დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 20.05.2026
საქმის ნომერი
ბს-773(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-773(კ-25) 20 მაისი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ბ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, მესამე პირები - გ. ჯ-ა, ი. ლ-ა, შ. ლ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ. ბ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 11 სექტემბრის №158 სხდომაზე 75-ე საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება ქალაქ თბილისში, ...ს №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 523.72 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გ. ჯ-ას საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისში, ...ს №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 523.72 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2009 წლის 12 ნოემბერს გ. ჯ-აზე გაცემული №3110 საკუთრების უფლების მოწმობა; გ) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 4 დეკემბრის №171 სხდომაზე 51-ე საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება ამავე კომისიის 2009 წლის 11 სექტემბრის №158 სხდომაზე 75-ე საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის მონაცემების კორექტირების თაობაზე; დ) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისში, ...ს №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 519.84 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2010 წლის 18 იანვარს გ. ჯ-აზე გაცემული №3332 საკუთრების უფლების მოწმობა; ე) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 14 ივლისის №517 სხდომაზე მე-3 საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება გ. ბ-ეის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გ. ჯ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ დასახელებული კომისიის 2009 წლის 11 სექტემბრის №158-ე სხდომაზე 75-ე საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 ნოემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით ჩაერთო გ. ჯ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით გ. ბ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 თებერვლის განჩინება, 20 ნოემბრის განჩინება და 2020 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ. ბ-ეის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივნისის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ი. ლ-ა და შ. ლ-ა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ივნისის განჩინებით გ. ბ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 თებერვლისა და 20 ნოემბრის საოქმო განჩინებები.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ემ.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ საქმის განხილვის დროს არ გამოიყენა ინკვიზიციურობის პრინციპი - სასამართლოს თავისი ინიციატივით არ მოუპოვებია მტკიცებულებები და არ დაუდგენია ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა კასატორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებს. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა მესამე პირების მიერ უძრავი ქონების საკუთრებაში მიღებასა და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ უკანონოდ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. გ. ჯ-ას არასდროს ჰქონია განთავსებული შენობა-ნაგებობები სადავო მიწის ნაკვეთზე. მან მოსაჩვენებლად ერთი დღით ააწყო ფიცრული კოტეჯი ფოტოების გადასაღებად. მისი საკუთრების უფლების აღიარება უსაფუძვლოდ მოხდა იმ მიწის ნაკვეთზე, რომელსაც არასოდეს ფლობდა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ბ-ეის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2009 წლის 21 ივლისს გ. ჯ-ამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას №12/51117-7 განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, ...ს №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 523.72 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა (ტ.1, ს.ფ 120-124); ბ) გ. ჯ-ას განცხადება ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით დასკვნის მისაღებად კომისიამ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს გადაუგზავნა. აღნიშნული სამსახურის წერილით კომისიას ეცნობა, რომ ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით სამსახური შესაძლებლად მიიჩნევდა ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა №...-ის მიმდებარედ 523.72 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას. ამავე წერილის მიხედვით, ტერიტორია განეკუთვნებოდა №7 ქვეზონას, სადაც ნორმატიული ღირებულება შეადგენდა 96 ლარს (ტ.1, ს.ფ 336-338); გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 11 სექტემბრის №158 სხდომაზე 75-ე საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისში, ...ს №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 523.72 კვ.მ მიწის ნაკვეთს მიენიჭა თვითნებურად დაკავებულის კატეგორია - სასყიდლიანი და მასზე საკუთრების უფლება ეღიარა გ. ჯ-ას. დასახელებული გადაწყვეტილების მიხედვით, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ექვემდებარებოდა საკუთრების უფლების აღიარებას, ვინაიდან, ადგილზე დათვალიერების შედეგად მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო საცხოვრებელი სახლი (ტ.1, ს.ფ 120-124); დ) ქალაქ თბილისში, ...ს ქ. №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 523.72 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2009 წლის 12 ნოემბერს გ. ჯ-აზე №3110 საკუთრების უფლების მოწმობა გასცა (ტ.1, ს.ფ 41); ე) 2009 წლის 2 დეკემბერს გ. ჯ-ამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას №12/88894-7 განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა №...-ის მიმდებარე მიწის ნაკვეთზე გაცემული საკუთრების მოწმობის კორექტირება მოითხოვა წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად იმაზე მითითებით, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე თავდაპირველად წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი იყო ხარვეზიანი, ქმნიდა ზედდებას მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან და მასზე არ იყო დატანილი შენობა-ნაგებობა (ტ.1, ს.ფ 39, 48-52); ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 4 დეკემბრის №171-ე სხდომაზე 51-ე საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებით გ. ჯ-ას 2009 წლის 2 დეკემბრის განცხადება დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გ. ჯ-აზე 2009 წლის 12 ნოემბერს გაცემული №3110 საკუთრების უფლების მოწმობა და დადგინდა, რომ უნდა ყოფილიყო გაცემული ახალი საკუთრების უფლების მოწმობა გ. ჯ-ას მიერ წარდგენილი კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, რომლის მიხედვით, გ. ჯ-ას მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის ფართი იყო 519,84 კვ.მ და მასზე დატანილი იყო შენობა-ნაგებობა (ტ.1, ს.ფ 48-52); ზ) ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 519.84 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2010 წლის 18 იანვარს გ. ჯ-აზე №3332 საკუთრების უფლების მოწმობა გასცა (ტ.1, ს.ფ 40); თ) 2015 წლის 1 ივნისს გ. ბ-ემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას №14/10246 განცხადებით მიმართა, რომლითაც გ. ჯ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ დასახელებული კომისიის მიერ 2009 წლის 11 სექტემბერსა და 4 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა იმაზე მითითებით, ამ გადაწყვეტილებებით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთს ყოველთვის ფლობდა მისი ოჯახი, გ. ჯ-ას კი, მასთან შეხება არ ჰქონია (ტ.1, ს.ფ 248-250); ი) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 14 ივლისის №517 სხდომაზე მე-3 საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებით გ. ბ-ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და ძალაში დარჩა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 11 სექტემბრის №158-ე სხდომაზე 75-ე საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ 24-28).

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს განსაზღვრავს. დასახელებული კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის სადავო პერიოდში მოქმედი მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“ განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.

ზემოაღნიშნული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე), რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის დაინტერესებული პირი – ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული ან დანგრეული) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციის თანახმად, საკუთრების უფლებით აღიარებას ექვემდებარებოდა მხოლოდ ის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე განთავსებული იყო საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული). ასევე, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარებოდა ის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელიც დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობდა.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მიერ მართებულად გამახვილდა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ გ. ჯ-ამ 2009 წლის 21 ივლისს განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და ქალაქ თბილისში, ...ს ქ. №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ 523.72 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. აღნიშნულ განცხადებას თან ერთვოდა მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ გ. ჯ-ა 1993 წლიდან ფლობდა მის საკუთრებაში არსებული 760 კვ.. მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე თავისუფალ 523.72 კვ.მ ოდენობით მიწის ფართს (ტ.4, ს.ფ 188-191); შპს „დ...ს“ 2009 წლის 10 ივლისის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მიუთითებდა, რომ ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ის მიმდებარედ არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 523.72 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ღობე სავარაუდოდ მოწყობილი იყო 1998 წლიდან 2003 წლამდე პერიოდში (ტ.4, ს.ფ 227-229) და ამავე მისამართზე არსებული სააბონენტო გადასახადები, რომელიც ადასტურებდა ელ. ენერგიის, წყლისა და დასუფთავების გადასახადების არსებობას (ტ.4, ს.ფ 256-257). გარდა ამისა, გ. ჯ-ას მიერ წარდგენილი 1993 წლის 7 ივლისის ხელშეკრულების მიხედვით, დგინდებოდა, რომ გ. ჯ-ას საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ შეძენილი ჰქონდა ...ს ქ. №...-ში მდებარე ორსართულიანი სახლი (ტ.4, ს.ფ 205-206). სადავო არ არის, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არ დგინდებოდა სხვისი უფლების არსებობა. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთს მიენიჭა თვითნებურად დაკავებულის კატეგორია - სასყიდლიანი, მასზე საკუთრების უფლება ეღიარა გ. ჯ-ას და გაიცა შესაბამისი საკუთრების უფლების მოწმობა. 2009 წლის 2 დეკემბერს გ. ჯ-ამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას №12/88894-7 განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა №...-ის მიმდებარე მიწის ნაკვეთზე გაცემული საკუთრების მოწმობის კორექტირება მოითხოვა წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად იმაზე მითითებით, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე თავდაპირველად წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი იყო ხარვეზიანი, ქმნიდა ზედდებას მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან და მასზე არ იყო დატანილი შენობა-ნაგებობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით გ. ჯ-ას 2009 წლის 2 დეკემბრის განცხადება დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გ. ჯ-აზე 2009 წლის 12 ნოემბერს გაცემული №3110 საკუთრების უფლების მოწმობა და დადგინდა, რომ უნდა ყოფილიყო გაცემული ახალი საკუთრების უფლების მოწმობა გ. ჯ-ას მიერ წარდგენილი კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, რომლის მიხედვით, გ. ჯ-ას მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის ფართი იყო 519,84 კვ.მ და მასზე დატანილი იყო შენობა-ნაგებობა. ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 519.84 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2010 წლის 18 იანვარს გ. ჯ-აზე №3332 საკუთრების უფლების მოწმობა გასცა.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის ძირითადი შედავება მდგომარეობს იმაში, რომ სადავო მიწის ნაკვეთი იმყოფებოდა მისი და მისი ოჯახის მფლობელობაში და მასზე გ. ჯ-ას არანაირი უფლება არ გააჩნდა, ასევე, თავადაც ჰქონდა მიმართული კომისიისთვის საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი მართალია, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ ათავისუფლებს მოსარჩელეს სარჩელის დასაბუთების, თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენი ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებისაგან.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია გ. ბ-ეის 2009 წლის 21 მაისისა და 2 ნოემბრის განცხადებები, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელე საკუთრების უფლების აღიარებას მოითხოვდა მის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე ...ს ქ. №38-ისა და №40-ის მიმდებარედ. დადგენილია, რომ გ. ჯ-ას უფლება აღიარებულ იქნა ...ს ქ. №...-ის მიმდებარედ მდებარე მიწის ნაკვეთზე. საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების დროისთვის, გ. ბ-ე წარმოადგენდა გ. ჯ-ას საკუთრების უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს, ამასთან, უდავოა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე გ. ბ-ეს შენობა-ნაგებობა განთავსებული არ ჰქონდა. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ვინაიდან გ. ბ-ე ვერ აკმაყოფილებდა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის აუცილებელ წინაპირობებს, მისი განცხადებები ვერ მიიჩნეოდა გ. ჯ-ას საკუთრების უფლების აღიარებისთვის დამაბრკოლებელ გარემოებად. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით განხორციელდა მიწის ნაკვეთზე გ. ჯ-ას საკუთრების უფლების აღიარება და არ არსებობდა გ. ბ-ეის განცხადების საფუძველზე აღნიშნულის შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი. ამდენად, მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლების არარსებობის თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

რაც შეეხება გ. ბ-ეის მიერ გასაჩივრებულ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 თებერვლის განჩინებას მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის თაობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსამართლის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა სამართლიანი სასამართლოს უფლების ქვაკუთხედი და მართლმსაჯულების განხორციელების უმთავრესი პრინციპია, ხოლო მის წარმოებაში არსებულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა მოსამართლის უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს. ამასთან, სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპების (დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, პატიოსნება, ეთიკური ნორმების დაცვა, თანასწორობა, კომპეტენტურობა და გულმოდგინება) მიხედვით, მოსამართლემ თვითაცილება უნდა მოითხოვოს ნებისმიერი საპროცესო მოქმედების განხორციელებისაგან, რომელშიც ობიექტურ დამკვირვებელს შესაძლოა, გაუჩნდეს ეჭვი, რომ მოსამართლეს შეუძლია საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტა. სასამართლოს მიერ საქმის მიუკერძოებლად განხილვის პრინციპი და შესაბამისად, გარკვეული წინაპირობების არსებობისას საქმის აცილების ვალდებულება წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის შესახებ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო უფლების შემადგენელ ელემენტსაც, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, მისი სამოქალაქო უფლება-მოვალეობების განსაზღვრისას და მისთვის წაყენებული ნებისმიერი სისხლის სამართლის ბრალდების განხილვისას საქმე გონივრულ ვადებში, სამართლიანად და საჯაროდ გაარჩიოს კანონის საფუძველზე შექმნილმა დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ. მოცემულ შემთხვევაში, გ. ბ-ე ვერ მიუთითებს და ადასტურებს იმგვარ გარემოებებს, რომელიც მოსამართლის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანას განაპირობებდა. ამდენად, მართებულია სასამართლოს დასკვნა აცილებაზე უარის თქმის შესახებ და არ არსებობს მითითებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 ნოემბრის განჩინებას, რომლითაც მოსარჩელის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, მოწმის ჩვენება მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, ხოლო ამავე კოდექსის 140-ე მუხლის მე 4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უარი თქვას გამოძახებული მოწმის დაკითხვაზე ან არ გამოიძახოს იგი, თუ ცნობს, რომ გარემოებებს, რომელთა დასადასტურებლადაც იძახებენ მოწმეს, არ აქვთ რაიმე მნიშვნელობა საქმის არსებითად გადაწყვეტისთვის.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში გაურკვეველი იყო, რა გარემოების დადასტურების მიზნით უნდა ყოფილიყვნენ მოწვეულნი მოსარჩელის შუამდგომლობაში მითითებული პირები, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც განსახილველ საქმეზე არაერთი პირი იქნა მოწმის სახით დაკითხული. საგულისხმოა, რომ სააპელაციო სასამართლოში 2022 წლის 3 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოკითხულ იქნა შპს ,,გ...ს“ კადასტრის სპეციალისტის გ. გ-ე. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობდა დამატებით მოწმეთა დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობა და არ არსებობს აღნიშნული საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ბ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ივნისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

გ. უბილავა