დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-784(3კ-25) 27 მაისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა რ. ვ-ის (მოსარჩელე) და რა. ვ-ის (მესამე პირი), ასევე, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა (მოპასუხე) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს (მოპასუხე) საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 17 თებერვალს რ. ვ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 25 ივნისის №EL 170868 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის, 2022 წლის 25 ივნისის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების №69101/000089 აქტის და 2022 წლის 25 ივნისის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის №69101072939 დოკუმენტის, ასევე, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 24 აგვისტოს №22109 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 8 დეკემბრის №17766/2/2022 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა რა. ვ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით, რ. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 25 ივნისის №EL 170868 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 25 ივნისის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის №69101072939 დოკუმენტი და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტების გამოცემა; ასევე, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 24 აგვისტოს №22109 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 8 დეკემბრის №17766/2/2022 გადაწყვეტილება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მხარეების მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს, რ. ვ-ისა და რა. ვ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტზე, მე-13 მუხლის 1-ლ-მე-4 ნაწილებზე, 27-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის 1-ლ-მე-5 ნაწილებზე, 169-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და განმარტა, რომ საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა თუ გატანა უნდა მოხდეს კანონმდებლობის სრული დაცვით. პირმა უნდა უზრუნველყოს საბაჟო დეპარტამენტისათვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა, რაც მიზნად ისახავს საბაჟო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას. მოცემულ შემთხვევაში, საბაჟო დეპარტამენტი რ. ვ-ს ედავება არადეკლარირებული ფულადი თანხის საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლის მალულად გატანის მცდელობას, რასაც უარყოფენ მომჩივანი ფიზიკური პირები და მიუთითებენ, რომ საბაჟო კონტროლის დროს მათგან ამოღებული თანხიდან მხოლოდ 10 000 აშშ დოლარი იყო რ. ვ-ის კუთვნილება, ხოლო დანარჩენი იყო რა. ვ-ის კუთვნილება. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი ვიდეომასალით დასტურდება, რომ ძმები ვ-ები სახელმწიფო საზღვარზე აღიარებენ მხოლოდ 10 000 აშშ დოლარის ქონის ფაქტს და ამასთანავე, ფლობენ ინფორმაციას, რომ აღნიშნული თანხა არ საჭიროებს დეკლარირებას. ასევე, უარყოფენ სხვა თანხის არსებობას. თანხის ამოღების შემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში დავის წარმოებისას კი მიუთითებენ ამოღებული თანხის მათ კუთვნილებაზე და თითოეული მათგანის თანხის ოდენობაზე (რ. ვ-ი - 24 000 აშშ დოლარი, რა. ვ-ი - 28.650 აშშ დოლარი), რაც განსხვავებულია იმ ოდენობასთან, რომელიც გაჟღერებული იქნა დავის სასამართლოში წარმოებისას. სააპელაციო პალატის განმარტებით, აღნიშნული ფაქტობრივი მოცემულობა მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ ფიზიკური პირები საქმის წარმოების თითეულ ეტაპზე ცვლიან თანხის ოდენობას და განსხვავებულ მონაცემებს უთითებენ. მომჩივანი პირები ასევე საერთოდ უარყოფენ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს რ. ვ-ის მხრიდან და ყურადღებას ამახვილებენ თანაზომიერების პრინციპზე. კერძოდ, მიაჩნიათ, რომ ჩადენილი ქმედების ხასიათიდან და მოსარჩელის პიროვნული, საყოფაცხოვრებო მახასიათებლიდან გამომდინარე, გამოყენებული სანქცია არ არის თანაზომიერი იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს მიზნად ადმინისტრაციული კანონმდებლობა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულია სანქციის შეფარდების სახეები განცალკევებულად, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღოს ამ საქმეზე არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების გონივრული და ჯეროვანი შეფასების შედეგად. მართალია, აღნიშნული ნორმა ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში აძლევს უფლებას, თავად შეარჩიოს მისაღები სანქცია, მაგრამ ეს არ გულისხმობს იმას, რომ მას შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს დაუსაბუთებლად, პროპორციულობის პრინციპის დაცვის გარეშე. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, თავის საქმიანობაში აბალანსებდეს საჯარო და კერძო ინტერესებს და რომელიმე მათგანს გაუმართლებელ პრივილეგიას არ უნდა ანიჭებდეს.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი არ შეიცავს რაიმე დასაბუთებას, თუ რა გახდა მიზეზი იმისა, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს რ. ვ-ის მიმართ გამოეყენებინა ყველაზე მძიმე სანქცია. ასევე არ არის დასაბუთებული თუ რატომ ვერ უზრუნველყოფდა უფრო მსუბუქი პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება რ. ვ-ის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის სანქციის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. კონკრეტული ნორმით დადგენილი სანქციის ალტერნატივის არსებობა სწორედ ასეთ დასაბუთებას საჭიროებდა. ამდენად, ვინაიდან გადაწყვეტილების მიღება დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიზანშეწონილობის საკითხებზე ზოგადი მითითება, არ გამორიცხავს მიღებული გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების საჭიროებას, დგინდება, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე საკითხის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნების წინაპირობები. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 25 ივნისის №EL 170868 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 25 ივნისის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის №69101072939 დოკუმენტი და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს სწორად დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტების გამოცემა. სააპელაციო პალატის განმარტებით, ხელახალი წარმოების ფარგლებში სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოკვლეულ უნდა იქნეს მომჩივნის მიერ გაჟრებული არგუმენტები, რომელიც შეეხება ამოღებული ფულადი თანხის ავტომობილში მყოფ პირებს შორის კუთვნილებას. აღნიშნული გარემოების დადგენის შესაძლებლობას არ იძლევა წარმოდგენილი მტკიცებულებები. ასევე, სსიპ შემოსავლების სამსახურმა უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, გადაცდომის სიმძიმე, პიროვნება, იქამდე დარღვევის არსებობა/არარსებობის ფაქტი და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სახდელის პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. აღნიშნული საბოლოო ჯამში განაპირობებს გამოყენებული პასუხისმგებლობის სახის ადეკვატურობას.
ამასთან, რაც შეეხება სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 24 აგვისტოს №22109 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 8 დეკემბრის №17766/2/2022 გადაწყვეტილების კანონიერებას, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ იმდენად, რამდენადაც სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ სადავოდ ქცეული აქტების მიღება კანონის მოთხოვნათა დარღვევით, აღნიშნული გარემოება თავის მხრივ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 24 აგვისტოს №22109 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 8 დეკემბრის №17766/2/2022 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. სააპელაციო პალატამ აქვე აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 25 ივნისის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების №69101/000089 აქტის ბათილად ცნობა, რა ნაწილშიც სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნულ ნაწილშიც გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება და მიიჩნია, რომ მოცემულ აქტთან მიმართებაში არ არის გამოვლენილი მისი ბათილად ცნობის წინაპირობები და ვერც სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები ქმნიან მისი ბათილობის სამართლებრივ საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა რ. ვ-ის და რა. ვ-ის, ასევე, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ.
კასატორების - რ. ვ-ის და რა. ვ-ის განმარტებით, სადავო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, ჯამურად ამოღებული თანხა სრულიად დაუსაბუთებლად გამოცხადდა რ. ვ-ის კუთვნილ თანხად, მას გადაჰქონდა მხოლოდ 10 000 აშშ დოლარი. კასატორები ასევე ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ თანხის ჩამორთმევის აქტი შედგენილია რა. ვ-ის მიმართ, სამართალდარღვევის ოქმის თანახმად კი, პასუხისმგებლობა დაეკისრა რ. ვ-ს. ამასთან, კასატორი ფიზიკური პირები წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მიუთითებენ, რომ რ. ვ-მა და რა. ვ-მა განათლება მიიღეს აზერბაიჯანულ ენაზე, გაიზარდნენ და ცხოვრობენ არაქართულ გარემოში. შესაბამისად, მოსარჩელეს არ მიეცა შესაძლებლობა მისთვის გასაგები ფორმით, მისთვის გასაგებ ენაზე მიეღო ინფორმაცია სამართალდარღვევის ოქმის შესახებ. გარდა ამისა, კასატორებს მიაჩნიათ, რომ რ. ვ-ის მიმართ გამოყენებული სანქცია ჩადენილი ქმედების ხასიათიდან, მოსარჩელის პიროვნული და საყოფაცხოვრებო მახასიათებლიდან (იგი ადრე არ ყოფილა შემჩნეული მსგავსი ტიპის სამართალდარღვევის ჩადენაში) გამომდინარე, არ არის თანაზომიერი იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს მიზნად ადმინისტრაციული კანონმდებლობა, დარღვეულია ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის.
კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და რ. ვ-ისთვის დაკისრებული სანქციის თანაზომიერებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს გაცნობიერებული ჰქონდა მის მიერ შემოტანილი საქონლის დეკლარირების ვალდებულება, რაც დასტურდება ვიდეომასალით. ასევე, კასატორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ რ. ვ-მა აღნიშნა მის მიერ მხოლოდ თანხის ნაწილის, კერძოდ, 10 000 აშშ დოლარის გადაადგილების თაობაზე და საბაჟო ორგანოს წარმომადგენლის არაერთ კითხვაზე გააჩნდა თუ არა მას რაიმე სხვა დამატებითი თანხა, ძვირფასებულობა და ა.შ., უარყოფითი პასუხი გასცა. შესაბამისად, მოსარჩელემ განზრახ მცდარი ინფორმაცია მიაწოდა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელს და მის მიზანს წარმოადგენდა კანონით გათვალისწინებული ვალდებულების (საქონლის დეკლარირების) შეუსრულებლობა. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ რ. ვ-ისთვის დაკისრებული სანქცია სამართალდარღვევის თანაზომიერია, შემოსავლების სამსახურის მიერ სრულყოფილადაა გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სადავო აქტები მიღებულია მათი ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
კასატორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საბაჟო პასუხისმგებლობის ზომების დაწესებისას მხედველობაშია მიღებული კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთისათვის მიყენებული ზიანის მოცულობა. კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევის ადეკვატურია. საბაჟო პასუხისმგებლობა გამოიყენება კონკრეტული საბაჟო სამართალდამრღვევის მიმართ, სანქციის სახით, კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლით და წესით. მოცემულ შემთხვევაში საბაჟო სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული საბაჟო სანქცია შეესაბამება ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და მიყენებული ზიანის მოცულობას. კასატორს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ გამოყენებული სანქციით დაცულია თანაზომიერების პრინციპი, უზრუნველყოფილია იურიდიული თანასწორობა. ჩადენილი ქმედების ხასიათიდან გამომდინარე, გამოყენებული სანქცია თანაზომიერია იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს საგადასახადო/საბაჟო ორგანო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. ვ-ის და რა. ვ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 25 ივნისის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების №69101/000089 აქტის თანახმად, 2022 წლის 25 ივნისს უფროსი მებაჟე-ოფიცრის მიერ დათვალიერებულ იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალება, რუსეთის ფედერაციის ნომრით ... . დათვალიერების შედეგად ავტომობილის სალონში მდებარე სათავსოში აღმოჩნდა არადეკლარირებული თანხა 49 250 აშშ დოლარის ოდენობით. ასევე, სალონში არსებულ ხელჩანთაში აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული თანხა 3 400 აშშ დოლარი, 70 ლარი და 4 400 რუსული რუბლი.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 25 ივნისს შედგა №EL170868 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი. ოქმში მიეთითა, რომ 2022 წლის 25 ივნისს სგპ ,,ყაზბეგის“ კონტროლის ზონაში ფიზიკური პირების გასვლის დარბაზში შევიდა საქართველოს მოქალაქე რა. ვ-ი, რომელიც მიემართებოდა საქართველოდან რუსეთის ფედერაციის მიმართულებით. რისკის პროფილის საფუძველზე, იგი შეჩერებულ იქნა საბაჟო კონტროლის ზონაში. ინტერვიუირებისას მან განაცხადა, რომ არ გადააადგილებდა ფულად თანხას არცერთ ვალუტაში. გასაუბრებისას ასევე გაირკვა, რომ აღნიშნული პიროვნება გადაადგილდებოდა ძმასთან რ. ვ-თან ერთად, ავტომობილით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ნომრით ... . ეჭვის საფუძველზე მოხდა ასევე რ. ვ-ის ინტერვიუირება და დეკლარირების პროცედურის ჩატარებაც, რა დროსაც მან განაცხადა, რომ გადააადგილებდა 10 000 აშშ დოლარს და სხვა თანხა არ გააჩნდა. განხორციელდა რ. ვ-ის ავტომობილის, ბარგის და ფიზიკური დათვალიერება, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ მის კუთვნილ ხელჩანთაში იდო არადეკლარირებული 3 400 აშშ დოლარი, 4 400 რუსული რუბლი და 70 ლარი, ხოლო ავტომობილის სალონის სათავსოში ე.წ. ხელთათმანების ყუთში იდო არადეკლარირებული 49 250 აშშ დოლარი. საერთო ჯამში არადეკლარირებულმა თანხამ 2022 წლის 25 ივნისს არსებული ეროვნული ბანკის სავალუტო კურსის მიხედვით შეადგინა 154 890.87 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის რ. ვ-ს სანქციის სახით შეეფარდა არადეკლარირებული ნაღდი ფულის ჩამორთმევა.
დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 25 ივნისს შედგენილი იქნა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის დოკუმენტი №69101072939, რა. ვ-ის მიმართ, 2022 წლის 25 ივნისს საბაჟო გამშვები პუნქტის ,,ყაზბეგის“ უფლებამოსილი პირის მიერ, 4 400 რუსული რუბლის, 70 ლარისა და 52 650 აშშ დოლარის ჩამორთმევის თაობაზე.
ასევე დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 25 ივნისის №EL 170868 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, 2022 წლის 25 ივნისის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი №69101/000089 და 2022 წლის 25 ივნისის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის დოკუმენტი №69101072939 რ. ვ-მა გაასაჩივრა საჩივრებით, შემოსავლების სამსახურში. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 24 აგვისტოს №22109 ბრძანებით, რ. ვ-ის საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 8 დეკემბრის №17766/2/2022 გადაწყვეტილებით, რ. ვ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სწორედ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 25 ივნისის №EL 170868 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის, 2022 წლის 25 ივნისის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების №69101/000089 აქტის, 2022 წლის 25 ივნისის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის №69101072939 დოკუმენტის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 24 აგვისტოს №22109 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 8 დეკემბრის №17766/2/2022 გადაწყვეტილების კანონიერებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელდა მოსარჩელის ავტომობილის დათვალიერება, ხოლო დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ ფაქტზე (არადეკლარირებული ფულადი თანხა) რ. ვ-ს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სანქციის სახით შეეფარდა არადეკლარირებული ნაღდი ფულის ჩამორთმევა, რაც აღსრულდა და მიღებული აქტები ძალაში დარჩა ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე მათი გასაჩივრების შედეგად ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საბაჟო ორგანოებია: ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომ – შემოსავლების სამსახური); ბ) შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს. თავის მხრივ, მე-6 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტი ადგენს, რომ საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები. აღნიშნული კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: ა) შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია; ბ) ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; დ) ლაბორატორიული კვლევის მიზნით აიღოს საქონლის სინჯი ან/და ნიმუში; ე) დაათვალიეროს ფიზიკური პირი; ვ) მოახდინოს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციის საშუალების გამოყენებით ნიშანდება; ზ) განახორციელოს კონტროლისადმი დაქვემდებარებული მიწოდება; თ) განახორციელოს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი; ი) განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 25 ივნისის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების №69101/000089 აქტის ბათილად ცნობა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და აღნიშნული ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს განჩინებით. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო დათვალიერების აქტის თანახმად, 2022 წლის 25 ივნისს უფროსი მებაჟე-ოფიცრის მიერ დათვალიერებულ იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალება, რუსეთის ფედერაციის ნომრით ..., რისი უფლებამოსილებაც მას გააჩნდა საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. დათვალიერების შედეგებზე შედგენილია შესაბამისი აქტი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კასატორი ფიზიკური პირების საკასაციო საჩივარი არ შეიცავს რაიმე არგუმენტაციას მითითებული დათვალიერების აქტის უკანონობის თაობაზე და არც საქმის მასალებით იკვეთება მისი ბათილად ცნობის წინაპირობები. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების პოზიცია სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 25 ივნისის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების №69101/000089 აქტის კანონიერების თაობაზე.
ამასთან, რაც შეეხება სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 25 ივნისის №EL 170868 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და 2022 წლის 25 ივნისის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის №69101072939 დოკუმენტს, აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო სანქცია არის საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის ზომა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საბაჟო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, ჯარიმის, საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N257 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი N8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში. ამასთან, საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით გადატანილი ან გადმოტანილი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორი ფიზიკური პირები სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმისა და საქონლის ჩამორთმევის დოკუმენტის ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებენ იმ გარემოებებზე, რომ მათი განმარტებით, მოსარჩელის კუთვნილი თანხა იყო მხოლოდ 10 000 აშშ დოლარი (რაც არსებული კურსით, 30 000 ლარზე ნაკლებია და არ საჭიროებდა დეკლარირებას), მოსარჩელემ მისთვის გასაგებ ენაზე ვერ მიიღო ინფორმაცია სამართალდარღვევის ოქმის შესახებ და ამასთან, თანხის ჩამორთმევის აქტი შედგენილია რა. ვ-ის მიმართ.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თანხის ოდენობასთან დაკავშირებით, კასატორი ფიზიკური პირები განსხვავებულ განმარტებებს აფიქსირებენ როგორც მებაჟე-ოფიცერთან ინტერვიუირებისას, ისე ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარში და სასამართლოში დავის ეტაპზე, წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში. კერძოდ, მებაჟე-ოფიცერთან ინტერვიუირებისას რ. ვ-ი აცხადებს, რომ გადააადგილებდა 10 000 აშშ დოლარს და სხვა თანხა ვ-ებს არ გააჩნდათ; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოსთვის წარდგენილ საჩივარში რ. ვ-ი მიუთითებს, რომ მისი პირადი კუთვნილი თანხა შეადგენდა 24 000 აშშ დოლარს, ხოლო მისი ძმის რა. ვ-ის კუთვნილი თანხა იყო 28 650 აშშ დოლარი, ასევე, რა. ვ-ს ეკუთვნოდა 4 400 რუსული რუბლი და 70 ლარი; სასამართლოში დავის ეტაპზე კი მხარე აცხადებს, რომ მთლიანი თანხა მათი მიკუთვნილება იყო, საიდანაც რ. ვ-ის კუთვნილი თანხა იყო 10 000 აშშ დოლარი და დანარჩენი თანხა ეკუთვნოდა მის ძმას რა. ვ-ს. ამდენად, კასატორი ფიზიკური პირები საქმის წარმოების სხვადასხვა ეტაპზე ცვლიან თანხის ოდენობას და განსხვავებულ მონაცემებს უთითებენ. შესაბამისად, თანხის ოდენობასთან დაკავშირებით მათ მიერ საკასაციო საჩივარში დაფიქსირებული განმარტება დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად ვერ იქნება მიჩნეული.
ამასთან, რაც შეეხება კასატორი ფიზიკური პირების მითითებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ მისთვის გასაგებ ენაზე ვერ მიიღო ინფორმაცია სამართალდარღვევის ოქმის შესახებ, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სადავო სამართალდარღვევის ოქმზე, დათვალიერების აქტსა და საქონლის ჩამორთმევის დოკუმენტზე ფიქსირდება რ. ვ-ის ხელმოწერები. აღნიშნულ დოკუმენტებზე არსად არ არის შენიშვნის სახით მითითებული მოსარჩელის მიერ მათი შინაარსის გაურკვევლობის ან სხვა გარემოების თაობაზე. მეტიც, საქმის მასალებში წარმოდგენილ ვიდეომასალაში რ. ვ-ი თავად უცხადებს თანხმობას მებაჟე-ოფიცერს ქართულ ენაზე საუბარსა და შესაბამისად, საბაჟო პროცედურების წარმართვასთან დაკავშირებით. ამდენად, კასატორი ფიზიკური პირების არგუმენტაცია მოსარჩელისთვის მისთვის გასაგებ ენაზე ინფორმაციის მიუღებლობის თაობაზე, საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია.
საკასაციო პალატა აქვე სადავო 2022 წლის 25 ივნისის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის №69101072939 დოკუმენტთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მართალია დოკუმენტში მითითებულია რა. ვ-ი, თუმცა რა. ვ-ისა და მოსარჩელე რ. ვ-ის სახელებს შორის ფონეტიკური მსგავსების გათვალისწინებით, აღნიშნული შეიძლება მიჩნეულ იქნას ტექნიკურ ხარვეზად და ვერ ჩაითვლება იმგვარ არსებით უსწორობად, რომელიც სამართალდარღვევის ფაქტის გაბათილებას განაპირობებდა. შესაბამისად, აღნიშნული არ ქმნის კასატორი ფიზიკური პირების პოზიციის გაზიარებისა და ამ მოტივით გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდა ზემოაღნიშნული არგუმენტაციისა, რ. ვ-ი და რა. ვ-ი წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში ასევე მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ რ. ვ-ის მიმართ გამოყენებული სანქცია ჩადენილი ქმედების ხასიათიდან, მოსარჩელის პიროვნული და საყოფაცხოვრებო მახასიათებლიდან (იგი ადრე არ ყოფილა შემჩნეული მსგავსი ტიპის სამართალდარღვევის ჩადენაში) გამომდინარე, არ არის თანაზომიერი იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს მიზნად ადმინისტრაციული კანონმდებლობა. თავის მხრივ, კასატორ ადმინისტრაციულ ორგანოებს მიაჩნიათ, რომ მოსარჩელისთვის დაკისრებული საბაჟო სანქცია შეესაბამება მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს (მოსარჩელეს გაცნობიერებული ჰქონდა მის მიერ შემოტანილი საქონლის დეკლარირების ვალდებულება, განზრახ მცდარი ინფორმაცია მიაწოდა მებაჟე-ოფიცერს), მიყენებული ზიანის მოცულობას და გამოყენებული სანქციით დაცულია თანაზომიერების პრინციპი.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ სამართლებრივი ნორმის შინაარსზე, რომლის საფუძველზეც მოცემულ შემთხვევაში რ. ვ-ს შეეფარდა სადავო საბაჟო სანქცია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს პასუხისმგებლობას საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანის ან გადმოტანისთვის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით, რისთვისაც აწესებს ორი სახის ალტერნატიულ სანქციას, კერძოდ, ჯარიმას, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით გადატანილი ან გადმოტანილი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას. ამდენად, მითითებული ნორმის საფუძველზე სამართალდამრღვევი პირისთვის შესაბამისი სანქციის შეფარდების პროცესში საგადასახადო ორგანო სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, საქმის სპეციფიკურობისა და ინდივიდუალური მახასიათებლების, ჩადენილი სამართალდარღვევის ბუნებისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებით, სამართალდამრღვევის მიმართ შეარჩიოს შესაფერისი და ადეკვატური ღონისძიება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამასთან, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას წაეყენება დასაბუთების ვალდებულება იმდენად, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ზუსტად ეს კონკრეტული გადაწყვეტილება და უარი ეთქვა სხვა სახის გადაწყვეტილებას. დაინტერესებული მხარისთვის გასაგები უნდა იყოს, რა მოტივით იქნა მიღებული მის მიმართ კონკრეტული გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანობისა და კანონიერების განცდას უნდა ქმნიდეს.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. მითითებული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა - გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას - ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. (სუსგ №ბს-463-451(კ-13), 18.02.2014წ.; №ბს-974(2კ-19), 17.09.2020წ.)
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. (სუსგ №ბს-681-681(კ-18), 13.12.2018წ.)
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია მოცემულ შემთხვევაში, საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართალდამრღვევი პირისთვის სანქციის შეფარდების პროცესში, საგადასახადო ორგანო კანონმდებლის მიერ აღჭურვილია დისკრეციული უფლებამოსილებით, თუმცა აღნიშნული, სანქციის შემფარდებელ ორგანოს ასევე ავალდებულებს გაითვალისწინოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების წესები. კერძოდ, პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი პროპორციულობა და თანაზომიერება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, მის შეფარდებამდე დარღვევის არარსებობა, გადაცდომის სიმძიმე, პიროვნება, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს პასუხისმგებლობის გამოყენებული სახის ადეკვატურობას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები. პასუხისმგებლობის ალტერნატიული ზომის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის პასუხისმგებლობის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას იმის თაობაზე, რომ სადავო აქტებით არ არის დასაბუთებული თუ რატომ იქნა გამოყენებული რ. ვ-ის მიმართ ყველაზე მძიმე სანქცია და რატომ ვერ უზრუნველყოფდა უფრო მსუბუქი პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება ჩადენილი სამართალდარღვევისათვის სანქციის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. კონკრეტული ნორმით დადგენილი სანქციის ალტერნატივის არსებობა კი სწორედ ასეთ დასაბუთებას საჭიროებდა. ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კასატორი ადმინისტრაციული ორგანოების მითითება მხოლოდ იმ გარემოებებზე, რომ რ. ვ-ს გაცნობიერებული ჰქონდა მის მიერ შემოტანილი საქონლის დეკლარირების ვალდებულება და განზრახ მცდარი ინფორმაცია მიაწოდა მებაჟე-ოფიცერს, სათანადოდ ვერ ასაბუთებს მოსარჩელისთვის შეფარდებული ყველაზე მძიმე სანქციის საჭიროებას. საგადასახადო ორგანოს საბაჟო სანქციის განსაზღვრის პროცესში უნდა გამოეკვლია საქმის ინდივიდუალური გარემოებები, კერძოდ, ჩადენილი გადაცდომის სიმძიმე, სამართალდამრღვევის პიროვნება, წარსულში მის მიერ დარღვევის ჩადენის არსებობა/არარსებობის ფაქტი და გადაწყვეტილება უნდა მიეღო მხოლოდ მათი შეფასების საფუძველზე, სახდელის პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ ასევე გამოკვლევას საჭიროებს კასატორი ფიზიკური პირების მიერ დაფიქსირებული განმარტებები, ამოღებული ფულადი თანხის რ. ვ-სა და რა. ვ-ს შორის კუთვნილების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული გარემოების ერთმნიშვნელოვნად დადგენის შესაძლებლობას საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა და მისი დადგენა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში უნდა განხორციელდეს.
ამდენად, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 25 ივნისის №EL 170868 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმსა და 2022 წლის 25 ივნისის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის №69101072939 დოკუმენტთან მიმართებით სახეზე იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მითითებული აქტები ასევე არსებობდა რ. ვ-ის საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 24 აგვისტოს №22109 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 8 დეკემბრის №17766/2/2022 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, რ. ვ-ს და რა. ვ-ს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივართან დაკავშირებით რ. კ-ას მიერ 2025 წლის 12 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. ვ-ის და რა. ვ-ის, ასევე, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 დეკემბრის განჩინება;
3. რ. ვ-ს (პ/ნ ...) და რა. ვ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივართან დაკავშირებით რ. კ-ას (პ/ნ ...) მიერ 2025 წლის 12 აგვისტოს N3921 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე