დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-390(კ-26) 10 ივნისი, 2026 წელი,თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. შ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.06.2025 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ა. შ-ამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი წარადგინა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „სამსახური“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის 14.11.2024 წლის №SSVA 00039792 გადაწყვეტილება;
1.2. მოპასუხეს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და მოსარჩელისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლის ვეტერანის სტატუსის მინიჭება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.03.2025 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 14.11.2024 წლის №SSVA00039792 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის (ომის მონაწილის) სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე. მოპასუხეს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და მოსარჩელისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის ვეტერანის სტატუსის მინიჭება.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.06.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
4.1. მოსარჩელე წლების განმავლობაში მუშაობდა სოხუმის რაიონის პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის 28.04.1989 წლიდან (ბრძანება №144-ლ) - 09.08.1993 წლამდე (ბრძანება №362-პ) სოხუმის რაიონის ..., ხოლო 09.08.1993 წლიდან (ბრძანება №362-პ) – 05.05.2003 წლამდე (ბრძანება №262-პ), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ... თანამდებობაზე (ს.ფ. 15,16).
4.2. მოპასუხის 14.11.2024 წლის №SSVA00039792 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ვეტერანის სტატუსის მინიჭებაზე, იმ საფუძვლით, რომ საომარი მოქმედებების პერიოდში მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობებიდან გამომდინარე, მის შესახებ არ მოიპოვება დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა უშუალო კონფლიქტის ზონაში მის მიერ საბრძოლო მოქმედებებში ჩართულობასა და მონაწილეობას ან/და უშუალო კონფლიქტის ზონის მიღმა, საბრძოლო მოქმედებების უზრუნველსაყოფად, საბრძოლო დავალების შესრულებას (საბრძოლო მორიგეობის გათვლაზე ყოფნა/საბრძოლო ამოცანის შესრულება ან/და სხვა ტიპის ქმედება, რომელიც შეიძლება მოიაზრებოდეს, როგორც საბრძოლო მოქმედებებში ჩართულობა). ამდენად, სამსახური მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს მიანიჭოს მოსარჩელეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის (ომის მონაწილის) სტატუსი (ს.ფ. 47,48).
4.3. ,,ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლების მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებებში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები.
4.4. აღნიშნული კანონის მე-10 მუხლის თანახმად, თავდაცვის ძალების ვეტერანებს მიეკუთვნებიან ყოფილი საბჭოთა კავშირის, საქართველოს სამხედრო ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, ყოფილი შინაგანი ჯარების, სახელმწიფო უშიშროების ჯარების, სასაზღვრო ჯარების, სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დაჯილდოებული არიან ორდენებითა და მედლებით ან საუწყებო წარჩინების ნიშნებით და აქვთ წელთა ნამსახურობისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება, მათ შორის, სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), აგრეთვე ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც დაუდგინდათ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებულ ტრავმასთან ან დაავადებასთან დაკავშირებით.
4.5. სასამართლომ მიუთითა სამსახურის დირექტორის 26.08.2016 წლის №281 ბრძანებით დამტკიცებულ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, მოწმობების გაცემის, სტატუსის შეწყვეტის და აღდგენის შესახებ ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტზე და არ გაიზიარა მოპასუხე სამსახურის მტკიცება იმის თაობაზე, რომ არ დასტურდება მოსარჩელის მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში, აღნიშნულის საპირისპიროდ სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებებზე:
4.5.1. საქართველოს პრეზიდენტის 30.05.2000 წლის №526 განკარგულებით მოსარჩელე დაჯილდოვებულია ღირსების მედლით (ს.ფ. 123).
4.5.2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 14.05.2002 წლის დადგენილებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებისათვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის მოსარჩელე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ... დაჯილდოვდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით (ს.ფ. 120,121).
4.5.3. საქმეში წარმოდგენილია სადავო პერიოდის თანამდებობის პირთა ნოტარიულად დამოწმებული წერილები, რომლითაც ხელმომწერნი ადასტურებენ, რომ მოსარჩელე ნამდვილად მსახურობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში 1975 წლიდან 2004 წლამდე (ს.ფ. 17-21, 25-32). ამასთან, ნოტარიულად დამოწმებული საბრძოლო მოკვლევის თანახმად, მოსარჩელე ნამდვილად ირიცხებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში სოხუმის რაიონის … თანამდებობაზე და მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში, აფხაზეთში, 1992-1993 წლებში, კერძოდ კი, შედიოდა მძიმე დანაშაულებებზე შემთხვევის ადგილზე გასვლის ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფში, არაერთგზის იმყოფებოდა საავიაციო დაბომბვის შემდეგ გასული მთელი სოხუმის რაიონის ტერიტორიაზე (ს.ფ. 22-24).
4.5.4. საქართველოს გენერალური პროკურატურის კადრების სამმართველოს ყოფილი უფროსი, იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი გ. რ-ი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის კადრების ყოფილი უფროსი, იუსტიციის მრჩეველი ბ. კ-ა ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტებით ადასტურებენ, რომ 1992-1993 წლებში, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის პერიოდში, მოსარჩელე იკავებდა სოხუმის რაიონის … და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ... თანამდებობებს. ამავდროულად, 1993 წლის აგვისტო-სექტემბერში ასრულებდა ... მოვალეობებს, კერძოდ, საგამომძიებლო-ოპერატიულ თანამშრომლებთან ერთად ბრძოლის ველზე აწარმოებდა მოკვლევა -გამოძიებას (ს.ფ. 25,26).
4.5.5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ვ. ყ-ა, სოხუმის რაიონის გამგეობის თავმჯდომარე, ოპერატიული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი მ. დ-ე, თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის, 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის ყოფილი მეთაური, თადარიგის პოლკოვნიკი ზ. მ-ა ნოტარიულად დამოწმებული ახსნა- განმარტებით ადასტურებენ, რომ მოსარჩელე 1992-1993 წლებში, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის პერიოდში, იკავებდა სოხუმის რაიონის … და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ... თანამდებობებს. ამავდროულად, 1993 წლის აგვისტო- სექტემბერში ასრულებდა … მოვალეობებს, კერძოდ, ხელმძღვანელობდა საგამომძიებლო-ოპერატიულ ჯგუფს და თანამშრომლებთან, შტაბის წევრებთან ერთად ბრძოლის ველზე აწარმოებდა მოკვლევა -გამოძიებას (ს.ფ. 27,28).
4.5.6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი კომისარი, თადარიგის პოლკოვნიკი ვ. ვ-ა ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტებით ადასტურებს, რომ მოსარჩელეს 1984-1993 წლებში ეკავა სოხუმის რაიონის …. თანამდებობა. აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს (1992- 1993 წლებში) განაგრძობდა მოვალეობების შესრულებას. ამავდროულად, 1993 წლის აგვისტო-სექტემბერში კონფლიქტის პერიოდში, დაევალა … მოვალეობების შესრულება, კერძოდ, საგამომძიებლო-ოპერატიულ თანამშრომლებთან ერთად ბრძოლის ველზე აწარმოებდა მოკვლევა-გამოძიებას (ს.ფ. 31,32).
4.5.7. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ … მოვალეობის შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვება მოსარჩელემ ვერ შეძლო (ს.ფ. 36,37).
4.5.8. პალატამ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის სახელზე 1990-იან წლებში გაცემულ №157 300 178 ვეტერანის მოწმობაზე, რომლის ასლიც წარმოდგენილია საქმეში. დოკუმენტზე აღნიშნულია, რომ მოწმობის წარმდგენი არის ომის მონაწილე და სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებითა და შეღავათებით (ს.ფ. 38). სამსახურის 01.11.2024 წლის №SSVA00037940 წერილით ირკვევა, რომ „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი პირადობის მოწმობის ნიმუშების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 26.11.1999 წლის №632 ბრძანებულება, რომლის ნიმუშის ვეტერანის მოწმობაც აქვს მოსარჩელეს წარდგენილი განცხადებასთან ერთად, ძალადაკარგულია. შესაბამისად, 18 წელია გასული რაც ხსენებული ვეტერანის მოწმობა ასევე ძალადაკარგულია. ამასთან, განმცხადებელს ეცნობა, რომ აღნიშნული ბრძანებულების საფუძველზე და დაწესებულებების საქმიანობის პროცესში შექმნილი დოკუმენტების შენახვის ვადის გასვლის საფუძველზე, სამსახურის ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არ ინახება დოკუმენტაცია და სარეგისტრაციო მასალები, თუ რის საფუძველზე მიენიჭა მოსარჩელეს ომის ვეტერანის სტატუსი (ს.ფ. 41-43).
4.6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი ნოტარიულად დამოწმებული ჩვენებები, ასევე მოსარჩელის სახელზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებისათვის გაცემული მადლობის სიგელი და ღირსების ორდენი, ასევე 1990-იან წლებში გაცემული №157 300 178 ვეტერანის მოწმობა ომის მონაწილის სტატუსით ადასტურებს, რომ მის მიმართ არსებობ(და)ს ვეტერანის სტატუსის მინიჭების წინაპირობები. მართალია, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტების წარმოდგენა, თუმცა მხოლოდ ამ გარემოებაზე ფოკუსირება, საქმის გარემოებებისა და ზემოთ ჩამოთვლილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში მხედველობაში მიღების გარეშე, გამოიწვევდა საკითხისადმი უკიდურესად ფორმალურ მიდგომას. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოსარჩელის სახელზე ერთხელ უკვე იყო გაცემული ვეტერანის მოწმობა. ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში არ მოიპოვება აღნიშნული მოწმობის გაცემის საფუძვლად არსებული ადმინისტრაციული წარმოების მასალა, არ გამორიცხავს თავის დროზე მოსარჩელის მიმართ სტატუსის მინიჭების საფუძვლიანობას, მით უფრო იმ პირობებში, რომ აღნიშნული დოკუმენტის ნამდვილობა შედავებული არ არის. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად ცნო ბათილად სადავო აქტი, მოპასუხეს დაავალა ახალი აქტის გამოცემა და მოსარჩელისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის ვეტერანის სტატუსის მინიჭება.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
8. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა მოსარჩელისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანის სტატუსის მინიჭებაზე/აღდგენაზე უარის თქმის კანონიერება.
9. „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში „კანონი“) მე-6 მუხლის საფუძველზე, ამ კანონით დადგენილია ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა შემდეგი კატეგორიები: ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; დ) თავდაცვის ძალების ვეტერანები.
10. კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლების მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებებში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები. კანონის მე-10 მუხლის თანახმად, თავდაცვის ძალების ვეტერანებს მიეკუთვნებიან ყოფილი საბჭოთა კავშირის, საქართველოს სამხედრო ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, ყოფილი შინაგანი ჯარების, სახელმწიფო უშიშროების ჯარების, სასაზღვრო ჯარების, სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დაჯილდოებული არიან ორდენებითა და მედლებით ან საუწყებო წარჩინების ნიშნებით და აქვთ წელთა ნამსახურობისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება, მათ შორის, სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), აგრეთვე ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც დაუდგინდათ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებულ ტრავმასთან ან დაავადებასთან დაკავშირებით.
11. სამსახურის დირექტორის 26.08.2016 წლის №281 ბრძანებით დამტკიცებული „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, მოწმობების გაცემის, სტატუსის შეწყვეტის და აღდგენის შესახებ ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტით: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებების მონაწილის და ომის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამადასტურებელი ვეტერანის მოწმობის მაძიებელმა უნდა წარადგინოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურიდან და სხვა შესაბამისი უწყებიდან ნებისმიერი დოკუმენტი და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ საბრძოლო მოქმედებების პერიოდში სამხედრო ფორმირებაში სამსახურს და კონფლიქტურ ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას (სამხედრო ბილეთში შესაბამისი ჩანაწერი; ჩარიცხვის, ამორიცხვის, მივლინების, წახალისების, წოდების მინიჭების, დაჯილდოების ბრძანებები, სამხედრო ტრავმის მიღების, იარაღის, ფორმა-ტანსაცმლის, სურსათის, ხელფასის მიღების შესახებ საბუთები და სხვ.). მაძიებელმა ასევე უნდა წარადგინოს საბრძოლო მოკვლევა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს ვეტერანის სტატუსის მქონე იმავე ქვედანაყოფის არანაკლებ სამი პირი – ერთი მეთაურთა შემადგენლობიდან და ორი თანამებრძოლი. ხელმოწერები ძალოვანი უწყების მოსამსახურეებზე დადასტურებულ უნდა იქნეს შესაბამისი უწყების ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ნოტარიულად.
12. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ: საქმეში წარმოდგენილი სადავო პერიოდის თანამდებობის პირთა ნოტარიულად დამოწმებული განმარტებები და საბრძოლო მოკვლევა (ს.ფ. 17-32); მოსარჩელის სახელზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებისათვის გაცემული საპატიო სიგელი და ღირსების მედალი (ს.ფ. 120-123); მოსარჩელის სახელზე ომის მონაწილის სტატუსით 1990-იან წლებში გაცემული №157 300 178 ვეტერანის მოწმობა (ს.ფ. 38), - ერთობლიობაში ადასტურებს, რომ მოსარჩელის მიმართ არსებობს ვეტერანის სტატუსის მინიჭების წინაპირობები. როგორც გასაჩივრებულ განჩინებაშიც მართებულად არის აღნიშნული, ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში არ მოიპოვება ვეტერანის მოწმობის გაცემის საფუძვლად არსებული ადმინისტრაციული წარმოების მასალა, არ გამორიცხავს თავის დროზე მოსარჩელის მიმართ სტატუსის მინიჭების საფუძვლიანობას, მითუფრო იმ პირობებში, რომ აღნიშნული დოკუმენტის ნამდვილობა შედავებული არ არის.
13. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შესწავლის საფუძველზე პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა მოსარჩელის მოთხოვნა მართებულად მიიჩნიეს საფუძვლიანად და დასაბუთებულად. რაც შეეხება მოპასუხის პრეტენზიას მასზე, რომ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მსჯელობას Nბს-838-834(კ-17) საქმეზე (ს.ფ.207), სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა იგი. მითითებულ საქმეში საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება იმის შესახებ, რომ საბრძოლო მოკვლევა წარმოადგენს სტატუსის მაძიებლის მიერ საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობის დამადასტურებელ ერთ-ერთ და არა ერთადერთ მტკიცებულებას, არ გულისხმობს წარმოდგენილი საბრძოლო მოკვლევის უგულებელყოფას, არამედ კანონმდებლობა ვეტერანის სტატუსის მაძიებელს ანიჭებს ფართო შესაძლებლობას შესაბამისი სტატუსის მოპოვებისათვის და აძლევს საშუალებას, მის ხელთ არსებული ნებისმიერი მტკიცებულებით, მათ შორის საბრძოლო მოკვლევით, დაადასტუროს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა (შდრ. სუსგ Nბს-768(კ-23), 25.10.2023წ.; სუსგ Nბს-986(კ-20), 21.01.2021წ.). განსახილველ შემთხვევაში სარჩელის საფუძვლად არსებული გარემოების დასტურად წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება.
14. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველს არ ქმნის კასატორის მითითება, რომ არ დასტურდება მოსარჩელის მონაწილეობა უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში ან/და საბრძოლო დავალების შესრულება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა შესაძლებელია არა მხოლოდ საცეცხლე პოზიციებში მოქმედებით, არამედ ბრძოლისათვის სხვა აუცილებელ პროცესებში მონაწილეობითაც გამოიხატოს. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ომში მონაწილეობა არ გულისხმობს საბრძოლო მოქმედებებში პირის მხოლოდ ქმედით ჩართულობას. საომარი მოქმედებები კომპლექსურად მიმდინარეობს, სადაც თითოეულ მონაწილეს აღნიშნულ მოქმედებებთან დაკავშირებული გარკვეული ფუნქციის შესრულება ეკისრება (სუსგ Nბს-1161(კ-18), 07.03.2019წ.).
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).
16. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ის შეესაბამება მას. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.06.2025 წლის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ოქროპირიძე