დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 14.05.2026
საქმის ნომერი
ბს-90(კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-90(კ-26) 14 მაისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 მარტის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გ. ა-ი, მესამე პირები - გ. გ-ა, მ. ბ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 16 სექტემბერს გ. ა-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპრტამენტის 2022 წლის 15 ივნისის N... გადაწყვეტილება; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 14 ივლისის N... გადაწყვეტილება; დაევალოს მოპასუხეს ბათილად ცნოს ქ. მარნეულის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილება 247 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში, შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრაციის შესახებ N...(17.11.2017წ.) გადაწყვეტილება 247 კვ.მ. უძრავი ნივთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, გ. ა-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ გ. გ-ა და მ. ბ-ა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 30 იანვრის სასამართლოს სხდომაზე დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნები და ჩამოყალიბდა შემდეგი ფორმულირებით: ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 15 ივნისის N... გადაწყვეტილება; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 14 ივლისის N... გადაწყვეტილება და დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, 247 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ივლისის N... გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, გ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 15 ივნისის N... გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ასევე 2022 წლის 14 ივლისის N... გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. დაევალა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში საჭიროების შემთხვევაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მესამე პირების (ა.ს.კ 16.2) გ. გ-ას და მ. ბ-ას მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინებით მესამე პირების (ა.ს.კ 16.2) გ. გ-ას და მ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 მარტის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები, მიუთითა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 4.1, 4.3 მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, 53-ე, 97-ე მუხლები და ყურადღება გაამახვილა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის იმ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მოპასუხეს დაევალა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა. სააპელაციო სასამართლოს მიერ ყურადებაგამახვილებულ გადაწყვეტილებაში (14.02.2019 წელი) სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, მ. ბ-ასათვის 1667 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისას, ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ადმინისტრაციულმა ორგანომ სარწმუნოდ არ გამოარკვია სადავო მიწის ნაკვეთი რამდენად მოიცავდა საერთო სარგებლობის გზას და რამდენად იყო დაცული მესამე პირთა უფლებები, ასევე არ გამოარკვია მ. ბ-ას მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობა ფაქტობრივ გარემოებებთან; წარდგენილი აზომვითი ნახაზი რამდენად ასახავდა და შეესაბამებოდა რეალურ მდგომარეობას. გადაწყვეტილებაში ასევე მიეთითა, რომ იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით სადავო გახდა სწორედ ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების მოპოვების წესი, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელახლა უნდა ჩაატაროს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მ. ბ-ას განცხადებასთან დაკავშირებით, უნდა შეაფასოს რეალურად აღნიშნული მიწის ნაკვეთი რამდენად ზღუდავს მოსარჩელის, სხვა პირთა უფლებებს, ისარგებლონ საერთო გზით.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სწორედ ზემოაღნიშნული - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უნდა გამოიკვლიოს და აღიარების კომისიის ნაცვლად მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მიუთითა, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად არის ცნობილი მარნეულის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 09 ნოემბრის N13 სხდომის ოქმი, 247კვ.მ უძრავი ნივთის საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში, მ. ბ-ას განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე (დღის წესრიგის მე-7 საკითხი) და 2017 წლის 09 ნოემბრის N340 განკარგულება, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 247 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში უფლების დამდგენი დოკუმენტი აღარ არსებობს, რომელიც საფუძვლად დაედო მ. ბ-ას სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გადაწყვეტილებას (შესაბამის ნაწილში). სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს, მოსარჩელის სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში უნდა გამოეკვლია სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული გარემოებები, ემსჯელა და შეეფასებინა მ. ბ-ას საკუთრების წარმომშობი საფუძვლები და ამგვარად აღესრულებინა სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული საკითხები. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოკვლეული და შეფასებული არ ყოფილა სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული მითითებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 მარტის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.

წარმომადგენელი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, დეტალურად მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლზე და საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და დაკმაყოფილების ფარგლებში ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 11 მარტის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლისათვის გაუგებარია კონკრეტულად რისი გამოკვლევა ევალება მარეგისტრირებელ ორგანოს იმ პირობებში, როდესაც ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი (1667 კვ.მ), ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გასხვისებულია და დღევანდელ დღეს წარმოადგენს გ. გ-ას საკუთრებას. ამასთან, გაუგებრად მიიჩნევს თუ რა სამართლებრივი შედეგის მომტანი უნდა იყოს ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის თავდაპირველი რეგისტრაციის კვლევა (ასეთის დავალების შემთხვევაში) იმ პირობებში, როდესაც ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია სხვა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება. აპელირებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ მართლმსაჯულება მიმართული უნდა იყოს სადავო საკითხის გადაჭრისაკენ, იგი უნდა იყოს შედეგის მომტანი, სასამართლო ფორმალურად არ უნდა მიუდგეს საკითხის გადაჭრას, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს პრაქტიკულად რეალიზებადი და უზრუნველყოფდეს უფლებებში ეფექტურ აღდგენას. მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლზე და მიიჩნევს, რომ სასამართლოს მსჯელობა სადავო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით მხარეს უქმნის რეგისტრაციის განხორციელების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების მოლოდინს. განმარტავს, რომ აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლი) გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა/შეფასება, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა. მიიჩნევს, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინიტრაციული აქტები სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, დაცულია აქტი(ებ)ს მომზადების და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები და არ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის შესაბამისად აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 06 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში შეფასების საგანს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 15 ივნისის N... გადაწყვეტილების და სააგენტოს 2022 წლის 14 ივლისის N... გადაწყვეტილების შესაბამისობის დადგენა კანონმდებლობასთან და რეესტრისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის (247 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ივლისის N... გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ) გამოცემის დავალების სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2011 წლის 5 იანვარს მარნეულის რაიონის სოფელ ...ში მდებარე, 2200 კვ.მ. სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა - ნაგებობებზე (ს/კ ...) ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა გ. ა-ის საკუთრების უფლება.

დადგენილია, რომ 2015 წლის 16 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, განცხადებით მიმართა გ. ა-მა და მოითხოვა 247 კვ.მ. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარება. 2016 წლის 21 ივლისს გ. ა-ს განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად დაუბრუნდა უკან და ეცნობა, რომ მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საერთო სარგებლობის გზას, რომელიც არ ექვემდებარებოდა საკუთრების უფლების აღიარებას.

დადგენილია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 09 ნოემბრის N340 განკარგულებით, აღიარებულია მ. ბ-ას საკუთრების უფლება - მარნეული, სოფ. ...ში მდებარე, თვითნებურად დაკავებულ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ, 1667 კვ.მ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. აღნიშნულის საფუძველზე, აღიარების კომისიის მიერ მ. ბ-ას სახელზე გაიცა N217 (09.11.17წ) საკუთრების მოწმობა.

დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ნოემბრის N... გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მ. ბ-ას განცხადება. უძრავი ნივთი, მდებარე: მარნეული, სოფ. ..., დაზუსტებული მიწის ნაკვეთის ფართობი: 1667 კვ.მ. ს/კ ..., რეგისტრირებულია მ. ბ-ას საკუთრებაში. საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია - საარქივო ცნობა; ცნობა - დახასიათება 14.09.19წ; საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 09.11.17წ N13 სხდომის ოქმი, N340 განკარგულება და N217 საკუთრების უფლების მოწმობა.

დადგენილია, რომ მ. ბ-ასა და გ. გ-ას შორის 2017 წლის 12 დეკემბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, უძრავი ნივთზე, მდებარე: მარნეული, სოფ. ..., დაზუსტებული მიწის ნაკვეთის ფართობი: 1667 კვ.მ. ს/კ .... სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 დეკემბრის N... გადაწყვეტილებით, უძრავი ნივთი, მდებარე: მარნეული, სოფ. ..., დაზუსტებული მიწის ნაკვეთის ფართობი 1667 კვ.მ.; ს/კ ... რეგისტრირებულია გ. გ-ას საკუთრებაში. საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (12.12.2017 წელი).

ბოლნისის რაიონული სასამართლო 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე გ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი მარნეულის მუნიციპალიტეტი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 09.11.17წ. N13 სხდომის ოქმი, 247კვ.მ უძრავი ნივთის საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში, მ. ბ-ას განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე (დღის წესრიგის მე-7 საკითხი) და 09.11.17წ. N340 განკარგულება. დაევალა, მარნეულის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ბოლნისის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა გ. ა-მა, მოპასუხეების - მ. ბ-ასა და გ. გ-ას მიმართ, 2017 წლის 12 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის განჩინებით, შეჩერდა საქმის წარმოება, ბოლნისის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული №3/27-18 ადმინისტრაციული საქმის (გ. ა-ის სარჩელისა გამო, მოპასუხე მარნეულის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე), დასრულებამდე, საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

დადგენილია, რომ 2022 წლის 11 აპრილს გ. ა-ის წარმომადგენლმა გ. მ-ემ განცხადებით მიმართა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერს, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულებისა და მ. ბ-ას საკუთრების უფლების (მთლიან - 1667 კვ.მ მიწის ნაკვეთზე) გაუქმების მოთხოვნით.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის 2022 წლის 29 აპრილის N78-3222119212 წერილით, გ. ა-ს ზემოაღნიშნული წერილის პასუხად განემარტა, რომ კანონში ცვლილების გამო, აღიარების კომისიას შეჩერებული ჰქონდა არსებითი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება.

დადგენილია, რომ 2022 წლის 30 მაისისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა გ. ა-ის წარმომადგენლის განცხადება (N...). განცხადებით მოთხოვნილია, მიწის ნაკვეთზე უფლებათა ცვლილების რეგისტრაცია (რეგისტრაციის გაუქმება). განმცხადებლის მიერ აღსასრულებლად წარდგენილი იქნა ბოლნისის რაიონული სასამართლო 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 15 ივნისის N... გადაწყვეტილებით, გ. ა-ის ზემოაღნიშნულ განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა. სააგენტომ მიუთითა, რომ აღსასრულებლად წარდგენილ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნამსჯელი არ იყო უძრავი ნივთის N171441217 ნასყიდობის ხელშეკრულების (მესაკუთრე გ. გ-ა) ბათილობასთან დაკავშირებით. განცხადებელს დაევალა, წარედგინა ადმინისტრაციული ორგანოსთვის, სასამართლო გადაწყვეტილება, უძრავი ნივთის ნასყიდობის N171441217 ხელშეკრულების ბათილობის თაობაზე.

დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 15 ივნისის N... გადაწყვეტილება გ. ა-ის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 14 ივლისის N... გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი. გადაწყვეტილებაში განიმარტა, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება წარმოადგენდა 2017 წლის 17 ნოემბრის N... გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს 247 კვ.მ-ზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში, თუმცა, ვინაიდან აღნიშნული რეგისტრაციის შემდგომ, უძრავი ნივთი გასხვისებული იყო სხვა მესაკუთრეზე, მარეგისტრირებელი ორგანო არ იყო უფლებამოსილი დაეკმაყოფილებინა N... სარეგისტრაციო მოთხოვნა.

საკითხზე მსჯელობის მიზნით საკასაციო პალატა მიუთითებს საკითხისადმი რელევანტურ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონს, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება - მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-2 მუხლის „თ“ პუნქტი განმარტავს რეგისტრაციის ცნებას, ამავე მუხლის „ლ“ და „კ“ პუნქტების თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტი - სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მარეგისტრირებელ ორგანოს ეკისრება გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევა და სწორი სამართალშეფარდება, რაც კანონიერი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობაა. ამასთან, მარეგისტრირებელ ორგანოს ეკისრება კონკრეტული სარეგისტრაციო დოკუმენტების (სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას) გამოკვლევაც, იმ ფარგლებში, რომელიც აუცილებელია კონკრეტულად ამ დოკუმენტების ან/და სხვა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობის დასადგენად. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლებს ითვალისწინებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე, 23-ე მუხლები.

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება - მოვალეობებს. დასახელებული კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას უზრუნველყოფს სააგენტო. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან თუ მიწის ნაკვეთი დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეა (შენობით ან მის გარეშე). ამავე მუხლის მე-3 პუნქტი კი ადგენს, რომ სააგენტო კომისიას შუამდგომლობით არ მიმართავს, თუ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი ან სააგენტოში დაცული/მოძიებული დოკუმენტაციით/ინფორმაციით უტყუარად დგინდება, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 375 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სააგენტო ვალდებულია დაადგინოს, არსებობს თუ არა მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტზე უფლების დამდგენი დოკუმენტი არ არსებობს, სააგენტო განიხილავს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხს.

სადავო გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონს, რომელმაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისებისა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაადგინა კერძო პირების მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების მათ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა და მისი რეალიზების ძირითადი პირობები. მითითებული კანონის მიზნის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მისი მიღების პერიოდისათვის არსებული ფაქტობრივი თუ სამართლებრივი რეალობა. აღნიშნული კანონის მიღებით კანონმდებელმა წაახალისა კერძო ინიციატივა და მოახდინა არსებული მიწის რესურსის ათვისების სტიმულირება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ. ხსენებული კანონის საფუძველზე, ფიზიკურ პირებს და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს მიენიჭათ უფლება დადგენილი წესით და დადგენილი წინაპირობების არსებობისას მოეხდინათ საკუთრების უფლების აღიარება. ზემოაღნიშნული კანონის მიღებით, მიწის ფონდის ათვისების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფომ დაადგინა სახელმწიფო ქონების - მიწის ნაკვეთების პრივატიზების გარკვეული შეღავათების შემცველი რეჟიმი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის N2/3/522,553 გადაწყვეტილება, §17,46,47). კანონის მიღების მიზეზი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის მნიშვნელოვანი ნაწილის მართლზომიერ მფლობელობასა და სარგებლობაში არსებობა და თვითნებური დაკავება გახდა, რაც აფერხებდა მიწის ფონდის ათვისებას, მიწის ბაზრისა და მიწის განკარგვის სახელმწიფო სტრატეგიული გეგმის განვითარებას. ამასთანავე, მიუხედავად მოქალაქეთა მიერ აღნიშნული მიწებით მრავალწლიანი სარგებლობისა, მათზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია დაკავშირებული იყო მთელ რიგ სირთულეებთან, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების რეგისტრაცია შეუძლებელი იყო. არსებული ვითარება განაპირობებდა სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის შეფერხებას, რადგან ვერ ხერხდებოდა მიწების საჯარო რეესტრში იდენტიფიცირება და, შესაბამისად, მათი მიწის გადასახადით დაბეგვრა (იხ. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებითი ბარათი). სახელმწიფოს მიზანს შეადგენდა ქვეყნის მასშტაბით არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ რეალურად დაკავებული, დაურეგისტრირებელი მიწების ოდენობის დადგენა, აღრიცხვა და მათი რეგისტრირება (სუს 2019 წლის 28 ოქტომბრის Nბს-504-501(კ-17) გადაწყვეტილება). კანონი არეგულირებს სპეციფიკურ სამართალურთიერთობას. განსახილველი შემთხვევისთვის რელევანტურია აღინიშნოს, რომ მოცემული კანონი დაინტერესებული პირისთვის ქმნის მოლოდინს ისეთ მიწაზე საკუთრების უფლების წარმოშობაზე, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა, თუმცა მას ფაქტობრივად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კანონმა ასეთი პრივილეგია გაითვალისწინა ექსპლიციტურად იმ პირების მიმართ, რომელთაც არ გააჩნიათ მიწის ნაკვეთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი, მაგრამ ფაქტობრივად წლების განმავლობაში მინიმუმ კანონის ამოქმედებიდან (2007 წელი) - უფლების რეალიზაციის მომენტამდე აქვთ ფაქტობრივი კავშირი მიწის ნაკვეთთან. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს სახელმწიფო ქონების განკარგვის ალტერნატიულ მექანიზმს (მსგავს საკითხზე იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N2/3/522,553; II, 60-63;), სამართლებრივ საფუძველს, რომელიც სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებას უკავშირებს ფაქტობრივ გარემოებას - პირის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმართ არსებულ ფაქტობრივ, ინდივიდუალურ, განსაკუთრებულ კავშირს, დროის განგრძობად მონაკვეთში.

მეტი სიცხადისთვის, საკსაციო პალატა მიუთითებს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (კანონიერ ძალაში შესული), რომლითაც მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს - საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა. გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მ. ბ-ასათვის 1667 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისას ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ადმინისტრაციულმა ორგანომ სარწმუნოდ არ გამოარკვია სადავო მიწის ნაკვეთი რამდენად მოიცავდა საერთო სარგებლობის გზას და რამდენად იყო დაცული მესამე პირთა უფლებები, ასევე არ გამოარკვია მ. ბ-ას მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობა ფაქტობრივ გარემოებებთან, კერძოდ, წარდგენილი აზომვითი ნახაზი რამდენად ასახავდა და შეესაბამებოდა რეალურ მდგომარეობას. სასამართლოს მსჯელობით, იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით სადავო გახდა სწორედ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების მოპოვების წესი, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელახლა უნდა ჩაატაროს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მ. ბ-ას განცხადებასთან დაკავშირებით, უნდა შეაფასოს რეალურად აღნიშნული მიწის ნაკვეთი რამდენად ზღუდავს მოსარჩელის, სხვა პირთა უფლებებს, ისარგებლონ საერთო გზით. საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოს აპელირებას საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველ, მე-3 ნაწილებზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლზე და განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს, მოსარჩელის სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში თავდაპირველად უნდა გამოეკვლია სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული გარემოებები, ემსჯელა და შეეფასებინა მ. ბ-ას საკუთრების წარმომშობი საფუძვლები და ამგვარად აღესრულებინა სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული საკითხები. ცალსახაა, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოკვლეული და შეფასებული არ ყოფილა სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული მითითებები რის გამოც, მიუხედავად სასამართლო წესით უფლების დაცვის მექანიზმების გამოყენებისა, რეალური შედეგის მიღწევა მხარისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. პალატა კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და განმარტავს, რომ იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილებით გათვალისწინებული გარემოება უნდა გამოიკვლიოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და კომისიის ნაცვლად მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ყურადსაღებია, რომ დღეის მდგომარეობით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად არის ცნობილი მარნეულის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 09 ნოემბრის N13 სხდომის ოქმი (247 კვ.მ უძრავი ნივთის საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში) მ. ბ-ას განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე (დღის წესრიგის მე-7 საკითხი) და 2017 წლის 09 ნოემბრის N340 განკარგულება, რაც ადასტურებს იმას, რომ 247 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში უფლების დამდგენი დოკუმენტი აღარ არსებობს, რომელიც საფუძვლად დაედო მ. ბ-ას სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გადაწყვეტილებას (შესაბამის ნაწილში). საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება). ამდენად, მართებულია მსჯელობა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 15 ივნისის N... გადაწყვეტილების (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ) სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის ნაწილში.

რაც შეეხება მოთხოვნას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 14 ივლისის N... გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე) ბათილად ცნობის ნაწილში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. განსახილველ შემთხვევაში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება. როგორც ქვედა ინსტანციის სასამართლოებში წარდგენილი პოზიციით, ასევე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაადასტურა თუ რა არგუმენტის საფუძველზე მიიჩნია დადგენილად ის სამართლებრივი გარემოებები, რაც მოცემულ შემთხვევაში გამორიცხავდა გ. ა-ის მოთხოვნის კანონიერებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (ს/კ 202238621) საკასაციო საჩივარზე 2026 წლის 09 იანვარს N00073 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 მარტის განჩინება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2026 წლის 09 იანვრის N00073 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე