გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.06.2026
საქმის ნომერი
ბს-53(კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-53(კ-26) 10 ივნისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ.მ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ.მ-იმ 2021 წლის 25 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 29 ოქტომბრის N1000708992 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოსარჩელის სახელზე მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისთვის დავალების მოთხოვნით.

მოსარჩელის მითითებით, იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობს საქართველოში, გააჩნია კანონიერი გზით მოპოვებული ფინანსური სახსრები და ფლობს უძრავ ქონებას, რის საფუძველზეც წარსულში უკვე ორჯერ ჰქონდა უპრობლემოდ მიღებული ბინადრობის ნებართვა. სარჩელში ხაზგასმულია, რომ სააგენტომ გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე და მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ზოგად მითითებაზე დაყრდნობით, რაც არღვევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც წინა ანალოგიურ დავაზე ორმა სასამართლო ინსტანციამ უკვე მიიჩნია სააგენტოს უარი დაუსაბუთებლად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით მ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 29 ოქტომბრის N1000708992 გადაწყვეტილება და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ.მ-ის სახელზე მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.

სასამართლომ აღნიშნა, რომ სააგენტომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება უნდა განახორციელოს იმ მიზნით, რა მიზნითაც მას მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. სააგენტოს გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი, რომლითაც მოსარჩელისათვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის სხვა რაიმე საფუძველი ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია და სათანადოდ არ დაუსაბუთებია. საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის შედეგად, საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირებისას, სასამართლომ უპირატესობა მიანიჭა კერძო ინტერესს - მ.მ-ის საქართველოში ცხოვრების უფლებას. სასამართლოს მოსაზრებით, სადავო აქტი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 29 ოქტომბრის N1000708992 გადაწყვეტილება, წინააღმდეგობაშია მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რაც ქმნის მისი ბათილად ცნობის საფუძველს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი, უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ უცხოელისათვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. იგი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ სასამართლო იცავს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა; უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. სასამართლოს მიერ გამოკვლეული და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო მ.მ-ის მიმართ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის სამართლებრივ საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.

კასატორის მითითებით, სააგენტომ, იხელმძღვანელა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავდროულად, გაითვალისწინა კერძო და საჯარო ინტერესი, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ფაქტობრივი საფუძველი გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2021 წლის 26 ოქტომბრის N SSG 1 21 00153750 წერილი. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის მოპოვება/დამუშავებაზე ერთადერთ უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი წარმოადგენს. კასატორის მითითებით, სააგენტო დაეყრდნო სწორედ კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილ დასკვნას და უპირატესობა მიანიჭა საჯარო ინტერესს, მაშინ, როდესაც საკითხი ეხებოდა სახელმწიფო უსაფრთხეობას. ამასთან, კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განცხადების განმხილველი ორგანო კანონმდებლობით შეზღუდულია მოიპოვოს ისეთი მტკიცებულება, რომელიც სადავოს გახდის და გააბათილებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 26 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 16 აპრილის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის განჩინებაზე, მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ.მ-ი არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე. მ.მ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა მოითხოვა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2021 წლის 26 ოქტომბრის №SSG 1 21 00153750 წერილით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მ.მ-ისათვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 29 ოქტომბრის №1000708992 გადაწყვეტილებით მ.მ-ის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, უარი ეთქვა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობას იმ უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს, აგრეთვე მის მეუღლესა და შვილზე/შვილებზე. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი. ამასთან, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად (კანონის მე-17 მუხ. მე-10 პუნქტ.). საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მიხედვით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან (მე-13 მუხ. მე-5 პუნქტ.).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, კონტრდაზვერვით საქმიანობად მიიჩნევა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ითვალისწინებს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას, თუ უცხოელი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს და ამის შესახებ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა.

განსახილველ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, რომლის დეპარტამენტის 2021 წლის 26 ოქტომბრის №SSG 1 21 00153750 წერილით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მოსარჩელისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემა. სადავო აქტი გამოიცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ზემოაღნიშნული წერილის საფუძველზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების საკითხის გადაწყვეტისათვის, აუცილებელია იმ ინფორმაციის გაცნობა და შესწავლა, რომელიც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის გაკეთების მიზეზი გახდა. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იმ ინფორმაციას, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ვინაიდან საქმეზე გამოთხოვილი ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მისი შინაარსი მხარეებს გააცნოს და სასამართლო გადაწყვეტილებაში ასახოს. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა თვლის, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული გარემოებები ქმნის მოსარჩელის მიერ საქართველოს უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის საფუძვლიან ვარაუდს და შესაბამისად, ადასტურებს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სადავო გადაწყვეტილების კანონიერებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბინადრობის ნებართვის ერთხელ გაცემა არ ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ყოველი შემდეგი მოთხოვნისას დააკმაყოფილოს წარდგენილი განცხადება, მნიშვნელოვანია, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი საქმის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის შედეგი იყოს და შესაბამის დასაბუთებას ეფუძნებოდეს, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არის შემთხვევები, როდესაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ საიდუმლო ინფორმაციაში ასახული მონაცემები და დასკვნები იმთავითვე გამორიცხავს ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობას, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის დასაბუთებულობის, აღწერილი საფრთხის რეალიზების საკმარისი ალბათობის, განვითარებული მსჯელობის გონივრულობისა და სარწმუნოობის გამო. ამასთანავე, მაშინაც კი, როდესაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან მოწოდებული ინფორმაცია პირზე ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობას სათანადოდ ასაბუთებს, არ გამოირიცხება კერძო და საჯარო ინტერესთა ურთიერთშეპირისპირების საჭიროება, თუმცა ასეთ დროს კერძო ინტერესი უკან იხევს, რადგან კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სათანადოდ დასაბუთებული დასკვნა ცხადს ხდის საჯარო ინტერესის პრიორიტეტულობას (სუს 2023 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილება Nბს-67(კ-22)). განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელესთან დაკავშირებით კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ალბათობის საკმარისი ხარისხით ადასტურებს ბინადრობის ნებართვის გაცემის დამაბრკოლებელი სათანადო საფუძვლების არსებობას.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 5 ივნისის №1000708992 გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ.მ-ისათვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წინა სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება არ წარმოადგენს მოცემული დავის ავტომატურად მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტის საფუძველს. თბილისის საქალაქო სასამართლომ წინა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოცემული აქტი ბათილად ცნო სადავო საკითხის გადაუწყვეტლად (სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით) და სააგენტოს დაავალა საქმის გარემოებების ხელახალი გამოკვლევა. შედეგად, სააგენტომ ჩაატარა ახალი ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც გამოიცა სრულიად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. განსახილველ საქმეზე მიღებული სადავო გადაწყვეტილება ეფუძნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ახალ წერილს, რომელიც წინა სასამართლო განხილვის შეფასების საგანი საერთოდ არ ყოფილა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ბინადრობის ნებართვის გაცემისას სააგენტო ვალდებული იყო თითოეულ წარმოებაში ხელახლა შეეფასებინა კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობა და უპირატესობა მიენიჭებინა სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისთვის (კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები). აღნიშნულიდან გამომდინარე, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2021 წლის 26 ოქტომბრის დასკვნა წარმოადგენდა უარის თქმის კანონიერ და საკმარის ფაქტობრივ საფუძველს.

რაც შეეხება, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონით დადგენილი ფორმალური წინაპირობების დაკმაყოფილების ფაქტი იმთავითვე არ ქმნის ბინადრობის ნებართვის გაცემის საფუძველს, სააგენტოში წარდგენილი განცხადების ფორმალური გამართულობის, ბინადრობის კონკრეტული სახის გაცემისთვის ნორმატიულად დადგენილი წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, სააგენტო უფლებამოსილია უარი თქვას ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, თუმცა სათანადოდ უნდა იკვეთებოდეს უარის თქმის საფუძველი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გაცემული უარყოფითი დასკვნის პირობებში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მომეტებული მნიშვნელობის გათვალისწინებით, სააგენტო მოკლებული იყო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, მ.მ-ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. ამასთანავე, მ.მ-ის უნდა დაეკისროს მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 (ას ორმოცდაათი) ლარისა და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მ.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. მ.მ-ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

5. მ.მ-ის დაეკისროს მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 (ას ორმოცდაათი) ლარისა და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე