დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 14.05.2026
საქმის ნომერი
ბს-389(კ-23)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-389(კ-23) 14 მაისი, 2026 წელი,თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს...“ (მოსარჩელე)

მესამე პირები – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „თ...“, მ. მ-ე, ს. მ-ე (დ. რ-ას უფლებამონაცვლეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.06.2022 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 30.12.2021 წლის გადაწყვეტილებით შპს „ს...ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ დაკმაყოფილდა:

1.1. ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის არქიტექტურულ-გეგმარებითი კომისიის 07.03.2019 წლის №8 ოქმი ქ. ზუგდიდში, ...ს ქ. №...-ში არსებული შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე სავაჭრო ფართის მიშენების ნებართვის გაცემაზე დ. რ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში;

1.2. ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 12.03.2019 წლის №1012 ბრძანება ქ. ზუგდიდში, ...ს ქ. №...-ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „თ...ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „ამხანაგობა“) თანასაკუთრებაში არსებულ 1299 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ: ...) მოაღნაგე დ. რ-ასთვის აღნაგობის უფლებით გადაცემულ 3 კვ.მ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე სავაჭრო ფართის მიშენებაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ და №46 მშენებლობის სანებართვო მოწმობა;

1.3. ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 02.05.2019 წლის №1904 ბრძანება ქ. ზუგდიდში, ...ს ქ. №...-ში მდებარე მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ;

1.4. მოპასუხეს დაევალა გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. ზუგდიდში, ...ს ქ. №...-ში ამხანაგობის თანასაკუთრებაში არსებულ 1299 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ: ...) პირველ სართულზე დ. რ-ას მიერ აგებული სავაჭრო ფართის დემონტაჟთან დაკავშირებით.

2. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

2.1. ქ. ზუგდიდში, ...ს ქ. №...-ში შექმნილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, რომლის თავმჯდომარეა თ. მ-ა. დადგენილია, რომ ამხანაგობის თანასაკუთრებაში აღნიშნულ მისამართზე ირიცხება 1299 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განლაგებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი. მოსარჩელე ამხანაგობის წევრია, ვინაიდან ინდივიდუალურ საკუთრებაში ერიცხება ამ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში განთავსებული უძრავი ქონება. დ. რ-ამ მიმართა ამხანაგობას და მოითხოვა მითითებულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე სავაჭრო ფართის მიშენებაზე თანხმობის გაცემა. დ. რ-ა არ იყო ამხანაგობის წევრი. 06.02.2019 წელს ამხანაგობამ მიიღო №1 საერთო კრების ოქმი, რომლითაც დადგინდა, რომ ამხანაგობის 100% თანახმაა დ. რ-ამ საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მიაშენოს სავაჭრო ფართი წარდგენილი პროექტის მიხედვით, რომელიც შესრულებულია ი/მ „ი...ს“ მიერ. ამხანაგობის 06.02.2019 წლის №1 კრების ოქმში მითითებულია, რომ კრებას ესწრებოდა წევრების სრული შემადგენლობა - 100%.

2.2. 18.02.2019 წელს დ. რ-ამ განცხადებით მიმართა მოპასუხეს და სავაჭრო ფართის მიშენებაზე ნებართვის გაცემა მოითხოვა. მოპასუხის არქიტექტურულ-გეგმარებითი კომისიის 07.03.2019 წლის №8 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ. რ-ას მოთხოვნა და გაიცა ქ. ზუგდიდში, ...ს ქ. №...-ში არსებული შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე სავაჭრო ფართის მიშენების ნებართვა.

2.3. მოპასუხის 12.03.2019 წლის №1012 ბრძანებით შეთანხმებულ იქნა და ნება დაერთო მოაღნაგე დ. რ-ას ამხანაგობის თანასაკუთრებაში არსებულ 1299.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ: ...) აღნაგობის უფლებით აღებულ 3.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე მიაშენოს სავაჭრო ფართი. 12.03.2019 წელს გაიცა №46 მშენებლობის სანებართვო მოწმობა.

2.4. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 02.05.2019 წლის №1904 ბრძანებით ექსპლუატაციაში იქნა მიღებული მშენებლობადამთავრებული სავაჭრო ფართი.

2.5. კანონიერ ძალაში შესული ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 15.10.2019 წლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობის 06.02.2019 წლის №1 კრების ოქმი, რომლის თანახმად, დ. რ-ას მიეცა თანხმობა ზუგდიდში, ...ს ქ. №...-ში სავაჭრო ფართის მიშენებაზე; ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობის თავმჯდომარესა და დ. რ-ას შორის 08.02.2019 წელს დადებული აღნაგობის ხელშეკრულება.

2.6. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. სასამართლოს მითითებით, დ. რ-ასთვის, რომელიც ამხანაგობის წევრი არ იყო, უფლების მინიჭებაზე სწორედ ეს ნორმა უნდა გავრცელებულიყო. მშენებლობის განხორციელება ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობას საჭიროებდა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის არარსებობა უკვე თავისთავად ქმნის სადავო აქტების ბათილად ცნობის საკმარის საფუძველს.

2.7. ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციულ წარმოებაში უნდა ჩაერთო და მოეწვია მოსარჩელე, ვინაიდან დასტურდებოდა ამ უკანასკნელის კარისა და სარკმლის ამოქოლვა. მიწის ნაკვეთი მოქცეული იყო ამხანაგობის წითელ ხაზებში და, შესაბამისად, მშენებლობა გავლენას ახდენდა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაზე. სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა კრების ოქმის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, უნდა უზრუნველეყო ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის მონაწილეობა და გადაწყვეტილება მიეღო საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად, რათა დაცული ყოფილიყო სხვისი საკუთრება.

2.8. სასამართლომ მიუთითა, რომ შენობის დემონტაჟთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. შესაბამისად, მოპასუხეს დაევალა დ. რ-ას მიერ აგებული სავაჭრო ფართის დემონტაჟთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.06.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და დამატებით მიუთითა შემდეგი:

4.1. დადგენილია, რომ მოპასუხეს წარედგინა ამხანაგობის 06.02.2019 წლის კრების ოქმი, რომელშიც აღნიშნულია, რომ კრებას ესწრებოდა ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების სრული შემადგენლობის 100%, თუმცა სახელობითად დამსწრე პირებზე ინფორმაცია კრების ოქმში ასახული არ არის. ამასთან, კრების ოქმი დადასტურებულია მხოლოდ კრების თავმჯდომარის ხელმოწერით. დადგენილია, რომ მოსარჩელეს, როგორც ამხანაგობის წევრს, თანხმობა არ გაუცია საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე სავაჭრო ფართის მიშენებაზე.

4.2. სააპელაციო პალატის მითითებით, ადმინისტრაციული ორგანო ფორმალურად არ უნდა მისდგომოდა საკითხს; მას დ. რ-ამ სხვა დოკუმენტებთან ერთად წარუდგინა პროექტი, ფოტოსურათები, საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლებითაც ირკვეოდა, რომ მოთხოვნილი მშენებლობის განხორციელების შემდეგ ამოიქოლებოდა მოსარჩელის კარი და მასზე არსებული სარკმელი. ადმინისტრაციულ ორგანოს მინიმუმ უნდა გამოერკვია ამხანაგობის იმ წევრის ნება, რომლის ინდივიდუალურ საკუთრებაზეც პირდაპირ ზეგავლენას ახდენდა მოთხოვნილი მშენებლობა და არ უნდა დაყრდნობოდა მხოლოდ კრების ოქმის ბუნდოვან და სათანადოდ დაუდასტურებელ მითითებას ასეთ მიშენებაზე ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობის არსებობის შესახებ, მით უფრო, როცა კრების ოქმში მითითება დ. რ-ას ამხანაგობის წევრობაზე სინამდვილეს არ შეესაბამებოდა; საქმის მასალებით ნათლად დასტურდებოდა, რომ დ. რ-ას ამხანაგობაში ინდივიდუალურ საკუთრებაში უძრავი ქონება არ ჰქონდა. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხი უნდა გამოერკვია სრულყოფილად, რისთვისაც ადმინისტრაციულ წარმოებაში უნდა ჩაერთო მოსარჩელე, ვინაიდან წარდგენილი დოკუმენტაციით იკვეთებოდა მისი უფლებების შელახვის ფაქტი და ემსჯელა კრების ოქმის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნია, რომ სადავო აქტები გამოცემული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რაც უკანონობის გამო მათი ბათილად ცნობის საფუძველი იყო.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

8. საკასაციო პალატა იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.

9. დადგენილია, რომ ქ. ზუგდიდში, ...ს ქ. №...-ში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანასაკუთრებაში ირიცხება 1299 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განლაგებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი. მოსარჩელე ამხანაგობის წევრია (ტ.1, ს.ფ. 15-27). დ. რ-ამ, რომელიც არ იყო ამხანაგობის წევრი, მიმართა ამხანაგობას და მოითხოვა მითითებულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე სავაჭრო ფართის მიშენებაზე თანხმობის გაცემა. 06.02.2019 წელს ამხანაგობამ მიიღო №1 საერთო კრების ოქმი, რომელშიც მითითებულია, რომ ამხანაგობის 100% თანახმაა დ. რ-ას მიერ ფართის მიშენებაზე (ტ.1, ს.ფ. 30-31).

10. მოპასუხის არქიტექტურულ-გეგმარებითი კომისიის 07.03.2019 წლის №8 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ. რ-ას მოთხოვნა და დადგინდა, რომ გაიცეს ქ. ზუგდიდში, ...ს ქ. №...-ში არსებული შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე სავაჭრო ფართის მიშენების ნებართვა (ტ.1, ს.ფ. 43-45). მოპასუხის 12.03.2019 წლის №1012 ბრძანებით შეთანხმებულ იქნა და ნება დაერთო მოაღნაგე დ. რ-ას ამხანაგობის თანასაკუთრებაში არსებულ 1299.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ: ...) აღნაგობის უფლებით აღებულ 3.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე მიაშენოს სავაჭრო ფართი (ტ.1, ს.ფ. 36-38). 12.03.2019 წელს გაიცა №46 მშენებლობის სანებართვო მოწმობა (ტ.1, ს.ფ. 39-42). მოპასუხის 02.05.2019 წლის №1904 ბრძანებით ექსპლუატაციაში იქნა მიღებული მშენებლობადამთავრებული სავაჭრო ფართი (ტ.1, ს.ფ. 131-132). განსახილველი დავის საგანს სწორედ მოპასუხის მიერ მიღებული ზემოაღნიშნული აქტების კანონიერება წარმოადგენს.

11. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ფორმებსა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საკუთრების ფორმებს, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმოშობის, ჩამოყალიბების, საქმიანობისა და ლიკვიდაციის ძირითად სამართლებრივ პირობებს არეგულირებს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი. ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არის მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება.

12. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი არის ბინის მესაკუთრე მრავალბინიან სახლში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობა წარმოიშობა მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების შეძენისთანავე. წევრობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობაში ეფუძნება არა პირის სუბიექტურ გადაწყვეტილებას, არამედ იმ ობიექტურ გარემოებას, რომ მას აქვს საკუთრება ბინაზე მრავალბინიან სახლში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 15.09.2009 წლის №2/2/439 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18). ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შემადგენელი მიწის ნაკვეთი, სახლის ნაწილი და ის შენობა-ნაგებობები, დანადგარები, საინჟინრო ქსელები, მოწყობილობები, რომლებიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას) წარმოადგენს (კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი).

13. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. ამრიგად, დ. რ-ას, რომელიც ამხანაგობის წევრი არ იყო, სავაჭრო ფართის მიშენებაზე თანხმობა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა მიეღო.

14. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 15.10.2019 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობის 06.02.2019 წლის №1 კრების ოქმი, რომლითაც დ. რ-ას მიეცა თანხმობა ზუგდიდში, ...ს ქ. №...-ში სავაჭრო ფართის მიშენებაზე; ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობის თავმჯდომარესა და დ. რ-ას შორის 08.02.2019 წელს დადებული აღნაგობის ხელშეკრულებაც. ამ გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ამხანაგობის 06.02.2019 წლის №1 კრების ოქმის მიღებისას დაირღვა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, კერძოდ, ამხანაგობის წევრები არ ყოფილან მიწვეული კანონით დადგენილი წესით, წერილობითი ფორმით და გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად, ამასთან, მოსარჩელეს საერთოდ არ ეცნობა კრების მოწვევის თაობაზე; აღნაგობის ხელშეკრულებაც დადებულია ამხანაგობის წევრთა თანხმობის გარეშე (ტ.1, ს.ფ. 147-157).

15. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის არარსებობა უკვე თავისთავად ქმნის სადავო აქტების ბათილად ცნობის საკმარის საფუძველს. კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არსებობის გათვალისწინებით, უდავოდ დგინდება მოცემულ საქმეში სადავო აქტების კანონშეუსაბამობა, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, მათი ბათილად ცნობის საფუძველია (შდრ. სუსგ №ბს-55-54 (კ-14), 16.05.2019წ.).

16. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ სადავო აქტების მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არ შეუფასებია კრების ოქმის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა, ასევე - არ გამოურკვევია ამხანაგობის იმ წევრის (მოსარჩელის) ნება, რომლის ინდივიდუალურ საკუთრებაზეც პირდაპირ ზეგავლენას ახდენდა მოთხოვნილი მშენებლობა.

17. საკასაციო პალატა აქვე დამატებით აღნიშნავს, რომ სადავო აქტების ადრესატის, დ. რ-ას უფლებამონაცვლეები, სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში ჩაბმული არიან მესამე პირებად (იხ. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 17.11.2021 წლის განჩინება ტ.1, ს.ფ. 186-188), თუმცა მათ სადავო აქტების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ გაუსაჩივრებიათ.

18. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

19. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.06.2022 წლის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ოქროპირიძე