დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 10.06.2026
საქმის ნომერი
ბს-247(კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-247(კ-26) 10 ივნისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 03 ნოემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. გ-ი, მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მესამე პირები (16.2) - ე. ა-ი, ნ. ი-ა, ო. ი-ი, ს. ი-ა, ი. ი-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 23 თებერვალს, ბოლნისის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა გ. გ-მა, მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. სარჩელისა და მოპასუხეთა წრის დაზუსტების შემდგომ (14.09.2022 წელი) სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ჩამოყალიბდა შემდეგი ფორმულირებით: ბათილად იქნეს ცნობილი ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2020 წლის 21 აგვისტოს აქტი, 2020 წლის 09 სექტემბრის N134 წერილი და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის 2020 წლის 25 სექტემბრის N03/12487 წერილი; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 02 ოქტომბრის N... გადაწყვეტილება (რეგისტრაციის შესახებ) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 25 ოქტომბრის N... გადაწყვეტილება (საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ); სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, გ. გ-ის საკუთრების რეგისტრაციის შესახებ ს/კ ... უძრავ ნივთზე.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირებად ჩართულ იქნენ ი. ი-ი, ნ. ი-ა, ო. ი-ი და ს. ი-ა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით, გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი - ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 21.08.20წ. აქტი, 09.09.20წ N134 წერილი და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის 25.09.20წ N03/12487 წერილი; - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 02 ოქტომბრის N... გადაწყვეტილება (რეგისტრაციის შესახებ); - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ი. ი-ისა (16.2 - მესამე პირი) და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 06 მაისის განჩინებით ი. ი-ის (მხარდამჭერი ნ. ი-ა) სააპელაციო საჩივარი, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა ე. ა-ი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 03 ნოემბრის განჩინებით მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-3, მე-8 მუხლებზე და მიუთითა, რომ მსჯელობის საგანია სწორედ ის დოკუმენტები, რომლებიც საფუძვლად დაედო მესამე პირთა - ი. ი-ის, ნ. ი-სა, ო. ი-ის და ს. ი-ას სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას. განმარტა, რომ უფლებადამდგენი დოკუმენტები - მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის წერილებისა და ოქმების სახით, რომლებმაც ნ. ი-ას კომლის საკუთრება დაადასტურეს უძრავ ნივთზე, ეყრდნობა ადგილზე დათვალიერების შედეგებსა და მეზობლების ჩვენებებს. გასათვალისწინებლად მიიჩნია მოწმეთა მიერ ერთხელ უკვე გაცემული თანხმობის უარყოფა და განმარტა, რომ მოწმეებმა ანალოგიური შინაარსის შეცვლილი პოზიცია დაადასტურეს პირველ ინსტანციაში გამართულ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემის დროსაც, სადაც კვლავ უარყვეს ნ. ი-ას კომლის მიერ სადავო ქონების ფლობის ფაქტი და აღნიშნეს, რომ ქართული ენის არ ცოდნის გამო, არ ჰქონდათ ინფორმაცია თუ რა შინაარსის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

სააპელაციო პალატის მსჯელობით, ის ფაქტი რომ მესამე პირები ფლობდნენ საკარმიდამოდ გაცემულ მიწის ნაკვეთს, ერთმნიშვნელოვნად დადასტურებული არ არის და მართებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას დამატებითი კვლევის აუცილებლობის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 03 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

კასატორი - მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, დეტალურად მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე და საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და დაკმაყოფილების ფარგლებში ითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 03 ნოემბრის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

წარმომადგენელი მიუთითებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-2, მე-3 მუხლებს, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანის და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 01 აგვისტოს N153 ბრძანების მე-3, მე-5 მუხლებს და განმარტავს, რომ 2020 წლის 21 აგვისტოს, მარნეულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა ... ადმინისტრაციულ ერთეულში შეადგინა აქტი, რა დროსაც იხელმძღვანელა მისი კომპეტენციის ფარგლებში, მის ხელთ არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით რაც ასევე მოიცავს მეზობლების ხელმოწერით მიწის ნაკვეთის ნ. ი-ას მიერ ფლობის ფაქტის დადასტურებას.

კასატორის განმარტებით, სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, მარეგისტრირებელმა ორგანომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისგან გამოითხოვა ინფორმაცია ი. ი-ის, ნ. ი-ას, ო. ი-ის და ს. ი-ას მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკარმიდამო კუთვნილების თაობაზე. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ შეისწავლა აღნიშნული საკითხი და მოწმეების მიერ ფაქტის დადასტურების შემდეგ, დადგენილად მიიჩნია, რომ საკარმიდამოდ გაცემულ მიწის ნაკვეთს ფლობდა ი. ი-ის, ნ. ი-ას, ო. ი-ის და ს. ი-ას კომლი. აღნიშნულ არგუმენტზე დაყრდნობით, კასატორი არ იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ დასკვნებს, შეფასებებს და მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავოდ ქცეული აქტების ბათილად გამოცხადების სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, თვლის, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 20 მარტის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2020 წლის 01 ივლისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ნ. ი-ას განცხადება (N...), რომლითაც მოითხოვა მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია 2375 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მდებარე მარნეული, სოფელი ... .

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 04 ივლისის N... გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ სააგენტომ 2020 წლის 04 ივლისის №... წერილით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოითხოვა ინფორმაცია, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის საკარმიდამო კუთვნილების თაობაზე.

... ადმინისტრაციულ ერთეულში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის მიერ შედგენილი, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2020 წლის 21 აგვისტოს აქტის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2020 წლის 04 ივლისის №... წერილით წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებული 2375 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარეობდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მეზობლად, მისამართზე - მარნეული, სოფ. ...ში. ამასთან, აღნიშნული წარმოადგენდა ნ. ი-ას კომლზე გაცემულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთს. აქტის სისწორეს ადასტურებენ: მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი - ფ. ა-ა; სპეციალისტები - ს. ო-ი და ა. გ-ი; მიწის ნაკვეთის მეზობლები - შ. ხ-ი, ვ. ხ-ი.

... ადმინისტრაციულ ერთეულში, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2020 წლის 09 სექტემბრის N134 წერილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი 2375 კვ.მ მდებარეობდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მეზობლად, მისამართზე - მარნეული, სოფ. ...ში. ამასთან, აღნიშნული წარმოადგენდა ნ. ი-ას კომლზე გაცემულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის 2020 წლის 25 სექტემბრის N03/12487 წერილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ნ. ი-ას კომლზე გაცემულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთს.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 02 ოქტომბრის N... გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ნ. ი-ას განცხადება. უძრავ ნივთს მიენიჭა საკადასტრო კოდი - ..., ფართი 2375 კვ.მ. გაიცა ამონაწერი და საკადასტრო გეგმა. უძრავი ნივთის მესაკუთრეების გრაფაში მიეთითა - ი. ი-ი, ნ. ი-ა, ო. ი-ი და ს. ი-ა.

დადგენილია, რომ 2021 წლის 17 აგვისტოს გ. გ-მა განცხადებით (N...) მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია 2375 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მდებარე - მარნეული სოფ. ... . სარეგისტრაციო განცხადებაზე, გ. გ-ის მიერ ასევე წარდგენილი იქნა ვ. ხ-ის ნოტარიულად დამოწმებული 2021 წლის 18 მარტის განცხადება. განცხადებაში მითითებულია, რომ შეცდომით მოაწერა ხელი 2020 წლის 21 აგვისტოს აქტზე, რომლითაც დაადასტურა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 04 ივლისის N... წერილით წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული 2375 კვ.მ. წარმოადგენდა ნ. ი-ას კომლზე გაცემულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთს. მისივე განმარტებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი ეკუთვნის გ. გ-ს.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 23 აგვისტოს N... გადაწყვეტილებით (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ), დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთისა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი: ...) საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2021 წლის 25 ოქტომბრის N... გადაწყვეტილებით, გ. გ-ის სარეგისტრაციო განცხადებაზე შეწყდა საქმის წარმოება.

დადგენილია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს 2021 წლის 25 ოქტომბრის N... გადაწყვეტილება მხარემ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 09 დეკემბრის N... გადაწყვეტილებით, გ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 25 ოქტომბრის N... გადაწყვეტილება და სარეგისტრაციო ორგანოს დაევალა საქმის წარმოების განახლება.

დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 10 დეკემბრის N... გადაწყვეტილებით, გ. გ-ის სარეგისტრაციო განცხადებაზე (N...) განახლდა საქმის წარმოება.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 14 დეკემბრის N... გადაწყვეტილებით (სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ) გ. გ-ს დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის ან უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი ...) რეგისტრირებულ პირთა საკუთრების უფლების რეგისტრაციების გაუქმებისა და ამავე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების/ მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 17 მარტის N... გადაწყვეტილებით, გ. გ-ის სარეგისტრაციო განცხადებაზე შეწყდა საქმის წარმოება.

საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს ქვედა ინსტანციის სასამართლოში გამოკითხულ მოწმეთა განმარტებებს. კერძოდ, მოწმე ვ. ხ-მა განმარტა შემდეგი: მიწის ნაკვეთს ფლობს მოსარჩელის მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ. აღნიშნული მიწის ნაკვეთი მოსარჩელის მამამ შემოღობა და დარგო ხეები. ადგილი იყო ქვაღორღიანი და მოსარჩელის მამამ დაასუფთავა. ისმაილოვებმა (მესამე პირებმა) უთხრეს, რომ სურდათ საკუთარი საცხოვრებელი სახლის რეგისტრაცია და სახლის, საკარმიდამო მიწის ფლობის დადასტურება მისგან, სწორედ აღნიშნულის მოტივით მოაწერა მოწმემ ხელი აქტს, თუმცა შინარსი არ წაუკითხავს, ვინაიდან არ იცის ქართული წერა - კითხვა. დოკუმენტის შინაარსი რომ სცოდნოდა, იგი ხელს არ მოაწერდა. სადავო მიწის ნაკვეთით სარგებლობდა რ. გ-ი, შემდეგ მისი შვილი გ. და აღნიშნული მიწით არასდროს უსარგებლიათ მესამე პირებს.

მოწმე ე. ხ-ის განმარტებით მამას - შ. ხ-ს ი-ებმა (მესამე პირებმა) უთხრეს, რომ სურდათ საკუთარი საცხოვრებელი სახლის რეგისტრაცია და სახლის, საკარმიდამო მიწის ფლობის დადასტურება მისგან. სწორედ ამ მიზნით მოაწერა აქტს ხელი შ. ხ-მა, რომლის შინაარსი არ წაუკითხავს, ვინაიდან, არ იცის ქართული წერა - კითხვა. ათეულობით წლებია მოსარჩელის მამა ამუშავებდა სადავო მიწის ნაკვეთს. ადგილი ქვაღორღიანი იყო და იგი გაასუფთავა მოსარჩელის მამამ, ხოლო მესამე პირებს მიწის ნაკვეთის დასუფთავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. მიწის ნაკვეთის ირგვლივ ხეებია დარგულია ღობის გასწვრივ და მიწის ნაკვეთი პარალელურად მავთულბადითაა შემოღობილი; ვ. ხ-ს და გ. გ-ს ერთი ღობე აქვთ; მესამე პირებსაც აქვს საკუთრებაში/ სარგებლობაში მახლობლად მიწის ნაკვეთები; ჯერ მესამე პირების საკარმიდამო მიწის ნაკვეთია, შემდეგ კიდევ მიწის ნაკვეთია, რომელიც მესამე პირებს ეკუთვნის, ბოლოში კი მდინარეა. მდინარის შემდეგ, გ. გ-ის მიწის ნაკვეთია და სულ ბოლოს უკვე მინდვრებია; მდინარის შემდეგ არ მდებარეობს მესამე პირების ნაკვეთი. მდინარის შემდეგ, მხოლოდ გ. გ-ის მიწის ნაკვეთია.

სადავო საკითხზე მსჯელობის მიზნით პირველყოვლისა საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების მართებულობა სააპელაციო სასამართლომ შეაფასა მხოლოდ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფარგლებში. მართალია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად გასაჩივრდა მესამე პირის - ი. ი-ის (მხარდამჭერი ნ. ი-ა) მიერ, თუმცა ხარვეზის შეუსვებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 06 მაისის განჩინებით, მესამე პირის სააპელაციო საჩივარი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი. გადაწყვეტილება ასევე არ გასაჩივრებული მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ და სადავო არ გამხდარა მოსარჩელის მიერ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილშიც. მოცემულ ეტაპზეც სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 03 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით ასევე გასაჩივრებულია მხოლოდ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ და შესაბამისად, საკასაციო პალატა შეაფასებს სადავო აქტების - ... ადმინისტრაციულ ერთეულში, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2020 წლის 21 აგვისტოს აქტის, 2020 წლის 09 სექტემბრის N134 წერილისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის 2020 წლის 25 სექტემბრის N03/12487 წერილის შესაბამისობას კანონმდებლობასთან. სწორედ აღნიშნული დოკუმენტები დაედო საფუძვლად მესამე პირთა - ი. ი-ის, ნ. ი-სა, ო. ი-ის და ს. ი-ას სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას. პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი სარჩელით მხარე პრეტენზიას აცხადებს იმავე უძრავ ქონებაზე და აღნიშნავს, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნახაზის მიხედვით უძრავი ქონებისა და მისი სარგებლობის/ფლობის იდენტურობის ფაქტის დადგენა არასწორად განხორციელდა. მესამე პირებს არ წარუდგენიათ რაიმე უფლებადამდგენი დოკუმენტი და მათ სახელზე უძრავი ნივთის რეგისტრაცია განხორციელდა მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, რომლებიც თავის მხრივ არ ემყარებოდა საკითხის სათანადო კვლევას. სწორედ აღნიშნული შედავების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ... სარეგისტრაციო წარმოებაზე, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა სადავო რეგისტრაცია მესამე პირთა სასარგებლოდ.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით ირკვევა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ 2020 წლის 02 ოქტომბრის N... გადაწყვეტილებას (აღნიშნული აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილობა შესულია კანონიერ ძალაში) საფუძვლად დაედო ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2020 წლის 21 აგვისტოს აქტი, 2020 წლის 09 სექტემბრის N134 წერილი და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის 2020 წლის 25 სექტემბრის N03/12487 წერილი, რომლებმაც ერთობლიობაში დაადასტურეს განმცხადებლის (ნ. ი-ას კომლის) საკუთრების უფლების არსებობა სადავო უძრავ ქონებაზე. საკასაციო პალატა აქვე, მიუთითებს, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობის პროცესი მკაცრ ნორმატიულ ფარგლებშია მოქცეული. ამ პროცესის მომწესრიგებელი ერთ - ერთი სამართლებრივი აქტია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შექმნას უკავშირებს საჯარო რეესტრში ამ უფლების რეგისტრაციის მომენტს, რა დროიდან უძრავი ნივთის შემძენი იძენს მასზე მესაკუთრის ექსკლუზიურ უფლებებს. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ პუნქტი განმარტავს რეგისტრაციის ცნებას, ამავე მუხლის „ლ“ და „კ“ პუნქტების თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტი - სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

საჯარო რეესტრის როლი და მნიშვნელობა საკუთრების უფლების წარმოშობისა და ზოგადად სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით ძალიან დიდია. საჯარო რეესტრი, როგორც უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო წარმოადგენს უძრავ ქონებაზე საკუთრების რეგისტრაციის ერთადერთ სამართლებრივ საშუალებას. შესაბამისად, უძრავი ქონების ბრუნვის სტაბილურობის დაცვა სწორედ რეესტრის მონაცემების სანდოობის უზრუნველყოფით ხდება. სამოქალაქო ბრუნვა სტაბილურობასთან ერთად სათანადო სიმარტივით უნდა გამოირჩეოდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ბრუნვა არ შეფერხდეს ზედმეტი ტრანზაქციული ხარჯებითა და არაგონივრული დაყოვნებებით. წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე შეექმნება უძრავი ქონების ეფექტიანად განკარგვას. სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს საკუთრების უფლებით სარგებლობასა და განკარგვაზე ზედმეტი ბარიერების შემოღებისგან.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება №3/4/550 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საჯარო რეესტრის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს კანონიერებისა და ყველა ფაქტობრივი გარემოების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების პრინციპების დაცვით, მხოლოდ ასე შეიძლება უზრუნველყოფილი იქნას საკუთრების უფლების დაცვა. მით უფრო, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტით საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ბუნებითი უფლებაა, ხოლო მისი, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტირება და პირისთვის საკუთრების უფლებით ეფექტური სარგებლობის გარანტიების შექმნა, სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსთვის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). სწორედ საკუთრების უფლების სრულყოფილად რეალიზებისთვის შექმნილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც ქმნის როგორც საკუთრების უფლების მოპოვების, ასევე მისით სარგებლობისა და განკარგვის საკანონმდებლო და ფაქტობრივ შესაძლებლობას.

სადავო გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად: "საკარმიდამო მიწის ნაკვეთი არის სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც, უფლების დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად, გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად, მასზე განთავსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), სამეურნეო ნაგებობით ან/და დამხმარე ნაგებობით ან მის გარეშე; მიწის ნაკვეთი, რომელზედაც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ იძებნება (არ გაცემულა ან დაკარგულია), ამასთანავე, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ეს მიწის ნაკვეთი გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად და მისი ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰას.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ვერ დგინდება და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი ვერ უთითებს რაიმე სხვა უფლებადამდგენ დოკუმენტზე, რომელიც მესამე პირთა უპირატეს საკუთრების უფლებას დაადასტურებდა. გასათვალისწინებელი ის გარემოებაც, რომ უფლებადამდგენი დოკუმენტები - მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის წერილებისა და ოქმების სახით, რომლებმაც ნ. ი-ას კომლის საკუთრება დაადასტურეს უძრავ ნივთზე, ეყრდნობოდა ადგილზე დათვალიერების შედეგებსა და მეზობლების ჩვენებებს. თავის მხრივ გასათვალისწინებელია, რომ იმავე მოწმეებმა უარყვეს ერთხელ უკვე გაცემული თანხმობა ნ. ი-ას კომლის საკუთრების შესახებ. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი ვ. ხ-ის ნოტარიულად დამოწმებული განაცხადის მიხედვით იგი არ ეთანხმება მის მიერ დადასტურებულ ინფორმაცის, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის მესამე პირების მიერ ფლობასთან დაკავშირებით. მოწმეებმა ანალოგიური შინაარსის შეცვლილი პოზიცია დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზეც, სადაც კვლავ უარყვეს ნ. ი-ას კომლის მიერ სადავო ქონების ფლობის ფაქტი და მიუთითეს, რომ ქართული ენის არ ცოდნის გამო, არ ჰქონდათ ინფორმაცია თუ რა შინაარსის დოკუმენტს მოაწერეს ხელი. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2020 წლის 21 აგვისტოს აქტის, 2020 წლის 09 სექტემბრის N134 წერილის და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის 2020 წლის 25 სექტემბრის N03/12487 წერილის სადავოობის პირობებში, იმ ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, რომ მოწმეებმა უარყვეს მათ მიერ გაცემული დადასტურება, დგინდება, რომ აღნიშნული აქტები არ ეფუძნება სადავო საკითხის სათანადო კვლევას. გარემოება, რაც მოწმეთა დადასტურების შედეგად იქნა დადგენილი, უარყოფილია თავად მათ მიერ. ის ფაქტი, რომ მესამე პირები ფლობდნენ საკარმიდამოდ გაცემულ მიწის ნაკვეთს, ერთმნიშვნელოვნად დადასტურებული არაა და მოითხოვს დამატებითი კვლევის აუცილებლობას. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა - კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა - გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (სუსგ №ბს-246-243(კ-14), 23.09.2014).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ, სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება).

საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების მიზანი კანონიერი გადაწყვეტილების მიღებაა, რომლის უზრუნველსაყოფად იგი ორ მნიშვნელოვან საფეხურს შეიცავს, კერძოდ: საქმის ირგვლივ ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა, დადგენა და შეფასება, ასევე დადგენილი ფაქტების სამართლებრივი კვალიფიკაცია. ადმინისტრაციული წარმოების სპეციფიკურობა ხასიათდება იმით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, დაინტერესებულ პირს უნდა გაუჩინოს გადასაწყვეტი საკითხის სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების განცდა, უნდა გამორიცხოს არაკვალიფიციური გადაწყვეტილების მიღება და ამასთან დაასაბუთოს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა საჯარო და კერძო ინტერესის დაბალანსების, გაწონასწორების თვალსაზრისით. არგუმენტირებული და დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება. პალატა თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეაფასოს სადაოდ ქცეულ უძრავ ქონებაზე წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების სამართლებრივი ბუნება, უძრავ ნივთთან დაკავშირებით არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა და მხოლოდ ყველა გარემოების სათანადო გამოკვლევისა და წარდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილად შეფასების შემდეგ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მხოლოდ საპროცესო - სამართლებრივი, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ადმინისტრაციულ პროცესში მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილებისთვის არსებითია სამართალწარმოების დროს მტკიცებითი საქმიანობის შემადგენელი ორი კომპონენტის - ფაქტის „მითითების ტვირთისა“ და ფაქტის არსებობის „მტკიცების ტვირთის“ გამიჯვნა. მართალია, ფაქტის მითითების და მისი არსებობის მტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, რადგან როგორც წესი ფაქტის არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება იმავე მხარეს, რომელიც აღნიშნულ ფაქტს მიუთითებს თავისი მოთხოვნის/შესაგებლის საფუძვლად, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში ერთმანეთისგან შესაძლოა განცალკევდეს ფაქტის „მითითების ტვირთი“ და ფაქტის არსებობის „მტკიცების ტვირთი“ (სუსგ საქმე №ბს-180(კ-19), 31.03.2023წ.). სასკ-ის 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სსკ-ის 4.1 მუხლის მეორე წინადადების მიხედვით, მხარეები თავადვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სასკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება არ ნიშნავს პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარის - მოსარჩელის გათავისუფლებას სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან, სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს (სუსგ №ბს-620(კ-19), 05.03.2020წ.).

მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებით სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა - განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ - სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტის საფუძველზე. ფაქტის დადასტურებას აქვს არა მარტო საპროცესო, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობა. პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს, თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს თავისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მოთხოვნის მართებულობა. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 03 ნოემბრის განჩინებაზე არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 03 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე