლზომიერება. კერძოდ, მოსარჩელე სადავოდ ხდის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს) №... სააღრიცხვო ბარათს, სადაც ქ. თბილისი, ...ას (ყოფილი ...ის) ქუჩა №...-ში 1/6 წილი აღრიცხულია ფირმა ,,...-ს“ სახელზე. დასახელებული აქტის გამოცემის საფუძველს კი, წარმოადგენდა 1993 წლის 26 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც არ არის გასაჩივრებული და მისი უკანონობა კანონით დადგენილი წესით არ არის დადასტურებული. სადავო საკითხთან მიმართებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1515-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებდნენ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროები. როგორც ზემოთ აღინიშნა საქართველოს პრეზიდენტის 28.09.2004წ. №416 ბრძანებულებით ლიკვიდირებულ იქნა ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურები და ამ სამსახურებში არსებული მონაცემები არქივის სახით გადაეცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. შესაბამისად, ცნობა-დახასიათება ასახავს ინფორმაციას უძრავ ნივთზე, მათ შორის, ინფორმაციას უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, რომელიც დაცულია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში. საყურადღებოა, რომ საქმეში წარმოდგენილ 1993 წლის 26 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, რომელიც დღეის მდგომარეობითაც ძალაშია, კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი ან მისი ნაწილის გაუქმება ან ბათილად ცნობა არ მომხდარა და ის წარმოადგენს, როგორც ფირმა ,,...-ს“, ასევე ე.ც-ის საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტს. უდავოა, რომ ამ ხელშეკრულების საფუძველზე ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე უძრავი ქონების ½ ნაწილი აღირიცხა ა.ც-ის, ე.ც-ისა და ფირმა ,,...-ს“ საკუთრებად და მხოლოდ ის გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით ფირმა ,,...-ს“, როგორც სამართალურთიერთობის მონაწილე პირის ან მისი უფლებამონაცვლის დადგენა ვერ ხერხდება, ეს გარემოება ვერ იქნება საკუთრების უფლების გაუქმების საფუძველი. უდავოა, რომ ფირმა ,,...“ წარმოადგენდა ხელშეკრულების მხარეს და ამ ხელშეკრულების საფუძველზე კანონშესაბამისი იყო სადავო უძრავ ქონებაზე მისი საკუთრების აღრიცხვა. ასევე საყურადღებოა, საქმეში მესამე პირად ჩართული მ.მ-ის განმარტება, რომელიც ადასტურებს, რომ ფირმა ,,...“ არსებობდა, როგორც იურიდიული პირი და მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი იყო თავად. ამ ორგანიზაციის შექმნის მიზანი იყო სამშენებლო სამუშაოების წარმოება, თუმცა ობიექტური მიზეზებით, ხელშეკრულების დადების შემდეგ რაიმე მოქმედება აღნიშნული ორგანიზაციის სახელით აღარ განუხორციელებია და არც ამ ორგანიზაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის თაობაზე მიუმართავს სააგენტოსათვის. მესამე პირი ასევე ადასტურებს, რომ ხელშეკრულებაში მონაწილეობდა ფირმა ,,...“, თუმცა მას რაიმე თანხა უძრავი ქონების შესყიდვისათვის არ გადაუხდია და რაიმე ინტერესი სადავო ქონებასთან მიმართ, არ აქვს. ამდენად, მართალია ფირმა ,,...“ დღეის მდგომარეობით არ არის რეგისტრირებული კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუმცა მის ქონებაზე უფლების მქონე პირის დადგენა სცილდება წინამდებარე დავის საგანს. აღნიშნული ცალკე დავის საგანი შესაძლოა იყოს.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის შესაბამისად, აპელანტის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში, ქალაქ თბილისი, ...ას (ყოფილი ...ის) ქუჩა №...-ში მდებარე უძრავი ნივთის 1/6 წილის ფირმა ,,...-ს“ სახელზე აღრიცხული შეცდომით იყო. შესაბამისად არ არსებობს ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი ფირმა ,,...-ს“ ნაწილში (1/6 წილი). ასევე, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა მიჩნეული გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არ არსებობს მოპასუხისათვის აქტის გამოცემის დავალების საფუძველიც.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე.ც-იმა.
საკასაციო საჩივრის თანახმად, გასაჩივრებულ განჩინებაში აღნიშნული სამართლებრივი შეფასებები ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. ამასთან გათვალისწინებული არ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების 2.2 პუნქტში აღნიშნული გარემოება, რომ უძრავი ქონების თანამესაკუთრეები - მ.გ-ი და ფირმა „..-.ს“ ე.წ. წარმომადგენელი ეთანხმებიან სარჩელს და ითხოვენ სარჩელის დაკმაყოფილებას. გადაწყვეტილება გამოტანილია ფაქტების გამოკვლევის გარეშე. სასამართლომ არ გაითვალისწინა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მასთან დაკავშირებული ახსნა-განმარტებები, რის შედეგადაც მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. საყურადღებოა, რომ თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიურომ უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ...ას ქ. №... (ყოფილი ...ის ქუჩა №...) ½ ნაწილზე საკუთრების უფლება დაარეგისტრირა ფირმა „...-ზე“, ისე, რომ არ გამოუკვლევია არსებობდა თუ არა რეალურად აღნიშნული ფირმა. აღსანიშნავია ისიც, რომ მოცემული ქონების ½ ნაწილ.ნ 2/6 ნაწილი რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე, ხოლო 1/6 ნაწილის გრაფაში წერია - „თანამესაკუთრე“. მოსარჩელე რამდენიმე ათეული წელია ფლობს, ცხოვრობს და განკარგავს ქ. თბილისში, ...ას №...-ში მდებარე უძრავ ქონებას (ს/კ...). მან მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა 1/6 წილზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რაც არ დაკმაყოფილდა. გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით კი, მყიდველად ფიქსირდება ფირმა „...“, რომელიც არ არსებობს. მარეგისტრირებელმა ორგანომ ამ უკანასკნელი გარემოების გამოკვლევისა და დადგენის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება და მოსარჩელის კუთვნილი ქონება დაურეგისტრირა დასახელებულ ფირმას.
კასატორის განმარტებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით სუბიექტი - სახელწოდებით შპს „...“ რეგისტრირებული არ არის. ასევე, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 3 დეკემბრის წერილის თანახმად, „...“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. შესაბამისად, გაუგებარია, თუ ფირმა „...“ არ არის რეგისტრირებული, ასევე თუ არ აქვს გავლილი სავალდებულო რეგისტრაცია 1996 წელს, მას როგორ შეიძლება ეკუთვნოდეს საკუთრება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე.ც-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე.ც-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1993 წლის 21 აპრილის №5.32.153 გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა ტექნიკური კომისიის წინადადება და ...ის ქუჩა №...-ში მოქალაქე თ.ი.ა-ის და ნ.ი.რ-ის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის მთავარი სამმართველოს 20.04.1993 წლის №ა-15 წერილის თანახმად, დაუმაგრდა საეზოვე მიწის ნაკვეთი ფართით 1250 კვ.მ და მასზე მოწყობილი ნაგებობები (ტ. 1, ს.ფ.146-147); ბ) 1993 წლის 26 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებით დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №..., ა.გ-ემ (თ.ა-ის კანონიერმა მემკვიდრემ) თავისი წილი (1/2), თანაბარწილად მიჰყიდა ა.ც-ეს, ე.ც-ესა და ფირმა „...-ს“ (ტ. 1, ს.ფ. 21-22); გ) თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მონაცემების (ცნობა-დახასიათება) თანახმად, უძრავ ქონებაზე მდებარე ...ას №..., მესაკუთრეებად მითითებული არიან: 1. ა.ც-ი (უფლების დამდგენი დოკუმენტი №... ნასყიდობის ხელშეკრულება, ნოტარიუსი - ბ-ე, 26.06.1993); 2. ე.ც-ი (უფლების დამდგენი დოკუმენტი №... ნასყიდობის ხელშეკრულება, ნოტარიუსი - ბ-ე, 26.06.1993); 3. ნ. რ-ი (№5.32.153 საბურთალოს რაიონის გამგეობის გადაწყვეტილება, 21.04.1993); 4 ფირმა „...“ (უფლების დამდგენი დოკუმენტი №... ნასყიდობის ხელშეკრულება, ნოტარიუსი - ბ-ე, 26.06.1993). მიწის ნაკვეთის საერთო ფართი მითითებულია 1250.00 კვ.მ (ტ. 1, ს.ფ. 160); დ) 2018 წლის 22 ნოემბერს გაცემული კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობით დგინდება, რომ ნ. რ-ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე, მემკვიდრედ ცნობილ იქნა პირველი რიგის მემკვიდრე, შვილი - ლ. რ-ი. სამკვიდრო ქონებას შეადგენდა ქ. თბილისი, ...ას ქუჩა №...-ში მდებარე (ყოფილი ...ის ქ. №...) სახლთმფლობელობის ½ ნაწილი (ტ.1, ს.ფ. 137-141); ე) 2019 წლის 8 ოქტომბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებით დგინდება, რომ ქ. თბილისი, ...ას ქუჩა (ყოფილი ...ის ქუჩა) №...-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ...) კუთვნილი წილი სრულად ლ.რ-იმა აჩუქა მ.გ-ის (ტ.1, ს.ფ 124-125); ვ) ტექნიკური არქივის სააღრიცხვო ბარათის (№025723) მიხედვით, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში აღრიცხულნი არიან თ.ა-ი, ნ.რ-ი, ა.გ-ე; 1/6 წილი ა.ც-ი; 1/6 წილი - ე.ც-ი და 1/6 წილი ფირმა „...“ (ტ. 1, ს.ფ. 54); ზ) 2019 წლის 11 ოქტომბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. თბილისი, ... ...ას (ყოფილი ...ის) ქუჩა №..., დაზუსტებული ფართობი 1250 კვ.მ, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი №1, №2, №3, №4, საკადასტრო კოდი №..., რეგისტრირებულია ე.ც-ის და მ.გ-ის წილობრივი მონაცემი. მესაკუთრე - ე.ც-ის წილი შეადგენს 2/6 ნაწილს; მ.გ-ის - 3/6 ნაწილს. ასევე მითითებულია თანამესაკუთრის საკუთრების უფლება (ტ. 1, ს.ფ. 16-17); თ) ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, №3ნ-3047 (26.06.1993წ.) ნასყიდობის ხელშეკრულების (ნოტარიუსი ბ-ე) საფუძველზე, ქ. თბილისში, ... ...ას ქუჩის №...-ში მდებარე უძრავი ნივთის ½ ნაწილზე აღრიცხულია ფირმა „...-ს“, ე. და ა. ც-ების საკუთრების უფლება, ხოლო საბურთალოს რაიონის გამგეობის №5.32.153 (21.04.1993) გადაწყვეტილების საფუძველზე უძრავი ნივთის ½ ნაწილზე აღრიცხულია ნ. რ-ის საკუთრების უფლება (ტ.1, ს.ფ. 157-198); ი) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 თებერვალს გაცემული ინფორმაციის თანახმად, სუბიექტი, სახელწოდებით - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „...“, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული არ არის“ (ტ.1, ს.ფ. 24-25); კ) სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 3 დეკემბრის №21-11/130060 წერილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, 2019 წლის 2 დეკემბრის მდგომარეობით, სახელწოდებით ფირმა „...“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის (ტ.1, ს.ფ. 26); ლ) 2020 წლის 25 ივნისს ე.ც-ის წარმომადგენლმა - ნ.ნ-ემ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს და მოითხოვა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემებში ცვლილების შეტანა, კერძოდ, აღნიშნული საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის დაურეგისტრირებელ 1/6 ნაწილზე ე.ც-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის 29 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება წარმოების შეჩერების შესახებ და დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ ტექინვენტარიზაციის არქივში მოთხოვნილ უფლებაზე მესაკუთრედ აღრიცხულია ფირმა ,,...“, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში წარდგენილი არ იყო უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, სარეგისტრაციოდ წარსადგენი იყო უფლებამოსილი პირის განცხადება, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა), ან უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2020 წლის 30 ივლისს ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია (ტ.2, ს.ფ. 57-58, 91, ტ.1, ს.ფ. 18, ტ.2, 94-98); მ) 2023 წლის 04 ივლის სასამართლო სხდომაზე მ.მ-ემ განმარტა, რომ 40 წლის წინ არსებობდა ფირმა „...“, რომლის დამფუძნებელი და დირექტორი იყო თავად. ეს ორგანიზაცია იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიქმნა, როგორც ერთი პირის საწარმო. მათ ჰქონდათ შეთანხმება, რომ უნდა ეწარმოებინათ სამშენებლო სამუშაოები, რის გამოც დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, თუმცა ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, არც მშენებლობის სურვილი ჰქონდათ და არც ფირმის რეგისტრაცია განუხორციელებია 1995 წლის მერე. მას არანაირი ინტერესი სადავო ქონების მიმართ აღარ ჰქონდა. მისივე განმარტებით, ნასყიდობის ხელშეკრულება ნამდვილად დაიდო და ფირმა „...“ იყო ამ ხელშეკრულების მხარე, თუმცა მას რაიმე თანხა არ გადაუხდია, რეალურად მას არაფერი უყიდია. გარიგება იყო ასეთი, რომ მას უნდა ეწარმოებინა სამშენებლო სამუშაოები, ამიტომ იყო მისი საწარმო ხელშეკრულებაში მითითებული. მას სამშენებლო სამუშაოები არ განუხორციელებია და რეალურად რაიმე ინტერესი სადავო ქონების მიმართ არ აქვს (ტ.2, ს.ფ. 307-312).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს (მუხლი 1.1). კანონის 4.1 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, სამისამართო და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრების ერთობლიობა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება. აღნიშნული ფუნქცია ხაზს უსვამს მის უმთავრეს დანიშნულებას - სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა, იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი, რა უფლებაც საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით აღიარებული და ხელშეუვალია.
რეგისტრაციის მიზნით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით. ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის, რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის შესახებ. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. აღნიშნულ.ნ გამომდინარე, უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის მას უნდა ჰქონდეს ამ ქონების კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემები თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლები. ამავე კანონის მე-2 მუხლის „თ“ პუნქტით რეგისტრაცია განიმარტება, როგორც ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილების, ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრებისა და მათში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ე.ც-ის 2020 წლის 25 ივნისის განცხადება, რომლითაც იგი ითხოვდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის დაურეგისტრირებელ 1/6 ნაწილზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას, სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა იმ საფუძველზე მითითებით, რომ ტექინვენტარიზაციის არქივში, მოთხოვნილ უფლებაზე მესაკუთრედ აღრიცხულია ფირმა ,,...“, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში წარდგენილი არ იყო უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, სარეგისტრაციოდ წარსადგენი იყო უფლებამოსილი პირის განცხადება, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა), ან უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სწორედ აღნიშნულის გამო, წინამდებარე დავაში, მოსარჩელე მოითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, ფირმა „...-ს“ ნაწილში (1/6 წილი);
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საბჭოთა პერიოდში მოქმედ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებში აღირიცხებოდა საცხოვრებელი სახლები, მიმდებარე მიწის ნაკვეთებით, ინდივიდუალური ბინები, სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები (თითოეული ოთახისა და მისი ფართის მითითებით). საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ტექნიკური აღრიცხვის ბიურო გარკვეული პერიოდი კიდევ არსებობდა, როგორც აქტიური და განსაზღვრული სახელმწიფოებრივი დანიშნულების ორგანო. სახელმწიფომ 1997 წელს მიღებულ სამოქალაქო კოდექსში უძრავი ქონების მონაცემთა ერთიან ბაზაში - საჯარო რეესტრში თავმოყრა გაითვალისწინა, თუმცა, ტექ.ბიუროები, რომლებიც თვითმმართველობის დაქვემდებარებაში იყო, განაგრძობდა არსებობას და უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებების რეგისტრაციას. სამოქალაქო კოდექსის 1515-ე მუხლში აღინიშნა, რომ საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციები განახორციელონ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებმა. ტექნიკური აღრიცხვის სამსახურებმა არსებობა დაასრულეს 2004 წელს, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 28 სექტემბრის №416 ბრძანებულებით ლიკვიდირებულ იქნა ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურები. ამ სამსახურებში არსებული მონაცემთა საინფორმაციო ბანკი და არქივი გადაეცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. ამავე წელს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შეიქმნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, თუმცა, სააგენტოს შექმნით, ტექ. ბიუროებს მნიშვნელობა ბოლომდე არ დაუკარგავს, ბოლო დრომდე უფლებათა რეგისტრაციისას აქტიურად გამოიყენება მისი არქივი, მეტიც, კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ტექ. ბიუროში დაცული მასალები შეიძლება საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველიც გახდეს (დღეის მდგომარეობით მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 43-ე მუხლის თანახმად, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე ან მის გარეშე აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია სააგენტოს მიერ მომზადებული ცნობა-დახასიათება). საყურადღებოა, რომ სასამართლო პრაქტიკამ ტექნიკური აღრიცხვის სამსახურებში დაცული მონაცემების მიმართ უტყუარობის პრეზუმფციის არსებობის საკითხებიც დადებითად გადაწყვიტა. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 29 აპრილის №ბს-171-167(კს-08) განჩინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიჩნეულ იქნა ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის უფლებამონაცვლედ. განჩინებაში აღნიშნულია შემდეგი: „საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ორივე სამსახურის ძირითად ფუნქციას წარმოადგენდა უძრავ ნივთებზე არსებულ უფლებათა აღრიცხვა-რეგისტრაცია... კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის უფლებამონაცვლედ საჯარო რეესტრის მიჩნევის სამართლებრივი წინაპირობა, რადგან ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ლიკვიდაციის შედეგად შექმნილ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა ლიკვიდირებული ადმინისტრაციული ორგანოს დარჩენილი ქონება, მონაცემთა საინფორმაციო ბანკი, არქივი, საშტატო რიცხოვნობისა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსება, შექმნილი ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს მსგავსი უფლებამოსილების მატარებელ ორგანოს.“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ნოემბრის №ას-442-414-2010 გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით გათვალისწინებული საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია ვრცელდება ასევე იმ დროს მოქმედი ტექინვენტარიზაციის ბიუროში არსებული ჩანაწერების მიმართ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1514-ე მუხლი)“. ამდენად, ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში დაცულ სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა კი, უზრუნველყოფილია სარეგისტრაციო სამსახურის მონაცემებით. რეგისტრაცია წარმოშობს ვარაუდს, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და ეკუთვნის კონკრეტულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (1); ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით (2); საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით (3). ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები (1); თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი (2). ამდენად, ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მტკიცების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა. რა თქმა უნდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა სადავო აქტი და ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული ამტკიცოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და წარუდგინოს სასამართლოს ამის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება, თუმცა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება არ უნდა განიმარტოს არასწორად, ისე როგორც მისი პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარის - მოსარჩელის გათავისუფლება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სარჩელის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ უძრავ ნივთზე მდებარე ქალაქ თბილისი, ...ას (ყოფილი ...ის) ქუჩა №..., კანონის მოთხოვნა დარღვევით არის აღრიცხული ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში ფირმა „...-ს“ საკუთრების უფლება.
იმ უდავო, ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ ფირმა „...“ წარმოადგენდა 1993 წლის 26 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეს და სწორედ ამ ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა სადაო უძრავი ქონების შესაბამის წილზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ დღეის მდგომარეობით ფირმა „...-ს“, როგორც სარეგისტრაციო სამსახურში დღეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ აღრიცხული იურიდიული პირის ან მისი უფლებამონაცვლის დაუდგენლობა, ვერ გახდება საკუთრების უფლების გაუქმების საკმარისი საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე.ც-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2 უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ივლისის განჩინება;
3. ე.ც-ის (პ/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 01.02.2024წ. №... საგადახდო დავალებით ვ.ხ-ის (პ/ნ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. უბილავა