არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-685(კს-25) 20 მაისი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ო.თ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 მაისის განჩინება
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის გაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ო.თ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის, რ.თ-ისა და გ.მ-ის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: რ.თ-ის სახელზე განხორციელებული №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო ჩანაწერისა და 2011 წლის 5 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, უძრავი ქონების 1/3 წილის მის სახელზე რეგისტრაცია.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ივლისის განჩინებით ო.თ-ის სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ო.თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო.თ-იმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ნოემბრის განჩინებით ო.თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ო.თ-იმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მაისის განჩინებით ო.თ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით ო.თ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ო.თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი რ.თ-ის სახელზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2010 წლის 2 ნოემბერს განხორციელებული ჩანაწერი (№...) 600 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და 90.40 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 5 ივლისის №... გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ იმავე საკითხზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ო.თ-ის უარი ეთქვა სადავო საცხოვრებელი სახლის 1/3 ნაწილის მის სახელზე აღრიცხვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ო.თ-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, გორის სარეგისტრაციო სამსახურისა და რ.თ-ის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ო.თ-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, გორის სარეგისტრაციო სამსახურისა და რ.თ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე 2013 წლის 25 თებერვალს სააპელაციო სასამართლოს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი კრედიტორის - ო.თ-ის სასარგებლოდ.
9. 2017 წლის 15 მაისს ო.თ-იმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა იმისათვის, რომ შესაძლებელი ყოფილიყო აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მის წილ 1/3 სახლში შესახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით ო.თ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მიერ 2013 წლის 25 თებერვალს გაცემული იყო სააღსრულებო ფურცელი და აღარ არსებობდა ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველი.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო.თ-იმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით ო.თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინება.
11. ო.თ-იმა 2019 წლის 4 სექტემბერს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ო.თ-ის 2019 წლის 4 სექტემბრის განცხადებაზე შეწყდა საქმის წარმოება. მხარეს განემარტა, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, არ დაიშვებოდა.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო.თ-იმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის განჩინებით ო.თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინება.
13. 2020 წლის 8 ივლისს ო.თ-იმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და კვლავ ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 აგვისტოს განჩინებით ო.თ-ის 2020 წლის 8 ივლისის განცხადებაზე შეწყდა საქმის წარმოება. მხარეს განემარტა, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, არ დაიშვებოდა.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო.თ-იმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 მარტის განჩინებით ო.თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 აგვისტოს განჩინება.
15. სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით სასამართლოს ო.თ-იმა 2020 წლის 8 ივლისს, 2021 წლის 13 აპრილსა და 2021 წლის 1 ივნისს კვლავ მიმართა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განჩინებით ო.თ-ის 2020 წლის 8 ივლისის, 2021 წლის 13 აპრილისა და 2021 წლის 1 ივნისის განცხადებებზე შეწყდა საქმის წარმოება.
16. სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით 2021 წლის 3 აგვისტოს ო.თ-იმა კვლავ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 აგვისტოს განჩინებით ო.თ-ის 2021 წლის 3 აგვისტოს განცხადება დარჩა განუხილველი.
17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისისა და 5 აგვისტოს განჩინებები კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო.თ-იმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის განჩინებით ო.თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისისა და 2021 წლის 5 აგვისტოს განჩინებები.
18. 2025 წლის 3 აპრილს და 10 აპრილს ო.თ-იმა განცხადებებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა უძრავ ქონებაში შესახლების მიზნით.
გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 14 აპრილის განჩინებით, ო.თ-ის 2025 წლის 3 აპრილის და 2025 წლის 10 აპრილის განცხადებების განხილვის მიზნით, საქმე განსჯადობით გადაგზავნილ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 მაისის განჩინებით ო.თ-ის 2025 წლის 3 აპრილის და 10 აპრილის განცხადებებზე შეწყდა საქმის წარმოება.
სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 2 ოქტომბრის №3ბ/1016-17 განჩინებით იმსჯელა სააღსრულებო ფურცელის გაცემაზე და უარი ეთქვა მხარეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. ასევე დადგენილია, რომ 2021 წლის 1 ივნისს სააპელაციო სასამართლოში კვლავ იქნა წარდგენილი ო.თ-ის განცხადება, სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 ივნისის განჩინებით ო.თ-ის 2020 წლის 8 ივლისისა და 2021 წლის 13 აპრილის განცხადებებზე შეწყდა საქმის წარმოება. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის 5 აგვისტოს განჩინებით ო.თ-ის განცხადება განუხილველი დატოვა, სადაც მიუთითა, რომ აღნიშნულ საკითხზე სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა 2021 წლის 28 ივნისის განჩინებით და შეწყვიტა საქმის წარმოება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის და 2021 წლის 5 აგვისტოს განჩინებები კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო.თ-იმა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის განჩინებით ო.თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის და 2021 წლის 5 აგვისტოს განჩინებები.
პალატამ მიიჩნია, რომ 2025 წლის 3 აპრილის და 10 აპრილის განცხადებებით ო.თ-ის ინტერესს კვლავ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების სათანადოდ აღსრულების მიზნით, ისეთი ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა წარმოადგენს, რომლითაც ო.თ-ის ოჯახი შეძლებს სადავო სახლის 1/3 ნაწილში შესახლებას, თუმცა აღსანიშნავია, რომ განცხადებებში იგი მხოლოდ ქრონოლოგიურად აღწერს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და არ მიუთითებს ახალი საააღსრულებო ფურცლის გაცემის განსხვავებულ საფუძველზე.
19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო.თ-იმა.
კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე გაიცა 2013 წლის 25 თებერვლის სააღსრულებო ფურცელი. სასამართლოს დასკვნაში დაშვებული იყო ხარვეზი გვარების ჩანაცვლების შესახებ, რაც საბოლოოდ გასწორდა და მამისეულ სახლში დაიბრუნა 1/3 სამკვიდრო წილი. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ უკანონოდ გამოსახლებულია პოლიციის უბნის ინსპექტორის მიერ 2012 წლის 22 ივნისს, რომელმაც არ გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 2 მაისის განჩინება და არ დაელოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებას. შესაბამისად, ო.თ-ი ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას, რომელიც ეკუთვნის როგორც 1/3 ნაწილი სახლის მფლობელს.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ივლისის განჩინებით ო.თ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 მაისის განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო.თ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ო.თ-იმა 2017 წლის 15 მაისს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების სათანადოდ აღსრულების მიზნით იმგვარი ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა, რომლის მეშვეობითაც ო.თ-ის ოჯახი შეძლებდა სადავო სახლის 1/3 ნაწილში შესახლებას. აღნიშნული განცხადება უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით, რომელიც ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ იმავე შინაარსის განცხადებით ო.თ-იმა არაერთგზის მიმართა სასამართლოს, მათ შორის, 2019 წლის 4 სექტემბერს ო.თ-იმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე ისეთი სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა, რომელიც გასაგები და მისაღები იქნებოდა გორის სააღსრულებო ბიუროსათვის მისი სადავო სახლის 1/3 ნაწილში შესახლების საკითხში. აღნიშნულ განცხადებაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეწყდა საქმის წარმოება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრცაიულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, რომელიც ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 21 მაისის განჩინებით. 2020 წლის 8 ივლისს ო.თ-იმა განცხადებით კვლავ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 აგვისტოს განჩინებით ო.თ-ის 2020 წლის 8 ივლისის განცხადებაზე შეწყდა საქმის წარმოება, რაც ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 მარტის განჩინებით. სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით სასამართლოს ო.თ-იმა 2020 წლის 8 ივლისს, 2021 წლის 13 აპრილსა და 2021 წლის 1 ივნისს კვლავ მიმართა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განჩინებით ო.თ-ის 2020 წლის 8 ივლისის, 2021 წლის 13 აპრილისა და 2021 წლის 1 ივნისის განცხადებებზე შეწყდა საქმის წარმოება. სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით 2021 წლის 3 აგვისტოს ო.თ-მა კვლავ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 აგვისტოს განჩინებით ო.თ-ის 2021 წლის 3 აგვისტოს განცხადება დარჩა განუხილველი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისისა და 5 აგვისტოს განჩინებები კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო.თ-იმა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის განჩინებით ო.თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისისა და 2021 წლის 5 აგვისტოს განჩინებები.
მოცემულ შემთხვევაში, 2025 წლის 3 აპრილს ო.თ-იმა განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა. უძრავ ქონებაში შესახლებისთვის სააღსრულებო ფურცლის გაცემა იქნა მის მიერ მოთხოვნილი 2025 წლის 10 აპრილის განცხადებითაც. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 მაისის განჩინებით სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნის შესახებ ო.თ-ის 2025 წლის 3 აპრილის და 10 აპრილის განცხადებებზე შეწყდა საქმის წარმოება. წარმოდგენილი კერძო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს სწორედ გასაჩივრებული - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 მაისის განჩინების კანონიერება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. კონკრეტულ შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით სასამართლომ იმსჯელა ო.თ-ის სასარგებლოდ თბილისის სააპელაციო სასამართლო 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე. პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 23-ე და 24-ე მუხლებით გათვალისწინებული, სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში დუბლიკატის ან გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძვლები.
სააპელაციო პალატის მიერ მართებულად იქნა მიჩნეული, რომ 2025 წლის 3 აპრილის და 10 აპრილის განცხადებებით ო.თ-ის ინტერესს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ისეთი ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა წარმოადგენს, რომლითაც ო.თ-ის ოჯახი შეძლებს სადავო სახლის 1/3 ნაწილში შესახლებას, თუმცა აღსანიშნავია, რომ განცხადებებში იგი არ უთითებს ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის განსხვავებულ საფუძველზე, არამედ აღწერს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. ამდენად, განსახილველ საკითხზე არსებობს კანონიერ ძალაში შესული განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ ო.თ-ის განცხადება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 8 მაისის განჩინებით მართებულად შეწყდა განცხადებებზე საქმის წარმოება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ავტორი არც ამჯერად უთითებს ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის რაიმე განსხვავებულ საფუძველზე. ამასთან, იგი კერძო საჩივარში ვერ ასაბუთებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 მაისის განჩინების უკანონობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ო.თ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 მაისის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო.თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 მაისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. უბილავა