დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-254(კ-26) 1 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - თ.ც-ა, მესამე პირი - საქართველოს პრეზიდენტი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ.ც-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 27 სექტემბრის №1000897418 დასკვნა; ბ) დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თ.ც-ასათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 8 თებერვლის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს პრეზიდენტი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელე თ.ც-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 27 სექტემბრის №1000897418 დასკვნა, თ.ც-ას საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით. დაევალა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თ.ც-ასათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის გამოცემა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ნოემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განიხილა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის - თ.ც-ას 2023 წლის 11 ივლისის №1000897418 განცხადება, რომლითაც მან საქართველოს პრეზიდენტს მიმართა თხოვნით, მისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე. 2023 წლის 11 ივლისის თ.ც-ას განცხადებაზე მომზადდა უარყოფითი დასკვნა №1000897418. კომისიამ „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბერის №2 დადგენილების მე-19 მუხლის მე- 5 პუნქტის საფუძველზე, ტესტირების (მატერიალური ფორმით) გზით შეაფასა ცოდნის დონე და დაადგინა რომ, თ.ც-ას ცოდნის დონე შეესაბამება საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს (მიღებული ქულები: სახელმწიფო ენა 9 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა), საქართველოს ისტორია 9 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა), სამართლის ძირითადი საფუძვლები 9 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა)). კომისიამ ასევე შეისწავლა საქმის მასალები, შეფასება მისცა მის ხელთ არსებულ ყველა დოკუმენტს, ინფორმაციას და მიიჩნია, რომ თ.ც-ა ვერ აკმაყოფილებს საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნებს. მიღებული ინფორმაციისა და თ.ც-ას საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ, ადმინისტრაციული წარმოების მასალებზე დაყრდნობით, კომისიამ იმსჯელა აღნიშნული პირის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობის შესახებ და დაადგინა, რომ რუსეთის მოქალაქის თ.ც-ას (საქმის №1000897418) მიმართ, არ არსებობს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები. გასაუბრება კომისიის წევრებსა და გასაუბრებაზე მოწვეულ პირს შორის წარიმართა კითხვა–პასუხის ფორმატში, რომლის შედეგად საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მსურველი პირის წარსული მოღვაწეობის, ოჯახური მდგომარეობის, პროფესიის, საქართველოში დასაქმების და მომავალში დაგეგმილი საქმიანობის, ამჟამინდელი მოქალაქეობის ქვეყანაში საქმიანობის, საქართველოსა და ამჟამინდელი მოქალაქეობის ქვეყანაში ქონების ფლობის, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მოტივის თაობაზე დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხებით გამოირკვა შემდეგი: თ.ც-ა არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, დაიბადა საქართველოში, ... ის რაიონში, განათლება მიიღო საქართველოში, დაოჯახდა რუსეთში, შვილები ქ. მოსკოვში იღებენ განათლებას, მეუღლე დასაქმებულია რუსეთის ფედერაციის ... სამსახურში, დედა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, საქართველოში ჰყავს ნათესავები, არ ფლობს ქონებას საქართველოში, იშვიათად ჩამოდის, მისი წარმომადგენელი კი, დაუზუსტებელ და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას აწვდიდა კომისიას.
კასატორის მოსაზრებით, მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა, რომ განმცხადებლისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობდეს. სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას, მათ შორის, მხედველობაში მიიღება ის გარემოებაც, რომელზეც მხარე უთითებდა განცხადებაში, კერძოდ - სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი არის სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი. განსახილველ შემთხვევაში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სასამართლო სხდომაზე სადავო არ გამხდარა საქმეში წარმოდგენილი ოქმების შინაარსი, რომლებშიც ასახული იყო თ.ც-ას მიერ დაფიქსირებული ინფორმაცია. აღნიშნული პირის საქართველოსთან კავშირი გამოიხატებოდა მხოლოდ იმაში, რომ სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირია, თუმცა წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილებით და საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის, კომისიის ოქმით აღნიშნული არ დასტურდება.
საქმეში წარმოდგენილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წერილით დგინდება, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დასკვნებზე საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა. „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოქალაქეობის საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად ჩაითვლება საქართველოს პრეზიდენტის მიერ სააგენტოდან წარმოდგენილი უარყოფითი დასკვნების გაცნობიდან ერთ კვირაში სამართლებრივი აქტის გამოუცემლობა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 1 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) თ.ქ-ე დაიბადა ... წლის ... ...ს საქართველოში, ...ში; არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე (ს.ფ 60, 61-65); ბ) 2023 წლის 11 ივლისს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ - თ.ც-ამ (გვარის შეცვლამდე - ქ-ე) განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და მოითხოვა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება. განცხადების გრაფაში ,,საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების საფუძველი’’ მიუთითა: ,,საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიგაჩნიათ და თქვენ ან თქვენი წინაპარი არის სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი’’. ასევე მიუთითა, რომ მისი მეუღლე, შვილები და მშობლები არიან საქართველოს მოქალაქეები; უმაღლესი განათლება მიიღო რუსეთის ფედერაციაში; საქართველოში ჰყავს ნათესავები. 2023 წლის 25 სექტემბერს კომისია გაესაუბრა თ.ც-ას წარმომადგენელს თ.წ-ეს, რომლის თანახმად დგინდება, რომ თ.ც-ა არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, დაიბადა საქართველოში, ...ის რაიონში, განათლება მიიღო საქართველოში, დაოჯახდა რუსეთში, შვილები ქ. მოსკოვში იღებენ განათლებას, მეუღლე დასაქმებულია რუსეთის ... სამსახურში, დედა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, საქართველოში არ ფლობს ქონებას, ჰყავს ნათესავები და იშვიათად ჩამოდის. ოქმში ასევე აღნიშნულია, რომ წარმომადგენელი დაუზუსტებელ და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას აწვდიდა კომისიას თ.ც-ას შესახებ. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის ორმა წევრმა ნ.შ-ემ და ლ.წ-მა წარადგინეს განსხვავებული, დადებითი პოზიცია თ.ც-ას მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე, მიუთითეს, რომ თ.ც-ა დაიბადა საქართველოში, ჰყავს საქართველოს მოქალაქე ნათესავები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნიეს, რომ არსებობს თ.ც-ას მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–17 მუხლით გათვალისწინებული პირობები. კომისიამ „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბერის №2 დადგენილების მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ტესტირების (მატერიალური ფორმით) გზით შეაფასა ცოდნის დონე და დაადგინა რომ, თ.ც-ას ცოდნის დონე შეესაბამება საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს (მიღებული ქულები: სახელმწიფო ენა - 9 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა), საქართველოს ისტორია - 9 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა), სამართლის ძირითადი საფუძვლები - 9 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა)). კომისიამ ასევე შეისწავლა საქმის მასალები, შეფასება მისცა მის ხელთ არსებულ ყველა დოკუმენტს, ინფორმაციას და მიიჩნია, რომ თ.ც-ა ვერ აკმაყოფილებს საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნებს. მიღებული ინფორმაციისა და თ.ც-ას საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ, ადმინისტრაციული წარმოების მასალებზე დაყრდნობით, კომისიამ იმსჯელა აღნიშნული პირის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–17 მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობის შესახებ და დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის თ.ც-ას მიმართ, არ არსებობს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები. „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბერის №2 დადგენილების მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის თ.ც-ას (საქმის №1000897418) მიმართ არ არსებობს მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები და ამავე დადგენილების მე-19 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის ოქმის საფუძველზე უნდა მოამზადოს უარყოფითი დასკვნა (ს.ფ 45-59, 81-82); გ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ წერილობით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა, არსებობდა თუ არა თ.ც-ასათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების უარის თქმის კანონიერი საფუძვლები (ს.ფ 77). საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ივლისის №SSG 9 23 00166004 წერილით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 12 ივლისის №1000897418/1 წერილის პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მოსარჩელის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია (ს.ფ 78). 2023 წლის 21 ივლისის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის №00004031 წერილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ 2023 წლის 14 ივლისის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს №1000897320/1 წერილში მითითებული პირების, მათ შორის, თ.ც-ას (საქმის №1000897418) შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია (ს.ფ 76). საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივლისის MIA 5 23 02081185 წერილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში თ.ც-ას მიმართ გაძევების პროცედურები არ მიმდინარეობს (ს.ფ 73); დ) 2023 წლის 27 სექტემბერს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, მოქალაქეობის საკითხთა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლისა და „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, მოამზადა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის თ.ც-ასათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე უარყოფითი №1000897418 დასკვნა, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს პრეზიდენტისათვის გადაგზავნა დადგინდა. დასკვნაში სააგენტომ აღნიშნა, რომ განცხადების განხილვისას, გამოკვლეულ იქნა, ერთი მხრივ, სხვა ქვეყნის მოქალაქის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობის საკითხი. „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტომ გამოითხოვა ინფორმაცია უფლებამოსილი ორგანოებიდან. დადგინდა, რომ არ არსებობს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლები. სააგენტოს მიერ მოპოვებული ინფორმაციისა და მასალების წარდგენის შემდგომ, 2023 წლის 25 სექტემბრის (სხდომის ოქმი №23605) სხდომაზე, მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ განიხილა და შეაფასა თ.ც-ას საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ განცხადებაზე სახელმწიფო დაწესებულებებიდან მოპოვებული ინფორმაცია, ადმინისტრაციული წარმოების მასალები, ცოდნის დონე და დაადგინა, რომ დებულების მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის მიმართ არ არსებობს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები (ს.ფ 84-85); ე) 2023 წლის 27 სექტემბრის, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს №1000897418/1 წერილით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაჯილდოვების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა სამსახურს გადაეგზავნა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ დასკვნები, მათ შორის, თ.ც-ას მიმართ მიღებული №1000897418 დასკვნა (ს.ფ 86). 2023 წლის 29 სექტემბერს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ №1000897418/2 წერილით თ.ც-ას ეცნობა, რომ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 27 სექტემბრის №1000897418 დასკვნა გადაგზავნილ იქნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2023 წლის 27 სექტემბერს. აღნიშნული წერილით სააგენტომ თ.ც-ას ასევე აცნობა, რომ „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოქალაქეობის საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად ჩაითვლება საქართველოს პრეზიდენტის მიერ სააგენტოდან წარმოდგენილი უარყოფითი დასკვნების გაცნობიდან ერთ კვირაში სამართლებრივი აქტის გამოუცემლობა (ს.ფ 87). საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2023 წლის 29 სექტემბრის №7040 წერილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარდგენილ დასკვნებზე, მათ შორის №1000897418 უარყოფით დასკვნაზე „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა (ს.ფ 88); ვ) თ.ც-ას, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე რეკომენდაციას უწევს ნათესავი - გ.ც-ა (პ/ნ...; მცხოვრები თბილისი, ...ის ქ. 13, ბინა ...); რეკომენდაციაში უთითებს, რომ თ.ც-ა არის კანონმორჩილი, მშრომელი და პატრიოტი ადამიანი, რომელსაც სურს საქართველოში რეპატრიაცია და ბავშვების გადმოყვანა. საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე თ.ც-ას რეკომენდაციას უწევს ასევე მისი დეიდაშვილი ა.გ-ი (მცხოვრები ქ. ... ...ის ქ. №20); რეკომენდაციაში აღნიშნავს, რომ თ.ც-ას უყვარს საქართველო, ჰყავს სამი შვილი, ქართველი მეუღლე, არის ...ში დაბადებული, ...ში აქვს ბებია და ბაბუის მიერ დატოვებული სახლი და აპირებს მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად გადმოსვლას თბილისში (ს.ფ 66, 67).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 32-ე პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფლისა. საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს (მუხლი 1).
ზემოაღნიშნული ორგანული კანონის მე-9 მუხლის თანახმად, 1. საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება: ა) დაბადებით; ბ) ნატურალიზაციით. 2. ნატურალიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით. 3. ნატურალიზაციის სახეებია: ა) საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება; ბ) საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება; გ) საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება; დ) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ზოგადი პროცედურის მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პირი ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში (საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება) საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადებას წარუდგენს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამავე კანონის 24-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხებზე განცხადებას განიხილავს სააგენტო კომისიის დახმარებით. კომისია შედგება 6 წევრისაგან, რომლებსაც ნიშნავს სააგენტოს თავმჯდომარე. კომისიის 2 წევრი (მათ შორის, კომისიის თავმჯდომარე) ინიშნება სააგენტოს თანამშრომლებისაგან, 2 წევრი − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და 2 წევრი − საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოსამსახურეებისაგან, ამ უწყებების წარდგინებით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე სააგენტოს დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს.
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლი ადგენს საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მატერიალურ საფუძვლებს. მოცემული მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას, მათ შორის, მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები: ა) სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი არის: ა.ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი; ა.ბ) სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი; ბ) სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ახორციელებს ისეთ ინვესტიციას ან მან საქართველოში განახორციელა ისეთი ინვესტიცია, რომლითაც სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ან შეიტანა; გ) სხვა ქვეყნის მოქალაქე წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და მას სურს მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოს. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტი კი ადგენს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა პირმა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისათვის დადგენილ ფარგლებში უნდა იცოდეს: ა) საქართველოს სახელმწიფო ენა; ბ) საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ თ.ც-ასთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე უარყოფითი დასკვნა ეფუძნება მხოლოდ ვარაუდს და არც თავად დასკვნაში და არც მოქალაქეობის საკითხთა კომისიის სხდომის ოქმში არ არის მითითებული იმ გარემოებებზე, თუ რატომ მიიჩნია კომისიამ, რომ მოსარჩელისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან არ გამომდინარეობდა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს მოქმედების თავისუფლებას, თუმცა არ ქმნის სამართლისგან სრულიად თავისუფალ სივრცეს, ასეთ პირობებში მოქალაქეს არ ერთმევა უფლება მოითხოვოს მის მიმართ უშეცდომო გადაწყეტილების მიღება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს სრულიად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც სრული მოწესრიგება. გარემოებათა სიმრავლის, სფეროს თავისებურებების გათვალისწინებით სასამართლო შემოწმების მასშტაბი ცვალებადია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 07.03.2019წ. №ბს-797(კ-18) გადაწყვეტილება). „შეფასების გარკვეული თავისუფლების მიუხედავად, ცხადია, რომ მისი გამოყენება ობიექტურად და სამართლიანად უნდა ხდებოდეს. დისკრეციული უფლებამოსილების სპეციფიკური პროცესი წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს მოქალაქეთა დარღვეული უფლების სასამართლო წესით აღდგენის ინტერესთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და უნდა ექვემდებარებოდეს სასამართლო კონტროლს. მმართველობის ყველა აქტი, მათ შორის დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება, ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. სზაკ-ის 7.2 მუხლის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ დაიშვება პირის ძირითადი უფლებისა და კანონიერი ინტერესების შელახვა. დისკრეცია არ წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების კონტროლისაგან თავისუფალ სივრცეს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა - 11.04.12წ. №ბს-1655-1627(კ-11), 20.10.10წ. №ბს-342-331(კ-10)), ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულება უკიდეგანო არ არის და მის ფარგლებში თვითნებობის, დისკრიმინაციის, დისკრეციული უფლებამოსილების გადაჭარბების ან არამიზნობრივი გამოყენების გამოვლენა დაუშვებელია, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია არ ნიშნავს თანასწორობის ან კანონიერების პრინციპის უგულებელყოფას, დისკრეციული უფლებამოსილება სამართლებრივად შებოჭილი თავისუფლებაა. დისკრეციული უფლებამოსილების ცნებისათვის იმანენტურია მისი სამართლებრივი ბოჭვა, რაც სასამართლო კონტროლის პირობებშია შესაძლებელი“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა - 07.03.2019წ. №ბს-797(კ-18) გადაწყვეტილება).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზნებისთვის სახელმწიფო ინტერესების შეფასება უნდა მოხდეს ინდივიდუალურად. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან თვითნებობის გამოსარიცხად არსებითი მნიშვნელობა აქვს, რომ კრიტერიუმები და გარემოებები, რომლითაც კომისია ხელმძღვანელობს დასაბუთებული და განმარტებული იქნას მიღებულ დასკვნასა და ოქმებში. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, კომისია ვალდებული იყო თ.ც-ასთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე მსჯელობისას შეეფასებინა სწორედ კანონმდებლობით დადგენილი გარემოებები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრება ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილება ან/და სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასვლა პირისათვის მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღებისას სახელმწიფო ინტერესების შეფასებისთვის სავალდებულოდ გასათვალისწინებელ გარემოებას წარმოადგენს. ამდენად, კანონმდებლობა მითითებულ გარემოებებს დაინტერესებული პირის საქართველოსთან განსაკუთრებულ კავშირად განიხილავს, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული. მართალია, მხოლოდ ეს კრიტერიუმები ავტომატურად არ ქმნის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე დადებითი დასკვნის მომზადების საკმარის საფუძველს, თუმცა კომისია ვალდებულია გაითვალისწინოს მითითებული გარემოებები და უარყოფითი დასკვნის გაცემის შემთხვევაში, ცხადად დაასაბუთოს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების დადგენა, მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის ფორმალური საფუძვლების არარსებობის პირობებში, რატომ არ არის საკმარისი დაინტერესებული პირისათვის მოქალაქეობის მინიჭებაზე დადებითი დასკვნის მომზადებისთვის.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კომისიამ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოები, არ დაასაბუთა უარყოფითი დასკვნის გამოცემის შესახებ გადაწყვეტილება და სადავო აქტი არსებითად დააფუძნა სუბიექტურ ვარაუდს. კომისიამ მხედველობაში არ მიიღო თ.ც-ას მიერ ქვეყნის დატოვების მიზეზები და საქართველოსთან მისი კავშირი. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ სახეზე იყო სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლები, თ.ც-ასთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის გამოცემის თაობაზე.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ნოემბრის განჩინება;
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.02.2026წ. №02878 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
გ. უბილავა