დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-360(კ-26) 4 ივნისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „ ...-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „...-მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ,,სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო შპს „...-ის“ დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების და ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტთან) შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე“ ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 27 ივლისის №01-06/446 დადგენილება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 აგვისტოს განჩინებით შპს „..-.ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შეჩერდა ,,სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო შპს ,,...-ის“ დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების და ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტთან) შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე, ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 27 ივლისის №01-06/446 დადგენილების მოქმედება, შპს ,,...-ისათვის“ ჯარიმის დაკისრების, დარღვევით მიმდინარე მშენებლობის გარდა, დანარჩენი მშენებლობის შეჩერების დავალდებულების ნაწილში, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,...-ის“ სარჩელი, ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა, უსაფუძვლობის გამო.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 აპრილის ის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...-მა“.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ნოემბრის განჩინებით შპს „...-ის“ (ს/ნ...) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილება.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...-მა“.
„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების 27-ე მუხლზე (მშენებლობაში დასაშვები (უმნიშვნელო) ცვლილებები) მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2020 წლის 27 ივლისს მიღებული №01-06/446 დადგენილება უკანონოა, ვინაიდან მასში მოყვანილი დარღვევები დასაშვები ცვლილებებითაა ნაწარმოები.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 20 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...-ის“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 18 ივნისის №208 ბრძანებით ქ. ბათუმში, დასახლება ...ში მდებარე 6224.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...), ...ისა და ...ის ...ის მშენებლობის მიზნით, შპს „...ის“ სახელზე გაიცა მშენებლობის ნებართვა (2018 წლის 23 მაისის №2151 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტი) (ს.ფ. 52-53); ბ) 2020 წლის 11 ივნისს ა(ა)იპ ა(ა)იპ ,,ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო და უსაფრთხოების საჯარო ზედამხედველობის სამსახურის მიერ შედგენილ იქნა №214 მითითების აქტი სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტზე, რომლის თანახმად, შპს „...-მა“ ქ. ბათუმში, ...ის დასახლებაში, ...ის გამზირი №...-ში (ს/კ ...), სანებართვო პირობების (პროექტის) დარღვევით განახორციელა ...ისა და ...ის ...ის მშენებლობა, კერძოდ, დარღვეული იყო შენობის გაბარიტები, შეცვლილი იყო კონფიგურაცია და დარღვეული იყო კონსოლის გაბარიტები. მითითებით შპს „...ას“ დაევალა სამშენებლო სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერება და 20 დღის ვადაში ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტთან) შესაბამისობაში მოყვანა (ს.ფ. 79-80); გ) 2020 წლის 7 ივლისს ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო და უსაფრთხოების საჯარო ზედამხედველობის სამსახურის მიერ შედგა №439 შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, გადამოწმდა ობიექტი და დადგინდა მითითების შეუსრულებლობის ფაქტი, კერძოდ, ობიექტი არ იყო მოყვანილი პროექტთან შესაბამისობაში (ს.ფ. 58-59); დ) შპს ,,...-ას” ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო და უსაფრთხოების საჯარო ზედამხედველობის სამსახურის მიერ, „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 125-ე მუხლის მე-21 ნაწილის შესაბამისად, უწყებით ეცნობა საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა (№01-05/2198, 10.07.2020 წ.). 2020 წლის 15 ივლისს, ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო და უსაფრთხოების საჯარო ზედამხედველობის სამსახურში საქმის განხილვაზე შპს ,,...-ის“ წარმომადგენელი არ გამოცხადდა (ს.ფ. 56-57, 54-55); ე) ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ მიერ 2020 წლის 27 ივლისს გამოცემული იქნა ,,სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო შპს „...-ის“ დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების და ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტთან) შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე“ №01-06/446 დადგენილება. აღნიშნული დადგენილების მიხედვით, ქ. ბათუმში, დასახლება ...ში, ...ის გამზ. ...-ში, სანებართვო პირობების (2018 წლის 23 მაისის №2151 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტი) დარღვევით მიმდინარე ...ისა და ...ის ...ის მშენებლობის გამო შპს „...“ დაჯარიმდა 4 000 ლარით. შეჩერდა ქ. ბათუმში, დასახლება ...ში შპს „...-ის“ მიერ სანებართვო პირობების (პროექტის) დარღვევით მიმდინარე მშენებლობა. ამავე დადგენილებით დაევალა შპს „..-.ის“ ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან 2018 წლის 23 მაისის №2151 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტი) შესაბამისობაში მოყვანა (ს.ფ. 46-49).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო - ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ 2020 წლის 27 ივლისის №01-06/446 დადგენილების გამოცემას საფუძვლად დაედო საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 132-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სამშენებლო/სანებართვო პირობების დარღვევა: ქალაქში გამოიწვევს დაჯარიმებას III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას – 4 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის შეტყობინება ან მშენებლობის ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის ჰ6 ქვეპუნქტით სამშენებლო დოკუმენტაცია განიმარტება, როგორც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული/შეთანხმებული სანებართვო დოკუმენტაცია, რომელიც მშენებლობის განხორციელების საფუძველია. სანებართვო დოკუმენტაციის დეფინიცია მოცემულია მე-3 მუხლის ჰ13 ქვეპუნქტით, რომლის თანახმად, სანებართვო დოკუმენტაცია არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემუშავებული დოკუმენტები, რომლებიც მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარედგინება. სანებართვო დოკუმენტაციის მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება ამ კოდექსის 106-ე მუხლის შესაბამისად. ამავე მუხლის ჰ11 ქვეპუნქტით განიმარტება სამშენებლო/სანებართვო პირობები, რაც არის მშენებლობის პირობები, რომლებიც განსაზღვრულია მშენებლობის ნებართვით ან მშენებლობის შეტყობინებით და სამშენებლო დოკუმენტაციით. ამავე მუხლის ჰ12 ქვეპუნქტის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობა არის სანებართვო დოკუმენტაციის მომზადება, სამშენებლო მოედნის ორგანიზება, მშენებლობის წარმოებისა და სამშენებლო/სანებართვო პირობების შესრულება − თითოეული ეს საქმიანობა ცალ-ცალკე ან ერთობლივად,საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 94-ე მუხლზე, რომლის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას (1); II−IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულებას (2). ამდენად, მშენებლობის განხორციელებამდე პირმა კანონით დადგენილი წესით უნდა მოიპოვოს უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა, რაც გამოიხატება პირველი კლასის მშენებლობის განხორციელებისას დადასტურების მიღებაში (მშენებლობის მარტივ შეტყობინებაში), ხოლო მეორე, მესამე ან მეოთხე კლასის მშენებლობისას - მშენებლობის ნებართვის მოპოვებაში.
ზემოდასახელებული კოდექსის 122.1 მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევა არის ამ კოდექსის XV თავით გათვალისწინებული ქმედება, რომლის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ამ თავით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 123-ე მუხლის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად (1). ამავე კოდექსი 124-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს მითითება: ა) სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ან/და დარღვევის გამოსწორების შესახებ; ბ) სამშენებლო ობიექტზე არსებული სამშენებლო მასალის, ნაკეთობისა და კონსტრუქციის გამოყენების აკრძალვის შესახებ, თუ ისინი ვერ პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს; გ) მშენებლობის ორგანიზების პროექტით დადგენილი წესების დარღვევის გამოსწორების შესახებ. დარღვევის გამოსწორების შესახებ მითითება გაიცემა გონივრული ვადით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ. ამავე კოდექსის 125-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ. ამავე კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს მიმდინარე მშენებლობა, თუ ეს არის უნებართვო მშენებლობა ან ის სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარეობს და მისი გამოსწორება შეუძლებელია მშენებლობის შეჩერების გარეშე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სანებართვო პირობების (პროექტის) დარღვევით განხორციელდა ...ისა და ...ის ...ის მშენებლობა, კერძოდ, დარღვეულია შენობის გაბარიტები, შეცვლილია კონფიგურაცია და დარღვეულია კონსოლის გაბარიტები. საკასაციო საჩივარი ეფუძნება მხოლოდ იმ გარემოებას, რომ დასახელებული დარღვევები დასაშვები ცვლილებებითაა ნაწარმოები, რასთან მიმართებითაც კასატორი მიუთითებს „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების 27-ე მუხლზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ეს კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (1); ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით (2); საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით (3). ხოლო, ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, ვისთანაც უნდა იყოს ისინი. ზემოაღნიშნულ ნორმებზე მითითებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომლებსაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი, ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. ამასთან, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება - მტკიცების ტვირთი, ასეთ დროს გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე, თუმცა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება არ გულისხმობს მოსარჩელე მხარის საერთოდ გათავისუფლებას მის მიერ მითითებული გარემოებების დასაბუთების ვალდებულებისაგან, ე.ი. იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რაზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტი, რაც უტყუარად დაადასტურებდა, რომ კომპანიის მიერ მშენებლობა ნაწარმოებია „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების 27-ე მუხლის გათვალისწინებით. საყურადღებოა, რომ აღნიშნული დადგენილების 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სავალდებულო საექსპერტო შეფასებას ექვემდებარება ამ წესის 27-ე მუხლის (მშენებლობაში დასაშვები (უმნიშვნელო) ცვლილებები) 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა. მოსარჩელე კომპანია შემოიფარგლება მხოლოდ ზეპირი განმარტებით და საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ სადაო მშენებლობის დროს დარღვეული არ არის ...ისა და ...ის ...ის მშენებლობის მიზნით გაცემული სანებართვო პირობები (2018 წლის 23 მაისის №2151 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტი). ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ №255 დადგენილების 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირდაპირ გამორიცხავს კონსოლების კვეთის ცვლილებას დასაშვებ ცვლილებათა კატეგორიიდან ((1) მშენებლობის ახალ ნებართვას ან მშენებლობის შეტყობინებას არ საჭიროებს სამშენებლო დოკუმენტში ცვლილება, თუ განხორციელებული ცვლილება შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნებს, განაშენიანების დეტალური გეგმის (არსებობის შემთხვევაში) მოთხოვნებს ან/და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს და წარმოდგენილია შესაბამისობის თაობაზე საექსპერტო დასკვნა, რომლებიც ასახულია შესაბამისი ეტაპის ოქმში (გარდა შენობა-ნაგებობის კლასის ცვლილებისა, ფასადის ცვლილებისა, სართულის დაშენებისა ან/და საპროექტო შენობის ფართობის 20% მეტი ცვლილებისა). (2) ამ მუხლის პირველი პუნქტის პროცედურის გავლა არ არის საჭირო, სამშენებლო დოკუმენტაციის შემდეგი ცვლილებების შემთხვევაში: ა) შენობა-ნაგებობების მზიდი კონსტრუქციული ელემენტების ძირითადი გაბარიტების უმნიშვნელო შეცვლა, მაგრამ არა უმეტეს 0.1 მეტრისა (გარდა კოლონების ჰორიზონტალური კვეთის, საყრდენი კედლის სიგანის, რიგელების ვერტიკალური კვეთის, სართულშუა გადახურვის ფილებისა და კონსოლების კვეთის სიმაღლეების ცვლილებისა), რამაც არ უნდა გამოიწვიოს შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებით სამშენებლო რეგლამენტის მიხედვით განსაზღვრული კონსტრუქციული სისტემის მდგრადობის დასუსტება). საყურადღებოა, რომ მიუხედავად საკანონმდებლო ცვლილებისა კონსოლების კვეთის ცვლილებასთან დაკავშირებით იგივე მოთხოვნები დარჩა დღეისათვის მოქმედი №255 დადგენილების 27-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით (სამშენებლო დოკუმენტაციის ცვლილებას არ საჭიროებს ამ პუნქტით განსაზღვრული შემდეგი ცვლილებები: ა) შენობა-ნაგებობების მზიდი კონსტრუქციული ელემენტების ძირითადი გაბარიტების უმნიშვნელო შეცვლა, მაგრამ არაუმეტეს 0.1 მეტრისა (გარდა კოლონების ჰორიზონტალური კვეთის, საყრდენი კედლის სიგანის, რიგელების ვერტიკალური კვეთის, სართულშუა გადახურვის ფილებისა და კონსოლების კვეთის სიმაღლეების ცვლილებისა), რამაც არ უნდა გამოიწვიოს შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებით სამშენებლო რეგლამენტის მიხედვით განსაზღვრული კონსტრუქციული სისტემის მდგრადობის დასუსტება). შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება ვერ შეფასდება, როგორც უმნიშვნელო. გარდა ამისა, მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ განხორციელებული ცვლილებები შეესაბამებოდა ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნებს და არ იწვევდა კონსტრუქციული მდგრადობის დასუსტებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...-ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ნოემბრის განჩინება;
3. შპს „...-ას“ (ს/კ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 25.03.2026წ. №263 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
გ. უბილავა