დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 22.04.2026
საქმის ნომერი
ბს-23(კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-23(კ-26) 22 აპრილი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი.ა-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი.ა-იმა 2022 წლის 21 ივლისს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, კომისიის 2022 წლის 20 ივნისის N1247 განკარგულების ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების (რომლითაც აღიარებულ იქნება მოსარჩელე ი.ა-ის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი ...ის რაიონის, ნაკვეთი N...-ის მიმდებარედ მიწის ნაკვეთის ფართობი 2767 კვ.მ) მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ი.ა-ი სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 20 ივნისის №1247 განკარგულება; დაევალა მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, ი.ა-ის საკუთრების უფლება აღიარების თაობაზე უძრავ ქონებაზე, მდებარე - ქ. თბილისი, ...ის რაიონი, ნაკვეთი N...-ის მიმდებარედ, მიწის ნაკვეთის ფართობი - 2767 კვ.მ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-2, მე-51 მუხლები, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლი და მითითებული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება მასზედ, რომ ი.ა-ი და მისი ოჯახი ნამდვილად ფლობდა და სარგებლობდა ქალაქ თბილისში, ...ის რაიონში, ნაკვეთი ...-ის მიმდებარედ არსებულ 2767 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და აღნიშნული მიწის ნაკვეთი ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან შემოსაზღვრული იყო ღობით. სააპელაციო სასამართლომ გასათვალისწინებლად მიიჩნია სასამართლოში მოწმის სახით გამოკითხული პირის ა.ტ-ის განმარტება, აღიარების კომისიის 2017 წლის 03 ოქტომბრის N1772 განკარგულებაზე მიმდინარე სასამართლო წარმოების ფარგლებში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მიუთითა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2019 წლის 26 სექტემბრის №67-01192693422 წერილის შინაარსზე (რომლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით, ქალაქ თბილისში, ...ში მდებარე 2767 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ვრცელდება საცხოვრებელი ზონა (სზ-2)) და მიიჩნია, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მიწის ნაკვეთის ფლობა - სარგებლობისა და მასზე არსებული შენობა - ნაგებობის გათვალისწინებით არ არსებობს და უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ი.ა-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, დეტალურად მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლზე და საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და დაკმაყოფილების ფარგლებში ითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 23 სექტემბრის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. წარმომადგენლის მსჯელობით, ი.ა-ისათვის მიწის ნაკვეთის აღიარებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2005 - 2010 წლის ორთოფოტოებით (აეროგადაღებით) ვერ დადგინდა უფლებასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე (წარმოდგენილი კონფიგურაციით) შემოსაზღვრულობა, კერძოდ ვერ დადასტურდა სასაზღვრო მიჯნის არსებობა კანონის ამოქმედებამდე. ასევე 2005 - 2010 ორთოფოტოების გამოკვვლევის შედეგად ვერ დადასტურდა რაიმე სახის სამუშაოების ჩატარებისა თუ წარმოების ფაქტი კანონის ამოქმედებამდე, რომელიც კომისიას მისცემდა შესაძლებლობას დაედგინა ფლობა - სარგებლობის ფაქტი, მოთხოვნილი კონფიგურაციით. მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ფლობა - სარგებლობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება - სასაზღვრო მიჯნის (ღობის) არსებობა, რომელიც კასატორის განმარტებით წარმოადგენს ერთ - ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებით გარემოებას, რომელიც საშუალებას აძლევს როგორც სასამართლოს, ისე ადმინისტრაციულ ორგანოს, განსაზღვროს მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობის რეალური საზღვრები და მოცულობა. კასატორის მსჯელობით, სასაზღვრო მიჯნის გარეშე შეუძლებელია ზუსტად დადგინდეს, რა ფართობს ფლობდა და სარგებლობდა განმცხადებელი/მოსარჩელე, რაც უშუალოდ გავლენას ახდენს საკუთრების უფლების საგნის იდენტიფიცირებაზე. წარმომადგენლის განმარტებით, საკუთრების უფლების აღიარებისთვის, კანონის მიზნებიდან გამომდინარე აუცილებელია ფლობის ფაქტობრივი მოცულობისა და საზღვრების იდენტიფიცირება, რაშიც სასაზღვრო მიჯნის არსებობა განმსაზღვრელ მტკიცებულებით მნიშვნელობას იძენს. არ ეთანხმება სასამართლოს მიერ მოწმეთა განმარტებების გაზიარებას და მიუთითებს, რომ დღევანდელი ტექნოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინებით, მიწის ნაკვეთზე კონკრეტულ პერიოდში უძრავი ქონების არსებობა - არარსებობის ფაქტის დადგენა ობიექტური რეალობის ამსახველი მტკიცებულებების ორთოფოტოს (აეროფოტოგადაღების) მეშვეობით არის შესაძლებელი. გარემოებები, რომლებიც შესაძლებელია დადასტურდეს კონკრეტული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურებული და, მით უფრო, უარყოფილი იქნეს სხვა სახის მტკიცებულებით. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 22 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისიგადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, მსჯელობის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 20 ივნისის №1247 განკარგულების კანონიერება. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დაკანონების უფლებას წარმოშობს პირის ფაქტობრივი დამოკიდებულება მოთხოვნილი ნივთისადმი და ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უფლებასთან ერთად კანონმდებლის მიერ გაწერილია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შემზღუდველი გარემოებები, საკასაციო პალატა დეტალურად მიუთითებს შემხებლობაში არსებულ (მათ შორის წინა წარმოების) მტკიცებულებებს და აღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასება დიდწილად გადაწყვეტს საკასაციო საჩივრის და შესაბამისად სარჩელის ბედს. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის კანონიერებასთან ერთად უნდა დადგინდეს არსებობს თუ არა მოპასუხისთვის სადავო მიწის ნაკვეთზე ი.ა-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2016 წლის 6 ოქტომბერს, ი.ა-იმა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია ქალაქ თბილისში, ...ის რაიონში, ნაკვეთი №...-ის მიმდებარედ არსებულ 2767 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 28 დეკემბრის №... წერილით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა ი.ა-ის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაცია, ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისი, ...ის რაიონი, ნაკვეთი №...-ის მიმდებარედ.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 3 ოქტომბრის №1772 განკარგულებით, ი.ა-ის უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მდებარე - ქ. თბილისი, ...ის რაიონი, ნაკვეთი №...-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი 2767 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთზე თვითნებურად დაკავებისა და სარგებლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, კერძოდ, ორთოფოტოებით (აეროგადაღებით) დგინდებოდა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული) ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე. ამასთან, აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ წამოადგენდა ი.ა-ის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 3 ოქტომბრის №1772 განკარგულება ი.ა-იმა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ი.ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მიეთითა, რომ ი.ა-ის მიერ მოთხოვნილი უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით მოქცეული იყო სარეკრიაციო (რზ-2) ზონაში, აღნიშნული გარემოება კი, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ თანახმად, გამორიცხავდა სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე თვითნებური დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ი.ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დიდი ალბათობით ადასტურებდა ი.ა-ის მიერ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის 2007 წლამდე ფლობისა და მისით სარგებლობის ფაქტს (თბილისი, ...ის რაიონი, ნაკვეთი №...-ის მიმდებარედ (მე-... ... ის დას. 360-ე კმ.ზე), 2767 კვ.მ მიწის ნაკვეთზე 2007 წლამდე უკვე იყო განთავსებული შენობანაგებობა და მას (რეკონსტრუირებულს ან ახალაშენებულს) დღემდე ფლობდა ი.ა-ი თავის მშობლებთან ერთად და სარგებლობს მისით). აქვე, ყურადღება გაამახვილა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 11 აგვისტოს №6001172231785 მიმართვაზე, რომლის თანახმად, ი.ა-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით მოქცეული იყო სარეკრეაციო ზონა 2-ში (რზ-2), რაც მოქმედი საკანონმდებლო მოცემულობის გათვალისწინებით, იმთავითვე გამორიცხავდა საკუთრების უფლების აღიარებას მითითებულ მიწის ნაკვეთზე.

2017 წლის 11 დეკემბერს, ი.ა-იმა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქალაქ თბილისში, ...ის რაიონში მდებარე, №... მიწის ნაკვეთის მიმდებარე 2767 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 8 იანვრის მიმართვით ი.ა-ის განცხადება და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები განსახილველად გადაეგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 30 აპრილის №1015 განკარგულებით ი.ა-ის უარი ეთქვა თბილისში, ...ის რაიონში მდებარე 2767 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმაზე მითითებით, რომ განცხადებით წარდგენილ მოთხოვნაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ იმსჯელა 2017 წლის 18 სექტემბრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებითა და 2017 წლის 3 ოქტომბრის №1772 განკარგულებით და არ არსებობდა საკითხზე ხელახლა მსჯელობის საფუძველი, ვინაიდან განმცხადებელს არ მიუთითებია მისთვის ხელსაყრელ ახლადაღმოჩენილ ან ახლადგამოვლენილ გარემოებაზე. აღნიშნული განკარგულება ი.ა-იმა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით ი.ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების 2019 წლის 30 აპრილის №1015 განკარგულება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მოსარჩელის მიმართ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი და ი.ა-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 თებერვლის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი და ი.ა-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განჩინება.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, 2022 წლის 23 მაისის სხდომაზე, 64-ე საკითხად განიხილა ქალაქ თბილისში, ...ის რაიონში, №... მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებულ 2767 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ი.ა-ის საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და მიიჩნია, რომ არ არსებობდა ი.ა-ის 2018 წლის 8 იანვრის განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან არ დასტურდებოდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, კერძოდ, 2005-2010 წლის ორთოფოტოებით (აეროგადაღებით) დგინდებოდა, რომ მიწის ნაკვეთი მოთხოვნილი კონფიგურაციით შემოსაზღვრული არ იყო სასაზღვრო მიჯნით. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ასევე არ დასტურდებოდა რაიმე სახის სამუშაოების ჩატარებისა თუ წარმოების ფაქტი. შესაბამისად, მითითებული გარემოებები არ იძლეოდა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ უშუალოდ ი.ა-ი ფლობდა და სარგებლობდა აღნიშნული მიწის ნაკვეთითა და მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობით ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე. ამასთან, მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისთვის არ წარმოადგენდა დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 20 ივნისის №1247 განკარგულებით ი.ა-ის უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქალაქი თბილისი, ...ის რაიონი, ნაკვეთი ...-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 2767.00 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე მითითებული მოტივით.

საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 24 იანვრის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით ა.ტ-ემ, გ.ყ-მა და მ.ს-ემ დაადასტურეს, რომ ქალაქ თბილისში, ...ის რაიონში, ნაკვეთი ...-ის მიმდებარედ არსებულ 2767 კვ.მ. მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა -ნაგებობას, 1998 წლიდან ნამდვილად ფლობდა (სარგებლობდა) ი.ა-ი თავის მშობლებთან ერთად. ამასთან, განმცხადებლებმა თანხმობა გამოთქვეს, ი.ა-მა დაიკანონოს აღნიშნული უძრავი ქონება. ვ.ა-ისა და ე.ა-ის 2017 წლის 24 იანვრის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით განმცხადებლებმა დაადასტურეს, რომ 1998 წლიდან ნამდვილად ფლობდნენ (სარგებლობდნენ) 2767 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა - ნაგებობას, მდებარე - ქ. თბილისი, ...ის რაიონი, ნაკვეთი №...-ის მიმდებარედ (მე-... ... ის დას. 360-ე კმ-ზე). ამასთან, ვ.ა-იმა და ე.ა-იმა თანხმობა გამოთქვეს, რომ აღნიშნული უძრავი ქონება დაეკანონებინა მათ შვილს - ი.ა-ის.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2017 წლის 6 სექტემბერს ადგილზე დაათვალიერა საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი. ადგილზე დათვალიერების შედეგები აისახა №624 ადგილზე დათვალიერების ოქმში. აღნიშნული ოქმის თანახმად, მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო ერთი კაპიტალური საცხოვრებელი შენობა და ერთი დამხმარე ნაგებობა, შეყვანილი იყო ელ. ენერგია და წყალი. ამასთან, მიწის ნაკვეთი შეღობილი იყო თუნუქის ფურცლებით და ხის მასალით. იყო ერთიანი სივრცე.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №007232717 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შპს ... კომპანიას მიერ, 2016 წლის 24 სექტემბერს მომზადებული მიწის ნაკვეთის (თბილისი, ... ...ის დასახლება, 360-ე კმ) საკადასტრო აგეგმვითი/აზომვით ნახაზზე ასახული შენობა - ნაგებობის ნაწილი ფიქსირდება 2006 წლის ორთოფოტოზე, შესაბამისად იგი აშენებულია 2006 წლამდე ან 2006 წლის პერიოდში.

2024 წლის 7 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოწმის სახით დაკითხულ იქნენ ვ.ა-ი, ა.ტ-ე და რ.მ-ი. ვ.ა-ის (ი.ა-ის მამა) განმარტებით, ქალაქ თბილისში, ...ის რაიონში მდებარე 2767 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ოჯახთან ერთად ფლობს 1990იანი წლებიდან. მიწის ნაკვეთი საცხოვრებლად შეისყიდა არაოფიციალურად და მისცა შვილს. უძრავი ქონების შესყიდვის დროისთვის მიწის ნაკვეთზე იდგა ქოხის ტიპის სახლი, რომელიც აშენებული იყო ბლოკითა და შპალებით. მიწის ნაკვეთი შემოღობილი იყო ფიცრებით, ჟეშტითა და შპალებით. ვ.ა-იმა თანხმობა გამოთქვა მიწის ნაკვეთზე განხორციელებულიყო ი.ა-ის საკუთრების უფლების აღიარება.

ა.ტ-ის განმარტებით, ქალაქ თბილისში, ...ის რაიონში, №... მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს №... საკადასტრო კოდით მის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ. აღნიშნული მიწის ნაკვეთი ი.ა-ის ოჯახმა შეიძინა 1990-იანი წლებიდან. შეძენისას მიწის ნაკვეთი შემოღობილი იყო და მას შემდეგ სასაზღვრო მიჯნა არ მოშლილა. მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო აგურის შენობა - ნაგებობა. რ.მ-ის განმარტებით, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩაზე ცხოვრობს 1990 წლიდან. ი.ა-ის მამამ მეზობლად არსებული მიწის ნაკვეთი შეიძინა 1992 წლიდან და იქ ცხოვრობდნენ. მიწის ნაკვეთზე იდგა ბლოკისგან აშენებული ერთსართულიანი შენობა და მიწის ნაკვეთი შემოსაზღვრული იყო ფიცრებით.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 11 აგვისტოს №60-01172231785 წერილის თანახმად, ქალაქ თბილისში, ...ში მდებარე 2767 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეული იყო სარეკრიაციო (რზ-2) ზონაში და მასზე გათვალისწინებული იყო ასაფრენი სპეციალური შეზღუდვა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2019 წლის 26 სექტემბრის №67-01192693422 წერილის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით, ქალაქ თბილისში, ...ში მდებარე 2767 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ვრცელდება საცხოვრებელი ზონა (სზ-2).

საკითხზე მსჯელობის მიზნით საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონს, რომელმაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისებისა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაადგინა კერძო პირების მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების მათ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა და მისი რეალიზების ძირითადი პირობები. მითითებული კანონის მიზნის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მისი მიღების პერიოდისათვის არსებული ფაქტობრივი თუ სამართლებრივი რეალობა. აღნიშნული კანონის მიღებით კანონმდებელმა წაახალისა კერძო ინიციატივა და მოახდინა არსებული მიწის რესურსის ათვისების სტიმულირება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ. ხსენებული კანონის საფუძველზე, ფიზიკურ პირებს და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს მიენიჭათ უფლება დადგენილი წესით და დადგენილი წინაპირობების არსებობისას მოეხდინათ საკუთრების უფლების აღიარება. ზემოაღნიშნული კანონის მიღებით, მიწის ფონდის ათვისების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფომ დაადგინა სახელმწიფო ქონების - მიწის ნაკვეთების პრივატიზების გარკვეული შეღავათების შემცველი რეჟიმი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის N2/3/522,553 გადაწყვეტილება, §17,46,47). კანონის მიღების მიზეზი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის მნიშვნელოვანი ნაწილის მართლზომიერ მფლობელობასა და სარგებლობაში არსებობა და თვითნებური დაკავება გახდა, რაც აფერხებდა მიწის ფონდის ათვისებას, მიწის ბაზრისა და მიწის განკარგვის სახელმწიფო სტრატეგიული გეგმის განვითარებას. ამასთანავე, მიუხედავად მოქალაქეთა მიერ აღნიშნული მიწებით მრავალწლიანი სარგებლობისა, მათზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია დაკავშირებული იყო მთელ რიგ სირთულეებთან, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების რეგისტრაცია შეუძლებელი იყო. არსებული ვითარება განაპირობებდა სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის შეფერხებას, რადგან ვერ ხერხდებოდა მიწების საჯარო რეესტრში იდენტიფიცირება და, შესაბამისად, მათი მიწის გადასახადით დაბეგვრა (იხ. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებითი ბარათი). სახელმწიფოს მიზანს შეადგენდა ქვეყნის მასშტაბით არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ რეალურად დაკავებული, დაურეგისტრირებელი მიწების ოდენობის დადგენა, აღრიცხვა და მათი რეგისტრირება (სუს 2019 წლის 28 ოქტომბრის Nბს-504-501(კ-17) გადაწყვეტილება). კანონი არეგულირებს სპეციფიკურ სამართალურთიერთობას. განსახილველი შემთხვევისთვის რელევანტურია აღინიშნოს, რომ მოცემული კანონი დაინტერესებული პირისთვის ქმნის მოლოდინს ისეთ მიწაზე საკუთრების უფლების წარმოშობაზე, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა, თუმცა მას ფაქტობრივად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კანონმა ასეთი პრივილეგია გაითვალისწინა ექსპლიციტურად იმ პირების მიმართ, რომელთაც არ გააჩნიათ მიწის ნაკვეთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი, მაგრამ ფაქტობრივად წლების განმავლობაში მინიმუმ კანონის ამოქმედებიდან (2007 წელი) - უფლების რეალიზაციის მომენტამდე აქვთ ფაქტობრივი კავშირი მიწის ნაკვეთთან. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს სახელმწიფო ქონების განკარგვის ალტერნატიულ მექანიზმს (მსგავს საკითხზე იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N2/3/522,553; II, 60-63;), სამართლებრივ საფუძველს, რომელიც სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებას უკავშირებს ფაქტობრივ გარემოებას - პირის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმართ არსებულ ფაქტობრივ, ინდივიდუალურ, განსაკუთრებულ კავშირს, დროის განგრძობად მონაკვეთში.

მეტი სიცხადისთვის, საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლს, რომლის თანახმად, კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის 51 მუხლის პირველი და მეორე პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია - სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ა“ ქვეპუნქტით კანონმდებლის მიერ განიმარტა თუ რა არის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა. მუხლის "გ" ქვეპუნქტით ცალსახად განმარტებულია თვითნებურად დაკავებული მიწის მნიშვნელობა, ხოლო ამავე მუხლის "ე" ქვეპუნქტით დაინტერესებული პირის განმარტება, სადაც მითითებულია, რომ დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას პალატა ყურადღებას გაამახვილებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებაზე, რომლითაც ი.ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 11 აგვისტოს N60-01172231785 მიმართვაზე და განმარტა, რომ ი.ა-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია სარეკრეაციო ზონა 2ში (რზ2), რაც დღევანდელი საკანონმდებლო მოცემულობის გათვალისწინებით, იმთავითვე გამორიცხავს საკუთრების უფლების აღიარებას მითითებულ მიწის ნაკვეთზე. სააპელაციო სასამართლომ ამავე განჩინებაში (კანონიერ ძალაში შესული) მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დიდი ალბათობით ადასტურებდა ი.ა-ის მიერ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის 2007 წლამდე ფლობისა და მისით სარგებლობის ფაქტს (თბილისი, ...ის რაიონი, ნაკვეთი №...ის მიმდებარედ (მე-... ...ის დას. 360ე კმ.-ზე), 2767 კვ.მ მიწის ნაკვეთზე 2007 წლამდე უკვე იყო განთავსებული შენობა - ნაგებობა და მას (რეკონსტრუირებულს ან ახალაშენებულს) დღემდე ფლობდა ი.ა-ი თავის მშობლებთან ერთად და სარგებლობს მისით. აღნიშნულით დასტურდება, რომ ი.ა-ი და მისი ოჯახი ნამდვილად ფლობდა და სარგებლობდა ქალაქ თბილისში, ...ის რაიონში, ნაკვეთი ...-ის მიმდებარედ არსებულ 2767 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და აღნიშნული მიწის ნაკვეთი ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან შემოსაზღვრული იყო ღობით. ქვედა ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული პირის (ა.ტ-ის) განმარტებით, ქალაქ თბილისში, ...ის რაიონში, №... მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს №... საკადასტრო კოდით მის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ. აღნიშნული მიწის ნაკვეთი ი.ა-ის ოჯახმა შეიძინა 1990-იანი წლებიდან. შეძენისას მიწის ნაკვეთი შემოღობილი იყო და მას შემდეგ სასაზღვრო მიჯნა არ მოშლილა. მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო აგურის შენობა - ნაგებობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საფუძველსმოკლებულია სადავო აქტში დაფიქსირებული ის არგუმენტი, რომ მითითებული გარემოებები არ იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ უშუალოდ ი.ა-ი ფლობდა და სარგებლობდა აღნიშნული მიწის ნაკვეთითა და მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობით კანონის ამოქმედებამდე. საკასაციო პალატა აქვე ყურადღებას გაამახვილებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2019 წლის 26 სექტემბრის №67-01192693422 წერილზე, სადაც ცალასახად მითითებულია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით, ქალაქ თბილისში, ...ში მდებარე 2767 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ვრცელდება საცხოვრებელი ზონა (სზ-2). შესაბამისად, ამ თვალსაზრისითაც აღარ არსებობდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელი გარემოება.

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მხოლოდ საპროცესო - სამართლებრივი, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ადმინისტრაციულ პროცესში მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილებისთვის არსებითია სამართალწარმოების დროს მტკიცებითი საქმიანობის შემადგენელი ორი კომპონენტის - ფაქტის „მითითების ტვირთისა“ და ფაქტის არსებობის „მტკიცების ტვირთის“ გამიჯვნა. მართალია, ფაქტის მითითების და მისი არსებობის მტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, რადგან როგორც წესი ფაქტის არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება იმავე მხარეს, რომელიც აღნიშნულ ფაქტს მიუთითებს თავისი მოთხოვნის/შესაგებლის საფუძვლად, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში ერთმანეთისგან შესაძლოა განცალკევდეს ფაქტის „მითითების ტვირთი“ და ფაქტის არსებობის „მტკიცების ტვირთი“ (სუსგ საქმე №ბს-180(კ-19), 31.03.2023წ.). სასკ-ის 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სსკ-ის 4.1 მუხლის მეორე წინადადების მიხედვით, მხარეები თავადვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სასკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება არ ნიშნავს პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარის - მოსარჩელის გათავისუფლებას სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან, სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს (სუსგ №ბს-620(კ-19), 05.03.2020წ.).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით კანონმდებელმა ცალსახად მიუთითა, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. კოდექსის 102-ე მუხლი განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა - განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მითითებული კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებით სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა - განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ - სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტის საფუძველზე. ფაქტის დადასტურებას აქვს არა მარტო საპროცესო, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობა. პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს, თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს თავისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მოთხოვნის მართებულობა. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განჩინებაზე არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე